ნოველები

მგელთან მოხეტიალე - თავი 5

მგელთან მოხეტიალე - თავი 5
წინა თავი

ძაღლმა დაიყეფა და კუდი გააქიცინა. რა უცნაურია. უენო ცხოველები ყოველგვარი შეკითხვის გარეშე იღებენ სიყვარულს. ადამიანებს რა ემართებათ? რეზიც რომ ასეთი იყოს… მის გახსენებაზე ოხვრა აღმომხდა. არ მინდოდა ახლა მასზე ფიქრი. მე აქ ვიყავი, ჩემთვის საოცნებო ადგილას და არ მინდოდა უსიამოვნო მოგონებებით გამეფუჭებინა სასიამოვნო განწყობა. ახლა მთავარი იყო, დავმტკბარიყავი ახალი სამყაროთი.

- ბესი, მოდი, საქმეს შევუდგეთ, კარგი? - ჩავიკუზე, ტაში შემოვკარი და ძაღლი ჩემთან ვიხმე. ისიც მოცუნცულდა და ხელის ზურგი ამილოკა.



8 8 8

ცოტა ვიჯახირე, სანამ მანქანას ავტოფარეხში დავაყენებდი. მეშინოდა, მცენარეები არ გადამეთელა, თუმცა სულაც არ იყო ამის საშიშროება. მაინც ვფრთხილობდი. ჯერ მიუჩვეველი იყო გარემო ჩემთვის. ბიბის ყველაფერი გადმოეტანა საბარგულიდან, მოლბერტის გარდა. ალბათ ვერ მიხვდა, რა იყო და დატოვა. შეიძლება იფიქრა, არ გავაფუჭოო. ძლივს ავათრიე მოლბერტი მეორე სართულზე. ენთუზიაზმით ვიყავი სავსე. ასეთი მოწადინებული ჯერ არ ვყოფილვარ. მინდოდა, რაც შეიძლება, ბევრი მეხატა. ამისთვის ხეტიალი მომიწევდა. ძალიანაც კარგი, ვიხეტიალებთ მე და ბესი და ყველაფერს დავხატავთ, რაც მოგვეწონება.

ყველა საძინებელი ერთმანეთს ჰგავდა, ავეჯის ფერიც კი ერთნაირი იყო ყველა ოთახში. არც გამკვირვებია, თინიკოს ხომ აქაურობა სასტუმროდ უნდოდა. ჩემთვის შუა საძინებელი ავირჩიე. აქედან ყველაზე კარგად მოჩანდა ზღვაც, სანაპიროც და ეზოც. რა ბედნიერებაა. ზღვის ყურება არასდროს მომწყინდება. არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა. ტალღების ხმაზე რაღაც საოცრება მემართება, სიამოვნებისგან მაჟრჟოლებს. სახლში სულ ხუთი საძინებელი იყო და ყველას თავისი სააბაზანო ჰქონდა. ტელევიზორი მხოლოდ ორგან იდგა - ერთი ჩემს საძინებელში, მეორე კი დაბლა სართულზე, ჰოლში. ალბათ სხვები წაიღო თინამ, აღარ დატოვა, რადგან სასტუმროს ამუშავება გადაიფიქრა. არც მჭირდებოდა ტელევიზორი, მისი ჩართვაც კი არ მსურდა. არ ვიცი, გავუძლებდი თუ არა ამ ცდუნებას ბოლომდე, მაგრამ მისი ოთახიდან გატანა არც მიცდია. ისე, კი მოვერეოდი, თანამედროვე ბრტყელეკრანიანი ტელევიზორები ხომ ძალიან მსუბუქია.

სააბაზანოში წყალი მოვუშვი. ჯერ ცივი, მერე ცხელი. მშვენიერია!

გადავწყვიტე, ჩემი ნივთები ცოტა გვიან ამომელაგებინა. ახლა საქმის ხასიათზე არ ვიყავი. ბესის დავუძახე, გავისეირნოთ-მეთქი და გარეთ გასულმა კარი უბრალოდ გამოვიხურე, არ ჩამიკეტავს.

პუდელი ხტუნვა-ხტუნვით მომყვა უკან. ისე იქცეოდა, თითქოს მისი პირველი და უკანასკნელი პატრონი ვყოფილიყავი. ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ ლეკვი იყო და ადვილად ეჩვეოდა უცხო ადამიანებს.

ჭიშკარში გავედი თუ არა, ფეხზე გავიხადე და ცხელ ქვიშაზე ცერა თითით ფიგურების ხატვას შევუდექი. არაბუნებრივად კარგ ხასიათზე დავდექი.

- რა ვქნა, ბესი, ჯერ კიდევ ვერ გამოვედი ბავშვობის ასაკიდან და რა ჩემი ბრალია? - შევყვირე აღტყინებულმა, ხელები მაღლა შევმართე და დავტრიალდი. ბესი გადაირია, აყეფდა და ხტუნვას მოჰყვა. სირბილით მივაშურე წყალს. ძაღლმა გამასწრო, თათით მოსინჯა ზღვის წყალი და უკან გადმოხტა. იქვე დაგდებულ ხის ტოტს დავავლე ხელი და ზღვაში მოვისროლე.

- მიდი, ბესი, მომიტანე!

პუდელი ორ ფეხზე ჩაჯდა, ენა გადმოაგდო და ჭკვიანური მზერით შემომხედა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.

- რა იყო? ფრანგულ პუდელს ასეთი რამეები არ ეკადრება? - გულიანად გამეცინა.

