- როგორც ჩანს, ყურადღება გამეფანტა, ეს კი შენი ბრალია.
- ვიცოდი, რომ მე დამაბრალებდი, - თვითონაც ჩუმად წარმოთქვა, თან შეეცადა, ცივად გამოსვლოდა.
მამაკაცმა მსუბუქად მოუჭირა თითებზე ხელი.
- მაშ ასე, - თქვა მან, - ნება მომეცი, აგიხსნა ყველაფერი, რათა ჩვენ შევძლოთ… - ჩაილაპარაკა მან, თითქოს ეშინოდა, ისევ არ მორეოდა გრძნობები და მაშინვე ყველაზე მნიშვნელოვან ამბებზე გადავიდა, - შარშან დროის უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ გავატარე და ბუნებრივია, რამინს, როგორც ჩემს ბიზნესპარტნიორს, ხშირად ვუკავშირდებოდი ტელეფონით. გამიხარდა, როცა მითხრა, ჩემს ქვრივობას ბოლო მოეღო და ცოლს ვირთავო.
- მაშინ მედეას არ იცნობდი?
- არა, არ ვიცნობდი, მანამდე არასდროს მენახა და როცა ქორწილში მივედი, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. რამინი ბევრად გაახალგაზრდავებული მეჩვენა. აშკარა იყო, ახალ ცოლს აღმერთებდა. მართალია, ასაკით ბევრად უფროსია მედეაზე, მაგრამ მათი ქორწინება მაინც იღბლიანი ჩანდა.
- და როდის დაიწყო ეს ყველაფერი? - ვერ მოითმინა, არ ეკითხა. უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად გარკვეულიყო სიტუაციაში.
- როდის გამოავლინა ჩემდამი ინტერესი? - საიმონი წამით დაფიქრდა, - ზუსტად არ მახსოვს. მათ თაფლობის თვე საბერძნეთში გაატარეს. კარგა ხანს კი გაუგრძელდათ. როცა დაბრუნდნენ, მეც მოვითავე ჩემი საქმეები და დავბრუნდი. მერე მივდიოდი ხოლმე მათთან ბიზნესის საკითხების განსახილველად, ან ისინი მოდიოდნენ ჩემთან. სულ ერთად დადიოდნენ. არ მიკვირდა. ახალდაქორწინებულ წყვილს სულ ერთად ყოფნა უნდოდა. რადგან რამინი მეგობრად მიმაჩნდა, მედეასაც მეგობრულად ვექცეოდი. უდიდესი მოწიწებით, როგორც თანაპარტნიორის მეუღლეს. ერთხელაც ძალზე გაოგნებული დავრჩი, რადგან მივხვდი, რომ ის სულ სხვა თვალით მიყურებდა.
- და თავად არ გიცდია მისი მოხიბვლა?
- გეფიცები, არც კი გამივლია გულში, - უპასუხა სიმონმა და თვალი თვალში გაუყარა, - ძალიან მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ჩემი მეგობრის ცოლი მე მეპრანჭებოდა. თავიდან მხოლოდ მსუბუქად ვღიზიანდებოდი.
- მერე უარესად?
მამაკაცმა თავი დაუქნია.
- მისი მრავლისმეტყველი ღიმილი, ხელისგული ჩემს მკლავზე ან მხარზე უკვე აუტანელი ხდებოდა. მერე მივხვდი, რომ რაღაც-რაღაცებისგან თავი შორს უნდა დამეჭირა. როცა მეგობრების წრეში ერთმანეთს ვხვდებოდით, მედეა ყველას ლოყაზე კოცნიდა, მაგრამ ჩემი ჯერი რომ დადგებოდა, სულ სხვანაირი იყო მისი კოცნა, სრულიად არამეგობრული. შემდეგ რაღაცების მომიზეზებით ოფისში რეკვები დამიწყო. ეს უკვე მეტისმეტი იყო და გადავწყვიტე, მის მიმართ განსაკუთრებული სიმკაცრე გამომეჩინა.
- მერე?
- მაგრამ მივხვდი, რომ ამას ვერ შევძლებდი. თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ რაღაც უნდა მომეფიქრებინა, სანამ უნებლიეთ რამინს გულს ვატკენდი. ის ისე იყო დაბრმავებული თავისი ცოლით, ვერაფერს ამჩნევდა. გარდა ამისა, მედეას ჩემი გულცივობით თავისუფლად შეეძლო ჩემი და რამინის ურთიერთობის გაფუჭება.
- ღმერთო ჩემო! - წამოიძახა ნეილმა, - მე კი მეგონა, მხოლოდ ჩემი ცხოვრება იყო პრობლემებით სავსე!
საიმონმა ისევ მოუჭირა ხელზე ხელი და თითქოს გამხიარულდა, როცა მიხვდა, რომ ნეილს მისი თანდათან სჯეროდა.
- მაპატიე, ამ ყველაფერს რომ გიყვები, - მოუბოდიშა, - აჯობებდა, არ მომეყოლა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, შენ გამიგო. მინდა იცოდე, რომ ჩემსა და მედეას შორის არასდროს არაფერი ყოფილა, ერთი კოცნაც კი. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან მაინც.
ნეილს გული აუჩქარდა, როცა მამაკაცმა დაამატა:
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შენ ეს გესმოდეს.
