ჩვენს ერთად გადაღებულ ფოტოზე გულის ტუზია მიმაგრებული. მამაჩემი, რომელიც მონტე-კარლოს ოპერაში რვა სეზონი მღეროდა, კაზინოს ხშირად სტუმრობდა. ლამის მთელი თავისი ქონება დატოვა იქ. ხუმრობით გვეუბნებოდა, საცხოვრებელთან დაკავშირებით თუ პრობლემები შეგექმნებათ, შეგიძლიათ კაზინოში იცხოვროთ, იმდენი ფული მაქვს იქ ჩაყრილი, ნახევარ ფართზე მეტი მე მეკუთვნისო.
ერთ მშვენიერ დღესაც, გენუაში მივემგზავრებით, სადაც გემში უნდა ჩავსხდეთ. მონტე-კარლოში ყოფნისას მინდა ეს კაზინო გაჩვენო. როცა შენობასთან მივედით, დაცვას მორიდებით ვეკითხები, შესაძლებელია თუ არა მისი დათვალიერება. დაცვის წევრი ღიმილით მპასუხობს, შეგიძლიათ ითამაშოთ კიდეცო.
ეს ჩემს გეგმებში არ შედის, მაგრამ შენს მუდარით სავსე მზერას რომ ვხედავ, გეუბნები:
- კარგი, შევიდეთ. ოღონდ გაითვალისწინე, რომ ფული ცოტა გვაქვს, ამიტომ მხოლოდ სიმბოლური თანხით უნდა ვითამაშოთ.
დღისით დარბაზი ოდნავ პირქუშად გამოიყურება. არავინ არ არის, გარდა რამდენიმე მოხუცისა, რომლებიც ბედის საცდელად არიან შემოსულნი.
მახსენდება მამაჩემი, ყველასთვის პატივსაცემი რუსი მოთამაშე, რომელიც გამთენიამდე რჩებოდა აქ სათამაშოდ.
ვიღებთ ჟეტონებს, მაგრამ არც ერთმა თამაშის წესები არ ვიცით. შენ იმიტომ, რომ საბჭოთა ადამიანი ხარ და იქ კაზინოები არ არის, მე კი იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება გავურბოდი ამგვარ დაწესებულებებს, მემკვიდრეობით გამოყოლილი თვისების გამო - მიდრეკილება აზარტული თამაშებისადმი.
ვუყურებთ, როგორ თამაშობენ სხვები. ბოლოს ვერ ითმენ და შენი გაუგებარი ფრანგულით კრუპიეს მიმართავ:
- დადეთ სამიანზე!
ყველა ჟეტონს ხავერდის მინდორზე ყრი. კრუპიე მათ 33-ზე ალაგებს. ცდილობ, აუხსნა, რომ 33-ზე კი არა, 3-იანზე გინდა დადება და უმეორებ.
- სამიანზე!
ვერ მოასწარი. კრუპიემ მიიჩნია, რომ 33-ზე გინდოდა დადება და რულეტკა დატრიალდა.
ძალიან დაიძაბე. ტრაგიკული გამომეტყველება გაქვს. ვიღაცას ეგონება, რომ საქმე შენს სიცოცხლეს ეხება. მართალია, პირველად თამაშობ, მაგრამ უკვე აზარტში ხარ.
ბურთულა ხტუნავს, ტრიალებს, ბზრიალებს და ნელ-ნელა ანელებს სვლას - ეს წამები საუკუნედ გეჩვენება. ბოლოს ჩერდება და ვარდება… 33-ზე.
იქ მყოფთა გასაკვირად, მთელი ხმით ყვირი აღტაცებული.
