გოგონას სურდა ეთხოვა, ხომ არ შეწუხებულიყო საიმონი, ჩანთა ვინმეს ხელით გამოეგზავნა, მაგრამ გადაიფიქრა. შეიძლებოდა სიმს ეს ისე მიეღო, თითქოს ნეილი ზედმეტს ითხოვდა მისგან.
- წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, მოვიდე და წამოვიღო? დაცვასთან დატოვეთ და გამოვართმევ! სასწრაფოდ მჭირდება ეგ ჩანთა, - დაამატა ნაჩქარევად, სიმონმა სხვა დროისთვის არ გადამიდოს ჩანთის დაბრუნებაო.
- საღამოს შვიდამდე სახლში ვარ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოსვლა, მერე გავდივარ, - შესთავაზა მან.
ნეილი, რატომღაც, ბოლო ფრაზამ ააღელვა. თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის, სად და ვისთან მიდიოდა საღამოს საიმონი? იმედია, ეს ის ქალბატონი არ იქნებოდა, ვისაც შინ მოსიყვარულე ქმარი ელოდებოდა. სხვა ვინც გინდა ყოფილიყო, ოღონდ არა მედეა.
- რა თქმა უნდა, მირჩევნია ახლავე გამოვიდე, რადგან საღამოს მეც დაკავებული ვარ, - გამომწვევად წარმოთქვა.
- პაემანზე მიგეჩქარებათ?
ამ შეკითხვაში არაფერი განსაკუთრებული არ იყო, მაგრამ გააჩნია, როგორ შეგეკითხებიან. სიმმა ისეთი ტონით დაუსვა შეკითხვა, აშკარად დასცინოდა, ნუთუ პაემანზეც დადიხარო?
- მადლობა ღმერთს, სრულფასოვანი ქალი ვარ! რატომ არ უნდა დავდიოდე პაემანზე? - უხეშად მოუჭრა გოგონამ.
- რა თქმა უნდა, სრულფასოვანი რომ ხართ, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ რატომ აქამდე არ გაიღვიძა თქვენში გრძნობებმა? რაღაც ძალიან მიძინებული მეჩვენება.
- იმიტომ, რომ ყოველთვის ისეთი ტიპები მხვდებიან, როგორიც თქვენ ხართ! - მიახალა გაგულისებულმა.
მისი მსუბუქი, მაგრამ ერთი შეხედვით გამარჯვებული კაცის სიცილის გაგონებაზე ნეილი მიხვდა, რომ მას ამ მომენტამდე ჯერ კიდევ ეპარებოდა ეჭვი მის ქალწულობაში. ახლა კი ეს დანამდვილებით იცოდა!
ისე განრისხდა, რომ საუბარი შეწყვიტა და მობილური გათიშა.
არადა, როგორ უნდოდა ამ სიტყვებით როგორღაც დაეკნინებინა იგი, მიეხვედრებინა, არც ისე სასურველი ხარ, როგორც შენ გგონიაო, მან კი მხოლოდ გაიცინა და მორჩა. ამ თავხედმა, უბრალოდ, გაიცინა! მაგრამ თუ ჩანთის დაბრუნება უნდა, მასთან შეხვედრა მოუწევს. ამას ვერ ასცდება.
ისევ დარეკვას აღარ აპირებდა. ნეტავ მაშინვე ეთხოვა, ვინმეს გამოატანეო. განა რა დაშავდებოდა? რაც უნდოდა, ის ეფიქრა, დიდი ამბავი! ნეილისთვის სულერთი არაა, რას იფიქრებდა? ნეტავ დაცვას მისცეს და იმან დაახვედროს. მაშინ აღარ მოუწევს მასთან პირისპირ შეხვედრა.
ნეტავ!..
უცებ იმაზე დაფიქრდა, სად გადაისროლა ფანტაზიამ. გეგონებათ, მას ეშინია სიმთან შეხვედრის. რა სისულელეა! ჰმ!..
ჯინსის შარვალი ამოიცვა და ზემოდან მაისური მოირგო. სარკეში რომ ჩაიხედა, საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩა. თმა გადაივარცხა, კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავისი ორეული, მანქანის გასაღებს და ტელეფონს ხელი დაავლო და ჰოლისკენ დაიძრა.
- ნეილ, საით? - ვაშლის ხრამუნით გამოყო თავი სამზარეულოდან ნიამ.
- ერთ საათში მოვალ, პატარა საქმე მაქვს, - მიუგო გოგონას და სასწრაფოდ გავიდა, კიდევ რამე არ მკითხოსო.
- ოკეი, სახლში ვარ, - მიაძახა ნიამ და ვაშლი ჩაკბიჩა.
კიბეზე სწრაფად ჩაირბინა და მანქანაში ჩაჯდა. ასე ჩქარა არასდროს უტარებია. ერთი სული ჰქონდა, რაც შეიძლება სწრაფად მისულიყო საიმონის სახლში და სწრაფადვე წამოსულიყო.
ბენო, როგორც ყოველთვის, თავის "პოსტზე" დახვდა. ბიჭმა კეთილგანწყობით გაუღიმა.
- მოგესალმებით, ქალბატონო ნეილ. ბატონი საიმონი გელოდებათ, მაღლა მიბრძანდით! - მოახსენა "დაცვამ".
ესე იგი, მაინც არ დაუტოვა ამას ხელჩანთა! გაიძვერა! ახლა ისევ დამცინავად შეათვალიერებს და ისევ გულს გაუჩერებს! ოხ, როგორ არ უნდოდა მისი ნახვა!
ნეილს სულაც არ ეღიმებოდა, მაგრამ ბენოს მისთვის არაფერი დაუშავებია, ამიტომ ძალად მორგებული ღიმილით გადაუხადა მადლობა და სასტუმრო ოთახში შესული პირდაპირ მეორე სართულისკენ ამავალი კიბისკენ გაეშურა. საკმაოდ თავდაჯერებული შეუყვა საფეხურებს, თან გულში ითვლიდა.
ჰმ… დაცვა გაუფრთხილებია! მიუხედავად ამისა, მაინც არ მოსწონდა ეს ჩიხლაძე. რაც ის გამოჩნდა ნეილის ცხოვრებაში, კარგი არაფერი მოსვლია. სულ დაძაბულია, სულ რაღაცის შიში და უსიამოვნო მოლოდინი იპყრობს. ნეტავ მალე დამთავრდებოდეს ეს ჩუმი ტანჯვა!
როცა მეორე სართულზე ააღწია და საიმონის კაბინეტის კარზე დააკაკუნა, უკვე მტრულად იყო განწყობილი მასპინძლის მიმართ, უკიდურესად მტრულად. როცა კარი გააღო და შიგნით შევიდა, დაინახა არა მხოლოდ სიმი, არამედ იმ სახლის მასპინძელიც, ვისთანაც წუხელ მოსალხენად იმყოფებოდა. დიახ, დიახ, არ მოგესმათ! საიმონთან ერთად ოთახში მედეაც დახვდა.
გაოგნდა. თავის თავს გამოუსვლელად სულაც არ მიიჩნევდა, მაგრამ ასეთი რამ მისთვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ…
- თქვენ უკვე იცნობთ ერთმანეთს, - სიმონმა პირველმა დაარღვია სიჩუმე.
ნეილს სულაც არ შერცხვენია, როცა კიდევ ერთხელ გახდა მათი იდუმალი შეხვედრის უნებლიე მოწმე. ქალი, როგორც ჩანს, უკვე წასვლას აპირებდა, რადგან კარისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. აი, სწორედ აქ გამოადგა გოგონას კარგი მანერები:
- სალამი, მედეა. დიდად ვისიამოვნე შენი ბანკეტით, არაჩვეულებრივი იყო, - მექანიკურად წარმოთქვა კარგად აღზრდილმა ნეილმა.
მაგრამ მისი მანერები, როგორც ჩანს, შეუმჩნეველი დარჩა. მედეამ, ელეგანტურმა, მოხდენილმა და მომაკვდინებლად მოდურმა, გულგრილად დაუქნია თავი, პასუხის ღირსიც არ გახადა ჯინსსა და სპორტულ მაისურში გამოწყობილი გოგონა. ქალმა ცივად ჩაუარა გვერდით და კაბინეტიდან მედიდურად გავიდა. საიმონი უკან მიჰყვა.
ნეილს მოეჩვენა, რომ მედეას რაღაც აწუხებდა. თითქოს შეშფოთებული თუ აფორიაქებული იყო. ალბათ იმიტომ, რომ გოგონამ წყვილის კონფიდენციალურობა დაარღვია? რა თქმა უნდა, მედეას ერჩივნა, რომ დღის ხუთ საათზე ვინმეს მისთვის საყვარლის სახლში არ წაესწრო. რა სისულელეა! მას შეუძლია ამაზე წამითაც არ ინერვიულოს. ნეილი არაა ის ადამიანი, ვინმე ჩაუშვას.
თავს უფლება არ მისცა, სიმს კაბინეტში დალოდებოდა, ამიტომ თვითონაც გამოვიდა და კართან დადგა მანამ, სანამ მამაკაცი არ დაბრუნდა.
- შემოდით, - გაბრწყინებული სახით მიმართა სიმმა.
რატომაც არა? მან ახლახან საყვარელი ქალი გააცილა. განა შესანიშნავი კვირა არ გაუთენდა? ქალების გულთამპყრობელი! მაცდუნებელი! შვიდ საათზე ხომ კიდევ ერთი პაემანი ელოდება?
- თქვენი მეგობარი ჩემ გამო არ უნდა წასულიყო, - მთელი ცინიზმი ჩააქსოვა ამ სიტყვებში, წაუგველა. თითქოს არაფრის თქმას არ აპირებდა, მაგრამ შხამიანი კომენტარისგან თავი ვეღარ შეიკავა.
საიმონი ლამის ქანდაკებასავით გაქვავდა ხალიჩის ცენტრში, რომელიც იატაკს მთლიანად ფარავდა და ცალი წარბი ოდნავ შეატოკა.
- რა კეთილი ხართ, ნეილ! - გაწელვით წარმოთქვა.
მისმა სარკაზმმა გოგონას გული ატკინა. მას ხომ არაფერი დაუშავებია, მხოლოდ ცოტათი გაკენწლა მეგობრის მოღალატე მამაკაცი.
- დილიდან უთენია გირეკავდით! - მამაკაცის სარკაზმს საყვედურნარევი ტონი დაუპირისპირა.
- სხვათა შორის, მეც… - წამით პაუზა გააკეთა საიმონმა და გააგრძელა, - მომენატრეთ, რადგან ძალიან დამაკლდით თვალში… ალბათ, აუზში ვიყავი ჩასული.
ისევ დასცინის! როგორი ასატანია?
ბუნებრივია, ამხელა სახლში აუზი იქნებოდა. ნეტავ რატომ არ ჩაიხრჩო შიგნით!
- მე თქვენ კი არა, ნიას ხელჩანთა მჭირდებოდა! - აგდებით მიანიშნა. სულაც არ უფიქრია, რომ ჩიხლაძე გაუნაწყენდებოდა, ჩემზე მეტად შენი დაქალის ჩანთა გაინტერესებსო. ასეც იყო. სიმს კინაღამ გაეცინა.
- შეიძლება ჩანთა წავიღო? - მკაცრად შეეკითხა ნეილი.
- რა თქმა უნდა. - გულმოდგინედ უპასუხა მამაკაცმა და კაბინეტიდან სხვა ოთახში გავიდა ჩანთის გამოსატანად.
მარტო დარჩენილი გოგონა ჩაფიქრდა. ჯანდაბა! რატომ იქცევა ასე? რა მისი საქმეა, სიმონს რამდენი ქალი ჰყავს და რამდენია მათ შორის ქმრიანი? ან რამდენ მისთვის პატივსაცემ კაცს ჩასცემს ზურგში ლახვარს, ფიგურალურად რომ ვთქვათ? ნუ დაავიწყდება ნეილს, რომ ამ კაცის ვალი აქვს, თანაც დიდძალი თანხა. ნეილისთვის დიდძალი.
- საიმონ, - დაიწყო ნაჩქარევად, როცა სიმი დაბრუნდა, - რაც შეეხება ვალს, რომელიც მე მმართებს…
მამაკაცი მიუახლოვდა, ლამაზ ცისფერ თვალებში ჩახედა და ისე გაუღიმა, ნეილს გული შეეკუმშა.
- ყველაფერს თავისი დრო აქვს, პატარა ნეილ, - თქვა საკმაოდ კეთილგანწყობით და გოგონას ცხვირზე საჩვენებელი თითი შეახო, - ამის შესახებ შეგატყობინებთ, - დაამატა და გაუწოდა ნივთი, რომელმაც ისინი, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, კვლავ შეახვედრა ერთმანეთს, ნიას ხელჩანთა.
- ო, რა თქმა უნდა, თქვენ ხომ სადღაც მიგეჩქარებათ, - ისევ წაკბინა. აბა, სად ჰქონდა იმდენი დრო სიმონ ჩიხლაძეს, ნეილთან ლაყბობაში დაეხარჯა იგი? რა ხეირი ექნებოდა აქედან?
- ისევე, როგორც თქვენ, - დაუბრუნა პასუხი მამაკაცმა.
თავიდან ვერ მიხვდა, რას ეუბნებოდა საიმონი, მაგრამ უეცრად გაახსენდა, ტელეფონში რომ მოატყუა, მეც პაემანზე მივდივარო.
- ჰო, ნამდვილად, - შეცბუნებულმა წარმოთქვა და კარისკენ შებრუნდა, რათა ჩიხლაძეს მისი გაწითლება არ შეემჩნია, - მადლობა ჩანთისთვის. ნიას ძალიან გაუხარდება. - და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ, შეეშინდა, რამე ზედმეტი არ წამოსცდენოდა.
მამაკაცმა გამოაცილა.
- თქვენს ზარს დაველოდები, როცა შემატყობინებთ, რას გადაწყვეტთ, - წარმოთქვა კართან მისულმა, - კარგად ბრძანდებოდეთ!
- შეხვედრამდე, ნეილ! - ორაზროვნად გაუღიმა სიმმა და როგორც კი ნეილი გავიდა, კარი მოხურა.
ბენო ნეილს ჭიშკრამდე გაჰყვა და დაელოდა, როდის დაქოქავდა გოგონა მანქანას, მერე კი ეზოში შებრუნდა.
ნეილი მთელი გზა აანალიზებდა იმას, რა ხდებოდა მის თავს. როცა მანქანა ჩვეულ ადგილას დააყენა, საბოლოოდ დაასკვნა, რომ ჯერჯერობით საშინელი არაფერი ხდებოდა. ყველაფერი იმ სტრესის ბრალი იყო, რაც ამხელა ვალის გამო განიცადა. მის ადგილას ნებისმიერი იმავეს იგრძნობდა. ნეტავ რამდენი "ჩამოეჭრა" მის ვალს წუხანდელი საღამოს წყალობით? შეუძლია კი ეს საღამო ვალის გადახდის დასაწყისად ჩათვალოს?
თუმცა ბინაში უარესი საშინელება ელოდა…
შინ მისვლისთანავე თავის საძინებელს მიაშურა, რათა სანამ ნიას ჩანთას დაუბრუნებდა, დაეცარიელებინა. და იმწუთას, როგორც კი ხელჩანთა საწოლზე გადმოაპირქვავა, თავის პომადასა და სავარცხელთან ერთად კონვერტიც გადმოვარდა. პირკატა ეცა. ეს ის კონვერტი იყო, მანქანის გასარემონტებელი ფული რომ ჩადო შიგ და უჩუმრად საიმონის მანქანის უკანა სავარძელზე დადო. რადგან იცოდა, რომ მამაკაცი ფულს არ გამოართმევდა, რამდენიმესიტყვიანი წერილიც მოათავსა კონვერტში, რომლითაც ჩიხლაძეს ავტოსალონის ხელოსნის მომსახურებისთვის მადლობას უხდიდა.
ჯანდაბა! ეს რა ქნა? როგორ დაუბრუნა სიმმა ფული უკან? თან არც არაფერი უთხრა. ნეილს ეგონა, რახან კონვერტზე არაფერი მითხრა, ესე იგი, ფული აიღო და უხერხულად რომ არ ეგრძნო თავი, აღარ შემახსენაო.
არადა, თურმე პირიქით! ოხ, როგორ გაბრაზდა! მაგ თანხას ძლივს მოუყარა თავი, სიმონმა კი ისევ "შემოაპარა". რა ქნას ახლა? თუ ის ფულს არ გამოართმევს, რით გადაიხადოს მისი ზედმეტი ვალი? ის არ ჰყოფნიდა, ისედაც ვალში რომ იყო მასთან? როგორც ჩანს, ამაზეც მოიმიზეზებს რამეს და მედეას გულის გასახეთქად კიდევ მოინდომებს ნეილთან ერთად სადმე ელიტაში გამოჩენას.
აბა რა, ერთი დაკვრით ორ კურდღელს იჭერს. იქით საყვარელს ანერვიულებს, აქეთ ნაცნობებს უხეთქავს შურით გულს, ნახეთ, რა ლამაზი გოგო მახლავს თანო! ჰმ…
ცხელ გულზე დარეკვა გადაწყვიტა, მაგრამ როცა გაახსენდა, რომ სიმს შეხვედრაზე მიეჩქარებოდა, გადაიფიქრა.
და მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მომდევნო დღეს ფიქრობდა მასთან დარეკვაზე, აღარ დაურეკავს.
შაბათ-კვირამ მშვიდად ჩაიარა. ლიზა ერთი კვირით სოფელში გაემგზავრა და ბავშვიც თან წაიყვანა. როგორც იქნა, მისი ქმარყოფილი რაღაც დათმობებზე წავიდა და ამჯერად აღარ დაუშალა დედას შვილთან ერთი კვირის გატარება. უფრო ალბათ იმიტომ, რომ ბავშვს მთის ჰაერი მოუხდებოდა, ლიზი ხომ ბახმაროდან იყო.
ნია და ლიკა არც შაბათს და არც კვირას ღამის ცხრა საათამდე სახლში არ შემოსულან, სადღაც-სადღაც დაწანწალებდნენ. მასაც შესთავაზეს კვირას, შენც წამოდი ჩვენთან ერთადო, მაგრამ ისეთი მელანქოლია დაუფლებოდა, არც გასვლა უნდოდა არსად და არც გოგოებთან ყოფნა. ასე რომ, ნეილი იმ ორ დღეს სრულიად მარტო იყო სახლში. მცხეთაშიც არ წავიდა, მარტოობა არჩია მშობლების ნახვას.
ის დასვენების დღეები მხოლოდ საიმონზე ფიქრობდა. და არა მხოლოდ მანქანასთან დაკავშირებულ ავარიაზე ან მის თანმდევ მოვლენებზე, არამედ სხვა რამეებზეც, რაც მხოლოდ კვირა საღამოს დააფიქსირა, სწორედ მაშინ, როცა დასაძინებლად დაწვა. ნეტავ რას აკეთებს სიმი? რითია დაკავებული? ვისთან ერთადაა? რამდენი ხანია, რაც მედეას ხვდება? ნუთუ რამინი ვერაფერს ხვდება? ისეთი რა გაუჭირდა სიმს, თავისი პარტნიორის ცოლთან არ დაწვეს? - მიუხედავად იმისა, რომ ეს სულაც არ იყო მისი საქმე, მაინც ვერ ისვენებდა. ამ ეტაპზე მეტი არაფერი აინტერესებდა.
ორშაბათს გაწვიმდა და აცივდა. სამსახურში მისვლამდე ნეილი მთელი გზა ისევ საიმონზე ფიქრობდა. მისი აზრით, აშკარა იყო, რომ მედეასთან "შურიმური" სულაც არ უშლიდა სიმს ხელს, სხვა ქალებსაც შეხვედროდა. საინტერესოა, ასეთ რამეებს თუ უშლიდა მამაკაცს მედიკო? იქნებ იმ დღესაც იმიტომ გავარდა გაბრაზებული, რომ იცოდა, სადაც მიეჩქარებოდა მის გულისსწორს?
სიმონს ნეილისთვის არც ორშაბათს დაურეკავს. ძალიანაც კარგი. რაც ნაკლებად შეაწუხებს, მისთვის მით უკეთესი, მაგრამ ვალი? ასე თუ გაგრძელდა, როდისღა დაუფარავს იმ თანხას?
საღამოსკენ წვიმამ კი გადაიღო, მაგრამ ღრუბლები ისევ დანავარდობდნენ ცაზე და ჰაერიც დაამძიმა სინოტივემ. ჩანდა, კვლავ გაავდრდებოდა.
სამუშაო საათები დამთავრდა თუ არა, ნეილი ქუჩაში გავიდა. ამჯერად აღარ შეყოვნებულა სამსახურში, აღარაფერი ჰქონდა გასაკეთებელი. მასთან ერთად ლადოც გამოვიდა, შესყიდვების განყოფილების უფროსი. ორივე ერთად გაემართა ავტოსადგომისკენ, თან მასლაათობდნენ. უეცრად ლადო შედგა და აღტაცებულმა შესძახა:
- აი, მესმის მანქანაა!
ნეილმაც იქით გაიხედა, საითაც ლადო იყურებოდა და საკუთარ თვალებს არ დაუჯერა. რა თქმა უნდა, სამყაროში უამრავი "ბმვ" არსებობდა, მაგრამ… ას ეგონა, კიდევ ერთხელ მოუსრიალდა ფეხი ყინულზე. ელდისგან სუნთქვა გაუჩერდა.
მძღოლის მხარეს კარი გაიღო და მანქანიდან მაღალი, შავთმიანი მამაკაცი გადმოვიდა. გადმოვიდა და იქვე გაჩერდა. იგი აშკარად ნეილს ელოდებოდა.
უხერხული სიტუაცია შეიქმნა.
- კარგი, ნე, მე გავიქცევი, - მიხვდა ლადო, რაც ხდებოდა და თანამშრომელს გაერიდა.
- ნახვამდის, ლადო! - დაადევნა გაფითრებულმა გოგონამ. უნდოდა კოლეგა რაც შეიძლება სწრაფად ჩამჯდარიყო თავის მანქანაში და დროზე გასცლოდა იქაურობას. საიმონს რა მოუფრინდებოდა თავში, არ იცოდა. იქნებ მისალმების ნიშნად ეკოცნა კიდევაც. სულაც არ უნდოდა ლადო მსგავს სცენას შესწრებოდა. ამასთან, სხვა თანამშრომლებმაც დაიწყეს ოფისიდან გამოსვლა.
ახლა რა უნდა ექნა? ორი გზა ჰქონდა - ან უნდა მისალმებოდა ჩიხლაძეს, ან გვერდი აექცია და თავისი მანქანისკენ წასულიყო. ყველა, ვინც იმწუთას ავტოსადგომზე აღმოჩნდა, საიმონის "ბმვ"-ს მისჩერებოდა.
გვერდის აქცევა არ გამოვიდოდა. რადგან საიმონი მასთან დასალაპარაკებლად მოვიდა, აუცილებლად უკან გაჰყვებოდა და ამას ყველა დაინახავდა. ნეტავ რას დარდობს? მერე რა, თუ ვიღაცამ მოაკითხა? ბოლოს და ბოლოს, გასათხოვარი გოგოა და აქვს უფლება, მამაკაცს შეხვდეს. ამ განწყობით ნეილი საიმონს მიუახლოვდა.
- უღრმესი მადლობა! - გაღიზიანებული ტონით მიმართა მამაკაცს.
მან, როგორც ყოველთვის, სწრაფად აუღო ალღო, რისთვის დაიმსახურა ასეთი ბრაზიანი მადლობა, მოსეირეებს სწრაფი მზერა ესროლა და რბილად წარმოთქვა:
- ჩაჯექით. გავისეირნოთ.
ნეილს არსად არ სურდა წასვლა, მაგრამ მაინც ჩაჯდა. სანამ ავტოსადგომიდან გავიდოდნენ, ერთხელაც არ შეუხედავს მამაკაცისთვის, მაგრამ როგორც კი ცნობისმოყვარეთა თვალებს მიეფარნენ, სიმიკენ შეტრიალდა და ცივად შეეკითხა:
- თქვენ რა, ტელეფონი არ გიმუშავებთ?
- მიმუშავებს, - თავი დააქნია სიმონმა და ირიბად ჩაიღიმა.
- მაშინ რატომ არ დამირეკეთ? სამსახურში მოსვლა რა საჭირო იყო? - თავს ვეღარ მოერია გოგონა.
- მაგრამ თქვენთან სახლში ხომ არ მოვსულვარ? არ ვიცოდი, აქ მოსვლაც თუ აკრძალული მქონდა. - გაისმა პასუხად.
გაცეცხლებული მზერით გახედა მამაკაცს, რაც, სამწუხაროდ, საიმონისთვის შეუმჩნეველი დარჩა, რადგან წინ იყურებოდა და მას არანაირ ყურადღებას არ აქცევდა.
ნეილი მიხვდა, რომ სწორედ ახლა დადგა გადამწყვეტი მომენტი მათი ურთიერთობის გასარკვევად. ჩიხლაძემ ერთი კვირა მოანდომა იმის მოფიქრებას, როგორ მოქცეულიყო. ახლა კი გადაწყვიტა და მასთან დალაპარაკებას აპირებს. თან რა ეშმაკურად გააკეთა? რახან პირისპირ ხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერსად გაექცევა და ბოლომდე მოუწევს მისი მოსმენა. ტელეფონით რომ დაერეკა, ნებისმიერ დროს შეეძლო გაეთიშა და კაცისთვის ბოლომდე არ მოესმინა.
თურმე წინასწარ გათვალა ყველა ვარიანტი!
მაგრამ საქმე ისაა, გაუთიშავდა კი ნეილი? ამაში სულაც არ არის დარწმუნებული. თუმცა… კი, დარწმუნებულია! არა, არ გაუთიშავდა. არ გაუთიშავდა იმიტომ, რომ, უბრალოდ, არ შეეძლო…
გაგრძელება იქნება
იხილეთ ასევე: