გვარიანი მანძილი გაიარეს. გზას რომ დააკვირდა, ნეილი მიხვდა, თბილისიდან გადიოდნენ. ნეტავ საით გაუწევია?
საიმონმა სადღაც გადაუხვია. ისევ გაწვიმდა. როგორც ჩანს, ამ მიზეზით არ დაელაპარაკა ავტოსადგომზე. მოსალოდნელი წვიმის გამო სთხოვა, მანქანაში ჩაჯექიო, თორემ ფეხითაც შეევლოთ გავლა. მამაკაცმა მანქანა გააჩერა. ირგვლივ არც მანქანები ჩანდნენ და არც სულიერი ჭაჭანებდა ვინმე. ნეილი დაფრთხა. შეშინებულმა იეჭვა, ეგ მანამ არ გადამიშვებს მანქანიდან, სანამ თავის გადაწყვეტილებას არ გაახმოვანებსო. თავი მამაკაცისკენ შეაბრუნა და თავისი ცისფერი თვალებით სიმონის სახეს ყურადღებით მიაჩერდა.
- ფული რატომ დამიბრუნე? - თავისდა უნებურად შენობით მიმართა, მაგრამ გვიან გაიაზრა ეს და ახლა უკან ვეღარ დაიხევდა, - თუ ასეთ ფოკუსებს ჩაატარებ, შენი ვალიდან ვერასდროს ვერ ამოვალ.
მამაკაცმა ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. როგორც ჩანს, მასაც ყურში მოხვდა ნეილის "შენობითი" და აშკარად ესიამოვნა.
- იმედი მაქვს, ჩემი არ გეშინია, - თვითონაც გაუშენობითდა, თან ისეთი ტონით იკითხა, დასკვნის გამოტანა ადვილი იყო, სულაც არ აწყობდა, გოგონას მისი შიში ჰქონოდა.
- რა თქმა უნდა, არა, - გაეცინა ნეილს.
- როგორც ჩანს, ნერვიულობ, - დაასკვნა მამაკაცმა.
- ბუნებრივია, მე… - წამით გაჩუმდა, - მე ცოტას ვღელავ… შენთან ვალში ვარ. გადახდა არ შემიძლია… ნუ, ამ მომენტში არ შემიძლია… შენ კი აშკარად რაღაც გეგმის შემოთავაზება გსურს, არა? - რომ შესძლებოდა, ნეილი ბანკიდან სესხსაც გამოიტანად მის გასასტუმრებლად, მაგრამ ჯერ ვინ მისცემდა, როცა მუშაობა სულ ახალი დაწყებული ჰქონდა? ექვსი თვე მაინც უნდა გასულიყო, მისთვის სესხი მიეცათ.
ამოიოხრა. ძლივძლივობით მოაქუჩა გაფანტული აზრები და ღრმად ამოისუნთქა:
- აბა?
- რა აბა? - კითხვა შეუბრუნა სიმმა.
განზრახ ცდილობს ნეილის წონასწორობიდან გამოყვანას! ყველაფერს ხვდება და ამას ვერ მიხვდა?
- აბა, რა მოიფიქრე? თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ შენი მანქანის სახელურის გასარემონტებელი ფულიც კი არ მომიცია და შენთან ერთად სადღაც წვეულებაზე თუ ბანკეტზე წავედი… თუმცა უნდა ვაღიარო, რომ სულ არ მომწონს, როცა შენი რომანის შესანიღბად მიყენებ… - და უცებ გაჩუმდა. რა უფლება აქვს, მორალს რომ უკითხავს?
- ერთი უყურეთ, როგორი ზნეობით სავსე ქალია! - ჩაიხითხითა სიმონმა.
- დიახაც! შენ კი, უბრალოდ, არ გიმართლებს ქალებთან! - ენამ წინ გაუსწრო.
ღმერთო, რატომაა ასე გაცოფებული? რატომ ბრაზდება? ასეთი ხომ ადრე არასდროს ყოფილა! ეს ყველაფერი სიმის ბრალია. რა თქმა უნდა, მისი ბრალია.
კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა და დაელოდა, სანამ თავის უკეთ გაკონტროლებას შეძლებდა, მერე კი მშვიდად თქვა:
- დღეს ჩემი რიგია, ვახშამი მე უნდა მოვამზადო სახლში. ამიტომ, თუ შეიძლება, დამაბრუნე უკან.
- როგორც ჩანს, შეგიძლია თავაზიანიც იყო, თუკი მოისურვებ.
ერთხელაც იქნება, ნეილი მიანიჭებს მას არნახულ სიამოვნებას და მუშტს უთავაზებს მაგ სვავივით ცხვირში!
- კარგი, - ამოიოხრა ნეილმა და გულში დაგროვებული ბოღმა ამით გადმონათხია, - მითხარი მაშინ, რას ითხოვ ჩემგან და დავამთავროთ. - თქვა და ზედა ყბის კბილები ქვედას ისე გაუსვა, ლამის კრაჭუნი დააწყებინა.
საიმონმა შეხედა. ძალზე ყურადღებით. გოგონა მიხვდა, რომ კარგი არაფერი ელოდა. ამას მანამ მიხვდა, სანამ მამაკაცი წარმოთქვამდა:
- მეგობარი ქალი მჭირდება რამდენიმე დღით.
ნეილს სუნთქვა შეეკრა. იცოდა, რომ მამაკაცი რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა, მაგრამ მისთვის სრულიად უინტერესო იყო ამწუთას, კონკრეტულად რას უმალავდნენ.
- რა მოხდა, ჩიხლაძე? - მოულოდნელად აფეთქდა, - შენმა სასურველმა იმედი გაგიცრუა?
საიმონს საერთოდ არ სწყენია მისი სიტყვები. პირიქით, ჩაიცინა. ამან კიდევ უფრო გააბრაზა გოგონა.
- რა არ მოგწონს იმ ქალში, რომელიც გყავს და სახლშიც კი დაგიდის?
- შენ ყოველთვის ასეთი გესლიანი ენის პატრონი იყავი? - დაინტერესდა მამაკაცი, ოღონდ ძალზე თავაზიანად.
- შენი გადამკიდე ვინ იცის, კიდევ რა საშინელ თვისებას გამოვავლენ! - აიფოფრა ნეილი.
- ო, ამის ნიჭი ბუნებით მაქვს მომადლებული, - ჩაიფხუკუნა ჩიხლაძემ, მაგრამ მაშინვე დასერიოზულდა და ახსნას შეუდგა, - მოკლედ, ექვსი დღე უნდა დამითმო. ამ ექვსი დღის გამო მე, ჩემი მხრივ, მზად ვარ გავაუქმო ყველა არსებული და არარსებული დავალიანება, რაც შენი და ჩემი მანქანების შეკეთებასთანაა დაკავშირებული.
ნეილმა გაოგნებით შეხედა. გამოდის, ამ გზით სთავაზობს ვალის გასტუმრებას? თავისი პირადი დროდან ექვსი დღე მას უნდა გამოუყოს? აქ რაღაც ხრიკი იმალება! ფრთხილად, ნეილ, მახეში არ გაება!
- შენი სურვილია ექვსი დღე დაგითმო? - სერიოზული გამომეტყველებით შეხედა. მისი სიტყვები მაცდურად ჟღერდა, მაგრამ მთავარია, ნეილი არ აჰყვეს ამ ცდუნებას. არ შეიძლება ასე მარტივად იყოს საქმე, - დავუშვათ, დაგთანხმდი, ექვსი დღე შენ გვერდით გავატარო. რას უნდა ველოდო შენგან? რომელი ხარისხის შარში გსურს გამხვიო? - შეკითხვა ფრთხილად დასვა და პასუხის მოლოდინში გაისუსა.
საიმონის ტუჩებზე ონდავ შესამჩნევი ღიმილი გამოისახა.