კრუპიემ მოხვეტა მონეტები და წინ დაგიდო. ხელს იწვდი, რომ მოგებული თანხა მთლიანად კვლავ დადო, მაგრამ ამის საშუალებას არ გაძლევ და ძალით გამომყავხარ დარბაზიდან. გაგულისებული წინააღმდეგობას მიწევ, მაგრამ მაინც ჩემი გამაქვს. მკაცრად გეუბნები:
- ეს იქნება შენი პირველი და უკანასკნელი თამაში, იცოდე! საკმარისია, რომ პირველსავე ჯერზე ამხელა თანხა მოიგე. გარისკვა არ ღირს, დამიჯერე. ვიცი, მერე რაც იქნება.
ჩუმდები.
მოლარემ ფული ჩაგვითვალა. იგი ყვავილების თაიგულივით გიჭირავს ხელში. პორტიე გვილოცავს წარმატებას. ბედნიერებისგან თვალები გიბრწყინავს…
მხოლოდ მაშინ მომეშვა გულზე, როცა ქუჩაში გამოვედით…
8 8 8
თამაშის მეორე მცდელობა ლას-ვეგასში გქონდა, რომელიც უიღბლო გამოდგა. როცა იქ ჩავფრინდით, თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდით. საერთოდ, სადაც უნდა იმოგზაურო, ყველა ქვეყანა გასაოცარია თავის მხრივ, მაგრამ ლას-ვეგასი გამორჩეულია. ეს არ არის მხოლოდ ქალაქი, ეს შოუა, თავისი რეკლამებით, აზარტული თამაშებით. აშშ-ში ჩასვლის შემდეგ შენც მხოლოდ ამაზე ოცნებობ. აეროპორტში უცნაური სახის ადამიანებს ვხვდებით, თითქოს მოტეხილები არიან, წვერგაუპარსავნი, თვალებჩაწითლებულნი, უძინარნი… როგორც ჩანს, დაძაბული ღამის შემდეგ ბოლო ცენტამდე წააგეს ყველაფერი. მხოლოდ ქალები ჰყვებიან აღტაცებით, როგორ მოიგეს დიდი ფული. შეიძლება მათ რეკლამისთვის უხდიან, რომ სხვების საცდუნებლად ასე ილაპარაკონ.
45 გრადუსი სიცხეა ჩრდილში. იწვის ქალაქი. დამღლელი ტურისტული დღის შემდეგ კაზინოში შევდივართ და სათამაშო ავტომატებთან ვდგებით. აქ ისინი ყველგანაა, ტუალეტებშიც კი.
- მოდი, თითოეულმა ასი დოლარი გავათამაშოთ და მორჩა, არც ერთი ცენტით მეტი! - ვაყენებ პირობას.
შენ თანახმა ხარ. მე დარბაზის მეორე ბოლოსკენ მივემართები, რათა ლატარია ვითამაშო.
ვიგებ და კმაყოფილი შენკენ ვიყურები. «ბლეკ ჯეკთან» დგახარ. კარტს მომხიბვლელი ბანკირი ქალი არიგებს, შენ კი მოჯადოებულივით თვალს ვერ აშორებს მის ხელებს. დამშვიდებული მეორე ავტომატთან ვინაცვლებ, მაგრამ ვაგებ და შენთან მოვდივარ. ადგილზე აღარ მხვდები. ახლა შენს ადგილას ორი იაპონელი დამჯდარა. სავარაუდოდ, მამა და შვილი. მათ გვერდით ფულით სავსე შავი ჩემოდანი დევს.
თვალებით გეძებ მთელ ბრბოში, მაგრამ ვერ გპოულობ. გავდივარ ბარში, რომ რამე დავლიო და ცოტა გამოვცოცხლდე. შემდეგ კვლავ ვაგრძელებ თამაშს, თუმცა უკვე აღარ მაინტერესებს. 60 დოლარი დამრჩა, თამაშის სურვილი კი აღარ.
კვლავ «ბლეკ ჯეკთან» ვბრუნდები. მაინტერესებს, რა ქნეს იაპონელებმა. შორიდან გამჩნევ. უფროსი იაპონელის გვერდით დგახარ. უმცროსი ჩემოდნიდან ფულს იღებს და უფროსს აწვდის. ასე მგონია, სისხლი გაქვს გამშრალი. სახე გაგქვავებია. მისვლისთანავე ხელს მიწვდი. ვხვდები, რომ ფული გჭირდება და გაძლევ. დოლარებს ჯიბეში იდებ და მეუბნები:
- კარგ დროს მოხვედი. სწორედ ახლა ვაპირებდი თამაშის გაგრძელებას, რადგან იატაკზე 50-დოლარიანი კუპიურა ვიპოვე, მაგრამ ისევ დავკარგე!
მჯერა შენი, რადგან მსგავსი რამეები ხშირად გემართება, თუმცა რაღაც უსიამოვნო გრძნობა მეუფლება. მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს შენი ეს განწყობა, არ მინდა ხასიათი გაგიფუჭო, ამიტომ ხელზე ხელს გიჭერ გამხნევების ნიშნად და ნომერში ავდივარ დასაძინებლად.
შუქს ვრთავ და ვწვები, მაგრამ ჩაძინებას ვერ ვასწრებ, რომ შუქი კვლავ ინთება და შეშლილი სახით მაჯანჯღარებ, ფულს მთხოვ.
- რა ფული, რომელი ფული გინდა? - სასოწარკვეთილება მიპყრობს.
- ის ფული, რომელსაც ინახავ! სამოგზაურო ფული! - მთელი ხმით მიყვირი.
ადამიანის სახე დაკარგული გაქვს. ჩემთვის არასდროს გაგირტყამს ხელი, უგონოდ მთვრალ მდგომარეობაშიც კი, მაგრამ ახლა სიგიჟის ზღვარზე ხარ მისული. საწოლიდან გამომათრევ და კარადასთან მიგყავარ, სადაც ჩანთა მიდევს. შენს ძალადობას შესაბამისად ვპასუხობ. ვიღებ ჩანთიდან ფულს და სახეში გაყრი. რეაქცია არ გაქვს. აბოჭავ მთლიან თანხას და ჩქარი ნაბიჯებით გადიხარ ნომრიდან…
8 8 8
გაოცებული ვრჩები. ახლა უკვე არ სვამ, ამიტომაც უფრო მაშინებს შენი ამგვარად გაგიჟება. ადრე მინახავს ოდესმე შენი სახე ასეთი შეშლილი?..
სასწრაფოდ ვიცვამ და ლიფტში შევდივარ. ვიხსენებ: მონტე-კარლო, რულეტკა, ნომერი 33, კუპიურების დასტა! მაგრამ უკვე გვიანაა. მხრებჩამოყრილი, გაქვავებული ზიხარ, მიცვალებულს დამსგავსებიხარ. შენ გვერდით მყოფი იაპონელები ფულს ხვეტენ და ჩანთაში ყრიან. ყველაფერი წააგე, ბოლო ცენტამდე. აზარტულმა სიგიჟემ სულ რამდენიმე წუთში გშთანთქა.
დილაუთენია აეროპორტში ვართ ჩვენი ერთადერთი სიმდიდრით - ორი ბილეთი ლოს-ანჯელესამდე. ჩასხდომას აცხადებენ…
მივფრინავთ…
ჩვენ გვერდით მოკალათებული იაპონელები მშვიდად თვლემენ. მათ ნამდვილად გაუმართლათ.
8 8 8
მონრეალში ყველაზე «ცხელ დროს» ჩავედით - ოლიმპიადა ტარდება. ჩემს მეგობართან ვჩერდებით, დიანა დიუფრენთან. იგი მასპინძლობას გვიწევს, თან თავის მეგობრებს გვაცნობს - მუსიკოსებს, მომღერლებს, პოეტებს… კანადელები ისეთი მხიარული და სტუმართმოყვარე ხალხია, ვერ მოიწყენ, თავს ისე გრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ჟილ ტალბო ფირფიტის ჩაწერას გთავაზობს. ისე გიხარია, რომ იმ წუთას იწყებ ფიქრს ფირფიტის ყდის გაფორმებაზე, მაკეტზე, არანჟირებაზე, მუსიკოსებზე, რომლებიც აკომპანირებას გაგიწევენ.
ერთადერთი მინორული ნოტი კანადაში _ ეს ფეხბურთია. საბჭოთა ნაკრები კანადას ეთამაშება. ფეხბურთელებმა დაგპატიჟეს მატჩზე. და აი, ტრიბუნაზე ვსხედვართ. ჩვენ უკან კანადელი უკრაინელები მოკალათებულან და მთელი ტაიმის განმავლობაში ხმამაღლა სკანდირებენ ანტისაბჭოურ ლოზუნგებს. უსიამოვნო ხასითზე გაყენებს შექმნილი სიტუაცია. გაწუხებს, რომ სპორტსმენები თუ არტისტები უსამართლო პოლიტიკის გამო იძულებულნი ხდებიან, საზღვარგარეთ გაიქცნენ. იმდენად იმოქმედა ამან შენზე, რომ მატჩის დამთავრებას აღარ ველოდებით, შინ ვბრუნდებით.
საბედნიეროდ, მეორე დღეს მშვენივრად ვატარებთ დროს. ლიუკ პლამანდონი გვეპატიჟება, პოეტი-მომღერალი. მისი პატარა ხის სახლი ტბის ნაპირას დგას. ლამაზი საღამო გამოვიდა. ვახშმის შემდეგ შენ მღერი. წვეულება კი იმით მთავრდება, რომ ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად მე და შენ მარიხუანას «დავაგემოვნებთ».
მასპინძელმა გადმოგვაწოდა შეკეთებული სიგარეტი. ჩვენ ვყოყმანობთ, მაგრამ მეგობრები გვარწმუნებენ, რომ ეს სულაც არ არის უსიამოვნო რამ, პირიქით, განსაკუთრებით კარგ ხასიათზე აყენებს ადამიანს კარგი მუსიკის თანხლებით. რიგრიგობით ვეწევით. სიამოვნებისგან ოხრავ. სასიამოვნო მელოდია ისმის. ყველა ინსტრუმენტს თითქოს ცალ-ცალკე აღვიქვამ. ასე მგონია, მთელი ორკესტრი თავში მაქვს. მაგრამ ძალიან მალე დაღლილობას ვერ ვუმკლავდები და მეძინება. უკანასკნელი, რასაც ვხედავ, შენი ნასიამოვნები გამოხედვაა.
მსგავსი სასიამოვნო განცდა მახსენდება ერთი-ერთი როკ-კონცერტის დროსაც. 7000 ადამიანი სტადიონზე, ზოგი პირდაპირ მინდორზე მოკალათებულა და ყველა «ბალახს» ეწევა. ბოლითაა ჰაერი გაჟღენთილი. თავბრუ გვეხვევა. მაყურებლებს ხელში სანთებელები უჭირავთ, ემერსონის «საძმოს» ერთობის ნიშნად. ლეიკი და პალმენი «ბისზე» ვინ იცის, მერამდენედ გამოდიან. მოულოდნელად შენც იწყებ სიმღერას და მთელი სტადიონი აგყვება. ლამისაა, დავყრუვდეთ…
მეორე დღეს კი საშინლად გვტკივა თავი…
8 8 8
ერთი კვირის შემდეგ ანდრეი პერისთან მივდივართ. ჟილ ტალბო მიგვყვება თან. იგი ფრთხილად მართავს თავის როლს-როისს. ლამაზი ბუნებაა კანადაში, რაღაცით ჩრდილოეთ რუსეთს გაგონებს _ ისეთივე არყის ხეები, ისეთივე ტბები, კრიალა ცა… ვუახლოვდებით თანამედროვე არქიტექტურის საოცარ ქმნილებას _ შუშის სახლს, რომელსაც გარშემო არყის ხეების ველი და ტბები აკრავს. აქ ანდრე პერის სტუდიაა განთავსებული, სადაც შენ ფირფიტა უნდა ჩაწერო. ის ხმის ჯადოქრად მიიჩნევა, ამერიკის კონტინენტის საუკეთესო ყურს ეძახიან. მას ყველაზე თანამედროვე ხმის ჩამწერი აპარატურა აქვს, რაც კი შეიძლება მსოფლიოში არსებობდეს. ირგვლივ უამრავი ინსტრუმენტია მიმოფანტული.
განსაკუთრებით ლამაზია ხედი აივნიდან. ტბაზე გარეული იხვები დაცურავენ. ისმის ფრინველების გალობა და ჭიკჭიკი.
ანდრე პერი გვეგებება, ხელს თბილად გვართმევს და მუსიკოსებს გვაცნობს. რა ახალგაზრდები არიან! გრძელთმიანები და წვერმოშვებულნი.
_ ეს ბიჭები ქრისტეს ჰგვანან! _ რუსულად მეუბნები და გეღიმება.
უდიდესი სიამოვნებით იწყებ მათთან მუშაობას. ფირფიტაში მსუბუქთან ერთად «მძიმე» სიმღერებიც შედის _ «შეწყვეტილი ფრენა», «დევნა», «ნადირობა მგლებზე»…
ქალაქში ვბრუნდებით. ხელს მკიდებ და მაღაზიის დახლთან მიგყავარ. რაღაც უნდა მიყიდო. გიყვარს, როცა რაიმე ნივთს მჩუქნი.
მაღაზია მოხუც ებრაელ რაბინს ეკუთვნის. იგი ანტიკვარიატით ვაჭრობს. ძველი რუსულით, რომელზეც ახლა არავინ ლაპარაკობს, ებრაელი ყოველი ნივთის ისტორიას გვიყვება _ ეგვიპტური მძივისა და ცისფერი ქვის, შუასაუკუნეების ყელსაბამის და ათასწლეულების ქარვის, ბერძნული ბეჭდისა და რომაული მონეტების…
ცისფერქვიან მძივს ვირჩევ. რაბინი აღფრთოვანებულია და შეძენილ ნივთთან ერთად, ბიზანტიურ ვერცხლის ჯვარს გვჩუქნის. შემდეგ სირჩებში ალუბლის ლიქიორს გვისხამს და გვეპატიჟება…
8 8 8
ერთ დღეს პარიზი კალუ რიმპოჩეზე ალაპარაკდა. ძალიან დაგაინტერესა ამ სახელმა. იგი უდიდესი ტიბეტელი მასწავლებელია. მას საფრანგეთში ელოდებიან. ამბობენ, ყველა დაავადების განკურნება შეუძლიაო. იქნებ შენც გიშველოს… იმედი მიჩნდება, თუმცა გურუების მაინცდამაინც არ მჯერა. მხატვარი მიშა შემიაკინი, ჩვენი მეგობარიც კალუს მოლოდინშია. ისიც შენსავით სმით არის «დაავადებული». მიშას მისტიკის ღრმად სწამს, ამიტომაც უნდა, რაც შეიძლება სწრაფად შეხვდეს ტიბეტელ სასწაულმოქმედს.
ნაცნობობით მოვახერხე და მიღებაზე ჩავეწერე.
და აი, ჩვენ უკვე წმინდანებით მოხატულ პატარა პავილიონში ვართ. ოდნავ ამაღლებულ ადგილზე მხცოვანი მამაკაცი ზის, დანაოჭებული სახე და კეთილი გამოხედვა აქვს. შევდივართ და თაყვანს ვცემთ, როგორც მეგობრებმა გვასწავლეს. მე მხოლოდ თავს ვხრი, მიშა კი მუხლებზე ეცემა და ლამის ხოხვით უახლოვდება მოხუცს. დაბნეული გამომხედავ, არ იცი, როგორ მოიქცე. შემდეგ ჩაიმუხლებ, ცალი ხელით იატაკს დაეყრდნობი და ასე წაიწევ წინ. სიცილს ძლივს ვიკავებ. ვიცი, რომ ასეთ დროს გაცინება უადგილოა, თუმცა სულ ტყუილად _ გურუ თავად ვერ იკავებს ღიმილს და გვანიშნებს, მის წინ დავსხდეთ. მასწავლებლის ფეხებთან ახალგაზრდა ფრანგი ქალი ზის, რომელსაც ფორთოხლისფერი ნაჭერი აქვს შემოხვეული, როგორც ბუდისტ მონაზონს. ჩუმი, მაგრამ მტკიცე ხმით გვესალმება კალუ. ქალი გვითარგმნის და გვეკითხება, რამ შეგვაწუხა უცხოელები. პასუხს მე ვცემ, რადგან არც შენ და არც მიშამ ფრანგული არ იცით.
ვიწყებ ახსნას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენით გაუმკლავდეთ ალკოჰოლიზმს და ბრძენი მასწავლებლის იმედი გაქვთ. თარჯიმანი უთარგმნის. ცოტა ხნის შემდეგ კალუ რიმპოჩე მოყოლას იწყებს.
_ ერთხელ ახალგაზრდა ბერმა ქვრივი ქალის სახლთან გაიარა. ქალმა დაიჭირა იგი, კარი ჩაუკეტა და უთხრა: «იქამდე არ გაგიშვებ, სანამ ღამეს ჩემთან არ გაატარებ, ან არ დალევ ჩემთან ერთად, ან ჩემს თხას არ დაკლავ.» ახალგაზრდა ბერმა არ იცის, რა უპასუხოს. მიცემული აღთქმის თანახმად (რომ არ დაქორწინდება), მას არ შეუძლია ქვრივთან ღამე გაატაროს. იმავე აღთქმის თანახმად (რომ მუდამ ფხიზელი იქნება), მას არც დალევა შეუძლია და, მით უმეტეს, სისხლის დაღვრა! მაგრამ არჩევანი უნდა გააკეთოს. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ღვინის დალევას არჩევს _ «ყველაზე მისატევებელი ცოდვააო», თავს იმართლებს, _ დაამთავრა რიმპოჩემ მოყოლა და მოულოდნელად ხმამაღალი სიცილით გააგრძელა, _ მან დალია ღვინო, მერე ღამე ქალთან გაატარა და თხაც დაკლა.
სხვებთან ერთად მეც ვიცინი. რა მარტივი ჭეშმარიტებაა და, ამავდროულად, რამხელა სიბრძნე! თქვენი აღელვებული და დაძაბული გამომეტყველებით ადვილი მისახვედრია, რომ სწავლულმა მიზანში მოარტყა.
თუმცა, ყველაზე გასაოცარი ჩემთვის შედეგი იყო _ იმ დღიდან თითქმის მთელი წელიწადი არც ერთს წვეთი არ დაგილევიათ.
8 8 8
მიშა, რივა, დოროთე _ ამ სახელებს ყოველდღე ვახსენებთ, როცა შენ პარიზში ხარ. შემიაკინები სამშობლოდან გამოძევებული მხატვრების ოჯახია. მათი ბინა ლაბირინთს ჰგავს. მათ შორის ყველაზე საინტერესო მიხაილ შემიაკინია, რომელიც სულ შავებში ჩაცმული დადის. ის ძალიან გამხდარია, ფერმკრთალი სახის კანით, ამასთან _ თავის თავში ჩაკეტილი ადამიანი.
რივა _ მინიატიურული ქალბატონი, წითური თმით, რომელსაც ფერადი სამოსი უყვარს. მისი ცოცხალი და კეთილი თვალები ყოველთვის სითბოს აფრქვევს.
დოროთე _ მათი ქალიშვილი, რომელიც დღედაღამ ჯაჭვებში და სხვა პანკებისთვის დამახასიათებელ აქსესუარებშია გახლართული. მშობლები მისით ამაყობენ.
ეს სამეული ნიჭიერების ნამდვილი ბუკეტია. მათთან ყოველ მისვლაზე ახალ-ახალი სიმდიდრეების აღმოჩენა შეიძლება. მიშა ექსპლუატაციას უწევს თავის ცოლს. სწორედ ის უკეთებს ფონს ქმრის ყველა ნახატს და ფერწერის ღირებულებაც სწორედ ამ ფონებით განისაზღვრება. როცა მეუღლის საქმეს მორჩება, რივა თავადაც იწყებს ხატვას ან ძერწვას, თან გასაოცარი გულმოდგინებით და სიზუსტით აკეთებს თავის საქმეს. დოროთესაც გამოჰყვა მამის ნიჭი. მას უკვე საკუთარი ხელწერა აქვს. მალე გამოფენა ექნება, სადაც წარმოადგენს თავის მინიატიურულ ნახატებს _ ეს არის კატები ბანდიტური სახეებით, რაც ნამდვილ ფურორს მოახდენს ნიუ-იორკში.
შემიაკინები პარიზში გაიცანი. ისინი ლენინგრადიდან არიან ემიგრირებულნი. შენ და მიშას გასაიდუმლოებული ურთიერთობა გაქვთ _ საათობით იკეტებით მის სახელოსნოში და «საქმიანობთ». მიშას სიგიჟემდე უყვარს შენთვის ფოტოების გადაღება, სიმღერების ჩაწერა, მათი მოსმენა _ ეს ადამიანი მხოლოდ წარსულით ცხოვრობს, ღრმა მორწმუნეა, მისტიკოსიც კი. შენ სრულიად საპირისპირო ბუნების ხარ. ის ჩუმია და ჩაკეტილი, შენ ხმაურიანი და გახსნილი. ერთადერთი, რაც ორივეს საერთო გაქვთ, ეს სასმელია.
აუტანელია თქვენი ყურება და მოსმენა, როცა თვრებით. განსაკუთრებით მიშასი. შენ ამ დროს ჩუმი ხდები, მიშა კი პირიქით, ორატორობის ხასიათზე დგება და გრძელ, უცენზურო მონოლოგებს იწყებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მაშინაც არ გეშვება, როცა ერთად არ ხართ. მთვრალი აუცილებლად დარეკავს ხოლმე და გაუთავებლად ლაპარაკობს. იძულებული ვხდები, ვუსმინო მის გინებებით გაჯერებულ აბდაუბდას. ამ დროს ყურმილი არ უნდა დაუკიდო, თორემ მთელი ღამე არ შეწყვეტს რეკვას. მოთმინებით უნდა დაელოდო, როდის დაამთავრებს, რომ იმ ღამით მეტად აღარ შეგვაწუხოს. როცა შენ იღებ ყურმილს, მაშინ ხომ საერთოდ! ლაპარაკს აღარ ამთავრებს. რამდენჯერ მინახავს, ყურმილით ხელში რომ ჩაგძინებია.
როცა მათთან ვართ, ქალები ერთად ვერთობით სამზარეულოში, შენ და მიშა კი სახელოსნოში სვამთ. მე და რივა ჩვენთვის ვჭორაობთ, თან გემრიელი სასუსნავით ვირთობთ თავს.
ცხოვრება მშვენიერია.
ცხოვრება სევდიანია.
და იმ წუთებში ვერ ვხვდებით, რომ ეს ყველაზე მშვიდი და ბედნიერი დროა ჩვენს ცხოვრებაში…
რამდენიმე წლის შემდეგ ეს ყველაფერი აღარ იქნება.
პარიზში მხოლოდ მე დავრჩები. მიშა შემიაკინს საგადასახადო დასდევს, მოსვენება არა აქვს, ამიტომაც ჩემგან ფულს სესხულობს, რათა ლიტოგრაფიული მატრიცა გამოისყიდოს და ნიუ-იორკში მიემგზავრება. დოროთე და რივა საბერძნეთში გადასახლდებიან. იქ არც ისე ძვირია ცხოვრება.
მას შემდეგ მიშას ვეღარასდროს ვნახავ, დოროთეს და რივას კი ხანდახან, როცა საბერძნეთში ჩავალ. ისინი მუშაობენ, მხიარულად ცხოვრობენ, თუმცა კი ღარიბად. ჯაჭვებით «შეიარაღებული» გოგონა ძლიერ ქალად გადაიქცა, ერთი პერიოდი ქვისმთლელადაც კი მუშაობდა. როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვიხსენებთ წარსულს და ხან ვიცინით, ხან ვტირით…
1987 წელია. ამერიკული საბანკო ჩეკი და ამანათი მომდის _ ორი ლამაზი ფერწერული ალბომი, მიშა შემიაკინის ხელმოწერით…
8 8 8
ტაიტიზე გასაოცარი მოგზაურობის შემდეგ მსოფლიო კინოს დედაქალაქში ჩავდივართ. მსუბუქი ამინდია ლოს-ანჯელესში, თუმცა ღრუბლიანი. ბაკ ჰენრის სახლში მივდივართ. ეს არის ადამიანი-ორკესტრი, მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი _ და მასთან მთელ დღეს ვატარებთ. აუზში ვნებივრობთ. ამ დროს ვხედავთ, როგორ გვიახლოვდება ჩვენი ორი ძველი მეგობარი _ მილოშ ფორმანი და აშშ-ში ახლახან ემიგრირებული მიშა ბარიშნიკოვი, ლამაზ ქერათმიან ქალთან ერთად. ბედნიერი ხარ მიშასთან კვლავ შეხვედრით. პატარა ბიჭებივით ჭყუმპალაობთ აუზში. მილოში კი თავის ახალ ფილმზე გვიყვება, რომელსაც «თმები» ჰქვია, თან გადაღებებზე გვეპატიჟება.
საღამოს სანსეტ-ბულვარის ერთ-ერთ სუპერთანამედროვე სახლს ვსტუმრობთ. აქ ყველაზე ცნობილი ადამიანები იყრიან თავს. ამასთან, ეთიკის ყველა წესი უნდა დაიცვა. უნდა ილაპარაკო ელიტურად, იარო თავდაჭერილად. რაც უფრო დამაინტრიგებელი ხარ, მით უფრო საინტერესო ხდები. გაოგნებული შეჰყურებ სიტუაციას, რომელიც მალევე გბეზრდება და ჩურჩულით მეუბნები.
_ ეს ქალები ყველანი ერთმანეთს ჰგვანან. ისინი ლამაზები არიან, მაგრამ სული არა აქვთ. წავიდეთ აქედან!
გაღიზიანებული ხარ. ცხოვრებაში პირველად უარს ამბობ კომპანიაზე, სადაც არ გიცნობენ. მხოლოდ სახლის პატრონი ინტერესდება ჩვენით, თავაზიანად გვეკითხება, რამე ხომ არ გვინდა, იქნებ ვივახშმოთ ან აუზით ვისარგებლოთ. შენ კი სულიერ სიცარიელეს ვერ იტან. საშინლად განხიბლულები ვტოვებთ «ცვილის ფიგურების» ამ «მუზეუმს»და მეგობრებთან ვბრუნდებით. მათთან, ვისთანაც ვცხოვრობთ. აქ სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა.
დიკ ფინი, პოლონელი ემიგრანტი, ელექტრონული მუსიკის ვირტუოზია. აქ დრო მხიარულად გადის. გამუდმებით იუმორი ისმის და სიცილი არ წყდება. აქაური საღამოები გაცილებით ლაღი და სასიამოვნოა. თოვლივით თეთრი ფინია ძაღლი დილით უთენია შემოვარდება ჩვენს საძინებელში, რომ გაგვაღვიძოს.
საღამოს სტუმრები იკრიბებიან და შენს გამოჩენას ელოდებიან. უნდა იმღერო. კმაყოფილი ხარ და კვლავ ისე გრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში.
გაგრძელება იქნება