ისინი ძალიან ლამაზ რესტორანში შევიდნენ. ნეილი მიხვდა, რომ პირველები იყვნენ, დარბაზი სრულად ცარიელი აღმოჩნდა. მას დიდად არ შიოდა, ამიტომ მხოლოდ ქათმის სალათა შეუკვეთა. მერე ირგვლივ მიმოიხედა და გაიფიქრა, რა კარგი იქნებოდა აქ მოხვედრა სხვა ვითარებაში, რომ ის და სიმი, როგორც წყვილი, წასულიყვნენ მეგობრების მოსანახულებლად. რა, არ მოუხდებოდნენ ერთმანეთს თუ? ყველას მათზე დარჩებოდა თვალი!
ღმერთო! მან ხომ საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ წინდახედული იქნებოდა და არ გასცემდა საკუთარ გრძნობებს. ისევ თავისას უბერავს!.. ეს არ იყო ნამდვილი პაემანი, ჯანდაბა! სიმმა, უბრალოდ, თან წაიყვანა, რადგან… აქ გაჩერდა, გაოცებული უცებ მიხვდა, რომ უამრავ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. რატომ წამოიყვანა იგი? დიახ, მან იცოდა, რომ მისი ვალი ჰქონდა, მაგრამ მერე რა? მას შეეძლო თავისი "შესანიშნავი ათეულიდან" სხვა რომელიმე წაეყვანა… ნეილის ვალი სად გაიქცეოდა? ისევ ეჭვებმა დარია ხელი. ეს ხომ უკვე გამოირა! თანაც არა ერთხელ და ორჯერ!
- რატომ? - ხისტად იკითხა.
- რატომ იქ? - დაზუსტების მიზნით შეეკითხა მამაკაცი.
- რატომ მე? - ნეილი უცებ გაბრაზდა. - თუ შენი მორიგი ბინძური ინტრიგის გადასაფარავად გჭირდები, ჩიხლაძე, დაივიწყე!
- ბინძური ინტრიგის, - გაიმეორა მან. ნეილს უცებ მოეჩვენა, რომ ამან არათუ გააბრაზა საიმონი, პირიქით, გაამხიარულა. - დარწმუნებული ხარ, რომ არ ეჭვიანობ, ნეილ? - მშვიდად ჰკითხა.
ამის გაგონებაზე ლამის გულმა დაარტყა. მზად იყო ეკლიანი პროტესტი გამოეთქვა, მაგრამ როგორღაც მოახერხა, გარეგნულად მაინც არ შეცბუნებულიყო.
- რა თქმა უნდა, არსებობენ ეგოცენტრისტები, ბატონო საიმონ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ შენნაირი ჩემს სიცოცხლეში არ შემხვედრია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით!
სიმმა თავი ისე დაიჭირა, ვითომ ეწყინა.
- ჯანდაბა, მე კი მეგონა, რომ კიდევ ერთი ტერიტორია დავიპყარი.
- არ გაგიმართლა! - მიახალა ნეილმა და შეხედა. მან ღიმილით უპასუხა. ღმერთო, როგორ უყვარდა!
- ჰოდა, რატომ? - თავი აიძულა გაემეორებინა კითხვა, თუმცა ამისთანა ღიმილის შემდეგ აღარაფერს არ ჰქონდა მნიშვნელობა, - რატომ არ აირჩიე რომელიმე სხვა ქალი? ის, ვისაც შენი ფული არ მართებს? - დააზუსტა.
სიმონმა მშვიდად შეხედა. ნეილის გულმა ფორმულა 1-ის პილოტივით აკრიფა სიჩქარე: ფიქრობდა, რომ სიმი ახლა სერიოზულ პასუხს გასცემდა, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვევლად უყურებდა მას, მერე კი თქვა:
- არავინ ცეკვავს ისე, როგორც შენ.
ესე იგი, დღეს საღამოს ცეკვები იქნება?
- და?
- და ასე გადამდებად არავინ იცინის.
ნეილს ეს ადრეც უთხრეს. ოდესღაც.
- და? - ვერ დაკმაყოფილდა.
- და ჩემს სიცოცხლეში არასდროს მინახავს ასეთი ლამაზი, საოცარი, დიდრონი ცისფერი თვალები.
