ნოველები

მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 2

მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 2
წინა თავი

ჩუმად შევიპარე, ფაქტობრივად, წინასწარ გავთვალე ჩემი სახლში გვიან მისვლის სიმძიმე მამაჩემისთვის, მაგრამ მაგიდასთან რომ დავინახე, მივხვდი, მეორე დღისთვის გადადებულ საყვედურს რომ იმ წამს მოსმენა მერჩივნა და ჩამოვჯექი. ხელზე მორგებულ კასიოს საათს დახედა, ვითომ ასჯერ არ გადაემოწმებინა მანამდე დრო და მერე მრავლისმეტყველად ამომხედა. თვალი ავარიდე და დედას გავხედე. მათ შორის არსებული დისტანციით და ,,ახლად დაღვრილი სისხლის სუნით" თუ ვიმსჯელებდით, კონფლიქტი რამდენიმე წუთის ჩამცხრალი იყო, მათ შორის, ჩემი დაგვიანების თაობაზე და დედა საყვედურნარევი მზერით მისჩერებოდა
უაზრო გადაცემას. 50 წლამდე დაბოტოქსებული ქალი, ამოვსებული ყვრიმალებით, ჰყვებოდა თავის ოთხ-ნახევარ ქმარზე და ბოლოს ისიც დასძინა, ერთადერთი, ბოლო ქმრისთვის არ მიღალატია, თორემ დანარჩენებს დედა ვუტირეო. გამეცინა. რანაირად შემეძლო არ გამეცინა?!

- რა კარგ რამეს ჰყვება ,,მამა“, არა?! შენი ნახევარ-ქმარი რა აზრის არის შენს 12 საათამდე გარეთ სიარულზე? - ვითომ მშვიდად მესაუბრებოდა და არავითარი საყვედური.
- პრობლემა არ აქვს. -მოკლედ მოვუჭერი.
- მე არ ვიცი, იმას რისი პრობლემა აქვს, წავიდა თუ რაც ქნა, ეგეც თქვენი საქმეა, მაგრამ სანამ ამ სახლში ცხოვრობ, პატივი გვეცი მე და დედაშენს და მთელ უბანს ჩვენზე ნუ აჭორავებ.
- ბაბულიას გამო 27 წლის ქალი 9 საათზე სახლში უნდა ვიჯდე? - ჩვენი პირველი სართულის მეზობელი იყო, დღენიადაგ ფანჯარაში იჯდა და სათვალთვალო კამერის ფუნქცია აბსოლუტურად ჰქონდა შეთავსებული, მეხსიერებაც - იცოცხლე...
- ჩვენ გამო უნდა იჯდე და პირველ რიგში, საკუთარი თავის გამო. მუსიკებით რომ შემოგრიალდები შუაღამისას და ნახევარ უბანს აღვიძებ, არ მგონია, სწორი საქციელი იყოს შენი მხრიდან.
- გამოვრთავ მუსიკებს აწი.
ფეხზე წამოდგა, სიგარეტი საფერფლეს დაასრისა და გზად მომაძახა, - ამ დროს მეორეჯერ აღარ მოხვალ. რომ ჩამოვა, რაც გინდა, ის ქენით მერე.
თვალს მიეფარა თუ არა, დედაჩემს მივუბრუნდი.
- რა უნდა ამას?
- შენც ცოტა ადრე რომ მოხვიდე და არ აჩხუბო, არ შეგიძლია? სად იყავი ამ დრომდე?
- მაშოსთან, არ შეიძლება?
- მამაშენთან მოგვარდი... და ეს მაშოც კარგი უსაქმური ვინმე გამოიჭირე... - ნაწყენმა დაასრულა დიალოგი.
საძინებელში გავედი და ირაკლის დავურეკე. წამოწოლილი იყო და ნახევრად თვლემდა, რომ მიპასუხა.
- აჰააა, ანუ ისე იძინებდი, რომ დღეს დალაპარაკებას არ აპირებდი? - ნაწყენი კილოთი მივახალე გაღიზიანებულმა.
- 1 საათის წინ გირეკავდი და არ მიპასუხე, ან გამორთული გქონდა ინტერნეტი.
- გარეთ ვიყავით მე და მაშო.
- რა ხდებოდა?
- არაფერი, გავისეირნეთ და სახლში რომ მოვედი, დამტუქსეს. - შევჩივლე. - გვიან რომ დადიხარ, ის რას ფიქრობს ამაზეო.
გაეცინა, კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა, მივხვდი, და განვაგრძე. - მსაყვედურობენ, რომ ჯერ ხელი უნდა მოგვეწერა ან გამოგყოლოდი და მერე წასულიყავი.
- მერე დედაჩემთან რა უნდა გეკეთებინა? - ამ პასუხს არ ველოდი და გავჩუმდი.
- ხომ ვაპირებდით ბინის ქირით აღებას?! - ხმადაბლა წავიჩურჩულე.
- მართა, უაზრობად არ მიგაჩნია სასწრაფოდ, უცერემონიო ქორწინება და ქირით მარტო გასვლა მხოლოდ იმიტომ, რომ გარშემო ყველამ გული დაიმშვიდოს?!
უაზრობად არ მიმაჩნდა, მაგრამ გავჩუმდი. ირაკლიმ ისევ თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. - დილით უთენია მივდივარ ბიბლიოთეკაში, მერე ადგილები აღარ არის და დავიძინებ, თუ არ გამიბრაზდები. - თითქმის თვალებდახუჭულმა მითხრა და რომ დაასრულა, პასუხის მოლოდინშიღა შემომხედა.
- ძილი ნებისა. - ვუთხარი და გავუთიშე.
მერე ოთახს თვალი მოვავლე და ვიგრძენი, რომ ჩემი საძინებლის ფარდები საშინლად არ მომწონდა, რას ჰგავდა. მივედი და ერთი ხელის მოსმით ჩამოვგლიჯე, მერე ძირს დავყარე და ზედ დავჯექი. იმის მოლოდინში, რომ მომწერდა რაიმეს, ალბათ, 20 წუთი მაინც მომიწია მტვრიან ფარდებზე ჯდომა. მერე რობოტივით გავფორთხდი სააბაზანოში და კბილები გავიწმინდე. 5 წლის წინანდელ მის მონაწერებს, რომლებსაც სქრინების სახით ვინახავდი, გადავხედე კიდევ ერთხელ და დავწექი. საშინელმა სევდამ რომ შემიპყრო, მერე ვიფიქრე, ხვალ დაველაპარაკები-მეთქი. დავიძაბე. სადღაც, გულის სიღრმეში, ვიცოდი, რომ მხოლოდ გაბრაზდებოდა და შემახსენებდა, რომ ემოციების ფრქვევის დრო ფიზიკურად არ ჰქონდა და ამაზე მნიშვნელოვანი საფიქრი ჰქონდა უამრავი. ამიტომ, ვიდრე გეგმას დავაწყობდი, რა როგორ მეთქვა, მანამდე გადავიფიქრე.

***
დაწყება რთულია. მე თუ მკითხავთ, ბავშვობაც რთულია, ოღონდ ამას ბავშვური გონება ვერ აღიქვამს და ვერ წვდება. დაბადება... ყველაზე დიდი უუფლებობაა, გაჩნდი, ყოველგვარ არჩევანს მოკლებული. ვიღაც ლოთის და წამალზე დამოკიდებულის შვილია. მერე მთელი ცხოვრება იმას კითხულობს, რატომ არ გაუმართლა, რატომ მაინცდამაინც ის...
რაც იზრდები, ცხოვრების ტვირთი მძიმდება. თითქოსდა ბუნებრივია და ჰო... ,,ყველას თავისი მძიმე ჯვარი აქვს საზიდი“ და შენ რა გამონაკლისი ხარ. მერე ვიღაცას მეტად შეუძლია ამ ჯვრის თრევა და ვიღაც ნებდება. სხვები მოითხოვენ, რომ ძლიერი იყო, ადამიანი ამტანობისთვისაა გაჩენილი. რაც მეტი უბედურების გამოვლა გვიწევს, თითქოსდა გარშემომყოფები მეტად არიან ჩვენით კმაყოფილნი. რა ცხოვრებაც გვაქვს, იმასაც გვამადლიან, მშობლები თუ არა, ისინი მაინც, ვინც ქარცეცხლში ნამდვილად გადარჩა. ტექსტები, რომლებიც მას შემდეგ მესმის, რაც წამოვიზარდე: ,,თქვენ რა გაქვთ საწუწუნო, თქვენს საქმეს მანქანები აკეთებენ“ ,,ბავშვს პამპერსში ზრდით, მე ერთ ტონა ჩვრებს ვრეცხავდი ყოველდღე ყინულიან წყალში“. მოკლედ, განვითარება და კომფორტი, რასაც რეალურად წინა თაობასთან შედარებით ისინიც ეზიარნენ და შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო, რატომღაც გვეყვედრება. მე თუ მკითხავთ, როცა ხასიათი ამერევა, იმაზე ფიქრი, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა მაქვს, რაც ბებიაჩემს არ ღირსებია, მაინცდამაინც ვერ მანუგეშებს.
საერთოდაც, ზოგჯერ ვდგავარ და მგონია, როგორ მღვრიე წყლებშიც ვიჯექი ჩასახვის დღიდან, იმ მღვრიე წყალს თავი ახლაც ვერ დავაღწიე. დიახ, ამას ის გოგო ამბობს, ვისაც ყოველგვარი კომფორტი აქვს ცხოვრებისეული, შინაგანი კომფორტის გამოკლებით. ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ, სასიცოცხლოდ სწორედ ესაა მნიშვნელოვანი და არა სხვა დანარჩენი. ანდა ფსიქოლოგი რაში მჭირდება, მის გარეშეც მშვენივრად მაქვს ეს გათავისებული.

***
სათამაშოების გარეშე გავიზარდე, ოღონდ რევოლუციამდელი ბავშვისგან განსხვავებით, გამიმართლა და ვფიქრობ, არც ისე გონებაჩლუნგი ვარ. საკუთარი სამოსის გარეშე, გვიან მოზარდობამდე ის მეცვა, რასაც მაჩუქებდნენ შეძლებული ნათესავები და პირველად 17 წლისამ ავარჩიე საკუთარი ჯინსის შარვალი.
გართობა... მეზობლებში დავწანწალებდი. ინვალიდ, დიასახლის და მოხუც ხალხს იმ დროს უბანში საკუთარი ჯამბაზი ჰყავდა ჩემი სახით. ერთ მოხუც ქალს განსაკუთრებით ვადგებოდი, მისი სახლის მთავარი შესასვლელი კარი პირდაპირ აჰყურებდა ჩემს აივანს. ამიტომ ოჯახის სრული შემადგენლობა მთელი გაზაფხული და ზაფხული ქვემოდან გვითვალთვალებდა, ბანაობის დროს რომ ვკიოდი სწორედ ამ აივანზე, პედიკულოზის გამო თმას რომ მაჭრიდნენ, დედაჩემის სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ რომ გამჭვირვალე სარაფნით დადიოდა და მსგავსი ყველა დეტალი სრულად ჰქონდათ გათავისებული. არც ბებიაჩემი აკლებდა, რამდენი კაცი ესტუმრა მათ ოჯახს, მისაღებში რაზე იჩხუბეს და დღეს სადილად რას ამზადებდნენ, ყოველივე ამის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობდა.
გახდებოდა ავად და ჩაწვებოდა თუ არა თინა ბებო, მისი რძალი მეძახდა - შენი ნახვა უნდაო. თავს დაფასებულად და დიდ ვინმედ ვგრძნობდი. ამიტომ თავდაპირველად მხიარულად გავრბოდი. ვიწრო კორიდორს, რომელიც მის საძინებელთან მიდიოდა, ერთმანეთზე ყუთებივით დაწყობილი წიგნების თაროების რიგი მიუყვებოდა. მაშინ წიგნები ნაკლებად მადარდებდა, სამაგიეროდ, ხარბად ვათვალიერებდი წინ გამოდებულ საკოლექციო ლითონის მანქანებს. ხელის შეხება იმისთვის, რაც შუშის მიღმა იყო მოთავსებული, სასტიკად მეკრძალებოდა. ზოგჯერ სიზმარში ვხედავდი, ჰორიზონტალურად როგორ ვწევდი ამ შუშას და თითებით ვეხებოდი ცივ ლითონს. კიდევ, პატარა კალათი იდო, ბრდღვიალა იებით, ფაიფურის შაბიამნისფერკაბიანი ბალერინა, მინიატურული ლამპა, პატარა ქსოვრელი კაცუნა და უცნაური ფოტო, რომელიც ოჯახის ფუძემდებელს კიევში ჰქონდა თურმე შეძენილი. სამწუხაროდ, ახლაც არ ვიცი, რა ჰქვია, მაგრამ რომ შეხედავდი, ქერა, მომხიბვლელი ქალი იყო და ცოტა თუ გაიწეოდი და გვერდიდან ხელახლა შეათვალიერებდი, თვალს გიკრავდა. გამორიცხული იყო იმ მწვანე კორიდორში მეთვალყურის გარეშე ჩავლა. მიმაცილებდნენ მოხუცი თინას დიდებულ საძინებლამდე და რომ დარწმუნდებოდნენ, შევედი, შემდეგ მტოვებდნენ. მუქი წითელი, პოლირებული ხის საძინებელი ჰქონდა, ექვსკარიანი გარდერობით (რაც იმ დროს უდიდეს ფუფუნებად ითვლებოდა), რბილთავიანი ორსაწოლიანითა და სარკიანი ტრილიაჟით.
იმ სახლში, სადაც მე ვიზრდებოდი, მსგავსი არც დამსიზმრებია. ორი რკინის რიკულებიანი საწოლი მყარად იკავებდა საცხოვრებელ ოთახს, სადაც დღისით ვსადილობდით, საღამოს საათებში ღამის ქოთნებით მე და ჩემი ძმა გასწრობანას ვთამაშობდით და ღამით გვეძინა. მსგავსი მრავალფუნქციური ოთახი მას შემდეგ აღარსად მინახავს, არც მსგავსად განათებულ გაკაშკაშებული ოთხი უზარმაზარი ფანჯრიდან შემომავალი შუქით და დღესაც რომ ვფიქრობ, სად ეტეოდა ამდენი ავეჯი, ზუსტად გახსენება ძალიან მიჭირს. ტანისამოსის სათავსო, ჭურჭლის კარადა, ორი საწოლი, უთოს მაგიდა, სასადილო უზარმაზარი მრგვალი მაგიდა, კამოდი სარკით, სკამები და მთავარი ღირსება, რკინის უზარმაზარი ღუმელი, რომელშიც ბებო პურს აცხობდა ყოველ მესამე დღეს. ჩემი სახლი იქით იყოს და ის უნდა გავიხსენო, დატუსაღების ორი საათი რას ვაკეთებდი თინა ბებოს საძინებელში.
ტრილიაჟის წინ მდგარ მისსავე სკამზე ჩამოჯდომის უფლებას მაძლევდა. ეს სკამი რბილი იყო, სავარაუდოდ, ხესა და ღრუბელს შორის ზამბარები ჰქონდა დატანებული. ამიტომ ლაპარაკში გართული ზოგჯერ ამ სკამზე რწევას ვიწყებდი, რაც სასტიკად მეკრძალებოდა. მოხუცი ამბობდა, რომ ფეხები მოერყეოდა და თავის შვილიშვილს ამ საძინებელს უვნებლად ვეღარ გადააბარებდა. ასევე, საუბრისას ოთახში წინ და უკან სიარული თავბრუს ახვევდა და მტუქსავდა. ტრილიაჟთან ჯდომისას უფლება მქონდა, დამეთვალიერებინა მისი აწგარდაცვლილი ქმრის და ცოცხლად მყოფი ოჯახის წევრების სარკეზე მიწებებული შავ-თეთრი ფოტოები, რომელთა გადაღების ლოკაცია და თარიღი უკვე თხრობით ვიცოდი.
ბალიშის ქვეშიდან გამოაძრობდა ორ შაქრით შემოგარსულ მსხლის ან ვაშლის ჯემიან კანფეტს და მერე გადადიოდა დაკითხვის ეტაპზე. იცოდა, მაწანწალა და მთელ სამეზობლოს მოდებული ბავშვი ვიყავი და დეტალურად მეკითხებოდა, რა ხდებოდა გარშემო დასახლებულთა ოჯახებში. სამეზობლოს ჭორებს რომ დავასრულებდი, ბოლო ტკბილ ლუკმად ჩემს ოჯახში მიმდინარე ცხელ ამბებს მცინცლავდა. ბოლოს ვიღლებოდი და წამოსვლაზე ნებართვას ვთხოვდი, მაგრამ ეს ნებართვა პირველივე ჯერზე არ კმაყოფილდებოდა, როგორც წესი, ჩემთან გართობისთვის ორი საათი მაინც ჰქონდა გამოყოფილი და სანამ გეგმას არ შევასრულებდი, არ მიშვებდა.
