ნოველები

მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 9

მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 9
წინა თავი

ამაღელვებელი იყო.... საერთოდ პრობლემების და იმ განცდის შემდეგ, რომ შენს ნაწილს კარგავ - შენსავე ცხოვრებაში, შეუძლებელია სხვაგვარი იყოს... რაღაცნაირი განცდაა, ერთად აღებული მილიონი შეგრძნების ნაზავი, ძალას გმატებს, გგონია რაც გუშინ და მთელი ცხოვრება არ შეგეძლო ყველაფერს შეძლებ...
მერე ერთბაშად ივიწყებ ყველაფერს, შეიძლება იმასაც, რომ სულ არაფერი გაგიფუჭებია და მაინც შენ იბრძოლე... თვალს ხუჭავ, რომ შესაძლოა შენსავით არ აღიქვამს მთელ ამ ამბავს... სამყაროში სადაც ერთად ხართ, სრულიად სხვადასხვაგვარი გეჩვენებათ.
ხელს გიწვდის, აქვეა, ერთ მეტრში,
1 კილომეტრში, იქნებ მანძილის გაქრობა მთლიანადაც შეიძლება?! დროდადრო დისტანციას ზრდის... ასე, შეგნებულად დროდადრო ადგილს ირჩევს, აი ისეთს რომ ვერ მიუახლოვდები...
დანებება რომ გამოსავალი არ არის იცი, მაგრამ ზოგჯერ მაინც ერთადერთ გამოსავლად დანებების პერსპექტივა გესახება.
მსუბუქ ტალღებს აყოლილი პატარა ნავივით დამყოლი თუ გახდი, ის მაინც უნდა გესმოდეს, რომ ზღვა ყოველთვის მშვიდი ვერ იქნება... ან იმას უნდა შეეგუო, რომ შტორმში ეს შენი ნავი ნაწილებად დაიშლება.
დროს რა უნდა მოუხერხო?! ყველაფერი რომ გეჩქარება, ზოგჯერ ძილისთვისაც კი არ გემეტება ისე გეძვირფასება, თორემ ამ შენს ემოციებს რომ რომ გაუმკლავდები, მერე ყველაფერი არც ისე საშინლად გამოიყურება, შეპყრობილივით რომ იქცეოდი და სამყაროს დასჯა გინდოდა უსამართლობისთვის, ეს შეგრძნებაც უკვალოდ ქრება...
ასე უბრალოდ ზიხარ შენთვის და სიჩუმე და ფიქრიც საინტერესო გეჩვენება, წამოხტომა და სადმე გაქცევა და მერე ისევ გაქცევა აღარ გინდება.
მოცდაა რთული, ემოციების დამორჩილება, იმის გაანალიზება რომ სასრული სინამდვილეში ყველაფერს აქვს. მოლოდინი რომ ეს სასრული აუცილებლად ტრაგიკული იქნება, შესაძლოა კომიკურმა ფინალმა ჩაანაცვლოს.
გიფიქრიათ ამბებისთვის საკუთარი ფინალი დაგეწერათ? რომ არ დამორჩილდეთ ასეთ დასასრულს... ისეთი კი არა როგორიც რეალურად უნდა ყოფილიყო, თქვენი გამოგონილი, საკუთარი ფინალი.
იქნებ ისიც დაგავიწყდათ ახალი, უფრო საინტერესო ამბის დაწყების უნარი რომ გაქვთ... ის ფურცელი საინტერესო თუ არ გამოვიდა ხელახლა რომ შეიძლება სცადო დაწერა, რომ არ მისცე ამ ამბავს უფლება ისე დასრულდეს როდორადაც უნდა დასრულებულიყო... შენი საკუთარი ფინალი რომ დაწერო...

****
აჟიტირებული შევხტი კუთვნილ ავტომობილში, საოცარი ის არის რომ მღელვარებამ მას შემდეგ იმატა რაც ცხრა სართული ვაანალიზებდი ერთ საათში ჩატეულ ამბავს.
მოლოდ გზაზე გამოსულმა გავაანალიზე მღელვარების მთელი ამაზრზენობა, ჰო, ზუსტად, სხვა კაცის გამო ვიყავი აღელვებული, სანამ ირაკლიზე ვიფიქრებდი ჯერ რატომღაც მამაჩემი გამახსენდა და საშინლად შემრცხვა, ლამის ტროტუარზე გავითხლიშე. მაგრამ სიმართლე მაინც ისაა რომ სადღაც გულის სიღრმეში სულაც არ მინდოდა წამოსვლა იმ სახლიდან, ეს ,,პრობლემა კაცი" შინაგან კომფორტს მიქმნიდა, თავისუფლად და მშვიდად ვგრძნობდი თავს, რის გამო?! წარმოდგენა არ მაქვს... იქნებ იმის გამო რომ რა კითხვასაც მინდა იმას დავსვამდი და მერე რასაც მინდოდა იმას ვუპასუხებდი მის შეკითხვებს, სივრცე მქონდა, დაუფიქრებლად შემეძლო მელაპარაკა რაზეც მინდოდა და პასუხად არავინ მაკრიტიკებდა...ვრცელ დარიგებას და ინსტრუქციებს არ მაძლევდა, აი ეს იყო მთელი მასთან განცდილი ბედნიერების არსი. ის შეუმდგარი დამლაგებელი ქალი იჯდა მის წინ მაგრამ სულაც არ რცხვენოდა ამისი... აღარ...
აჟიტირება სახლთან მისულს საბოლოოდ გამიქრა, მაშინ როცა თავი დავირწმუნე რომ ირაკლი და ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობა ,,დისნეისსაცვლებიან" მასხარა კაცად არ ღირდა. თანაც იქნებ მასაც დაეწყო ჩემი თვითშეფასების ნგრევა და უბრალოდ დროის და უკეთ გაცნობის ამბავი იყო... იქვე იყო ის ოხერი მეორე მე, თუ ეგო თუ არ ვიცი რაც ჰქვია, ჩამძახოდა ,,ისე რომელი თვითშეფასება უნდა დაენგრია, სად გინახავს იმის ნგრევა რაც არ გაქვსო?! მერე სასხვათაშორისოდ დააყოლა, მთავარია გაგაღიმა და თავს საჭიროდ გრძნიბდიო. მერე გამოფხიზლდა ის გაავებული და ირონიით სავსე ჩასახლებული ,,მე" და უპასუხა, ,,ისე საჭიროდ როგორ არ უნდა გეგრძნო თავი, სახლს ულაგებდი, სარეცხს რეცხავდი, საავადმყოფოდან აპარებდი და მერე თავად იტვირთე მკურნალობაცო".
კართან მისულმა ორივე მათგანი განვდევნე და უდარდელი მომზადებული სახით შევედი მისაღებში.
რაღაცნაირად ელიტარული სუფრა იყო გაშლილი, ბროლის ახალმტვერგაცლილი ჭიქებით, მაღალფეხიანი ვაზებითა და რატომაც არა ბროწეულის მარცვლით მოკაზმული სალათებით. ეკას ლოყები ისევ ვარდისფრად უღადღადებდა და ცხვირის წვერი კიდევ უფრო დაშვვებოდა, ტანზე ბარხატის შავი კაბა ეცვა და რაღათქმაუნდა ქუსლიანი ფეხსაცმელი. თამაზის უწინდებურად ულვაში უმშვენებდა ზედა ტუჩს, სულ ვფიქრობდი ეს ულვაში თუ ნაწილობრივ ჭაღარაგამორეული ჰქონდა თმა ასე კუპრივით შავი რაღანაირად შერჩა?! ერთხელ მე და ბებეიაჩემი რომ ჭორაობას შევყევით დასკვნა დადო ეგ რაღაცით იღებავსო, მაშინ არ დავიჯერე, პროვინციაში სადაც ვიზრდებოდი, კაცს თმის შეღებვა, ნუნების დაჭრა, წარბების ამოქნა და ხელის კრემი რაღაცნაირად მამაკაცურობის პრესტიჟს უგდებდა, ახლა შევხედე და ნამდვილად ინდური ხნა ედო გადაწკეპილ თმაზე.
თითქმის მადლობელი ვიყავი ქოჩორზე რომ არ მომჩეჩეს და ჰუმანურად მომესალმნენ, თავისდაუნებურად მაგრძნობინეს რომ პირდაბანილი და დიდი გოგო ვიყავი უკვე.
ჩამოვჯექი თუ არა ეკა ჩემი გათხოვების ამბით დაინტერესდა, სანამ პირს გავაღებდი დედაჩემმა არ მაცალა, ალბათ იფიქრა სისულელეებს რომ ვროშავდი ჩვეულებრივ მოკვდავებთან კიდე შენდობას ექვემდებარებოდა და მათთან ნამდვილად არ ღირდა. ღიმილიანი სახით მოყვა რა დიდებულ, საზღვარგარეთ განათლებამიღებულ, ინტელიგენტ, ჭკვიან და დიდი პერსპექტივის მქონე ექიმ კაცს მივყვებოდი ცოლად. აღარაფერი დამრჩა სათქმელი და დამორცხვებული დებილის ღიმილი ავიკარი სახეზე. თამაზიმ ჩემი ბიჭიც ხომ ექიმია და რომ ჩამოვა ეს თქვენი ნაქები სასიძო გავაცნოთ ერთმანეთსო. მთელ ამ ამბავში სადმე მოვიაზრებოდი თუ არა დამავიწყდა, ისიც სადღაც ჩემზე რომ გადიოდა ეს ამბავი ირიბად თუ პირდაპირ, იმიტომ რომ დედაჩემს იმაზე მეტი ჰქონდა სათქმელი ირაკლიზე ვიდრე მე თავად. სკამზე ერთი ფეხი ავიკეცე, ერთი ჭიქა ღვინო მათგან განსხვავებით პირდაპირ გადავყლურწე და ვიგრძენი რომ პროტესტის გაუზრდელი მანერებით გამოხატვის ტალღა მიტევდა, მამაჩემმა მანიშნა ფეხი ჩამოიღეო, მაგრამ თვალი უმალ ავარიდე და მოზრდილი ხორცის ნაჭერს საკუთარი ჩანგალი დავარჭე. ვის რას ვუმტკიცებდი, ვის რას ვუპროტესტებდი?! ან ის ხალხი რატომ მაღიზიანებდა, თუ დედაჩემის განუზომლად ფაქიზი დამოკიდეებულებით იყო მათ მიმართ ჩემი ეს ქცევა გამოწვეული?! ამაზე ფიქრით თავის დაღლა არ ღირდა თორემ მივიდოდი ალბათ ლოგიკურ დასკვნამდე.
შიო გაწონასწორებულად იქცეოდა, საუბრობდა და მამასთან წინა დღის კამათს ჭიქის მიწკარუნებით ნიღბავდა... მაგრამ მე შიო არ ვიყავი, ისიც მაღიზიანებდა.
ზოგჯერ არასრულფასოვნების კომპლექსს საუკეთესოდ ნიღბავ იმითი, რაც გგონია რომ ყველაზე არასრულფასოვნად წარმოგაჩენს, მთავარია სხვები ვერ მიხვდნენ იმას, რომ ეს შენი ბუნებრივი ქცევა სულაც არაა და თავს ძალას ატან.
საძინებელში გავედი, ირაკლის დავურეკე, ,,ახალი რა ხდება?" ტრადიციული შეკითხვა იყო, მაგრამ სამსხურის ამბებს და მსგავს სიახლეებს რომ ვუყვებოდი კომენტარს არ აკეთებდა, ამით თავისთავად მაგრძნობინებდა რომ ეს სიახლეები სულაც არ იგულისხმა და რაიმე არსებითად ხელშესახები ჰქონდა მხედველობაში... ასეთი არაფერი მქონდა, თავად, იმავე კითხვაზე მარტივად მპასუხობდა, სწავლა და მუშაობა... არაფერს ყვებოდა მეგობრებზე, არც იმაზე თავს როგორ გრძნობდა და სხვათაშორის არც იმაზე უჩემოდ როგორ გრძნობდა საერთოდაც. გავუთიშე თუ არა დანაშაულის შეგრძნება ოდნავ შემიმსუბუქდა...
ბალიშზე თავი დავდე და ის ვიცი, რომ დიდხანს დავხეტიალობდი ფიქრებდით წარსულსა და არარსებულ მომავალში, სადღაც აწმყოს საზღვრებს რომ მივადექი მერე ჩამეძინა.

****
თუკი ადამიანს დაარწმუნებთ, რომ იმაზე უკეთესია ვიდრე თავად სჯერა, ერთ დღეს აუცილებლად მოგადგება და გეტყვის, რომ ბევრად კარგია ვიდრე შენ წარმოგედგინა...

***
მომდევნო დღეებმა სრულ სიმშვიდეში გაიარა, ჩემი ვნებათაღელვაც ჩაცხრა, და ალექსანდრეც არ ჩანდა, სინდისის ქენჯნას რომ აღარ ვგრძნობდი დავმშვიდდი, რა მექნა თუ ყოველმიზეზგარეშე დღეში ასჯერ მახსენდებოდა, ღმერთია მოწმე რომ სულაც არ მინდოდა საკუთარი თავისთვის რაიმეს გართულება, პირიქით საკუთარ ისედაც ოცდაათს მიღწეული გართულებული თავისთვის ნამდვილად არ მსურდა დამატებითი ცხოვრებისეული სისუსტეები დამემატებინა.
ალექსანდრეს გაქრობას ვინ ჩიოდა, მაშო ამიორთქლდა, სამჯერ რომ ნახვა შევთავაზე და უთავბოლოდ უარობდა ბოლოს მეწყინა და შევეშვი, ვიფიქრე მოვენატრები და მოქანდებათქო, მაგრამ შენც არ მომიკვდე...
პანდემიის გამძვინვარება რომ პიკს აღწევდა სწორედ მაშინ ავად გავხდი, სიცხე მქონდა მაღალი და ზაფხულის ხუთვაში კიდევ უარესად ვიწვოდი, ტანზე გამომაყარა, თუმცა კოვიდის სიმპტომებში გამონაყარიც მოიაზრებოდა ამიტომ არ შემიცხადებია. ტესტზე შიომ წამიყვანა, მანქანაში პირბადე მომაძრო და თავადაც არ გაიკეთა, გული გაგეპარებაო მითხრა. ვემუდარე გავიკეთოთქო მაგრამ არაფრით დამიბრუნა. უსაშველო რიგში ყველა ეჭვის თვალით ვუყურებდით ერთმანეთს, რა დისტანციაზე იყო საუბარი ერთმანეთის სუნთქვა გვესმოდა, თუ არაფერი სჭირდა რომელიმე ჩვენგანს აქედან ჯანმრთელი მაინც ვერავინ გავიდოდა. ორ საათზე მეტი ვიდექი პირბადეაფარებული და ჩამოწევას ვერ ვბედავდი. უარყოფითი იყო პასუხი, სახლამდე მივსვენდი, თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ტესტი შეცდა და ის ოხერი ვირუსული ინფექცია შემეყარა.
დედამ გამონაყარი გულდასმით ათვალიერა, მერე მითხრა დერმატოლოგი გჭირდებაო, მაგრამ ნურასუკაცრავად, სიცხიან პაციენტს არცერთი დერმატოლოგი არ იღებდა. ორი მეტრი დისტანციიდანაც კი არ შემოგხედავდა.
ჩავწექი, არც მაშო, არც ირაკლი, ჯოჯოხეთურ სიმშვიდეში ვიწექი, სახლშიც კი ფეხაკრეფით დადიოდნენ თითქოს მე მიფრთხილდებოდა ყველა, ეშინოდათ ხომ ვიცოდი, ამიტომ მოვითხოვე საჭმელი და წყალი კართან დაეტოვებინათ და წასულიყვნენ.
შებინდებისას ჩამეძინა, ალბათ 20-25 წუთი, კარის ხმამ გამომაღვიძა, სულ ერთი წამი გამიელვა რომ ირაკლი ჩამოვიდა... და გული ამომიჯდა, მგონი მართლა ძალიან ავად ვიყავი.
ფრთხილად შემოხსნა, და ჯერ ოდნავ შემოიჭყიტა. ლამის ყბა ჩამომავრდა. მერე უცებ შემოქანდა ოთახში, ცოტა დაბნეული იყო, პირბადე მოიძრო მაშინვე.
_სალო, ხო არ გაგიჟდი, აიფარე პირბადე.
შეტრიალდა, ისეთი განცდა მქონდა დააკონტროლა ვინმე ხომ არ მოსდევდა უკან, ან გვისმენდა. მერე შემოვიდა და ჩამოჯდა ტუმბოზე.
_გადაგედება, რას აკეთებ, იქნებ რა მჭირს.
_არ მეშინია...
_ბავშვს რომ წაუღო რამე?! რა არ გეშინია.
_ნეტა არ ჩხუბობდე რა მართა... _თვალები აატრიალა. _მანახე აბა რა გჭირს.
_აღარ მქონდა გაპროტესტების თავი, ავიწიე მაისური და შევახედე.
ჯერ მუცელზე დამხედა მერე სახეზე.
_იცი რომ სახეზეც გაქვს და ჩუტყვავილას გავს?
_რაა? _წამოვხტი და სარკესთან მივქანდი. წავბარბაცდი და ხელი შემომაშველა._სალო წადი რა გთხოვ.
_გადატანილი მაქვს, არ გადამედება, მაგრამ ექიმები რომ თავს იკავებენ ახლა სიცხიან პაციენტებზე რას აპირებ?
_თუ ეგ მაქვს და რაღათ მინდა ექიმი? ექიმი კი არა ,,ბრილიანტის მწვანე“ მჭირდება.
_არ მინდა ჩემს დიაგნოზს ბრმად ენდო...
დავწექი, სალომე ჩამოჯდა და ალბათ ერთ საათს მაინც მელაპარაკა, უსაზრვროდ მადლიერი ვიყავი, ვერ ვხვდებოდი როგორ გამომეხატა რასაც ვგრძნობდი იმის გამო რომ მის გარდა სხვას არავის მოუვიდოდა ამ მდგომარეობაში ჩემთან ყოფნა.
ძილბურანიდან ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა, შუაღამის ორის ნახევარი იყო, ტექსტური შეტყობინება გავხსენი. ვიფიქრე სიცხემ თუ ისე ამიწია მოჩვენებები დამეწყო. ალექსანდრე მწერდა.
,,არ მინდა უხერხულობა შეგიქმნა და თავი არაკომფორტულად გაგრძნობინო, აღარც ავად ყოფნის გამოგონება მინდა იმისთვის რომ უსინდისოდ მოვიპარო შენი ცხოვრების რამოდენიმე წუთი ან საათი, არც იმას გეტყვი თავს ვერ ვერევი მეთქი, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ შუაღამეს ვზივარ და მგონია თუ მოგწერ რომ ავად ვარ თხუთმეტ წუთში წამლებით ხელში დაუკაკუნებლად შემოქანდები და თავზე მშფოთვარე სახით დამადგები“
ლამის ავტირდი, ჩუტყვავილას თანმდევი სიმპტომი თუ გულჩვილობა იყო ნამდვილად არ ვიცოდი, ერთადერთი რაც მინდოდა ის იყო რომ წამოვმხტარიყავი და ისევ დაუკაკუნებლად შემეღო მისი სახლის კარი.
,,ჩუტყვავილა მაქვს, ავად ვარ“ ვუპასუხე...
ის თხუთმეტი დღე სალომეს გარდა არავინ მოსულა, მაშო შეცხადებით შემოიფარგლა, ისიც მაშინ როცა უკვე მოვკეთდი და არამიშავდა, საათობით ვიჯექი სარკესთან და სახეზე დატოვებულ შრამებს ვტიროდი, დედაჩემი მემუდარებოდა ასე უარესად გაამწვავებ და ნუ ტირიხარო, ზოგჯერ ბრაზდებოდა და მეჩხუბებოდა ბატონებს ანრისხებო, თითქოსდა დაშრამული სახე რომ დამიტოვა მადლიერი უნდა ვყოფილიყავი. ირაკლი დღის ბოლოს მირეკავდა რამდენიმე წუთით, არამც და არამც დილით ან შუადღეს, ასე მეგონა გამოზოგილად უნდა მიმეღო მისი ძვირფასი დრო. აღარ ვაპროტესტებდი, დაღლილი ვიყავი ჩემი ავად ყოფნით და ტირილით და ენერგია არ მქონდა მეკამათა.
მეთხუთმეტე დღეს ჩემი ტელეფონი ჩემი და ალექსანდრეს ერთტომიან მიმოწერას ინახავდა, არაფრის პირობა მიმიცია, არც არაფერი უთხოვია, უსიტყვოდ ვხვდებოდი რომ ამ ყველაფრის მერე უნდა მენახა.
მაკიაჟმა ვერაფერი მიშველა სახეზე, მაინც მემჩნეოდა შუბლზე, ნიკაპზე და მარცხენა ლოყაზე უზარმაზარი ღრმულები, ვიცოდი უნდა შევგუებოდი და უკვალოდ ვერასდროს გაქრებოდა, მაგრამ მიჭირდა. ზუსტად ჩემი ,,აღდგომის“ დილას დამირეკა ირაკლიმ და მითხრა ლილი მენახა, დავთანხმდი, ბოლოს დავაყოლე სამსახურში ბევრი საქმე მაქვს და დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად ვნახავმეთქი.
კიბეზე დავეშვი, ნეტარებით ვყლაპავდი სადარბაზოს გრილ ჰაერს, ერთი სული მქონდა ქუჩაში როდის გავიდოდი. სართული რომ ჩავირბინე კიბიდან შიომ გადმომძახა. გავჩერდი, ვუთხარი სამსახურში დამაგვიანდება მეთქი, დაიჟინა, ამობრუნდიო.
ძლივს გავაღწიე სახლიდან და რა მოხდა ასეთი უკან რომ მაბრუნებდა?!
_აუ მაგარი ცუდი ამბავია რა... _მოზრდილ თმაში თითები შეიყო და მოიჭირა.
_რა მოხდა?
_ძია დაიღუპა მართა.
ერთადერთი ძია გვყავდა, დედაჩემის ძმა, პირველი რამაც გული გადამირტიალა დედაჩემის რეაქცია რომ წარმოვიდგინე ის იყო.
_იცის?
_არა, ნიკომ ახლა დამირეკა სოფლიდან. _ჩემს ბიძაშვილს გულისხმობდა.
_რა დაემართა?
_მანქანაზე ჩაეძინაო. ვეღარ ჩავეძიე... რავიცი. ხო ეტყვი არა მართა? _მუდარით ჩამხედა თვალებში.
_ვერა, ვერა შიო, ხო არ გაგიჟდი, მამამ უთხრას.
_მამა გამთენიისას წასულა, იქ არის, მორიგეობიდან მოიხსნა და პირდაპირ ჩავიდა.
_რა კაი ტიპია, იქ მკვდარს რას უშველიდა, დედას ჭირდება ახლა და სად გარბოდა?!
_ხმას დაუწიე გოგო, გაიგებს, ოთახშია. _შეღებული კარისაკენ გაიხედა შიომ. _მართა უთხარი რაამენაირად რა, გთხოვ, ქალი ხარ, სხვანაირად შეარჩევ სათქმელს. _შემევედრა.
_ჯანდაბა შენ... _გავცეცხლდი და სახლში შევბრუნდი.
_მე წავიყვან სოფელში და იქ ვეყოლები, შენ გასვენების დღეს ჩამოდი. _დააკომპენსირა.
ხელი ავუქნიე და მისაღებისკენ გავემართე...
სამ წუთში მთელი ხუთი სართული ფეხზე დააყენა, მოთქმით კიოდა და სახე დაიღადრა, მე და შიო ვერ ვაკავებდით და ბოლოს მეზობელიც დაგვეხმარა. უკვე ვიცოდი რომ შიოს დედას სოფელში მარტოს ვერ გავატანდი. უკვე მრცხვენოდა სამსახურში დარეკვა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, დავპირდი ნუგზარის დღეს ღამე ჩამოვალ და დილიდან საღამომდე სრულად დავიტვირთები მეთქი.


*****
შებინდებულზე დავბრუნდი. მთელი გზა ვგრძნობდი რომ მხოლოდ მაშო მჭირდებოდა, აუტანლად მენატრებოდა და მიუხედავად იმის რომ სადღაც ბრაზი მჭამდა მაინც მომინდა მენახა, ვის ვაზარალებდი ჯიბრში თუ ჩავუდგებოდი?! ისევ მე მაწუხებდა... დავურეკე, ცხრა საათზე გამომიცხადა დავწექი, დაღლილი ვიყავი და ახლა ნამდვილად ვერ ავდგებიო.
სახლთან გადახვევა გადავიფიქრე, გაზაფხულის მიწურულს 15 დღიანი შინაპატიმრობის მერე ცარიელ სახლში მისვლის და ამოკეტვის სურვილი არ მქონდა, მით უფრო რომ მაშოსაც ახლა მოუნდა მაინცდამაინც დისტანციის დაჭერა. ალექსანდრეს სადარბაზომდე გიჟივით ამეკვიატა რაიმე ხომ არ დავაშავე, იქნებ რამე შემეშალა, იქნებ ვაწყენინე, იქნებ გული ვატკინე.... მაგრამ ეჭვის დონეზეც კი ვერაფერი გავიხსენე.
მერე ტელეფონი ამოვიღე ალექსანდრეს ნომერი რომ ავკრიფე კიდევ ერთხელ დავფიქრდი და მივხვდი რომ არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ამან არსებითად არაფერი შეცვალა, დავურეკე...
სადარბაზოს მივაშტერდი, იმდენ რამეზე ვფიქრობდი ერთდროულად გავღიზიანდი და ერთი პირობა გავიფიქრე სახლში წასვლა მინდოდა, ხომ არ შეიძლება ყველაფერზე დეპრესიაში ვვარდებოდე, მერე ამ მიზეზების აღმოფხვრაზე არც ვფიქრობდე და მერე ისევ იგივე, დაწყევლილ წრეზე დავდიოდი...
სანამ მანქანამდე მოაღწევდა გადავედი, ჩავეხუტე, ხანგრძლივად და მაგრად, თვითონ ოდნავ დაბნეული იდგა, პირბადე რომელიც დიდი ალბათობით სახლშივე გაიკეთა ნიკაპზე ჩამოვუწიე და კიდევ ერთხელ ჩვეხუტე.
_ჩუტყვავილისგან ეგ ვერ დაგიცავს და სხვა ახლა არაფერი მჭირს. _შეცვლილი მეჩვენა, არაფერი თითქოს ისეთი, მაგრამ მაინც... თმა დაემოკლებინა გვარიანად, უფრო ალბათ ამის გამო.
_ინსტიქტურად გავიკეთე სახლიდან რომ გამოვედი, ჩვევაშია, ასე მგონია ვეღარ გადავეჩვევი ვერასდროს... და ჩვენ რას ვაპირებთ, გშია?
_არაა... _დავიმორცხვე.
_მოგშივა სანამ სადმე წავალთ და სანამ რამეს მოიტანენ. _გამამხნევა და თავისი ავტომობილისკენ წავიდა, უკან გავყევი, და გვერდით რომ მივუჯექი ხელახლა წამომიარა ნერვიულობის ტალღამ, მშვიდად არც თვითონ იყო, მაგრამ თავი ყოჩაღად ეჭირა.
ტრასაზე რომ გავედით და ეფექტის მოსახდენად აქსელერატორს დააჭირა ფეხი ბოლომდე ეს ჩემი ნარნარი კაბა თავზე წამომეფარა, სანამ მე გავიაზრებდი რომ ტრაილერის მძღოლი ზემოდან ხედებით ტკბებოდა ალექსანდრემ ჩემი კაბა მუჭში მოიქცია და მუხლთან ხელით დაიჭირა. კანქვეშ ფრთიანი ჭიანჭველები აფუსფუსდნენ, მიმართულების გარეშე დარბოდნენ, ხელზე დავხედე მაგრამ არ მოუცილებია კაბისთვის, მერე სახეზე შევხედე, გზას შეჰყურებდა, დაძაბული ცოტა, თითქოს აქ არ იყო და თან ყველაზე მეტად ახლოს იყო ვიდრე ოდესმე ვინმე.
სასმელი შემომთავაზა მაგრამ თვითონ თავიდანვე მითხრა ვერ დავლევო, არ ვიცი დამოკიდებული იყო მართლა როგორც მე ვფიქრობდი და თავის დაღწევა უნდოდა თუ საჭესთან რომ იჯდა ამის გამო.
ვივახშმეთ.. რა აღმაფრთოვანებდა? კომუნიკაცია... ზუსტად ისევე შემეძლო მესაუბრა როგორც საკუთარ თავთან, ყველაფერი მეთქვა რაც ენაზე მომადგებოდა და მისგან არავითარი გაოგნებული გამომეტყველება, შენიშვნები და ირონია. მით უფრო რომ მე თავიდანვე ოდნავ ირონიულად ვიყავი განწყობილი მის მიმაართ. ისე შემოგვაღამდა რომ ვერ ვიგრძენი. პირველი იყო დაწყებული წასვლა რომ მოვინდომე. მის სახლთან მივედით, ჩემს მანქანაში რომ გადავმჯდარიყავი, პირველი დღესავით აიჩემა ყავა დავლიოთო, არადა ერთი ყავა და ერთი ჩაი უკვე დალეული გვქონდა ტერასაზე. ავყევი... სახლში ავყევი ჩემი ნებით, მიუხედავად იმის რომ არაფრის დალევის სურვილი აღარ მქონდა. ოთახში ფეხის შედგმისთანავე ზურგიდან ჩამეხუტა, მაგრად ჩამეხუტა და ვიგრძენი მარჯვენა ხელი ნერვიულობისგან როგორ უკანკალებდა, კისერში მაკოცა და გაჩერდა. გავშეშდი, ასე ვიდექი სანამ თავისკენ შემაბრუნებდა და ხელახლა მაკოცებდა. იმავეთი ვერ ვუპასუხე, უფრო დაბნეულობის გამო მგონი და დივანზე ჩამოვჯექი, ჩემს წინ ჩამოჯდა, მიყურებდა.
_გაწყენინე? _ხმადბლა იკითხა. მერე ნიკაპში ხელი მომკიდა, თავი ამაწევინა და ხელახლა მაკოცა. ჩავეხუტე, მაგრად ჩავეხუტე და კისერში ვაკოცე ბევრჯერ. კაბაზე შიგნიდან დამაგრებული ღილი ვერა და ვერ გახსნა და ორივეს გაგვეცინა. დივანზე დამსვა და მაისური გაიხადა, ჭრილობაზე რომ შევხედე ისეთი განცდა მქონდა ვიღაცამ ბურანიდან გამომათრია. თითქოს მიხვდა რაზე ვფიქრობდი, მუცელზე დაიხედა, ხელის თითები გადაისვა და გამამხნევა.
_მომირჩა, ამაზე არ ინერვიულო.
წელზე ხელები შემოვხვიე და ჭრილობაზე ტუჩებით შევეხე, ღრმად ჩაისუნთქა და მუცელზე სახით მიმიხუტა. ფრთხილად მექცეოდა, ისე თითქოს ფაიფურის თოჯინა ვიყავი და ეშინოდა რაიმე არ დაეშავებინა. იმდენ ხანს მეფერებოდა სანამ არ დარწმუნდა რომ ყველაფრისთვის მზად ვიყავი, სანამ მთლიანად არ მოვდუნდი და ზუსტად იგივე სურვილი არ იგრძნო რასაც თავად განიცდიდა. ვნებიანი იყო არაამქვეყნიურად თბილი და მგრძნობიარე. მთელი ღამე გვერდი არ შეუცვლია, ჩემკენ იყო გადმობრუნებული და თხელ პლედს ზურგზე მაფარებდა, მთელი ღამე ჩემი ხელი ეჭირა ხელში და იმეორებდა. ,,იცი რომ ყველაზე ლამაზი და კარგი ხარ?!“
ათის წუთებზე ტელეფონის ზარმა რეალობაში დამაბრუნა, დავხედე თუ არა და დავინახე დედაჩემი მირეკავდა ელდა მეცა. წამოვხტი. მომენტალურად მოვედი გონზე. შიშმა და ნერვიულობამ ამიტანა და ალექსანდრეც ინსტიქტურად წამოჯდა.
_რა გჭირს?
_არაფერი, დედაჩემია, არ ილაპარაკო ცოტახანს.
შავი სამოსი უნდოდა, დეტალურად ამიხსნა გარდერობში სად რა ედო, საღამოს უნდა წამეღო მისთვის.
_ალექსანდრე, დამაგვიანდა სამსახურში. _შეშფოთებულმა ამოვთქვი და სააბაზანოსკენ გავიქეცი.
_ნუ ნერვიულობ, მოასწრებ. _მომაძახა სანამ კარს შევიკეტავდი.
გამოსვლამდე ისევ მეფერა, ძლივს გამოვაღწიე სახლიდან და სამსახურში ათამდე მივასწარი. რა უნდა მემუშავა ასეთი ემოციური ქარიშხალის ფონზე არ ვიცი, მაგრამ უნდა მემუშავა, შვებულებაზე გრძელი დასვენება გამომივიდა. სალომემ აიჩემა ასხივებ და ათბობ აქაურობას ისეთი ლამაზი ხარო. ვფიქრობდი მელაქუცებოდა თუ გუშინდელმა დღემ მართლა იმოქმედა და მეტყობოდა, ქალი ხომ ყველაზე ლამაზი მაშინაა როცა ბედნიერია.

გაგრძელება იქნება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
რედაქტორის რჩევით
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93