ერთ საღამოს უხასიათოდ დაბრუნდი შინ, სავარძელში ჩაეშვი დაქანცული და დაღლილი ხმით მითხარი:
- ხრუშჩოვთან ვიყავი.
ჩემს გაოცებულ მზერას რომ წააწყდი, გააგრძელე:
- მას შემდეგ, რაც ძალაუფლება დაკარგა, მოსკოვთან ახლოს გადავიდა საცხოვრებლად, თავისთვის, მარტო. დამპატიჟა… ისე, უბრალოდ, გასაუბრება უნდოდა ჩემთან. სიმართლე გითხრა, მეც მაინტერესებდა მასთან შეხვედრა. ის ხომ საბჭოთა კავშირის მმართველი იყო და, ასე თუ ისე, ხელოვნების ლიბერალიზაციას ცდილობდა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სტალინის დანაშაულებათა შესახებ ვრცელი მოხსენება გააკეთა. ჰოდა, მივიღე მისი მოპატიჟება, ავიღე ჩემი გიტარა და წავედი.
- როგორ მიგიღო? - სუნთქვა მეკვრის, როცა ამას გეკითხები.
- როგორც შეეძლო. სუფრა გააშლევინა. მაგიდაზე ღვეზელები იდო და, რა თქმა უნდა, ყინულივით ცივი არაყი. ნიკიტა სერგეევიჩს უყვარს ჩარტყმა. ეგრევე გამოკითხვა დამიწყო. აინტერესებდა, როგორ ვწერ სიმღერებს ომზე. ეგონა, ფრონტელები მიყვებოდნენ ისტორიებს და იმის მიხედვით ვთხზავდი ბალადებს. ავუხსენი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სულის ამოძახილია და რომ არავითარი ძალისხმევა ამ ამბების გადმოცემას არ სჭირდება. ვუთხარი, რომ მთავარია, დროებით მოირგო შენი პერსონაჟის როლი და თავი მის ადგილას წარმოიდგინო. ხრუშჩოვს ეს ძალიან გაუკვირდა… მეც მქონდა მასთან შეკითხვები. თან ვეკითხებოდი, თან ვმღეროდი. ყოფილი პირველი მდივნის სახეს დაჟინებით ვაკვირდებოდი, მინდოდა, მისი სულის სიღრმე შემესწავლა. ვკითხე მხატვარ-აბსტრაქციონისტებზე, რომელთა გამოფენას მან ბულდოზერებით გადაუარა. მაინტერესებდა, რატომ გააკეთა ეს. ის გაწითლდა, ხელები მუხლებზე დაიტყაპუნა და უეცრად გაბრაზებული ხმით იყვირა:
- მომატყუეს! არ ამიხსნეს წესიერად, არ მითხრეს, რას წარმოადგენდა მათი ხელოვნება. მე ხომ მხატვრობის არაფერი მესმის, მე გლეხი ვარ! - მერე ამოიხვნეშა და დაამატა, - და საერთოდ, მითხრეს, რომ ისინი პედერასტები არიან.
როცა ნიკიტასთან შეხვედრის ამბის მოყოლა დაამთავრე, სევდიანად გამომხედე.
- ვინ იცის… ერთ დროს მასთან ისე რომ ელაპარაკა ვინმეს, როგორც დღეს მე, 60-იანი წლები იქნებ საბჭოთა ხელოვნების აღორძინების პერიოდი გამხდარიყო, - მერე სინანულით აქნევ თავს, ხელებს შლი და აგრძელებ, - როცა ისინი იქ არიან, ხელისუფლების სათავეში, მათი ნახვაც კი ძნელია, არათუ დალაპარაკება…
8 8 8
შენს საყვარელ მსახიობებს შორის არის ერთი, რომელსაც გამორჩეულად სცემ პატივს. მისი გვარი ენგიბაროვია. ის ახალგაზრდაა და ლამაზი. თავისებურად, ისიც პოეტია, რომელსაც შეუძლია პუბლიკა ერთდროულად ატიროს და აცინოს კიდეც - დიდებიც და პატარებიც. ამ ჯადოქარმა ადამიანმა პირველობის რტო წაართვა უკვე სიჭარმაგეში შესულ ოლეგ პოპოვს და სხვა პოპულარულ ჯამბაზებს. ის მინორული ნოტებით თამაშობს სცენაზე. არავითარი ტორტის კრემი სახეზე, არც წითელი ცხვირი, არც ზოლიანი შარვალი და უზარმაზარი «ბათინკები». მას შეუძლია, მხოლოდ თეფშები დაამსხვრიოს და სიცილისგან ახარხარებული მაყურებელი ერთ წამში ჩააჩუმოს… მერე კი გიკვირს, რატომ გაქვს ყელში ბურთი მობჯენილი. და აი, პუბლიკაც ტირილის პირასაა მისული. ადამიანები ჩუმად იღებენ ჯიბიდან ცხვირსახოცებს, რომ თვალზე მომდგარი ცრემლი მალულად მოიწმინდონ. ეს საოცარი ათლეტი მართლაც რომ სასწაულებს სჩადის არენაზე.
ჩვენ ხშირად ვხვდებით ცირკში ენგიბაროვს და ნიკულინს და მათთან ერთად არაჩვეულებრივ დროს ვატარებთ. ნიკულინი ყველაზე კეთილშობილი ჯამბაზია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. იგი ხშირად უნახავთ ქუჩაში, როცა თავისი მანქანით ბავშვებს ასეირნებდა, სრულიად უცხოებს, რომლებიც აღმერთებდნენ მას. თქვენ ორივენი ერთმანეთით ხართ აღფრთოვანებულნი.
საღამოა… შინ ვართ. გირეკავენ… ვხედავ, სახეზე მიწისფერი დაგედო. როგორც კი ყურმილს დაკიდებ, პატარა ბავშვივით ღრიალს იწყებ. გეფერები, ვცდილობ, დაგამშვიდო. შენ კი მთელი ხმით ყვირი:
- ენგიბაროვი მოკვდა! დღეს დილით, გორკის ქუჩაზე ცუდად გახდა, გულმა უმტყუნა და წაიქცა. არავინ მიეშველა, რადგან მთვრალი ეგონათ!
უფრო და უფრო უმატებ ტირილს.
- ის ძაღლივით მოკვდა, გესმის? პირდაპირ ტროტუარზე!
8 8 8
შენი ცხოვრების ყველა პერიოდში ყოველთვის გყავდა ერთი გულითადი მეგობარი, ისეთი, შენი გულისთვის თავს რომ გადადებდა. 12 წლის განმავლობაში ისინი შვიდნი იყვნენ. მუდამ მაოცებდა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა შენთვის მათ არსებობას, მათ გვერდით ყოფნას, მათთვის საიდუმლოს განდობას. ღამეებს ათენებდით ერთად. ამ მეგობრებს შორის იყვნენ: ივანი - შენი თეატრის მსახიობი, ნიჭიერი, მაგრამ უიღბლო ადამიანი; ვოლოდარსკი - ბავშვობის მეგობარი და სუფრაზე თანამეინახე, რომელმაც ბოლოს მაინც გიღალატა. იყო კიდევ ერთი ხმის ოპერატორი, რომელიც შენი ჩანაწერების ორიგინალებს ფლობდა და თურმე ჩუმ-ჩუმად ვაჭრობდა კიდეც ამით. იყო პერიოდი, როცა ამ ადამიანებთან გადაბმულად მეგობრობდი, დღედაღამ ერთად იყავით, მერე კი, ამა თუ იმ მიზეზის გამო, თავიდან იშორებდი მათ და სამუდამოდ ივიწყებდი.
მაგრამ ერთი ბოლომდე შენ გვერდით დარჩა. როცა ეს ადამიანი გამაცანი, მაშინვე მივხვდი, რომ იგი დაბრუნდა იქიდან, საიდანაც, ჩვეულებრივ, არ ბრუნდებიან. იგი სამუდამო კატორღაში იმყოფებოდა, 170 წელი ჰქონდა მისჯილი. სასჯელს ციმბირში იხდიდა და სკკპ-ის მე-20 ყრილობის შემდეგ ამნისტია შეეხო. 16 წელი გაატარა ბანაკში. 16 წელი კატორღა ერთი უწყინარი წერილის გამო, რომელიც ერთ-ერთ «მგზნებარე» პოეტზე დაწერა. თუმცა მან გაუძლო გადასახლების მძიმე ყოფას. მახსოვს, როცა გავიცანი და თავისი დამწვარი ხელი გამომიწოდა, შევძრწუნდი. როგორც შენ მომიყევი მოგვიანებით, იგი აწამეს. იმისთვის, რომ მოენანიებინა თავისი «საქციელი», ხელი ცეცხლის ალში ჩააყოფინეს, მაგრამ ვერ გატეხეს. მან ასე უთხრა ჯალათებს: «ტყუილად ირჯებით. აზრი არა აქვს ჩემ დაკითხვას», რამაც თვითონ ჯალათების აღფრთოვანებაც კი გამოიწვია.
ამ ქვისგან გამოთლილ ადამიანს ერთი სუსტი მხარე მაინც აქვს - იგი ყოველ დილით საგულდაგულოდ გადაივარცხნის ხოლმე თმას მარჯვნიდან მარცხნივ, რათა სიმელოტე დაფაროს. მისთვის განსაკუთრებით მტანჯველი ქარიანი ამინდია, როცა მისი სათუთად გადავარცხნილი ქოჩორი ყალყზე დგება და პატრონს არ ემორჩილება. ჩვენ ჩუმად გვეღიმება ამაზე. ახლა ის გეოლოგია, ხელმძღვანელობს პატიმრების ბრიგადას. მათ არ ჰყოფნით სივრცე, ჰაერი, თავისუფლება. ისინი დროის უმეტეს ნაწილში ციმბირის ტაიგაში ცხოვრობენ. ვერტმფრენით გადმოაფრენენ ხოლმე, როცა აქ მუშახელი სჭირდებათ გათხრებისთვის. მათი ცხოვრება თითქმის ბერების ცხოვრებას ჰგავს - უქალოდ, უსასმლოდ… სამუშაო დამღლელია, მაგრამ კარგად უხდიან. როცა კატორღელები მოსკოვში ჩამოჰყავთ, მათთვის ყოველი აქ გატარებული დღე დღესასწაულია. მიუხედავად ამისა, მათ სახეებზე ღიმილს ვერ შეამჩნევ. ისინი თვალცრემლიანი უსმენენ სიმღერებს, რომლებიც მათი მონათხრობის მიხედვით გაქვს დაწერილი, თავს აქნევენ და უსიტყვოდ გეხვევიან. საოცარი ურთიერთობა აქვთ, უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის. ერთმა მათგანმა, როცა ჩაგეხუტა, შემთხვევით ღილი აგაწყვიტა პიჯაკიდან და მეორეს ანიშნა, დააკერეო. სანამ მე რამეს მოვიფიქრებდი, იმ მეორემ დააძრო ნემსი და ძაფი და სათუთად დააკერა ღილი შენს პიჯაკს, თან საუბარი გააგრძელა. მათ არ ჰყავთ უფროსი, არც ხელქვეითი, ისინი ერთმანეთის წინაშე თანასწორნი არიან. ერთად გატარებულმა წლებმა მათი სულები ყველანაირი ბოროტებისგან გაწმინდა. მათ არ ახასიათებთ პატივმოყვარეობა, ეჭვი, შური… ისინი გულწრფელად კეთილები და უბრალოები არიან.
ჩემთან არასდროს საუბრობენ წარსულზე, ერიდებათ. მაგრამ მე მათი ამბები შენი სიმღერებიდან ვიცი. მაგალითად, ერთ-ერთ მათგანზე, რომელმაც რამდენჯერმე სცადა გადასახლებიდან გაქცევა, მაგრამ დაიჭირეს და ყოველ ჯერზე უმატებდნენ და უმატებდნენ სასჯელის ვადებს. და ბოლოს იმდენი დაუგროვდა მოსახდელი, რომ უკვდავი უნდა ყოფილიყო, იმდენ ხანს ეცოცხლა.
- რამდენი რამ გადაუტანია ხალხს, ამ დედამიწას… ომები, კატორღები, სისხლითაა მორწყული სამყარო… ყველაზე ცოდვილი დედამიწაა, - ამბობ სინანულით.
«დედამიწასაც აწუხებს ჭრილობა,
ყვავები მასაც ძიძგნიან იარებს,
გაშიშვლებული ცოდვილი ხმელეთი
ჯოჯოხეთური გოდებით ხრიალებს.
თუმცა დედამიწა ტკივილებს აიტანს,
და იგი ვერასდროს გახდება საპყარი,
ვინა თქვა, მიწა აღარ მღერისო,
ჰანგებით ივსება ცა, სახლი, საყდარი.
მისი ხმა წკარუნობს ვით ცისკრის ზარები,
ტკივილი შორეულ სიღრმიდან ამოხეთქს,
ყველა ჩვენგანის სულია დედამიწა,
ჩვენსავით გაუძლებს სულის მძაფრ ამბოხებს.
ვინა თქვა, რომ მოკვდა ბებერი ხმელეთი,
მას ვერ მოერევა უკუნი, ბნელეთი,
ტანჯვისგან მხოლოდღა წარბები შეერხა,
ამიტომ სუნთქვა დროებით შეეკრა…»
8 8 8
ჩვენ ორივენი ქალაქის შვილები ვართ. შენ მოსკოვის ცენტრში გაიზარდე, მე - პარიზში. ჩვენთვის ქუჩა იყო პირველი სათამაშო მოედანი. 9 წლის ასაკში გერმანიაში ამოყავი თავი, ტყესთან გაშენებულ პატარა ქალაქში. იქ პრინცივით გაცხოვრებენ, დედინაცვალი განებივრებს. გჩუქნიან ნაგაზს და მასთან ერთად სეირნობ ტყეში… მეც 15 წლის გადმოვსახლდები მეზონ-ლაფიტზე, პარიზთან ახლოს, და სწორედ იმ დროიდან შემიყვარდება სოფელი და მცენარეები - ხეები, ბუჩქები… ბევრს დავრგავ სახლის გარშემო.
შენც ჩემსავით ხარ, სოფლის ბუნება გიყვარს. ყოველთვის, როცა მოგზაურობიდან ვბრუნდები, აუცილებლად ჩამომაქვს რაღაცის ნერგი. უკვე ჩვეულებად მექცა.
მოსკოვში პირველი ჩამოსვლისთანავე მიჩნდება სურვილი, გარეუბანში სახლი ვიყიდო. მაგრამ ეს ჩემთვის გადაუჭრელი პრობლემა ხდება, რადგან უცხოელი ვარ. უცხოელებს კი უფლება არა აქვთ, 40 კილომეტრს იქით გასცდნენ მოსკოვს. ამისთვის სპეციალური ნებართვაა საჭირო. გარდა ამისა, მოსკოვის გარეუბნებში სახლებს ცეცხლი უკიდია, ისეთი ძვირია. ოცნება ოცნებად მრჩება.
სურვილი უფრო მიმძაფრდება შენთან ცხოვრების დაწყების შემდეგ. ჩვენი ბევრი მეგობარი ცხოვრობს აგარაკებზე და როცა მათგან ვბრუნდებით ხოლმე, ორივე ვოცნებობთ, ასეთი აგარაკი ოდესმე შევიძინოთ და ჩვენი გემოვნებით მოვაწყოთ. რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობთ კიდეც, როგორმე მივაღწიოთ ამას. რამდენჯერ ვყოფილვართ ამა თუ იმ გასაყიდი სახლის სანახავად წასული. უბრალოდ, მივდივართ და ვათვალიერებთ. აი, ერთ-ერთი: არაჩვეულებრივი ადგილია, მდინარესთან ახლოს. ირგვლივ არყის და ნაძვის ხეები ხარობს. ორივე ერთად ვადგენთ სახლის პროექტს, როგორ გადავაკეთებთ, როგორ მოვაწყობთ… მე ბუხარი მინდა, ძალიან მომწონს. შენ სხვენზე ოცნებობ, რომ მშვიდად იმუშაო. რა თქმა უნდა, ჩვენს ოცნებას ასრულება არ უწერია. უცხოელებს აკრძალული გვაქვს ასეთ ადგილას დასახლება.
მეორედ ერთი ქოხი მოგვეწონება. ცისფერსა და თეთრ ფერებში შეღებილი, ბოსტნით და ლამაზი ბაღით. სახლს კეთილი ბაბუა უვლის, რომელიც ყოველთვის თბილად გვხვდება. ერთად ვსვამთ ხოლმე ჩაის და ვისმენთ რუსულ ისტორიებს. ზამთრის სუსხიან საღამოს თბილ ღუმელთან ვსხდებით და სიამოვნებით ვუგდებთ ყურს ცეცხლის გუგუნს. გვინდა ამ პატარა ქოხის ყიდვა. უკვე გეგმებს ვაწყობთ. მოხუცსაც მოველეპარაკეთ. ფულიც ნაშოვნია და აი, მივდივართ, რომ საქმე დავამთავროთ, მაგრამ…
ჩვენი მასპინძლის სახის გამომეტყველებით ვხვდებით, რომ არაფერი გამოვა. ის გვიხსნის, რომ ეს დასახლება სამხედროებისაა და ჩვენნაირი ოდიოზური ფიგურების აქ ცხოვრება სასტიკად აკრძალულია. კვლავ აკრძალვები! აცრემლებული ვბრუნდებით უკან. მოსაგონებლად მხოლოდ იქ გადაღებული ფოტოსურათები გვრჩება.
რადგან გამოსავალს არ გვიტოვებენ, გადაწყვეტილებას ვიღებ - ვიყიდო სახლი ბორბლებზე. იგი ერთ გამოფენა-გაყიდვაზე შეგვხვდა. მშვენიერი რამ არის - სამზარეულო, სააბაზანო, საძინებელი, მისაღები და გათბობის სისტემა. შენც დაგიჯდა ჭკუაში მისი ყიდვა, რომ შემდეგ ვიმოგზაუროთ რუსეთის გარშემო. ამბობ, რომ ბოლოს სახლს სადმე, გარეუბანში ჩადგამ, მეგობრების სიახლოვეს. უკვე აზარტში ხარ შესული. მეგობარ კაპიტანსაც კი მოელაპარაკე, რომელიც მოგეხმარება, რომ გემით ჩამოვიტანოთ ახალი სახლში ოდესაში და მერე ფურგონით მოსკოვში გადმოვიტანოთ. მაგრამ არც ამ ოცნებას უწერია თურმე ახდენა. ის ისეთი ძვირი გამოდგა, რომ ჩვენ ვეღარ შევწვდებით. რაც კი ფული დავაგროვე, მოგზაურობის დროს თითქმის მთლიანად დავხარჯე, ხოლო რაც დარჩა, არ ეყოფა ჩვენს ოცნებას.
და აი, ჩნდება იდეა, ავაშენოთ სახლი რომელიმე შენი მეგობრის მიწის ნაკვეთზე. ერთადერთი, ვისაც მიწის დიდი ფართობი აქვს აგარაკზე, შენი ბავშვობის მეგობარი ვოლოდარსკია. ის მაშინვე გვთანხმდება, დაგვითმოს ნაკვეთი. მე მონახაზს ვაკეთებ. სასტუმრო ოთახი ბუხრით, გვერდით სამზარეულო, ორი საძინებელი, აბაზანა, კიბით ავდივართ სხვენში, სადაც შენი სამუშაო ოთახია… სამხრეთით აივანი ექნება. ყველაფერი იქნება ხის და ზომით პატარა. არადა, 1978 წელია. იწყება ეპოპეა, რომელზეც ჩვენ ჯერ წარმოდგენაც არ გვაქვს. ამ ქვეყანაში კანონიერად ელემენტარულად, ლურსმანს და ჩვეულებრივ ფიცარსაც ვერ შეიძენ. ამიტომაც გიწევს აგარაკიდან აგარაკზე ხეტიალი და მთელი ქალაქის გადაქექვა, რომ სამშენებლო მასალები მოიპოვო. მოკლედ, ნაცნობობით და იაფად ნელ-ნელა შოულობ. ყველა ქარხანაში, ყველა საწარმოში თუ საწყობში მართავ კონცერტებს, რომ ფულის მაგივრად მასალები წამოიღო.
და აი, უკვე ყველაფერი გვაქვს - ფუნდამენტიდან დაწყებული, სახურავის მასალით დამთავრებული.
ერთი სიტყვით, მშენებლობა დაიწყო. ჯერ შავი კარკასი… მერე კარები დააყენეს, მერე ფანჯრებიც… ნელ-ნელა წინ მიიწევს საქმე. მე სასწრაფოდ მივფრინავ ლონდონში, სადაც ფასდაკლებების სეზონი იწყება. სამი დღე დილიდან საღამომდე მაღაზიებში დავრბივარ და ვყიდულობ ყველაფერს, რაც აგარაკისთვის გვჭირდება. სალონი ინგლისურ სტილში, საწოლები, სანათურები, თეთრეული, მაცივარი, ჭურჭელი, ღუმელი, სამზარეულოს კომბაინი… მართალია, გავკოტრდი, მაგრამ ისე მიხარია, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არა აქვს.
ამასობაში ჩვენი მშენებარე სახლი ნელ-ნელა ნამდვილ სახლს ემსგავსება. 1979 წლის ბოლოს ავეჯიც ჩამოვიდა. მთელ დღეებს მარტო ვატარებ სახლში, რათა ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო, მაგრამ უეცრად საფრანგეთში მიძახებენ გადაღებებზე და მივდივარ. ამის გამო ახალსახლობას ვერ ვზეიმობთ.
1980 წლის გაზაფხულზე ყველაფერი მზადაა, მაგრამ შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მხოლოდ ორ დღე-ღამეს ვატარებთ აგარაკზე, რომელზეც ამდენი წელი ვოცნებობდით. მთელი ჩვენი ძალისხმევა, მთელი შენაძენი, დახარჯული ფული არასდროს არაფერში გამოგვადგება. ოცნებები იმსხვრევა.
ამას ემატება ისიც, რომ შენი მეგობრების მადა იზრდება. ისინი ამბობენ, რომ ეს სახლი მათ ეკუთვნით, რადგან მათ ტერიტორიაზეა აშენებული…
და ყველაფერი მთავრდება იმით, რომ ბოღმისგან გაბერილები მოაყენებენ ბულდოზერს და აქაურობას დაანგრევენ. ავეჯს გაყიდიან, ხოლო დარჩენილი ნივთები ყოფილი მეგობრების სახლში აღმოჩნდება. მინდოდა, ეს სახლი შენი შვილებისთვის გადამეცა, მაგრამ მიწის მფლობელს სხვა გეგმები აღმოაჩნდა. როცა ნახეს, რომ სახლის მითვისება არ გამოსდიოდათ, ხუხულასავით დაანგრიეს იგი. დამრჩა მხოლოდ რამდენიმე ფოტოსურათი, რომელიც 1980 წლის სექტემბერშია გადაღებული.
შენს საცოდავ მეგობრებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, საკუთარი ტერიტორიის შესყიდვა რომ შეგვძლებოდა და იქ სახლის აშენება, ალბათ სიცოცხლეს რამდენიმე წლით მაინც გაგიხანგრძლივებდა…
8 8 8
ჩემი მეორე ქმარი, ჟან-კლოდ ბრუიე გაგაცანი. ის ავიაკომპანიის მფლობელია აფრიკაში, მფრინავია და კეთილი ადამიანი. ძალიან დაახლოვდით. არადა, წესით, არ უნდა მოგწონებოდათ ერთმანეთი. ჯერ ერთი, ჩემ გამო და მეორეც, თქვენ-თქვენი ძლიერი ხასიათის გამო. და კიდევ - ერთი სულით ხორცამდე ანტიკომუნისტია, მეორე კი პირდაპირ რუსეთიდანაა ჩამოსული. ერთი საქმოსანია, მეორე - არტისტი. ამას დამატებული, შენ ფრანგული არ იცი, იმან - რუსული. მიუხედავად ამისა, ცოტა ადამიანებს თუ გამართლებიათ ასე მეგობრობაში. შენი დამტვრეული გიტარა დღემდე კიდია ჟან-კლოდის სახლის კედელზე.
მან რამდენჯერმე თავისთან დაგვპატიჟა კუნძულზე და ჩვენი ყოველი იქ ჩასვლა ნამდვილ თაფლობის თვეს ემსგავსება.
ბოლოს ჟან-კლოდმა თავის მეოთხე ქორწილზე დაგვპატიჟა, რომელიც ტაიტიზე უნდა გადაიხადოს. მე პარიზიდან გადავფრინდები, შენ კალიფორნიიდან მოგვიანებით ჩამოხვალ, სადაც გასტროლები გაქვს.
ქორწილი გახურებულია. მუსიკოსები და მოცეკვავეები ყველა კუნძულიდან ჰყავს ჩამოყვანილი სიძეს. ჩემი ვაჟები - იგორი, პეტია და ვალოდია მოუთმენლად გელიან, ისევე, როგორც ჟან-კლოდი, მაგრამ შენი დეპეშა ყველას გვაღონებს - არ მოგცეს ტაიტის ვიზა და ლოს-ანჯელესში გველოდები. მაგრამ ქორწილი ტაიტიზეა! და ისეთი სილამაზეა აქ! დღეც და ღამეც მუსიკა უკრავს, ცეკვავენ და ილხენენ. ჩემი მეგობრები და შვილები ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დაფრინავენ.
ორი კვირის შემდეგ მე და ჟან-კლოდი თავისი ახალი ცოლით აშშ-ში მივფრინავთ. შენ აეროპორტში საჩუქრებით დახუნძლული გვხვდები. ჟან-კლოდი მაჯიდან თავის საათს იხსნის და გჩუქნის. სხვა დროს არასდროს გიტარებია საათი, მაგრამ ამას სიკვდილამდე არ მოიხსნი მაჯიდან.
მოსკოვში დაბრუნებამდე ორი კვირა კიდევ რჩება. დარჩენილ დროს ჩვენს მეგობართან - მიშა მაიკთან ვატარებთ. ის კომპოზიტორია, ფოლკლორულ მუსიკას ქმნის. ოკეანის პირას ულამაზესი სახლი აქვს. მიშას პატარა ხმის ჩამწერი სტუდია აქვს, სადაც შენ მთელ დღეებს ატარებ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე - არ ჭამ, არ ისვენებ, არ იძინებ და მხოლოდ ლაპარაკობ… ჩემი უფროსი შვილისგან გამოცდილება უკვე მივიღე - წარსულში ისიც ნარკომანი იყო და ეჭვი მიჩნდება, რომ შენც ჩაგითრიეს ამ ჭაობში, თუმცა მიჭირს ამის დაჯერება. თან თავს ვიმშვიდებ. ვიმედოვნებ, რომ ეს დროებითია და მალე გაგივლის. შენთან ერთად დავდივარ ჩინურ რესტორანში, კინოში, ვიცინი, თავს მხიარულად გაჩვენებ. ხანდახან თვითონ ცდილობ, ამიხსნა, რაც ხდება შენს თავს, მაგრამ არ გამოგდის. უკვე მეც ვერ ვმალავ შეშფოთებას. არადა, იცი ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი - მეზიზღება ნარკოტიკები. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი ჩემ თვალწინ ანადგურებდა ღვიძლ შვილს. შეგნებულად ვეწინააღმდეგები რეალობას და ჩავაგონებ საკუთარ თავს - ვერ ვხედავ, ვერ ვიგებ, არ მინდა გავიგო!..
შენ კი… შენ ალბათ ჩემი დახმარების იმედი გქონდა. ჩვენ ხომ წლების განმავლობაში ერთად ვებრძოდით შენს ალკოჰოლიზმს. ყველაფერი გამოვცადეთ ერთად. გადავლახეთ ის წინააღმდეგობა. მახსოვს, ერთხელ მეც ჩავიკერე ესპერალი, რომ არც ერთს ცხოვრებაში ერთი ჭიქაც არ დაგველია. თუმცა ჩემთვის ეს მხოლოდ მცირე მსხვერპლი იყო, მე ხომ იშვიათად ვსვამდი, მხოლოდ მეგობრების წრეში და ხანდახან. შენ ბრაზდებოდი კიდეც, რომ ჩემთვის ეს ასე ადვილი გამოდგა. როცა ექიმი გეუბნებოდა, რომ სიგარეტი შენი სუსტი გულისთვის მავნებელია, მეც უარს ვამბობდი მოწევაზე. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ შენ მყოლოდი კარგად. ახლა კი, აქ, ამერიკაში, ვერ ამიხსნია შენი გაცივება. მინდა, ვიფიქრო, რომ შენი გულგრილობა გადაღლილობის ბრალია. მგონია, რომ ათწლიანმა ცოლქმრულმა ცხოვრებამ თავისი გაიტანა. რას ვიფიქრებ, თუ ეს ყველაფერი მორფის შედეგია…
8 8 8
1972 წელია, პარიზში ვარ. ვუყურებ ტელევიზორს. გადაცემაა, როგორ ნადირობენ მგლებზე ვერტმფრენით. ფილმი ციმბირშია გადაღებული. სულის შემძვრელი სანახაობაა - ადამიანები უმოწყალოდ ანადგურებენ მგლების ხროვას. გავეშებული ცხოველები თოვლში ცდილობენ მიმალვას, თან გამწარებით შეჰყმუიან ცაზე დაკიდებულ მანქანას, საიდანაც სიკვდილი წვიმასავით მოდის.
მალე თოვლი თითქოს სისხლიანი ხალიჩებით იფარება. თითქმის ვერც ერთი მგელი ვერ გადაურჩა ამ ომს…
ემოციებით დატვირთული გირეკავ და ტელეფონით გიყვები ფილმის შინაარსს. შენ იმ ღამესვე წერ სიმღერას «ნადირობა ვერტმფრენიდან»…
გადის რამდენიმე დღე. კრის მარკერის ახალი ფილმის ჩვენებაზე მიწვევენ, რომელსაც «ჰაერში წითელი ფერია» ჰქვია. ბოლო კადრი მგლებზე ნადირობაა. უცნაური დამთხვევაა. კრისს შენი სიმღერის ისტორიას ვუყვები. ის ტექსტს მთხოვს. აღფრთოვანებულია. შემდეგ სასწრაფოდ გადაათარგმნინებს მას და თავისი დიდებული დოკუმენტური ფილმის დასაწყისში იყენებს…
8 8 8
უნგრეთი, 1977 წლის მიწურული. ცუდი ამინდია, ცა შავი ღრუბლებითაა დაფარული. აეროპორტში ვარ, ორი საათია, შენს ჩამოფრენას ველოდები. ბუდაპეშტში უნდა ჩამოხვიდე, ფილმის გადაღებებზე. ეს პირველი ფილმია, სადაც მე და შენ ერთად ვთამაშობთ. ეპიზოდური როლი გაქვს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. თვითმფრინავი იგვიანებს და, როგორც სჩვევია აღმოსავლეთ ევროპას, არავინ გვეუბნება მისი დაგვიანების მიზეზს…
მოულოდნელად გუგუნის ხმა ისმის. გამოჩნდა თვითმფრინავი, რომელიც ისე დაბლა ეშვება, ლამისაა, საკონტროლო კოშკს გამოედოს ფრთებით. შიში მიპყრობს. ხალხს პანიკა იპყრობს.
თვითმფრინავი ძლივძლივობით კვლავ იღებს სიმაღლეს და აკრობატულ ილეთებს უკვე მერამდენედ აკეთებს. ძალიან მეშინია, შენ ხომ იქ ხარ, სალონში, ხოლო მდგომარეობა ერთობ უიმედოა.
ცოტა ხანიც და თვითმფრინავი უკვალოდ ქრება. უნგრულ ენაზე აცხადებენ, რომ ჯ-602-მა დაჯდომა ვერ განახორციელა, რის გამოც მის მგზავრებს ხვალ, დილის 5 საათზე, მატარებლით ჩამოიყვანენ ბუდაპეშტში.
სასტუმროში მივდივარ, რათა ცოტა წავუძინო. მინდა შენთან ამ ორმაგი შეხვედრის დროს - რეალობაში და ეკრანზე - ლამაზად გამოვიყურებოდე.
ზუსტად 6-ის ნახევარზე მატარებელი ბაქანზე ჩამოდგება. ქურქი მაცვია, მაგრამ მაინც საშინლად მცივა, ალბათ ვერ გამოვიძინე ხეირიანად. პლატფორმის ბოლოში გხედავ, გაფითრებულს, ორი უზარმაზარი ჩემოდნით, რომელსაც ვერ ვცნობ. ჩვენ ასეთები არ გვქონია. შენ მიღიმი, თან თავს უქნევ თავბრუდამხვევი სილამაზის შავკანიან გოგონას, რომელიც შენ მერე ჩამოდის ვაგონიდან. ის ჯაზის ჯგუფიდანაა თურმე, რომელიც ბუდაპეშტში გასტროლებზე ჩამოვიდა. ჩემოდნებიც მისია. ამბობ, რომ მთელი ღამე ლაყბობაში გაატარეთ მატარებელში. და, რა თქმა უნდა, შენ ვერასდროს უწევ წინააღმდეგობას ქალის მომხიბვლელობას!
ვცდილობ, გავიღიმო, ნაძალადევად მაინც…
არ გკოცნი, არც გეხვევი, მხოლოდ გესალმები და ამ მომაჯადოებლად ლამაზ შავკანიანთან ერთად გასასვლელისკენ მივდივარ…
საღამო ჩაშხამებულია, რის გამოც არ შემიძლია ჩემი განწყობის დამალვა. არასდროს ვიცი, როგორს გნახავ ხოლმე ხანგრძლივი განშორების შემდეგ. ჩვენ ისეთ განსხვავებულ ქვეყნებში ვცხოვრობთ, ისეთ განსხვავებულ სამყაროებში, რომ ყოველთვის აუცილებელი ხდება, მორიგი შეხვედრისას თავიდან შევეჩვიოთ ერთმანეთს.
სტუდიაშიც უნდა შევიაროთ, რომ ტექსტი წამოვიღოთ და მცირე რეპეტიცია გავიაროთ. საზიზღრად მტკივა თავი, თანაც, შენი «ვითომ არაფერია» სახე უარეს ხასიათზე მაყენებს.
ფრთხილად ვცდილობ, შევიყნოსო ჰაერი შენი სხულიდან, მაგრამ არყის სუნი არ გიდის. ახლა უკვე აღარაფერი მესმის. ჩემკენ იყურები, მაგრამ თითქოს მე არ მიყურებ… შენს თვალებში სიცარიელეს ვამჩნევ…
მგონია, რომ აღარ გიყვარვარ…
საღამოს უკვე გადასაღებ მოედანზე ვართ, მაგრამ იმდენად ცუდი ამინდია, მუშაობა ფერხდება. ამასთან, შენ მხოლოდ ორი დღე გაქვს, ჩვენ კი მარტო დარჩენის საშუალება არ გვეძლევა. არადა, უკვე ბევრი კვირაა, ერთმანეთი არ გვინახავს. ამ დროის განმავლობაში კი რამდენი რამ დაგვიგროვდა სალაპარაკო…
ფილმის სცენას, რომელშიც მე და შენ ვთამაშობთ, სოფლის შარაგზაზე იღებენ. დილიდან თოვს, წვრილ-წვრილად, მშრალად და ძალიან ჩუმად. მთელი ღამე გვიწევს მუშაობა. პროჟექტორები თოვლზე მბრწყინავ ყვითელ ლაქას ტოვებენ. სცენა მარტივია: მე გათხოვილი ქალის როლს ვთამაშობ, რომელიც თანამშრომელმა მამაკაცმა, ანუ შენ, საღამოს კინოში დამპატიჟა. ჩვენ გამოვდივართ კინოთეატრიდან, ვსაუბრობთ რაღაც-რაღაცებზე და მოულოდნელად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მკოცნი. მე ვიცინი, შენ ბრაზდები. ვამბობ, რომ პირველად მოხდა, როცა ქმრის მაგივრად, სხვა მამაკაცმა მაკოცა და ეს არცთუ უსიამოვნო შეგრძნება იყო. შენ გაოცებული სახით შედგები, მე კი მივდივარ. სტოპ-კადრი!
რამდენიმე დუბლს ვიღებთ. ყოველ ჯერზე რაღაც საოცრება ხდება - შენი ცარიელი თვალები გადაღების მომენტში ეშმაკურად აენთება, ჩემი თავის ტკივილი კი სადღაც ქრება. ერთმანეთს ვკოცნით კამერების წინ და ფილმში ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოგვდის ის, რაც შეხვედრისას არ გამოგვივიდა…
გავა რამდენიმე წელი და მხოლოდ მერე მივხვდები ჩემი შეშფოთების მიზეზს. ის ცივი პანიკა, რომელიც მაშინ შენს თვალებში დავინახე, ნარკომანებს სჩვევიათ, რომლებიც დროზე ვერ იღებენ ნარკოტიკის განსაზღვრულ დოზას…
8 8 8
მას შემდეგ ეჭვიანობა დამჩემდა… მგონია, რომ მღალატობ, რადგან ნამდვილ მიზეზს ვერ ვხვდები. არადა, შენთვის თურმე უკვე «სულერთია» გამხდარა ცხოვრება, თურმე ყველაფერზე უარის თქმით, დამაჯერებლად ემზადები ამქვეყნიდან წასასვლელად. ცდილობ, რაღაც ამიხსნა და ვერ ახერხებ. იმიტომ, რომ იცი, არ მესმის შენი. იქ ჩიხია.
გინდა იყვირო მთავარი სათქმელი, მაგრამ სულ ტყუილად, იმიტომ, რომ ვერ ვხედავ შენი ტკივილის მიზეზს, ვხედავ მხოლოდ იმას, რაც ზედაპირზე ჩანს - ჩემ მიმართ გაცივდი.
გინდა, დამანახვო, რომ გიყვარვარ და ოხრავ, მე კი მხოლოდ ღალატს ვხედავ და ეს მგონია შენი ოხვრის მიზეზი…
გულის მომკვლელ სინამდვილეს მხოლოდ მაშინ ჩავხვდები, როცა უკვე არაფრის შეცვლა არ იქნება შესაძლებელი. შენი გადაღლილი გული ფეთქვას შეწყვეტს. პირველად - 1979 წლის 25 ივლისს, ბუხარაში გამართულ კონცერტზე. პირდაპირ სცენაზე ეცემი.
გულში გაკეთებული ნემსი დაგაბრუნებს იმ ქვეყნიდან…
ერთი წლის შემდეგ, ზუსტად იმავე დღეს, 1980 წლის 25 ივლისს, შედგება შეხვედრა სიკვდილთან…
მახსოვს, როგორ მითხარი ერთხელ:
- ხომ ხედავ, მე მას არ ვჭირდები - ამ უდიდებულესობა დამას შავებში… არც მე ვჩქარობ მაინცდამაინც მასთან შეხვედრას…
მიუხედავად ამისა, შენ ყველაფერი გააკეთე, რომ მომზადებულიყავი და სიკვდილთან პაემანზე არ დაგგვიანებოდა…
8 8 8
ოდესა… 1968 წელი. შენს ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან ფილმში თამაშობ: «მსახურობდა ორი მეგობარი». თეთრგვარდიელი ოფიცრის როლს თამაშობ, რომელიც მძაფრი ბრძოლების შემდეგ გემზე ადის და სამუდამოდ ტოვებს რუსეთს… შენი თეთრი ცხენი კი ზღვაში შეცურავს, რათა შენს კვალს გამოჰყვეს…
ეს როლი განსაკუთრებულად გიყვარს. მასში ნაჩვენებია სულში დაჭრილი ადამიანი, რომელიც სიტუაციამ სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა, მაგრამ მაინც ბოლომდე ამაყი და ძლიერი რჩება. ის თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხედავს, როგორ ხუხულასავით დაინგრა სამყარო და ცხოვრებამ აზრი დაკარგა. თუმცა ფილმის საბოლოო ვარიანტში ეს იდეა ქრება და რჩება მხოლოდ რამდენიმე სცენა - სხვათა შორის, მშვენიერი და რაღაცნაირად ამოუხსნელიც…
ცენზურამ, რომელმაც იგრძნო ამ როლის წარმატება, სასწრაფოდ დაჩეხა იგი.
ფილმის მთავარი გმირი, რა თქმა უნდა, წითელი არმიის ოფიცერი უნდა ყოფილიყო…
ამიტომ სცენარი შეცვალეს…
აქ, ოდესაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლიც ითამაშე, ოღონდ ტელევიზიისთვის. ხუთსერიიანი ფილმი, «შეხვედრის ადგილი უცვლელია», რომელიც 40-იანი წლების მილიციის საქმიანობაზე მოგვითხრობს, საოცრად პოპულარული ხდება. ქალაქი თითქოს ქვავდება, როცა მორიგ სერიას უჩვენებენ ტელევიზორში. ირგვლივ დაცარიელებულია ქუჩები, ყველა ეკრანთანაა მიჯაჭვული. გარდა ამისა, ამ ფილმში შენ დადებით პერსონაჟს თამაშობ, რადგან, ძირითადად, ყოველთვის უარყოფითი გმირის როლები გხვდება.
არადა, რაც უნდა გაეკეთებინათ «მათ», შენ მაინც უყვარდი პუბლიკას. რადგან მათ შენი სიმღერები უყვარდათ. ეს სიყვარული თითქოს «კანონგარეშე» იყო, ხოლო უარყოფითი როლებით საბჭოთა კავშირის ჩინოვნიკებმა პირიქით, გაუძლიერეს პუბლიკას შენი სიყვარული და უნებლიეთ უფრო პოპულარული გაგხადეს.
წლების განმავლობაში შენს პოეზიაში უფრო ღრმა თემებმაც წამოიწია. შენ სხვა როლებიც ითამაშე. ბოლოს, როგორც იქნა, დაგრთეს ნება, გეთამაშა ფილმში «ქვის სტუმარი». სწორედ ამ როლმა წამოჭრა ყველა ის პრობლემა, რომლებიც შენს გვიანდელ ლექსებში აისახა. საკუთარი თავის გადალახვა, მტკივნეული შეკითხვები ცხოვრების არსზე, გამოწვევა არსებულ რეჟიმთან, შავი იუმორი თავისუფლების თაობაზე…
- წავიდე რუსეთიდან? რატომ? მე არ ვარ დისიდენტი, მე არტისტი ვარ! - ამ სიტყვებს ამბობ ნიუ-იორკში, სი-ბი-ეს-ის გადაცემაში «60 წუთი». სახეზე წამოწითლდები და თვალები გაგითეთრდება - ვხვდები, როგორ ღიზიანდები.
- მე ვმუშაობ სიტყვებთან, ჩემთვის აუცილებელია მშობლიური ფესვები, მე პოეტი ვარ. რუსეთის გარეშე მე არარაობა ვიქნები. იმ ხალხის გარეშე, ვისთვისაც ვწერ, მე არ ვარსებობ. არ შემიძლია ვიცხოვრო იმ პუბლიკის გარეშე, რომელიც მაღმერთებს. მათი სიყვარულის გარეშე გავიგუდები. მაგრამ მე ვკვდები თავისუფლების გარეშე».
მართალია, ამ სიტყვებს შენ არ ამბობ, მაგრამ დასკვნა მე გამომაქვს.
12-წლიანი თანაცხოვრების პერიოდში მე ყველა შენი გამონათქვამი მოვაგროვე, შენი ყველა საუბარი, ყვირილი, აღიარება, აფეთქება… ეს აზრები შენს თითქმის ყველა სიმღერაში ჩანს.
როცა ამერიკული ტელევიზიის მნიშვნელოვანი ფიგურა გეკითხება, რატომ არ რჩები აშშ-ში საცხოვრებლად და, ყველაზე მთავარი, როგორ მოხვდი მათ ქვეყანაში, ისევე გიჭირს პასუხის გაცემა, როგორც ტელევიზიის იმ მთავარ ჩინოვნიკს, რომელიც გეკითხება: «რატომ ბრუნდებით ხოლმე უკან? რა გაიძულებთ? აქ რა, ადგილი არ გყოფნით?»
ეს ორმაგი წინააღმდეგობა გამოუვალი მდგომარეობაა. შეიძლება თავიდან უფრო ადვილი იყო ყველაფერი. ახალგაზრდობაში ოცნებობ, როგორც ბევრი საბჭოთა ადამიანი, საოცრებათა ქვეყნებზე - ამერიკაზე, საფრანგეთზე, ან სულაც, ეგზოტიკურ მხარეებზე, მაგალითად, ახალ ზელანდიაზე. თუმცა, ამაზე ოცნებაც კი ზედმეტია. იქ ვერასდროს ვერავინ მოხვდება, თუ არ ჩავთვლით დიპლომატების ბავშვებს. «რკინის ფარდის» მიღმა მდებარე ქვეყნები 50-60-იან წლებში სხვა პლანეტად მოიაზრება. როცა ჩვენ ერთმანეთს გავიცნობთ, მხოლოდ მაშინ იწყებ ოცნებას მოგზაურობაზე და ვინ იცის, რამდენს ვმოგზაურობთ დედამიწის გარშემო ჩვენს ფანტაზიებში, ღამეებს თეთრად ვათენებთ. მეორე დღეს კი მკაცრ რეალობას ვეჯახებით…
თუმცა, ყოველთვის სერიოზულად ვმსჯელობთ ერთადერთ შესაძლებლობაზე - რომ ერთ მშვენიერ დღეს პარიზში ჩამოხვალ. ამაში თითქოს არაფერია შეუძლებელი. შენ დაქორწინებული ხარ ფრანგ ქალზე.
ეს ოცნება კი მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ ახდება, ისიც - რაღაც საოცრებებით.
ექვსი წლის განმავლობაში შეუძლებელს ვაკეთებ, რომ შენთვის საფრანგეთის ვიზა მოვიპოვო. იქნებ «იმათ» უხაროდათ კიდეც, როცა ამ ვიზას გასცემდნენ და ფიქრობდნენ, როგორც იქნა, საბოლოოდ გავთავისუფლდით ამ კაცისგანო, მაგრამ…
სინამდვილეში ეს სულაც არ არის ადვილი საქმე შენთვის.
ჯერ ერთი, არასდროს იფიქრებ ქვეყნიდან გაქცევაზე. მეორეც, არც მე შევიყვარებდი ადამიანს, რომელიც თავის ფესვებს უღალატებდა და ქალის გამო უარს იტყოდა თავის სამშობლოზე. ამ მხრივ, თითქოს ტყვე იყავი შენი ქვეყნისადმი ერთგულების. ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს განდევნა. მე თვითონ ემიგრანტის ოჯახში ვარ დაბადებული. მაგრამ თუკი სხვა ქვეყანაში თავს ემიგრანტად გაგრძნობინებენ, ასეთ ხალხს არ ვცნობ. მე არ დამჭირვებია, გავქცეოდი საკუთარ თავს, კარგად ვგრძნობდი თავს იქ, სადაც ვიყავი. ურა-პატრიოტიზმის გრძნობით არასდროს ვყოფილვარ დაავადებული და არ მაწუხებდა კლიში-სიურ-სენის ნოსტალგია, სადაც დავიბადე. შენთვის კი ყველაფერი სწორედ ამ სიძნელეებიდან იწყება. შენ თავს კარგად მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში გრძნობ, მიუხედავად იმ ტკივილისა, რომელსაც იქ გაყენებენ, რომელსაც აბსურდამდე მიჰყავს შენი ცხოვრება.
საზღვრებს გარეთ შენ უკეთესად ცხოვრობ - გარშემო მყოფებთან ჰარმონიაში, ცოლთან, ოჯახთან, სამსახურთან შეხმატკბილებულად, მაგრამ სევდა წამითაც არ გშორდება… სამშობლოს სიშორე მოსვენებას გიკარგავს…
თუ ადრე ოცნებობდი საზღვარგარეთ, სხვა ქვეყანაში მოხვედრას, პირველივე შესაძლებლობისთანავე იმედები გიცრუვდება. განხიბლული რჩები.
როგორც კი საზღვრებს გარეთ აღმოჩნდი, მაშინვე იგრძენი, რომ ვერც აქ ჰპოვებდი პრობლემების გადაწყვეტის გზებს.
სიმთვრალის ის ორგიები, რომლის შესაძლებლობებიც უხვად გაქვს საბჭოთა კავშირში, დასავლეთისთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი ხდება. ყოველ შემთხვევაში, იმ წრეებში მაინც, სადაც ჩვენ გვიხდება ყოფნა. და სასჯელიც უფრო მკაცრია, ვიდრე შენს ქვეყანაში - პატივისცემის, ადამიანებთან ურთიერთობის უფლების დაკარგვა, სამსახურიდან დათხოვა…
იქ კი, საბჭოთა კავშირში, შენი ყველას ესმის. მართალია, ოფიციალურად არ გაღიარებენ, მაგრამ პუბლიკას უყვარხარ. საფრანგეთში და, საერთოდ, საზღვარგარეთ, შენ მხოლოდ უცხოელი ხარ, უკეთეს შემთხვევაში - საინტერესო არსება, რომელსაც წვეულებებზე სტუმრების აღფრთოვანება შეუძლია. ან სულაც, ცნობილი ვარსკვლავის მეუღლე.
უცნაურია, მაგრამ გაორება გჭირს. როცა მოსკოვში ხარ, საზღვარგარეთ გასვლაზე ოცნებობ. წახვალ და მალევე გბეზრდება, ამიტომ ერთი სული გაქვს, შინ როდის დაბრუნდები… ეს იმას ნიშნავს, რომ ყველგან დევნილად გრძნობ თავს… იმიტომ, რომ საკუთარ თავს გაურბიხარ…
8 8 8
ვენეციაში ვართ. კატერზე ვსხედვართ, რომელმაც აეროპორტამდე უნდა მიგვიყვანოს. შენ ფეხზე დგახარ და ანთებული თვალებით მიყურებ. მოულოდნელად შეტორტმანდები და შეშფოთებული ხელს გიწვდი, რომ კატერიდან არ გადავარდე. ვენეციელი გონდოლიერი ისე გვიღიმის, თითქოს გვეუბნება, მესმის თქვენიო. ის ხვდება, რომ ეს ჩვენი ბოლო გასეირნებაა, ხოლო სხვებისთვის - ჩვენი სიყვარულის პირველი დღე - ტრადიციის მიხედვით, ახალდაქორწინებულები საქორწინო მოგზაურობაში ვენეციაში მიემგზავრებიან. ალბათ ჰგონიათ, რომ თაფლობის თვე გვაქვს.
აქ გატარებულ ბოლო ღამეს შენ ყველაფერი მითხარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთთან საიდუმლო აღარ გვაქვს. ეს შენი «აღიარებითი» ჩვენება იყო.
როგორც მითხარი, მორიგი «აფეთქების» შემდეგ, ერთი მეგობრის დანაშაულებრივი რჩევით, მორფინს იკეთებ და ყველაფერი ყუჩდება, გავიწყდება, სასიამოვნო ბურანში იძირები…
გადაბმული სიმთვრალის შემდეგ დაწყებული ფიზიკური ტკივილები არაფერია ფსიქიკურ ტანჯვასთან შედარებით. განადგურების შეგრძნება, სინდისის ქენჯნა, სირცხვილის გრძნობა ჩემთან მიმართებით - ეს ყველაფერი ისე ქრება, როგორც ზღაპრებში - მორფი მეხსიერებიდან ყველაფერს შლის. ყოველ შემთხვევაში, როცა პირველად გაიკეთე ნემსი, სწორედ ამას გრძნობდი. ის კი არა, ტელეფონით ასეთ სიტყვებს მეუბნები.
- მე უკვე აღარ ვსვამ. ხედავ, რა ძლიერი ვარ?
მე ჯერ კიდევ არ ვიცი შენი «სიძლიერის» ფასი. რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლებ ჩემს მოტყუებას. სმით მართლაც არ სვამ, როგორც კი შეტევები დაგეწყება, ეგრევე წამალს უშვებ ვენაში. რაღაც პერიოდი გგონია, რომ მაგიურ საშუალებას მიაგენი. მაგრამ გადის დრო და დოზები იზრდება. შენ ვერც ხვდები, ისე ვარდები მეორე უკიდურესობაში - უარესი საზიზღრობის მონა ხდები. გარეგნულად ეს მდგომარეობა თითქმის შეუმჩნეველია. მეტად თუ ნაკლებად, აგრძელებ ნორმალურ ცხოვრებას. მერე თანდათან უფრო მძიმე ხდება სიტუაცია, რადგან ვეღარ აცნობიერებ, როგორ იძირები. ნელ-ნელა ცხოვრება კოშმარად გადაიქცევა - ცხოვრება ნაბიჯ-ნაბიჯ გტოვებს, ამპულას ამპულა ცვლის და ეს ყველაფერი ხდება ყოველგვარი ტანჯვის გარეშე, გაუცნობიერებლად.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ მე უძლური ვარ ამ ახალი მტრის წინაშე. უძლური ვარ, რადგან უბრალოდ, ვერაფერს ვამჩნევ.
ახლა კი ყველაფერი ვიცი. როგორც იქნა, გაბედე «აკრძალული» სიტყვების წარმოთქმა.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სიამოვნებით ვისმენ შენს აღსარებას, რადგან ეს ის არ ყოფილა, რაც მე მეგონა… ჩვენ წუხელ კვლავ დავუბრუნდით ჩვენი სიყვარულის საწყის ეტაპს. ახლა უკვე აღარ ვემალებით ერთმანეთს, არაფერი გვაქვს დასამალი. ჩვენთვის ეს, როგორც ჩანს, ჰაერის ბოლო ყლუპია…
ყოველთვის ოცნებობდი ვენეციაზე. ჰოდა, ახლა აქ ვართ. აქაური ნესტიანი ჰაერის გამო ოდნავ გაკანკალებს, ამიტომ მეხუტები. და მაინც, ჩვენ ბედნიერები ვართ - დამშვიდებულები. როგორც იქნა, კვლავ ვიპოვეთ ერთმანეთი. გონდოლიორი მთელი ხმით მღერის და ჩვენი ჩურჩული მის ხმაში იკარგება. ჩვენ კი ვჩურჩულებთ, როგორც შეთქმულები.
უეცრად დაახველებ. გიყურებ და ვხედავ, შუბლი ოფლით დაგეცვარა. მოულოდნელად ლაპარაკს იწყებ:
- ექვსი თვით ჩამოვალ საფრანგეთში, ვიმუშავებ, პროზაში მინდა საკუთარი ძალები მოვსინჯო. აუცილებლად გამოვკეთდები, აი, ნახავ! როგორც კი პარიზში ჩამოვალ, ეგრევე რეჟიმში ჩავდგები. შენ დამეხმარები ამაში, ვარჯიშებს დავიწყებ, ჯერ ცხოვრება წინ გვაქვს, - ამბობ ამ სიტყვებს და იცი, რომ ეს დასასრულია.
ბოლოს და ბოლოს, ჩვენ 42 წლის ვართ! მპირდები, რომ მაისში, ჩემს დაბადების დღეზე, «ყველაფერი წესრიგში იქნება». უფრო და უფრო გიპყრობს ცახცახი, ამიტომაც ჩემს ქურთუკს მოგახურავ მხრებზე. ვიცი, რომ ეს ცახცახი სიცივის ბრალი არ არის. წამალი გადის ორგანიზმიდან, მისი უკმარისობა გაწუხებს…
შეუმჩნევლად რაღაც აბს გააქანებ პირისკენ და ყლაპავ. ცოტა ხნით მშვიდდები. ასეთ დროს მსგავსი აბები დროებით გშველის, მაგრამ მხოლოდ დროებით…
კატერი უკვე უახლოვდება აეროპორტს. გონდოლიორი სიმღერას არ წყვეტს. ოცნებას ვიწყებ… მინდა, სადმე ისეთ ადგილას აღმოვჩნდეთ, სადაც აღარ შეგვაწუხებს დროის შეგრძნება, ეს სამყარო, რეალობა, პრობლემები, სადაც ყველაფრის თავიდან დაწყება შეგვეძლება, ან სულაც, ჩვენს სუფთა ბავშვობაში დაბრუნება…
კატერი გაჩერდა. უნდა გადავიდეთ. მჭიდროდ გეხვევი, თითქოს ვიღაც შენს თავს მართმევდეს…
ვგრძნობ, რომ ჩქარობ… ვგრძნობ, რომ გარბიხარ…
საოცრებას ვერ მოახდენ…
სიცოცხლის ბოლომდე 90 დღე გრჩება…
8 8 8
უკვე რამდენი ხანია, ერთსა და იმავე შეკითხვას მისვამ:
- როდის წავალთ სიმონასთან?
როგორც ყველა საბჭოთა ადამიანი (გამონაკლისების გარდა), სიმონა სინიორეს შენც ყველაზე ცნობილ და ლამაზ ფრანგ მსახიობად მიიჩნევ და კიდევ - ყველაზე მამაცად. მოსკოვში კარგად იცნობენ მონტანას და სინიორეს. ისიც კარგად იცი, მე როგორი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მასთან, უფროს დად მივიჩნევ. 15 წლის ვიყავი, როცა გავიცანი. ეს მაშინ მოხდა, სიუზან ბიანკეტის პრემიით რომ დამაჯილდოეს. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, ასეთი ცნობილი კინოვარსკვლავის თანდასწრებით რომ გადმომცეს ჯილდო, ამან სიამაყით ამავსო. მას მერე მისით აღფრთოვანებული ვარ. 30 წლის იყო და ბრწყინავდა თავისი სილამაზით. მოგვიანებით, სენ-პოლ-დე-ვანსეზე დიდხანს ვისაუბრეთ. მე უკვე აღარ ვიყავი პატარა და ჩვენი ნაცნობობა მჭიდრო მეგობრობაში გადაიზარდა. ის ყოველთვის მაოცებდა თავისი გონიერი მსჯელობით.
ამ დილით, როგორც იქნა, მის გასაცნობად მიმყავხარ. მას იღებენ რენე ალიოს ფილმში «დედოფლის რთული დღე». გადაღებები ქალაქგარეთ მიმდინარეობს. ეს უფრო გიხარია. რაც უფრო ღრმად ეცნობი პარიზს, მით უფრო იხიბლები.
სიმონა თბილად გვხვდება. ვაჟკაცურად «უძლებ» დიდი მსახიობის «დაკითხვას», იგი ყველას ასე «წურავს», ვისაც პირველად ხედავს. ძალზე ცნობისმოყვარეა და ახალი ნაცნობებისგან ამომწურავ პასუხს მოითხოვს. მოჯადოებული ხარ.
აშკარაა, რომ 52 წლის ქალბატონს აღარ შერჩენია მისი როლებით შექმნილი საბედისწერო ქალის იმიჯი, თუმცა მამაკაცები დღესაც თაყვანს სცემენ მას. იმიტომ, რომ იგი არაჩვეულებრივი ადამიანია. მისი თვალები ახლაც ბრწყინვალებას აფრქვევენ, ხოლო ღიმილი ძველებურად მტაცებლური შერჩენია.
შემდეგ დროებით ვემშვიდობებით მას და ვპირდებით, რომ საღამოს შინ ვესტუმრებით, ვახშამზე. მანქანაში ვსხდებით. დაძაბული მეჩვენები. მიკვირს, რატომ?
- ვლად, რა დაგემართა?
კარგა ხანს არ მპასუხობ. არ გეშვები… ოხრავ და ჩახრინწული ხმით მეუბნები:
- ხედავ ამ სახლებს? და ამ დასახლებას მუშათა კვარტალი ჰქვია? რა უცნაურია!
კვლავ სასოწარკვეთილება, სინანული და მრისხანება გიპყრობს.
- ყველა ეს სახლი, სადაც «არამდიდარი» ადამიანები ცხოვრობენ, ექსპლოატირებულია ჩვენს ცნობიერებაში. ასე მოიხსენიებენ მათ საბჭოთა კავშირში. ჩვენთან მუშებს არასდროს ეღირსებათ მსგავსი ფუფუნება. შეხედე, როგორ შენობებია, მაღაზიები, ფერები, მანქანები…
ხმა გიწყდება. მეც ჩუმად ვარ. აბა, რა უნდა გითხრა?
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ გინათდება სახე და კმაყოფილი ღიმილით ამბობ.
- რა შესანიშნავი ქალია! თან როგორი ეშმაკი. ის ყველაფერს მიხვდა. იცი, კიდევ რა შევამჩნიე? მას დალევა უყვარს, - ცოტაოდენი პაუზის შემდეგ კი დააყოლებ: - მასაც…
ამ თემის გავრცობას არ ვაპირებ. ვიცი, ამწუთას როგორ გაწუხებს, რომ აღარ სვამ. ვგრძნობ, რის ფასადაც გიჯდება შენი სიფხიზლე…
სიმონასთან ჩემი ურთიერთობა კვლავ და კვლავ გაგრძელდება, წლების განმავლობაში. ის ვახშამი მაშინ არ შედგა, სიმონამ ვერ მოიცალა. ეს ადვილი გასაგებია ჩვენთვის - გადაღებები, დატვირთული დღის რეჟიმი, გამგზავრებები - მსახიობის პროფესია ურთულესი პროფესიაა.
გაგრძელება იქნება