***
მნიშვნელოვანია, ვისთან გაატარე წლები, დღეები და რატომაც არა... საათებიც კი. ის საათები და წუთები, სადღაც რომ დათვლილია თურმე.
ისიც მნიშვნელოვანია, რა გაეცი, რამდენი და ვისთვის... კიდევ ის, რა მიიღე სანაცვლოდ, მისი ნახევარი, მეოთხედი თუ სულ არაფერი...
მაგრამ ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანია უნარი - მიხვდე, სად უნდა დასვა წერტილი. ყველაზე დიდი უბედურება კიდევ, რომ მიხვდი და იქ და მაშინ არ დასვი...
***
წინ მიაბიჯებდა, ამაყად და მედიდურად. კაპიუშონიან საწვიმარ პიჯაკს და მის კეფაზე წამოზრდილ თმას უკნიდან ვადევნებდი თვალყურს. მშვიდი და გაწონასწორებული ჩანდა და ოდნავ გული დამწყდა. მერე საკუთარ თავს ვუსაყვედურე უგზო-უკვლო ეგოიზმის გამო და წამოვეწიე.
- აქ ჩამოჯექი, რეგისტრაციას გავივლი, ბარგს ჩავაბარებ და მოვალ. - მითხრა და ისე, რომ ჩემს პასუხს არ დალოდებია, შავი, დაზოლილი ჩემოდანი გააგორა.
ჩამოვჯექი. თვალი მოვავლე იქაურობას. ხალხი საქმიანად დააგორებდა ბორბლებიან ჩანთებს. თავი კიდევ უფრო პატარად ვიგრძენი ამ უზარმაზარ სივრცეში. ხასიათი საბოლოოდ წამიხდა. თვალს ვადევნებდი ჩემი და ჩემზე პატარა ასაკის გოგონებს, ლაღად რომ მიაფრიალებდნენ გრძელ მოსაცმელებსა და პალტოებს და გული დამწყდა, არც წარმომედგინა არასდროს, რომ სადმე გამგზავრებას შევძლებდი; შიშიც მქონდა, რომ აუცილებლად დავიკარგებოდი და არც დიდად ამბიციებს ვაფრქვევდი იმის თაობაზე, რომ უკეთესი ცხოვრების მიზნით ტრაკი ამეწია და განვითარებული და მაღალანაზღაურებადი ქვეყანა შემერჩია საცხოვრებლად.
შუაღამის ორზე ესკალატორს აუყვა. ხელით მანიშნა, წადიო და გამამხნევებლად გამიღიმა. მერე ხელით ცრემლების შემშრალების იმიტაცია გაითამაშა და კიდევ ერთხელ შემომცინა. მე ისევ ძეგლივით ვიდექი და ვსლუკუნებდი. ასაფრენ ბილიკამდე არც არავინ ამიშვებდა, აკრძალული იყო და არც სურვილი გამომითქვამს. გულის სიღრმეში მერჩივნა, მალე გავცლოდი აქაურობას. მერე შებრუნდა და გაუჩინარდა.
გარეთ ციოდა. ჯერ პარკირების ადგილი დავკარგე და მანქანებს შორის 10 წუთი მაინც ვიხეტიალე, რომ ჩემი ავტომობილი მეპოვნა. ამასობაში გვარიანად დავსველდი. მერე, რომ მივაგენი, ჩავჯექი და კარგა ხანს ვცახცახებდი სიცივისგან. გავიფიქრე, პარკირებაზე მანქანას თუ ვერ ვაგნებდი, უცხო ქვეყანაში რანაირად უნდა მეცხოვრა. ამით თავი დავირწმუნე, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, ირაკლის რომ არ გავყევი... ან რა უნდა მეკეთებინა, არც უცხო ენებს ვფლობდი და არც რაიმე განსაკუთრებული ნიჭით ვიყავი დაჯილდოებული.
დავჯექი თუ არა, ტირილის სურვილმა გადამიარა, მაგრამ არცერთი წამით არ გაიფიქროთ, რომ წუხანდელი ორგაზმივით გავითამაშე და ამიტომ. მართალია, ბოლო პერიოდში ყველაფერზე ადვილად ვჩუყდებოდი, მაგრამ ადვილად მივლიდა. უსაფრთხოების ქამარს რომ ვიკრავდი, ერთი პირობა გავიფიქრე, თუ დროებითია და ხვალიდან გაუსაძლისი შფოთვა დამეწყო-მეთქი, მაგრამ მერე ავტომობილი დავძარი და უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან მოშორება მუსიკით ვცადე. ჩემს მანქანაში ბილი ელიშის ნოტები იღვრებოდა და რაღაცნაირად სიმშვიდე მომგვარა.
სახლამდე ნელა მივუყვებოდი გზას. ოდნავ ცრიდა და საქარეზე წვეთები ზლაზვნით მიუყვებოდნენ. გულის სიღრმეში მწყინდა, რომ გული სიმწრისგან არ მეგლიჯებოდა. კარგი კი არაფერია მაგაში, მაგრამ ამ მდგომარეობაში ბუნებრივი ეგ უფროა.
***
თავის აწევა გამიჭირდა, სახის ნაკლოვანებების დაფარვაზეც უარი ვთქვი და სამსახურში გამოთაყვანებული სახით მივედი. ,,ტექნიკუსის“ ტექნიკის მაღაზიის ცხელი ხაზის ოპერატორად ვმუშაობდი, აგერ, უკვე მეშვიდე თვე იყო და ავტომატურად შემითავსეს სხვა მილიონი ვალდებულება, რაც სამსახურში აყვანის დღეს არავის უთქვამს, რომ მომიწევდა.
მეც ვიჯექი დილის ცხრიდან საღამოს 7-8 საათამდე და 800 ლარად 8000 ლარის სამუშაოს ვასრულებდი.
შუადღისას ირაკლიმ დამირეკა. ყურსასმენები ეკეთა და თავზე ხის ტოტები დასთამაშებდა. ქუჩას მიუყვებოდა კმაყოფილი სახით, დაღლის არაფერი ეტყობოდა. მის ნიკაპს და ყელს ვათვალიერებდი, რომელიც ხან მიახლოვდებოდა განათებული ეკრანიდან და ხან მშორდებოდა.
მოკლედ მომახსენა ფრენის და დღის გეგმების შესახებ და მერე გამომემშვიდობა.
გული მწყდებოდა, რომ თვითონ სულაც არ დარდობდა ჩვენს მილიონკილომეტრიან დისტანციაზე, ან დარდობდა და არ მეუბნებოდა, მაგრამ არსებითად რა იცვლებოდა, არც არაფერი.
სახლის კარს რომ მივადექი, კიდევ ერთხელ ვიგრძენი უხასიათობა და საკუთარ თავს ფარული დეპრესიის დიაგნოზი დავუსვი. რას მიშლიდა ეს კარი, ბოლო-ბოლო, კარს მიღმა სითბო და საჭმელი მაინც მელოდებოდა.
დივანზე რომ კაცია წამოგორებული, პულტი გულზე ადევს და თვლემს, მამაჩემია. ყველა საღამოს თითქმის იდენტურ მდგომარეობაში მხვდება.
ტელევიზორიდან საინფორმაციოს წამყვანი ქალი კოვიდ-პანდემიის სტატისტიკაზე მკვეთრი ტონით გადმოსცემს. დივნის თავზე ჩემი 5 წლის კატა იზმორება, პაკო. დედა მისაღებში ფარდებს კიდებს და დროდადრო თავს აქნევს.
-სანერვიულო მაკლია კიდევ, ესენი რომ არ მასმენინოს დღეში 7-ჯერ?! - მეკითხება და სათვალე ცხვირზე ჩამოაქვს. - თვითონ რა ენაღვლება, გგონია, ესმის რამე? ...სამაგრი მომაწოდე, მაგიდაზე, ვაზაში დევს, ნუღარ ჩამომიყვან სკამიდან.
- და რა განერვიულებს? - მცდება და მაშინვე ვნანობ, ის მცირე პაუზა, რომელიც საუბრისას უცებ დგება, პირდაპირი ნიშანია იმის, რომ ვრცელი მოხსსენებისთვის ემზადება.
- ჯერ ეს პანდემიაა, ახლა შენი ძმა ავღანეთში და ამას დამატებული შენი ქმრის საზღვარგარეთ წასვლა...
- ჯერ ქმარი არ არის.. - ვაწყვეტინებ.
- კიდევ უარესი... რა დაშავდებოდა, ხელი მოგეწერათ და ისე წასულიყო.
- და რას ცვლიდა ეგ? დაზღვეული ვიქნებოდი მიტოვებისგან მაგ ხელმოწერის გამო?
- სულელი ხარ... - მიტევს.
- რატომ ვარ სულელი?
- ქმარს სხვა პასუხისმგებლობები აქვს და სხვაგვარად იქცევა.
- შენს ქმარზე რომ ეგ არ ვრცელდება?! - ვცდილობ სიტუაციის განმუხტვას. სკამიდან ჩამოდის, წინ მიდგება და ნიშნისმოგებით მეკითხება:
- მერე მოგწონს?
- არ მომწონს, მაგრამ იმის თქმას ვცდილობ, რომ არაფერი იცვლება მაგითი.
- ოდესმე რომ აღარ ვიქნები, ჩემი ნათქვამი ყველა სიტყვა გაგახსენდება, როგორც ახლა მე მახსენდება დედაჩემის ნათქვამი, მაგრამ ეგ იმ დროს იქნება, როცა აღარაფრის შეცვლა შეეძლება ჩემს ნათქვამს.
- განცდა მაქვს, რომ გული გისკდება, არ გამექცეს და ერთი სული გაქვთ, მივთხოვდე. თითქოს რაღაც უზარმაზარი ნაკლოვანება მაქვს და სხვა კაცს ვეღარ ვნახავ, რომც წავიდეს. - თვალებს მრავალმნიშვნელოვნად ვატრიალებ და ვცდილობ, ოთახიდან გავეცალო.
- უტვინო ხარ, რა გელაპარაკო. - მაწევს საძინებლის კართან მისულს.
***
შუადღეს მნიშვნელოვანი ვალდებულება მაკისრია, მეგობარი მიმყავს გასტროენტეროლოგთან. ის პატარა ნათურა უნდა გადაყლაპოს და წასვლის ბოლო წამამდე ყოყმანობს. შეღებულ ჭიშკარშივე ვხედავ, სასოწარკვეთილი რომ მოუყვება ბილიკს. ეს ძალიან ლამაზი გოგო მაშოა. მისი დანახვის წამიდან ყოველგვარ ცუდზე ფიქრი თავიდან მიფრინდება და სადღაც მუცელში პეპელა კი არა, ფრთიანი ცხენი დახტის. ჩემდაუნებურად ვითვლი წამებს, ვიდრე ჩემს მანქანაში ფაქტობრივად მასზე რეგისტრირებულ სავარძელს დაიკავებს.
ვეტერინარულ კლინიკაში გავიცანი, ალბათ სამი წლის წინათ, როდესაც ჩემს კატას თვალში ბალახი შეერჭო და ვიზიტზე მივიყვანე. შესასვლელში ბოლთას სცემდა. მის თვე-ნახევრის ლეკვს ენტერიტის დიაგნოზი ჰქონდა და გადასხმაზე ჰყავდათ ექიმებს შეყვანილი. მარტო იყო და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. დაველოდე, ვიდრე გადასხმას დაასრულებდნენ და ისე წამოვედით მე და ჩემი პაკო სახლში. გავიგონე, მეორე დღესაც იმავე დროს რომ დაიბარა ექიმმა გადასხმაზე და მივედი. მესამე დღესაც და მეოთხე დღეს გადასხმამდე ვეღარ გასტანა... ასე ვიპოვე მაშო.
- რა გითხრა, რით გაგახარო... - ვაგებებ მხიარულ ნოტზე.
- ეგ გადამაყლაპა და... მეტი სიხარული არ მინდა. - სავარძელზე თავსდება და ღვედს იჭერს, მერე დამჭერში ათავსებს და კომფორტულად კალათდება. - არ შემოგიშვებენ ისე... კარანტინია ყველა კლინიკაში, მხოლოდ პაციენტებიო.
- დაცვაში თუ ის შენი მეზობელი ბიჭი იყო, მაინც არა?
- ექიმი კაბინეტში აღარ შემოგიშვებს და იმ ბიჭსაც საყვედურს ეტყვიან, ეზოდან გამამხნევე. - სახე მეღუშება, ვიცი, რომ მისთვის ჩემი იქ ყოფნა ახლა ზედმეტად აუცილებელია, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ მაქვს. საავადმყოფოს წინ პარკირების ზოლი გადაჭედილია, ოცნებაც არ ღირს სადმე შეტენვაზე. თავში მაშინვე ის მომდის, რამდენი ავადმყოფი ადამიანი დაიარება და შიში მიპყრობს, რომ ოდესმე მათ რიგებში აღმოვჩნდები. ისევ ხასიათი მიფუჭდება და ისევ ვუსვამ საკუთარ თავს ფარული დეპრესიის დიაგნოზს. რეალურად რამე ასეთი არსებობს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მე თუ რამე შეიძლება მჭირდეს, ნამდვილად ეგაა.
უკანა ეზოში შემყავს მანქანა და სასწრაფო დახმარების ჩამწკრივებული ავტომობილების გვერდით ვაჩერებ. მაშო კარებში უჩინარდება. ტელეფონს ვაძვრენ ჯიბიდან, იქნებ ირაკლის დავუკავშირდე, სანამ აქ უქმად ვდგავარ. ორი ზარის შემდეგ მითიშავს და მწერს, რომ ლექციაზეა და მოგვიანებით დამირეკავს.
აპრილის მზიანი დღეა. მანქანიდან გადავდივარ და ეზოში ვიწყებ ბოლთის ცემას. სველი ბალახის სუნს ვგრძნობ, რომელიც მოასფალტებულ ეზოს გარშემო არტყია და ისევ იმაზე ვფიქრობ, ,,იმ დალოცვილმა თუ ჩამოგვყარა ამ დედამიწაზე, ეს ამდენი დაავადება რაღა ჯანდაბად დაგვანათლა"? ყოფილიყო გრიპი, ვირუსები, სიცხე... განკურნებადი რაცაა, ყველაფერი, მაგრამ არა კიბო და მისი მონათესავე პათოლოგიები. ახლა აღმოჩნდა, რომ აღარც გრიპია განკურნებადი და საბოლოოდ ,,გავბედნიერდით". ვინ დაგვწყევლა კაცობრიობა?! აი, ევას რომ ის ვაშლი არ ეჭამა, ახლა ტიტვლები ვიტანტალებდით ვაშლების და მსხლების ბაღში ყველა ერთად... ისე, ესეც რომ ქალს დაბრალდა, სამოთხიდან გამოძევების ამბავი. მე საერთოდაც არ მჯერა ეს ყველაფერი. იმიტომ კი არ ვამბობ ასე, რომ სქელტანიანი ბიბლიის წაკითხვა დამეზარა. უბრალოდ, ყველაფერი ალეგორია მგონია. ადამის და ევას ამბით სინამდვილეში ისაა ნათქვამი, რომ ქალმა კაცს არ დაუჯერა და დაიღუპა თავიც და დაღუპა კაციც; რომ ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად გაითავისებს, ,,რა ეკრძალება“. შესაბამისად, რამდენად მორჩილი იქნება... ვერ ვიტან მორჩილ ქალებს.
ჩემს ღრმა ფიქრებს ისიც ემატება, რომ მაშო მწერს, რიგში მეცამეტე ვარ და რამდენ ხანს უნდა იდგე მანდ, არ ვიციო. ვამშვიდებ, რომ სულაც არ მეჩქარება არსად და უწყვეტი ლოდინის რეჟიმში გადასართავად ვამზადებ თავს. ისევ ევას ვუბრუნდები. ზუსტად ვიცი, რომ მის ადგილას ვაშლს მეც შევჭამდი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვაშლი საერთოდ არ მყვარებოდა.
უცნაური ფსტვენისმაგვარი ხმა ჩემს ზეპირ კვლევებს მაწყვეტინებს სამყაროში პირველ დამღუპველსა და უბრალოდ კაცზე და ჯერ გვერდით მახედებს, მერე, რომ ძლიერდება, ზემოთ. მეორე სართულის ფანჯრიდან ვიღაც ხელებს მიქნევს და იქცევს თუ არა ჩემს ყურადღებას, მრავალმიშვნელოვნად ზეცისკენ აღაპრობს ხელებს. აშკარად მსაყვედურობს, რომ პირველივე ფსტვენაზე კატისებრი რეაქციით ვერ ვუპასუხე. ჯერ აქეთ-იქით ვათვალიერებ გარემოს, ნამდვილად მისი ხელების ქნევის ობიექტი ვარ თუ სხვა ვინმეცაა ეზოში და მერე ისევ მისკენ ვიხედები. ფანჯარაში უჩინარდება, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ ჩნდება და ჰოი საოცრებავ, ფანჯრიდან სპორტულ ჩანთას მესვრის. ძლივს ვასწრებ უკან გადახტომას, რომ პირდაპირ თავში არ მომხვდეს. ჩანთა ჩემს ფეხებთან ენარცხება და მტვრის კორიანტელს აყენებს. ამჯერად განრისხებულ-გაოცებული მზერით ვწევ თავს და საჩვენებელი თითის ყურთან დატრიალებით ვანიშნებ, რომ ,,გიჟი ხომ არაა?!" მას ორივე ხელი თავისკენ მიაქვს და ,,რა მიქარეს" იმიტაციით მანიშნებს, რომ ეს ჩანთა უნდა დამეჭირა. ჩანთას დავყურებ და წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვიფიქრო. იქნებ შეშლილია და ბომბი უდევს ჩანთაში, მე რა ვიცი... იქნებ ნარკოტიკებია ან საავადმყოფოდან მოპარული მორფინი. ვფრთხები და ჩანთას იქვე ვტოვებ. მერე მანქანის სავარძელზე ვჯდები, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავეცალო იქაურობას. სულაც ქუჩაში გავაჩერებ ან ორი კილომეტრის იქით წავალ, ოღონდ ამ ჩანთას გავეცალო. უკუსვლით გამოვდივარ, რომ მოძრავი მანქანის კარს ვიღაც მიხსნის და სავარძელზე ხტება.
-შეუბერე აქედან... - მეუბნება და ჩანთას ფეხებთან ითავსებს. მაშინვე ვამუხრუჭებ.
- ვინ ჯანდაბა ხარ? - სახეზე განრისხება და ალმური ერთდროულად. მახატია დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ზედა ტუჩთან ოფლის წვეთებს ვგრძნობ და ლოყები მიხურს.
შიშს მომენტალურად ცვლის მოზღვავებული ძალა და ვიცი, რომ თუ მოვინდომე, ჩემი საკუთრებიდან აუცილებლად ჩავაგდებ.
- ალექსანდრე გიორგის ძე ჩხაიძე, 31 წლის. - სერიოზული სახით მპასუხობს.
- ჩემგან რა გინდა?
- საერთოდაც არაფერი... სახლში წამიყვანე და დავასრულებთ ნაცნობობით.
- არა... - მოკლედ ვუჭრი... - გადადი.
- ვერ გადავალ, დილის 7 საათიდან ფანჯარაში ვდგავარ და ვინმე მოცლილს ველოდები.
- მოცლილი არ ვარ. ჩანთაში რა გიდევს? - ამაზე აშკარად ეცინება, მერე ელვაშესაკრავისკენ მიაქვს ხელი, მაგრამ უეცრად ჩერდება.
- რომ განახო, რაც მიდევს, მერე წამიყვან?
- გააჩნია, რა გიდევს!
- ცუდი კანდიდატი შევარჩიე, შენამდე რომ ქალი იდგა მაგ ადგილას, იმისთვის სჯობდა, მეთხოვა, დედაშვილურად გამიგებდა. - თქვა და ელვაშესაკრავი ბოლომდე გახსნა, მერე კალთაზე წამოიყარა ოთახის ჩუსტები, საცვლები, წინდები, წიგნი, გასაღები და წვრილმანი ხარახურა, მერე ცარიელი ჩანთა გაჭმუჭნა ხელში იმის განსამტკიცებლად, რომ სარჩულში არაფერს მალავდა. აშკარად ზუსტად მიმიხვდა, საით ვფიქრობდი. მერე შეყოყმანდა და შარვლის ჯიბეებიც მიაყოლა, საღეჭი რეზინა, სიგარეტი და ორი სანთებელა დამანახა და უკან ჩაიბრუნა.
- სად ცხოვრობ?.. არა, ჯერ ის მითხარი, რატომ გარბიხარ?
- წადი და მოგიყვები.
- არა, ჯერ მომიყვები... - ხელები ისევ თავზე შემოირტყა.
- ჩემს მკურნალ ექიმს, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა, ვირუსი შეეყარა და სამსახურში არ დადის. ორი დღის წინ მითხრა, რომ შემეძლო დღეს გავწერილიყავი. მოვიდა შემცვლელი და მეუბნება, რომ დაზღვევით გათვალისწინებული დღეები დასრულდა, მაგრამ ვერ გამწერს, იმიტომ, რომ ჩემი ჭრილობა რაღაც თვალში არ მოსდის და კიდევ იმიტომ, რომ სიცხე ისევ 38-მდე მაქვს და მოწადინებულია, კიდევ ორი დღე ან მეტი ფული აკეთოს ჩემს ხარჯზე.
- რატომ არავის დაურეკე შენიანს?
- იმიტომ... და წამიყვან თუ არა?
პირზე ერთადერთი, რაც მომადგა, ,,არა" იყო, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, მანქანა დავძარი და გასასვლელისკენ გავგორდი. სავარძელზე თავი მიაყრდნო, მისამართი მითხრა და მერე მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია.
თხუთმეტ წუთში მის სადარბაზოსთან ვიდექი. ამოვისუნთქე, რადგან გზაზე დანა არ მომაბჯინა და არ გამაუპატიურა, რა მქონდა სასაყვედურო.
მანქანიდან გადავიდა, კარი ფრთხილად მომიხურა და ჩაწეულ ფანჯარაზე ჩამოეყრდნო. - იცი, საავადმყოფოში წოლის ყველაზე დიდი უბედურება რა არის?
- არა. - ვუპასუხე გათამამებულმა იმით, რომ ჩემმა სიკეთემ უვნებლად ჩაიარა.
- ყავას არ გასმევენ.
- გასაგებია... - გავუღიმე.
- იცი, რამდენი დღეა, არ დამილევია?!
- რამდენი?
- ბევრი. შენ რამდენი დღეა, რაც არ დაგილევია?
- დილით გეახელით.
- ანუ აღარ დალევ?
გავჩუმდი... რა ჯანდაბამ გამაჩუმა, წარმოდგენა არ მაქვს. მერე შემოუარა ჩემს ავტომობილს ნელი ნაბიჯით და ჩემს მხარეს კარი გამოხსნა.
- ჩავთვლი, რომ მადლობა გადაგიხადე, თუ ჩემთან ერთად დალევ. - მითხრა. ისევ ვყოყმანობდი, მაგრამ დღეს უკვე მეორედ ვერ ამოვღერღე ყველაზე საჭირო ,,არა“.
სახლი იმდენად მოწესრიგებული ჰქონდა, ეჭვი არ შემიტანია, რომ ქალი აუცილებლად იცხოვრებდა. ძველი და სუფთად შენახული რემონტი იყო, ძველი ჭაღები, ფარდები, ძველი ავეჯი. ისეთი მშობლიური, უსაფრთხო განცდა დამეუფლა, ასე მეგონა, აქ ჩვეულებისამებრ ამოვდიოდი ხოლმე მურაბიან ჩაიზე.
ძველი ფირსაკრავის თავზე ჯონ ლენონის დისკი იყო შემოდებული. საჟურნალე მაგიდას თეთრი სამკუთხედი, ნაქარგებიანი გადასაფარებელი ფარავდა. სამზარეულოდან გამოსული ხმები მოწმობდა, რომ ყავის მომზადებას დაუყოვნებლივ შეუდგა. იქნებ ზრდილობის გამო შემომთავაზა და ახლა ერთი სული ჰქონდა, მოვეშორებინე. დივანზე ჩამოვჯექი. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა და მაშინვე ვინანე, რომ ყავაზე დავთანხმდი.
- შენ კი მომაყოლე ბიოგრაფია და ისიც არ დამცალდა, სახელი მეკითხა. - ორი ფინჯანი და საშაქრე შემოიტანა. თეთრ ფაიფურის საშაქრეზე გამოსახულ ინდოელ ქალებს გავუშტერე თვალი, მათი საქმიანობის ამსახველი კადრი თითქოს ერთ წერტილში გაშეშებულიყო. ანტიკვარიატის ბაზრობაზე გასატანი თხელი ფინჯანი დამიდგა წინ, ყვითელი ღიღილოებით მოხატული. ჩემ წინ სავარძელზე რომ ჩამოჯდა, მზერა ჭიქებიდან მასზე გადავიტანე.
- მართა. - სახელის გაგონებაზე ცოტა ხანს ჩაფიქრდა.
- ვის ჰქვია ახლა მართა? - შემომცინა. ახლაღა დავაფიქსირე, რომ ცისფერი თვალები ჰქონდა, სხვათა შორის, არც ისე ურიგო.
- მე მქვია და ჩემთვის სრულიად საკმარისია.
- ჩემს დიდ ბებიას ერქვა, ან ძალიან დიდს. მგონი მომწონს, ადვილად დასამახსოვრებელია.
რამდენიმეჯერ შევხედე და ყველა ჯერზე თვალი ამარიდა. ვაკომპლექსებდი თუ მაკომპლექსებდა, არ ვიცი, მაგრამ მის წეღანდელ მოძალადეობრივ საქციელს ახლა ეს აღარ შეეფერებოდა.
- ოპერაცია რისი დაგჭირდა? - ზრდილობის გამო, თორემ სულაც არ მაინტერესებდა.
- აპენდიციტი. - მოკლედ მოჭრა და მაშინვე თემა შეცვალა. - ოთხი თვეა გადმოვედი, არავინ მყავს ნაცნობი და მეგობარი. ჩემები აქედან ოთხმოცდაათ კილომეტრში ცხოვრობენ და იმათი გამოძახება საავადმყოფოდან გამოსასვლელად არ მინდოდა. არც მითქვამს ოპერაციაზე, ამტკივდა, ექოზე წავედი, მერე ჩავალაგე, რაც უკვე ზედმიწევნით შეისწავლე და საოპერაციოში დავწექი.
ამასობაში მაშომ დარეკა, ჩამოვდივარო.
- მეგობარს ველოდებოდი, ვიდრე ჩანთას მესროდი და მხედრიონელივით შემომიხტებოდი მანქანაში. დაასრულა იმან თავისი საქმე და იცის, რომ იქ ვარ, სადაც დამტოვა. ამიტომ უნდა წავიდე. დიდი მადლობა ყავისთვის.
- თითქოს რაღაცის თქმა დამაკლდა, საუბრის გაგრძელების მოლოდინში პირდაპირ თვალებში ჩამხედა თავისი დიდი, ლურჯი თვალებით. - იცი რა, ნომერი ჩაიწერე და თავი თუ ცუდად იგრძენი, წაგიყვან ისევ, საიდანაც მოგიყვანე. თუ არავინ გყავს... - თან რომ თავს ვიმართლებდი. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა და ფეხზე წამოვდექი. ჯერ შეყოყმანდა, მერე თაროსთან მივიდა და წიგნი გამოაძრო. არც დაუხედია, წინ დამიდო ფანქართან ერთად.
- ტელეფონი აღარ მაქვს, აქ მიაწერე ნომერი.
წიგნს დავხედე, ჩინგიზ აითმათოვის ,,და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე“ ეწერა ყდაზე. შიდა მხარეს ნომერი მივაწერე და გამოვემშვიდობე. საავადმყოფომდე კისრისტეხით ვიარე. მაშოს თვალების მდგომარეობით თუ ვიმსჯელებდით, კარგად გამოიტირა იმ ნათურის გადაყლაპვა, მაგრამ კმაყოფილი იყო, პასუხები ხელში ეჭირა.
- სადმე იყავი? - ლოდინით შეწუხებული სახით მკითხა.
- საავადმყოფოს პალატიდან გაქცეულ კაცს გაპარვაში დავეხმარე... - ვაჯახე.
- აჰა, გასაგებია. - არ დამიჯერა.
- გეფიცები.
- რას მეფიცები?
- მეორე სართულის ფანჯრიდან ვიღაცამ ჯერ ჩანთა მესროლა და მერე დაძრულ მანქანაში შემოხტა. ფანჯრიდან ჩამოხოხდა თუ კარიდან, ეგ აღარ დამინახავს, გაქცევას ვაპირებდი. მერე ჩანთა გადმოცალა, რომ დავრწმუნებულიყავი, არაფერი იდო შიგნით საეჭვო და მეც სახლამდე მივიყვანე, მერე ყავა დავლიე და...
- სად დალიე ყავა? - საბოლოოდ გამოშტერდა.
- იმასთან.
- გაგიჟდი? - პირი დააღო და აღარ აპირებდა დახურვას.
- არ ვიცი, რატომ გავაკეთე, გამეკეთებინა.
- გაგიგოს ირაკლიმ...
- მაგის დარდი რომ ჰქონდეს, რაღა მომკლავდა...
- არ ტყდები, მაგრამ ვერ უგებ და იმედგაცრუებული ხარ სინამდვილეში. - გავჩუმდი.
- არაფერს ვგრძნობ, არც იმედგაცრუებას, არც მონატრებას, არც გულისტკენას. უბრალოდ, დროდადრო ყველაფერი მეზარება და გუშინ აღმოვაჩინე, რომ საკუთარი სახლის კარი, სუნი იმ სახლის, დედაჩემი თავისი რეპლიკებით და მუდამ მთვლემარე მამაჩემი, აუტანლად მაღიზიანებს. კატა... კატაც, რომ ვუყურებ, ცხოვრება მეზიზღება. - როლში რომ შევედი, ცოტა გადავაჭარბე, მაგრამ არ ვტყუოდი. კატას არაფერს ვერჩოდი, თუმცაღა იმ წუთას ზუსტად ასეთი განცდა დამეუფლა.
- შენ ახლა შენი გაურკვეველი მდგომარეობით ხარ გაღიზიანებული და მგონი, ირაკლის გადაწყვეტილებითაც.
- არ ვიცი... ჯერ ვერ ვიგებ. მესმის, რომ წინსვლა და წარმატება უნდა, მაგრამ სხვა გზაც ხომ არსებობს.
- ამ ქვეყანას განვითარების და წინსვლის არავითარი გზა არ გააჩნია.
- ვისაც მართლა უნდა, აქაც შეუძლია და აფრიკაშიც.
- კაი, არ გეკამათები, მეც მეწყინებოდა და გული დამწყდებოდა, ჩემი შეყვარებული რომ წასულიყო, მაგრამ უკეთეს ცხოვრებას შემოგთავაზებს ოდესმე და მერე მიხვდები, რომ ასე სჯობდა.
- იმედია, მაგ მომავლის შენებას ჩვენი ურთიერთობა არ შეეწირება.
- ამდენი წელია არაფერს შეეწირა... ნუ დარდობ.
- მე არ ვდარდობ, დედაჩემი დარდობს, ,,საქონელი არ ჩაუწვეს". - ვთქვი და მომენტალურად ავხარხარდი. ისე ვიცინოდი, უნებლიეთ ისიც ამყვა. მერე ნახევარი გზა ორივე ვხარხარებდით, თვითონაც არ ვიცოდით, რაზე.
- იცი, რომ სპანჯბობებიანი საცვლები ჰქონდა? სადაც ზიხარ, ზუსტად მანდ ეყარა. ერთ საცვალს ნამდვილად სპანჯბობები ეხატა, მეორე სადა იყო, ნარინჯისფერი და რაც ეცვა, იმაზე ჯერ არავითარ ინფორმაციას არ ვფლობ.
- მართა, ხუმრობ, ხო?
- რანაირად დაგაჯერო. - თვალები გადავატრიალე.
- რაზე ფიქრობდი, მაგას რომ აკეთებდი?
- შენზე ნამდვილად არა. - გამეცინა.
- რომ დაასეირნებდი და ვინმეს დაენახე, მერე სად მიდიოდი? - დამაშტერდა.
- იქვე ხომ არ ჩამოვაგდებდი და მივიყვანდი მაინც სახლამდე.
- ერთობი და ნეტა ამდენს რანაირად რისკავ?!
- კაი რა... ხასიათს მიფუჭებ, დედაჩემს როლს ნუ ართმევ... ყავა?
- ხომ დალიე?!
- ცუდ ყავას აკეთებს... - პასუხს არ დავლოდებივარ, მანქანა მოვაბრუნე და საპირისპირო მხარეს გავქუსლე.
გაგრძელება იქნება