ნოველები

მგელთან მოხეტიალე - თავი 7

მგელთან მოხეტიალე - თავი 7
წინა თავი

ბესი ორ ფეხზე შედგა და დაიყეფა. ის მეთანხმებოდა.

იმდენი ვიარე, სანამ არ დავიღალე. ძლივს მოვლასლასდი სახლში და მაშინვე მაცივარს მივაშურე, რათა ცივი წვენი დამელია. მაცივრის კარზე ჩემივე დატოვებული ფურცელი დამხვდა სკოჩით გაკრული, რომელზეც ალთაის პასუხი დაეტოვებინა:

«როცა ვისვენებ, შენს კოცნას ვიხსენებ. სულ უფრო მაოცებ, მე კიდევ გაკოცებ!»

ფურცელი ჩამოვხიე და დავკუჭე. როცა ჭიქაში წყალს ვასხამდი, შევამჩნიე, რომ თითები მიცახცახებდა. გამეცინა. უმჯობესია, მისი არსებობა დავივიწყო და საქმეს მივხედო. არ ღირს, მის პროვოკაციებს ავყვე.

ეზოში
გავედი და თვალი მალულად გავაპარე კოტეჯისკენ. იქააურობას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. მას ფარდებიც კი, რომელიც აქამდე გადაწეული იყო, ჩამოეშვა. ძალიანაც კარგი, გავაგრძელებ ხატვას და ვიღიღინებ კიდეც, - ჩემსავე ნაფიქრს გავუღიმე და ფუნჯი მოვიმარჯვე.

სახე ამეწვა. იმდენი ვიარე თაკარა მზეზე, ვერც ვიგრძენი, როგორ დავიწვი. მკლავებიც მიხურდა. როგორ გამწითლებია! რამე უნდა მომეხურა და არც თავშიშველს უნდა მევლო! ახია ჩემზე. მაწონი მაინც მქონდეს, წავისვამდი. მიუხედავად ამისა, ხატვა მაინც გავაგრძელე. ცოტა ხანში ისე გამიტაცა მუშაობამ, ყველაფერი გადამავიწყდა. ჩემს ცნობიერებაში ყველა და ყველაფერი გაქრა, დარჩა მხოლოდ მოლბერტი და პეიზაჟი, რომელსაც ვხატავდი. სადილის დროც მოახლოვდა, მაგრამ რატომღაც, არ მომშიებია. დღე რომ ჩამთავრდა, ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა მზე ჩავიდა და შებინდდა. კმაყოფილმა შევისუნთქე ჰაერი, ფუნჯი წყლიან ჯამში ამოვავლე, გავრეცხე და მოლბერტიც დავკეცე. ხვალ ისევ გავაგრძელებ მუშაობას. დღეს საკმარისია.

ღიღინით შევედი სამზარეულოში. ახლაღა ვიგრძენი შიმშილი, მუცელი მიყურყუტებდა. მოულოდნელად ადგილზე გავშეშდი. მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი. ასეც იყო. ალთაი მაგიდას მისჯდომოდა და გემრიელად მიირთმევდა.

- ხუთ წუთში მოვრჩები, - თქვა მან ისე, რომ არც შემოუხედავს.

- მეც მომშივდა, - ისე ჩავილაპარაკე, ვაგრძნობინე, რომ მისი იქ ყოფნა სულაც არ მაღიზიანებდა.

- ყავა ჯერ კიდევ ცხელია, მადუღარაში. მე მაგარი ყავა მიყვარს, შენ?

- მე თვითონ მოვიდუღებ ჩემთვის! - უკმეხად მივუგე.

- ვაა! სულ ვცდილობ, მეგობრული ატმოსფერო შევქმნა, მაგრამ არაფერი გამომდის. თუ არ გინდა, შენი ნებაა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს!

- მეგობრული ატმოსფერო, არა? დილანდელ პატარა ეპიზოდს თქვენ მეგობრულს უწოდებთ?

მის უცნაურად ნაცრისფერ თვალებში საშიში ნაპერწკალი გაკრთა. აშკარად რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. სიგარეტის კოლოფს დასწვდა, ხელის გაქნევით ამოაძვრინა ერთი ღერი და მოუკიდა.