გოგონამ ყინულის ლოლუასავით დაიწყო დნობა. მაგრამ, ღმერთო ჩემო, ნაძლევს დადებდა, რომ ის არ იყო ერთადერთი ქალი დიდრონი ცისფერი თვალებით მათ შორის, ვისაც საიმონი იცნობდა.
- როგორც ჩანს, ამაში მაგარი ექსპერტი ხარ.
- რაში?
- მოჯადოებაში.
- გინდა თქვა, რომ… შენც მოგხიბლე?
- ოცნებაში ამოგხდება სული! - შხამიანად მიახალა, სულაც არ აპირებდა ეღიარებინა, რომ მის გამო თავი დაკარგა.
- რატომ მე? - კვლავ დაჟინებით მოითხოვა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში სიმონი სერიოზული სახით უცქეროდა. მისი ტონიც სერიოზული იყო, როცა ბოლოს უპასუხა:
- ალბათ იმიტომ, რომ მომწონხარ.
- ხა! - ირონიულად ესროლა, არ იცოდა რა ეთქვა. სიმი არ უნდა მიმხვდარიყო, რომ ნეილის სხეულში ყველაფერი აყირავდა. თურმე მოსწონს! რა სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა!
სწორედ ამ დროს მოიტანეს მისი სალათა და ნეილმაც მასზე გადაიტანა ყურადღება.
ჯერ ისევ გზაში იყვნენ, როდესაც გოგონას დაგვიანებით გაახსენდა, რომ საიმონმა აქამდე არ უპასუხა მის კითხვას იმ ადამიანების შესახებ, ვისაც სტუმრობდნენ.
- სახლის მეპატრონეები ვინ არიან? - იკითხა ნეილმა.
- ბატონო? - გონებაგაფანტულად წარმოთქვა კაცმა, რომელიც გზას გულისყურით გაჰყურებდა.
ნეილს სულაც არ სურდა მისი ყურადღების გადატანა, მაგრამ მასპინძლების ვინაობის დასახელება ხომ თავისუფლად შეეძლო. ეს მანქანის ტარებაში ხელს არ შეუშლიდა.
- ვინ არიან? - არ ეშვებოდა.
- ოჯახური წყვილი. მათი სახელებია მაკა და მიკა, - მოკლედ უპასუხა.
ბუნებრივია, სურდა მეტი სცოდნოდა. ნეტავ თუ უთხრა მათ, რა ერქვა გოგონას, ვისთან ერთადაც იქ მივიდოდა? რის თქმას აპირებს მათთვის, როგორ გავიცანიო? კიდევ ვინ დახვდება იქ? რამდენი იქნებიან? არა აქვს მნიშვნელობა, ოღონდ კიბიდან ჩამომავალს კიდევ ერთხელ არ მოუწიოს სიმის სასოებით სავსე მზერით სხვა ქალთან დანახვამ!
ეჭვიანობა კვლავ დაეუფლა. პირქუში გამომეტყველბით იჯდა და ფიქრობდა, რომ მასთან ერთად წასვლაზე არ უნდა დათანხმებულიყო, მაგრამ ამასობაში სიმონმა მთავარი გზიდან გადაუხვია.
მერე კი, როდესაც მანქანა ასფალტიდან მოხრეშილ გზაზე გადავიდა, ნეილი მიხვდა, რომ ისინი უკვე ადგილზე იყვნენ. მალე საიმონი ძალიან პატარა აგარაკთან გაჩერდა.
იფიქრა, ჯერ არ მოვსულვართო. ბოლოს და ბოლოს, წვეულებაზე იყო საუბარი. ამ სახლში კი ოთხი ადამიანი თუ დაეტეოდა, ისიც ძლივს. როგორც ჩანს, მარშრუტის დასაზუსტებლად გაჩერდა.
მაგრამ რატომ გამორთო ძრავა? ავტოფარეხი არსად ჩანდა. მამაკაცმა გასაღები გამოიღო, მაგრამ გადასვლა არ უცდია. ალბათ, ამას მექანიკურად აკეთებს ყოველ ჯერზე, როცა მანქანიდან გადმოდის, სანამ ვინმეს მისამართს ჰკითხავს… ნუთუ თვითონაც პირველადაა?
მაგრამ სიმი არ განძრეულა. ის, უბრალოდ, შებრუნდა და ნეილს შეხედა. არა, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას არ აპირებს. არ აპირებს ამას. იგრძნო მამაკაცის მისკენ მომართული მზერა. ყურადღებიანი, შემსწავლელი მზერა. შემდეგ მისი ხმა გაისმა:
- მოვედით.
თავს ძლივს იკავებდა სალანძღავი სიტყვების წარმოთქმისგან.
- ეს არის ჩვენი დანიშნულების ადგილი? - ესღა ჰკითხა.
ვერა, ვერავითარი ძალა ვერ აიძულებს მანქანიდან გადმოსვლას…
- აქ მოგეწონება, - თქვა მან. - გადმოდი და ირგვლივ მიმოიხედე.
საიმონი ისეთი ენთუზიაზმით ალაპარაკდა, რომ ნეილი თავისი გადაწყვეტილების საპირისპიროდ მანქანიდან გადმოვიდა.
სახლი იმაზე უფრო პატარა ჩანდა, ვიდრე ის, რომელშიც ახლა მისი მშობლები ცხოვრობდნენ. მაგრამ აქ ლამაზი ბაღი იყო. არა, ალბათ კოხტა და ლამაზი სახლია, მიუხედავად იმისა, რომ არც შეიძლება სახლი ეწოდოს. უფრო სწორად, პატარა კოტეჯია, ხის. ოჰ! გული უგრძნობს, რაღაც მოხდება!
ნეილის ეჭვები მაშინ უფრო გამძაფრდა, როცა კარზე ზარის დარეკვის ნაცვლად, სიმმა წამოიძახა: „ვახ, მგონი მასპინძლები შინ არ არიან!“ - ამ შეძახილთან ერთად ჯიბიდან გასაღები ამოიღო და საკლიტულში მოათავსა.
- შემოდი! - მამაკაცი განზე გადგა და გზა დაუთმო.
გოგონას პირველი რეაქცია იყო იმწუთასვე გატრიალებულიყო და მანქანამდე მიეღწია, მაგრამ გადაიფიქრა და თავი აიძულა, სახლში შესულიყო.
- და მაკა და მიკა წინააღმდეგი არ იქნებიან? - დასვა შეკითხვა.
- სულაც არა, - უპასუხა სიმმა, - ახლავე აგიხსნი იმის შესახებ…
- რა თავმდაბლობაა შენი მხრიდან! - მოუჭრა ნეილმა. აუხსნის! რა არის აქ ასახსნელი? აშკარაა, რომ მედეა დღეს რაღაცით იყო დაკავებული. ნეილი კი საბერძნეთში უკვე გამოსცადეს და მეტ-ნაკლებად შესაფერისი კანდიდატურა აღმოჩნდა საიმონის ვნებების დასაოკებლად. ნეტავ რა განიზრახა? მშვიდად, ნეილ! ჯერ ხომ არაფერი უხამსი არ შემოუთავაზებია!
ნეილმა ინტერესით მიმოიხედა. ქვედა სართულზე ბევრი არაფერი იყო სანახავი: მისაღები და სამზარეულო.
- შეიძლება ვნახო, რა არის ზემოთ? - თავაზიანად ითხოვა ნებართვა.
კიბე ხის და ვიწრო იყო. ზედა სართულზე ორი საძინებელი და პატარა სააბაზანო აღმოჩნდა. პირველს არა უშავდა, მეორე საძინებელი კი გაცილებით პატარა იყო. მხოლოდ ერთი საწოლი და კამოდი იდგა. ნეილი დიდ საძინებელში შევიდა. მისი ეჭვები სავსებით გამართლდა: ესეც ორადგილიანი საწოლი!
- ვიფიქრე, ეს ოთახი მოეწონება-მეთქი, - ზურგს უკან საიმონის ხმა გაისმა.
იფიქრა! ჰმ! სახლის პატრონები შინ არ არიან, ამან კი იფიქრა!..
- მე-ე? - გოგონა შემობრუნდა, ცდილობდა გაბრაზება არ გამოეხატა, - მარტო მე უნდა მომწონებოდა? - იკითხა დაეჭვებით. - გინდა თქვა, რომ შენი სიმაღლით იმ ერთი ბეწო საწოლზე მოთავსდები, - საჩვენებელი თითი პატარა საძინებლისკენ გაიშვირა, - მე კი თავისუფლად გავიშხლართები ამ უზარმაზარ საწოლზე? რა დიდსულოვანი ხარ!
- ნერვიულობ, - მშვიდად შენიშნა სიმმა. - მე არ…
- მართალი ხარ, ჯანდაბა, ვნერვიულობ! - ნეილი აფეთქდა, გაუძნელდა თავის შეკავება. - მარტო დავიძინებ, ჩემთვის, არა? ამ… წვეულების შემდეგ, ხომ?
- დამშვიდდი. არავითარი…
- დავმშვიდდე? როგორ გამიბედე?! - გოგონა ლამის ადუღდა, მისი ხმა ზარივით რეკდა. - მე შენ ვინ გგონივარ? იაფფასიანი მეძავი, რომლის ყიდვაც ორი მანქანის რემონტით შეიძლება?!
- გეყოფა! - მკვეთრად გააწყვეტინა სიმონმა. მისი თბილი ხმისგან კვალიც აღარ დარჩენილიყო, - ამისთვის არ მომიყვანიხარ აქ!
- ამისთვის არა? "ჩვენ ქალაქგარეთ ვართ დაპატიჟებული წვეულებაზე", - გამოაჯავრა ნეილმა. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, ახლო-ახლოს. მამაკაცმა ხელი გაიწოდა, რათა მკლავზე შეხებოდა. გაცოფებულმა ნეილმა ხელი აუკრა, - მერედა სად არიან შენი სტუმრები? მითხარი, სად? ან სად აპირებდი მათ განთავსებას? - ყინულივით ტონით შეეკითხა, ვინაიდან სრულიად ნათელი იყო, რომ ეს კოტეჯი სიმის ქალაქგარე ნავსაყუდელს წარმოადგენდა. როგორც ჩანს, მაკა და მიკა მის აქ მოსატყუებლად გამოიგონა, - არც კი გიფიქრია ვინმეს დაპატიჟება, არა?
ალბათ ცოტა გულზე მოეშვებოდა, საიმონს ზრდილობის გულისთვის მაინც რომ ეთქვა, სტუმრები დაპატიჟებული მყავს და მოგვიანებით ჩამოვლენო, მაგრამ მსგავსი არაფერი.
- არა. მხოლოდ მე და შენ უნდა ვიყოთ აქ ეს ორი დღე, - წარმოთქვა მან.
აი, ახლა კი გაარტყა. ბაც! ნეილი საშინლად იყო გაბრაზებული, რომ კაცმა, რომელიც უყვარდა, ასეთი აღმაშფოთებელი სიმარტივით შეძლო მისი მოტყუება. ამჯერად სიმმა ვერ მოასწრო მისი ხელის დაჭერა და გოგონას ხუთი თითი მამაკაცის ლოყას დაავარდისფრდა.
თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ საიმონი მის მხრებს ჩააფრინდა.
- ისტერიკა დაგეწყო, - თქვა მან დაძაბული ხმით.
- ეს პრელუდიაა იმისა, რომ შენც დამარტყამ? - კბილებშუა გამოცრა ნეილმა.
- ოხ, ნეილ, როგორი მიამიტი ხარ! შენ როგორ უნდა დაგარტყა! - თავი გააქნია სიმმა.
- უეჭველი უფრო ეშმაკური ხერხები იცი ჩემი ისტერიკის შესაჩერებლად! - არ ჩერდებოდა გაცოფებული გოგონა.
აჯობებდა ეს არ ეთქვა, რადგან სიმონმა მყისიერად მოახდინა რეაგირება.
- ჰო, მგონი არსებობს შენი გაჩუმების უებარი საშუალება. - მიუგო მამაკაცმა და სანამ ნეილი გაიფიქრებდა, ნეტავ რა ახალმოდური საშუალება აქვს მოფიქრებულიო, მამაკაცი ტუჩებზე დააკვდა.
გაკვირვებისგან წამით გაიყინა. ამით ისარგებლა სიმმა, თავისკენ მიიზიდა და რკინის მარწუხებში მოაქცია.
- არა! - ამოთქვა, როგორც კი სიმონმა ტუჩები მოაშორა.
- შეიძლება ცოტა ხნით ნორმალურად მოიქცე, სანამ ყველაფერს აგიხსნი? - ჰკითხა მან.
- შენი ახსნა შენთვის დაიტოვე, საი… - სანამ ნეილი სიტყვას დაასრულებდა, სიმონი კვლავ მის ტუჩებს მისწვდა.
თავის გათავისუფლება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, კმაყოფილება დაეუფლა, როცა სიმონმა შეჰყვირა, რადგან ნეილის წიხლი მოხვდა წვივში სწორედ იმ მომენტში, როცა მამაკაცი მის კალთაში ჩასმას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილისგან დაიღმიჭა, კაცს ხელი არ გაუშვია, მაინც მაგრად ეჭირა.
არა! ყვიროდა მისი გონება, როდესაც იგრძნო, რომ სიმის ტუჩები კვლავ მისი სახისკენ მოიწევდა. არა! მამაკაცს ცალი ხელით მძლავრად ეჭირა, მეორით კი ნაზად ეფერებოდა ზურგზე.
ნეილი ხვდებოდა, რომ საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა და ამას ვერაფერს უხერხებდა.
- სიმ! - სუნთქვაშეკრულმა ამოიხავლა, როცა საიმონმა მის ტუჩებს თავი დაანება.
- ნუ ბრაზობ, - ჩაიჩურჩულა მამაკაცმა რბილად. - არ მინდა ბრაზობდე, თუმცა გიხდება.
- მე… - დაიწყო, მაგრამ ვერ დაამთავრა. თვითონაც არ იცოდა რას გრძნობდა, უფრო ალბათ ვეება სიხარულს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საიმონმა კვლავ ნაზად აკოცა.
ოოო, როგორ უნდოდა ეკოცნა… სიგიჟემდე უნდოდა! მას ეს ნამდვილად სჭირდებოდა! რაც უნდა ეჩიჩინა მისთვის გონებას, ყველაფერი სულერთი იყო. ამწუთას მხოლოდ ერთი რამით იყო შეპყრობილი - მას არ სურდა თავის შეკავება, მას სურდა თავის გრძნობას ბოლომდე დანებებოდა.
თითქოს გულისთქმას მიუხვდაო, მამაკაცი ისე ვნებიანად კოცნიდა, რომ იძულებული გახდა მოსჭიდებოდა მის მკლავებს, რათა არ წაქცეულიყო. მერე კი თავადაც ძალუმად იჭერდა მამაკაცს, მისი გაშვების ეშინოდა, რადგან ერთი რამ დარწმუნებით იცოდა: მას სჭირდებოდა მისი სიახლოვის შეგრძნება, მისი სხეულის სითბო…
ვნებას აღარ იკავებდა, კოცნაზე კოცნით პასუხობდა. სიმმა კვნესით მიიზიდა თავისკენ და კისერზე თმა გადაუწია. ნეილს ცეცხლი წაეკიდა.
- სიმ! - მთელი გზნებით ამოთქვა მისი სახელი და ხმაში ჩადო ყველაფერი ის, რისი მოსმენაც მამაკაცს სურდა.
- ჩემო ძვირფასო პატარა გოგო, - ჩაიჩურჩულა მან და ისევ წაეტანა.
ნეილი სულ დადნა. იყოს მისი ძვირფასი პატარა გოგო… ოჰ, დედამიწის ზურგზე ეს ხომ მისი ყველაზე დიდი ოცნება იყო!
კიდევ უფრო მჭიდროდ მიეხუტა. საიმონი მძლავრად იკრავდა გულში. რატომღაც საწოლთან იმაზე ახლოს აღმოჩნდნენ, ვიდრე ნეილს ახსოვდა. მაგრამ რაც ახსოვდა, ისიც გადაავიწყდა, როცა სიმონის ხელი რბილად შეეხო მისი კაბის საკინძეს.
სანამ მამაკაცი ღილებს უხსნიდა, ნეილი დროს არ კარგავდა, თავდავიწყებით კოცნიდა და ოდნავადაც არ უცდია წინააღმდეგობის გაწევა, როცა სიმმა კაბა მხრებიდან ჩამოუწია. მხოლოდ მაშინ შეაკანკალა, როცა კაბა ძირს დაეფინა და თითქმის შიშველი დარჩა.
"მე შენ მიყვარხარ, სიმ", - ეს იყო ერთადერთი ფიქრი, რაც ახლა გონებაში უტრიალებდა. თავისი სიშიშვლით შეცბუნებული მამაკაცს მორცხვად მიეხუტა, მხოლოდ ბიუსტჰალტერი და მაქმანიანი ბიკინი უფარავდა სხეულს.
- შენ ისეთი ლამაზი ხარ, ავ თვალს არ ენაახვეებიიი… - მისამღერით გაამხნევა საიმონმა და აკოცა. თითქოს შეთანხმდნენო, ორივემ გაიხადა ფეხსაცმელი და საწოლზე გაწვნენ.
მისკენ დახრილმა სიმმა ჯერ თვალები ამოუკოცნა, შემდეგ კი სახესა და ყელზე გადავიდა. ნეილი თითქოს კოცნის თავსხმაში მოყვა. რა სასიამოვნო შეგრძნება იყო! ღმერთო, უშველე! სიამოვნებისაგან არ გაიპაროს! აკვნესებული მამაკაცს ხელს არ უშვებდა, თან ბუნდოვნად გრძნობდა, რომ თანდათან იმისგანაც იძარცვებოდა, რაც ტანთ ემოსა. ეს საოცრად სასიამოვნო გრძნობა იყო. სიმმა ისე შეხედა, თითქოს უნდოდა ეკითხა, გაგრძელების წინააღმდეგი ხომ არ ხარო. პასუხის ნაცვლად გოგონამ მისი პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო…
მზერა სიმის შავთმიან მკერდზე გარინდა, მერე კი ინსტინქტურად წრიულად აამოძრავა ხელისგულები ამ ესოდენ სასურველ "ტერიტორიაზე".
- შეიძლება? - მორიდებულად შეეკითხა.
საიმონმა ალერსიანი ღიმილით უპასუხა.
- შეუდარებელი ხარ, მაცდუნებელი, დამატყვევებელი, - ერთი ამოსუნთქვით წარმოთქვა მამაკაცმა.
უსასრულოდ და ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს. გოგონამ იგრძნო მისი ხელები მკერდზე და გულმა ძლიერად დაუწყო ფეთქვა. შემდეგ ერთი შიშველი მკერდი მეორე შიშველ მკერდს შეეხო და ნეილი ენით აუწერელი სიამოვნების ბურანში გაეხვია.
არამიწიერ ნეტარებას შეეპყრო, მთელ სხეულზე გრძნობდა მამაკაცის მწველ კოცნას - მუცელზე, წელზე, ფერდებზე, ბარძაყებზე… სიმი ლამის გონდაკარგული ეალერსებოდა.
სიგიჟემდე უნდოდა მასთან, სურდა ბოლომდე მინდობოდა. მიუხედავად იმისა, რომ სექსში გამოუცდელი იყო და მხოლოდ თეორიული ცოდნით შემოიფარგლებოდა, ერთ რამეს ნამდვილად ხვდებოდა - საიმონი ისე ეალერსებოდა, უთუოდ თვითონაც უჩვეულოდ სასურველი იყო მისთვის. ეს არ ეჩვენებოდა.
მაგრამ სასაცილო იყო ის, რაც შემდეგ მოხდა. როცა უკვე მზად იყო დანებებოდა, უეცრად ჯერარგანცდილი სასიამოვნო შიშის მოსალოდნელობამ უკან დაახევინა. სხეულის შიგნით დაგროვილმა უხერხულობამ ერთიანად ამოხეთქა.
- მოიცა! - კრუნჩხვამორეულივით წამოიძახა.
სიმი მაშინვე გაჩერდა.
- მოიცა? - გაიმეორა მამაკაცმა, აშკარად არ სჯეროდა, რომ შეეძლო ამის მოსმენა იმ მომენტში, როცა უკვე თითქმის შეტოპა.
- მაპატიე, - მაშინვე მოუბოდიშა, - მე არ ვარ დიდად მცოდნე ასეთ საკითხებში, - მორცხვად გაუღიმა, - ვგულისხმობ, რომ გამოცდილება სრულებით არ მაქვს, - შეასწორა და… უცნაურად გაწითლდა. უნდოდა ეთქვა, ცოტა ფრთხილად მოქცეოდა რადგან მართლა ძალიან ეშინოდა ქალწულობის დაკარგვის, მაგრამ შერცხვა და აღარ გააგრძელა.
საიმონმა მის ჟოლოსფერ სახეს მზერა შეავლო.
- რა სისულელეს ვაკეთებ, ამის დედაც! - ამოიხვნეშა მამაკაცმა.
ნეილმა თავი ძლივს შეიკავა, არ ეხუმრა - შენ თუ არ იცი, მე - მით უმეტესო, მაგრამ, როგორც ჩანს, სიმს სახუმაროდ არ ეცალა. მან დახედა გოგონას შიშველ მკერდს და ჰაერი შეისუნთქა.
- რა ხდე… - დაიწყო ნეილმა, მაგრამ არ დაასრულა.
მომდევნო წამს სიმმა მის მკერდს თვალი აარიდა და ჩაცმას შეუდგა.
- ჩაიცვი, - გაბზარული ხმით უმისამართოდ წარმოთქვა.
მანამდე ნეილს მართლა არასდროს ჰქონია არავისთან სექსი, მაგრამ ამჯერად გაოგნებულმა გახედა მამაკაცს. ვერ წარმოედგინა დაწყებულის ასე დამთავრება. ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო?
- ჩავიცვა? - დაბნეულმა თითქოს საკუთარ თავს ჰკითხა. ნეტარების მწვერვალზე ასულს ასე უბრალოდ და ასე მოულოდნელად არ შეეძლო დედამიწაზე დაბრუნება.
- სახლში წაგიყვან! - საიმონის ნათქვამი ძაღლის ღრენას ჰგავდა. მისი ტონის აგრესიულობამ ნეილი შოკში ჩააგდო.
- დიდად დამავალებ! - ირონიით გაჯერებული წინადადება თავისდა უნებურად წამოსცდა.
საიმონმა პერანგი და ფეხსაცმელი აიღო, ოთახიდან გავიდა და ნეილი მარტო დატოვა.
მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ კაბას იცვამდა, გოგონა ვერაფერზე ფიქრობდა - მხოლოდ ბრაზით იყო გადავსებული, მსგავსი რამ სიცოცხლეში არასდროს განუცდია. ჩაცმის შემდეგ ფანჯრიდან გადაიხედა და დაინახა სიმი, რომელიც სახლის უკანა ეზოში კართან იდგა, მისკენ ზურგით და სივრცეს გაჰყურებდა.
მშვენიერია! თუ ის მას ელოდება, არ დააყოვნებს. ამ კაცს ვინ ჰგონია თავისი თავი, ჯერ თავბრუდამხვევ სიმაღლემდე რომ ააფრინა ნეილი და მერე ძირს დაანარცხა?
შტერი გოგო! ნეტავ რა დაინახა ამ უგრძნობ ურჩხულში? ამოისლუკუნა. სად არის მისი სიამაყე? ჰო, სად არის, სად?
კიბე ჩაირბინა და სამზარეულოში შევიდა.
როგორ უთხრა? სახლში წაგიყვანო? ჰაჰ! ვერ მოგართვეს, სიმონ ჩიხლაძე! ნეილს არასდროს უფიქრია, რომ ბუნებით იმპულსური იყო, მაგრამ როცა სამზარეულოს მაგიდაზე საიმონის მანქანის გასაღებების აცმა დაინახა, მიხვდა, რომ როცა ბრაზდებოდა, როცა მასში სიბრაზე და სიამაყე ერთმანეთს ერწყმოდა, ნებისმიერზე იმპულსური შეეძლო გამხდარიყო.
აქამდე არასდროს უტარებია "ბმვ", მაგრამ აქამდე არც არასდროს ყოფილა ასე გაბრაზებული.
სავარაუდოდ, სიმი ისევ სახლის უკან იყო, მისი მანქანა კი წინა ეზოში ეყენა. აცმას ხელი დაავლო, სწრაფად და უხმაუროდ გაემართა წინა კარისკენ და ასევე უხმაუროდ გავიდა. მანქანის კარი ისე გააღო, ჩქამი არ გაუღია და არ მოხურა მანამ, სანამ კარგად არ დაათვალიერა წინა პანელი. მერე გასაღები საკლიტულს მოარგო, ძრავა დაქოქა და - დიდებული სანახაობა! - სწორედ ამ დროს თვალებგაფართოებული სიმი შეამჩნია, რომელიც სახლის კუთხიდან გამოვიდა, რათა დაენახა, რა ხდებოდა. იმავე წამს ნეილმა გაზს ფეხი მიაჭირა და გავარდა.
მაგრამ სანამ ჩიხლაძის სახლს მიაღწევდა, პანიკა დაეწყო. ვერ ხვდებოდა, რატომ მოიქცა მამაკაცი ასე, რატომ ჩამოაგდო ასე გულგრილად ადრენალინით გაჯერებული მწვერვალებიდან. და რაც მთავარია, მას არ ესმოდა, რატომ წაიყვანა სიმმა იგი ამ "წვეულებაზე".
შეჰპირდა, ყველაფერს აგიხსნიო, თუმცა მოეჩვენა, რომ ნამდვილად არ სურდა ამის გაკეთება. საინტერესოა, რის თქმას აპირებდა? რით იმართლებდა თავს? როგორ აუხსნიდა, რისთვის წაიყვანა იგი საგურამოში? იმისთვის, რომ ბოლომდე მიეყვანა ის, რასთანაც ასე ახლოს იყვნენ საბერძნეთში?
როგორც იქნა, ოდნავ მოეშვა, შედარებით დამშვიდდა და შეკითხვასაც მშვიდად გასცა პასუხი: დიახაც, მას ნეილთან სექსი უნდოდა. მერე რა? განა თვითონ არ უნდოდა? თან დაადანაშაულა, იაფფასიანი მეძავი გგონივარ, რომლის ყიდვაც ორი მანქანის რემონტით შეიძლებაო. ასეთი სიტყვებით ალბათ შეურაცხყოფა მიაყენა. იქნებ ამიტომაც გადაიფიქრა მისი დაუფლება?
გაახსენდა, როგორ ცდილობდა მამაკაცი მის გაჩუმებას თავისი მკვეთრი "გეყოფათი". მაგრამ მაინც ვერ აიძულა გაჩუმება. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ არ აკოცა.
ოჰ, სიმ! ეს კოცნა! რა სულელი ხარ, ნეილ! - ჰკიცხავდა თავის თავს. მაგრამ ნეილის გადაწყვეტილება - არავითარი ხვევნა-კოცნა ამ ორ დღესო? რატომ დაივიწყა ეს პირობა? მერე რა? თვითონ ხომ არ დაუწყია?! აბა იმაზე რას იტყვის, არავითარ შემთხვევაში არ აგრძნობინო არც გამოხედვით, არც სიტყვით ან მოქმედებით, ყურებამდე რომ ხარ შეყვარებულიო? ღმერთო! აგრძნობინა რომელია! შიშველი გაუგორდა და ჩაუგორდა!
ბენო გააოცა ნეილის მარტო დაბრუნებამ, მაგრამ გოგონამ უდარდელად შეაყენა "ბმვ" ეზოში, სამგზავრო ჩანთა თავის მანქანაში გადაიტანა, გასაღებების აცმა კი დაცვას ხელში მიაჩეჩა, როცა თავისი გამოართვა.
- თქვენი უფროსი მოგვიანებით მოვა, - ღიმილით წარმოთქვა და საჭეს მიუჯდა.
დედა და მამა სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ, როდესაც ქალიშვილი მათ მოსანახულებლად გვიან საღამოს მცხეთაში ჩავიდა.
- დაღლილი გამოიყურები. ამისთანას რას აკეთებდი, შვილო? - გამომცდელად შეათვალიერა ციციმ.
- არაფერ განსაკუთრებულს, დე, - სცადა უდარდელად ეთქვა და მაშინვე ბანზე ააუგდო სიტყვა, - ბაღი რა ლამაზად მოგიწყვიათ.
- ხო, ვცდილობთ მოვაწესრიგოთ, ყველაფერი უაზროდ იყო მირგულ-მორგული, ახლა რაღაცას ემსგავსება, - კმაყოფილი ტონით მიუგო დედამ.
- იქითა შაბათ-კვირას ჩამოსვლა ხომ არ გადაგიფიქრებია? - მამამ მხარზე მოხვია ხელი.
- რას ამბობთ, ბატონო ვალიკო, თქვენს დაბადების დღეს როგორ გამოვტოვებ? - გაეხუმრა გოგონა მამას და უცებ იგრძნო, რომ თბილისში დაბრუნება არ სურდა.
…მაგრამ როცა კვირა დილით ადგა, მიხვდა, რომ შფოთვისგან ადგილს ვერ პოულობდა. იქნებ ჯობია სადმე წავიდეს, სადაც გინდა იყოს, თუნდაც ჯანდაბაში? თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ სადაც უნდა წასულიყო, ეს შფოთვა მაინც მასთან დარჩებოდა.
გაგრძელება იქნება
იხილეთ ასევე: