მეტროსადგურ «აეროპორტთან» არის ქუჩა, სადაც მწერლები, პოეტები, სცენარისტები ცხოვრობენ. ძალიან ბევრის საცხოვრებელი ბინა მინახავს ამ ქუჩაზე, აღვფრთოვანებულვარ ბევრი ბიბლიოთეკით, თანამედროვე ფერწერის კოლექციებით და უძველესი ხატებით.
1969 წელს, როცა ჩვენთვის ქირით ბინას ვეძებდით, ამ ქუჩაზე ერთი მოხუცი კაცი გავიცანით, რომელიც წელში მოხრილი დადიოდა ხოლმე. ჯუჯა იყო, მაგრამ საოცრად ცოცხალი გამომეტყველება ჰქონდა. საკმარისი იყო, დალაპარაკებოდი, რომ მისი ინტელექტით მაშინვე იხიბლებოდი. როგორც შემდეგ გავიგეთ, იგი თურმე დიდი პოპულარობითაც კი სარგებლობდა მანდილოსნებში.
ეს კაცი «მოსფილმის» ოფიციალური სცენარისტი აღმოჩნდა. არადა, კულტურის პატარა ჩინოვნიკი იყო, ათასიდან ერთ-ერთი.
სწორედ ის გვითმობს ერთ ოთახს ოთხსართულიან მწერალთა სახლში, სადაც თვითონაც ცხოვრობს და რომელიც ამ ცნობილი ქუჩის დასაწყისში მდებარეობს. მართალია, გაწიკწიკებული ბინა არ არის, მაგრამ ჩვენ მოგვწონს. ჩვენ გვერდით ჩვენი მასპინძლის კაბინეტი მდებარეობს.
ძალიან შევეწყვეთ ერთმანეთს. როცა უნდა გავიღვიძოთ, მოხუცი აუცილებლად დაგვახვედრებს ცხელ ჩაის გახუხულ პურთან ერთად. მინდა, ახლაც გამოვხატო მადლიერება მისი სტუმართმოყვარეობის გამო.
«ბერიოზკაში» რამდენიმე ფრანკს ვხარჯავ და ვახშმისთვის პროდუქტს ვყიდულობ. ფრანგული და იტალიური კერძების რაღაც შუალედური ვარიანტი გამომდის, ამას დამატებული საბჭოთა შამპანური «ბრიუტი», რომელიც მხოლოდ ვალუტაზე იყიდება. ეს სასმელი მოხუცის სისუსტე გახლავთ. მეც მიყვარს იგი, რადგან წინა საუკუნის საუკეთესო ფრანგულ ტრადიციებზე მზადდება, ნამდვილი ფრანგული ვაზის ჯიშისგან, თანაც ყირიმში, სადაც სპეციალური ნერგსაშენი აქვთ გაკეთებული.
როგორც ყველა სხვა წარმატებული საღამო, ესეც ლექსების კითხვით მთავრდება. შენ გაოცებული ხარ. ლამისაა, დამუნჯდე. ამ კაცის უზარმაზარ გონებაში საუკუნეთა თანმიმდევრობით და თემების მიხედვით არის «დალაგებული» მსოფლიო პოეზიის ნიმუშები. ის გვიკითხავს შექსპირს და ომარ ხაიამს, ბოდლერსა და გოეთეს. შემდეგ ორივენი რიგრიგობით კითხულობთ პუშკინის პოეზიას. შენ ხომ მისი მთელი შემოქმედება თითქმის ზეპირად იცი. მიუხედავად ამისა, დუელში ის იმარჯვებს. მაგრამ როდესაც იგი შენი ლექსების წარმოთქმას იწყებს, უკვე აღარ იცი, რა თქვა…
შუაღამე გადადის. მოხუცი გვემშვიდობება და გაბრწყინებული თვალებით გვტოვებს…
ეს იყო 1969 წელს…
ჩვენი ქორწილის დღეს საჩუქარს ვიღებთ - ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან დიდი მუყაოს ყუთი. იგი უცნობ გოგონას მოაქვს, რომელსაც ზღვის ტალღისფერი თვალები და საოცრად თეთრი, წვრილი თითები აქვს.
- ეს ვასილმა გამოგიგზავნათ. თვითონ ვერ მოახერხა მოსვლა, აი, გამომართვით!
მუყაოს ყუთში, რამდენიმე გაზეთში გახვეული ძალიან ლამაზი ხატი დევს…
როგორც კი დავბრუნდებით საქართველოდან, სადაც საქორწინო მოგზაურობა გვქონდა, მაშინვე მას ვურეკავთ. არავინ გვპასუხობს. რამდენიმე ხნის შემდეგ კი გვეუბნებიან, რომ მოხუცი - ერუდიტი და პოეტი - გარდაიცვალა…
მისი ნაჩუქარი ხატი ყოველთვის დაამშვენებს ჩვენს საძინებელს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვიწევს ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა. ახლა კი პირდაპირ ჩემი საწოლის თავზე კიდია. მის გვერდით მეორე ხატია - თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი - იგი შენი გასვენების დღეს შენმა თანაკლასელმა მომიტანა. აცახცახებულ ხელში ხატი ეჭირა და მთელი ხმით ტიროდა… მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს, უბრალოდ, ცრემლიანი თვალებით შემომხედა და მადლიერება გამოეხატა სახეზე, როცა ხატი გამოვართვი…
ნება დამრთეს, ეს ხატები თან წამეღო პარიზში. ამისთვის ორივე ხატმა ტრეტიაკოვის გალერეის ექსპერტიზა გაიარა და სპეციალურმა კომისიამ მომცა თანხმობა. არც ისე ძველი ხატები აღმოჩნდა, ამიტომაც დიდი ღირებულება არ გააჩნდა. სამაგიეროდ, ჩემთვისაა ძალიან ღირებული…
8 8 8
1975 წელია. სამხრეთ ამერიკაში მივემგზავრებით. პირველი ჩასხდომა მადრიდში გვიხდება. ჯერ კიდევ ფრანკოა ხელისუფლების სათავეში. მივფრინავთ მექსიკაში, ცნობილ მსახიობ კლოდინთან ერთად.
6 საათი აეროპორტში ვყურყუტებთ, სანამ თვითმფრინავს შეაკეთებენ. კლოდინმა გული გაგვიწყალა, გვთავაზობს, სხვა რეისით გავფრინდეთ. ის ისე ნერვიულობს, რომ უარს ვერ ვეუბნებით. ამასობაში გამოაცხადეს ჩასხდომა ჩვენს თვითმფრინავზე და მგზავრები გაიკრიფნენ. მარტონი ვრჩებით. ჩვენ ხვალისთვის გვაქვს ბილეთები დაჯავშნილი. აეროპორტში აღარ დარჩნენ არც მებაჟეები, არც პოლიციები, უკვე ძალიან გვიანაა. კარაბინერი, რომელიც გასასვლელისკენ გვაცილებს, დაბნეული შეავლებს თვალს სამივეს პასპორტს და გვეტყვის.
- ხვალამდე. ბუენოს ნოჩეს.
კარგად კი გამოვძვერით. შენ ხომ არა გაქვს ესპანეთის ვიზა. ფაქტობრივად, კონტრაბანდა ხარ. უცხო ქვეყანაში გაპარულ მოსწავლესავით იქცევი. ყველაფერი მოგწონს: ძველი ქალაქი, სადაც ვვახშმობთ, ბულვარზე მოსეირნე ადამიანები, რესტორანი «ფლამენკო», სადაც დილამდე ვსხედვართ და მუსიკას ვუსმენთ. ესპანური ხმები ძალიან წააგავს ბოშურ რომანსებს. ძლივს გამომყავხარ იქიდან, რათა ცოტა წაძინება მოვასწროთ, სანამ ხვალ პრადოს მუზეუმს დავათვალიერებთ.
და აი, მუზეუმში ვართ. ველასკესის დარბაზში შევდივართ. რამდენ ხანსაც გაგვიხარდება, შეგვიძლია აქ ყოფნა, რადგან თითქმის არ არიან დამთვალიერებლები. მონუსხული შეჰყურებ ტილოებს. რა ბედნიერებაა, რომ ვიზა არ მოგთხოვეს…
ვბრუნდებით აეროპორტში. ცოტა არ იყოს, ვნერვიულობთ და პასპორტებით ხელში პირდაპირ პოლიციის პოსტისკენ მივდივართ.
პირველი ჩვენი მეგობარი კლოდინი გადის, რომელმაც კარგად იცის ესპანური. პოლიციელს თვალები შუბლზე ასდის - არც ერთ პასპორტს არ არტყია საჭირო ბეჭედი. ჩვენთვის, ფრანგებისთვის, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ შენმა, ერთიანად წითელმა, ნამგლით და უროთი «დამშვენებულმა», თითქოს ხელი დასწვა მებაჟეს. მისი შეშლილი სახით ვხვდებით, რომ ახლა სკანდალი აიწევა. ყველანი ერთად ავლაპარაკდებით და ვცდილობთ, ავუხსნათ პოლიციელს, რომ თვითმფრინავი გაფუჭდა, რომ გვიან იყო, რომ სასწრაფოდ უნდა მოვხვდეთ მექსიკაში. ისეთ დღეში ვართ, შეშინებული კარაბინერი ირგვლივ მიმოიხედავს, მერე გასაფრენი ზონისკენ გვიბიძგებს და სრულიად ლოგიკურად გვიჩურჩულებს.
- თუ არ არის ქვეყანაში შემოსვლის ვიზა, ესე იგი, არ არის არც გასვლის ვიზა!