- მე ვგულისხმობ მეგობარ ქალს და არა მტერს. სამტროდ არ გიხმობ. უბრალოდ, დამეხმარე და მეც არ დაგრჩები ვალში.
- მე შემიძლია ვიყო მეგობარი, - მიუგო ნეილმა, - შემიძლია ვიყო კარგი მეგობარი 2000 დოლარის ვალიდან თავის დასაღწევად, მაგრამ მეტი უნდა ვიცოდე. რატომ მიგყავარ, რისთვის.
- რა თქმა უნდა, - იმწამსვე დათანხმდა მამაკაცი და ნეილიც კვლავ გაფაციცდა. აშკარად რაღაც ისეთს უმალავდნენ, რაც მას ძალიან არ მოეწონებოდა. ამ რამდენიმე შეხვედრის განმავლობაში ერთ რამეს მიხვდა - საიმონის ნდობა არ შეიძლებოდა სწორედ მაშინ, როცა იგი ასეთი თავაზიანი ხდებოდა.
- ცოტა ხნის წინ რამინმა ვილა იყიდა საბერძნეთის ერთ-ერთ შორეულ კუნძულზე.
ჰმ, შორეულ კუნძულზე! რა ამაღელვებელია! მაგრამ ნეილი რა შუაშია ამ ყველაფერთან?
საიმონი ჰყვებოდა, რამდენად მყუდრო და სასიამოვნო ადგილი იყო განტვირთვისთვის. იქ სხვა არაფერია, გარდა რამდენიმე ვილის, თხებისა და ერთი ტავერნისაო. რაც უფრო მეტად აღწერდა ჩიხლაძე კუნძულის "სიღარიბეს", მით უფრო რწმუნდებოდა ნეილი, რომ ეს ადგილი იდეალური იყო დასასვენებლად. რამინმა მთხოვა, შენც დაისვენე ჩემთან ერთადო.
აი, თურმე რა ყოფილა!
- ისინი უკვე იყვნენ იქ, დაისვენეს. მე კი არა, - თქვა და მცირეოდენი პაუზის შემდეგ დაამატა, - ჯერ არა.
- და იქ გასამგზავრებლად ემზადები?
- ჰო. ასე მითხრა, პირველი შესაძლებლობისთანავე ჩამოდიო. ჩვენმა კომპანიამ დღეს ხელშეკრულება დადო ერთ-ერთ ბერძნულ კომპანიასთან. დიდი ხანია, მას ვეჩალიჩებით და როგორც იქნა, გამოვიდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ორივემ რამდენიმე დღით საკუთარ თავს შვებულება ვაჩუქოთ.
- მედეაც მიდის, რა თქმა უნდა! - ხაზგასმით წარმოთქვა ნეილმა.
- მის გარეშე როგორ იქნება? ბოლოს და ბოლოს, ცოლია მისი. მხოლოდ ერთი დღით დარჩება მარტო, ხუთშაბათს, რადგან მე და რამინი ათენში უნდა ჩავიდეთ საქმის დასასრულებლად.
- აუ, არა! - ნაჩქარევად წამოიძახა გოგონამ.
- რა არა?
- მე არ მოვდივარ!
ხედავთ, რა ჩაიფიქრა? მისი წაყვანა მოინდომა მეგობარი ქალის რანგში პარტნიორის ცოლთან ურთიერთობის შესანიღბავად. თავხედი! ამაზე დათანხმებას ჯობია ეგეოსის ზღვაში დაიხრჩოს თავი!
- არ მოდიხარ? - გაოცება შეეტყო მამაკაცს ხმაში.
- ერთი წუთით, სიმ… - კინაღამ სიმი წამოსცდა, - საიმონ! ანუ გინდა მეც შენთან ერთად წამოვიდე?
მან თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გოგონას გამეხებულ სახეს შეხედა. მერე გაიღიმა. არც მის ღიმილს ენდობოდა ნეილი. და როგორც აღმოჩნდა, სწორადაც იქცეოდა, რადგან მამაკაცმა ნიშნის მოგებით მიახალა:
- ვწუხვარ, მაგრამ იძულებულს მხდი შეგახსენო, რომ ჩემი ვალი გაქვს.
