ნოველები

მგელთან მოხეტიალე - თავი 6

მგელთან მოხეტიალე - თავი 6
წინა თავი

სამზარეულოს მაგიდაზე ორი ფინჯანი ყავა იდგა, ცხელი, საოცრად ქაფიანი. სცოდნია თავისი საქმე! ასეთ ყავას მეც კი ვერ ვხარშავ, როგორც უნდა ვეცადო, არ გამომდის. ალბათ იმის ბრალია, რომ ნალექიანს დიდად არ ვწყალობ, ხსნადი მირჩევნია. ამბობენ, ნალექიანი ყავა ნაღვლის ბუშტს აღიზიანებსო. ღმერთო ჩემო, რა დროს ეგ არის! ჩემი დაძინება-არდაძინების საკითხი წყდება!

გაშლილი სუფრა მეგობრულ ატმოსფეროს მოგაგონებდათ. ორი ფინჯანი, უკუნი ღამე და ორი ადამიანი _ ქალი და მამაკაცი. ყველაზე ღარიბული რომანტიკული სურათი, მაგრამ მაინც რომანტიკული! ლამბაქზე
დადებულ ფინჯანს ხელი დავავლე და ფანჯარასთან მივდექი. ჩემმა საქციელმა ალთაის ღიმილი მოჰგვარა.

_ მინდა, სერიოზულად ვისაუბროთ, ყოველგვარი ჩხუბის და აყალმაყალის გარეშე, _ მის ცინიკურ ღიმილს ყურადღება არ მივაქციე, _ თქვენ აქ მხოლოდ დასასვენებლად ხართ ჩამოსული, მე კი წინ სამუშაო მელის. მე უნდა დავრჩე ამ სახლში, ის ძალიან მჭირდება!

_ სამუშაო, არა? _ ალთაიმ ფეხი ფეხზე გადაიდო და ალმაცერად გამომხედა, _ შენ და შენისთანებს ცხოვრებაში ერთი დღეც არ გიმუშავიათ. რომელ სამუშაოზე მელაპარაკები?

_ რატომ მეირონიებით? ან ეს აგრესია მდიდრების მიმართ საიდან დაგიგროვდათ? სხვათა შორის, ეს სახლიც მდიდარი ადამიანისაა, მასზე რატომ არ ცდილობთ, ჯავრი იყაროთ?

_ თინას კარგად ვიცნობ და იმიტომ, ის სხვა მდიდრებს არ ჰგავს, ამასთან, ჯერ კიდევ ბიცოლად მეკუთვნის.

_ აჰა… რახან «თქვენიანი» არ ვარ, ჩემი დაჩაგვრა ადვილია? მე მართლა მაქვს სამუშაო.

_ სხვათა შორის, მეც. გულზე ხელების დასაკრეფად არც მე ჩამოვსულვარ! _ ხმას აუწია და თვალები დამიბრიალა.

მისი თვალების ბრიალის სულაც არ მეშინოდა. ვერაფრით დავუშვებდი, ერთ სახლში გვეცხოვრა. სხვა თუ არაფერი, არაეთიკური იქნებოდა. რას იტყოდნენ ჩემები, ეს ამბავი რომ გაეგოთ? როგორც ორგანიზმი ვერ ეგუება უცხო სხეულს, ისე ვერ ვეგუებოდი ამ ადამიანს.

_ და თქვენ რას საქმიანობთ, თუ საიდუმლო არ არის? _ დავინტერესდი.

_ წიგნს ვწერ, მნიშვნელოვან წიგნს. უკვე სამი წელია, ამისთვის მასალას ვაგროვებ. ახლა ყველაფერს თავი მოვუყარე და წერას უნდა შევუდგე. ასე რომ, ეს სახლი მეც მჭირდება, პატარა მდიდარო!

ეს რომ მითხრა, სწორედ მაშინ გამახსენდა ის შავი ჩანთა, ზღვის სანაპიროზე რომ გადმოათრევდა ხოლმე ნავიდან. მინდოდა, იმ ჩანთაზე მეკითხა, მაგრამ გადავიფიქრე. რაც ნაკლები საქმე მექნებოდა მასთან, მით უკეთესი იქნებოდა ჩემთვის. გაღიზიანებულმა კბილი კბილს დავაჭირე:

_ მაგრამ თქვენი აქ დარჩენა შეუძლებელია, ნუთუ არ გესმით?

ალთაიმ თავი უკან გადააგდო და გამჭოლი მზერა მესროლა. შემდეგ ფინჯანს დასწვდა, ყავა უზრდელად მოხვრიპა და მიპასუხა:

_ მაგრამ მე დავრჩები, შენთან ერთად ან შენ გარეშე!

ისე გავმწარდი, კინაღამ გავუქანე ფინჯანი. დროზე შევიკავე თავი, ერთ ღრმად ამოვიოხრე, ლამბაქი და ფინჯანი ნიჟარაში ჩავყარე და ძაღლს დავუძახე:

_ წავედით, ბესი!

ახლა ავალ მაღლა, ჩავწვები და დავიძინებ. ფეხებზე მკიდია, წავა თუ არა! ვნახოთ, ვისი აჯობებს! ის იყო, კართან მივედი, რომ მისი ხმა დამეწია:

_ კარგი იქნება, კარს გასაღებით თუ ჩაკეტავ, ღამით ბორიალი მჩვევია, მთვარეული ვარ.

პასუხი არ გავეცი. კიბე ავირბინე და საძინებლის კარი მთელი ძალით მოვიჯახუნე. თითქოს ამით ვიყარე მასზე ჯავრი. საწოლზე რომ ჩამოვჯექი, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, რომ ვქშინავდი, თითქოს რამდენიმე კილომეტრი გამერბინოს. არ გამომიყვანა წყობილებიდან?! ერთ საათში დამშალა ეს მშვიდი ქალი! კარგა ხანს ვიფიქრე, რა მომემოქმედებინა. რაღაც მომენტში ისიც კი გადავწყვიტე, მანქანა დამექოქა და ბიბისთან წავსულიყავი, რათა მისთვის ამეხსნა სიტუაცია. მან, აშკარაა, ამ კაცის შესახებ არაფერი იცოდა, თორემ ხომ მეტყოდა? თინამ მას დაურეკა და გააფრთხილა, ლიკა ჩამოდის და სახლი დაალაგეთო. ხომ ასეა? თუ ალთაი მართალს ამბობს, თინამ მის შესახებ ბიბის რატომ არაფერი უთხრა? იქნებ მას უბრალოდ, ჰქონდა გასაღებების დუბლიკატი და თინიკოს დაუკითხავად გადაწყვიტა, აქეთ წამოსულიყო? არა, რაც უნდა მოხდეს, უნდა დავუკავშირდე თინიკოს და ყველაფერი ვუთხრა. ამ კაცის ზღაპრების არ მჯერა. რა ბაჰამა, რის ბაჰამა! მსგავსი არაფერი უხსენებია ჩემთან!

_ რაღაც უნდა ვქნა, ბესი, _ გადავუჩურჩულე პუდელს, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა საწოლზე და სასაცილოდ მომჩერებოდა, _ წარმოგიდგენია, რა მოხდება, რეზიმ რომ ამის შესახებ გაიგოს? გაგიჟდება! ეგღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის! ნეტავ საერთოდ არ წამოვსულიყავი, ნეტავ დამეჯერებინა მისთვის. არა, ასე გაჩერება არ შემიძლია!

საწოლიდან წამოვხტი, ხალათი გავიხადე და ჩაცმას შევუდექი. ჯინსის შარვალი ამოვიცვი, მაისური გადავიცვი და ის იყო, კედების თასმები უნდა შემეკრა, რომ კარზე კაკუნი გაისმა. მოულოდნელობისგან შევკრთი. ბესი აყეფდა და კართან მიირბინა. გულმა უცნაურად დამიწყო ბაგაბუგი.

_ გააღე! _ აყვირდა ალთაი.

_ ძალიან გთხოვთ, წახვიდეთ! _ ვცდილობდი, შიში ხმაზე არ დამტყობოდა.

_ გააღე, სამტროდ არ მოვსულვარ, რაღაც უნდა გითხრა, _ შეარბილა ტონი.

თვალები ოთახს მოვავლე და თვალში ყვავილების წვრილი, გრძელყელიანი ლარნაკი მომხვდა, რომელიც ფანჯრის რაფაზე იდგა. ფეხის წვერებზე აწეულმა მივირბინე ფანჯარასთან და ლარნაკს ხელი დავტაცე, ყოველი შემთხვევისთვის, ხელში რომ მჭეროდა. შემდეგ კართან მივედი, გასაღები გადავატრიალე და ლარნაკი ზურგს უკან დავმალე.

_ პირველი რაუნდი შენ მოიგე, _ მონოტონური ხმით წარმოთქვა უცნობმა, _ ამაღამ პლაჟზე დავიძინებ, ხვალ კი, მოგეხმარები შენი ნივთების ჩალაგებაში და მოუსვი აქედან!

_ მაგასაც ვნახავთ, ვინ მოუსვამს! _ ამის თქმა სულაც არ მინდოდა, სიტყვები თავისით გამექცა.

კვლავ გამჭოლი მზერა მესროლა. ამათვალიერა, ჩამათვალიერა, თვალი ჩემს მარჯვენა ხელს გააყოლა და მიხვდა, ზურგს უკან რაღაცას რომ ვმალავდი. მოულოდნელად ჩემკენ დაიძრა, ხელზე ხელი მტაცა, ლარნაკი გამომგლიჯა და ყვირილი მორთო:

_ ეს ჯერჯერობით არ დაგჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამაღამ ჯენტლმენობა გამოვიჩინე, არ გეგონოს, ხვალაც ასეთი დელიკატური ვიქნები.

_ თქვენ რა იცით, რას ნიშნავს ჯენტლმენობა? _ ზიზღით მოვბრიცე ტუჩები.

მან გულიანად გაიცინა. გარუჯულ სახეზე თეთრმა კბილებმა გაიელვა.

_ ღამე მშვიდობისა, ლიკა, _ ხაზგასმით წარმოთქვა ჩემი სახელი, _ უშფოთველ ღამეს გისურვებ, ფერადი სიზმრებით! ისევ ჩაკეტე კარი, მართლა მიყვარს ღამე ბორიალი. ძილში ვსეირნობ ხოლმე, _ და სიცილი-სიცილით ჩაიარა საფეხურები.

გახევებული ვიდექი და აცახცახებული სხეულის დამორჩილებას ამაოდ ვცდილობდი. ცოტა ხნის შემდეგ კარის გაღების და შემდეგ მოხურვის ხმა გავიგონე. ფანჯარას მივვარდი და ძირს გადავიხედე. ვხედავდი მის მაღალ სილუეტს, რომელიც პლაჟისკენ მიემართებოდა. შვებით ამოვისუნთქე და მანამ გავცქეროდი, სანამ თვალს არ მიეფარა. ალბათ იპოვის ისეთ ადგილს, სადაც ქარი არ უბერავს, _ კმაყოფილმა ჩავიღიმე.

როგორც კი მისი ლანდი გაქრა, დაბლა ჩავირბინე, ყველა კარი შევამოწმე, შემოსასვლელიც ჩავკეტე და ისევ მაღლა ავვარდი. რა თქმა უნდა, თუ მოინდომებს, შემოსვლას შეძლებს, მაგრამ ცოტათი მაინც გაუძნელდება.

საწოლზე წამოვწექი, ბალიში ავიმაღლე და მივეყრდენი.

გავიდა ნახევარი საათი, ერთი, ორი… ალთაი არ ჩანდა. ამასობაში ძილი მომერია, მთქნარება ამიტყდა. კარგა ხანს ვებრძოდი ძილს, თუმცა მასთან ორთაბრძოლაში ბოლოს მაინც დავმარცხდი.



8 8 8

გამოღვიძებულს თვალის გახელა გამიჭირდა, მზე პირდაპირ თვალებში მიჭყიტინებდა. ირგვლივ მიმოვიხედე. ყველაფერი თავის ადგილზე იყო. გეგონებოდათ, წუხელ რაც მოხდა, მხოლოდ კოშმარული სიზმრების დამსახურება იყო. საწოლიდან გადმოსულმა პირდაპირ აივანს მივაშურე. ეზოში, წნელის სავარძელში, ალთაი მოკალათებულიყო და ჩემი ფანჯრისკენ იყურებოდა. გავედი თუ არა, დამინახა.

_ დილა მშვიდობისა! _ ამომძახა, _ თუ შეიძლება, გამიღე კარი და სახლში შემომიშვი, ყავის დალევა მინდა!

ის ფეხშიშველა იჯდა, წვერი ოდნავ წამოზრდოდა. გარუჯულ სახეზე უძილობის კვალი ეტობოდა, თვალის უპეებზე ტომრები ჩამოჰკიდებოდა.

_ ახლავე წადით აქედან, გასაგებია? _ ვუყვირე და საჩვენებელი თითი წინ გავიშვირე.

მამაკაცმა ჩაიფხუკუნა.

_ ხომ იცი, რომ არსადაც არ წავალ? ტყუილუბრალოდ რატომ იშლი ნერვებს? _ ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და ერთმანეთზე გადააჯვარედინა.

«გარდა იმისა, რომ თავხედი და უტიფარია, უზრდელიც არის!» _ გავიფიქრე გაწიწმატებულმა, სასწრაფოდ ჩავიცვი და კიბეზე დავეშვი.

_ ახლავე გავალ ცენტრში და თინიკოს დავურეკავ. დაე, მან გადაწყვიტოს, ვინ დარჩება აქ და ვინ არა. მერე მაინც ხომ დამანებებთ თავს? _ სულ თითის ქნევით ველაპარაკე.

_ აბა რა! _ ისევ ჩაიფხუკუნა, _ თუ მოახერხებ მასთან დაკავშირებას, მე თანახმა ვარ. ხომ გითხარი, გაემგზავრა-მეთქი, არ გჯერა? თვითმფრინავით გადაფრინდა თუ გემით გაცურა, არ ვიცი, მაგრამ რომ წავიდა, ეგ ნაღდია. იმედია, ღამე კარგად გეძინა, რახან მე გამომაპინტრიშე სახლიდან.

_ ბატონო ალთაი…

_ არ გინდა, რა. პირდაპირ ალთაი დამიძახე. ბოლოს და ბოლოს, ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ.

ღრმად ამოვიოხრე, რომ მოთმინება არ დამეკარგა. კიდევ ცოტაც და ავფეთქდებოდი.

_ ჩვენ ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობთ!

მან გაიღიმა და კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ძალიან მომხიბვლელი მამაკაცი იყო.

_ წინადადება მაქვს. იმედია, გეყოფა მოთმინება, რომ მომისმინო, _ თქვა და შემომხედა.

_ გააჩნია, რას მთავაზობთ.

_ აი, იმ კოტეჟს ხომ ხედავ? ის უფრო ადრე აშენდა, ვიდრე ეს სახლი. წუხელ მისი არსებობის შესახებ სულ გადამავიწყდა. იქ სრული სიმყუდროვეა, გემოვნებითაა მოწყობილი და, რაც მთავარია, ყველაფერია, რაც ადამიანს სჭირდება. იქ ვიცხოვრებ, შენ ახლოსაც არ გაგეკარები. ვიქნები ჩემთვის და ვიმუშავებ.

ის იყო, პასუხის გაცემას ვაპირებდი, რომ ხელის აწევით შემაჩერა და გააგრძელა:

_ ერთადერთი, იქ სამზარეულო არ არის. ჭამა ხომ მინდა? ამიტომ გთხოვ, უფლება მომცე, შენი სამზარეულოთი ვისარგებლო. ამასთან, არც მაცივარი დგას იქ. ზაფხულში უმაცივროდ ყოფნა ძნელია, ხომ გესმის…

_ ანუ, თქვენ გინდათ, ამ სახლში ორივე დავრჩეთ? თქვენ რა, შეიშალეთ? დაფიქრდით, სხვის თვალში როგორი აღსაქმელი იქნება ასეთი სიტუაცია?

_ პატარა ლედი, ჩემთვის სულერთია, რას იტყვის ხალხი. ფეხებზე მკიდია! ამაზე არ ვიდარდოთ, კარგი? ახლომახლო მაინც არავინ ცხოვრობს. ახლა კი, ვისაუზმებ და მერე ჩემს ნივთებს იქით გადავიტან. რამდენიმე წუთის შემდეგ საერთოდ დაგავიწყდება ჩემი არსებობა ისევე, როგორც მე შენი. ვინ იცის, იქნებ ისე ჩაიაროს ზაფხულმა, რომ ერთმანეთს არც კი შევეჩეხოთ.

ერთხანს ხმა არ ამომიღია. მის შემოთავაზებაზე ვფიქრობდი. მცირე ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე, მიმეღო მისი წინადადება, სხვანაირად მაინც ვერ მოვიშორებდი თავიდან.

_ ეგრე იყოს, თანახმა ვარ, _ თავის დაქნევით მივუგე და თითები ერთმანეთში გადავხლართე.

_ კიდევ კარგი, რაღაცაში მაინც რომ შევთანხმდით, _ ახითხითდა ალთაი, _ მაგრამ, ჩემი აზრით, შენ ერთ კვირასაც ვერ გაძლებ აქ, რადგან ახლოს არც ბარია, არც კაფე, არც ღამის კლუბი. ვერაფრით გაერთობი. მაქსიმუმ, ჰა-ჰა, ათი დღე გაქაჩო. თაყვნისმცემლებიც არ გეყოლება, აუზიც კი არ არის სუფთა წყლით სავსე. არავინ იცის, ეს წყალი როდინდელია, _ მან ორივე საჩვენებელი თითი აუზისკენ გაიშვირა, _ მდიდარი პატარა მოწყენილობისგან დადარდიანდება და გაიქცევა.

რატომღაც, მოსწონდა, როცა შეურაცხყოფას მაყენებდა. ვერ ვხდებოდი, რატომ. ალბათ ფიქრობდა, რომ ერთი განებივრებული, მეტიჩარა გოგონა ვიყავი, რომელსაც ჭკუა არ მოეკითხებოდა, რომელსაც არც მიზანი ჰქონდა ცხოვრებაში და არც ინტერესი. ნერვულად მოვკუმე ტუჩები. ამას ვაჩვენებ, ვინ ვარ და რა შემიძლია!

_ მაგის იმედი ნუ გექნებათ, ვერ ეღირსებით აქედან ჩემს გაგდებას. ასე ადვილი მოსანელებელი არ ვარ, რომ იცოდეთ!

პასუხად წარბები აზიდა და გაოცებულმა მკითხა:

_ და რა ეშველება თქვენს ძვირფას რეპუტაციას?

_ თქვენსას? _ რიტორიკული შეკითხვა დავუსვი და მეგონა, მიზანში მოვარტყი. თქვენც არ მომიკვდეთ, წარბიც არ შეუხრია. მხრები აიჩეჩა და უდარდელად მომიგო:

_ ერთი რამ დაიმახსოვრე, ლიკუნია. აჯობებს, თვალში არ მომხვდე. რაც შეიძლება, შორს დაიჭირე ჩემგან თავი. კოტეჯთან მოახლოებულიც არ დაგინახო. არ მიყვარს, როცა მაწუხებენ.

_ ამაზე წუხილი არ მოგიწევთ, თქვენ საერთოდ არ მაინტერესებთ! _ ნიშნის მოგებით მივახალე და თავი ამაყად ავწიე.

_ ძალიანაც კარგი. მაშინ ყველაფერი რიგზეა. ყავას დავლევ და ჩემს გზას გავუდგები.

_ მშვენიერია, _ თავი კეკლუცად განზე გადავხარე და გავტრიალდი.

ფეხები მერეოდა, სანამ შინ შევიდოდი. ასე მეგონა, ყველა ჩემს ნაბიჯს აანალიზებდა და შიფრავდა _ ვეპრანჭებოდი თუ სულერთი იყო ჩემთვის, მაღიზიანებდა თუ თავს ვაწონებდი…

შეთანხმების შემდეგ დიდი იმედი მქონდა, რომ დაძაბულობა მომეხსნებოდა, მაგრამ შევცდი. კითხვა კითხვას ცვლიდა. ნუთუ კარგია, ჩემგან ორი ნაბიჯის დაშორებით რომ იცხოვრებს? ვინმემ რომ ნახოს, ისიც აქ ცხოვრობს, რას იფიქრებს? რა მოხდება, თუ… თავბრუ მეხვეოდა ამდენი შეკითხვისგან. იმის გაფიქრებაც არ მინდოდა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩვენს თუნდაც ერთ ეზოში თანაცხოვრებას. ხალხს მოსწონს ჭორაობა. ჭორის თუნდაც ყველაზე უცოდველი ვარიანტი რომ გამოიგონონ, ზოგიერთს ისე შეუძლია მისი აგორება-გადაგორება, თავს მოაკვლევინებს ადამიანს, სიცოცხლეს გაუმწარებს. მოლაყბე კაცებს და ჭორიკანა დედაკაცებს რა დალევს? ან რეზის ყურამდე რომ მიაღწიოს ამ ამბავმა… სავარაუდოდ, სამუდამოდ დავკარგავ მას. ამის გაფიქრებაზე შუბლი შემეჭმუხნა. იქნებ არც მიანიჭოს დიდი მნიშვნელობა? ის ხომ თანამედროვე ბიჭია, კარგად მიცნობს. განა დაუჯერებს ჭორებს? ან იქნებ, უკვე აღარც ვაინტერესებ და სალომეთია გართული?

ისე განვიცდიდი ამ ყველაფერს, რომ თავი ამტკივდა.

არა, თავი ხელში უნდა ავიყვანო და მისი არსებობა დავივიწყო. უნდა დავივიწყო, რომ იგი ორი ფეხის ნაბიჯზე ცხოვრობს ჩემგან, რომ ეს ის მამაკაცია, რომელმაც ჩემი ყურადღება ჯერ კიდევ ბათუმში, სანაპიროზე მიიპყრო და რომლის ყოველ გამოჩენას მოუთმენლად ველოდებოდი. ჩავთვლი, რომ ის ერთ-ერთი ქვაა, რომელსაც შეიძლება ნებისმიერ დროს წამოსდო ფეხი ან ქვიშა, რომელზეც წარამარა დავაბიჯებ. მორჩა და დამთავრდა! აქ სამუშაოდ ჩამოვედი და არა ვიღაცასთან საკამათოდ. ჰოდა, ვიმუშავებ! სამზარეულოში მეორე კარიდან შევალ, კიბის უკან რომელიცაა. იქნებ გამიმართლოს და მართლაც არასდროს შევხვდე, სანამ აქ ვარ! ცოტა კი მეეჭვება ეს, მაგრამ მაინც!

იმისთვის, რომ ალთაისთვის ხელი არ შემეშალა ყავის დალევასა და შემდეგ გადაბარგებაში, ჩემს მოლბერტს ხელი დავავლე, საღებავების ყუთი და ფუნჯები ამოვიღლიავე და ეზოში გავედი. ერთმანეთს ისე ავუარეთ გვერდი, არ შეგვიხედავს. საღებავების ერთმანეთში არევა უაზროდ დავიწყე. ამწუთას ხატვის ხასიათზე სულაც არ ვიყავი, ამასთან, მზე უკვე ისე აცხუნებდა, წყალში ჩასვლა უფრო მიზანშეწონილი იყო, ვიდრე რამის დახატვა.

სახლიდან თავიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. მერე კარის გაჯახუნების ხმა გავიგონე. ცალი თვალით გავიხედე იქითკენ. ალთაი კოტეჯისკენ მიაბიჯებდა, ხელში თავისი ჩანთები ეჭირა, მათ შორის ერთი ის ლაგენდარული შავი ჩანთა იყო, რომელმაც ადრე დამაინტერესა.

როგორც კი კარი გააღო და კოტეჯში შევიდა, მაშინვე სახლისკენ გავეშურე. ერთი სული მქონდა, ყავა მეც დამელია, რომ ცოტათი სული მომეთქვა. მზეზე დგომამ კვლავ ამატკივა თავი.

სამზარეულოში შესულს საშინელი უწესრიგობა დამხვდა. ყავის გაურეცხავი სახარში მაგიდაზე ეგდო, გაურეცხავი ფინჯნები ნიჟარაში ეყარა, წუხანდელიც და დილანდელიც, ჩემიც და მისიც. ზეთით გაზინთული ტაფა კი გაზქურაზე დაეტოვებინა. თანდათან მერეოდა ბრაზი.

_ სპეციალურად აკეთებს, რომ გამაგიჟოს! _ ისე განვრისხდი, მზად ვიყავი, ჭურჭელი დამემსხვრია.

ბესიმაც შემოირბინა და შემომყეფა. მივხვდი, შიოდა. ღრმა თეფში გამოვიღე კარადიდან და თავისი საჭმელი დავუყარე. ძაღლი ხარბად დააცხრა მარცვლებად ქცეულ გამხმარ ხორცს და გამალებული შეუდგა ჭამას.

მინდოდა, მივვარდნოდი ამ თავხედ კაცს და ერთი ამბავი დამეწია, გემრიელად გამომელანძღა, მაგრამ თავი შევიკავე. ამის მაგივრად ხელი მაცივარზე შემოდებულ ბლოკნოტს დავტაცე, ფურცელი ამოვხიე, კალამი მოვიმარჯვე და ლექსი დავუწერე:

«თუ გსურს, სახე შეგრჩეს მთელი, უნდა დარეცხო ჭურჭელი!»

ფურცელი მაგიდაზე, ისეთ ადგილას დავდე, რომ შემოსვლისთანავე თვალში მოხვედროდა, ზედ კი მისი ნახმარი ყავის ფინჯანი დავადე, რათა ქარს მაგიდიდან არ გადაეგდო. შემდეგ მშვიდად გავრეცხე ჩემი ფინჯანი, წყალი ავადუღე, ხსნადი ყავა გავიკეთე და დავლიე. ამან ოდნავ დამაწყნარა. ასე თუ გაგრძელდა, ყველაფერი უარესობისკენ წავა. რაღაც უნდა მოვიფიქრო.

როგორ მშიოდა, მაგრამ ისე ვიყავი აღელვებული, ვგრძნობდი, ლუკმა არ გადამივიდოდა ყელში. აჯობებდა, ქალაქში გავსულიყავი. ბიბის და ქეთისაც ვნახავდი. ასეც მოვიქეცი.

ძლივძლივობით გავიყვანე მანქანა ეზოდან. ის არ გამოჩენილა. გამიხარდა კიდევაც, რომ არ გამოვიდა. არ მინდოდა, დახმარება შემოეთავაზებინა.

ნელა გავუყევი გზას, მაგრამ როგორც კი მთავარ ქუჩაზე გავედი, სიჩქარეს მოვუმატე. ბიბის ვთხოვ, როგორმე დამარეკინოს თინასთან. ყველაფერს მოვუყვები და მერე ნახოს, როგორ გამოაბუნძულებენ მაგ კოტეჯიდან. თუ არადა, თინიკოს სამუდამოდ დავკარგავ!



8 8 8

ბიბიმ იმწამსვე შემიპატიჟა შინ და ტელეფონთან დამსვა. ავკრიფე თინას სახლის ნომერი, მაგრამ ყურმილი არავინ აიღო. შემდეგ მობილურზე დავრეკე, ის გამორთული იყო ქსელიდან. გადავწყვიტე, მამას შევხმიანებოდი. მან პირველსავე ზარზე მიპასუხა.

_ მამიიი! _ შევძახე გახარებულმა, როგორც კი მისი «ალო» გავიგონე.

_ ლიკუნა, ხომ კარგად ხარ, შვილო? ასე გვიან საიდან მირეკავ?

_ ნუ გეშინია, მამა, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, მომენატრეთ. როგორ ხართ?

_ რა გვიჭირს, ვუძლებთ სიცხეს. ხომ იცი, როგორც იცის ჩვენთან, ან ძალიან ცხელა, ან სულ წვიმს. რატომ აქამდე არ დარეკე? არ უნდა გვცოდნოდა, როგორ ჩახვედი და მოეწყვე?

_ კარგი, რა, მამა. პატარა ბავშვი ხომ არ ვარ? კარგად მოვეწყვე, მაგრამ…

_ რა მაგრამ? რეზიზე ხომ არ ნერვიულობ? არც იფიქრო მაგაზე, შეგირიგდება, სად წავა! მალე გაუვლის.

თვალები დავხუჭე რეზის ხსენებაზე. რეზი საერთოდ არ მახსოვდა.

_ ეგ არაფერი, მამი. ახლა სხვა პრობლემა მაქვს.

_ რა პრობლემა? მითხარი, რა ხდება?

სათქმელი ენის წვერზე მადგა. ვიცოდი, მამა აუცილებლად მოძებნიდა გამოსავალს და რჩევას მომცემდა, მაგრამ, რატომღაც, სულ სხვა რამე ვუთხარი:

_ რა და… ხომ იცი, როგორი ცუდი მზარეული ვარ, ვერაფერს ვამზადებ, თან მეზარება. მეშინია, შიმშილით სული არ ამომხდეს, _ და ძალად გავიცინე.

_ მზა საჭმელი იყიდე, შენც, რა თავს იკლავ? ახლომახლო არაფერია? კაფე, რესტორანი… ფულს კიდევ გამოგიგზავნი, თუ დაგჭირდეს, რა პრობლემაა.

_ არა უშავს, მოვიფიქრებ რამეს. ისე, კარგი იქნება, თინას თუ დაურეკავ და მადლობას ეტყვი, მშვენიერი მყუდრო სახლია, მამა.

_ თინას ვიღა დაუკავშირდება ახლა, ლიკა! გუშინ გაემგზავრაო სადღაც, დედაშენმა. მგონი, თაფლობის თვე აქვს, ვიღაც ბანკის მმართველთან ერთად «გულაობს» თურმე, _ ჩაიქირქილა მამამ.

_ რას ამბობ! _ გაოცებულმა წამოვიძახე, ეს სრული მოულოდნელობა იყო ჩემთვის. ახლა რაღა მეშველება? არა, მამას არაფერს ვეტყვი, ინერვიულებს.

_ კარგი, მამი, წავედი, დედა მომიკითხე და ჩემზე არ იდარდოთ. კარგად ვააარ! _ ნაძალადევი მხიარულებით ჩავძახე ყურმილში და გავთიშე.

სწორედ ამ დროს ბიბი წამომადგა თავს.

_ ყველაფერი რიგზეა?

_ ჰო, ბიბი, დიდი მადლობა, დარეკვის საშუალება რომ მომეცი. ცხოვრებაში პირველად ვინანე, რომ მობილური თან არ მაქვს.

_ ეგ არ არის პრობლემა, თქვენთან უკვე ჩაირთო სახლის ტელეფონი, იქიდანაც შეგეძლებათ დარეკვა.

_ მართლა? _ თვალები გამიფართოვდა.

_ ჰო, ამ დილით, მაგრამ ვეღარ მოვასწარი თქვენი გაფრთხილება. ინტერნეტითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ, თუ რამეა.

_ მადლობა, ჩემო კარგო, მაგრამ არც ლეპტოპი მაქვს თან.

_ გინდათ, ჩემსას გათხოვებთ, მაინც არაფერში ვიყენებ. თუ რამეა და, მეორე კომპიუტერიც გვაქვს მე და ქეთის, ამიტომ შემიძლია გათხოვოთ.

_ ახლა იყოს, ბიბი. როცა მოხვალ, გამოიყოლე მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, _ ცოტათი შევყოყმანდი, მომერიდა მაშინვე დავთანხმებულიყავი.

_ კარგი, ბატონო, როგორც მიბრძანებთ, _ ხელი ჩამომართვა მამაკაცმა და დამემშვიდობა.



უკან დაბრუნებულმა ეზოში ალთაი შევამჩნიე. ის თავისი დანჯღრეული მანქანიდან ჩანთებს ალაგებდა.

_ ტყუილად ირჯებით, _ ნიშნის მოგებით ჩავილაპარაკე, _ თინას ველაპარაკე და თქვენ შესახებ არაფერი იცის. მოგიწევთ აქაურობის დატოვება, _ ბოლო წინადადება ხაზგასმით წარმოვთქვი.

მას ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია, თავისი საქმე გააგრძელა.

_ არ გესმით, რას გელაპარაკებით? _ ხმას ავუწიე.

ალთაიმ ჩანთებს ხელი დაავლო და კოტეჯისკენ გაეშურა. ჩანთებს შორის მისი «ლეგენდარული» შავი პატარა ჩემოდანიც მომხვდა თვალში.

_ ამაში რა არის? _ ხელი წავატანე ჩემოდანს.

_ არ არის შენი საქმე! _ გაღიზიანებულმა მომიგო.

_ დროს ტყუილად კარგავთ, პატივცემულო! _ თანდათან ვბრაზდებოდი, _ მოგიწევთ ამ «ხლამის» უკან, მანქანაში გადატანა. ვერ გაიგეთ, რა გითხარით? თინიკოს ველაპარაკე და…

_ მატყუარა! _ მომაძახა უკან მოუხედავად და კოტეჯის კარი ფეხით შეაღო.

იქაურობა კოხტად იყო მოწყობილი. ერთი კი არა, რამდენიმე ადამიანიც სიამოვნებით იცხოვრებდა.

_ თინამ მითხრა, რომ აქ მხოლოდ მე უნდა ვიცხოვრო, _ რატომღაც, ჯიუტად გავიმეორე, _ რატომ არ გინდათ, მომისმინოთ?

მან ჩანთები ტახტზე მიყარა, ღრმად ამოიხვნეშა და მომიტრიალდა:

_ არასდროს ითამაშო პოკერი. მოწინააღმდეგის გაცურება საერთოდ არ შეგიძლია.

_ მე არავის გაცურებას არ ვცდილობ, _ თავი დავიცავი.

_ ცდილობ! დაგავიწყდა, რომ გაგაფრთხილე, აქ ფეხი არ შემოდგა-მეთქი?

პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი და ვერც იმის გააზრება, რის გაკეთებას აპირებდა. მოულოდნელად ხელი მტაცა, მკერდზე მიმიკრა და ტუჩებზე დამაცხრა. მის მკლავებში უჩვეულოდ ვიგრძენი თავი და კიდევ… ძალზე მოხერხებულად. სამაგიეროდ, უხეშად მკოცნიდა, უხეშად და მომთხოვნად. ისე დამაბნია მისმა ქცევამ, ფიქრის უნარი დავკარგე. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. სანამ გონს მოვეგებოდი, ხელი გამიშვა. თავბრუდახვეულმა უკან დავიხიე, სუნთქვა მიჭირდა. სახეაჭარხლებულმა მრისხანედ გავხედე. მან კი გამიღიმა, ცივად, ექიდნურად. ამწუთას ოკეანეს ჰგავდა, ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეს. ისეთი გულგრილობა აღბეჭდოდა სახეზე, ძნელი დასაჯერებელი იყო, წამების წინ ასე მხურვალედ რომ მკოცნიდა.

_ მიყვარს სიღრმეების დალაშქვრა, _ ისე წარმოთქვა, თითქოს კედლებს ელაპარაკებაო.

_ აუტანელი ხართ! _ წამოვიყვირე და პირდაპირ ტუჩებზე დავარტყი მუშტი. რეაქციას არ დაველოდე, ადგილიდან მოვწყდი და შეშინებული კურდღელივით სახლისკენ მოვკურცხლე. მისი ხარხარის ხმა მაშინაც კი ისმოდა, როცა შინ შევვარდი და კარი საგულდაგულოდ გადავრაზე. ალბათ ცხოვრებაში არ მირბენია ასეთი სისწრაფით.

კარგა ხანს სულს ვერ ვითქვამდი. თან გაცოფებული ვიყავი. რა ამაზრზენი ყოფილა! არადა, როგორ მომწონდა ბათუმში, პლაჟზე რომ გამოჩნდებოდა. ყველაზე იდუმალი მამაკაცი მეგონა სამყაროში. არც მაშინდელმა წაკინკლავებამ შემიცვალა მასზე წარმოდგენა. ახლა კი… უკანასკნელ არამზადასავით მოიქცა. რაში სჭირდება ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, იმიტომ არ მაკოცა, რომ მოვწონვარ. რომ არ მოვწონვარ, პირველი შეხვედრის დროსაც მშვენივრად გამოხატა, მაგრამ ასე რატომ შემიძულა? რა დავუშავე? მხოლოდ ის, რომ შეძლებული ოჯახიდან ვარ? და მერე რა? ყველა ღარიბი ხომ არ იქნება ან რა ჩემი ბრალია, თუ მამა ფულიანი მყავს? მე ხომ არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას, ვისაც ფული აყოყოჩებს? მე ხომ ერთი უბრალო, ძალიან ჩვეულებრივი გოგო ვარ?

ჩემდა უნებურად ტუჩებს შევეხე. კოცნისგან ჯერ კიდევ მიხურდა. ადრე ასე არავის უკოცნია ჩემთვის. მისი კოცნა ალბათ ბევრ ქალს აკარგვინებს გონებას. სხვა სიტუაციაში ალბათ მეც მივიღებდი სიამოვნებას, მაგრამ არა ახლა, არა აქ!

ღმერთო ჩემო, რაზე ვფიქრობ! რაც უნდა მოხდეს, ალთაისთან ურთიერთობამ არ უნდა გამიტაცოს! ამის უფლება არ მაქვს. არ შეიძლება! იქნებ ეს ყველაფერი მისი გეგმის ნაწილი იყო? ყველაფერი მოიფიქრა, ოღონდ კი აქედან გავიქცე. ვერ მივართვი! არაფერი გამოუვა! როგორმე გადავიტან მის ლოშნას! ჰგონია, ასე ადვილად დავყრი ფარ-ხმალს? არაა! მასზე ჯიუტი ვარ, უკან ვერ დამახევინებს. იმედია, მეტად აღარ გამეკარება ახლოს. ნამდვილად არ მინდა, განმეორდეს ის, რაც წეღან მოხდა! მართლა არ მინდა, გულწრფელად ვამბობ!

რა მეშველება, ასეთი დაძაბული სიტუაცია თუ გაგრძელდა? ასე ვერ ვიმუშავებ. ამოვიოხრე, ბესის დავუძახე, ვაჭამე და მერე მასთან ერთად ნაპირზე გავედი. გზად ფეხზე გავიხადე. მსიამოვნებდა, ტერფები ცხელ ქვიშაში რომ მეფლობოდა. თავიდან ჩქარა მივაბიჯებდი, შემდეგ ნელ-ნელა მოვეშვი და ტაატით გავუყევი სანაპიროს. თანდათან ვშორდებოდი სახლს, თანდათან ვმშვიდდებოდი და ჩემთან ერთად მშვიდდებოდა მზეც და ზღვაც. ტალღების ტყლაშუნიც მინელდა და სხივებიც აღარ მეჩვენებოდა ისეთი მწველი. ბესი ჩემ ირგვლივ დარბოდა. ხან წინ გამისწრებდა, ხან უკან ჩამომრჩებოდა. გავხალისდი.

_ ბესი, რა მემართება? რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი! შენ ხომ იცი, როგორი შემტევი ვარ? იმ ვიგინდარას არ მივცემ უფლებას, ზაფხული ჩამამწაროს. ხომ მეთანხმები?

გაგრძელება იქნება

იხილეთ ასევე:
მგელთან მოხეტიალე - თავი 5
მგელთან მოხეტიალე - თავი 4
მგელთან მოხეტიალე - თავი 3

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93