კიდევ ერთი ტოტი ავიღე და ვისროლე. ჩემდა გასაკვირად, ბესიმ ერთი შეჰყეფა და მსუბუქი ნახტომით გადაეშვა წყალში, მაგრამ უკან უჯოხოდ გამოცურა.

- არა უშავს, მაინც კარგი გოგო ხარ. - მივეფერე და ხელში ავიყვანე. თათები ერთიანად ქვიშაში ჰქონდა ამოგანგლული.

კარგა ხანს ვისეირნეთ სანაპიროზე. გზადაგზა ვჩერდებოდი და ნიჟარებს ვაგროვებდი. შორს გემიც შევნიშნეთ, რომელსაც პორტისკენ აეღო გეზი…

იმდენი ვიარეთ და ერთი ადამიანიც არ შეგვხვედრია. რა მაგარია! სწორედ ასეთი ადგილი მინდოდა. როგორ გამიმართლა!

როცა მე და ბესი შინ დავბრუნდით, უკვე ბინდდებოდა. რა მალე გავიდა დღე, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი.

ამასობაში მომშივდა. ალბათ ბესისაც. გადასარევი დიასახლისი არ ვიყავი, მაგრამ რაღაც-რაღაცების მომზადება ვიცოდი. ახლა სადილის მომზადებას ვერ შევუდგებოდი, ამიტომ კვერცხი და ყველი ავთქვიფე ერთმანეთში და შევიწვი. უცებ მანქანის ხმა შემომესმა. ფანჯარაში გავიხედე და ბიბის «ოპელი» დავინახე. მამაკაცი ეზოში შემოვიდა, ხელში მუყაოს მოზრდილი ფუთა ეჭირა.

- ძაღლის საჭმელი რომ დამავიწყდა? - ღიმილით მომმართა და ფუთა გამომიწოდა.

- ჰო, მეც ახლა გამახსენდა და ვიფიქრე, პურს დავუყრი-მეთქი.

- პურს უკარაქოდ მაინც არ შეჭამდა, - თავი გააქნია ბიბიმ, - თუ არ შეგაწუხებ, სარდაფში ჩავალ, მგონი, წყლის მილი ჟონავს და იმასაც შევაკეთებ. წუხელ ვერ მოვასწარი.

- კი ბატონო, მე ყავას მოვადუღებ, სანამ მორჩები.

ბიბი სარდაფში ჩავიდა, მე კი დიასახლისობა გავაგრძელე…



8 8 8

კარგა ხანს ისმოდა, როგორ უსტვენდა და ხმაურობდა ბიბი სარდაფში.

მომწონდა აქაურობა. ისეთი სიწყნარე სუფევდა ირგვლივ, სულს მიმშვიდებდა. თითქოს ტალღების ტყლაშუნის ხმა ჩამესმოდა, თუმცა ზღვა მშვიდი იყო. წარმოვიდგინე, როგორ აღვბეჭდავდი აქაურობას ჩემს ნახატებში. ვერ ვითმენდი, ისე მეჩქარებოდა ფუნჯის ხელში აღება. ბიბის კი იმდენ ხანს გაუგრძელდა სარდაფში ჩხირკედელაობა, ცოტათი გავღიზიანდი. მინდოდა, დღესვე რაღაც მონახაზი მაინც გამეკეთებინა, ის კი, მგონი, საერთოდ აღარ აპირებდა წასვლას. უკვე ვნანობდი, ყავა რომ შევთავაზე. ამასობაში ბესის ვაჭამე. საწყალს ძალიან მოშიებოდა, დამშეული ათქლაფუნებდა საჭმელს.

როგორც იქნა, ბიბი ამოვიდა. ხელები ერთიანად გაშავებოდა ჭუჭყისგან.

- ყველაფერი მზადაა, - ჩამაბარა პატაკი, - თუ კიდევ გაჟონა წყალმა, მაცნობეთ და მაშინვე აქ გავჩნდები. როგორი არომატი აქვს ამ ყავას, - გამიღიმა.

- არადა, ძალიან ცუდი მზარეული ვარ. ამიტომ, თუ არ მოგეწონება, პირდაპირ არ მომახალო, შემამზადე მაინც ამისთვის, - გულიანად გავიცინე.

ბიბიც ამყვა, მერე ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და მოუკიდა:

- მომკლა ამდენმა ნიკოტინმა და მაინც ვერ ვეშვები.

- თუ კუპრმა? - ღიმილი ვერ შევიკავე, რადგან ვიცოდი, რომ ისეთი იაფფასიანი სიგარეტი, როგორსაც ბიბი ეწეოდა, დიდი რაოდენობით კუპრს შეიცავდა.

- მე რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, რა მომიღებს ბოლოს, ნიკოტინი თუ კუპრი? - მამაკაცმა სანთებელას გაჰკრა და სიგარეტს მოუკიდა.

- კარგი სახლია, - ვთქვი, რათა სიჩუმე დამერღვია.

- მაგარი სახლია. კარგად იცნობთ თინას?

- რა თქმა უნდა. ჩვენი ოჯახის ახლობელია. - აღვნიშნე.

- დიდებული ქალია. ხუთ წუთში შეგიძლია დაუმეგობრდე, იმდენად უბრალოა. სამაგიეროდ, ქმარი ჰყავდა შერეკილი, არც გამკვირვებია, რომ დაშორდნენ.

პასუხი არ გავეცი. ჭორაობა არ მიყვარდა, მით უმეტეს, ახალგაცნობილ ადამიანებთან, თანაც, ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდა.

- რამდენი წელია, აქ ცხოვრობთ? - ზრდილობის გულისთვის დავინტერესდი.

- აქ დავიბადე და გავიზარდე. აქაურები ვართ მეც და ქეთიც. მას ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს და ზღვის ჰაერი უხდება, ამიტომ არ მივდივარ აქედან, თორემ ამდენ ხანს რა გამაჩერებდა? - სინანულით ჩაიქნია ხელი, - ვაჭრობა საერთოდ აღარ არის, პურის ფულს ძლივს ვახერხებთ. თინიკო რომ არა, ვეღარც გავქაჩავდით. თქვენ რას საქმიანობთ?

- მე მხატვარი ვარ.

- გაგიმართლათ. ნეტავ მეც მქონოდა ხატვის ნიჭი. ბაიბურში არ ვარ, ერთი სწორი ხაზის გავლებაც კი არ შემიძლია.

ამ დროს ბესიმ შემოირბინა სამზარეულოში. ეგრევე იატაკზე გაწვა და მოგვაჩერდა.

- კმაყოფილი ჩანს, - ბესის მისამართით თქვა ბიბიმ.

- ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი, - გავიღიმე.

როგორც იქნა, ბიბიმ მაჯის საათზე დაიხედა.

- ჩემი წასვლის დროც მოსულა. ყავისთვის დიდი მადლობა, ქალბატონო ლიკა. - თქვა და წამოდგა.

მეც წამოვდექი.

- მადლობას ნუ მიხდი და ლიკა დამიძახე, ძალიან გთხოვ და კიდევ - შენობით მომმართე, როგორც მე, - ვუთხარი, რომ ცოტა გაშინაურებულიყო.

კართან მისული მამაკაცი წამით შეყოვნდა და მომიბრუნდა:

- ისე, ამხელა სახლში მარტო ყოფნის არ გეშინიათ? ახლომახლოც არავინ ცხოვრობს.

- რა იყო, ბიბი, ჩემ შეშინებას ცდილობ? - გავიცინე.

- არა, რა სისულელეა, მაგრამ უფრო მშვიდად ვიქნებოდი, ტელეფონი რომ გქონოდათ.

- ჯერჯერობით არაფერში მჭირდება.

- კარგი მაშინ, ღამე მშვიდობისა, - ხელი ჩამომართვა და კარი გაიხურა.

ჭიშკრამდე არ გავყევი. რა საჭირო იყო? ჩემზე უკეთ იცნობდა აქაურობას და გზასაც ჩემზე უკეთ გაიგნებდა.

შვებით ამოვისუნთქე, მანქანა რომ დაიძრა. მართალია, ჩემი ახალი ნაცნობი ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყო, მაგრამ ახლა მარტო ყოფნა მჭირდებოდა.

ისევ შევაცხელე ჩემი ტაფამწვარი, პურთან ერთად ლანგარზე დავაწყვე და ეზოში გავედი, სადაც სელის მაგიდა და სავარძლები იდგა. ზღვიდან საღამოს სიო უბერავდა, ცხელი, მაგრამ სასიამოვნო. გავყურებდი ტალღებს და ვტკბებოდი, როგორ იცვლებოდა მათი ფერი საღამოს ცის ფონზე, ვარდისფერიდან წითელში გადადიოდა, შემდეგ კი მეწამულისფერში. თითქოს მზე ბანაობდა ზღვაში და თავისი სხივების ფერებს სამახსოვროდ ტალღებზე ტოვებდა.

გემრიელად ვივახშმე. ყავასაც კი თითქოს სხვა გემო ჰქონდა აქ. ვგრძნობდი, როგორ ღრმად ვსუნთქავდი, თითქოს მთელი სამყაროს თავისუფლება ამწუთას მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი და იმ დოზით მქონდა, მისი დაზოგვა არ მჭირდებოდა. ცხვირში მიღიტინებდა მარილით გაჯერებული ჰაერის არომატი, რომელსაც ეზოში დარგული ყვავილების სურნელი ერთვოდა თან.

- ბესი, ხედავ, რა კარგია აქ? - მივუბრუნდი პუდელს, - ამ სურნელის ბოთლებში ჩასხმა რომ შეიძლებოდეს, მე და შენ მაგნატები გავხდებოდით! მოჭარბებული ბედნიერების შეგრძნებამ მხიარულ ხასიათზე დამაყენა.

ძაღლმა ყურები ცქვიტა, მოირბინა, მიწაზე გაწვა და თავი ფეხებზე დამადო.

აი, ასე განვიცდიდით ორივენი ღვთაებრივ ნეტარებას.

მინდოდა, ახლავე შევდგომოდი ხატვას, მაგრამ ისე გამაბრუა შექმნილმა სიტუაციამ - სიმარტოვის შეგრძნებამ, ზღვის ტალღებმა და ჰაერმა, რომ მოვითენთე. დაბნელებამდე ვიჯექი ეზოში. სახლში გვიან შევედი.

არც ჭურჭელს დავრეცხავ და არც სამზარეულოს მივალაგებ. ვინ ნახავს, რო? ან ვის გააღიზიანებს? აქაურობის გამგებელი მხოლოდ მე ვარ და სხვა არავინ! ხატვას კი ხვალ დავიწყებ, სად გამექცევა? დრო თავზე საყრელად მაქვს, ხელის შემშლელი არავინ მყავს. მთელი დღე ვიმუშავებ, შეიძლება ღამეც კი, თუკი გავქაჩავ ან სულაც, ერთი საათი, გააჩნია, რა ხასიათზე ვიქნები.

დაწოლის წინ სააბაზანოში შევედი, კარგა ხანს ვიჭყუმპალავე და ღიღინ-ღიღინით გამოვედი. რომელი ფანჯრიდანაც უნდა გამეხედა, ყველგან ზღვა მოჩანდა. მის ზედაპირზე მთვარის შუქი ირეკლებოდა. მარილიანი ჰაერი თითქოს ავსებდა ოთახს, გული მიგრძნობდა, ამაღამ მკვდარივით დამეძინებოდა. კოღოების მოსაგერიებელი ბატარეა როზეტში შევარჭვე, შუქი ჩავაქრე და ლოგინში შევწექი. ბესიც იმწუთასვე ამოხტა საწოლზე და ფეხებთან დამიწვა.

- ოოო, ბესი, შენ ამის უფლება არ გაქვს, გოგონი! ასე ვერ გაგანებივრებ, - დაღლილი ხმით შემოვუწყერი, მაგრამ ისეთი თვალებით გამომხედა, შემეცოდა და დავტოვე, სადაც იწვა.

ისე მალე ჩამეძინა, ფიქრიც ვერ მოვასწარი…

არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა. ყეფის ხმამ გამომაღვიძა. ძლივს გამოვერკვიე ძილბურანიდან.

- ბესი, რა მოხდა? - ამოვილუღლუღე ნამძინარევი ხმით.

პუდელი არ ისვენებდა. უცებ ყეფა შეწყვიტა, ყურები ცქვიტა და დაიღრინა. საწოლზე წამოვჯექი და მივაყურადე. ცოტა არ იყოს, შემეშინდა. მოულოდნელად მეც გავიგონე ხმა… ნაბიჯების ხმა… ქვედა სართულზე ვიღაც დააბიჯებდა.

რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გაანალიზებაში, რომ არ ვცდებოდი. ბიბიმ კი მითხრა, ცოტა ვნერვიულობ, მარტო რომ რჩებიო, მაგრამ ამას როგორ წარმოვიდგენდი?

ნაბიჯების ხმა უფრო მოახლოვდა. ვიღაც კიბეზე ამოდიოდა!

- ჩუ-ჩუუ, ბესი, გაჩუმდი! - ხმა ჩამეხრინწა.

სწრაფად წამოვხტი ლოგინიდან და პიჟამისამარამ დავიწყე ფეხის წვერებზე აქეთ-იქით სირბილი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. იარაღი მე არ მქონდა, რით უნდა გავმკლავებოდი, თუ ვინმე შემომეჭრებოდა? ამაზე წამითაც არ მიფიქრია. გულშიც არ გამივლია, რომ შეიძლებოდა მსგავსი საშიშროების წინაშე დავმდგარიყავი.

სწორედ ამ დროს ჩემი საძინებლის კარი ფართოდ გაიღო. თავი ძლივს შევიკავე, არ დამეყვირა. ბესი ცოფიანივით აყმუვლდა.

- რა ჯანდაბა ხდება აქ! - გაისმა ვიღაცის შეცბუნებული ხმა და შუქიც აინთო.

თვალები ჯერ მოვხუჭე, მერე კი დავაჭყიტე. ჩემკენ ზურგით მამაკაცი იდგა. ნერწყვი სიმწრით გადავაგორე და უცნობს რაც შეიძლებოდა, ხმამაღლა დავჭყივლე:

- არ გაინძრეთ! - ისე გულადად ვიყვირე, თითქოს ავტომატი მეჭირა ხელში.

დაუპატიჟებელი სტუმარი ელვის უსწრაფესად შემობრუნდა. მაღალი, გამხდარი და შავგვრემანი მამაკაცი იყო, უფრო სწორად - გარუჯული. ერთიანად დავიძაბე და ის იყო, სკამისთვის უნდა დამევლო ხელი, რომ ადგილზე გავშეშდი. ეს ის კაცი იყო, პლაჟზე რომ მეჩხუბა! წვერი გაეპარსა, სპორტულად ჩაეცვა და ახლა სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. მიუხედავად ამისა, მაშინვე ვიცანი. ამ თვალებს ათას მამაკაცში გამოვარჩევდი!

- აქ საიდან გაჩნდით? - აკანკალებული ხმით მივმართე, - უკან მომდევდით? ჩემს კვალს გამოჰყევით?

ის ისეთივე გაოცებული მზერით მომჩერებოდა, როგორც მე. შემდეგ ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა.

- არ მომიახლოვდეთ! - გავფარჩხე თითები, - დარჩით თქვენს ადგილზე და ახლავე ამიხსენით, რაშია საქმე!

- ეს ნამდვილად თქვენ ხართ თუ მეჩვენება? - დაბნეულმა ჩაილაპარაკა, - კი, თქვენ ხართ, თქვენი მონჯღრეული ცხვირით და თეთრი «მერსედესით».

- თავს ნუ ისულელებთ. ეს ყველაფერი დაგეგმეთ, არა? რა გინდათ ჩემგან? - მუხლები ისე მიკანკალებდა, შემეშინდა, არ ჩავიკეცო-მეთქი და საწოლის კიდეს მთელი ძალით ჩავაფრინდი.

საწყალი ბესი ყეფით იკლებდა იქაურობას და უცნობის გარშემო დარბოდა.

- თქვენ საიდანღა გაჩნდით აქ? - მომეჩვენა, რომ უცნობი ჩემზე უფრო იყო გაკვირვებული.

თვალებით სასწრაფოდ მოვძებნე სკამი, ერთი ნახტომით მოვიგდე ხელში და დაუპატიჟებელ სტუმარს მოვუღერე.

- ახლავე დატოვეთ აქაურობა, თორემ ვიკივლებ! - დავისისინე.

- მაშინებ? დავიჯერო, ეგეთი ძლიერი ხარ? - დამცინა.

- თქვენ არ იცით, მე რა შემიძლია, - ერთიანად გაფითრებული, პიჟამისამარა ვიდექი უცხო მამაკაცის წინაშე და ალბათ ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდი, რადგან მას სიცილი აუტყდა. დავიბენი. უცნობმა კარგა ხანს იცინა, მერე უცებ დაუსერიოზულდა სახე და ჩაფიქრებით მომაშტერდა. რამდენიმე წამის შემდეგ, დანებების ნიშნად, ორივე ხელი უეცრად ასწია, ოთახიდან გავიდა და კიბეს ჩაუყვა. სკამიანად მივყევი უკან, მაგრამ შემდეგ რა უნდა მომემოქმედებინა? როგორ მეიძულებინა სახლის დატოვება? რა უცნაურია, საიდან გამოტყვრა? აქ რა უნდოდა? აშკარაა, მე გამომყვა, ჩემს ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა, სხვანაირად აქ როგორ აღმოჩნდებოდა? თან ასე უჩუმრად, არაკაცურად, ლაჩრულად მომეპარა, ღამით, როცა მეძინა. შეიძლებოდა, ასეთ ადამიანს კეთილი განზრახვა ჰქონოდა? ან კარი როგორ გააღო? მე ხომ ჩავკეტე?

არ მომწონდა ეს ყველაფერი, ამ ამბავს კარგი სუნი არ უდიოდა. ბესი არა და არ ჩერდებოდა. იდგა კიბის თავთან და ყეფას განაგრძობდა.

ცხოვრებაში პირველად ვინანე, ტელეფონი რომ არ მქონდა. რა ღმერთი გამიწყრა, მობილური რომ დავტოვე? ხომ დავრეკავდი პატრულში და წამში ვუჩვენებდი სეირს? ვაითუ, იარაღი ჰქონდეს, სადმე მოფარებულში ჩამისაფრდეს და… ამის გაფიქრებაზე გამაჟრჟოლა და კიბის საფეხურს მივეყინე.

ამასობაში უცნობი დაბლა ჩავიდა და ახლა იქ აანთო შუქი. შევნიშნე, როცა ოთახში შემოვიდა, თითქოს ზუსტად იცოდა, კედლის რომელ მხარეს და რა სიმაღლეზე მდებარეობდა ჩამრთველი, ხელის მოფათურება არ დაუწყია. და საერთოდ, იგი ისე გადაადგილდებოდა მთელ სახლში, გეგონებოდათ, აქაურობა ხუთი თითივით იცისო. ჩავიხარე და კიბის რიკულებიდან გავხედე, რას აკეთებდა. აი, სამზარეულოდან სასტუმრო ოთახში გადაინაცვლა, იქაც უპრობლემოდ აანთო შუქი, დივანზე დაჯდა და ფეხები ერთმანეთზე გადაიჯვარებინა, შემდეგ უდიერად წაწვა, ცალი ხელით იდაყვს დაეყრდნო და ჩემკენ ისე გამოიხედა, თითქოს მეგობრული საუბრის გასამართად მოემზადაო.

მაინც ვერ მოვითმინე, ფეხშიშველა ჩავტანტალდი ქვემოთ და სამზარეულოდან სასტუმრო ოთახში გამავალი კარის ზღურბლზე ჩემი სკამით ხელში გავიხიდე.

- ბოლოს და ბოლოს, არ მეტყვით, აქ როგორ მოხვდით? - მომთხოვნი ტონით გავუმეორე შეკითხვა.

- როგორც ყოველთვის, ძალიან ჩვეულებრივად. - მშვიდად მომიგო, - კარი გასაღებით გავაღე.

- ესე იგი, პროფესიონალი ქურდი ხართ?

როგორ ჩაიფხუკუნა! ისედაც გახურებული ღაწვები კიდევ უფრო შემიხურდა. მოულოდნელად ჯიბისკენ წაიღო ხელი. შემეშინდა, იარაღი არ ამოიღოს-მეთქი და სკამი მაღლა შევმართე, რათა საჭიროების შემთხვევაში მისთვის თავზე გადამემტვრია, მაგრამ შევძლებდი კი?

- არც გაბედოთ ჩემი შეშინება! - ჯერჯერობით დიდ გულზე ვიყავი.

მას ჩემი სიტყვებისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. ჯიბიდან პორტსიგარა დააძრო და წარბებაწეულმა გამომხედა.

- წინააღმდეგი ხომ არ იქნები, ერთი ღერი მოვწიო, სანამ თავს გამიტეხავ? - მშვიდად დაინტერესდა თავხედი.

- რა ამაზრზენი ხართ! - ზიზღნარევი ხმით ამოვთქვი, - ახლავე პოლიციაში დავრეკავ და ვნახავ, მერე როგორღა ამღერდებით!

მან თავისი ფართო მხრები უდარდელად აიჩეჩა. სპორტულ მაისურსა და ჯინსის შარვალში სულ სხვანაირად გამოიყურებოდა, არა ისე, როგორსაც ბათუმში, სანაპიროზე ვნახულობდი.

- იცი, რა გამიკვირდა? - დაბინდული მზერა მომაპყრო, - მაშინვე რომ მიცანი.

- მერე რა? მე მხატვარი ვარ, სახეებს ადვილად ვიმახსოვრებ.

- ჰო, მართლა, ეგ სულ დამავიწყდა. როგორც მახსოვს, ჩემი დახატვაც კი გინდოდა, ჰოდა, აი, მეც აქ ვარ! - ირონია გაურია ხმაში.

- როგორ გაიგეთ, აქ რომ ვაპირებდი წამოსვლას? რატომ გამომყევით უკან?

პასუხი არ გამცა, თითქოს დამუნჯდა. სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა. მერე მისთვის ჩვეული დამცინავი მზერა მესროლა და მითხრა:

- თუ პოლიციის გამოძახებას აპირებთ, გირჩევთ, ასე მოიქცეთ. მიდით, გელოდებით.

ახლა კი დამერხა. პატრული იმ იმედით ვუხსენე, იქნებ შეშინებოდა, მაგრამ უცნობი ამ ანკესზე არ წამოეგო. ახლა კი ჩიხში ვიყავი.

აშკარა იყო, ნერვების ომი გველოდა. ვხედავდი, რომ ჯერჯერობით ყველა კოზირი მის ხელში იყო, რაღაც უნდა მომეფიქრებინა.

- ის მაინც მითხარით, რა გინდათ? ფული არ მაქვს, არც ძვირფასეულობა წამომიღია. აქაც ისეთი არაფერია, თქვენ რომ დაგაინტერესოთ. სხვას რას მოითხოვთ ჩემგან?

- იცი, რას გეტყვი? - მამაკაცმა ნაფაზი დაარტყა და ცისფერი ბოლი გამოუშვა, - აქ მე სიურპრიზს საერთოდ არ ველოდი. იმისთვის მოვედი, რომ ამაღამ გემრიელად გამომეძინა და საერთოდ არ მიფიქრია იმაზე, ვინმე კომპანიონობას თუ გამიწევდა. გასაგებია?

ისევ შემიხურდა ღაწვები, მთელი სახე გავარვარებული მქონდა, გულს კი ბაგაბუგი გაუდიოდა.

- მომისმინეთ, რადგან არაფერი მოგიპარავთ და ამას არც აპირებთ, მოგცემთ საშუალებას, უვნებლად გაერიდოთ აქაურობას. თუკი ახლავე წახვალთ, ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებს. რატომ არ გინდათ, წახვიდეთ და მარტო დამტოვოთ? დაგიშავეთ რამე, ბატონო ჩემო?

- თუ ღმერთი გწამს, ნუ მეძახი ასე, გასაგებია? გგონია, ასე თუ მომმართავ, უფრო მაგარი გოგო გამოჩნდები? ძალიან ცდები. თუ გინდა, როგორღაც მომმართო, სახელი დამიძახე. ალთაი როგორ მოგწონს, წავა?

ალთაი? რა უცნაური სახელია, არასდროს გამიგია. ზუსტად ისეთივე სახელის პატრონია, როგორიც თვითონ არის. აბა, ჩვეულებრივ სახელს ამას ვინ დაარქმევდა?

- გასაგებია, ალთაი! ძალიან სასიამოვნოა, - «თეთრი დროშის» აფრიალება ვცადე, - ახლა კი, დამდეთ პატივი და მოშორდით აქაურობას. პირობას გაძლევთ, ამ ინციდენტის შესახებ არავის ვეტყვი.

- თუ არ წავალ, რა მოხდება ვითომ? - ჩემს მითითებებს აინუნშიც არ აგდებდა ალთაი, უტიფრად აბოლებდა და ჩემი უსუსურობით ტკბებოდა.

- რა მოხდება და ამ სკამს თავზე გადაგამტვრევთ, - თავს ზემოთ აღმართული სკამი შევარხიე, არადა, ისე დამეღალა ხელები, ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვუშვებდი მკლავებს.

- რას მეთამაშები, პატარა მხატვარო? - ამრეზით ამომხედა, - იდიოტი გგონივარ? ჯერ კიდევ საკითხავია, მაგის გამბედაობა თუ გეყოფა! დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ფუნჯის მეტი ხელში არაფერი აგიღია.

- თქვენ არ იცით, მე რა შემიძლია და რა არა. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, ჯობია, მშვიდად დავშორდეთ ერთმანეთს, - ცივად მივუგე, - სხვათა შორის, სპორტზე ექვსი წლის ასაკიდან დავდიოდი.

მან გაოცების ნიღაბი აიკრა სახეზე, მერე კი ნელ-ნელა, მძიმედ წამოიწია. ინსტინქტურად უკან გადავდგი ნაბიჯი. ხელები უკვე აღარ მემორჩილებოდა, არც ფეხები. რამსიმაღლეა ეს უპატრონო! რომ მოინდომოს, ერთ წამში გამსრესს. კარგა ხანს მზომავდა თავისი საოცარი თვალებით, ასე რომ მომწონდა.

- ამისთანა სასწაული მეტჯერ არ მინახავს, - ხმა გაუმკაცრდა, - რას ჰგავს შენი საქციელი? ეს რა, ახალი მოდაა? მდიდრებმა ასე იცით სხვის სახლებში შეჭრა და იქ დასვენების მოწყობა? დიდი ხანია, შენ და შენისთანები ასეთ თამაშებს იგონებთ?

- არ ვიცი, რაზე ლაპარაკობთ და არც მაინტერესებს! ახლავე დატოვეთ აქაურობა, მე თქვენ გეუბნებით!

- საინტერესოა, რატომ არ რეკავ პოლიციაში? - კვლავ დამცინავად გაიღიმა, - მიდი, დარეკე. ვფიქრობ, პატრულის გარეშე არაფერი გამოგივა. გინდა, გითხრა, რატომ? იმიტომ, რომ თვითონ გეშინია პოლიციის, იმიტომ, რომ ამ სახლში მე კი არა, შენ შემოიჭერი!

- მე-ე? მე შემოვიჭერი? - ვეღარ გავუძელი, სკამი ძირს დავუშვი და მის საზურგეს ორივე ხელით მყარად დავეყრდენი, რათა ფეხები მონაცვლეობით დამესვენებინა, - მე მთელი ზაფხული ამ სახლში უნდა გავატარო, გესმით?

მამაკაცი წამოდგა, ტელეფონის აპარატისკენ გაემართა, რომელიც იქვე, ფანჯარასთან, სამფეხა მრგვალ მინიატიურულ მაგიდაზე იდო და ყურმილს დასწვდა. თუმცა, არც კი მიუტანია ყურთან, ისე ჩაიცინა:

- რა თქმა უნდა, არ მუშაობს, თორემ აქამდე რა გაგაჩერებდა, მილიონჯერ შეეცდებოდი დარეკვას. თინამ მითხრა, ტელეფონი გამორთულიაო. გგონია, არ ვიცოდი? ასე რომ, შენი მუქარა მხოლოდ ბლეფია და სხვა არაფერი.

თინიკოს ხსენებაზე თვალები შუბლზე ამივიდა.

- თინა? თქვენ რა, თინიკოს იცნობთ?

მან ჯინსის ჯიბეში ხელი ჩაიყო და იქიდან გასაღებების ზუსტად ისეთივე ასხმა ამოიღო, როგორიც მე მქონდა.

- მან მომცა ეს გასაღებები, რათა მესარგებლა, სანამ აქ ვიცხოვრებდი. ასე რომ, პატარა მხატვარო, მოდი, ჰუმანურად მოვექცეთ ერთმანეთს. ახლა ორივე გავიდეთ სახლიდან, ჩავსხდეთ შენს გაპრიალებულ «მერსედესში» და ცენტრში გავიდეთ. ერთად ჩავბარდეთ პოლიციას. ვნახოთ, აქ როგორი სამართალდამცველები მუშაობენ. როცა ყველაფერი გაირკვევა, შენი მდიდარი მამიკო ალბათ გადაიხდის ჯარიმას თუ საპროცესოს, არც ვიცი, ახლა როგორ ხდება ასეთი რამეები.

- ერთი წუთით, თუ შეიძლება! - ხმას ავუწიე, - თქვენ მე ვინ გგონივართ? აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ზაფხული ამ სახლში გავატარო! მეც მომცა თინიკომ გასაღები და თქვენზე კრინტიც არ დასცდენია. სხვათა შორის, თინა ჩემი უახლოესი მეგობარია.

უცნობი დაჟინებული მზერით მომაჩერდა. შემდეგ გრძლად დაუსტვინა, კვლავ დივანს დაუბრუნდა, ზედ გაიშოტა და ხელები თავქვეშ ამოიწყო.

- როგორც ჩანს, ბებრუხანამ ყველაფერი აურია. სკლეროზმა ასე იცის.

სულაც არ მიკვირდა, თინას ასეთი ნაცნობები რომ ჰყავდა. არა ერთი და ორი ამისთანა «დაცენტრილი» მინახავს მის სახლში. იქნებ ესეც მყავდა თინიკოსთან ნანახი? თუმცა ვერაფრით აღვიდგინე მისი სახე.

- და ვინ ხართ, ის მაინც მითხარით?

- ალთაი მესტვირიშვილი. თინას ყოფილი ქმრის, კარლოს ძმისშვილი.

პირკატა მეცა. ეს სწორედ ის კაცი იყო, დაბადების დღეზე თინამ რომ ახსენა და არ მოვიდა.

- შენ კი ლიკა გქვია, ხომ არ ვცდები? - გააგრძელა მამაკაცმა.

- საიდან იცით?

- შენ ვინ არ გიცნობს. მთელი ბათუმის საკაცეთი შენზეა შეყვარებული.

თან მესიამოვნა მისი ნათქვამი, თან არა, რადგან, როგორც სჩვეოდა, ირონია მოიშველია.

- ამას თქვენს აქ ყოფნასთან არაფერი აქვს საერთო, - მთელი სისწრაფით წარმოვთქვი, - ძალიან გთხოვთ, დატოვოთ აქაურობა.

მის ნაცრისფერ თვალებში ნაპერწკლები გაკრთა. შუბლი უსიამოვნოდ შეჭმუხნა, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ჯიუტად მომიგო:

- არა!

- მომისმინეთ, ალთაი. თქვენი აქ გაჩერება არაფრით არ შეიძლება. უნდა წახვიდეთ. უცხო ადამიანთან, მით უმეტეს, კაცთან, ვერ ვიცხოვრებ.

მან ისევ თვალებით გამზომა.

- რა სამწუხაროა, რომ ჩემს გემოვნებაში არ ჯდები. რა გაეწყობა, წავალ და სხვა საძინებელში დავწვები. არადა, მეც ზუსტად ის საძინებელი მქონდა არჩეული, რომელშიც შენ დაგიფრთხე ძილი. უკაცრავად, მაგრამ ძალიან ვარ დაღლილი. წავალ, დავიძინებ. დილით კი… ჰო, მართლა, რას მიირთმევ საუზმეზე? მე დილაობით არაჟანს ვირჩევ, შენ?

ვგრძნობდი, მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა. ჯიუტად იდგა თავისაზე. ვერც რბილი და ვერც მკაცრი ტონით შევაგნებინე, სახლი დაეტოვებინა. არადა, გამორიცხული იყო, ერთად გვეცხოვრა. ეს ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა. თინიკოს როგორ მოუვიდა ასეთი შეცდომა? დავიჯერო, არ ახსოვდა, მე რომ აქეთ გამომისტუმრა? თანაც, თვითონ შემომთავაზა, მე ხომ არ მითხოვია?

ახლა სხვანაირად ვცადე მიდგომა.

- იცით, რა? პირველი მე მოვედი აქ. იქნებ გამოიჩინოთ თავაზიანობა და, როგორც ჯენტლმენს შეეფერება, დამითმოთ? თქვენ წადით, მე კი დავრჩები.

- მერედა, ვინ გითხრა, რომ ჯენტლმენი ვარ? - ისევ ისე მომაკვდინებლად დამცინავი ქირქილი გაისმა.

- მაშინ, წავიდეთ ქალაქში, დავრეკოთ თინიკოსთან და ყველაფერი გავარკვიოთ, - ჩემდა გასაკვირად, ყველაზე კარგ გამოსავალს მივაგენი.

ჩემმა დაუპატიჟებელმა სტუმარმა თავი გადააქნია:

- შენ რა, არ იცი, თინა ბაჰამის კუნძულებზე რომ გაემგზავრა? ძალიანაც რომ გვინდოდეს, ვერ დავუკავშირდებით.

- მაგრამ მას ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს, - მოსმენილით გაოგნებულს ხმა ჩამიწყდა.

- სამაგიეროდ, მე გეუბნები. ტყუილი არ მჩვევია.

ქვედა ტუჩს ისე ძლიერად დავაჭირე კბილები, ლამის მოვიკვნიტე. ახლა რაღა უნდა მეღონა?

- ფოთის პორტში მშვენიერი სასტუმროა, არ გინდა, დარჩენილი ღამე იქ გაატარო? რახან ჩემთან ყოფნას არ იშლი… - ირონიული ტონით წარმოთქვა უცნობმა და ხელები ფართოდ გაშალა.

ერთი ამას შეხედეთ! დამცინის კიდევაც!

- მე აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი! ეს თქვენ შემომეჭერით სახლში და არა მე! სინდისი უნდა იქონიოთ, როგორ არ გრცხვენიათ? - მოთმინებიდან გამოვყავდი მის თავხედობას.

- ხედავ? ორივენი ჩიხში შევედით. იქნებ ასულიყავი მაღლა და რამე მოგეცვა? ასეთ ფორმაში შენი ხილვა გონივრული იდეის მოფიქრებაში ხელს მიშლის. მოდი, იცი, რას ვიზამ? ყავას მოვადუღებ და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი, კარგი?

ალთაი წამოდგა. რა მაღალია! იქ, ბათუმის სანაპიროზე, ეს კაცი ყველაზე იდუმალ არსებად მეჩვენებოდა, მარტოსულად და მოხეტიალე მგლად. რამდენჯერ დავინტერესდი ჩემთვის, ვინ არის და რას საქმიანობს-მეთქი, თუმცა არავისთვის არაფერი მიკითხავს. ახლა კი, ჩემ წინაშე იდგა, ერთ ჭერქვეშ, ერთ ოთახში და მისი დანახვაც არ მინდოდა.

უცნობი სტვენა-სტვენით გაემართა სამზარეულოსკენ. თვალი გავაყოლე. მომხდარმა თავზარი დამცა. ვერაფერი გამეგო. ცოტა ხნის შემდეგ ყავის საფქვავის ზრიალის ხმა გაისმა. მერე კიდევ რაღაც გაჭახუნდა. თინას ნათესავი ზომაზე მეტად ხმაურიანი ჩანდა. თანაც, აქ თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ ოჯახში.

თითქოს საგანგაშო არაფერი მომხდარა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მთლად სახარბიელო მდგომარეობაში არ ვიმყოფებოდი. რა ოინი მომიწყო თინამ, რას ჰგავდა მისი საქციელი? თუ თავისი ნათესავის გულის მოგება უნდოდა, ხომ შეეძლო, ეცნობებინა ან თავიდანვე ეთქვა? ვითომ მოერიდა, რახან პირველი მე შემპირდა? მაშინ მას რატომღა მისცა გასაღები? ცოტა უცნაურად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ პასუხის გამცემი ამჟამად საქართველოდან ძალიან შორს იმყოფებოდა.

სანამ ალთაი ყავის სამზადისს დაიჭერდა, მეორე სართულზე ავვარდი და დილის ხალათი მოვიცვი, აბრეშუმის, მწვანე, თეთრი ნახევარმთვარეებითა და ვარსკვლავებით მოხატული. ბესი კუდში დამდევდა, ვერ გაეგო, ეყეფა თუ ჩუმად ყოფილიყო, ხანდახან თავისი ჭკვიანი თვალებით ამომხედავდა - გამაგებინე, რა ხდებაო. ძაღლი ხელში ავიყვანე და თავი უფრო მშვიდად ვიგრძენი. რა იქნებოდა ჩემი არასასურველი სტუმრის შემდეგი ნაბიჯი? რას მიპირებდა? იმედია, ძალადობას არ მიმართავდა, თუნდაც იმიტომ, რომ თინას ნათესავი იყო. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა გამომეჩინა სიფრთხილე, ვერაფერს გამოვრიცხავდი.

ყავის სურნელი ნესტოებზე მომელამუნა, როგორც რეკლამებშია, თითქოს დავინახე კიდეც, როგორ მოცურავდა ჩემკენ ცხელი ოხშივარი.

გაგრძელება იქნება

ასევე იხილეთ:
მგელთან მოხეტიალე - თავი 4
მგელთან მოხეტიალე - თავი 3
მგელთან მოხეტიალე - თავი 2


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93