ეს რას ნიშნავს? იმას, რომ მას ნეილი უყვარს? ო, ღმერთო! როგორ უნდოდა ამწამს ჩახუტებოდა, მის მკერდზე დავანებულიყო და თავი დაცულად ეგრძნო. მაგრამ ვერ ხვდებოდა, რა დაეჯერებინა და რა არა.
- მერე რა მოხდა? - მაინც იპოვა თავის თავში ძალა შეკითხვისთვის.
- არაფერი განსაკუთრებული. მედეას ტიპის ქალებს საკმარისად კარგად ვიცნობ და სულ ვფრთხილობდი, უხეშად არ გამომსვლოდა მისი თავიდან მოშორება. არ გამიკვირდებოდა, ერთ მშვენიერ დღეს ქმართან ატირებული მისულიყო და ეთქვა, თითქოს ვეარშიყებოდი.
- სხვა რამე გინდოდა მოგეფიქრებინა? უფრო ლმობიერი მეთოდი?
- მიმიხვდი, ხომ?
- მგონი, კი. ამიტომ წამიყვანე მათი ქორწინების იუბილეზე, არა? მე კი მეგონა, ვიღაც ქალს ჩემ გამო უნდა ეეჭვიანა. ერთად რომ დაგინახეთ, მერე პირიქით ვიფიქრე, რომ ჩემი გამოყენებით თქვენს რომანს ადვილად შენიღბავდით.
- არ მიკვირს, ასე რომ იფიქრე. არადა, მართლა იმიტომ წაგიყვანე, რომ მედეასთვის ამეხსნა, ეს გოგო მიყვარს და შენთან ურთიერთობა ვერ მექნება-მეთქი. თანაც ძალიან ლამაზი გოგო! - საოცარი სითბოთი დაამატა.
არა, ნეილი ამას ვერ გადაიტანდა. გული გაურკვევლად უცემდა, თითქოს სიგიჟემ მოუარაო. სასოწარკვეთილი ცდილობდა დამშვიდებულიყო, მაგრამ ხმა აუკანკალდა და მისი ხმა არ ჰგავდა ჩვეულებრივს, როცა თქვა:
- რა გაგიმართლა, ნია შენს მანქანას რომ დაეჯახა, თორემ ჩემი სახით "თანამზრახველს" როგორ იპოვიდი.
- მე ამას იღბალს უფრო დავარქმევდი, - მიუგო სიმმა, - მაგრამ იმ დღეს მართლა დიდი სამსახური გამიწიე. რომ არა შენ, გამოსავალს გამწარებული დავეძებდი.
- სხვა ვინმეს წაყვანას აპირებდი? გყავდა კანდიდატურა შერჩეული? - დაინტერესდა ნეილი და პასუხის მოლოდინში სული შეუგუბდა.
- მომწონს, როცა ეჭვიანობ, - ჩაიდუდუნა მამაკაცმა.
- ცდები, სულაც არ ვეჭვიანობ.
საიმონმა ჩაიცინა და ლოყაზე აკოცა. სანამ გოგონა სულის მოთქმას შეძლებდა, მან გააგრძელა:
- შემეძლო სხვა ქალებისთვისაც მეთხოვა, მაგრამ შენ დაგინახე თუ არა, ისე ამიტაცა შენი წაყვანის სურვილმა, რომ ყველა ამოვშალე სიიდან, თანაც სასწრაფოდ.
- მე შენი ვალი მქონდა და ის უნდა მიგეღო.
- დაახლოებით ასე იყო. და თუ მედეა ბოლომდე ვერ ჩასწვდებოდა ჩემს ჩანაფიქრს, კვლავ მომიწევდა შენი გამოყენება. ამიტომაც გადავანაწილე ის ვალი და გითხარი, ეტაპობრივად გადაიხდი-მეთქი.
- რა თქმა უნდა. არც მიფიქრია, რომ მოგეწონე და ეს წინადადება ამიტომ შემომთავაზე. თუმცა სხვას ჩემს ადგილას შეეძლო ეს ეფიქრა.
- რა სწრაფად იაზრებ ყველაფერს. იმედია, გესმის, რომ ეს არ ეხება იმ ქალს, რომელიც მე მიყვარს?
ჯანდაბა! ხვდება მაინც ეს კაცი, რა ტრიალებს ახლა ნეილის გულში?
შუბლი შეიკრა და ეჭვიანი მზერა ესროლა საიმონს.
- შეწყვიტე, ჩიხლაძე!
- რა, არ გჯერა?
- ჯერ არ დაგიმთავრებია შენი ახსნა-განმარტებები, - ნაჩქარევად შეახსენა მამაკაცს.
სიმმა ეშმაკური ღიმილით გახედა და გააგრძელა:
- ასე რომ, ასეთი დელიკატური სიტუაციის გამო არ შემეძლო მედეას ისე მოვქცეოდი, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. მერე კი შენი დაქალი შენივე მანქანით დამეჯახა, თან შენი სახელით გამეცნო.
- მაგრამ შენ იცოდი, რომ ნია მე არ ვიყავი.
- მხოლოდ პირველი სატელეფონო ზარის შემდეგ, - მიუგო სიმონმა, - მივხვდი, რომ არ შეიძლებოდა სასწაული დამართნოდა იმ შეშინებულ გოგოს, რომელიც ტაქსით გავუშვი შინ. ის ისე იყო შოკირებული, შეშლილს ჰგავდა. ის კი, ვინც დამირეკა, ლამაზხმიანი, დინჯად მოსაუბრე გოგო ნამდვილად სხვა იყო, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა.
- ამიტომ მომატყუე, შეჯახება შუქნიშანთან მოხდაო, ხომ? რათა დარწმუნებულიყავი, მართლა მე ვიყავი თუ არა.
- შენი მცდელობა, მე მოგეტყუებინე, წარუმატებელი აღმოჩნდა. ვერ ვხვდებოდი, ეს რისთვის გჭირდებოდა. ვიფიქრე, ალბათ უნდა ავარია მე დამაბრალოს-მეთქი. ამიტომაც გადავწყვიტე პირისპირ შევხვედროდი ნეილ ნომერ ორს, - თქვა საიმონმა და გულიანად გაიცინა.
- მაგრამ ჩვენ ორივე ქერა ვართ. როგორ მოახერხე ჩვენი ერთმანეთისგან გარჩევა? ნია ხომ სულ რამდენიმე წუთით დაინახე, თვალის ერთი შევლებით იმ სიბნელეში.
- ოხ, ნეილ, ნეილ, ნამდვილი განძი ხარ! - რბილად ამოთქვა სიმმა და ნეილის გულმაც უმატა დარტყმებს, - მართლა გგონია, რომ ამისთანა ლამაზი და მგრძნობიარე თვალები ერთხელ რომ მენახა, მეორედ ვერ ვიცნობდი? ვინ მამაძაღლი შეძლებს მათ დავიწყებას.
- მე… - გოგონამ ჩაახველა, - მე… და შენ წამითაც არ შეგპარვია ეჭვი?
- წამითაც, - დაუდასტურა სიმმა, - მაგრამ ის კი გავითვალისწინე, რომ პრობლემები არ ამცდებოდა. ამიტომ გკითხე პირველ მოსვლაზე, მეგობარმა მამაკაცმა ხომ არ მოგიყვანა-მეთქი. მერე კი ისიც გავარკვიე, ვისთან ერთად ცხოვრობდი ნაქირავებ ბინაში. ის კი არა, შენი სადარბაზოც კი გადავქექე, მაინტერესებდა, რამდენი კაცი ცხოვრობდა თქვენს სართულზე, რა ასაკის, ცოლიანი თუ უცოლო, მუსუსი თუ…
- რა, არ გინდოდა ჩემი მეზობლებიდან რომელიმე კაცი აღმოჩენილიყო?
- რა თქმა უნდა, ამის გაფიქრებაზეც კი სიბრაზე მიპყრობდა. თუმცა კაცსაც გააჩნია. ბებრისა და გადახრჩუებულის ნამდვილად არ მეშინოდა.
- არ მითხრა, რომ მაშინ უკვე ეჭვიანობდი ჩემზე. საერთოდ არ მიცნობდი და ვერც შეძლებდი გეეჭვიანა.
- შემეძლო, როგორ არ შემეძლო, - გაიღიმა საიმონმა და დაამატა, - ვინ თქვა, რომ ეჭვიანობა შენი ექსკლუზიური უფლებაა?
ნეილმა საფრთხე იყნოსა. არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა თავისი გრძნობის აღიარებას.
- მე გისმენ, გააგრძელე, - მშრალად შენიშნა და აღარ აჰყვა მამაკაცურ პროვოკაციას.
- ჰოდა, როცა დავამთავრებ, გაკოცებ, იცოდე! იცი ეს? - ტკბილი მუქარით წარმოთქვა ჩიხლაძემ და ნეილის გულმა "ირმის ნახტომი" გააკეთა.
- თუ მაგის უფლებას მოგცემ! - მკაცრად მიუგო, მაგრამ როცა მამაკაცმა გაიცინა, მასაც გაეცინა.
სიმი ხითხითით დაიხარა მისკენ და აკოცა. ამწუთას ნეილი მზად იყო, ტკიპასავით მიჰკვროდა მამაკაცს.
- ძალიან გთხოვ, გააგრძელე, - ნაჩქარევად, მაგრამ შეცვლილი ხმით მიმართა გოგონამ. არ იცოდა, რა მოემოქმედა, ყელზე ჩამოჰკიდებოდა სიმს თუ გაქცეულიყო.
- არ ინერვიულო, ჩემო ლამაზო. ყველაფერი კარგად იქნება, - დაჰპირდა საიმონი და როცა შეამჩნია, ნეილი როგორ ნერვიულობდა, სწრაფად გააგრძელა, - ასე რომ, ყველაფერი დაწვრილებით გამოვიკითხე შენზე, ვინ იყავი, რას წარმოადგენდი, სად მუშაობდი.
- ესე იგი, თამაში დაწყებისთანავე წაგებული მქონდა, არა?
- თამაში ახლა დაიწყო, ჩემო ძვირფასო, სულ ახლახან, - ნაზად მოუჭრა სიმონმა, - იმ საღამოს, შენი წასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან თბილი და პასუხისმგებლიანი გოგო იყავი, რომელიც მზად იყო, მეგობრის დაუდევრობის გამო პასუხი ეგო.
- მერე? - არად ჩააგდო ნეილმა მისი ნათქვამი და კოპები შეიკრა.
- მოკლედ, ერთი კვირის შემდეგ მედეამ ოფისში დამირეკა იმ საბაბით, რაღაც საკითხზე შენი რჩევა მჭირდებაო. ვხვდებოდი, მასთან შეხვედრა კარგს არაფერს მიქადდა და დავიწყე ფიქრი იმაზე, ვინ წამეყვანა მათი ქორწილის წლისთავზე. ისეთი ქალი მჭირდებოდა, ვინც სწორად გამიგებდა, თუ ხშირად დავპატიჟებდი და ამას ისე არ მიიღებდა, თითქოს მომწონდა და მასთან ურთიერთობის გაბმას ველტვოდი. ჰოდა, უეცრად სწორედ ის ლამაზი ქერა ამომიტივტივდა გონებაში, რომელსაც ჩემი ფული მართებდა.
- და სამსახურში დამირეკე, მახსოვს. მთხოვე, ერთად ვივახშმოთო.
- აბა, იმას ხომ არ გეტყოდი, უბრალოდ, შენი ნახვა მომინდა-მეთქი, - გაიცინა სიმმა, - მაშინ ხომ ცოცხალი თავით არ დამთანხმდებოდი. მართლა მინდოდა შენი კვლავ ხილვა, თორემ შემეძლო შაბათამდე მომეთმინა და მერე გამენდო შენთვის ჩემი განზრახვა. ეს არაფერს არ შეცვლიდა, მაინც დაგითანხმებდი.
- ჰო-ო? - გაოგნდა ნეილი.
მან ისევ გაიცინა და გოგონას ხელი მოუჭირა.
- ბუნებრივია. ვიფიქრე, მოდი, უფრო ახლოს გავიცნობ და დავრწმუნდები, გამომადგება თუ არა-მეთქი.
- და გამოგადექი?
- გამომადექი რომელია. სწორედ შენ იყავი ის გოგო, რომელიც მაშინ ჰაერივით მჭირდებოდა. შენ ჩემი ვალი გმართებდა, ამიტომ წამითაც არ გაივლებდი გულში, რომ შენ შებმას ვაპირებდი და წვეულებაზე ამიტომაც გეპატიჟებოდი. მაგრამ, ჩემო მიამიტო გოგო, სულ მალე დამავიწყდა ეს მიზეზი და ეგრევე დავინტერესდი შენით.
- მართლა? - წაიჩურჩულა ნეილმა, - როდის?
- რა როდის? როდის შემიყვარდი?
ჯანდაბა! ეს კაცი ასე ლაპარაკს თუ გააგრძელებს, ნეილი გრძნობას დაკარგავს და გაითიშება. იგრძნო, რომ პასუხის გაცემის თავი აღარ ჰქონდა, ამიტომ მხოლოდ თავი დაუქნია.
- მაშინ, როცა მანქანის რემონტის ფულის ნაწილი მომიტანე. მე ხომ ერთხელაც არ მითქვამს შენთვის, ვალი ფულით დამიბრუნე-მეთქი, შენ კი დაჟინებით მთხოვდი, რაც მაქვს, ის აიღე და დანარჩენსაც ნელ-ნელა მოგაწვდიო. ვფიქრობ, სწორედ მაშინ შემოვიძურწე შენს გულში. უფრო სწორად, შენ დაიწყე ნელ-ნელა შემოძრომა და მყუდროდ მოკალათება. რა ვიცი, მთლიანად კი გაავსე ამ გულის დაცარიელებული დარბაზი და… - საიმონმა ფართოდ გაშლილი ხელი მკერდზე მიიტყაპუნა.
- გამორიცხულია! არ არსებობს! - წამოიძახა ნეილმა.
- კარგი, ნუ ნერვიულობ ასე, ყველაფერი რიგზეა, ვერ ხედავ? - ალერსიანად ჩამოუსვა ლოყაზე ხელისგული, რომელიც წეღან მკერდზე ჰქონდა მიდებული და ნეილს მისი გულიდან წამოსულმა სითბომ არათუ ლოყა, მთელი სხეული გაუცხელა, - გეფიცები, რასაც გეუბნები, შიშველი სიმართლეა.
როგორ შეიძლება ასე გულწრფელად გამოიყურებოდეს ადამიანი, რომელიც იტყუება? თუმცა, იმის მიუხედავად, რომ უკვე თითქმის იჯერებდა მის ნათქვამს, რაღაცამ მაინც შეაჩერა. წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, ჩიხლაძეს ის ჰყვარებოდა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა გრძნობებს არ აჰყოლოდა და არ მოდუნებულიყო.
- იმ ბანკეტზე მედეა… დაგინახეთ, კიბესთან რომ იდექით. ის ისე გიყურებდა, თითქოს მისი ხატი იყავი, მისი მზე, რომელიც მხოლოდ მას ათბობს. შენ კი მეუბნები, ეს გრძნობა ორმხრივი არ იყოო.
- რა ხატოვნად მელაპარაკები, ნეილ? მაინც ვერ დაგარწმუნე? აბა, ამდენი რისთვის ვილაყბე? დამიჯერე, მართლა ასე იყო. როცა მაღლა ავიხედე იმ მომენტში და შენ დაგინახე, ვიფიქრე, ალბათ მიმიხვდა, რატომაც უნდა ვიყო მედეას მიმართ თავაზიანი-მეთქი. მაგრამ მალევე დავრწმუნდი, რომ ვერ გამიგე და ამან გამაბრაზა. ძალიან გამაბრაზა.
- რა, არ მოგეწონა?
- რა თქმა უნდა, არა. შენ ვერ მიმიხვდი, რატომაც დაგპატიჟე. მინდოდა მედეას დაენახა, რომ სხვა ქალი მომწონდა, რომ შენით ვიყავი დაინტერესებული. შენ კი ამჯობინე გეფიქრა, თითქოს მე რამინის ზურგს უკან მის ცოლთან სიყვარულობანა მქონდა გაჩაღებული.
- და სიმართლე რატომ არ მითხარი? - შეეკითხა გოგონა, მაგრამ სანამ მამაკაცი უპასუხებდა, მიხვდა, რატომაც და თვითონვე გაახმოვანა, - კარგად არ მიცნობდი და სიფრთხილის გამოჩენა იყო საჭირო.
- ჩემო ჭკვიანო სულელო, ნუთუ არ მითქვამს შენთვის, რომ საშიშად გამჭრიახი გონება გაქვს?
- გეყოფა, სიმ! ნუ მაბნევ შენი ქათიანურებით. არ მინდა გონება ამირიო, სანამ ყველაფერს ბოლომდე არ მოვისმენ. - დაუცაცხანა მამაკაცს და სწორედ ამ დროს მართლა გაუნათდა გონება, - მეორე დღეს, შენს მანქანაში დატოვებული ჩანთის წამოსაღებად რომ მოვედი შენთან, მედეა იქ დამხვდა, - გოგონას ტონი მკვეთრი გახდა, ბრალმდებელი.
- უნდა გითხრა, რომ ჩემს მანქანაში არ დაგიტოვებია.
- არა? აბა, სად?
- რამინის სახლში. მედეა მიხვდა, რომ შენი ჩანთა იყო, მის თვალს ეგეთები არ გამოეპარება. რადგან შენში სერიოზული მეტოქე დაინახა, მისხალ-მისხალ შეგისწავლა. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ისიც კი იცოდა, რა გეცვა, რომელი ბრენდის, რა ფერებში და რა ზომა. ჰოდა, მეორე დილით დამირეკა და ჩანთას შენთან გამოვიტანო, მითხრა.
- ო! რა გამმართლებია, იქ რომ დამრჩა.
- სამაგიეროდ, მე არ გამიმართლა, - გააპროტესტა საიმონმა, - რადგან მედეა მესტუმრა, ამით ვისარგებლე და ძალიან დელიკატურად ავუხსენი, რომ მას პატივს ვცემდი, როგორც ჩემი მეგობრის მეუღლეს და წერტილი. მეტის იმედი ჩემგან ნუღარ ექნებოდა. მინდოდა დამერწმუნებინა, რომ მასთან სხვანაირი ურთიერთობა ვერ მექნებოდა, მაგრამ მას არაფრის გაგონება არ სურდა. როცა თავიდან ვერ მოვიშორე, ვუთხარი, ახლა ნეილი უნდა მოვიდეს და შენი წასვლის დროა, არ მინდა შენ გამო იეჭვიანოს-მეთქი. მაინც არ წავიდა და შენ მოსვლას დაელოდა. ჰო, მართლა, იმ საღამოს მართლა პაემანზე მიიჩქაროდი? მახსოვს, ასე მითხარი.
- და შენ?
- არა, მე მოვიტყუე.
- მეც, - აღიარა ნეილმა, ჩაიცინა და სიმის კოცნაც დაიმსახურა, მაგრამ მალევე გაერიდა მამაკაცს, - მერე?
- რა მერე? არ მომეშვა, ყავა მაინც დამალევინეო. ეგონა, ვატყუებდი. ძალიან არეული იყო, ერთიანად აილეწა. ყავაზე უარს ვერ ვეტყოდი, მაგრამ ამ დროს შენც მოხვედი და მეც შვებით ამოვისუნთქე.
- საწყალი ბიჭი, - ჩაიცინა გოგონამ.
- ჰა, რა გადაწყვიტე? კოცნას არ მიპირებ? - შეეკითხა სიმი.
- შენი აზრით, უნდა გაკოცო?
- მაშინ ის მაინც მითხარი, გჯერა ჩემი?
ნეილი ფეხის წვერებზე აიწია და აკოცა. ეს ის პასუხი იყო, რაზეც საიმონი ოცნებობდა. გოგონა მას ენდობოდა, სჯეროდა მისი. მამაკაცი ჩაეხუტა.
- ძალიან მიყვარხარ, - თქვა მან, როცა ერთმანეთის ტუჩებს მოსწყდნენ და მამაკაცმა მის მიმნდობ თვალებს სიყვარულის სავსე მზერით შეხედა, - მკითხე, თუ კიდევ რამე გაინტერესებს. თუ რამეში ეჭვი გეპარება, მზად ვარ გიპასუხო. სანამ შენს გრძნობებზე დაიწყებ ლაპარაკს, ჩემში უნდა იყო დარწმუნებული.
- მე… - უნდოდა ეთქვა, რომ მასაც უყვარდა, სიგიჟემდე, გონის წასვლამდე, მაგრამ ჯერაც არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა და არა სიზმარში, - ჯერ ვერ მოვდივარ გონს, - აღიარა, - კვირას შინ რომ დავბრუნდი, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, სიტყვებით ვერ აღვწერ.
- ანუ შენც გიყვარვარ? ისე, როგორც მე?
ნეილმა შეხედა და მიხვდა, როგორი დაძაბული იყო სიმონი. ამან გაამხნევა, საკუთარი სიმორცხვე დაივიწყა და თავშეუკავებლად დაიწყო:
- აბა, როგორ შეიძლება არ მიყვარდე, ჩიხლაძე! - სიცილით წამოიძახა და მამაკაცს მკლავებში ჩაუვარდა.
საიმონი თავდავიწყებით კოცნიდა, თან ეჩურჩულებოდა:
- გაიმეორე, კიდევ ერთხელ მითხარი, რა, გთხოვ.
- მიყვარხარ, - გაიმეორა ნეილმა და ნეტარებით სავსემ მიუშვირა ყელ-კისერი მამაკაცის ტუჩებს.
- რა ვქნა, ვერ გელევი, - ჩურჩულითვე უპასუხა სიმმა, - დიდი ხანია, არ მინახავხარ.
- მხოლოდ ორი დღე. - შეუსწორა ნეილმა.
- ორი უგრძესი, უდამღლელესი და უმძიმესი დღე, უშენო დღე. გირეკავდი და ვერ გიკავშირდებოდი. სად დამეკარგე? - თან ეალერსებოდა, თან ეჩურჩულებოდა მამაკაცი, - მამაშენის დაბადების დღეზე?
- მამაჩემს ამ შაბათს აქვს დაბადების დღე.
- მომატყუე, არა? - თავი ასწია საიმონმა და გოგონას დაკვირვებით შეხედა, - მომისმინე, არ მინდა, ჩვენ შორის ტყუილმა დაიდოს ბინა. თუ რამე გვექნება სათქმელი, მოდი, პირდაპირ მივახალოთ ერთმანეთს, კარგი?
- მაშინ მითხარი, რატომ წამიყვანე საბერძნეთში?
- რატომ? - მამაკაცი შეყოვნდა, - რატომ… იცი? საერთოდ არ ვაპირებდი მათთან ვილაში გაჩერებას. სიმართლე ესაა, მაგრამ საბერძნეთში მაინც მიწევდა გამგზავრება, რადგან მე და რამინს საქმეები გვქონდა მოსაგვარებელი. ჰოდა, იმანაც დაიჟინა, გინდა თუ არა, ჩემთან დარჩი, სასტუმროში რატომ უნდა გაჩერდე, თავი სად გამოვყო მერე სირცხვილითო. მე კი, ხომ გესმის, რატომაც ვიკავებდი თავს. სწორედ მაშინ ვიფიქრე, ნეილთან ერთად თუ ვიქნები, მაგას რა ჯობია, რამდენიმე დღეს ერთად გავატარებთ და ისიც უფრო შემეჩვევა-მეთქი. თუ სიმართლე გაინტერესებს, ჩემი თვითგადარჩენის ინსტინქტი მთელი დატვირთვით მუშაობდა, - აღიარა სიმონმა, - მაგრად მომწონდი, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, მართლა მიყვარდი თუ არა, რადგან არასდროს არავინ მყვარებია. როცა რამინს ვუთხარი, ნეილსაც წამოვიყვან-მეთქი, გაუხარდა, მასთან მედეაც არ მოიწყენსო. ჰოდა, მომეწონა შენთან რამდენი დღის გატარების იდეა. ამით მედეასაც დავუმტკიცებდი, რომ მსოფლიოში ერთადერთი ქალი მჭირდებოდა და ის ერთადერთი შენ იყავი.
ო, როგორი კმაყოფილი იყო ნეილი მოსმენილით.
- და რას მიხვდი იქ, იმ კუნძულზე?
- იმას, რომ უშენოდ უკვე ვეღარ გავძლებდი. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შემიყვარდი და შენ გარდა არა ქალი ჩემთვის არ არსებობდა. თავი დავკარგე.
- სიმ, როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე! - აღმოხდა ნეილს და კვლავ ჩაენასკვა მამაკაცს.
- ახლა მე მკითხე! ამ ხნის კაცს გონი დამაკარგვინე! ხომ გეუბნები, ჯადოქარი ხარ, პატარა მაცდუნებელი სირინოზი!
- მე კი ყველაფერი ჩაგიშხამე იქიდან წამოსვლით.
- არ მითხრა. იცი, რამდენი ჯოჯოხეთური წუთი გამოვიარე?
- სხვათა შორის, მეც, - აღტყინებული ნეილი სიხარულს ვერ მალავდა.
- კვირა დილით კი, როცა დაგინახე, მივხვდი, როგორ მომნატრებოდი, კინაღამ გამისკდა გული სიხარულისგან.
- რა კარგია, - აღფრთოვანდა გოგონა.
- რა არის კარგი, ლამის ინფარქტი რომ მივიღე? - მოჩვენებითი გაოცებით შეეკითხა სიმი.
- ვიცი, რომ გული გატკინე, მაგრამ არც შენ დამაკელი.
- მაპატიე, არ მინდოდა, მაგრამ ისეთი კერკეტი კაკალი აღმოჩნდი, თან ისე საშინლად ეჭვიანი…
- ეჭვიანი? რას ამბობ, სულაც არ ვეჭვიანობდი.
- და გინდა ეს დაგიჯერო? - ახარხარდა საიმონი, - აბა, რატომ იბერებოდი მედეას დანახვაზე?
ნეილი გაწითლდა, თუმცა მაინც ჯიუტად ამტკიცებდა თავისას, არ ვეჭვიანობდიო.
- ახლაც კი მესმის შენს ხმაში ეჭვის ნოტები.
- კარგი, ხო. მართალი ხარ, ვეჭვიანობდი. აბა, რა უნდა მეფიქრა, როცა ჩემთან ოთახში მყოფი მედეამ გაგიყვანა და ისე წახვედი, არც კი დამემშვიდობე?
- როდის? იმ ღამეს, როცა მე და შენ ვსიყვარულობდით?
- დიახაც!
- სხვა რა გზა მქონდა? რაც შემეძლო გავარიდე შენს ოთახს. შენ რა, გერჩივნა შიშველი ენახე? გინდოდა ენახა, როგორ ვგორაობდი შენს საწოლში შენთან ერთად? ან როგორ გგონია, ჩემთვის ადვილი იყო ამის გაკეთება? შენ გამო წავედი. მედეასთვის ნათქვამი მქონდა, ამ გოგოზე სერიოზულად ვფიქრობ და ცოლად უნდა შევირთო-მეთქი. მაგიტომაც დაგაწვინეს ცალკე ოთახში, თორემ ეჭვიც არ შეგეპაროს, ერთ საძინებელში აღმოვჩნდებოდით. მოიცა, ნუ მაწყვეტინებ! ამაზეც დაგითანხმებდი, თუ დამჭირდებოდა. მე ხომ შენ ყოველთვის იმას გაკეთებინებ, რაც მე მინდა.
ნეილი ისევ გაწითლდა, თავი ჩაღუნა და ჩაილუღლუღა:
- მაგაში ბადალი არ გყავს.
- და კიდევ ბევრ რამეში, რომ იცოდე, - ორაზროვნად მიუგო საიმონმა, გოგონას ნიკაპი ღიმილით აუწია და ტუჩებში მოწყვეტით აკოცა, - როგორ გაწითლდი, - კმაყოფილმა ჩაიცინა.
ნეილს შერცხვა და გადაწყვიტა, საუბრის თემა შეეცვალა:
- საგურამოში რომ წამიყვანე, რა გქონდა ჩაფიქრებული?
სიმონმა მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა.
- საგურამოში… ის ჩემი მშობლების სახლია, მამაჩემმა ააშენა, რათა სიბერის წლები დედაჩემთან ერთად იქ გაატაროს. ჰოდა, ვიფიქრე, მოდი, ნეილს წავიყვან და ორ დღეს განმარტოებით გავატარებთ-მეთქი. მინდოდა, ყველაფერი ის, რაც დღეს გითხარი, იქ მეთქვა. საგურამოში არასდროს არც ერთი ქალი არ მიმიყვანია. გეფიცები. შენ იყავი პირველი და გპირდები, შენვე იქნები უკანასკნელი. შენი იქ მიყვანით მინდოდა უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი და ბოლოს და ბოლოს, გაგვერკვია ჩვენი გრძნობები. შენ კი შეშინდი, რაც სულაც არ მინდოდა, მაგრამ ერთი რამ ვერ გავითვალისწინე - შენ ჩემი აზრების წაკითხვა არ შეგეძლო.
- რა ვქნა, ვიფიქრე, ჩემი შეცდენა უნდა-მეთქი. არა, წინააღმდეგი კი არ ვიყავი, მაგრამ რადგან ეს ჩემთვის პირველი იყო, მინდოდა მეთქვა, ნუ ვიჩქარებთ, ცოტა ფრთხილად მომექეცი-მეთქი. შენ კი უცებ… ამას რას ვაკეთებო და წამოხტი, სახლში წაგიყვანო, - სევდიანად ჩაილაპარაკა ნეილმა.
- ეს უნდა გამეთვალა, მაგრამ ვერ გავთვალე. როცა ამას მივხვდი, შევეცადე დამემშვიდებინე, ამეხსნა, რომ კარგი ორი დღე გველოდა, მეტი არაფერი მინდოდა შენგან. მერე გაკოცე და მეტიც არ მინდოდა, ისე გამაგიჟე, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. შენც მპასუხობდი ალერსზე და მივხვდი, არ იყავი გულგრილი. შენც გინდოდა ის, რაც მე მინდოდა. სიგიჟემდე მინდოდი, ვოცნებობდი, იმაზე მეტი გავმხდარიყავი შენთვის, ვიდრე პირველი საყვარელი.
- საყვარელი? - ნეილი, თითქოს გველმა უკბინაო, მოულოდნელად წამოიჭრა ფეხზე.
- ჰო, ლამაზო ჩემო და ნეტარებავ ჩემო, სულის შეძვრამდე მინდა ჩემი საყვარელი გახდე, - თქვა მამაკაცმა და თვალებმოჭუტულმა გამომცდელად გახედა გოგონას.
ნეილი დაიზაფრა. ისე ხმამაღლა სუნთქავდა, საიმონსაც კი ესმოდა. ახლა სწორედ ისე შესცქეროდა ქალი მამაკაცს, როგორც არენაზე გამოსული ხარი მატადორის მიერ აფრიალებულ წითელ ნაჭერს. გავეშებული გოგონა მზად იყო, სცემოდა და მისთვის სახე ჩამოეპორჭყნა.
რა უთხრა? ჩემი საყვარელი უნდა გახდეო? ჰო, არ მოესმა, ზუსტად ასე უთხრა, სიტყვასიტყვით. და განა რას ელოდა? ეს "ფილარმონია კაცი" ცოლად შეირთავდა? მეტი საქმე არ ჰქონდა საიმონ ჩიხლაძეს, ვიღაც ტეტია ნეილი, თუნდაც ლამაზი, ცოლად შეერთო. რომელი ელიტის წარმომადგენელი ის იყო? ერთი ჩვეულებრივი, უბრალო წრის გოგო, რომელიც ძლივს ირჩენდა თავს.
- მე… - ენა დაება, სანამ სათქმელს თავს მოუყრიდა, - მე უპატრონო არ ვარ, საიმონ, - ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა და თანდათან აუწია ხმას, რათა სითამამე შემატებოდა, - რადგან მიყვარხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი საყვარელი გავხდები. ამაზე არ ვოცნებობ. საყვარლის გაჩენა რომ მდომებოდა, როგორმე შენ გაცნობამდეც მოვახერხებდი ამას. განა კაცები დაილია? შენზე სიმპათიურებიც არსებობენ და შენზე მდიდრებიც. არა მგონია, ვინმეს გამოჭერა გამძნელებოდა, - სიტყვებს ძლივს წარმოთქვამდა, სუნთქვა უჭირდა, რაღაც აწვებოდა ყელში, თითქოს ახრჩობდა, - ამიტომ შენს წინადადებას ვერ მივიღებ, მაპატიე. აჯობებს, სხვა ნახო მაგ საქმისთვის, - დაამთავრა და დადუმდა.
საიმონს ჯერ ოდნავ შეერხა ტუჩის კუთხე, მერე კი ფართოდ გაიღიმა.
- ანუ ვერ დავიმსახურე, მამაშენის დაბადების დღეზე თან მიახლო? - ეშმაკურად მოწკურა თვალები.
ნეილმა რისხვით ანთებული მზერა მიაპყრო.
- მამაჩემის დაბადების დღეზე? იქ… იქ, - პირი გაუშრა, ენას ვერ ატრიალებდა, - მამაჩემთან რა გინდა? მას რაღას ერჩი?
- არაფერს, უბრალოდ, მინდა გავიცნო და…
- არავითარ შემთხვევაში! - იყვირა ნეილმა და წამოხტა.
- და შენი ხელი ვთხოვო, - დაასრულა საიმონმა.
ნეილს ჯერ თვალები გაუფართოვდა, მერე წარბები აუხტა შუბლზე.
- ჩემი ხელი სთხოვო? - ამოიჩურჩულა.
- ჰო, ცოლად არ გამომყვები?
გოგონამ ყურადღებით შეხედა. არასერიოზულობის სიმს არაფერი ეტყობოდა.
- მე შენ მიყვარხარ და ცოლად უნდა გამომყვე. - დაჟინებით მოითხოვა, როგორც სჩვეოდა.
- აკი?.. - ვეღარ გააგრძელა.
- რა აკი, წეღან ჩემი საყვარელი უნდა გახდე-მეთქი, იმას გულისხმობ? მე საყვარელი ცოლი ვიგულისხმე, შენ კი ვერც ახლა შეძელი ჩემი აზრების წაკითხვა. არა უშავს, გასწავლი, - გაიცინა მამაკაცმა.
ნეილს თვალები ცრემლით აევსო.
სიმი მიუახლოვდა, ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა.
- რა გატირებს, პატარა სულელო გოგო?
- კინაღამ ისევ ავსრიალდი ყინულზე, - ჩურჩულით მიუგო ნეილმა და მის ფართო მკერდზე მიესვენა.
- ჰოდა, გადმოდი მაგ ყინულიდან, რა გინდა იმ სიცივეში? ჩემთან გადმოდი, მე დაგიჭერ, არ ჯობია?
ნეილს პასუხის გასაცემად ძალა არ ეყო, მექანიკურად დაუქნია მამაკაცს თავი, ხელები კისერზე მოხვია და ისე ჩაეკრა გულში, თითქოს მხოლოდ სიმს შეეძლო სასიკვდილო ასრიალებისგან მისი გადარჩენა.
ახლა ფეხქვეშ არა ყინულს, არამედ თბილ მიწას გრძნობდა, რომელზეც მარტო არ იდგა. მის გვერდით საიმონი იყო - ყველაზე საიმედო საყრდენი მთელ სამყაროში. ამიერიდან აღარასდროს ასრიალდებოდა. აღარ.
დასასრული
იხილეთ ასევე: