- გამარჯობა! - მომესალმა და გაღიმებულს კიდევ უფრო ლამაზი… კბილები გამოუჩნდა, ერთნაირად ჩაწიკწიკებული.
ნეტავ, თავისია თუ ჩასმული აქვს? ვითომ რატომ უნდა ჰქონდეს ჩასმული, რა, ჰოლივუდის ვარსკვლავია? თავისია ალბათ!
- გაგიმარჯოს, - ძლივს ჩავილაპარაკე და, როგორც კი ხელი შემიშვა, მაშინვე დავკარგე წონასწორობა.
- შენ ანა ხარ, ხომ?
კიდევ კარგი, კაცებზე გართულება არ მაქვს, თორემ «მსუქანი» უსიამოვნებები არ ამცდებოდა. ძლიერი სქესის ეს წარმომადგენელი ისე მომაკვდინებლად ლამაზი იყო, ნებისმიერ ქალს წასძლევდა სული. რა ტუჩები ჰქონდა თან! უფფფფ!
- დ…დიახ, ანა ვარ… - ამოვღერღე.
- რა საზიზღარი ბიჭი ხარ, ასე უნდა შეაშინო ადამიანი? რა შენ და რა მისტერა! - უსაყვედურა ნანამ ძმას, - ამ გოგომ ჩვენ ცხოვრება უნდა შეგვიმსუბუქოს, შენ კიდევ აშინებ! წადი რა, ნუკრი, მისტერა გაასეირნე ბაღში!
ნუკრიო… ჟრუანტელმა დამიარა. ახლაღა დავუკვირდი, რომ «ჩემი ოჯახის» ყველა წევრის სახელი ასო ნ-ზე იწყებოდა. ეს, ალბათ, დედაჩემის ოინებია! არ შეიძლება უბრალო დამთხვევა იყოს!
- მალაპარაკე ადამიანთან, არ შეიძლება? ძაღლი მოიცდის! - მისტერასავით «აწკმუტუნდა» ნუკრი და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ყველაზე პატარა ყოფილიყო ოჯახში, რომელსაც ყველა ჩაგრავდა.
- მერე, მერე, საუზმეზე, ახლა მიდი და გააკეთე, რასაც გეუბნები! - ხელი უბიძგა ნანამ ძმას და ძალით გააგდო კარში.
მისტერა ყეფით დაედევნა ნუკრის უკან. ღიმილი ვერ შევიკავე.
- ლამაზი ძმა გყოლია, - ვთქვი.
- ნუ იტყვი! თავში აქვს ავარდნილი თავისი სილამაზე! დღეში ასი ქალი ურეკავს. ესეც ყველას ეღლაბუცება.
- რა გასაკვირია.
- შენ ინტერნეტში უნდა ნახო, რა ხდება. მგონი, ფეისბუკზე ამაზე მეტი მეგობარი თვით ცუკერმანსაც არ ჰყავს.
საერთოდ არ ვიცოდი, ვინ იყო ცუკერმანი, მაგრამ მაინც გავუღიმე, არ შევიმჩნიე, რომ ამ სფეროში უვიცი ვიყავი. ფეისბუკი არც მქონია და არც არანაირი სურვილი მამოძრავებდა, მქონოდა… არასდროს.
- საშინელი რამეა ეს სოციალური ქსელები, - მიხსნიდა ნანა, თან ახალგამომცხვარ ქადებს ალაგებდა თეფშზე, - ოჯახები დაანგრია! ერთი პერიოდი მეც ჩამითრია და ბოლოს გავაუქმე. არ მაქვს მაგის ნერვები. ათასი ვიღაც შემოდის, უცნობი, ნაცნობი… მომბეზრდა. შენ არ ხარ გაწევრიანებული?
- არა, არც მე მიზიდავს მაინცდამაინც, - საქმიანი კილოთი ჩავილაპარაკე, ვითომ ჩემთვისაც მოსაბეზრებელი იყო ეს რაღაც ფეისბუკი, - ვერ მოვიხერხე.
- ვაი! რა კარგი სიტყვა იხმარე! სხვებივით ვერ დავამუღამეო, არ თქვი. კარგი გოგო ხარ!
- ჰო, რა ვიცი… - დავიმორცხვე.
- ახლა ვისაუზმოთ და მერე დაიწყე საქმე, კარგი?
- მე უკვე ვისაუზმე.
- არა უშავს, ისეთი ქადები დავაცხვე, რომ არ გასინჯო, არ იქნება! თან უფრო ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს.
- რაღაც მინდა გითხრათ… ნანა, - ძლივს წარმოვთქვი მისი სახელი და უზარმაზარი ნერწყვი გადავაგორე განერვიულებულმა.
- მითხარი, რა პრობლემაა, - ძალიან უშუალო გოგო იყო, თბილი, თბილი.
- იცი? გადავწყვიტე, კვირაში ორჯერ მოვიდე, თუ თქვენთვისაც მოსახერხებელი იქნება.
- მართლა? რა კარგია?! ჩვენთვის უკეთესია, რა თქმა უნდა, დედასაც მიხედავ.
- მე ფულს ვგულისხმობ…
- ფულზე არ იფიქრო. მაგის პრობლემა არ არის. შენ ოღონდ მოდი და… თუ გინდა, ყოველდღე იარე.
- და ყოველდღე გადამიხდით? - გავიხუმრე.
- აბა. რას ვიზამთ! - ისე სერიოზულად მიპასუხა, თვალები დავაჭყიტე გაოცებულმა.
- არა… ყოველდღე ვერ ვივლი, - შეშინებულმა ვიუარე, ყოველდღე რა შეხედავს დედამისს… თუ დედაჩემს?
ეს რა შარში ჩავიგდე თავი. თუ აქ მუშაობა ინტენსიურად დავიწყე, როდისღა უნდა ვუთხრა, ვინ ვარ? რაში მჭირდებოდა ეს მასკარადი? ასე ხომ შევეჩვევი ყველას? მერე? როცა ჩემს სათქმელს ვიტყვი, ხომ შეიძლება ამან ყველა გააღიზიანოს? რომ არ მაღიარონ? სად წავიდე? რა ვქნა? ხომ გამისკდება გული? არა, არ უნდა წამომეწყო ეს ყველაფერი! ნამდვილი სულელი ვარ… სამაგიეროდ, ძალიან საყვარელი სულელი - გამახსენდა საშკას ქათინაური და გამეღიმა.
ამ დროს კარი გაიღო, მისტერა ყეფით შემოვარდა სამზარეულოში და პირდაპირ მე შემომახტა თათებით. ისეთი ვიკივლე, გავაყრუე იქაურობა. მეშინოდა ძაღლების. ერთხელ ბარძაყზე მიკბინა ერთმა ნაგაზმა და 8 ნემსი დამარჭვეს მუცელზე. მას შემდეგ ვერ ვეკარები ძაღლებს.
- ნუ გეშინია, არ იკბინება, - აკისკისდა ნანა.
- მისტერა, მოდი აქ! - გაისმა ნუკრის და ტაშის კვრის ხმა ერთდროულად.
ძაღლი ახლა მისკენ გაქანდა. ნუკრიმ გაიყვანა და ცოტა ხანში კვლავ შემობრუნდა.
- კაბინეტში შევამწყვდიე.
- კარგი, რა, ნუკრი, ცოდოა… ყმუილით აგვიკლებს ახლა.
- მერედა, რას მოგყავდა, ვერ დატოვე სახლში? - არ დაუთმო ძმამ დას.
- ვისთვის დამეტოვებინა, ადამიანო? შინ არავინ იყო, თორემ მე რა, მეხალისებოდა?
- უჰ, რა სურნელი ტრიალებს! მომენატრა ქართული სასუსნავები. იქაურ საჭმელს ვერც გემო ჩავატანე და სუნი ხომ საერთოდ… არც კიტრი იყო სურნელოვანი, არც პომიდორი, არც არაფერი.
- ჩემნაირ ქადებს თბილისში ვერავინ აცხობს, გენაცვალე! ეგრე კი არ არის, - დაიტრაბახა ნანამ.
- უფ! გეგონოს! დედას უფრო გემრიელი ხელი აქვს! - ნუკრიმ ნიშნის მოგებით რამდენჯერმე სწრაფად შეათამაშა წარბები - ასწია, დასწია, ასწია, დასწია.
- ნუ მაიმუნობ! ხელები დაიბანე და დაჯექი.
- ტასო მოვიდა?
- ჯერ არა. მოვა, საცაა.
- ანა, შენ თუ აცხობ ნამცხვრებს? - ნუკრიმ შემომხედა.
- არა, ნამცხვრები არ გამომდის, - გულწრფელად ვაღიარე, - კერძები, კი. მგონი, გემრიელიც… - უხერხულობისგან გავწითლდი.
- აი, ნანა გასწავლის. მაგას უყვარს, როცა ვინმეს რამეს ასწავლის, - ნუკრიმ ენა გამოუყო მისკენ ზურგით მდგარ დას და მე თვალი ჩამიკრა.
- ენა დაიმოკლე, საძაგელო! შენი საშაყირო ვარ მეე? შენს ლაწირაკ გოგოშკებს უთხარი ეგრე! მიდი, ხელები დაიბანე!
- დავიბანე, ქალო, რა გინდა! - ნუკრიმ ხელისგულები ამოიტრიალა და პატარა ბავშვივით დაიხედა ზედ.
- მაშინ დაჯექი და ჭამე!.. მოდი, ანა, შენც დაჯექი, - მიმიპატიჟა ნანამ და უზურგო სკამი მოხერხებულად დამიდგა.
- ამისთანა ლამაზი გოგო დამლაგებლად რატომ მუშაობ? - მოულოდნელად დამაჯახა ნუკრიმ.
გავწითლდი და თან როგორ! გადამწიფებულ ხურმას დავემსგავსე.
- რა ვიცი… ცხოვრებამ მოიტანა, - ჩავილუღლუღე და ქადისკენ გაწვდილი ხელი უკან ჩავიბრუნე, კალთაში.
- ნუკრი! ნუ იცი შენ უაზრო შეკითხვების დასმა. რა შეაღონე გული! აცალე ქალს ჭამა! - დაუცაცხანა დამ ძმას და თვალებიც დაუბრიალა.
მერე ნანამ თვითონ გადამიღო ორი ცალი ქადა, ხელზე ხელი დამადო, მაგას არ უსმინოო, დამიყვავა და ჩაიც დამისხა.
დღე გემრიელად დაიწყო… თბილი დით, ლამაზი ძმით და ტკბილი ქადით…
ის იყო, საუზმეს მოვრჩით, რომ ტასოც მოვიდა და ჩემი «ახალშეძენილი» და-ძმაც აჩქარდა, წასასვლელად გაემზადნენ.
ისე დავემშვიდობეთ ერთმანეთს, თითქოს ძალიან ახლობელი ვყოფილიყავი მათთვის, თითქმის ისე, როგორც და ემშვიდობება დას ან ძმა - დას…
არადა, სინამდვილეში ხომ მართლაც ასე იყო…
ტასომ 50 ლარი ჩამახუტა და გამომისტუმრა. დღე უკვე მთავრდებოდა. ძალიან გადავიღალე. მაინცდამაინც არ ვიყავი ფიზიკურ დატვირთვას მიჩვეული. არ გინდა, ერთ დღეში ამხელა სახლის დალაგება? ოჰ, როგორ დავიძინებ ახლა… მკვდარივით. მთავარია, ჩემს ბინამდე მივაღწიო!
ნეტავ იქ რა ხდება? აბა, თუ მიხვდებით, სად? ვასიკოს ბიძის სახლში, რა თქმა უნდა. თქვენ რა იფიქრეთ? საშკა? არა, საშკას არც კი ვახსენებ! ძალიან ვარ მასზე გაბრაზებული!
ამწუთას მე ნეანდერტალელი «დემონი» უფრო მაინტერესებს. ძალიან დამაინტრიგა მაგ ტიპმა. როგორი იდუმალებით მოცული ვინმეა! ერთი კვირა გავიდა ჩვენი შეხვედრიდან და ახლა უკვე სიზმარივით მაგონდება ის საშინელი დღე, ცუდი სიზმარივით. ერთი რამ არ მაძლევდა სულიერად მოსვენებას - ვასიკო. ნეტავ, სად არის ბავშვი, რა უქნეს? როგორ არის? ისევ უკან ხომ არ გააგზავნეს, ბავშვთა სახლში? თვითონაც ვერ ვხვდებოდი, რატომ მივეჯაჭვე მაგ ბავშვს ასე, თითქოს ჩემი შვილი ყოფილიყოს, ისე მჩხვლეტდა გული მის გახსენებაზე. იმ სახლში ის ბავშვი ვერასდროს იგრძნობს თავს სრულფასოვან ადამიანად. დატანჯავენ, ვიცი.
სწორედ ამაზე ვფიქრობდი, რომ დამეძინა. ამდენი ღამის უძინარი ისე გავითიშე, მთელი ღამე ფეხი არ გამიქნევია.
ალბათ შუადღემდე გაგრძელდებოდა ჩემი ძილი, ზარის ხმას რომ არ გავეღვიძებინე დილით. თვალების ფშვნეტით გავემართე კარის გასაღებად. გავაღე და… მოულოდნელობისგან სახტად დავრჩი. არა, უარესი… გავქვავდი… სადარბაზოში ვასიკო იდგა თავისი შეშინებული მზერით. დამინახა თუ არა, ღიმილმა გაუნათა სახე, მერე ხელები გაშალა და ჩამეხუტა.
- ანა, - ზედ ყურთან მიჩურჩულა და პატარა ხელები თმაზე მომხვია.
- ოღონდ არ მითხრა, რომ ისევ გამოიქეცი, - მხრებში ჩავავლე ხელი და თვალებში ჩავხედე.
- არა, ლევანმა მომიყვანა, - თავი მხიარულად გაიქნია და გვერდზე მიიხედა.
ახლაღა შევამჩნიე ქერათმიანი ლევანი, რომელიც რატომღაც მოფარებულში დამდგარიყო. ალბათ ჩვენი შეხვედრის სცენას არ შეუშალა ხელი და ერთმანეთით «დატკბობა» გვაცალა.
უკმაყოფილო გამიხდა გამომეტყველება. წამში გამირბინა თვალწინ ერთი კვირის წინანდელმა სცენამ და ღრმად ამოვიკვნესე.
- რა ვქნათ, ახლა, ლევანი გარეთ დავტოვოთ თუ შინ შემოვუშვათ? - გავიხუმრე.
ვასიკომ ჯერ მე შემომხედა, მერე ლევანს, მერე ისევ მე.
- იქნებ შემოვუშვათ ისიც? არც ისე ცუდი ბიჭია, რომ იცოდე, - ეშმაკურად შემომხედა.
- მაშინ ჰო, - მეც ავყევი «ეშმაკურობაში» და ორივე შინ შემოვიპატიჟე.
- ჩაის დალევთ? - მივმართე ლევანს.
- კი, - თავი დამიქნია «დემონის» თანაშემწემ და სავარძელში «ჩაიშხლართა», თან გასაღებების აცმას გულის გამაწვრილებელი ჩხაკუნით ათამაშებდა საჩვენებელ თითზე…
სამზარეულოში გავედი. ვასიკო გამომეკიდა. სანამ ჩაის გავამზადებდი, გვერდიდან არ მომცილებია. მეც დავასაქმე, ერთობ «მნიშვნელოვანი» დავალება მივეცი. ვთხოვე, მურაბა და ნამცხვარი გაეტანა ოთახში. სიხარულით დამთანხმდა. ფინჯნები და გავარვარებული ჩაიდანი კი მე თვითონ გავიტანე. კარგი ჩაი მქონდა, ინგლისური, ნამდვილი ჩაის არომატით, ისეთი კი არა, ჩვენს მაღაზიებში რომ იყიდება ორ ლარად… ამით ყოველთვის ვიწონებდი თავს სტუმრების წინაშე. თუმცა, ამჯერად ეს არ გამიკეთებია. მეტი საქმე არ მქონდა, ლადოს ლაქიას წინაშე თავი მომეწონებინა. ერთხანს უხმოდ ვსვამდით სამივე. დღევანდელი საღამო თითქოს რაღაც დროებითი შერიგების რიტუალს ჰგავდა. შიგადაშიგ ლევანი გამიღიმებდა ხოლმე. მიკვირდა მისი ღიმილი. ვერც კი ვიფიქრებდი, თუ მას გაღიმება შეეძლო და რამდენჯერმე უცნაურად გავხედე.
- რატომ მიყურებთ ასე? - ვერ მოითმინა და მკითხა.
- პირველად დავინახე თქვენს სახეზე ღიმილი. ეს კი ნიშნავს, რომ მთლად ბოლომდე წყალწაღებული არ ყოფილხართ. მაპატიეთ ჩემი პირდაპირობა, თუკი ეს ტკივილს მოგაყენებთ.
- არა უშავს, ხდება ხოლმე, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ნამცხვარი გადაიღო.
- აბა, იქნებ მითხრათ ახლა, რა სიურპრიზი მომიმზადეთ, - ვთქვი ბოლოს.
- არანაირი… უბრალოდ, ვასოს უნდოდა თქვენი ნახვა და მოგიყვანეთ.
- სულ ეს იყო? რა განსაცვიფრებელი ამბავია! ბიძამისმა თუ იცის ეს ამბავი? - ირონიულად შევნიშნე.
- რა თქმა უნდა, იცის, - თავი დამიქნია.
- მაშინ, გამოდის, რომ თქვენმა ბოსმა რაღაც ჩაიფიქრა, თორემ რატომ უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება? ფაქტია, რომ არ მოვწონვარ.
- არა, რატომ ამბობთ ასე…
- რატომ? იმიტომ, რომ საშინლად მომექცა. რა, დაგავიწყდათ? თუ თქვენ არ იყავით იმ ყველაფრის მოწმე? დაგავიწყდათ, რა დღე დაგვაწიეთ მეც და ბავშვსაც? - წარბები შევკარი.
- მაშინ სხვა სიტუაცია იყო, - თავის მართლებას შეუდგა ლევანი.
- მართლა? რას მელაპარაკებით! ახლა რა, შეიცვალა სიტუაცია? თუ თქვენს უფროსს წინადადება აქვს ჩემთან და იმის სათქმელად გამოგგზავნათ? ნაწყენია ალბათ, რომ არ მოვუსმინე, - იქედნურად ჩავიცინე, - თუ ასეა, გადაეცით, რომ მისი წინადადება საერთოდ არ მაინტერესებს. ჩემთან ეგეთები არ გამოუვა!
- ანა… - ძალიან ჩუმად წარმოთქვა ლევანმა, - შეიძლება ასე მოგმართოთ?
- დიახ, რა თქმა უნდა.
- მეგობრულად გირჩევთ, ბატონ ლადოზე ასე ნუ ილაპარაკებთ. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.
- ვაა! მემუქრებით კიდეც? რა მაგარია! თქვენ საერთოდ იცით, მე ვინ ვარ? სად ვმუშაობ? რას წარმოვადგენ? არ იცით! და მინდა იცოდეთ, რომ თქვენი მუქარის საერთოდ არ მეშინია! - რაც შეიძლებოდა ცივად ვთქვი და უკვე მეორედ ვინანე, რომ სამსახურიდან წამოვედი.
ახლა რომ გამოკითხვა დამიწყოს, ხომ არ მოვატყუებ, ვმუშაობ-მეთქი. მაშინვე შემატყობს, რომ გულწრფელი არ ვარ. საერთოდ არ შემიძლია ტყუილის თქმა.
ვასიკო ჩუმად იჯდა და ხან მე შემომხედავდა შეშინებული მზერით, ხან ლევანს. შემეცოდა ბიჭი. ხელი დავუქნიე, ჩემ გვერდით დაჯექი-მეთქი და როგორც კი გადმოჯდა, მხარზე ხელი მოვხვიე.
- შენ ხომ კარგად ხარ? - თბილად ვკითხე.
- კი, კარგად… ბიძიამ მითხრა, ბავშვთა სახლში აღარ დაგაბრუნებო. მასთან უნდა ვიცხოვრო.
- ძალიან მიხარია, თუ ასეა.
- მე კი არ მიხარია, - უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მე შენთან მინდა ვიცხოვრო.
ისე მეუხერხულა მისი ნათქვამი, გავწითლდი. უხერხულობის დასაფარავად ჩავახველე და დამნაშავესავით გავხედე ლევანს. ის იღიმოდა.