მადლიერი იყო თუ არა, ვერ გეტყვით, თუმცაღა სასოწარმკვეთი შიმშილის, მას შემდეგ, რაც წამოდგებოდა და სამზარეულოს მიაშურებდა, კვირაში ერთხელ მაინც მიმასპინძლდებოდა კარაქიანი და ჯემიანი პურითა და საზამთროს მურაბით.
სომხურ დღეობაზე (მიუხედავად იმისა, რომ ეროვნებით ქართველი იყო) უთენია ამოჰქონდა ხორბლის ფაფა ერბოთი და მამლის მოზრდილი ბარკლით.
დაბადების დღე არასდროს დავიწყებია, არცერთ წელს... მისი შუახნის რძალს ყველა ჯერზე ცოცხალი საჩუქრები მოჰქონდა, ახალგამოჩეკილი წიწილა, იხვის ჭუჭული, ბაჭია ან უკიდურეს შემთხვევაში ქათმის კვერცხები.
მშვიდი და მხიარული მეგონა მთელი ბავშვობა, მანამდე, სანამ სულ ფეხებზე არ დაიკიდა, ვის ესმოდა მისი ოჯახური დრამა და ვინ გაჰკიცხავდა. ბოლო წლებში ზაფხულში აივანზე გამოშლილებს ხშირად გვესმოდა ხოლმე მისი განწირული ტირილი და მისი ინვალიდი შვილის მუქარა, რომ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა. გულწრფელად რომ ვთქვა, მათი ჩხუბის დროსაც ზუსტად ისევე ვისტრესებოდი, როგორც დედაჩემის და მამაჩემის კამათის დროს.
მიუხედავად იმის, რომ მთელი ბავშვობა, ყველა ზამთარი და ზაფხული ამ სახლში მაქვს გატარებული, მაინც არასდროს მომიკრავს ყური, რომ მისი ჯანმრთელობის შესახებ ვინმეს რამე ეთქვა. თავიდან მჯეროდა, რომ ასეთი დაიბადა, ინვალიდის გორგოლაჭებიანი ეტლით. როცა დივანზე იჯდა, მე ამ ეტლით ოთახებში დავგორავდი და სადღაც გულის სიღრმეში მწყინდა, რატომ მეც არ მქონდა ბორბლებიანი გადასაადგილებელი მოწყობილობა. ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე, რა მაგარი იქნებოდა ჩემი სახლის წინ დაღმართზე ამ ეტლით დაშვება...
რომ წამოვიზარდე, ბებოს ვკითხე, რატომ ზის და როდის დაიწყებს სიარულს-მეთქი. დანანებით გადაიქნია თავი, - ვერასოდესო, მიპასუხა. უფრო მოგვიანებით ის გავიგე, რომ ალკოჰოლიკი იყო და ცოლმა მოწამლა. ნივთიერება, რომელსაც სასმელში აპარებდა, დიდი ალბათობით, იმ მიზნით, რომ სასმელს შეიზიზღებდა, ნელა და ვერაგულად მოქმედებდა მის ორგანიზმში, ტვინი დაუზიანა და ჯერ ყავარჯნით დადიოდა, მერე ორი ყავარჯნით და ბოლოს ფეხებში მგრძნობელობა წაერთვა.
ერთხელ ახლომახლო სოფელში ქალი დაბრუნდა რუსეთიდან. ამბობდნენ,  ჰომეოპათიური საშუალებებით ადამიანის ფეხზე წამოყენება შეუძლიაო. თურმე თავადაც სავარძლიდან წამომდგარა. იმედი მიეცათ, მამას ავტომობილით ჩავადექით მამა, დედა, ზურა ძია, მე და დედამისი სახლში. მოგვიანებით მიგვიღო. შევედით თუ არა ოთახში, შემომხედა და პირველი, რაც თქვა, ეს ბავშვი ელამიაო. მერე დასძინა, შავი მატერია ააფარეთ ერთ თვალზე და გამოასწორებსო. დედაჩემს თავზარი დაეცა, ნერვიულად წრიალებდა, უთხრა, არასდროს შემიმჩნევიაო.
არცერთი მედიკამენტის, საინექციო საშუალების და ბალახის დასახელება არ მახსოვს იმ არზიდან, რაც ჩამოწერა, მაგრამ მახსოვს, იმ დღესვე დაიწყო მკურნალობა, იმედი მიეცა, გავივლიო. იმ დღიდან ერთი თვის შემდეგ დედაჩემი და ბებიაჩემი ყოველდღე ჩადიოდნენ მის სახლში და ყოველდღე ბედნიერი ვესწრებოდი სცენას, როცა სამ კაცს ერთი ოთახიდან მეორეში გაჰყავდა ძია ზურა. ვეღარაფრით ვიღდგენ, იმ გაწვრილებულ, დასუსტებულ კიდურებს მართლა ადგამდა თუ სამი კაცი მიათრევდა ხათრით და ენთუზიაზმით, თუმცაღა ის ნამდვილად მახსოვს, რომ ერთ დღესაც სპექტაკლი შეწყდა და მას შემდეგ ის ფეხზე წამომდგარი აღარასდროს მინახავს.
გეოგრაფია და ისტორია ზედმიწევნით იცოდა. სახლის შესასვლელში,  სადაც მუდმივად იჯდა, იმ დივანთან, მარცხენა მხარეს, მსოფლიოს გეოგრაფიული ატლასი გააკვრევინა და კვირაში ორჯერ სამეცადინოდ დამიბარა. მშვიდად იწყებდა, მაგრამ ნახევარ საათში, როცა დაღლილობისგან სისულელეების როშვას ვიწყებდი, ნერვებს ვეღარ თოკავდა და სახლიდან მაგდებდა.
ზაფხულობით, არდადეგებზე, სწავლა-განათლებით გადაღლილებს კარტის სათამაშოდ გვიბარებდა მე და ჩემს ძმას. მხიარულად იწყებოდა ,,ვალეტობანა“, მაგრამ ვიწყებდით თუ არა მის გაცურებას, ისევ კინწისკვრით გვყრიდა ოთახიდან.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეითავსა, ფოტოგრაფის. მისი სამზარეულოს ფანჯარა ჩემს ჭიშკარს უყურებდა, ჭიშკრის წინ გრძელი ხის სკამი იდგა და ამ სკამზე ერთი დიდი ბირჟა მონაცვლეობით ჯდებოდა. ძირითადად, ბებიები ისხდნენ და დედები ძირს ან პატარა სკამებზე. დათბობის წამიდან მოგორდებოდა ამ ფანჯარასთან თავისი ეტლით და საჭირბოროტო თემებზე სჯა-ბაასით გართულებს უერთდებოდა.
ოთხი ფოტო, რომლებიც პირველ კლასში შესვლის დღეს და შემდეგ 6 დან 13 წლამდე ამსახავს ჩემი ჭიშკრის ფონზე და რომელთა მეტიც არ გამაჩნია, მისი გადაღებულია. სწორედ იმ ჭიშკართან, რომელსაც მისი ფანჯარა უყურებდა. ის რომ არა, ვერასდროს გავიხსენებდი ჩემს ფიზიონომიას ამ წლებში.
ორი შვილი ჰყავდა იმ ავადსახსენებელი ქორწინებიდან, მისი ბედი რომ განსაზღვრა, გოგო და ბიჭი. ისინი ჩემზე ბევრად დიდები იყვნენ ასაკით. ამიტომ არავითარი ვერბალული და ფიზიკური შეხება არ მქონდა, მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდნენ რამდენიმე კვირა. ის მახსოვს, რომ მათთვის გადმოღებულ გასართობ რგოლებს, კეგლებს, ბურთებს და ბადმინტონს მხოლოდ იმ დღეებში ვხედავდი, როცა ისინი ჩამოდიოდნენ, მათი წასვლის შემდეგ კი სარდაფში იდებდნენ ბინას და აღარავინ ეხებოდა მათ შემდგომ გამოჩენამდე.
ამ გოგოს კატეგორიულად ვერ ვიტანდი, ჩუმი იყო, გაშტერებული და ამპარტავანი, არავისთან ურთიერთობდა და ზემოდან გვიყურებდა.
ერთხელ, როცა აივანზე ბებოს ცომის შესახებ კითხვებს ვუსვამდი და თან ჯამიდან ვპარავდი, რომ მეჭამა, ხმა შემომესმა, დედამისს ეძახდა გამწარებული. კივილი ტირილში რომ გადაეზარდა, ბებომ მითხრა - ეტყობა არ ესმით და ჩაირბინე, თინა მოძებნეო.
შევედი თუ არა, დავინახე, ეტლსა და დივანს შორის ეგდო. მივხვდი, გადმოჯდომის დროს ეტლი გაუსრიალდა და დავარდა. მისაღები ოთახი უნდა გადამეკვეთა, რომ კორიდორი გამერბინა და დედამისი მომეძებნა, მაგრამ ადგილზე გავქვავდი, მისი საამაყო გოგო ფანჯარასთან მიმჯდარიყო, წინ გამადიდებელი სარკე ედგა და წარბებს აუღელვებლად იპუტავდა. ზურას ტირილმა გამომაფხიზლა და რომ შევქანდი კორიდორში, დავინახე, მისი რძალი ქვედა სართულიდან მორბოდა. მას შემდეგ ამოვიძულე და დღემდე ვფიქრობ, ადამიანი რაც 6 წლის ხარ, ის ხარ 16 წლისაც, 26 ... და მთელი ცხოვრება. არც შევმცდარვარ.
ალბათ, თოთხმეტის ვიქნებოდი, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე რომ დააწვინეს და მას შემდეგ წამომჯდარიც აღარ მინახავს. აურა ჩაწვა და დამძიმდა. აღარც გასართობად მეძახდა ვინმე და არც სამეცადინოდ.
ასაკით დედაზე ცოტა უმცროსი იყო, მაგრამ მეგობრობდნენ. მის სანახავად რომ ჩავიდა, ავეტუნტულე და დღემდე ვნანობ. თეთრზეწრებიან გახამებულ საწოლში იწვა, საბანი მხრებამდე ფარავდა მის სხეულს. მე არ ვიცოდი, ის რომ კვდებოდა და ის თუ ხვდებოდა, არც ეს ვიცი... ღუმელში ცეცხლი ტკაცუნობდა, სახლში ავადმყოფობის და საჭმლის მძიმე სუნი ერთმანეთს ერწყმოდა. მისი ძმა ამბობდა, ყურძენი მოითხოვა ამ გაგანია ზამთარში, მაგრამ რას არ ვუშოვიდიო. დედამისი თავისი შვილის ცოცხალ გვამს დაჰყურებდა, შვილებს ნატრობს და დავურეკეთ, მაგრამ დედა არ უშვებთო. თვალებს ლურჯარშიაშემოვლებული მოქარგული თეთრი ტილოს ცხვირსაწმენდით იმშრალებდა. თვითონ ჩუმად იწვა, თვალები ეხილა, ყველაფერი ესმოდა, მაგრამ არავის ეპასუხებოდა. რომ გვაცილებდნენ, მისმა რძალმა დანანებით თქვა, სხეულიდან ჩირქი სდის და ხორცები ალპებაო. შევძრწუნდი და გაქცევა მომინდა. ბნელოდა და დედას ხელი მაგრად ჩავჭიდე...
იმ დღიდან 1 კვირა არ იყო გასული, სახლის ტელეფონი რომ აწკრიალდა ღამე. იმან არ ვიცი, რა თქვა და დედას არ უპასუხია, ისე დაკიდა ყურმილი.
- ფანარი მოძებნე და გამომყევი, ჩავაცვათ, სანამ გაშეშებულა. - უთხრა მამას და კართან დაკიდებულ ხალათს გადასწვდა. მერე ცრემლები ჩამოუგორდა სახეზე და ბებოს გადახედა.
- დაისვენა საწყალმა. - ანუგეშა დედა და თვითონაც ატირდა.

გაგრძელება იქნება

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93