- სხვათა შორის, მე მომეწონა, - ალმაცერად გამომხედა, - შენ?

ალმურმა გადამიარა სახეზე. კიდევ კარგი, მზისგან ისედაც ვიყავი გახურებული, თორემ არ გამოეპარებოდა ჩემი გაწითლება.

- არა! და მეტიც არ მინდა, მსგავსი რამ განმეორდეს! - ვიანჩხლე.

თავისი სატანისებური ღიმილი მესროლა.

- ნუუ… ამაზე ვიზრუნებ, არ იდარდო.

ყავის მომზადებას შევუდექი.

- ქვეყნის ყავაა მადუღარაში, - შემახსენა.

- მადლობა. ნალექიანს არ ვსვამ, არ მიყვარს.

- მგონი, დიდად ვერ ვეწყობით ერთმანეთს, არა? - ჩაიცინა.

- ჰოდა, არ ჯობია, დროზე წახვიდეთ აქედან? თქვენც დაისვენებთ და მეც.

- აპა-პა-პა! არავითარ შემთხვევაში! ვატყობ, ბევრი საინტერესო მელის ამ ზაფხულს. ამას როგორ გამოვტოვებ, იდიოტი კი არ ვარ!

მის სიტყვებს აღარ მივაქციე ყურადღება. მოთმინებით აღვიჭურვე და მშვიდად გავაგრძელე საქმე. არ მინდოდა კიდევ ნერვების აშლა. მის დონეზე არ დავალ. გარეული ცხოველივით იქცევა. ეს საცოდავი! მართლა მგელს ჰგავს, მარტო რომ დახეტიალობს ტყე-ღრეში, ოჯახისა და მეგობრების გარეშე, მშიერი, მწყურვალი და საკბილოს დაეძებს. თუ ჰგონია, ჩემი სახით მსხვერპლს მიაგნო, შემცდარა!

სანამ ჩაიდანი ადუღდებოდა, კვერცხი შევიწვი და ყველი მოვიჭერი. ის თვალს არ მაცილებდა.

- რას მიყურებთ? სხვა საქმე არაფერი გაქვთ? - ვერ მოვითმინე.

- არა, დღეს მოვრჩი მუშაობას, - მიპასუხა და არხეინად გადაწვა სკამის საზურგეზე.

ცნობისმოყვარეობა მკლავდა, გამეგო, რას წერდა. რომანს? მოთხრობას? სამეცნიერო ნაშრომს? როგორ მინდოდა, რამდენიმე შეკითხვა დამესვა, მაგრამ თავმოყვარეობა არ მაძლევდა ამის უფლებას.

- ქალაქში გავდივარ. ხომ არ წამოხვიდოდი? - უეცრად მკითხა.

- არა!

- უბრალოდ, კეთილმეზობლურად გკითხე, მეზობელო, რატომ მიბრაზდები? - მხრები აიჩეჩა.

- მომისმინეთ! ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ შორს დაგვეჭირა ერთმანეთისგან თავი? რატომ არ ასრულებთ შეთანხმებას?

- კარგი, გასაგებია! - თეატრალური ჟესტით მოსვა დარჩენილი ყავა და სტვენა-სტვენით გავიდა სამზარეულოდან.

რამდენიმე წუთში მისი მანქანის თუხთუხის ხმა გაისმა. როგორც იქნა, წავიდა.

ვივახშმე და გარეთ გამოვედი. ცას ავხედე. ის ისეთი ვარდისფერი გამხდარიყო, როგორც ნიჟარის შიდა მხარე. აქაურობას აღფრთოვანებაში მოვყავდი.



8 8 8

შემდეგი ორი დღე თავაუღლებლად ვიმუშავე. ასე თუ ისე, ვახერხებდი, სამზარულოში ალთაის არ შევჩეხებოდი. ისეთ დროს ვარჩევდი, როცა ის იქიდან გამოდიოდა და მხოლოდ ამის შემდეგ შევდიოდი სამზარეულოში. პატიოსნად ასრულებდა თავის მოვალეობას. საკუთარ თეფშს და ფინჯანს თავად რეცხავდა და კოხტად ალაგებდა კარადაში. ამაზე მეცინებოდა.

ხანდახან პლაჟზე თუ მოვკრავდი თვალს. ან ბანაობდა, ან ირუჯებოდა. გაოცებული ვრჩებოდი, როცა ჩაყვინთავდა. იმდენ ხანს რჩებოდა წყლის ქვეშ, შიშით გული მისკდებოდა, არ დაიხრჩოს-მეთქი. რა თქმა უნდა, ცოცხალი ნერვებს მიშლიდა, მაგრამ მისი სიკვდილი არაფერში მჭირდებოდა.

ერთხელ, გვიან ღამით, რატომღაც, გამომეღვიძა და ფანჯარაში რომ გავიხედე, შევამჩნიე, კოტეჯში ჯერ კიდევ ენთო შუქი. ალთაი ოთახში ბოლთას სცემდა.

ერთ დილით კი სამზარეულოში დამხვდა სკამზე დაძინებული. ხელები კეფაზე შემოეწყო და ისე ეძინა. გვერდი ავუარე და ბუტერბროდი და ყავა მოვიმზადე. სწორედ ამ დროს გაახილა თვალები, რომელიც ერთიანად ჩაწითლებოდა. წვერიც წამოზრდოდა.

- რა სასიამოვნო სურნელი დააყენა შენმა ყავამ, - სახეზე ხელისგული ჩამოისვა, - როგორც ჩანს, ჩამძინებია, უკაცრავად.

- მე მგონი, კოტეჯში კომფორტული საწოლი დგას, - ირონია არ დავიშურე.

ჩაიცინა.

- რა თქმა უნდა, მაგრამ ორი დღეა, იქ არ ვყოფილვარ. ვმუშაობდი.

- მაპატიეთ და… რას წერთ? - მაინც წამძლია ცნობისმოყვარეობამ.

- გაინტერესებს?

შემრცხვა, თავი რომ გავეცი, მაგრამ არ გავტყდი:

- არც ისე… სხვათა შორის გკითხეთ.

ამჯერად ირონიის გარეშე გაიცინა. შემდეგ კი, სიტყვაც არ უთქვამს, ისე დატოვა სამზარეულო. ცოტა ხნის შემდეგ ძრავის ნაცნობი თუხთუხი გავიგონე. სადღაც წავიდა. ნეტავ სად? ნუთუ ფოთში ნაცნობები ჰყავს? რას დარბის აქეთ-იქით ყოველდღე? აქ არ დაიწყოს ვინმეს მოყვანა!

თავი ამტკივდა. ეს უკვე მერამდენედ. საკმარისი იყო, იმაზე დამეწყო ფიქრი, რაც აქ ხდებოდა და ეგრევე თავის ტკივილი მეწყებოდა. ეს ყველაფერი კი რეზისთან იყო დაკავშირებული. რას იფიქრებდა იგი, ამ ყოფაში რომ ვენახე? რა მაჩერებს უცხო კაცთან ერთ სახლში? რატომ არ ჩავალაგებ ჩემს ნივთებს და არ გავერიდები აქაურობას? ამის გაფიქრებაზე ამოვიოხრებდი და პასუხს ხმამაღლა ვცემდი ჩემს თავს:

- იმიტომ, რომ არ მინდა, მან მაჯობოს! თან მომწონს აქ!

მაგიდა ავალაგე, ბესი გავიყოლიე და სანაპიროზე გავედი. ცოტა ხანს ვიჭყუმპალავე წყალში, შემდეგ მზეს მივეფიცხე. ეს მდგომარეობა მთიშავდა. ასეთი წუთები ყველაფერს მავიწყებდა.

- გამარჯობა, ლიკა! - მომესმა უეცრად.

თვალი გავახილე და სახეზე ბიბის ჩრდილიც დამეცა.

- რამდენი ვაბრახუნეთ და არავინ რომ არ გამოგვეხმაურა, ვიფიქრეთ, პლაჟზე იქნებაო.

წამოვჯექი. ბიბის ქეთი ამოსდგომოდა გვერდით. ორივეს მივესალმე. წამით შიშით გული გადამიქანდა. ალთაი ხომ არ დაბრუნდა? ვაითუ, ნახეს ქეთიმ და ბიბიმ. რას იფიქრებენ ჩემზე? საყვარელს მალავსო, სხვა რა უნდა იფიქრონ?

ლამის გავშავდი სახეზე.

- თინამ წერილი გამოგიგზავნა, ოღონდ ჩემს მისამართზე და აი, წამოგიღეთ. ბესისთვისაც გამოვიყოლეთ საჭმელი და ლეპტოპიც მოგიტანეთ. ხომ ყოჩაღები ვართ? - ბიბი კარგ ხასიათზე ჩანდა.

- დიდი მადლობა, - წერილი გამოვართვი და სარაფანი გადავიცვი, - წავიდეთ, ყავა დავლიოთ ან ჩაი.

- უი, არაა, - შეიცხადა ქეთიმ, - ამ სიცხეში ცხელის დალევა ჭკუიდან გადამიყვანს.

- ცივი წვენებიც მაქვს, თან ბლომად, - გულუხვობა გამოვიჩინე, თან მეშინოდა, უეცრად ალთაი არ წამოგვდომოდა თავს და გულში ვნატრობდი, ნეტავ უარი თქვან-მეთქი. ისინი კი სიამოვნებით დამთანხმდნენ, ცივ წვენზე უარს ვერ ვიტყვითო, მაგრამ ეზოში რომ შემოვედით, იქვე, გადახურულში დასხდნენ, სადაც სელის მაგიდა და სავარძლები იდგა.

ასე კარგა ხანია, არაფერი გამხარებია! არადა, ქალის ინტუიცია ყველამ იცის, როგორცაა განვითარებული. ქეთის ალღოს არ გამოეპარებოდა, რომ თინიკოს სამზარეულოთი ორი კაცი სარგებლობდა. კიდევ კარგი, ჩემი «ძალად მდგმური» ამ დროს შინ არ იყო.

ასე სწრაფად ჯერ არ მიტრიალია სამზარეულოში. სწრაფად ვასხამდი ჭიქებში წვენს და სათითაოდ ვალაგებდი სინზე. სხვა ისეთი არაფერი მქონდა, რასაც სასუსნავს ეძახიან, ყველს და პურს ხომ არ გავიტანდი.

ბიბი ბესისთან ერთობოდა, ქეთი კი ღიმილით შესცქეროდა მათ.

კარგა ხანს ისხდნენ ჩემი სტუმრები. წასვლას არ ჩქარობდნენ. ალთაი შეიძლებოდა ნებისმიერ წუთს გამოჩენილიყო. ავფორიაქდი, რაც მაშინვე შემეტყო.

- ვინმეს ელოდები? - მკითხა ქეთიმ.

- ოჰ… არა, ჰო… - ენა დამება, - ჩემებს ველოდები. რაღაც შეაგვიანდათ და ცოტა ავწრიალდი. - უცებ მომადგა ენაზე.

- არა უშავს, მოვლენ, რაა სანერვიულო. ჩვენც უნდა წავიდეთ, დროა. ბიბიი! ავიბარგოთ, - მიმართა ქეთიმ ქმარს, წამოდგა და კაბის კალთები დაიქაჩა.

ბიბიმ ბოდიში მომიხადა, გაუფრთხილებლად შემოგეჭერითო. თავი გავიგიჟე, ძალიანაც გამახარეთ-მეთქი და ჭიშკრამდე მივაცილე ორივე. როცა თვალს მიეფარნენ, შვებით ამოვისუნთქე და მხოლოდ ამის შემდეგ გამახსენდა თინიკოს წერილი. ის ნიუ-იორკიდან იყო გამოგზავნილი. აკი ბაჰამის კუნძულებზე გაემგზავრაო? აი, ასე ვრცელდება ჭორი!

კონვერტი გადავხიე და წერილის კითხვას შევუდექი:

«საყვარელო ლიკა! ძლივს მოვიხელთე დრო, რომ ორი სიტყვა მომეწერა. საფრანგეთში მივემგზავრები გემით. ალბათ მთელ ზაფხულს იქ გავატარებ. მოუარე ჩემს სახლს და კარგად გაატარე დრო. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელ - ალბათ მალე გავთხოვდები. რამდენიმე თვის წინ ძალიან სასიამოვნო კაცი გავიცანი და ახლა ერთად მივცურავთ დასასვენებლად. რა ვიცი, იქნებ თაფლობის თვე უფრო გამოდის, ვიდრე დასვენება? მეცინება. ჩემი გამოსწორება არ იქნება! ნუ დამძარახავ! რას იზამ, ასეთია ცხოვრება, ყველაფერი ხდება. ზოგი ერთხელაც ვერ თხოვდება, მე კი მერამდენედ, არც მახსოვს. რა ვქნა, რა ჩემი ბრალია, თუ სხვაზე მეტი ქალური ხიბლით დამაჯილდოვა ბუნებამ? მართალია, ჭაღარა დიდი ხანია შეერია ჩემს ახალ საქმროს, მაგრამ მაინც მაგრად დგას. სკოლის მოსწავლესავით ვღელავ, თითქოს პირველ პაემანზე ვიყო.

გკოცნი ბევრს, შენი თინი!

ჰო, მართლა… მინდოდა ერთი რჩევა მომეცა. ჩემი აზრით, ქალმა იქამდე უნდა მოასწროს ყველაფერი, სანამ ჭკუაში ჩავარდება. ასე რომ, იმხიარულე!»



საინტერესოა, რა ჰქონდა თინას მხედველობაში? რისი თქმა უნდოდა ამით? ორ-სამჯერ გადავიკითხე ბოლო წინადადება, მაგრამ ვერაფერს მივხვდი. იქნებ არც არაფერი იგულისხმა? ალთაის შესახებ ერთი სიტყვაც არ მოუწერია. სრულიად გადაავიწყდა, რომ მასაც შეჰპირდა ამ სახლში ცხოვრებას. არადა, უკვე მჯეროდა, რომ ალთაი არ მატყუებდა. როგორც ჩანს, თინიკო ისეთი გახარებულია ახალი ცხოვრების დაწყებით, რომ ამის შესახებ არც გახსენებია. ამოუვარდა ალბათ გონებიდან.

კოტეჯში ისევ ბნელოდა. ალთაი ჯერაც არ დაბრუნებულიყო. ნეტავ, რას საქმიანობს? როგორ მაინტერესებს, რას წერს. უეცრად სარისკო აზრმა გამიელვა თავში. შევპარულიყავი მის ოთახში და მენახა, რა იდო მის შავ ჩემოდანში. რატომაც არა? მეც ხომ მაქვს კოტეჯის გასაღები? ღმერთო! მსგავსი რამ ადრე არასდროს გამიკეთებია! მერე რა? არ შეიძლება, ერთხელ მეც გავხდე ავანტიურისტი? გასაღებების აცმას ხელი დავავლე და კოტეჯისკენ გავიქეცი, თან უკან ვიხედებოდი. საბედნიეროდ, გზაზე არავინ ჩანდა, არც მანქანის ხმა ისმოდა.

აკანკალებული თითებით გადავატრიალე გასაღები და ოთახში შევიპარე. აქაურობა სიგარეტის სუნით ყარდა. შუქი ავანთე, მიმოვიხედე… ყველგან თაბახის ფურცლები ეყარა. კალმები, ფანქრები… უეცრად ის შავი ჩემოდანიც შევამჩნიე. სწორედ ამ დროს ბესიმ ყურები ცქვიტა და დაიღრინა. შიშისგან ადგილზე გავქვავდი. მანქანის შუქფარებმა ჭიშკარს მოანათა…

- ბესი, რა ვქნათ? - პუდელს გავხედე აცახცახებულმა. შიშისგან გული გადამიქანდა. ასე დაბნეული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. კარიდან ვერ გავიდოდი, აუცილებლად შემამჩნევდა. ერთადერთი, რაც მოვიფიქრე, ფანჯარას ვეცი და ეზოში ვისკუპე. ვაი, თქვენს ლიკას! ისე ძლიერად დავეცი, ფეხი გადამიბრუნდა. საშინლად ამტკივდა ტერფი და კოჭი. გადავწყვიტე, პლაჟისკენ გავქცეულიყავი, ვითომ სახლში სულაც არ ვიყავი. ბნელოდა. თითქოს ჩემ ჯიბრზე, მთვარე ღრუბლებში მიმალულიყო. საიდან გამოტყვრნენ ეს ღრუბლები მაინცდამაინც ახლა? ძლივს გავრბოდი, კოჭლობით. მოულოდნელად ფეხი რაღაც მაგარ საგანს წამოვკარი, წონასწორობა დავკარგე და ძირს გავიშხლართე. ერთი კი მოვასწარი, დამეყვირა, მიშველეთ-მეთქი, მაგრამ შემდეგ აღარაფერი მახსოვს. თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა, მერე კი სრულმა სიბნელემ შთანმთქა. ერთადერთი, ბესის უსაშველო ყეფის ხმა ჩამესმოდა…



8 8 8

- ლიკა, შენ ხარ? რა დაგემართა? - გონს ალთაის ხმამ მომიყვანა.

- ფეხი წამოვკარი რაღაცას და დავეცი, - ძლივს წავილუღლუღე, სინდისი მქენჯნიდა, ასე ცუდად რომ მოვიქეცი.

წამომაყენა. კიდევ კარგი, ბნელოდა, თორემ ალბათ თვალს ვერ გავუსწორებდი. თავი გასკდომაზე მქონდა, თითქოს უროს მირახუნებდა ვიღაც მარცხენა საფეთქელთან. ისე ცუდად ვიყავი, ალთაი რომ არ დამხმარებოდა, ჩემით წამოდგომას ვერ შევძლებდი. მამაკაცმა ხელში ამიტატა და ისე მიმიყვანა სახლამდე. ვგრძნობდი, როგორ ელამუნებოდა სახეზე ჩემი გაშლილი თმა. ნეტავ, რას განიცდის ამწუთას? სიამოვნებს თუ არა, რომ მეხება და ვეხები? უცნაურად ამეკვიატა ეს აზრი.

- იტკინე რამე? - მზრუნველად მკითხა.

- მგონი, ფეხი მოვიტეხე, - წავიკრუსუნე და ხელები უხერხულად მოვხვიე ყელზე.

სასტუმრო ოთახში ტახტზე წამომაწვინა.

- მაჩვენე, აბა! - ამჯერად ცივად მომმართა.

- არა უშავს, ისეთი არაფერია, - დავიმორცხვე.

- მაჩვენე-მეთქი! - ხმას აუწია.

ჩემს ნებართვას არ დაელოდა, ფეხსაცმელი გამხადა, ჩემი ტერფი უზარმაზარ ხელისგულში მოიმწყვდია და ნატკენის დათვალიერებას შეუდგა.

- მოტეხილობა არ არის, მაგრამ კოჭი შეგისივდა. ამას ნაღრძობი ჰქვია ჩვენს ენაზე. არაფერია, გაგივლის ქორწილამდე, თუ გეღირსა! - ირონიულად ჩაიცინა.

შევეცადე, ამემოძრავებინა ტერფი, მაგრამ სიმწრისგან კვნესა აღმომხდა.

- რა ჯანდაბას აკეთებდი ამ დროს პლაჟზე? არ მითხრა, ვხატავდიო! - დამცინა.

- ახალ ხედს ვეძებდი დასახატად.

ვიტყუებოდი და ის ამას მაშინვე მიხვდა.

- ჩემი შინაგანი ხმა არასდროს მღალატობს. ეგრევე ვხვდები, როცა ჩემ მოტყუებას ცდილობენ. ყველა ქალი რატომაა ერთნაირი? - ამოიხვნეშა და თავი გააქნია.

- არა, მართლა… - სირცხვილისგან არ ვიცოდი, როგორ მემართლებინა თავი.

- მოდი, მჭიდროდ გადაგიხვევ, ამის ასე დატოვება არ შეიძლება.

- არა უშავს, უკეთ ვარ, არ არის საჭირო, - წინააღმდეგობის გაწევა ვცადე.

- მოკეტე, რა! იჯექი და არ გაინძრე, ახლავე დავბრუნდები! - გაღიზიანებულმა მომახალა და გავიდა.

