ჩვენმა ერთად თანაცხოვრებამ კარგად იმოქმედა შენზე. გაწონასწორებული გახდი. არ სვამ, ბევრს მუშაობ და შენი მსახიობური იმიჯი ახალ ფაზაში შედის - ახლა ფილმებშიც გიღებენ. პუბლიკა აღმერთებს შენს პერსონაჟებს, უარყოფითებს, მაგრამ მაინც… რადგან შენ არ გაქვს უფლება, დადებითი გმირი ითამაშო. თამაშობ ბოროტ ადამიანებს, მაგრამ ისე ბრწყინვალედ!..
მე კი მინდა, პარიზი გაჩვენო. მინდა იცოდე, როგორ ვცხოვრობ, გაგაცნო ჩემი მეგობრები… მინდა, გქონდეს უფლება, ქვეყნიდან გაემგზავრო, რათა ნახო მსოფლიო, რათა თავისუფლად იგრძნო თავი.
ამაზე საუბარში ღამეებს ვათენებთ. ყველაფერს ვაანალიზებთ, რა შეიძლება ამისთვის გავაკეთოთ. თავად არასდროს გიფიქრია საფრანგეთში საცხოვრებლად დარჩენაზე. შენთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა შენი სამშობლოს ფესვების, ენის შენარჩუნება, რომელსაც ასე აღმერთებდი ყოველთვის.
შენ გიჟურ გეგმებს აწყობ…
ოცნებობ ცენზურისგან თავისუფალ კონცერტებსა და ფირფიტებზე, მოგზაურობაზე დედამიწის გარშემო.
როგორც ხდება ხოლმე, აუხდენელი ოცნებები ახდენილი ხდება, მაგრამ ცოტა მოგვიანებით.
ჯერ კი შენ, ფრანგ ქალზე დაქორწინებულ ადამიანს, გჭირდება საფრანგეთის ჩვეულებრივი ვიზა, რათა შვებულება იქ გაატარო. სწორედ ეს წერია განცხადებაში, რომელიც უცხოელთა ვიზების გამცემ ორგანიზაციაში მიგვაქვს.
მომდევნო კვირა ნამდვილი წამება ხდება ჩვენთვის. სარისკო სცენა გავითამაშეთ. თუ წავაგეთ, მთელი ცხოვრება აუხდენელი დარჩება შენი ოცნებები. საფრთხილო თამაშია. ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიღება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მაღალ დონეზე უნდა გადაწყდეს.
დღეები გადის, ჩვენ შანსებს ვითვლით. ხანდახან პესიმიზმი გიპყრობს, ამბობ, რომ არაფერი გამოვა, ხანდახან კი ოპტიმიზმით ივსები - რადგან ამდენ ხანს ვერ გადაწყვიტეს, ესე იგი, იქ ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც შენს მხარესაა და ისინი გაიმარჯვებენ. მეც გამხნევებ, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო მიძლიერდება ეჭვი, რომ უარს ჩაგირტყამენ. არადა, შენი შვებულების დრო ახლოვდება... მათ კი შეუძლიათ იქამდე გაწელონ პასუხი, სანამ კვლავ არ დაგეწყება თეატრის სეზონი. ამ ტრიუკს ხშირად იყენებს ადმინისტრაცია სხვებთან. შენ რატომ იქნები გამონაკლისი? ფორიაქობ, ადგილს ვერ პოულობ, ვერ წერ, ვერ იძინებ და რომ არა ესპერალი, ალბათ სმასაც დაიწყებ.
ერთ დილით, უთენია, 5 საათზე, გვირეკავს ვინმე უცნობი თაყვანისმცემელი, რომელიც სავიზო განყოფილებაში მუშაობს და გვეუბნება, რომ ვიზაზე უარს გეტყვიან.
გამოსავალს ვეძებ და ვპოულობ. ლუსიას დახმარებით სასწრაფოდ ვრეკავ პარიზში როლან ლერუასთან. იგი ფრიად კულტურული ადამიანია, ბრწყინვალე შემოქმედი, რომელსაც უყვარს შენი თეატრი, რომელმაც რამდენჯერმე სცადა ტაგანკა გასტროლებზე მიეწვია საფრანგეთში, თუმცა - უშედეგოდ.
ვიცი, რომ იგი ძალიან აფასებს შენს სიმღერებს. გარდა ამისა, ის ჩემი ახლობელია და ყველა ჩემი პრობლემა ზეპირად იცის. ორი სიტყვით ვუხსნი სიტუაციას და იგი დახმარებას მპირდება…
8 8 8
დილა თენდება. სპეციალურ კურიერს ჩვენთან საზღვარგარეთის პასპორტი მოაქვს იმ პასპორტის სანაცვლოდ, რომელიც ყველა საბჭოთა ადამიანს უნდა ედოს ჯიბეში. ყველა წესის მიხედვით გაფორმებული ვიზა, რომელსაც ჯერაც არ შეშრობია მელანი…
და აი, საზღვარგარეთის პასპორტი შენს ხელშია! თვალებს არ უჯერებ, ფურცლავ მის გვერდებს, ხელს უსვამ წითელი მუყაოს ყდას და ხმამაღლა მიკითხავ ყველაფერს, რაც იქ წერია. ერთდროულად ვიცინით და ვტირით სიხარულისგან!
მხოლოდ მოგვიანებით ვიგებთ დაუჯერებელ სიმართლეს შენს ვიზასთან შექმნილ სიტუაციაზე. ჯერ ერთი, ვინც ვიზა მოიტანა, ოფიცერი გახლდათ და არა ჩვეულებრივი კურიერი. მეორეც, ხალხი საათობით დგას რიგში, რომ საჭირო დოკუმენტაცია მიიღოს, შენ კი სახლში მოგიტანეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრძანება ზემოდან უნდა მოსულიყო, ყველაზე მაღალი ეშელონებიდან.
მაშინვე პუშკინი მოგყავს მაგალითად, რომლის პერსონალურ ცენზორს თავად იმპერატორი წარმოადგენდა, მაგრამ ვერასდროს ეღირსა საზღვარგარეთ გამგზავრებას. ჩვენ კი… ჩვენ მხსნელად თურმე ჟორჟ მარშიე მოგვევლინა, რომელმაც თვით ბრეჟნევი «შეაწრიალა» ჩვენი გულისთვის.
ასე რომ, შენ უფრო მეტად გაგიმართლა, ვიდრე პუშკინს.
8 8 8
ერთადერთხელ ცხოვრებაში, კინაღამ ციხეში მოხვდი. ეს ოდესაში მოხდა. შენ თვითმფრინავში იჯექი, მოსკოვში უნდა გადაფრენილიყავი. ამ დროს ორი «კგბ»-ს თანამშრომელი დაგადგა თავს და გაყოლა მოგთხოვეს.
მოხდა გაუპატიურება. მსხვერპლი პატარა გოგონა იყო. იგი ბავშვებმა დაინახეს მამაკაცთან, რომელიც აღწერილობით შენ გგავდა. გოგონას ფრჩხილებიდან აღებული სისხლის ჯგუფი შენსას დაემთხვა.
პანიკა გიპყრობს. ტყუილად ცდილობ ახსნას, რომ იმ დღეს 40 ადამიანთან ერთად გადაღებებზე იმყოფებოდი, ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან ძალიან შორს, ასეულობით კილომეტრზე. არაფერი გშველის. გიბრძანეს, დარჩე სასტუმროში და დაელოდო, როდის დაგაპირისპირებენ მოწმეებთან და დაზარალებულთან. კარგად იცი, როგორაა შენით დაინტერესებული ადგილობრივი «კგბ». შენ კარიერის მწვერვალებს იპყრობ, შენი სიმღერები კი არ მოსწონს ადგილობრივ ხელისუფლებას. ყველა ქალაქს თავისი პატარა მეფე ჰყავს, ოდესისას კი შენი იუმორი არაფრად ეპიტნავება, გერჩის და სურს, ანგარიში გაგისწოროს.
უბრალო დამთხვევაა თუ სპეციალურად შეთითხნილი ბრალდება, არავინ იცის. ფაქტი ერთია - ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ დამნაშავე ტყუპისცალივით გგავს. დღის მეორე ნახევარში შენთან დაახლოებით 30 წლის მამაკაცი მოდის, რომელიც თავისი აღნაგობით და გამოხედვით უცებ შეიძლება გამოიცნო, რას წარმოადგენს - ის ორგანოს თანამშრომელია, მაგრამ, ამავდროულად, შენი თაყვანისმცემელი. შენ ხომ ყველგან გყავს თაყვანისმცემლები, ადამიანები, რომლებიც შენს ნიჭს აფასებენ.
მამაკაცი გიხსნის, რომ მთავარია, დაპირისპირებაზე არ დათანხმდე. დამნაშავე ბავშვებმა ნახეს, ამიტომ მათზე ზეგავლენის მოხდენა ადვილია. ამიტომ, თუ საქმეს მსვლელობა მიეცა, მერე პროცესის შეჩერება შეუძლებელი გახდება. ის გირჩევს, ახლავე გაქრე, მოგვიანებით კი წარმოადგინო მტკიცებულება, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს გადაღებებზე იმყოფებოდი. ურეკავ რეჟისორს, უხსნი სიტუაციას და ისიც იმწუთას ბეჭდავს ფოტოფირებს, რომლებზეც შენი თამაშის ეპიზოდებია გადაღებული. ასისტენტს და ხმის ოპერატორს საათები და წუთებიც კი აქვს მითითებული ფოტოებზე. სწორედ ამ დღეზეა ლაპარაკი.
ყველა ამ ადამიანის თამამი ნაბიჯით (არადა, მართლაც დიდი სითამამე სჭირდებოდა კგბ-სთან კამათს), განსაკუთრებით, შენი თაყვანისმცემლის რჩევით, თავს იძვრენ ამ უსიამოვნო ისტორიიდან, რომელიც ერთ-ერთი საშინელი ეპიზოდი იყო შენს ცხოვრებაში.
8 8 8
ყოველთვის აღნიშნავ, რომ დასავლეთში ადამიანები გაოგნებული არიან იმ ისტორიებით, რომლებითაც გაზეთებია აჭრელებული - გულისხმობ სახაროვის, რეჟიმის წინააღმდეგ ამხედრებულების, დისიდენტების საქმეებს, მაგრამ მათ არაფერი იციან იმ ყოველდღიურ ზეწოლაზე, რასაც რიგითი ადამიანები განიცდიან. ამას შენ უწოდებ «ბამბის კედლის წინააღმდეგ ბრძოლას». და ყველაზე საშინელი ამ ყველაფერში ის არის, რომ შეუძლებელია თვალით ნახო ის უჩინარი ჩინოვნიკი, ვისზედაც არის დამოკიდებული ადამიანის კარიერა, პირადი ცხოვრება, თავისუფლება…
ვიხსენებ იმ საბედისწერო წუთებს, ტაგანკის თეატრში რომ გავატარე, როცა იური ლიუბიმოვმა და მისმა დასმა ახალი სპექტაკლის პრემიერა გაუმართეს «კულტურის წარმომადგენლებს». ამ ადამიანებს ერთი სიტყვით შეეძლოთ ხაზი გადაესვათ თქვენს თვეობით ნამუშევარზე, ცენზურის ბრჭყალებში მოექციათ და…
მათ ეს სიამოვნება ხელიდან არ გაუშვეს… ახლაც თვალწინ მიდგას თითოეული თქვენგანის სახე…
თქვენი ყოველი ახალი სპექტაკლის ბედი ბეწვზე ეკიდა…
8 8 8
შენს კონცერტებს ხანდახან სცენაზე გასვლამდე აუქმებენ ხოლმე, უმრავლეს შემთხვევაში, მიზეზად შენს ავადმყოფობას ასახელებენ. ამას წონასწორობიდან გამოჰყავხარ. მხოლოდ სიმღერას კი არ გიკრძალავენ, ჩაშლილ კონცერტსაც შენ გაბრალებენ. ფილმებში გამოყენებულ სიმღერებს ცენზურა პრემიერის დღესვე კრძალავს, რის გამოც ფილმებს თაროზე ალაგებენ რეჟისორები. გამომცემლობაში გაგზავნილ შენს ლექსებს თავაზიანი უარით და მოკრძალებული ბოდიშებით გიბრუნებენ უკან, ვერ დაგიბეჭდავთო…
რამდენიმე პატარა ფირფიტაზე, რომელიც 20 წლის მუშაობის შემდეგ გამოჩნდა, ყველაზე უწყინარი სიმღერებია ჩაწერილი. ტელევიზიაში, რადიოსა და პრესაში სრული სიჩუმეა, შენს ლექსებს და სიმღერებს ტაბუ აქვს დადებული. ამ დროს, არ არსებობს ოჯახი ქვეყანაში, შენს სიმღერებს ყოველდღე არ უსმენდეს.
ეს გაუთავებელი წნეხი თავგზას გაკარგვინებს, გაცოფებს, რადგან შენი საყოველთაო პოპულარობა მავანთა ახირების გამო ჩრდილშია მოქცეული.
ხშირად მიკვირს, რატომ გაღელვებს ეს, ნუთუ მთავარი არ არის, რომ ხალხს უყვარხარ, რა თავში იხლი ოფიციალურ აღიარებას.
შენ კი მპასუხობ:
- ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ არ ვიარსებო, როგორც პიროვნებამ. უბრალოდ, არ არსებობს ასეთი ვინმე და მორჩა! აი, რატომ მაღელვებს!
ვიცი შენი ხასიათი. სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლებ, რომ აიძულო ისინი, პოეტად გაღიარონ, მაგრამ უშედეგოდ.
8 8 8
ბაქოში ვართ. პორტში. ჩემს შვილებს დიდი ხანია, სურთ ნახონ, როგორ ხტები სიმაღლიდან წყალში, იციან, რომ ლამაზ ნახტომს აკეთებ ჰაერში.
ემზადები. სანამ ფიცარნაგზე აიწევი, წამიერად ქვავდები ხელებგაშლილი, წინ იყურები და საკმაოდ მოკლე მანძილიდან ცდილობ, ორმაგი სალტო გააკეთო ჰაერში. არ გამოგდის. ცოტა დაგაკლდა, კინაღამ ქვის ზღუდეს დაარტყი შუბლი. საშინლად შეგვეშინდა.
შენც შეგეშინდა და ამის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე ვარჯიშობ. კუნთებს იმაგრებ, აჭიმვებს და ბუქნებს ერთიმეორეს უთავსებ. ხანგრძლივად ვარჯიშობ, მანამ, სანამ ძალა არ გამოგეცლება.
39 წლის ხარ. შენი სხეული, რომლისგანაც ამდენს ითხოვდი, ძველებურად აღარ გემორჩილება. ბავშვობიდან დადიოდი სპორტზე, აკრობატობა გიზიდავდა. სტუდენტობის დროსაც არ შეშვებიხარ ვარჯიშს. ფარიკაობა გამოგდიოდა კარგად. ცეკვასაც სწავლობდი…
ძალიან ნიჭიერი ხარ. სპექტაკლებზე დაუჯერებლად კარგად ართმევ როლებს თავს. «გალილეის ცხოვრებაში» მონოლოგი გაქვს, რომელსაც დიდხანს კითხულობ, თან თავდაყირა დგახარ იატაკზე.
სპექტაკლში - «ათი დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო», თან ლაპარაკობ, თან რთულ აკრობატულ ილეთებს აკეთებ.
«პუგაჩოვში», მონოლოგის წაკითხვის პარალელურად, ცდილობ თავი დააღწიო მძიმე ჯაჭვებს, რომელთა ყოველი მოქნევა წითელ ზოლს მართლა ტოვებს შენს სხეულზე.
ასეთი ნიჭიერი ხარ…
8 8 8
ზაფხულია. მოსკოვის გარეუბანში გავდივართ, პლაჟზე, რომელიც სპეციალურად დიპლომატებისთვისაა მოწყობილი. გაზონზე, სადაც მოვკალათდით, შენ კვლავ ვარჯიშების გაკეთებას იწყებ. იქ მყოფი ადამიანები - ბრეჟნევის თარჯიმანი, მინისტრის შვილები, კინორეჟისორები, პოეტები, მოდური ჟურნალისტები - აპლოდისმენტებს არ იშურებენ, როცა შენ აკეთებ ილეთს - «ნიანგი ცალ თათზე». ეს რთული ვარჯიშია, ათლეტი იდაყვში მოხრილი ცალი ხელით ეყრდნობა მიწას, სხეული კი ჰაერში აქვს აწეული.
ერთ საღამოს ჩემმა ვაჟმა, ვლადიმირმა, რომელიც 6 წლისაა, მდინარის მეორე ნაპირამდე გაცურა და უკან ვეღარ შეძლო გამოსვლა. მის გამოსაყვანად მიშა ბარიშნიკოვმა გაცურა. როცა უკან გამოცურეს, მე ვეკითხები მიშას, ხომ არა აქვს ჩემს შვილს ცეკვის ნიჭი. მიშა მეთანხმება. მირჩევს, ვალოდია ცეკვაზე ვატარო.
საღამოს კი, როცა მას ვაძინებ, მოულოდნელად გაღიზიანებული ხმით მეუბნება, რომ ცეკვაზე არ ივლის, რადგან ცეკვა გოგონების საქმეა და არა ბიჭების. როცა ამის შესახებ გიყვები, გეღიმება.
- ცუდია, რომ არ უნდა… არადა, მართლა აქვს ნიჭი. მაგრამ ერთ დროს ხომ მეც უარი ვთქვი სპორტზე და თეატრი ავირჩიე. მგონი, არაფერი წამიგია. მიუშვი, არ დააძალო, თავად გააკეთოს არჩევანი.
ყოველდღე ვხედავ, ამდენი ვარჯიშით როგორ აყალიბებ შენი სხეულისგან «დაზგას».
მერე მკლავებდაკუნთული დგები სარკის წინ და ამაყად უცქერ შენს ორეულს. ბატიბუტებივით დაყრილ კუნთებს შენეული სახელი შეარქვი - «შოკოლადის ფილები».
საშუალო სიმაღლის ხარ, 170 სმ, მაგრამ ძალიან პროპორციული აღნაგობის, სპორტული ფიგურით, ვიწრო წელითა და განიერი ბეჭებით. სწორედ ეს გაძლევს შესაძლებლობას, კრივის ილეთებით დაიტვირთო თავი. ამით ძალიან კმაყოფილი რჩები. რამდენჯერ მინახავს, ჩხუბის დროს შენზე ორჯერ უფრო ძლიერები დაგიგდია ძირს.
შენი ერთი ყველაზე ლამაზი დარტყმა მახსოვს. ქართულ რესტორან «არაგვიდან» გამოვდიოდით. პალტოს ვიცვამდი. ამ დროს ვიღაც გოლიათური აღნაგობის მამაკაცი მომიახლოვდა, ხელი მხრებზე გადამხვია და მითხრა:
- აბა, მარინა, ერთი შემობრუნდი და დამენახვე! - მან ფრაზის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ შენი მოქნეული მარცხენა პირდაპირ ყბაში მოხვდა და ჰორიზონტალური მიმართულებით გაფრენილი პირდაპირ ბუჩქებში გადავარდა. ორი მოხეული მამაკაცი, რომელიც იქვე, შორიახლოს იდგა, გაოცებული გვიყურებდა ხან ჩვენ, ხანაც იმ ტიპს. ჩვენც ვიდექით და ველოდებოდით, რა მოჰყვებოდა ამ ინციდენტს, გამოიძახებდნენ თუ არა პოლიციას, მაგრამ მოულოდნელად იმ ტიპებმა ხარხარი ატეხეს, მოვიდნენ შენთან, მხარზე მოწონების ნიშნად ხელი მოგითათუნეს და შემდეგ ორივენი მანქანამდე მიგვაცილეს.
სხვათა შორის, მამაჩემიც იყო კრივით გატაცებული. ვინ იცის, რამდენჯერ გამოუყენებია თავისი ძლიერი მუშტები ჩხუბის დროს. მან ასე იცოდა თქმა: «მარჯვნიდან დარტყმა - საავადმყოფო, მარცხნიდან დარტყმა - სიკვდილი».
ერთადერთხელ ვნახე, როგორ ააცილე. ეს ამბავიც რესტორანში მოხდა, როცა ერთი ძალიან მთვრალი კაცი გაიძულებდა, გინდა თუ არა, ერთი ჭიქა არაყი დალიეო. როცა მოთმინება გამოგელია, ხელი მოუქნიე, მაგრამ ნახევარი ძალით და არ გამოგივიდა. გვერდულად დარტყმისას მოწინააღმდეგე უკან გადაიხარა და შენ ცერა წთითი უშნოდ მოგიხვდა მის ნიკაპზე. სახე ისე დაგეღმიჭა, მივხვდი, როგორ გეტკინა, მაგრამ მე მაინც სიცილი ამიტყდა. ამან უარესად გაგაბრაზა და სუფრის დამთავრებამდე დაბოღმილი იყავი.
8 8 8
სპექტაკლის დაწყების წინ აუცილებლად იწყებ სხეულის გახურებას. ამას მარტო შენ არ აკეთებ, არამედ თეატრის ყველა მსახიობი. ეს აუცილებელიცაა, რადგან ლუბიმოვის სპექტაკლები მსახიობისგან არა მხოლოდ ნიჭს, სპორტულ თვისებებსაც მოითხოვს, რადგან ტაგანკის სცენაზე თამაში იოლი არ არის. ვარჯიშების მთელი სერიაა ფორმაში ჩასადგომად. ხმის დაყენება, სუნთქვა, შინაგანი კონცენტრაცია… ისინი სტანისლავსკიმ შემოიღო და შემდეგ იოგას ელემენტებით და სხვა აღმოსავლური დისციპლინებით გაამდიდრეს.
შენთვის ასეთი ვარჯიშები აუცილებელია, რადგან «ჰამლეტის» თამაშისას, ყოველ სპექტაკლზე 2-3 კგ-ს იკლებ.
«გალილეის ცხოვრებაში» უფრო დატვირთული ხარ, მთელი 4 საათი, შესვენების გარეშე დგახარ სცენაზე.
სწორედ ამ ვარჯიშების დამსახურებაა, რომ სიმღერის დროს შენი ხრინწიანი ხმა, სცენაზე ერთობ ძლიერად და გამოკვეთილად ისმის. არ მახსოვს, ოდესმე გაგბზარვოდეს ან წაგსვლოდეს ხმა, რისიც ასე ეშინიათ ხოლმე მსახიობებს.
მე მხოლოდ ერთი რამის მეშინია. შენი ასეთი ძლიერი ხმა, შენი ასეთი ძლიერი სხეული თანდათან იცვლება, ფუჭდება, ნადგურდება. ორდღიანი ლოთობის შემდეგ ისე მომჩვარდები ხოლმე, ნაჭრის თოჯინას ემსგავსები. ხმა საერთოდ აღარ გაქვს ამ დროს - ხავილი ამოგდის ყელიდან მხოლოდ.
8 8 8
სამზარეულოში ვსხედვართ. თეატრიდან ახლახან მოხვედი. გშია. სუფრას გიშლი. ხარბი თვალებით ათვალიერებ კერძებს. მე რაღაცას გეკითხები, შენ ფიქრებით სხვაგან ხარ, მოკლედ მპასუხობ და ამით ვხვდები, რომ ამ დროს ლექსი მწიფდება შენს გონებაში…
თეფშს განზე სწევ, სწრაფად შედიხარ ოთახში, საწერ მაგიდას უჯდები და მუშაობას იწყებ. მე აღარაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ თეფშები ავალაგო, რადგან უკვე აღარ გამოხვალ სავახშმოდ. გიდუღებ ძალიან მაგარ ჩაის, ფრთხილად შემომაქვს შენთან, ვდგამ მაგიდაზე, შენ წინ და ოთახიდან თითის წვერებზე აწეული გამოვდივარ…
რამდენიმე საათს ატარებ საწერ მაგიდასთან. როცა ფიქრობ, თეთრ კედელს მიშტერებიხარ კუშტი მზერით. ვერ იტან შენს კედელზე ვერც ნახატს, ვერც სურათს… ჩრდილსაც კი. მაგიდა ოთახის კუთხეში დგას, ამიტომ ზურგით ფანჯრისკენ ზიხარ, რომ მხოლოდ თეთრი ფერის კედელს უყურო და სტროფების დალაგებაში არაფერმა შეგიშალოს ხელი.
24 საათიდან 3-4 საათს სწორედ ამ მაგიდასთან ატარებ და, რა თქმა უნდა, ღამის საათებში.
მე მეორე ოთახში გავდივარ და დივანზე წამოწოლილი გელოდები, როდის მორჩები წერას და როდის წამიკითხავ ახალდაბადებულ სტრიქონებს. ხანდახან ლოდინით დაღლილს ჩამეძინება ხოლმე. და აი, ღამის სიჩუმეში ნაზად ჩამომისვამ ლოყაზე ხელს, რომ გამაღვიძო. თვალები ჩაგწითლებია და სიგარეტისგან ხმა უფრო ჩახრინწული მეჩვენება. მიკითხავ ლექსებს - და ეს ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი წუთებია ჩვენს ცხოვრებაში, სულიერი ერთიანობის უჩვეულო წუთები.
მაოცებს შენი ტალანტი. ხშირ შემთხვევაში ერთი სიტყვაც არ არის ხოლმე ქაღალდზე გადაჯღაბნილი. მიკვირს, როგორ მოგდის ასე ზუსტად სიტყვები თავში, რომ რითმა ყოველგვარი შესწორების გარეშე ლაგდება. ეს შენც არ იცი.
- ასე გამოდის და მორჩა, მე რა ვიცი, - ხელებს ღიმილით შლი, შემდეგ კი დაამატებ, - ხანდახან იცი, რა ძნელია?
საათობით ზიხარ ხოლმე გიტარით ხელში, აკორდებს აწყობ და რიტმებს ეძებ. ლიტრობით სვამ ცხელ ჩაის. შემდეგ რამდენიმე წუთით გაირინდები და უეცრად სიცილი აგიტყდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭირო ნოტები და სტროფები ნაპოვნია! და შენ მღერი…
ნებისმიერი თემა შეიძლება შენი ლექსის «მიზეზი» გახდეს - ომი, სპორტი, ბანაკი, ციხე, ავადმყოფობა, სიყვარული, სიკვდილი…
«ბლატნოი» სიმღერების დიდოსტატად ითვლები. ქურდებს და ძველ ბიჭებს ჰგონიათ, რომ ერთ დროს შენც დიდხანს იჯექი ციხეში. მეზღვაურებმა და მფრინავებმაც ზეპირად იციან შენი სიმღერები, ათასობით წერილი მოგდის. ადამიანები მადლობას გიხდიან, რომ ტრაგიკულ მომენტებში მათ შენი სიმღერები შველის. წამიკითხავს ეს წერილები…
გწერენ ალპინისტები, მთაში რომ დაიკარგნენ და კვირობით ელოდებოდნენ მაშველის გამოჩენას; სატვირთოების მძღოლები, გზააბნეულნი სტეპებში რომ გაჩხერილან შუაღამისას; კოსმონავტები, რომელთაც ვარსკვლავურ სივრცეში ამხნევებდათ შენი სიმღერები…
ინახავ ამ წერილებს და ამბობ, რომ ისინი საუკეთესო ადვოკატები იქნებიან შენს სასამართლო პროცესებზე, რომელიც არა და არ მთავრდება. ცენზორები წარამარა აღძრავენ საქმეს შენ წინააღმდეგ.
მაგრამ ერთხელაც ეს წერილები უკვალოდ ქრება. ვიღაცას, როგორც ჩანს, ძალიან სკანდალურად მოეჩვენა ისინი. ქრება ჩემი შენდამი მოწერილი წერილებიც. ალბათ გადაჭარბებულ ცოდვად ჩაგვითვალა ვიღაცამ ჩვენი სიყვარული.
საბედნიეროდ, დარჩა შენი სიმღერები, მასში კი ყველა ეს საგანძური ერთადაა «შენახული».
სტალინის პერიოდში ალბათ ასეთი სიმღერების გამო, უბრალოდ, დაგხვრეტდნენ. მაგრამ გაგიმართლა. შენ არათუ ცოცხალი ხარ, არამედ მაგნიტოფონიც გაქვს - რაზეც ოცნებაც არ შეეძლოთ იმ პოეტებს, შენამდე რომ ცხოვრობდნენ. სწორედ მისი წყალობით, ფირზე ჩაწერილი შენი ლექსები და სიმღერები ჯერ მეგობრებს მოივლის, შემდეგ თეატრს, ხოლო რამდენიმე დღეში მთელ ქვეყანას შემოუვლის - შორეულ ციმბირშიც «იმოგზაურებს» და გემების ბორტებზეც, მფრინავის კაბინებშიც და, მათი გამოისობით, პლანეტის სხვადასხვა კუთხეში. ერთნაირი სიამოვნებით ისმენს მას ყველა - მოხუცი და ახალგაზრდა, რუსი თუ უცხოელი…
ხანდახან, როცა კონცერტს მართავ, შენივე სიმღერის ტექსტი გავიწყდება ხოლმე და პუბლიკა გკარნახობს სიტყვებს. ისინი ყველამ ზეპირად იცის…
ვერავინ მოთვლის, რამდენ ადამიანს მოუსმენია შენი სიმღერა, რამდენი მსმენელი დასწრებია შენს კონცერტს. მათი დათვლა შეუძლებელია…
პარიზში, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, უნგრეთში, ბულგარეთსა და საბჭოთა კავშირში განუსაზღვრელად იზრდება შენი პოპულარობა…
ბოლო წლებში პროზაშიც ცდი ბედს. დაწერ რამდენიმე მოთხრობას და სცენარს, ოცნებობ, შენთვის ძვირფას თემებზე იმუშაო. როგორც ჩანს, ხვდები, რომ ლექსები, რომლებზეც სიმღერებს აგებ, უკვე აღარ გაკმაყოფილებს, თითქოს «ვიწროდ» გრძნობ თავს და გინდა ამ საზღვრებს გასცდე.
8 8 8
რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობ სიკვდილზე. ბევრი შენი ნაცნობი თუ ახლობელი ცოცხალი აღარ არის. სერიოზულად ფიქრობ იმაზე, რომ რამდენიმე თვე პარიზში გაატარო, რათა იქ გააგრძელო წერა. ახლა იმაზეც იწყებ ლაპარაკს, წამოხვიდე თეატრიდან, რომლის რეჟიმი უკანასკნელ ძალებს გართმევს. საბოლოოდ გფიტავს. მეც ვიღებ გადაწყვეტილებას და გადავდივარ ჩემს დიდ სახლში, რომელიც პარიზის გარეუბანში მდებარეობს.
1979 წლის დასაწყისია. მეზონ-ლეფიტიზე ვილას ვარემონტებ. 6 წლის წინ გადავედი აქედან და ახლა სიამოვნებით ვბრუნდები უკან.
შენ კი აგრძელებ წერას, მერე დაწერილის გადათეთრებას, ჩასწორებას. ყოველთვის მიკვირს შენი აკურატულობა, როგორი სიფრთხილით ეკიდები ამ ქაღალდებს. ერთ ზედმეტ, დაჭმუჭნილ ფურცელს ვერ იპოვის ადამიანი შენს მაგიდაზე. ყველა თაბახი მზრუნველად არის ჩალაგებული ფერად საქაღალდეებში. ამიტომაც არასდროს გაგფანტვია ხელნაწერები.
8 8 8
ერთ საღამოს გვიან ბრუნდები შინ და კარის ჯახუნით ვხვდები, რომ განერვიულებული ხარ. სამზარეულოდან გხედავ, როგორ მოაბიჯებ დერეფანში. პალტოს და კეპს იქვე მიაგდებ სავარძელში და ჩემკენ მოემართები. ხელში ნაცრისფერი წიგნი გიჭირავს და აქანავებ.
- ეს უკვე მეტისმეტია! წარმოგიდგენია? ეს ვიღაც ტიპი, ფრანგი, ყველაფერს მართმევს! ზუსტად ჩემნაირად წერს. ეს პლაგიატია, სხვა არაფერი! არა, შეხედე! ეს სიტყვები, ეს რიტმი არაფერს გეუბნება? კარგად შეისწავლა ჩემი სიმღერები, არა? გაიძვერა! და ის მთარგმნელიც როგორი არამზადა ყოფილა, როგორ არ შერცხვა!
ვერაფრის წაკითხვას ვასწრებ, ძალიან სწრაფად ფურცლავ წიგნს. შემდეგ ბოლთის ცემას იწყებ გაბრაზებული და მიკითხავ იმ სტროფებს, რამაც ყველაზე მეტად გაგაღიზიანა.
მე ხარხარს ვიწყებ, ვერ ვჩერდები. როგორც იქნა, სულს ვითქვამ და სვენებ-სვენებით გეუბნები, რომ სასაცილოა ეს ყველაფერი. რომ პოეტი, რომელიც გგონია, შენს ლექსებს იპარავს, არც მეტი, არც ნაკლები, საფრანგეთის სასიქადულო პოეტია, შენზე საუკუნით ადრე დაბადებული - არტურ რემბო.
შეცბუნებული ჩერდები. შემდეგ პირველ გვერდზე გადაშლი და ავტორის გვარს კითხულობ. წითლდები, ასეთი რამ რომ შეგეშალა. შემდეგ კი, როცა წყენა გადაგივლის, მთელი ღამე მიკითხავ ჩვენი ცნობილი პოეტის ლექსებს…
8 8 8
ჩემი ბაბუა, მამის მამა, გამოუსწორებელი მოქეიფე ყოფილა. იგი ძალიან მდიდარი ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე იყო, მაგრამ ბოშებთან ურთიერთობა ხიბლავდა თურმე. მათთან ერთად დაიკარგებოდა რამდენიმე დღით და შემდეგ საკუთარი მეეტლე ჩუმად მიასვენებდა ხოლმე ზურგზე მოკიდებულს, გალეშილ მთვრალს სახლში, სადაც მოსამსახურეები დაბანდნენ, გაპარსავდნენ და სუფთა ტანსაცმელს ჩააცმევდნენ. გამოფხიზლებული ბაბუა თავის მდივანს გაუშვებდა საიუველირო მაღაზიაში, შეიძენდა ძვირფას სამკაულებს და მხოლოდ ამის მერე მიადგებოდა ბებიაჩემს თავის ოთახში. საჩუქრით გახარებული და მისი სიყვარულით დაბრმავებული ბებია ქმარს ყველაფერს პატიობდა.
ჩვენი ურთიერთობაც თითქმის ამ სქემით ვითარდება. შენ მოულოდნელად ქრები. მე ვიგებ ამის შესახებ. თუ საზღვარგარეთ ვარ, პირველივე რეისით მოვფრინავ შენ საშველად, თუ არადა, «ადგილობრივად» გეძებ - ვიძიებ შენს ადგილსამყოფელს, მაგრამ მეეტლეს კი არ ვგზავნი შენ წამოსაყვანად, მე თვითონ ვჯდები საჭესთან და შენკენ გამოვრბივარ. ჯერ შემთხვევით მეგობრებს უნდა დაგაშორო როგორმე, შემდეგ მანქანაში ჩაჯდომა გაიძულო და სახლში წამოგიყვანო. აქ არ არიან მოსამსახურეები, ვინც დაგბანს, ჩაგაცმევს და გაგპარსავს. ამას მე ვაკეთებ.
ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ სახლში ვართ. პატარა ბინაში ადვილია შენი «მოთვინიერება», ერთი ოთახია და ეგრევე საწოლთან მიმყავხარ, მაგრამ დიდ სახლში, რომელშიც 6 წელია, ვცხოვრობთ, ყველაფერი რთულდება. ხელიდან მისხლტები, ოთახიდან ოთახში დარბიხარ და არ მანებებ, ტანთ გაგხადო, სუფთა ჩაგაცვა.
ვერ წარმომიდგენია, განა რა დონეზე უნდა დაისვაროს ადამიანი, როცა რამდენიმე საათი სუფრას უზის და სვამს?
რამდენადაც შენ მდივანი არ გყავს, რათა ჩემთვის საჩუქრის საყიდლად გაგზავნო, ცარიელი ხელებით ცდილობ, ყველაფერი ამიხსნა…
და, ალბათ, არც მე მიყვარხარ იმაზე ნაკლებად, ვიდრე ბებიას უყვარდა ბაბუა, რადგან სიბრაზე მალევე გადამივლის და მეც გპატიობ. გრძნობ დანაშაულს და მპირდები, რომ მსგავსი აღარასდროს განმეორდება…
8 8 8
ახლობელთან ერთად, რომელსაც დავითი ჰქვია, სომხეთში მიემგზავრები. დავითი იქ არის დაბადებული. არც ერთ თქვენგანს მანქანის მართვის მოწმობა არა აქვს. საბარგულში კონიაკები გილაგიათ ბოთლებით, ეს თქვენი საგზაო მარაგია.
მოსკოვიდან შენი გასვლა ტრაგიკულად მთავრდება. ისედაც განერვიულებული ხარ, თეატრიდან წამოხვედი, ლიუბიმოვთან სკანდალი მოაწყვე. როგორც მოსალოდნელი იყო, მთვრალი მართავდი საჭეს, მოსახვევში მანქანა ვერ დაიმორჩილე და ავარია მოგივიდათ. ცოცხლები კი მხოლოდ იმიტომ გადარჩით, რომ, როგორც შენ ამბობ, მთვრალებს ღმერთი სწყალობს. ცოტა ხანში ორივენი გონს მოდიხართ, დამტვრეულ ბოთლებს ყრით მანქანიდან და გზას აგრძელებთ. დავითის მეუღლე, მიშელი, შიშისგან გონზე არ არის, მე კი, სწორედ იმ მომენტში პარიზში მივფრინავ და ამ ეპოპეის შესახებ მოგვიანებით ვიგებ.
სომხეთისკენ მიმავალ გზაზე უამრავი მონასტერია. შენ თურმე ყველა მონასტერთან აჩერებ, პირჯვარს იწერ და ლოცულობ. როცა მესამე მონასტერს მიადექით, უკვე ოთხი ბოთლი კონიაკის დალევის შემდეგ, ოთხით შედიხარ ტაძრის ეზოში, რადგან ფეხზე დგომა აღარ შეგიძლია. მერე რაღაცას გაუგონრად ყვირი თვალცრემლიანი, თავს კედელს ურტყამ და ბოლოს გათიშულს იატაკზე გეძინება. დავითი კი სიცილით კვდება, მთვრალმა რომ ღმერთი იწამე…
მოგვიანებით, როცა ამ ამბავს მიყვები, სინდისის ქენჯნას გრძნობ, უსიამოვნოდ გახსენდება ის მოგზაურობა…
888
ორი შვილი გყავს პირველი ქორწინებიდან - არკადი და ნიკიტა. მაოცებს შენი მკვეთრი რეაქცია, როცა გთხოვ, შვილებზე მელაპარაკო. არც იმაზე ხარ თანახმა, გავიცნო ისინი, რადგან შენი ყოფილი ცოლია წინააღმდეგი. მას არ სურს, მისი შვილები უცხოელს ხვდებოდნენ. შენც დაგეძაბა მათთან ურთიერთობა. ვგრძნობ, რომ დიდი მოთმინების გამოჩენა მმართებს. მე კი როგორ მინდა მათი გაცნობა. ეს თავადაც გსურს. ჩემი სამი ვაჟიც ჩამოდის ახლა, საზაფხულო არდადეგებზე. ისინიც გიყვარს, მაგრამ გული გტკივა, რომ შენები ვერ მოდიან ჩვენთან.
ჩემი უმცროსი ვაჟი, რომელსაც ასევე ვლადიმირი ჰქვია, გაცნობისთანავე ისე მოგეჯაჭვა, როგორც საუკეთესო მეგობარს. ის შენ გარშემო დარბის და გაუჩერებლად გეტიტინება რაღაც ამბებს, რომლის შინაარსი მხოლოდ თქვენ ორს გესმით. ჩემთვის მხოლოდ ერთი სიტყვაა გასაგები - როგორ გეძახის იგი ვალოდიას.
იგორს და პეტიასაც ძალიან უყვარხარ. მახსენდება ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი.
საღამო ხანია. შინ ვბრუნდები, რათა გამოვიცვალო და მიპატიჟებულ ვახშამზე შენთან ერთად წავიდე. სახლში უცნაური სურათი მხვდება. ჩემი უფროსი ვაჟები ვახშმის მომზადებით არიან დაკავებულნი, რომელიც წესით შენ უნდა მოგემზადებინა მათთვის, ჩვენ ხომ მარტონი ვცხოვრობთ. ბიჭები მეუბნებიან, რომ სასწრაფო საქმე გამოგიჩნდა და ვახშამზე მარტო მომიწევს წასვლა, შენ კი მოგვიანებით შემოგვიერთდები. მოგვიანებით მართლაც მოდიხარ სტუმრად, მაგრამ გატყობ, უხასიათოდ ხარ. მერე სიმღერა გთხოვეს და, ცხოვრებაში პირველად, უარი განაცხადე, ხმა ჩამეხრინწაო. ადრე მსგავსი რამ არასდროს მახსენდება.
გარეთ გამოსულს ერთი სული მაქვს, გავიგო, რა მოხდა. შენ კი არაფერს მეუბნები და მპასუხობ, რომ მერე ამიხსნი. შემდეგ მოკლედ მიხსნი, რომ მსუბუქ ავარიაში მოყევი, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა და ამის დასამტკიცებლად ქუჩაში «ჩეჩოტკას» ცეკვავ. სიმართლეს შინ დაბრუნების შემდეგ ვიგებ. თურმე ავტობუსის მძღოლის დაუდევრობის გამო მანქანის მართვის კონტროლი დაკარგე, ამოყირავდი და ფანჯრიდან გადაფრინდი. შინ თავგასისხლიანებული დაბრუნდი და ბიჭებმა გაიძულეს, ექიმთან წასულიყავი. ავარია სერიოზული გამოდგა. თავზე 27 ნაკერი გადევს. აი, ასე დაგიცვეს ჩემმა შვილებმა და შენ გამოჩენამდე საიდუმლოც არ გასცეს.
როცა ისინი გაიზრდებიან, შენი საუკეთესო ადვოკატები გახდებიან მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში და დაგიცავენ ყველასა და ყველაფრისგან.
ჩვენ საერთო შვილი არ გვყავს. ეს ჩემი სურვილია, მიუხედავად შენი დაჟინებული თხოვნისა. საერთო შვილი ჩვენ შორის მუდამ ბარიერი იქნება. ისედაც, მისთვის ორმაგად მტკივნეული იქნება წანწალი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ამის გამო იგი ვერასდროს ჩაწვდება ბოლომდე, სად არის მისი ფესვები, რომელია მისი ნამდვილი სამშობლო - რუსეთი თუ საფრანგეთი. მით უმეტეს, ყოფილმა ცოლმა რამდენჯერ წამოგაძახა, რომ თქვენი უფროსი ვაჟის ნერვული დაავადება შენი ლოთობის ბრალია. თუმცა, მოგვიანებით, როცა დადგინდა, რომ ეს მართალი არ არის, მე მაინც უარზე ვარ, შენგან შვილი გავაჩინო. ისიც საკმარისია, ჩვენ ორს რომ გვიწევს მთელი ოჯახის პრობლემების გადაწყვეტა, ოჯახური ტვირთის ზიდვა. წლების შემდეგ აღმოჩნდება, რომ მართალი ვიყავი. 13 წლის ასაკში უმამოდ დარჩენა მე ჩემს თავზე გამოვცადე და ეს უმძიმესი დარტყმა იყო ჩემთვის. მამის გარდაცვალებით მიყენებული ჭრილობა დღემდე არ მომშუშებია. შენი შვილი კი, რომელზეც ასე ოცნებობდი, 1980 წლის ივლისში დაახლოებით 13 წლის იქნებოდა…
8 8 8
ერთხელ სიხარულისგან თვალებგაბრწინებული ბრუნდები შინ და მამცნობ, რომ სვიატოსლავ რიხტერი გვეპატიჟება ჩაიზე. განსაკუთრებული მონდომებით არჩევ ტანსაცმელს - რა ჩაიცვა და წარამარა მეკითხები, საათის რომელია. მისი მოწვევა სწორედ რომ დიდი პატივია ჩვენთვის. რიხტერი ყველას კი არ ეპატიჟება თავის სახლში ჩაის დასალევად. ის ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და მარტოობას ელტვის. შინიდან მხოლოდ მაშინ გადის, როცა გასტროლებზე უწევს გამგზავრება. აღფრთოვანებული ხარ, კომპოზიტორს შენი სიმღერები, სცენაზე შენი თამაში რომ მოსწონს. მისი მოწვევა, ერთი მხრივ, შენი ნიჭის აღიარებასაც ნიშნავს. პატარა, ქუჩაში გაზრდილი ბიჭი, რომელმაც ნოტების გარჩევაც არ იცის, ქვეყნის ყველაზე ცნობილ პიანისტთანაა მიწვეული. რა ბედნიერებაა!
რიხტერი პარიზში გავიცანი, ჩემს დასთან, ოდილ ვერსუასთან, რომელიც მისი ახლო მეგობარი და მისი ნიჭის უდიდესი თაყვანისმცემელია…
პატარა ბავშვებივით გახარებულები ავრბივართ კიბეზე და ზარს ვრეკავთ. თითის აღებას ვერ ასწრებ ზარის ღილაკიდან, რომ კარი იღება და რჩები იმავე პოზაში - ხელაწეული.
თმაშევერცხლილი, ცისფერთვალება გოლიათი გვეგებება და ხელს გვართმევს. გაოცებული ხარ. ნუთუ ამ უზარმაზარ ხელებს ასე სწრაფად და ჰაეროვნად შეუძლია კლავიშებზე «გადარბენ-გადმორბენა»?
ძალიან დიდ და ნათელ დარბაზში შევდივართ, სადაც ორი შავი როიალი დგას. იატაკზე აქა-იქ კანფეტები და ნიღბებია მიმოყრილი. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ აქ სულ ცოტა ხნის წინ რაღაცას დღესასწაულობდნენ.
- ამ საღამოს სტუმრად ჩემს თანაკურსელებს მოვუყარე თავი კონსერვატორიიდან. ყველას, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია. რამდენი წელი გავიდა ჩვენი სტუდენტობის ხანიდან. მთელი საღამო ვერთობოდით, ვუკრავდით, ვმღეროდით, შარადებს ვამბობდით… ახლა განა იციან ასე გართობა?.. - მერე ხელები გაშალა და გააგრძელა, - წამოდით, ჩემი მეუღლე გელოდებათ.
დარბაზიდან ძალიან მყუდრო, აღმოსავლურად მორთულ ოთახში გავდივართ, სადაც სუფრაა გაწყობილი. ლამაზი ქალი, რომელსაც შავი აბრეშუმის კაბა აცვია, ოპერის მომღერლისთვის დამახასიათებელი ხმით გვესალმება.
ვამჩნევ, რომ წამოწითლდი. კუმშავ და შლი თითებს, ისედაც ჩახრინწული ხმა უფრო ჩაგეხრინწა. აღელვებას ვერ მალავ.
ვსვამთ ჩაის ძველებური ფაიფურის ფინჯნებიდან და საოცრად ტკბილ და ჰაეროვან ნამცხვარს ვაყოლებთ. დრო საინტერესოდ გადის. კმაყოფილებისგან თავბრუდახვეულები ვართ.
იქიდან გამოსულებს გვგონია, ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდით. ასეთი ბედნიერები დიდი ხანია, არ ვყოფილვართ…
1984 წელს მე პარიზში მომიწევს რიხტერის სარეპეტიციო კონცერტზე დასწრება. როცა მაესტრო დაკვრას დაამთავრებს, წამოდგება, მომიახლოვდება და ხელს ჩამომართმევს. შემდეგ ხანგრძლივი მზერით ჩამხედავს თვალებში, თავის ძლიერ თითებს მომიჭერს, ნაღვლიანად გამიღიმებს და ხმადაბლა მეტყვის:
- ყოველთვის მზად უნდა იყო სიკვდილისთვის. ეს ყველაზე მთავარია.
გაგრძელება იქნება