8 8 8
კუნძულ კოსუმელზე ვართ. ჩვენი თეთრი ოთახის ფანჯრები ზღვას გადაჰყურებს, ამიტომაც შეგვიძლია დავტკბეთ კლდეების ცქერით და მზის ჩასვლის პეიზაჟით. შენ მთელი დღეები წერ და როცა საღამოს სამუშაოდან ვბრუნდები, იქვე, მაგიდასთან დახრილს გპოულობ, სადაც ქაღალდის ფურცლებია მიმოყრილი…
მეორე საღამოს თევზის მარინადით, კუს ბივშტექსებით და შემწვარი ლანგუსტებით ვვახშმობთ კაფეში. გრძელი მაგიდის ბოლოში ორი ხანდაზმული მამაკაცი ზის. ერთია ჯონ ჰიუსტონი, რომელიც ფილმში ჩემი ქმრის როლს თამაშობს. მას სიგარა გაუჩრია პირში, მიუხედავად იმისა, რომ ასთმა აწუხებს, ხელში კი არყით სავსე ჭიქა უჭირავს. ის გისმენს, როგორ ღიღინებ, თან თავის ქნევით ჰყვები ტაქტს. მის გვერდით ზის ნეპტუნიო, ძალიან სენტიმენტალური მამაკაცი, კასკადიორი, რომელიც ზღვის სიღრმეებს ლაშქრავს და წყალქვეშა სამეფოს შესახებ ყველაფერი იცის. მას შენს სიმღერაზე თვალები სევდით ევსება…
იგი თავის წყალქვეშა სამყაროში გვეპატიჟება. სიხარულით ლამისაა გაგიჟდე. კვირა დილით მართლაც მივდივართ. მე მეშინია, მაგრამ შენ მაინც ადვილად მითანხმებ, რადგან არ მინდა, მშიშარა გამოვჩნდე შენს თვალში.
იმდენად მაშინებს წყალქვეშა სამყარო, რომ გონზე არ ვარ. ასე ცუდად არასდროს მიგრძნია თავი. აი, გამოჩნდა ნეპტუნიო თავისი აღჭურვილობით. ის სწრაფად გვიხსნის, რა როგორ მუშაობს, გვეხმარება ლასტების ჩაცმაში, ქამარზე ჩვენ-ჩვენ ტვირთს გვკიდებს.
უკვე მზად ვართ და ჩაყვინთვას ვიწყებთ. გული ლამისაა, ამოხტეს ბუდიდან. პირდაპირ ჩემ წინ ულამაზესი პეიჟაზი გადაიშლება. ქვევით, წყლის ფსკერისკენ მიმავალი მცურავი კლდე, ფერადი თევზების მთელი არმია, ულამაზესი წყალმცენარეები, რომლებიც სხეულზე მეკრობა…
ფსკერისკენ მივექანებით. სკაფანდრის მიღმა ვხედავ, როგორ გეღიმება. ხელით მანიშნებ, უფრო სწრაფად დავეშვათო და მარჯნის წყალმცენარეებშუა უჩინარდები. კიდევ ცოტაც და ვეღარ გხედავ. თანდათან პანიკა მიპყრობს. მეწყება თავბრუსხვევა და ჰაერი არ მყოფნის. ხელს ვუჭერ ჩემ გვერდით მყოფ ნეპტუნიოს. ის ხვდება ჩემს გაჭირვებას და ზედაპირზე ამოვყავარ. სასწრაფოდ ვიხსნი სკაფანდრს, ღრმად ვისუნთქავ სუფთა ჰაერს და ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად მივცურდე ნაპირამდე…
წყალქვეშ გატარებული ეს რამდენიმე წუთი კოშმარულ მოგონებებს დამიტოვებს. შენ კი… შენ იფართოებ თვალსაწიერს და იმ დღიდან ყოველ დილით და საღამოს ყვინთავ. ნეპტუნიო სიამაყით გიცქერს. შენ მისი რუსი მეგობარი ხარ, რომლის სიმღერაც ატირებს მას. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ შენ ახლა მისი თანამოაზრე ხარ, მასთან ერთად წყალქვეშა სამყაროს საიდუმლოებების გამზიარებელი.
ხმელეთზეც ვსეირნობთ. ვქირაობთ მანქანას და მეხიკოში მივდივართ. ჯადოსნური პეიჟაზი ეგრევე გვნუსხავს. გზა მთებში გადის, მაღალ მთებში. ღრუბლები ისე ახლოსაა, თითქოს მასში შევცურეთ. უზარმაზარ პლატოებზე გიგანტური კაქტუსები იწონებენ თავს. აგერ, გზის პირას მწვანეთვალება პანტერაც შევნიშნეთ, რომელმაც კუდი მოიქნია და მეფური იერით გაგვერიდა. შენ მანქანიდან ხტები, რათა გამოუდგე მას, მაგრამ მტაცებელი თვალსა და ხელს შუა ქრება.
პატარა სოფელში შევდივართ. სახლები პალმის ტოტებითაა გადახურული, იატაკზე ფიცრების ნაცვლად, ბალახი ბიბინებს, ეზოში ჰამაკია გაბმული, აქა-იქ რამდენიმე ქათამი დარბის, ხოლო სოფლის ცენტრში გენერატორზე მოგრუხუნე უზარმაზარი მაცივარი დგას წარწერით: «კოკა-კოლა».
ინდიელები ყურადღებით გვათვალიერებენ. შუბლს არ გვიხსნიან, კუშტად შემოგვცქერიან, მაგრამ როგორც კი ავუხსნით, რომ ჩვენ არა ამერიკელები, არამედ პარიზელი ფრანგები ვართ, ოკეანის გაღმიდან, ეგრევე გვიღიმიან და ტაკოსს გვთავაზობენ - აქაურ ღვეზელს ჰქვია ასე. გვეპატიჟებიან ასევე, ეგზოტიკურ ხილსა და, რა თქმა უნდა, ცივ კოკა-კოლაზე.
მთელი გზის განმავლობაში მეორდება ერთი და იგივე. ყოველი ახალი სოფლის გავლისას ჩვნ გვიწევს იმის ახსნა, რომ არა ამერიკელები, არამედ ფრანგები ვართ და ადგილობრივების სახეებიც მხოლოდ ამის შემდეგ იცვლება ღიმილით. რამდენჯერმე ვცადეთ, აგვეხსნა, რომ შენ რუსი ხარ, მოსკოვიდან, მაგრამ ისინი ვერაფერს იგებენ. როგორც ჩანს, რუსეთზე არაფერი იციან. გარდა ამისა, ჩვენი ესპანური ძალზე მწირია, ისევე, როგორც მათი ესპანური. ჩვენ ხომ შუა იუკატანში ვიმყოფებით. აქ მხოლოდ წინაპრების ენაზე ლაპარაკობენ.
ლამაზი და ამაყი პატარა ბიჭები გზისპირას დგანან და თიხის ფიგურებით ვაჭრობენ. ისინი არასდროს მათხოვრობენ, მხოლოდ თავიან შემოქმედებას ყიდიან _ პატარა, მინიატიურულ სკულპტურებს ან მაიას ტომის თიხის ჭურჭელს.
ჩიჩენ-იცაში ძალიან გვიან ჩავდივართ. გზას მსხვილი ჯაჭვი გვიღობავს. აქ გათხრები მიმდინარეობს და უცხოების შეშვება ასე ადვილად არ ხდება. ჩვენთვის შეიძლება. სტუმართმოყვარე დარაჯი გვათვალიერებინებს უძველეს ნანგრევებს… ღამით იქ ვრჩებით…
მეორე დღეს უფრო საინტერესო სანახაობის მომსწრენი ვხდებით. ქვაში გამოკვეთილი ფიგურები. განსაკუთრებით მომწონს ერთი ქანდაკება, ესაა ადამიანი პროფილში. სურვილი მიჩნდება, შენც გადაგიღო სურათი პროფილში და შევადარო ამ ქანდაკებას. უცნაური მსგავსებაა. ათასეული წლის წინ გამოქანდაკებული პროფილი შენსას ძალიან წააგავს… საოცარი შეგრძნება გვეუფლება…
მოულოდნელად ჰაერს ასობით სხვადასხვა ხმა გააპობს, რომელიც ექოსავით გადაეცემა კლდიდან კლდეს.
- ეს მაიას ტომის ხალხი გველაპარაკება, - ღიმილით მეუბნები.
თურმე ფრინველების მთელი ჯარია კლდის ქიმებში მიმალული. ისინი ლაღად დაფრინავენ, ირაოს კრავენ ჰაერში და თითქმის ადამიანური ხმით გაჰკივიან.
- როგორი ლამაზი ენა აქვთ მაიას ტომებს, - კვლავ მიღიმი.
8 8 8
მერიდში შევდივართ, კორტესის დაარსებულ ქალაქში. ნელა მივუყვებით ქუჩას. მოულოდნელად ვიღაც ჯუჯა გამოხტება, ლამის ძალით დაგსვამს პატარა სკამზე და შენი ფეხსაცმლის გაპრიალებას იწყებს. როცა ფულს გადაუხდი მომსახურებისთვის და გზას გავაგრძელებთ, თვალს ვერ აშორებ შენს ფეხსაცმელს და თავის ქნევით ამბობ:
- შეიძლება გაგიჟდე ადამიანი! როგორ ბრწყინავს! გეგონება, ახალიაო!
როგორც კი მეხიკოს გარეუბანს მივუახლოვდებით, ნერვიულობა გვიპყრობს. იმაზე ვფიქრობთ, ამხელა ქალაქში როგორ ვიპოვოთ მაკა, რომელმაც უნდა გვიმასპინძლოს. მაკა რუსი წარმოშობის ყოფილი ბალერინაა, ჯონ ჰიუსტონის მეგობარი. პირველსავე ტელეფონის ჯიხურთან ვჩერდებით, მის ნომერს ვკრეფთ და ჰოი, საოცრებავ! მისი სახლი ჩვენგან სულ ორიოდე ნაბიჯზე აღმოჩნდება!
ჩვენ პატივსაცემად მაკა თავის მეგობრებს ეპატიჟება. ერთი მათგანი, წვერიანი მოღიმარი მამაკაცი ხელს გვიწვდის.
- მე ვლადი მქვია, მხატვარი ვარ. მამაჩემი ვიქტორ სერჟი იყო.
მაკას ვაჟმა, რომელიც ტელევიზიაში მუშაობს, ნებართვა მიიღო, პატარა გადაცემა გააკეთოს შენზე. რა კარგად აეწყო ყველაფერი! სწრაფად ვადგენთ პროგრამას. უნდა გადავთარგმნოთ რამდენიმე ტექსტი ესპანურად, დავწეროთ შენი ბიოგრაფია, სასურველია, დაწვრილებით, რადგან შენ აქ არავინ გიცნობს. ასევე, უნდა ვიფიქროთ დეკორაციაზე და შევარჩიოთ აკომპანემენტი. ხანგრძლივი კამათის შემდეგ სოლო-კონცერტზე ვჯერდებით. ვარჩევთ ამერიკული ტელევიზიისთვის განკუთვნილ რეპერტუარს - ეს ისაა, რაც აქაურ პუბლიკას ზუსტად მოერგება.
აი, ტექსტი, რომელსაც შენ კონფერანსიეს უწერ:
«ვლადიმირ ვისოცკი, მომღერალი, მუშაობს მოსკოვში, ტაგანკის თეატრში - საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თეატრში, რომელსაც იური ლიუბიმოვი ხელმძღვანელობს. 1961 წელს ვისოცკიმ დაამთავრა მოსკოვის თეატრისა და კინოს სკოლა-სტუდია. ითამაშა ფილმებში 20-ზე მეტი როლი და შემდეგ თეატრალურ სპექტაკლებში: «ცუდი კარგი კაცი», ჩეხოვის მიხედვით, «გალილეის ცხოვრება» ბრეხტის მიხედვით, «ალუბლის ბაღი» ჩეხოვის მიხედვით და ჰამლეტის როლი ამავე სახელწოდების პიესაში. 1976 წელს დასმა მიიღო გრან-პრი იუგოსლავიაში, სპექტაკლისთვის «ჰამლეტი». ვისოცკი წერს ტექსტებს და მუსიკას სიმღერებისთვის, რომელსაც თავად ასრულებს გიტარის თანხლებით. მისი სიმღერა-ბალადები თემატიკის მიხედვით მრავალფეროვანია - ლირიკული, პოლიტიკური, სახუმარო… მას 600-ზე მეტი სიმღერა აქვს შექმნილი. 5 ფირფიტა აქვს ჩაწერილი მოსკოვში და 2 პარიზში. ვისოცკი არ მიიჩნევა ოფიციალურ პოეტად, ანუ, მისი ლექსები არ იბეჭდება, მაგრამ მისი სიმღერები და ბალადები გამოიყენება კინოში. ის მღერის სცენასა და ეკრანზე. «მე არ მიყვარს მსუბუქი სიმღერები. არ მინდა, ჩემს კონცერტზე მოსულმა პუბლიკამ დაისვენოს. მე მინდა, მათ ჩემთან ერთად იშრომონ. ალბათ ასე ჩამოყალიბდა ჩემი შესრულების მანერა. ჩემი სიმღერა - ეს თითქმის ყვირილია».
ეს ტექსტი კომენტარს არ საჭიროებს, ამიტომაც გადაცემა ინტერვიუს გარეშე გადის ეთერში. შენ მღერი, როგორც ყოველთვის, ძალებს არ იშურებ, ბოლომდე იხარჯები. და…
ტელევიზიის სატელეფონო სადგური ლამისაა, აფეთქდეს ზარებისგან - მაყურებელი აღფრთოვანებულია! ერთი საათის განმავლობაში შენ მთელი მეხიკოს პუბლიკა დაიპყარი…
8 8 8
გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ნიცაში კინაღამ უბედური შემთხვევის მსხვერპლი გავხდით.
ერთი ნაცნობი გარაჟის მფლობელისგან, რომელიც ჰოლივუდის მსახიობებს ემსახურება და ავტომობილების კოლექციას აგროვებს, მანქანა ვიყიდე, რომელიც თავის დროზე ცნობილ ამერიკელ მსახიობს ეკუთვნოდა თურმე. რა გვარი იყო, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს მანქანის მარკა - ეს იყო «კადილაკ-კონტინენტალი». ნამდვილი საოცრება - ცისფერი, გრძელი, მდიდრული, ტყავის სავარძლებითა და დაბურული შუშებით, სტერეომაგნიტოფონით, მინი-ბარითა და მაცივრით. ძვირი არ მიმიცია, რადგან ძალიან ბევრი საწვავი სჭირდებოდა, სადღაც 28 ლიტრი 100 კილომეტრზე. მაგრამ ყოფილა ერთი «მაგრამ», რაც მაშინ არ ვიცოდი. მას მუხრუჭები არ უვარგოდა თურმე.
და აი, აღებ მანქანის კარს, ხელს აჭერ ყველა ღილაკს, მოხერხებულად ჯდები საჭესთან და სიამოვნებისგან თვალებს ლულავ. ფანჯრები ავტომატურად იღება და იხურება, მუსიკის მოსმენა ოთხი დინამიკიდან შეიძლება _ წინ, უკან, მარცხნივ, მარჯვნივ.
ყოველი ახალი «აღმოჩენის» შემდეგ გაფართოებული თვალებით შემომცქერი, თითქოს თავადაც არ გჯერა, რომ ყველა ღილაკი მუშაობს და ყველა რაღაც საოცრებას აკეთებს.
უკვე რამდენიმე საათია, სანაპიროზე მივსეირნობთ. სპიდომეტრი 180 კმ საათს უჩვენებს. ასე მგონია, მანქანა ნავივით მისრიალებს ტრასაზე, ისეთი რბილია. წინადადებას გთავაზობ - ნიცას ზემოდან დავხედოთ, გორაკებიდან. ავდივართ მთაზე. ულამაზესი ხედი იშლება აქედან. ციცაბო აღმართია, რაც განსაკუთრებულ შეგრძნებებს იწვევს, თითქოს ცაში ბილიკით ადიხარ.
მანქანიდან გადმოვდივართ, რომ უკეთესად დავათვალიეროთ პეიზაჟი, დავტკბეთ მზის ჩასვლის ყურებით. თავი ზღაპარში გვგონია.
შემდეგ სენ-პოში უნდა გავემგზავროთ, საღამოს «ოქროს გლობუსში» ვვახშმობთ. მინდა გაგაცნო რუების ოჯახი, ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ადამიანები. განსაკუთრებით საყვარელია ბებია ტიტინო, რომელსაც ჩემი უმცროსი ვაჟი ვლადიმირი განსაკუთრებულად უყვარს.
კვლავ დაბლა ვეშვებით. რაღაცას გიყვები, აღარ მახსოვს… ღიმილით იყურები ფანჯარაში.
მოულოდნელად ვხედავ, რომ მუხრუჭებმა მიმტყუნა. ჩემ წინ მკვეთრი დაღმართია, უკიდურესად დაქანებული. ვაჭერ ფეხს პედალზე, მაგრამ ამაოდ, მანქანა არ მუხრუჭდება. შენ ვერაფერს ამჩნევ, გართული ხარ გარემოს თვალიერებით. ვცდილობ, ხელის მუხრუჭი გამოვიყენო, არც ეს შველის, კადილაკმა მხოლოდ ოდნავ შეანელა სვლა. თავი ფილმში მგონია, საცაა, კლდეს შევასკდებით. არ ვიცი, ბედნიერებაა, თუ უბედურება, მაგრამ პროფესიონალ მსახიობებს ყველას სჩვევია - ისინი მაქსიმალურად აკონტროლებენ თავიანთ ემოციებს. კიდევ კარგი, წინ კაციშვილი არ ჩანს, რომ ფეხით მოსიარულეთ მაინც არ დავეჯახო. არ ვიმჩნევ, მაგრამ საშინლად ვნერვიულობ, თან არაფერს გეუბნები… არადა, მეშინია…
ძლივძლივობით ვახერხებ საჭის დამორჩილებას, ვცდილობ, გზიდან არ გადავუხვიო, მაქსიმალურად ვაკონტროლებ საჭეს…
როგორც იქნა, ჩავიარეთ დაღმართი და როგორც კი გაშლილ ადგილზე გამოვედით, მანქანამ ავტომატურად დაიწყო დამუხრუჭება… ისე, თავისთვის… ბოლოს გაჩერდა და უეცრად დამწვარი რეზინის მძაფრი სუნი ვიგრძენით.
სიმწრის ოფლი მასხამს, რომ წარმოვიდგენ, როგორ შემეძლო წამების წინ კლდეზე გადავჩეხილიყავით. ჩემს თავს არ ვჩიოდი, ერთადერთი შენ მედარდებოდი.
არაფერს გეუბნები, მხოლოდ ცივ წყალს ვითხოვ, რადგან პირი მაქვს გამშრალი. ეს საშუალებას მომცემს, ცოტა გონზე მოვიდე და აზრებს თავი მოვუყარო.
იქვე, ახლოს ვსვამთ წყალს და გზას კვლავ ვაგრძელებთ. აღფრთოვანებული ათვალიერებ როკოკოს სტილის შენობებს და ემოციებს ვერ მალავ. მე ჩუმად ვარ, მხოლოდ გისმენ. მოულოდნელად მანქანამ რაღაც ჭახანის ხმა გამოსცა, თითქოს ვიღაცამ გაისროლაო და გაჩერდა. მექანიკურად ვაჩერებ და ორივე შეშინებული გადმოვდივართ კადილაკიდან. ვხედავთ, უკანა სალონის გვერდითი ფანჯარა ჩამტვრეულია…
მივიხედ-მოვიხედეთ და მებაღეს ვამჩნევთ. იგი ელექტრომაკრატლით გაზონებს კრეჭს…
როგორც აღმოჩნდა, ხელსაწყოში შემთხვევით მოხვედრილი ქვა ასევე შემთხვევით გადმოისროლა მაკრატელმა და იგი ჩვენს მაქანას მოხვდა. რაღაც წამებში ავცდით უბედურებას. ოდნავ უკან რომ ვყოფილიყავით, ის ქვა პირდაპირ შენ მოგხვდებოდა თავში! წარმოდგენაც კი მზარავს!
ჩემთვის ვფიქრობ, ღმერთი სამობითაა-თქო და ამ შემთხვევებით შეშინებული მუხრუჭების ამბავს მხოლოდ ახლა გიყვები.
იმის მაგივრად, რომ ამან შენზე იმოქმედოს, ხარხარს იწყებ.
- უმაგრესი სიკვდილი იქნებოდა. ასეთ მანქანაში, ასეთი ქალის გვერდით, თუნდაც ქვამ მოგკლას, მაინც შესანიშნავი სიკვდილი იქნება!
მაგრამ როცა ატყობ, რომ სულაც არ მეხუმრება, იქვე დასძენ.
- დამშვიდდი. მე ასე ადვილად არ მოვკვდები. ჯერ დრო არ დამდგარა.
გვიან ღამემდე ვერ ვმშვიდდები. გულზე ლოდივით მაწევს რაღაც. მხოლოდ გამთენიისას წამართმევს ძილი თავს. მადლობა ღმერთს, რომ არ გასამდა!
გადავრჩით!
8 8 8
რომში, ესპანეთის მოედნის ერთ-ერთ შესახვევში მდებარეობს რესტორანი «და ოტელო». ეს ჩემი სასადილოა, რბილად რომ ვთქვათ. როცა რომში ვიმყოფები, გადაღებების შემდეგ, ყოველ საღამოს აქ მოვდივარ. რესტორანს ახლა ოტელოს სამი ქალიშვილი განაგებს, რადგან მათი მამა უკვე მოხუცდა. ისინი ჩემი მეგობრები არიან, 30 წელია, ვიცნობ. ერთ-ერთის ქმარი, დარიო შენს «მფარველობას» კისრულობს, სანამ რომში ვართ. ის მუსიკოსია და ზედმიწევნით კარგად ერკვევა მუსიკალურ ინსტრუმენტებში. როგორც ჩანს, ძალიან შეუყვარდი. ყველაფერი კი ერთი ღამის ვახშმით დაიწყო, რომელიც შემდეგ ისტორიულად იქცა.
ალბერტო სორდისთან ერთად ვმონაწილეობ ფილმში «ვითომ ავადმყოფი». შენ თან მიმყვები იტალიაში, რომელიც ძალიან მიყვარს. იგი ჩემს მეორე სამშობლოდ მიმაჩნია. აქ ყველაფერი ძალიან ახლობელია ჩემთვის.
1975 წელია. იქ ჩასვლისთანავე დაგათვალიერებინე კვარტალი, სადაც მე ვჩერდები ხოლმე. ერთი პატარა სასტუმრო მაქვს ამორჩეული, მარიო დეი ფერის ქუჩაზე, რომელიც ორი ნაბიჯითაა დაშორებული ესპანეთის მოედანთან არსებული ცნობილი კიბისა და ჩემი საყვარელი რესტორნისგან. რესტორანი ზემოდან ვაზის ტალავერითაა «გადახურული». თავს ისე გრძნობ, როგორც ვენახში. ღვინო პირდაპირ კასრებიდან მოდის, მათრობელა, შუშხუნა…
ყველანი სუფრასთან ვსხედვართ. მასპინძლები, მათი შვილები, ქმრები, მეგობრები… კლიენტებიც კი ჩვენი მაგიდისკენ მოიწევენ. ამერიკელი და იაპონელი ტურისტებითაა რესტორანი სავსე. აქაური მცხოვრებნიც ბლომად არიან - პენსიონერები, მწერლები, მეცნიერები, მსახიობები… ცნობისმოყვარეთა მზერა არ ილევა, ყველას კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებს სახეზე. მიზეზი?
მიზეზი ერთია - საინტერესოა, როგორ მღერის იტალიაში «რუსი». რადგან მოხუცი ოტელო კომუნისტია, ყველაზე მეტადაა კეთილგანწყობილი შენ მიმართ. მით უმეტეს, რომ მას შენი თავი წარუდგინეს, როგორც «ოპოზიციონერი». ეს კი კარგის ნიშანია, რადგან იტალიელი კომუნისტები ვერ იტანენ «კომუნიზმის რუსულ ხაზს». აქ ბევრი ადამიანია კინოსფეროდანაც, რომელთაც ასე თუ ისე სმენიათ შენ შესახებ - შენს თეატრზე, ლიუბიმოვზე… ჩემი დამტვრეული იტალიურით ვუთარგმნი მათ შენი სიმღერების ტექსტებს. ხანდახან სრული სიჩუმე ჩამოვარდება და მხოლოდ შენი ჩახლეჩილი ხმა ისმის, ხანდახან კი ხარხარი ტყდება. მსმენელი ტაშს აყოლებს მელოდიის რიტმს. შორიდან რომ შეხედოს ადამიანმა, ეგონება, უდიდეს დღესასწაულს აღნიშნავენო. სიმღერის შემდეგ ოვაციები არ ცხრება. ყველა აღტაცებულია შენით!
სწორედ ამ საღამოდან ხდება დარიო შენი საუკეთესო მეგობარი. ის შეგიყვარებს, ჩაიწერს შენს სიმღერებს და 1981 წელს საუკეთესო გადაცემას მოამზადებს იტალიის ტელევიზიისთვის, რომელსაც შენ მოგიძღვნის…
მას შემდეგ რამდენჯერმე მომიწია რომში დაბრუნებამ და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მეორდება - მივდივარ ჩემს საყვარელ ქუჩაზე, ვიცი, რომ მეგობრები გაგიჟდებიან სიხარულით და შემდეგ ყველა ერთად გავიხსენებთ 1975 წლის იმ ხალისიან საღამოს, როცა შენ მთელი მსოფლიო ერთ პატარა რესტორანში მოაჯადოვე…
8 8 8
ზაფხულია. ოტელოს ქალიშვილები იტალიურ ქორწილში გვეპატიჟებიან. რომის გარეუბანში მივდივართ. ერთი სული გაქვს, აქაურ ქორწილს დაესწრო. სოფელს სპოლეტო ჰქვია. ცოტა უფრო დიდია, ვიდრე სოფელი, პატარა ქალაქს ჰგავს. განსაკუთრებით ლამაზია საზაფხულო თეატრი, რომელიც პირდაპირ მოედანზეა განთავსებული.
მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ ქორწილისა დარიო და მისი ცოლია. ისინი ამზადებენ კერძებს, ისინი გასცემენ განკარგულებებს. იტალიური ღვინით სავსე კასრს თავი უკვე მოხადეს. საოცარი არომატი ტრიალებს ჰაერში. მამაკაცები თან საქმეს აკეთებენ, თან ღიღინებენ. ქალები გვირილებისგან გვირგვინებს წნავენ. ჩვენ, ყველანი ერთად, ამწუთას ბოტიჩელის ნახატის პერსონაჟებს ვგავართ, განსაკუთრებით პატარძალი, თავისი ბუნჩულა მკლავებით და მსხვილი ნაწნავებით.
ჩემ გვერდით ზიხარ და მათ აკვირდები. ღიმილი არ გშორდება. სიხარულისგან ღელავ კიდეც. გრძნობ, რომ აქ ყველას ერთმანეთი უყვარს. ლამაზია ქორწილი, ტრადიციული იტალიური ცერემონიალით…
მოგვიანებით მთხოვ, მინდვრის ბოლოს გავიდეთ…
ხელიხელჩაკიდებული მივდივართ. ცხვრის ფარა მოფენილა ირგვლივ. სადღაც შორს, ეკლესიის ზარების ხმა ისმის. აქ კი - ჩიტების ჭიკჭიკი. თავბრუ გვეხვევა - მზისგან, აღფრთოვანებისგან, ერთმანეთისგან…
ჩურჩულით მეუბნები: «რა ყველაფერი მარტივი და მშვენიერია ამ სამყაროში».
მინდორში ვწვებით, შევყურებთ ცას და ჩვენი ჩუმი ბედნიერების წუთებს ვუგდებთ ყურს…
მოსაღამოვდა. ვბრუნდებით უკან და სახლის წინ ვიკრიბებით ყველანი. ვმღერით - ერთად და ცალ-ცალკე. მე და შენ - რუსულად. მე რუსულ «იავნანას» ვიწყებ, მერე შენ გიტარით შემომიერთდები და რომანსებზე გადადიხარ.
ულამაზესი საღამოა, გვინდა, არასდროს დასრულდეს იგი.
გვიან ვემშვიდობებით მასპინძლებს და რომში ვბრუნდებით. გზად ბენზინგასამართ სადგურთან ვჩერდებით, რომ ავზი შევავსოთ. იქვე დიდი ავტობუსი ჩერდება, რომლიდანაც დაღლილი ხალხი ჩამოდის. ჩანს, ტურისტები არიან. მოულოდნელად რუსული ლაპარაკი გვესმის. გაოგნებული ხარ. ამ უცხო ქვეყანაში ამდენი «შენიანი» წარმოუდგენლად მიგაჩნია. უეცრად ვიღაც ყვირის.
- ღმერთო ჩემო! ეს ხომ ვისოცკია! ვისოცკი და მარინა ვლადი!
აი, ახლა იწყება, რაც იწყება. ყველანი შემოგვეხვევიან. გვთხოვენ ავტოგრაფებს. ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლები გაოგნებული შემოგვცქერიან, ვერ ხვდებიან, რატომ შემოგვესივნენ ეს ადამიანები. რუსები გვიღებენ ფოტოებს, გვჩუქნიან სუვენირებს…
ლამაზი საღამო კიდევ უფრო ლამაზად მთავრდება. დილიდან საოცარი დღე გვქონდა. ემოციებით დატვირთული ვბრუნდებით რომში…
გაგრძელება იქნება