ნოველები

მგელთან მოხეტიალე - თავი 2

მგელთან მოხეტიალე - თავი 2
წინა თავი

- რას მისჩერებიხართ ასე დაჟინებით? - გაღიზიანებული ტონით შემეკითხა და ხელები გაშალა.

- თქვენ, - ნიშნის მოგებით მივუგე, - მშვენიერი ჩამოსხმული სხეული გაქვთ, თქვენგან კარგი მოდელი დადგებოდა, - წამომცდა.

უეცრად სწრაფი მოძრაობით მეცა, მაჯაში მწვდა და ფეხზე წამომახტუნა. რამდენიმე წამით მასთან ძალიან ახლოს აღმოვჩნდი. უცნობის საოცარი ფერის თვალებმა ადგილზე გამაქვავა. მისი მზერა ხან ცეცხლის ალში მხვევდა, ხან სხეულზე ყინულივით მედებოდა. სუნთქვა შემეკრა, როცა ჩემკენ გადმოიხარა და სახე ახლოს მომიტანა. შემდეგ უხეშად შემიშვა ხელი.

ჩემდა გასაკვირად, ჩაიღიმა. ღიმილმა სრულიად შეცვალა მისი გამომეტყველება, უფრო სიმპათიური მეჩვენა.

- როგორც მივხვდი, გინდათ, თქვენთვის ვიპოზიორო, არა? რას იტყვით, სად აჯობებს - თქვენთან სახლში თუ ჩემთან?

მისი შემოთავაზება მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის, მაგრამ არ დავიბენი და თავდაჯერებული კილოთი ვუპასუხე:

- აქ, სანაპიროზე.

- არა, გმადლობ, მხატვარო ქალბატონო, - სახე მოექუფრა, - აი, აქ მაქვს ამოსული შენისთანები, - ყელში გამოისვა ცერა თითი და შენობით მომმართა, - ახლა კი გაიქეცი, პატარა მდიდარო გოგონავ, სანამ შენი გადაყლაპვა არ გადამიწყვეტია!

ამ სიტყვებით შებრუნდა და დინჯად დაუყვა ნაპირს. გაოგნებული დიდხანს გავყურებდი მიმავალს. ასეთს ვერ გაეკიდები. მისი ბუნება ისეთივე ცვალებადია, როგორც ზღვა, ზღვა, რომელიც მაშინაც არ არის მშვიდი, როცა არ ღელავს…

აი, როგორი გამოვიდა დღევანდელი დღე. ჯერ იყო და, რეზის გახსენებამ შემიშალა ხელი ხატვის გაგრძელებაში, ახლა კი - ამ უცნობმა წვერიანმა. გამორიცხულია, რამე გამომივიდეს, საშინლად გამიფუჭდა ხასიათი.

ისე ღრმად ამოვისუნთქე, ყრუ გმინვა აღმომხდა. ავალაგე ჩემი ნივთები, კიბე ავიარე და მანქანას მივადექი. დაუდევრად შევყარე ყველაფერი უკანა სალონში. საჭეს მივუჯექი, ფანჯრები ავწიე, მანქანა დავქოქე და კონდიციონერი ჩავრთე…

მთელი გზის განმავლობაში, სანამ სახლამდე მივაღწევდი, უცნობზე ვფიქრობდი. ხან ბრაზი მომერეოდა, ხან ინტერესი მკლავდა, ხანაც გაოცება მიპყრობდა. რატომ შემომიტია ასე? მართლა ასეთი უხასიათო და ჯუჯღუნაა თუ თავი მომაჩვენა? ან როგორ გაჩნდა ჩემთან ასე ახლოს? აქამდე ხომ ზედაც არ მიყურებდა?

რაც მეტს ვფიქრობდი მასზე, მით უფრო მიღვივდებოდა ცნობისმოყვარეობა. მისი იდუმალება და ცვალებადი ბუნება საგონებელში მაგდებდა…



8 8 8

მანქანა ავტოფარეხში დავაყენე, ჩემს ნივთებს ხელი დავავლე და სახლში შევედი. ჩვენს უზარმაზარ სახლში ყოველთვის ხმაურია. ჯერ ერთი, ვეებერთელა აუზი გვაქვს, ლამაზი შიდა ეზო და ჩვენი ოჯახის მეგობრები გამუდმებით აქეთ ეშურებიან, რადგან სასმელ-საჭმელი და გართობა არასდროს აკლიათ. დედაჩემი ჭკუამხიარული ქალია, დროსტარების გარეშე არ შეუძლია. ამასთან, დალევა უყვარს და მის დაქალებს სხვა რა უნდათ? არც მამაჩემს აკლებენ თავისი ძმაკაცები. დასხდებიან აუზთან, მოიდგამენ გვერდით ბოცით ლუდს, შებოლილ თევზს და მიდის გრიალი. მე კიდევ როგორ არ მიყვარს ეს «ზრდაგადასული ბავშვების» ჟრიამული. ხანდახან თავი აკვარიუმის თევზი მგონია. მინდა, სულ მარტო ვიყო, ჩემთვის. ამიტომაც მივიჩქარი ყოველდღე სანაპიროსკენ. იქ ადვილია განმარტოება. ნეტავ, მეც მშობლებს დავმსგავსებოდი. ვიჯდებოდი ხოლმე მათ გვერდით და მეც შემოვძახებდი მათთან ერთად «ჰარიჰარალოს».

მამა ნაკითხი კაცია, წიგნები უყვარს. ამიტომ, როცა სტუმრები არ გვყავს, ბიბლიოთეკაში შედის და იქ გაჰყავს დრო. დაიდგამს სასმელს თავისთვის, თან კითხულობს, თან წრუპავს კოქტეილს ან სხვა, უფრო მაგარ სასმელს. ახლაც იქ დამხვდა. ბიბლიოთეკა ერთადერთი ადგილია ამ სახლში, სადაც, ასე თუ ისე, შეიძლება განმარტოება. მეგობრები დასცინიან ამის გამო მამას, წიგნების ჭიას ეძახიან, 21-ე საუკუნეში წიგნებს ვიღა კითხულობს, კომპიუტერი და მისი ჯანი, ყველა ინფორმაციას იქ ნახავო. მამას კიდევ კომპიუტერი არ უყვარს, თვალებს მტკენსო. არადა, ყველა თავის საქმეს კომპიუტერით აგვარებს.

- მოხვედი, გოგონი? - მამამ სირჩა ტუჩებთან მიიტანა და ირიბი მზერით მომხედა.

- მოვედი, - გავუღიმე საყვარელ მამიკოს და გამოღებულ კარში გავიხიდე.

- აბა, როგორ გაატარე დრო? ხატე და ხატე?

- ჰო, აბა, სხვა რა უნდა მეკეთებინა?

- ცუდია, მხატვრობაში კარგად რომ ვერ ვერკვევი. ეს ერთადერთია, რაც არ მესმის. ჩემთვის მთავარია, ნახატი ლამაზი იყოს, დანარჩენი არაფერი გამეგება.

- შენი გამკვირვებია, მამა, ამდენს კითხულობ, ამდენი რამე იცი და ფერწერის ავკარგიანობა როგორ ვერ «დაამუღამე»?

- აბა, რა ვიცი, დრო ვერ გამოვნახე მაგისთვის, თორემ ალბათ გავერკვეოდი, ასე თუ ისე.

გავიცინე და მამას მივუახლოვდი. სირჩა გამოვართვი, ერთი ყლუპი მოვსვი და უკან დავუბრუნე.

- კონიაკზე გადახვედი?

- შენმა რეზიმ მომართვა, დაძველებულიაო, თბილისიდან გამოუგზავნეს თურმე.

- მართლა კარგია, მომეწონა.

- გინდა, დაგისხა?

- არა, ვეღარ დავლევ. ამაღამ ხომ თინასთან მივდივართ დაბადების დღეზე. შენ არ აპირებ?

- არა, არ შემიძლია, უამრავი საქმე მაქვს. თურქი ინვესტორები არიან ჩამოსული და იმათ უნდა შევხვდე.

- გამოტყდი, რომ თინა დიდად არ მოგდის თვალში და იმიტომ უფრო არ მოდიხარ.

- ეგეც არის.

- მე კიდევ ვაღმერთებ, მაგარი ქალია. აი, ქალი ეგეთი უნდა იყო. ვერ ვხვდები, რატომ აითვალწუნე.

- იმიტომ, რომ დარტყმულია, - ჩაიფხუკუნა მამამ, - შენ ყოველთვის ისეთი ადამიანები მოგწონს, სხვებს რომ არ ჰგვანან. თინა ზედმეტად ხმაურიანი ქალია, უყვარს თავზე ჭერის დამხობა. ზომიერი გართობა მას არ შეუძლია. მე კი ასეთ ადამიანებს ვერიდები.

- ჩვენთან ნაკლებად იმხობთ ჭერს? დღე არ გავა, სტუმრები არ გვყავდეს.

- ჰო, მაგრამ ზომიერება უნდა დაიცვას ადამიანმა, ჩემო ლიკა. შენი სიამოვნებისთვის მეზობლები კი არ უნდა მოიმდურო, - ამოიხვნეშა მამამ და თავის ერთი გაქნევით გადაკრა სავსე სირჩა.

- ეგრე ნუ სვამ, თორემ დათვრები და შენს ინვესტორებს გააკვირვებ, - ჩავიკისკისე.

- სასმელი მხნეობას მმატებს. მე ეგრე ადვილად რომ არ ვთვრები, ხომ იცი? ასე რომ არ იყოს, ქალაქში უცვლელი თამადა ვერ ვიქნებოდი.

- ჩემი ყოჩაღი მამიკუნა, - მივეფერე მამას და ლოყაზე ვაკოცე.

- თინას გემოვნება აკლია, ნებისმიერი გამვლელი შეუძლია მოიწვიოს და იმასთან გაატაროს დრო. ასე არ შეიძლება. ადამიანებსაც უნდა შერჩევა, ყველას კი არ უნდა გაუყადრო თავი, - ისევ თინიკოს გადასწვდა მამა.

- მე თუ მკითხავ, გასაგიჟებელი ქალია, მასთან არ მოიწყენ. იცის, როგორ უნდა იცხოვროს.

- იცის? ვინ, ქალმა, რომელიც სამჯერ გათხოვდა და გამოთხოვდა?

- მაგასაც შნო უნდა. ბევრი იცი ასეთი ქალი? - სიცილი ვერ შევიკავე, - მოვა დრო და იპოვის ისეთს, როგორიც სჭირდება. აგერ ნახავ, თუ არა.

- და შენ, ჩემო კუდრაჭავ? შენ როგორ გაქვს ამ მხრივ საქმე? რეზისთან შენი ურთიერთობა ნიშნავს თუ არა ბედნიერებას? არის რეზი ის, ვინც შენ გჭირდება?

სახიდან ღიმილი გამიქრა ჩემი შეყვარებულის თუ საქმროს ხსენებაზე. მამას თვალი მოვარიდე, ფანჯარას მივუახლოვდი და ეზოში გადავიხედე. რეზიზე ერთი გაფიქრებაც კი პანიკაში მაგდებდა ბოლო დროს. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა. გამიწყალა გული, როდის დამთანხმდები ცოლობაზეო. მე კიდევ ვერა და ვერ გადავწყვიტე, რომ ან ჰო ვუთხრა, ან არა. არ ვარ ამისთვის მზად და რა ვქნა?

- იცი რა, მამა? მინდა, სადმე წავიდე, ცოტა ხნით მაინც. უნდა დავფიქრდე. შენი აზრით, ეს სისულელეა?

- არა, არ არის სისულელე. ხანდახან მეც ვფიქრობ მარტო ყოფნაზე. უბრალოდ, ამის დრო არ მაქვს. ძალიან ბევრი სამუშაო დამიგროვდა. მე და დედაშენი ალბათ ზამთარში მაინც გავემგზავრებით დასასვენებლად. ეს სწორედ ისაა, რაც გვაკლია და გვჭირდება. ზაფხულში კიდევ სეზონია, ახლა თუ არ ვიშოვე ფული, მერე ვინღა მოგვაშავებს?

- დედა აქაც კარგად ერთობა, მისთვის სულერთია, ზაფხულში დაისვენებს თუ ზამთარში. აი, შენ კიდევ სულ არ აქცევ ყურადღებას შენს თავს. ძალიან ბევრს მუშაობ.

- სხვანაირად შენს მომავალს ვერ მოვაწყობ, ჩემო მშვენიერო. არა უშავს, ზამთარი ისე მალე მოვა, თვალის დახამხამებასაც ვერ მოვასწრებთ.

- მამი, შენ მოგწონს რეზი, არა? - ვკითხე და თვალებში გამომცდელად შევხედე.

მან თავი დამიქნია.

- გარკვეულწილად. ქარიზმატული ყმაწვილია. ვფიქრობ, კარგი პატრონის ხელში იქნები. მონდომებულია, ცდილობს, ფული აკეთოს, ცხოვრება მოიწყოს. შენი დარდი არ მექნება, ცოლად თუ გაჰყვები. ვფიქრობ, მზრუნველი ქმარი იქნება. ეს მამისთვის ცოტას არ ნიშნავს. ჩემი აზრით, რეზი არ მიეკუთვნება მამაკაცების იმ კატეგორიას, ცოლის ცემა სისხლში რომ აქვთ გამჯდარი. თუმცა, შეიძლება დროდადრო სხვა ქალისკენაც გაიხედოს.

- მამა!

- რა იყო, ასე არ იქცევიან კაცები? - ეშმაკურად ჩაიცინა.

- შენც კი, არა?

გულიანად გაიცინა.

- მეც კი, აბა რა. თვალი გამექცევა ხოლმე, როგორც ნებისმიერ ნორმალურ კაცს. მაგრამ როცა დედაშენს ვუყურებ, ვხვდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ზუსტად ვიცი, რომ მის გარდა სხვა ქალი არ მჭირდება.

ისე საყვარლად ილაპარაკა დედაზე, გული ამიჩუყდა და კიდევ ერთხელ ვაკოცე.

- მიხარია, ამას რომ ამბობ. შენ და დედას განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ. იშვიათად მინახავს თქვენნაირი წყვილი. მინდა, მეც ეგრე გამიმართლოს.

მამამ სერიოზული გამომეტყველებით შემომხედა.

- შენ და რეზის ასე არ გაქვთ საქმე?

მაშინვე არ ვუპასუხე, ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე და თავი ყოყმანით გადავაქნიე.

- სწორედ ამაშია პრობლემა. ზუსტად არ ვიცი, მინდა თუ არა მასთან ყოფნა, მართლა მიყვარს თუ არა. ის კი მოთმინებას კარგავს, მაჩქარებს გადაწყვეტილების მიღებას. ასე მგონია, საერთოდ არ ესმის ჩემი, ოდნავადაც არ ცდილობს, გამიგოს.

- ხატვას გულისხმობ?

- ჰო.

- ეს შენთვის ასე მნიშვნელოვანია?

- ვფიქრობ, რომ ასეა, ბატონო ალექსანდრე, - მივუგე და ჩავეხუტე ჩემთვის ესოდენ ძვირფას ადამიანს.

მამამ თმაზე მაკოცა.

- შენ იპოვი გამოსავალს, საყვარელო. გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღო, როგორც გული და გონება გიკარნახებს, ისე. არავითარი უფლება არ მაქვს, შენს პირად ცხოვრებაში ჩავერიო, მიუხედავად იმისა, რომ შენი რეზი მომწონს.

«ვიპოვი, აბა, რა,» - გავიფიქრე გულში, - «ამ საღამოსვე. თინასთან რომ მივალ, დაველაპარაკები რეზის. აუცილებლად გავაკეთებ ამას, იმედია, მომისმენს».



8 8 8

თმის დავარცხნას როგორც კი მოვრჩი, კიდევ ერთხელ ჩავიხედე სარკეში და ჩემს თავს საკონტროლო მზერა ვესროლე.

შავი, მხრებამდე ჩამოშლილი თმა ჰაეროვანი და რბილია; თვალები, როგორც ყოველთვის, სასიამოვნოდ მიბრწყინავს, პომადიან ტუჩებზე კი მრავლისმეტყველი ღიმილი დამთამაშებს. არა უშავს, ცუდად არ გამოვიყურები. ღრმად ამოვიოხრე და რეზისთან შესახვედრად დაბლა ჩავედი.

ოჰო-ჰო! როგორ გამოპრანჭულა! რაც მართალია, მართალია, მაგარი ტიპია. ის მამაჩემთან საუბრობდა. მამას მართლა მოსწონდა რეზი, რადგან სხვა დროს სხვა ჩემს თაყვანისმცემელ მამაკაცებთან მსგავსი მეგობრული დამოკიდებულება არ გამოუჩენია. იშვიათად მოსწონდა ის კაცები, მე რომ მეკურკურებოდნენ. რეზი გამონაკლისი აღმოჩნდა.

- გამარჯობა, - მივესალმე შეყვარებულს.

რეზი ჩემკენ შემობრუნდა. ის მაღალია, ოდნავ დაბალი იმ მამაკაცზე, სანაპიროზე რომ ვეჩხუბე. წაბლისფერი თმა აქვს, კოხტად გადავარცხნილი, სქელი წარბები და ღამესავით შავი თვალები. ნიკაპი ოდნავ ჩამოგრძელებული აქვს, პირი ფართო, ხოლო ტუჩები სქელი და მუქი ვარდისფერი. მე მას მხატვრის თვალით ვუყურებ, თუმცა ქალის თვალით რომ შევხედო, არათუ სიმპათიურს, არამედ ძალიან ლამაზსაც კი ვუწოდებდი.

- სალამი, საყვარელო, - რეზი მომიახლოვდა და ხელზე ხელი მომკიდა. ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ. იგი ჩემკენ დაიხარა და ლოყაზე ნაზად მაკოცა. მის ზურგს უკან მდგარმა მამამ შემართული ცერი მაჩვენა, მაგარი ბიჭიაო.

- წავედით? ძალიან დავაგვიანეთ. რამდენ დროს ანდომებთ ეს ქალები გაპრანჭვას, - მისაყვედურა რეზიმ.

- სწორედ ეს არის ქალების მახასიათებელი, ძმაო, - მამამ მხარზე დაადო ხელი, - ამქვეყნად ყველაზე მეტად ის უყვართ, რომ უაზროდ ალოდინონ კაცებს.

- მაპატიე, რომ გალოდინე, ასე გამოვიდა.

- დღესაც იყავი სანაპიროზე, არა? - უკმაყოფილოდ გააქნია რეზიმ თავი, - როგორ არ მიჯერებ, რა ჯიუტი ხარ, რააა, - ამოიხვნეშა. უკვე ვიცოდი, რაც მოჰყვებოდა მის ამოოხვრას და სასწრაფოდ მივუგე:

- მოდი, ახლა ნუ ვილაპარაკებთ ამაზე, თინა გველოდება.

- კარგი, წავიდეთ, - უმტკივნეულოდ დამყაბულდა.

შვებით ამოვისუნთქე. მამას ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე, ტელეფონზე ჩამოკიდებულ დედას ხელი დავუქნიე და გარეთ გავედი.

რეზიმ თავისი სპორტული მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდომაში დამეხმარა, შემდეგ თვითონაც ჩაჯდა და ყველა მინა ასწია.

- იყოს, რატომ ჩარაზე ფანჯრები? ისედაც ცხელა.

- «პრიჩოსკა» არ გაგიფუჭდეს. კონდიციონერს ჩავრთავ.

- არ მინდა კონდიციონერი, გამაციებს, ახლახან ვიბანავე. ვარცხნილობა კი არ გამიფუჭდება, მაგაზე ნუ დარდობ.

რეზი ასეთ რამეებს აქცევს ყურადღებას. უნდა, რომ ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოვიყურებოდე. მას თავისი შეხედულებები აქვს, როგორ უნდა ეცვას ქალს და როგორ უნდა გამოიყურებოდეს, როცა სადმე, მნიშვნელოვან ადგილას მიდის, მით უმეტეს - წვეულებაზე.

თინას სახლს მივუახლოვდით. რეზიმ მანქანა პარკირების ადგილას დააყენა და მომიბრუნდა:

- დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურები.

- მადლობა.

ორჯერ მაკოცა.

- შევიდეთ, ხომ?

- ჰო, რა თქმა უნდა, - თავი დავუქნიე.

- მაგრამ ამ საღამოს სერიოზულად უნდა გელაპარაკო, ლიკა.

ცოტათი ავღელდი.

- მეც მაქვს შენთან სალაპარაკო, რეზი.

- ოჰოო. ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. გამოდის, გრძელი ღამე გვექნება, - შესძახა მან, მანქანიდან გადავიდა, წინა მხრიდან მოუარა და ჩემს მხარეს კარი გამოაღო, - იქამდე კი საოცრებები გველის, ასე მგონია. თინიკოს უცნაურობები კიდევ ერთხელ გაგვაოგნებს, არა? მაინტერესებს, რატომ იქცევა ეს ქალი ასე.

სიცილი ვერ შევიკავე.

- თინას უცნაურობების ახსნა შეუძლებელია, რეზი.

არადა, მართლაც მთელი ბათუმი ლაპარაკობდა თინიკო ჩანადირის წვეულებებზე, იმ ადამიანებზე, რომლებსაც ის საღამოებზე ეპატიჟებოდა. მისი სტუმარი კი ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო. მისი მეგობრებიდან ბევრი აღშფოთებული რჩებოდა თინიკოს საქციელით, მაგრამ პირდაპირ ვერავინ ვერაფერს ეუბნებოდა. ჭორაობა მხოლოდ მის ზურგს უკან მიდიოდა. იმასაც ამბობდნენ, როცა თბილისში ცხოვრობდა, ბორდელი ჰქონდა გახსნილიო, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდი იყო. დანამდვილებით ამაზე არავის შეეძლო საუბარი, რადგან თავისი თვალით თინას ბორდელი არასდროს არავის უნახავს.

მე კი მომწონდა თინიკო. მებრძოლი სულის ქალი იყო, მხიარული, ვაჟკაცური, კეთილი. სხვისი განსჯა არ უყვარდა და თუ ვინმეს გაუჭირდებოდა, ყველას გვერდით ედგა. საქმეს არავის გაუფუჭებდა, გაკეთებით კი ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. იგი ყველა ცნობილ ადამიანთან მეგობრობდა - პოლიტიკოსებიდან დაწყებული, ბიზნესმენებით დამთავრებული. არავინ იცოდა, კონკრეტულად რას საქმიანობდა, მაგრამ შემოსავალი ჰქონდა, მდიდარი იყო და ყოვლისშემძლე ქალის იმიჯით სარგებლობდა.

მისი სახლიდან გამოსული მუსიკის ხმა ქუჩაში ისმოდა. თინიკო ჭიშკართან შეგვეგება. იგი რეზის მიესალმა, მე კი გადამეხვია და ჩამკოცნა.

გაგრძელება იქნება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93