- რა თავხედი ხარ, - უმწეოდ შენიშნა გოგონამ, - და მე შენ ვერ გიტან! - დაამატა გაფიცხებულმა.
- ნუუუ… არც ისე ცუდი მეგობრული დასაწყისია. - ახითხითდა სიმონი.
- მომისმინე, ჩემო კარგო! - კბილებშუა გამოცრა ნეილმა, - თუ ფიქრობ, რომ შენთან ერთად წამოვალ სადღაც საბერძნეთის მიყრუებულ კუნძულზე, სადაც შეგიძლია საფარივით გამომიყენო, სანამ რამინის ცოლთან გაერთობი, უკეთესი იქნება… - და უეცრად გაჩუმდა, რადგან სიმონს გულიანი სიცილი აუტყდა.
ლამის ხელი გაარტყა, ისე ეწყინა ნეილს.
- სიტყვებს დაუკვირდი, პატარავ! - სიმმა სიცილი წამში შეწყვიტა და სერიოზული ტონით გააგრძელა, - რამინს უდიდეს პატივს ვცემ. ასე რომ, მის ცოლთან არანაირ თამაშში ჩაბმას არ ვაპირებ.
- ჰო, როცა ის ახლოს იქნება, კი, აბა, როგორ! - "წაუსტერვა" გოგონამ, - მაგრამ როცა მოშორებით იქნება?
საიმონმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს დირექტორთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო და სიმტკიცე გამოეჩინა. მიხვდა, რომ ასე არაფერი გამოუვიდოდა, ამიტომ ხმა გაიმკაცრა და ნეილს უცერემონიოდ მიმართა:
- ბოლოს და ბოლოს, მოდიხარ თუ არა?
- არა! - მოკლედ მოუჭრა ნეილმა.
სიმონმა სწრაფი, გამჭოლი მზერა ესროლა, საჭეს მიუბრუნდა და გასაღები გადაატრიალა. მანქანა დაქოქა თუ არა, მხოლოდ ეს თქვა:
- მოდი, ეს საუბარი დროებით გადავდოთ, - და დაიძრა თუ არა, დაამატა, - დაგირეკავ.
ჩიხლაძემ ნეილი ავტოსადგომზე დააბრუნა, სადაც მისი მანქანა ეყენა. გოგონა ჯერ კიდევ ეწინააღმდეგებოდა საბერძნეთში მასთან ერთად გამგზავრების აზრს, მაგრამ გული უგრძნობდა, რომ დათანხმება მოუწევდა. საქმე ხომ მის ვალს ეხებოდა…
- როდის აპირებ გამგზავრებას? - ჰკითხა ნეილმა, სანამ მანქანიდან გადავიდოდა.
- ოთხშაბათს.
გოგონა კარის სახელურს ჩაეჭიდა.
- მე თვითონ დაგირეკავ, - შესძახა მანქანაში და კარი მსუბუქად მიაჯახუნა.
გულდამძიმებული ავიდა ბინაში. კარი შეაღო თუ არა, ლიკას ხმა მოესმა, ატირებულ ნიას რომ აწყნარებდა.
- რა მოხდა? - ჩურჩულით იკითხა და სამზარეულოს კარში გაიხიდა.
- რაც უნდა მომხდარიყო და რასაც ყოველდღე ველოდი, - გაშალა ხელები ლიკამ, - სულ ვეჩიჩინებოდი, დაანებე მაგ ბიჭს თავი, არ უყვარხარ, გატყუებს, გიყენებს-მეთქი და დამიჯერა? დღეს შესვენებაზე სახლში აადგა და იქ ვიღაც გოგოსთან ერთად არ დახვდა საწოლში გაშოტილი? - მერე დოინჯი შემოიყარა, გვერდულად გახედა ნიას და ნიშნის მოგებით დაამატა, - მე რა, სულელი ვიყავი, რომ გეუბნებოდი? მიდი, აბა, ახლა მითხარი, ჩემი გშურს-თქო, თუ მაგარი ხარ! შტერი ეს! - თავი გააქნია ნეილის ნათესავმა და სამზარეულოდან გაგულისებული გავიდა.
ამის მოსმენაღა აკლდა!
კრინტი არ დაუძრავს, ისე შეუდგა ვახშმის მომზადებას. თუმცა მხოლოდ მან და ლიკამ ივახშმეს, ნია ლოგინში შეძვრა და მოთქმა იქ გააგრძელა.
როცა ჭამას მორჩნენ, გოგოებმა მაგიდა აალაგეს და ჭურჭელიც დარეცხეს. მერე თავ-თავიანთ ოთახებს მიაშურეს.
ნეილი იმაზე დაფიქრდა, რომ ჰამლეტისთის ხუთი დღით გათავისუფლება უნდა ეთხოვა. წესით, უფროსი უარს არ ეტყოდა, რადგან ყველაფერი ათიანზე ჰქონდა მოწესრიგებული და ექვს დღეში მის გარეშე ჰამლეტის ბიზნესი არ დაიქცეოდა. მართალია, მამამისის დაბადების დღეც მოდიოდა, მაგრამ ის იქითა კვირაში უწევდა, შაბათს, მანამ კი თვითონაც ჩამოვიდოდა. ასე რომ, მის გამგზავრებას არანაირი დაბრკოლება არ ხვდებოდა წინ.
უნდა დაურეკოს. ახლავე უნდა უთხრას, რომ თანახმაა. მაგრამ რაღაც უკან სწევდა, რაღაც უშლიდა ხელს. ექვსი დღე მის გარემოცვაში. ექვსი დღე მასთან ერთად. თვალწინ წარმოუდგა საიმონის ულამაზო, მაგრამ მაინც სიმპათიური სახე, მისი გამჭოლი მზერა და… არა, არა, არანაირი სხვა გრძნობა მასთან არ აკავშირებს. უბრალოდ, ექვსი დღით სჭირდება ადამიანს და უარს ხომ არ ეტყვის. სულ რაღაც ექვსი დღე…
და უცებ გახევდა… თითქოს ძარღვებში სისხლი გაეყინა… დღე გასაგებია, მაგრამ ღამე? ღამეებზე სიმს მისთვის არაფერი უთქვამს!
ჰმმმ… - ჩუმი ოხვრა ჩაიხშო, მობილური მოიმარჯვა და დარეკა.
- გისმენ, ნეილ, - პირველსავე ზარზე უპასუხა მამაკაცმა.
- რაც შეეხება მაგ საბერძნეთს, - მოკლედ მოჭრა სათქმელი გოგონამ, - მე იქ შენთან დაწოლას არ ვაპირებ!
- ვიცი, ვიცი. ისიც ვიცი, რომ ამას ყველა კაცს ეუბნები. - მიუგო საიმონმა და გაჩუმდა.
გოგონამ იფიქრა, ისევ დამცინისო, ჩიხლაძემ კი გააგრძელა:
- და მე განა გთხოვე ჩემთან დაწექი-მეთქი?
ჰოდა, ძალიანაც კარგი! მშვენიერია!
- ოთხშაბათს რომელ საათზე გავდივართ? - ზავის ჩამოგდება ამ შეკითხვით სცადა.
- დილით. ცხრისთვის ჩემთან მოდი! - მოითხოვა მან და ამით საუბარი დამთავრებულად ჩათვალა - ტელეფონი გათიშა.
- გაუთლელი! ტელეფონი მე უნდა გამეთიშა! - მოგუდულად შეუძახა სიბნელეს ნეილმა და გაწიწმატებულმა მობილური ლიზის საწოლზე მოისროლა.
სამშაბათი თვალსა და ხელს შუა გაიპარა. ნეილი ჰამლეტთან უნდა შესულიყო შვებულების თაობაზე, თუმცა გული ეთანაღრებოდა. წესით, შვებულება ჯერ არ უწევდა, თუმცა გოგონა იმედოვნებდა, რომ უფროსი უარს არ ეტყოდა. მან ხომ სულ მცირე დროში მისი ფირმა თითქმის დააყენა ფეხზე. რაც აქ მუშაობა დაიწყო, გაცილებით გაიზარდა ფირმის შემოსავლები და ჰამლეტი ერთობ კმაყოფილი დარჩა. ბოლოს და ბოლოს, ოთხი დღის თხოვნა უწევდა, რადგან შუაში შაბა-კვირა იყო გაჩხერილი და დასვენება ისედაც ეკუთვნოდა.
ჰამლეტი უხალისოდ დათანხმდა, თუმცა უკმაყოფილება ხმამაღლა არ გამოუხატავს. იცოდა, რომ უარის თქმით ღირებულ თანამშრომელს დაკარგავდა.
რადგან ეს ერთი საქმე მოაგვარა, შესვენების პერიოდი ნეილმა მაღაზიების შემოვლას დაუთმო, რათა საზღვაოდ რაღაც-რაღაცები შეეძინა. საღამოს კი, როცა სამუშაო საათები დამთავრდა, თავისი მაგიდა კოხტად მიალაგა და კაბინეტის კარი გამოიხურა.
შინ იმაზე გვიან დაბრუნდა, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა. ბინაში შესულს საჭმლის სასიამოვნო სურნელმა ცხვირში შეუღიტინა. დაინტერესდა, ამ საღამოს ვინ ამზადებდა ვახშამს, რადგან ნიას ჯერი იყო, ის კი ისეთ დეპრესიაში ჩავარდა, აღარაფრის თავი არ ჰქონდა.
რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა გაზქურასთან მოტრიალე ნია დაინახა. იგი მშვენივრად გამოიყურებოდა, სულაც არ ეტყობოდა, რომ საქმროს დაშორდა.
- მარტო ხარ? ლიკა სადაა?
- მარტო ვარ. არ ვიცი. - ორივე კითხვაზე ლაკონიური პასუხი გასცა.
- მოგეხმარო?
- არა, მე თვითონ, - ნია თავს მაღლა არ სწევდა.
- მაშინ წავალ, გავემზადები, - ნეილმა სწრაფი მზერა შეავლო მეგობარს და კარისკენ დაიძრა.
- გაემზადები? სად მიდიხარ?
- რამდენიმე დღით ქალაქიდან გავდივარ.
- შენებთან? მცხეთაში?
- ა-რაა, - შეყოყმანდა ნეილი, ახლაღა გაახსენდა საკუთარი მშობლები, რომელთა გაფრთხილება თავში აზრადაც არ მოსვლია, - სხვაგან მივდივარ. საქმეზე… - კარის სახელური ჩამოსწია, მაგრამ სანამ გააღებდა და გავიდოდა, უცებ რაღაც მოაფიქრდა და მთელი ტანით შემოტრიალდა, - ნი… ამ შაბათ-კვირას შეიძლება დედაჩემმა დარეკოს ან შენთან, ან ლიკასთან, რადგან ჩემი მობილური გამორთული იქნება. მე…
- შეგიძლია აღარ გააგრძელო, - არ დაამთავრებინა ნიამ, - ეგ საქმე ჩვენ მოგვანდე! - და დაქალს თვალი ჩაუკრა, - თუმცა ცუდი არ იქნებოდა, შენი კაცის სახელი მაინც გეთქვა ჩვენთვის. რას გვიმალავ? ასე საიდუმლოა? - გადაუკრა.
ნეილმა გაიღიმა, მაგრამ პასუხი არ გაუცია. ისედაც, საკუთარი თავი სძულდა, მშობლების მოტყუება რომ უწევდა. ახლა მეგობრებიც მოეტყუებინა? არ ღირდა. ეს კარგს არაფერს მოუტანდა, მათ ნდობას დაკარგავდა.
გაგრძელება იქნება
ასევე იხილეთ: