ერთადერთი პოეტი, რომლის ფოტოსურათი შენს მაგიდას ამშვენებს, პუშკინია.
ერთადერთი წიგნი, რომელიც ხელთან ახლოს გაქვს და რომელსაც დროდადრო გადაიკითხავ ხოლმე, პუშკინისაა.
ერთადერთი ადამიანი, რომლის ციტატებსაც ხშირად იშველიებ, პუშკინია.
ერთადერთი მუზეუმი, რომელსაც ხშირად სტუმრობ, პუშკინის მუზეუმია.
ერთადერთი ძეგლი, რომელსაც ხშირად ამკობ ყვავილებით, პუშკინის ძეგლია.
ამბობ, რომ დიდი პოეტი შენი შთაგონების წყაროა. ამბობ, რომ ის ისეთივე წამებულია, როგორც შენ. მისი ცხოვრების ყველა წვრილმანი ცნობილია შენთვის და გიყვარს ყველა ის ადამიანი, ვისაც პუშკინი უყვარდა. გძულს ისინი, ვინც ბოროტად მოექცა დიდ პოეტს და ისე გამოიტირებ ხოლმე მას, თითქოს ახლახან დაასაფლავეს. ბულგაკოვს თუ დავესესხებით, შენ მას შენში ატარებ. ის შენი კერპია…
8 8 8
ჩვენ ხშირად ვსეირნობთ დილაობით. გიყვარს მოსკოვის ძველ ქუჩებში გასეირნება. ვიცვამთ თბილად და ტაატით მივუყვებით გზას. აქ უზარმაზარი ხეების ხეივანია ირგვლივ, ბულვარი და არბატი. სულ ესაა, რაც ძველი ქალაქიდან დარჩა.
აქვე, ამ მიდამოებში მდებარეობს ის ადგილი, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ მამის მხრიდან, მაიაკოვსკის ძეგლის სიახლოვეს. ზუსტად იმ ადგილას მოგვიანებით თეატრი აუშენებიათ, რომელიც ახლა დანგრეულია…
ცენტრალურ ბაზარშიც ხშირად დავდივართ. აქაური ატმოსფერო გვახალისებს _ ხმაური და ბოსტნეულის სურნელი. ლოყებღაჟღაჟა ქალებთან შეგვიძლია სხვადასხვა სახეობის სოკო შევიძინოთ, ახალი ხაჭო, კვერცხი, ხანდახან სოფლის კარაქიც კი, თაფლი და ხისგან გამოთლილი სათამაშოები. ზამთარში _ ვაშლი, გამომშრალი, მაგრამ ძალიან გემრიელი. იხვთან ან ღორის ხორცთან მის შეწვას არაფერი სჯობს.
ქალაქის ამ ნაწილში ბევრი კარგი რესტორანია _ «არმენია», «უზბეკისტანი», «არაგვი», «პეკინი», რომლებსაც ხშირად ვსტუმრობთ და შემდეგ კმაყოფილები ვბრუნდებით შინ. ხანდახან წითელ მოედანსაც მოვინახულებთ, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ულამაზესი სანახავია თოვლში გახვეული წმინდა ვასილის ეკლესია. 1889 წელს თურმე აქ მონათლეს მამაჩემი.
ზოოპარკში გასეირნებაც გვიყვარს. მე _ განსაკუთრებით და იგი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ზოოპარკი მგონია. თვალს ვერ ვაშორებ ხოლმე ამ პატარა მხეცუნებს, ერთმანეთში რომ თამაშობენ. აქ ბლომადაა მგლის ლეკვები, შვლის ნუკრები, ლომის ბოკვერები და დათვის ბელები. უყურებ მათ და შეგიძლია ნათლად წარმოიდგინო, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სამოთხე, რომ არსებობდეს. ჩვენ განსაკუთრებით ორი პუმა მოგვწონს, რომელთაც ნაცრისფერი შეფერილობის თვალები აქვთ. მათ მშვიდ დიდებულებას ხანდახან რომელიმეს მოულოდნელი ნახტომი არღვევს. არაჩვეულებრივი სიმსუბუქით მოექცევიან ხოლმე ხელოვნური ხეების კენწეროზე, სადაც სძინავთ კიდეც მთელი დღის განმავლობაში, ძირს ჩამოშვებული კუდებით.
გვაქვს კიდევ ერთი მარშრუტი _ ეს ნოვოდევიჩის სასაფლაოა. აქ ბევრი სახელგანთქმული ადამიანია დასაფლავებული. აქაურობა საოცარ ბაღს მოგაგონებთ. ძალიან დიდხანს ვჩერდებით ხოლმე ჩეხოვის საფლავთან, რომელიც პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწერალია. ჩემთვის იგი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ თეატრში დადგმულ მის პიესაში «სამი და» მე და ჩემმა დებმა ვითამაშეთ _ ოდილ ვერსუამ, ელენ ვალემ და მე.
ხანდახან პასტერნაკის აგარაკზე ავდივართ, სადაც მასპინძლობას ბრიჟიტ ანჟერერი გვიწევს _ ახალგაზრდა ფრანგი პიანისტი, მასპინძლის, სტანისლავ ნეიჰაუზის მოსწავლე.
შემდეგ გადავდივართ ბელა ახმადულინას მყუდრო აგარაკზე. აქ სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა. ყურადღებას იპყრობს კედელზე დაკიდებული ორი ადამინის ფოტოსურათი _ ბულატ ოკუჯავასი და მისი მეუღლის. სხვათა შორის, ბულატ ოკუჯავაა ერთ-ერთი, რომელიც წინ აღუდგა შენ ირგვლივ აგორებულ ყველა სკანდალს და რომელიც ყოველთვის გიცავდა და მხარს გიჭერდა.
როცა ბელა არ გვხვდება სახლში, ბავშვების მოხუცი ძიძა გვიმასპინძლდება იმით, რაც აქვთ. ჩვენ ბავშვებთან ერთად ვსადილობთ, ბავშვებთან, ძაღლებთან და კატებთან ერთად, რომლებიც ამ სახლში ოჯახის სრულუფლებიანი წევრებივით მოიაზრებიან. მათ საწოლზე დაძინების უფლებაც კი აქვთ. ბავშვებს ერთი ჟრიამული გააქვთ.
თუკი ბელა სახლშია, მაშინ ირგვლივ სრული სიმშვიდე სუფევს. ყველას აქვს მისი რიდი. ბელას ნაზი, შეუდარებელი ხმა განსაკუთრებულ განწყობაზე გვაყენებს.
იქიდან გამოსულები მდინარის ნაპირას ვსხდებით და მზის ჩასვლას ვუცქერთ. შენ ჩემს ხელს ეძებ… ეს სიმშვიდეა…
8 8 8
გრძელი, გაშლილი მინდვრის იქით საზღვარია. შიგადაშიგ მალულად შეგავლებ თვალს. დაძაბული ზიხარ სავარძელზე, საზურგესაც კი არ ეყრდნობი და წინ იყურები. ძალიან სწრაფად მივდივარ. რაც უფრო ვუახლოვდებით დასავლეთის საზღვარს, მით უფრო გველევა სალაპარაკო და მხოლოდ შენი ხმა ისმის. შემდეგ შენც ჩუმდები. მეც საშინლად ვნერვიულობ. ეს შენი პირველი გასვლაა საზღვრებს გარეთ!
ყველა შესაძლო სცენარი მიტრიალებს თავში, რაც კი შესაძლებელია, საზღვართან განვითარდეს. შენ არ გიშვებენ, გაყოვნებენ ან ყველაზე უარესი _ გაპატიმრებენ! და თვალწინ მიდგება ჩემი სახე, მე თავად რას მოვიმოქმედებ ამ დროს _ დავბრუნდები მოსკოვში! არა! საფრანგეთში წავალ! არა! ციხის კართან დავჯდები და შიმშილობას გამოვაცხადებ! რა არ მომაფიქრდა იმ წუთებში! ორივენი სიგარეტს სიგარეტზე ვეწევით. მანქანაში უკვე შეუძლებელია სუნთქვა, ჟანგბადი აღარ გვყოფნის, თუმცა ვიღას ახსოვს ახლა ჟანგბადი!..
და აი, უკანასკნელი რამდენიმე კილომეტრიღა დარჩა!..
სიჩქარეს ვანელებ… მოვედით… ჩანთიდან ვიღებ პასპორტს, დაზღვევის ფურცელს, მანქანის საბუთებს და ამ ყველაფერს შენ გაწვდი. ხელს ძლიერად მართმევ. ნელი სვლით პირველი მესაზღვრეს ვუახლოვდები. ძალიან ახალგაზრდა კაცი მიგვანიშნებს, რომ მოვიცადოთ და შენობის სიღრმეში უჩინარდება. ერთმანეთს შევცქერით. ვცდილობ, გავიღიმო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ახალგაზრდა მამაკაცი ხელს გვიქნევს. შენობას ვუახლოვდები და მკვეთრად ვამუხრუჭებ. ორივე გაფითრებული ვართ. ძრავის გამორთვასაც ვერ ვასწრებ, რომ ყოველი მხრიდან მესაზღვრეების ალყაში ვხვდებით _ მებუფეტეების, ჯარისკაცების და ბარის ოფიციანტების. ყველაზე ბოლოს პოსტის მეთაური მოდის.
ირგვლივ სულ მოღიმარი სახეებია. როგორც იქნა, ფერი დაგიბრუნდა, ეცნობი ამ ადამიანებს და ავტოგრაფებს არიგებ. ავტოგრაფები სამხედრო ბილეთებზე, რესტორნის მენიუზე, პასპორტებზე ან პირდაპირ ხელისგულებზე…
ცოტა ხნის შემდეგ შევდივართ შენობაში, სადაც უკვე შემოწმებულ პასპორტებს გვიბრუნებენ, ჩაით გვიმასპინძლდებიან და ერთიმეორეს არ აცლიან ლაპარაკს. შემდეგ რიგრიგობით იღებენ ჩვენთან სურათებს. ეს ყველაფერი დიდ ოჯახურ დღესასწაულს ჰგავს…
გზას ვაგრძელებთ და სარკიდან დიდხანს ჩანს, როგორ გვიქნევენ ხელს სასაზღვრო ზოლთან დარჩენილი ადამიანები. სიხარულისგან ვყვირით და ერთმანეთს ვეხვევით…გამოგვივიდა!
ნეიტრალური ზონა გადაკვეთილია… სწორედ ის ნეიტრალური ზონა!..
პოლონელებიც გვაყოვნებენ ცოტა ხნით. მერე კი, როცა საზღვარი ხეებს მიღმა დარჩება, მანქანას ვაჩერებ. ბედნიერებისგან აღტყინებული მთელი ხმით ყვირი. პატარა ბავშვებივით დავხტივართ აქეთ-იქით. ყველა დაბრკოლება გადალახულია! ეს თავისუფლების სრული შეგრძნებაა! უკვე საზღვრის იმ მხარეს ვართ, რომლის გადაკვეთის იმედი არასდროს გქონია.
ჩვენ ვნახავთ მსოფლიოს!
რამდენი სიმდიდრეა სანახავი!
სიხარულისგან ლამის ჭკუაზე შეირყე!
რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ პოლონეთის ერთ პატარა სოფელში ვჩერდებით. ძეხვით და შემწვარი კარტოფილით გვიმასპინძლდებიან და თან განცვიფრებული გვიყურებენ, უკვირთ, ასე რა გვიხარია.
გზას ვაგრძელებთ და ყველაფერი სხვაგვარადაა, ვიდრე შენს სიმღერაში, როცა ადამიანი იხვეწება, არ გაიყვანონ გაზაფხულიდან. ჩვენ დასავლეთში მივემგზავრებით და ორივეს გაზაფხული გვიხმობს!
ხმამაღლა თხზავ ლექსებს. ეს იქნება პოემა პირველ მოგზაურობაზე. ყველაფერს კომენტარს უკეთებ, რასაც ხედავ, როგორც აზიელი აკინი.
ვარშავას ვუახლოვდებით და სიტუაცია დრამატულ იერს იღებს. გარემოს ათვალიერებ და მდინარე ვისლას სანაპიროზე გაჩერებას მთხოვ. მანქანიდან გადახვალ თუ არა, იწყებ მოყოლას, რა ხდებოდა ამ მდინარესთან მეორე მსოფლიო ომის დროს.
ცნობილი პოლონელი მსახიობი დანიელ ოლბრიხსკი გვახსენდება. ერთხელ იგი ფანჯრიდან შემოიპარა ტაგანკის თეატრში, რომ შენი «ჰამლეტი» ენახა. მას, რა თქმა უნდა, ბილეთი არ ჰქონდა, სპექტაკლი უკვე დაწყებული იყო და, შესაბამისად, კარიც დაკეტილი. მახსოვს, როგორ აღაფრთოვანა იგი შენმა თამაშმა, შენმა ტალანტმა. მოგვიანებით შენი სიმღერები გადათარგმნა და მათ პოლონელი მსმენელის წინაშე დიდხანს ასრულებდა.
დანიელი _ დაუღალავი მებრძოლი! მას უნდა დავურეკოთ, რომ დაგვხვდეს და თავისთან წაგვიყვანოს. პირველსავე შემხვედრ სასტუმროში შევდივართ და ვურეკავთ. ველაპარაკებით მონიკას, მის მეუღლეს. მას ჯერ არ ვიცნობთ. ის გვაცნობებს, რომ დანიკი ლოძში იმყოფება, გადაღებებზე და გვიან ღამემდე ვერ დაბრუნდება. სამაგიეროდ, თავად ახლავე გამოვა და შეგვხვდება.
მის მოლოდინში სასტუმროში ვრჩებით და ყავას ვსვამთ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჩვენთან მოდის ლამაზი ჟღალთმიანი ქალი, რომელიც, რატომღაც, ძალიან ნერვიულობს…
მონიკას თავისთან მივყავართ, სადაც სუფრა უკვე გაშლილი გვხვდება. ცოტა ხნის შემდეგ საოცარ ამბავს ვიგებთ. თურმე დანიელი სწორედ იმ დროს სწორედ იმ სასტუმროში იმყოფებოდა, საიდანაც მონიკას დავურეკეთ. ის მეგობრებთან ერთად რესტორანში ქეიფობდა.
შენი ყველა პოლონელი მეგობარი აქ არის _ ვაიდა, ჰოფმანი, ზანუსი და სხვებიც, რომლებიც გიცნობენ და რომელთაც უყვარხარ.
წვეულება ძალიან გვიან მთავრდება.
მეორე დღეს სწრაფი ტემპით ვათვალიერებთ ქალაქს, შენ მონეტას აგდებ ყუთში, რომელშიც ქალაქის სარეკონსტრუქციოდ შემოწირულობა გროვდება, მე კი ბეჭედს. აქ ასეა მიღებული. შემდეგ დანიკი თავისი მანქანით საზღვრამდე გვაცილებს. ის მთელი სისწრაფით მიქრის ტრასაზე. ძლივს ვეწევი. აღმოსავლეთ გერმანიის საზღვარმდე რამდენიმე კილომეტრით აქეთ ვემშვიდობებით მას.
შემდეგ ჩვენ რამდენჯერმე კიდევ ვეწვევით ვარშავას…
დანიკი 1980 წელს, მთელი რიგი ახსნა-განმარტებების შემდეგ, მიიღებს უფლებას, ჩამოვიდეს მოსკოვში. შენი მეგობრები კვლავ იკრიბებიან ჩვენს ბინაში, სადაც ყველაფერი ძველებურადაა, მაგრამ შენ აღარ ხარ მათ შორის…
ვიხსენებთ წარსულს… ვიხსენებთ იმ ადამიანებს, ვინც შენ გული გატკინა… ვიხსენებთ უსამართლობისადმი შენეული პროტესტის ფორმას _ სიმღერებში გადატანილ შენს ლექსებს და გვენატრები. ვისოცკი ხომ ერთნაირი გულისტკივილით უმღეროდა პოლონეთს, უნგრეთს, ჩეხოსლოვაკიას… მაგრამ ავღანეთში მიმდინარე პროცესებმა განსაკუთრებულად მტკივნეული გავლენა მოახდინა შენზე. ზიზღი დაგეუფლა ყოველივე ამის გამო. არადა, ის კადრები, რომლებიც შენ საზღვარგარეთ ტელევიზიით იხილე, მართლაც შემაძრწუნებელი იყო _ როგორ აწამებდა ჯარისკაცი პატარა ავღანელ გოგონას… როგორ ულმობლად მუსრავდნენ ადამიანებს არა იარაღით, არა ტყვიებით, არამედ მათ სხეულზე გადავლილი ტანკებით. ამჯერად ტანკისტებს არ ჰქონდათ ისეთი დაბნეული და შეცბუნებული სახეები, როგორიც ოკუპირებულ პრაღაში ან ბუდაპეშტში…
იმ წლებში ამ ბინძურ ომს ადამიანური სახე უკვე დაკარგული ჰქონდა… ეს შენი უკანასკნელი გულისტკივილი იყო…
marina1
8 8 8
ერთ საღამოს, პარიზში, ვბრუნდებით»ჰამლეტის» რეპეტიციიდან, რომელიც შენ რამდენიმე დღის შემდეგ შაიოში უნდა ითამაშო. მოვხვდით უზარმაზარ საცობში. პიკის საათია. უკვე 20 წუთია ბუზონის ხიდთან ვართ გაჩხერილი. მოულოდნელად ვიღაც ბიჭმა მოტოციკლი ასფალტზე მიაგდო და გაგიჟებულმა წიხლი დაუშინა. ხელები სისხლში აქვს მოსვრილი. შემდეგ მის წინ მდგარ მანქანას ეცა და თავი მინას დაუშინა. არც ამას დასჯერდა. მეორე მანქანას მიეჭრა, კარი გამოაღო, გოგონა გადმოათრია და დახრჩობა დაუწყო. აშკარად ვერ არის გონებაზე. ხალხი შეიყარა. მამაკაცებმა უცნობი გააკავეს. შენც დააპირე გადმოსვლა, მაგრამ გაჩერებ.
_ არ გინდა. შენ საბჭოელი ხარ, ჩხუბში მონაწილეობის უფლება არ გაქვს. _ მუდარით გეუბნები.
არ მიჯერებ და ცდილობ, მანქანიდან გადახვიდე. ამ დროს პოლიციაც მოვიდა და სკანდალისტი დააკავეს.
სევდიანი სახით მიყურებ.
_ აქაც კი არ მაქვს უფლება, ისე მოვიქცე, როგორც თავისუფალ ადამიანს შეუძლია, _ სინანულნარევი ხმით მეუბნები.
8 8 8
მახსოვს ასევე, მსახიობ პიტერ ბრუკთან შეხვედრა. იგი ნამდვილი გენიაა, ინგლისელი ჯენტლმენი, მიუხედავად მისი რუსული წარმოშობისა. სპექტაკლის შემდეგ შენ მასთან მიდიხარ და ხელს ართმევ. აღფრთოვანებული ხარ. პიტერი თავის დასს გაცნობს. დიდხანს საუბრობთ. ემოციებს ვერ მალავ. ბოლოს ისინი გთხოვენ, იმღერო. პატარ ბავშვივით გიხარია. მანქანისკენ გარბიხარ, რათა გიტარა მოიტანო. მსახიობები ირგვლივ შემოგისხდნენ. დაცარიელებულ თეატრში შენი ხმა მკვეთრად ისმის. სივრცეს რუსული სიტყვები ავსებს. ყველა გაქვავებულია. დაძაბულები გისმენენ. ცდილობენ, არ გამოეპაროთ არც ერთი სიტყვა, არც ერთი ნოტი შენი სიმღერიდან.
მაგრამ ყველაზე მეტად პიტერი მაოცებს _ მას თვალები ცრემლით ევსება და აღფრთოვანებული გიღიმის…
ერთი საათის შემდეგ, როცა ქუჩაში გამოვედით, მეუბნები.
_ დასავლეთში პირველად ვიმღერე. ხედავ? ეს სრულიად შესაძლებელია. ყველა მისმენდა…
8 8 8
ეზოს სიღრმეში პატარა შენობა დგას, რომელიც ძველ თავლას წააგავს. ეს ხმის ჩამწერი სტუდიაა. უკვე რამდენი დღეა, ამ შენობაში შენს ახალ ფირფიტას წერ, პირველ უცხოურ ფირფიტას. 25 სიმღერაზე გაეცი საავტორო უფლება, ფირმა «შან დიუ მონდი» კი ტექნიკურ მხარეზე იზრუნებს. ის ყველაფერს თავის თავზე იღებს _ ჩაწერასაც და გაყიდვასაც.
ღამეები არ გვძინავს. ორივე აღტყინებული ვართ. ჩვენი მეგობარი, კოლია კაზანსკი, რომელმაც გადათარგმნა შენი სიმღერები და რომელსაც წარმატებით მღეროდა ერთ დროს ბულგარეთში, არანჟირებას აკეთებს. საუკეთესო მუსიკოსებია მოწვეული: კლოდ პავი _ გიტარა და პირე მორეიონი _ ბასი. 22 სიმღერა ჩაწერეთ. ხმის ოპერატორი რობერ ბრიუდონი სუფთად მუშაობს. პირველად ხდება, როცა შენს ხმას ორკესტრი არ ახშობს, პირიქით, გიტარები ხაზს უსვამენ შენს რეჩიტატივს და სიტყვები ზუსტად მიესადაგება ინსტრუმენტის რიტმს. ამ მუსიკოსებმა ერთი სიტყვაც არ იციან რუსული, მაგრამ ისე ზუსტად აკეთებენ აკომპანირებას, თითქოს შენთან ერთად განიცდიან იმას, რაზეც მღერი. მათ ყველაფერი სიტყვების გარეშე ესმით.
რამდენიმე დღეს ვატარებთ სტუდიაში, თითქმის არ გამოვდივართ იქიდან. ეს ნამდვილი ბედნიერებაა. ჩემ გვერდით ვერონიკაა, კოსტიას მეუღლე, არაჩვეულებრივი მომღერალი. ჩვენ ჩვეულებრივ საქმეს რიგრიგობით ვაკეთებთ _ ვადუღებთ და მოგართმევთ ყველას ყავას, მოგვაქვს სენდვიჩები და სიგარეტები და არ ვიშურებთ აპლოდისმენტებს, როცა მორიგი სიმღერის ჩაწერა მთავრდება. სამუშაო მძიმეა, მაგრამ ისეთი სასიამოვნო, რომ დღეების გასვლას ვერც ვგრძნობთ.
და აი, დიდი ხნის ნანატრი ფირფიტა მზადაა. მის შიდა მხარეზე განთავსებული ფოტოსურათი სტუდიაშივეა გადაღებული. შენ და კოსტია, ორივე წვერმოშვებული, ჩაძირული ხომალდის გადარჩენილ მგზავრებს ჰგავხართ.
თვალები ჩაგიწითლდათ ამდენი მუშაობით, მაგრამ მაინც კმაყოფილები იღიმით. ამ ფირფიტაში შემავალი ტექსტები ჩვენმა მეორე მეგობარმა, მიშელ კანმა თარგმნა. ის 10 წელი ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში და შენი ყველა სიმღერა ზეპირად იცის. ჩვენ ვსარგებლობთ ამ თარგმანებით, რომ მოგვიანებით ელისე-მონმარტრზე შენი კონცერტი გავმართოთ. რაოდენ გასაკვირი იყო, რომ ეს უზარმაზარი დარბაზი, რომლის გავსების იმედი წამითაც არ გვქონია, ისე იყო გადაჭედილი, ნემსი არ ჩავარდებოდა. აქ თავი მოიყარა მთელმა რუსულმა საზოგადოებამ, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს. მოვიდა უამრავი ფრანგი სტუდენტიც, რომელიც რუსულ ენას სწავლობს…
აპლოდისმენტების გათვალისწინებით ვხვდებით, რომ კონცერტი ყველას მოეწონა.
სცენაზე შენთან ერთად ავდივარ და შენი სიმღერების ტექსტებს ფრანგულად ვამბობ. დარბაზი ჩაბნელებულია, ჩემს სახეს მხოლოდ პროჟექტორის შუქი ანათებს. შემდეგ ეს შუქი შენს სახეზე გადადის. ძალიან ვღელავ. ახლა ვგრძნობ, როგორი ახლობლები ვართ ერთმანეთისთვის. ერთად პირველად ვართ სცენაზე. შენ უკრავ და მღერი. რამდენჯერ გამოგიყვანეს «ბისზე». იმდენ ხანს უკრავდი, თითები დაგისისხლიანდა…
შემდეგ სენ-დევიში გაიმართა კონცერტი, სადაც რამდენიმე სიმღერა შეასრულე. გაზეთ «იუმანიტეს» იუბილეს აღნიშვნაშიც მიიღე მონაწილეობა. 200 ათასი ადამიანი გაზონებზე ზის შენს მოლოდინში. ყველა როკ-ჯგუფს ელოდება და როცა მარტო გამოხვედი გიტარით ხელში, ხალხმა სტვენა ატეხა. მაგრამ იწყებ სიმღერას «ნადირობა მგლებზე» და შენი ხმა გამაძლიერებლების ფონზე გრგვინავს. მსმენელი წამიერად ჩუმდება და ინტერესით გისმენს.
როცა გამოსვლა დაამთავრე, საოცარი ხმაური ატყდა. კულისებში მომავალს მქუხარე ოვაციებით გაცილებენ. ჩემკენ მოიწევ. შენ უკან კი ადამიანთა ზღვა ღელავს. კმაყოფილი ხარ და ამაყად მეუბნები.
_ მე იმდენ ხანს შემეძლო მემღერა, რამდენიც საჭირო იქნებოდა. ისინი მე მისმენდნენ!
8 8 8
მაქსიმ ლეფორესტიე, ჩვენი მეგობარი, რომელმაც შენი პირველი ფირფიტის წინასიტყვაობა დაწერა, თავისთან გვეპატიჟება სადილად. საოცარი დრო ვატარეთ, მაქსიმმა გიტარა მოიმარჯვა და შენი სიმღერები ფრანგულად შეასრულა. მან თურმე გადათარგმნა რამდენიმე სიმღერა, რომ ჩვენთვის სიურპრიზი მოეწყო. მის სიტყვებს შენც იმეორებ. ცდილობ, აითვისო ფრანგული ტექსტი.
შენი სმენისა და იუმორის წყალობით, მალევე სწავლობ ფრანგულს იმ დონეზე, რომ თარჯიმნის დახმარება არ გჭირდება. მაქსიმ ლეფორესტიეს ამაგიც არ იყრება წყალში და ჟაკ ურევიჩის დახმარებით, პარიზში ჩაწერილი შენი მესამე ფირფიტა დღის სინათლეს იხილავს.
8 8 8
უფრო გასაოცარი გამოდგება შენი კონცერტები ამერიკის შეერთებულ შტატებში. დამტვრეული ინგლისურითაც კი მიესალმე შენს მოსასმენად მოსულ პუბლიკას.
მოსკოვში ხშირად გამოგაქვს გადამალული ფირფიტები, რადგან აქ მისი გამოჩენა არ შეიძლება. შემდეგ ალაგებ ხალიჩაზე, დიდხანს უყურებ, ფირსაკრავს რთავ და უსმენ. მე კი სევდიანად მეუბნები.
_ რა მაგრადაა გაკეთებული. ჩვენები რატომ ვერ ახერხებენ ასე სუფთად ჩაწერას? რა იქნება, აქაც შეეძლოთ ადამიანებს ჩემი სიმღერების ამ ხარისხით მოსმენა? ან რატომ არ უნდა შემეძლოს ავირჩიო სიმღერები ცენზორების გარეშე? რატომ უნდა მეშინოდეს მათი, რატომ, რატომ?!
როცა უსმენ შენს დაწერილ სიმღერებს, ბალადებს, მარშებს, ლირიკულ კომპოზიციებს, სინანული გიპყრობს, რომ კომპოზიტორად არ გაღიარეს. ოფიციალური პირები ასეთად არ მიგიჩნევენ და მორჩა! სულ ესაა! იგივე შეხედულება აქვთ ლექსებზეც. არ ხარ პოეტი და დამთავრდა! თუ კონსერვატორია არ დაგიმთავრებია, კომპოზიტორი ვერ იქნები. ლიტერატურის ინსტიტუტში თუ არ გისწავლია, ვერც პოეტი იქნები. თუ პრესაში არაფერი გამოგიქვეყნებია, ვერც მწერალთა კავშირის წევრი გახდები. ეს დოგმაა შენს ქვეყანაში!
უცნაური რამ ხდება. საკუთარ სამშობლოში ყველაზე ცნობილი ადამიანი იატაკზე, ხალიჩაზე ხარ მოკალათებული და შენი სიმღერების საფრანგეთში გამოშვებულ სამ ფირფიტას ატრიალებ ხელში!
ასეთია ცხოვრება!
8 8 8
ქუჩაზე, რომელზეც თეატრი «ებერტო» მდებარეობს, პატარა, ნათელი შენობა დგას. მისი ფასადის უკან ღამის რესტორანი და პატარა სასტუმროა მოყუჩებული. მეორე სართულზე უკვე რამდენი წელია, ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც შვილივით ვუყვარვარ _ ბოშების რუსი ბარონი პარიზში, ალიოშა დმიტრიევიჩი. ეს ტიტული მან შეიძლება, თავად მიითვისა, მაგრამ მანერები და დიდებულება მართლაც აქვს ბარონის. გარდა ამისა, მასავით არავის შეუძლია, ააკვნესოს გიტარა. მისი ხმა ნებისმიერი ადამიანის სულში აღწევს. ყოველ საღამოს ამ რესტორანში ვართ. სპექტაკლის _ ჩეხოვის «სამი და» _ დასრულების შემდეგ, მთელი ჯგუფი, პოლიაკოვის ოჯახის თაოსნობით, აქ, ჟანა პიონთან ვიკრიბებით, რომელიც ამ რესტორნის მფლობელია. ჟანას სიყვარულით მეხუთე დას ვეძახით. ალიოშასაც მოსწონს აქაური ატმოსფერო, იმიტომაც დასახლდა მის სასტუმროში.
ერთხელ რესტორანში დღისით მოვედით. კარს დიდხანს არ გვიღებენ, რადგან ღამენათევებს ღრმად სძინავთ. მოგვიანებით კაფანდარა გოგონა აღებს კარს, თვითონ კი უჩინარდება.
დარბაზში სუნთქვა შეუძლებელია. სიგარეტის, სასმლის, სუნამოს და ოფლის სუნი ერთმანეთშია აღრეული. ღამის დროსტარებას თავის კვალი დაუტოვებია.
ეს კაფანდარა გოგონა ალიოშას ფრანგი მეგობარია. ის დახშული ხმით გვეუბნება.
_ ახლავე ჩამოვა. დაელოდეთ, მაღლა ისეთი სივიწროვეა, ვერ აგიყვანთ.
მოუთმენლად ელი მის გამოჩენას. დიდი ხანია, მის ფირფიტებს უსმენ. პირველად მე ჩამოგიტანე ისინი მოსკოვში. ყველაფერი იცი მის შესახებ. ისიც იცით, ჩემს ოჯახთან როგორი ურთიერთობა აკავშირებს. ის მამაჩემის უახლოესი მეგობარია. რამდენჯერ მომიყოლია მისი ნათქვამი ფრაზები. მაგალითად: «არასდროს დალიო არაყი, როცა კოკაინს ყნოსავ.» მაშინ მე 13 წლის ვიყავი. მოგვიანებით, როცა დმიტრიევიჩებს მთელი ქონება ჩამოართვეს და მათ დახმარების ხელი გავუწოდე, უსიტყვოდ გამომართვეს ფული, თუმცა ვიცოდი, რასაც ნიშნავდა ეს. ბოშები ნაჩუქარ ფულსაც კი ისე იღებენ, როგორც ვალს, რომელიც ერთხელაც აუცილებლად უნდა დააბრუნო.
ალიოშა კიბეზე ჩამოდის. შენ ფეხზე დგები. ვხედავ, როგორ აგენთო თვალები, ღრმად სუნთქავ. მსგავსი სიტუაცია მხოლოდ ფილმებში მინახავს!
თითქოს შენელებული კადრით დაიწყო მოქმედება. თქვენ ერთმანეთს სიტყვასაც არ ეუბნებით, მოლაპარაკებულივით იღებთ გიტარას ხელში, ერთმანეთის პირდაპირ დგებით და იწყება დუელი… გიტარებით!
სავარძელში ჩავესვენე და ყურადღებით ვადევნებ თვალს ორი ტრადიციის ქიშპობას. ერთი იწყებს, მეორე რიტმის შეცვლით აგრძელებს. ის ძველ რომანსს მღერის, ბავშვობიდან ნაცნობ სიტყვებს «ციგანოჩკა, ციგანკა». შენ აგრძელებ, ოღონდ ახალი, იქვე მოფიქრებული სიტყვებით, რომელიც აქამდე არავის გაუგონია.
«ვდგავარ მინდორში მარტო,
არც შუქია, არც ღმერთი,
წინ შორეული გზები და
ბნელი მდელოა ერთი!»
ახლოს დგახართ ერთმანეთთან და მე ვუყურებ ორ პროფილს, ყელზე დაბერილი ძარღვებით… უეცრად, ხელის ერთი მოქნევით, ალიოშა ამბობს: მოიცა! მოუსმინე!..
და იწყება გიტარის «ჩივილი», რომელშიც მე და შენ ვიძირებით. მისი თითები ვირტუალურად დარბიან სიმებზე. ეს საოცრებაა…
პატივისცემა, რომელიც მის მიმართ გაცნობის დღიდან გაგიჩნდა, ცხოვრების ბოლომდე გაგყვება. ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ის შენგან ფულად დახმარებას არასდროს იღებს. რამდენჯერ მომხდარა, მაგიდაზე დაგიყრია ფული და წამოსულხარ, მას კი, მეორე დღეს, კონვერტში კოხტად ჩალაგებული უკან დაუბრუნებია.
ერთხელ ალიოშამ ბანქოს დასტა აიღო და გამომიწოდა.
_ ორი კარტი გამოაძვრინე, _ მეუბნება, თან აგრძელებს, _ გულის ტუზი, ყვავის ათიანი _ სიყვარული, სიკვდილი…
გაგრძელება იქნება