რამდენიმე წუთში ბინტით და არყის ბოთლით ხელში დაბრუნდა. აი, თურმე, როგორი მოწესრიგებულია! ამას ალბათ, მთელი აფთიაქი ექნება ჩანთაში! - გავიფიქრე და ტუჩები მოვკუმე, რომ არ გამღიმებოდა.

- შემოდე ფეხი ამ ბალიშზე, - ისე შევხედე, თითქოს დასახმარებლად კი არა, ჩემ გასაგუდად იყო მოსული, მაგრამ უსიტყვოდ დავმორჩილდი.

- მშვენიერი ტერფები გქონია, ლამაზად გამოყვანილი, - ჩაიფხუკუნა და არაყში დასველებული ბინტით კოჭ-ტერფის გადახვევას შეუდგა.

როცა საქმეს მორჩა, არყის ბოთლი გამომიწოდა.

- აჰა, ცოტა მოსვი, ტკივილის გაყუჩებაში დაგემარება. სასწრაფოს ხომ არ გამოვუძახო?

- არა, რას ამბობთ! ისეთი არაფერია.

- აბა, რატომ იყავი გათიშული?

- თავი დავარტყი, - ვაღიარე.

- დალიე! - მიბრძანა.

- არა, არ მინდა.

- უნდა დალიო, ეს აუცილებელია!

ოდნავ მოვსვი და დავიჯღანე. ალთაის გაეღიმა.

- შენ როგორი ლამაზი ყოფილხარ, მხოლოდ ახლა შევამჩნიე, - დოინჯი შემოიყარა, - უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. ქორწილს აუცილებლად ეღირსები, - და სარკასტულად გაიცინა.

- აუტანელი ხართ! - დავისისინე.

- ჩემთვისაც, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს. უმჯობესია, დაწვე და დაიძინო. აქ დარჩები თუ საძინებელში აგიყვანო?

- აქ დავრჩები, - შეშინებულმა წამოვიყვირე, აღარ მინდოდა, კვლავ მის მკლავებში აღმოვჩენილიყავი.

- როგორც გინდა. ეცადე, დაიძინო. თუ ტკივილმა ხვალამდე არ გაგიარა, მაშინ ექიმს უნდა ვანახვოთ. თავი გტკივა?

- ხომ გითხარით, ყველაფერი რიგზეა-მეთქი?

გამჭოლი მზერა მესროლა.

- შენ ყოველთვის ასეთი ჯიუტი ხარ თუ მე მეჯიუტები?

პასუხი არ გავეცი.

- კიდევ დალიე, ერთი ყლუპი რას გიშველის?

- მეტი არ მინდა.

- ჯერ ისევ კანკალებ, ვერ ხედავ? გაგიმართლა, რომ კისერი არ მოიტეხე. მიდი, დალიე!

სხვა გზა არ მქონდა, კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი, მერე მეორე, მესამე… ცოტა ხანში სხეული სასიამოვნოდ გამიბრუვდა და მოთენთილობამ შემიპყრო.

ალთაი მაღლა ავიდა და პლედი ჩამოიტანა.

- მადის აღმძვრელი სურნელი ტრიალებს შენს საძინებელში, - შეცვლილი ხმით თქვა, როცა პლედი გადამაფარა და დააყოლა, - ქალის სურნელი.

სხვა დროს ალბათ ძმრად ამოვადენდი ამ კომპლიმენტებს, მაგრამ ახლა არაფრის თავი არ მქონდა, ამიტომ კვლავ წავუყრუე.

- კარგი, მე წავალ. იმედია, მიხედავ თავს და დაიმახსოვრე, მეორედ თუ მსგავსი რამე დაგემართა, თითსაც არ გავანძრევ!

- ყველაფრისთვის დიდი მადლობა, - ვუთხარი და თავქვეშ ბალიში მოხერხებულად ამოვიდე, - მაგრამ ერთი რამ არ მესმის, - ამ სიტყვებით მთელი საღამოს განმავლობაში პირველად გავუსწორე თვალი, - ყველას მიმართ ასეთი ბრაზიანი ხართ, ვინც თქვენ გარშემო ტრიალებს?

მოულოდნელად თვალები დახუჭა. ერთხანს იდგა გარინდული, შემდეგ დახშული ხმით მიპასუხა:

- დაიძინე და ნუ შეეცდები ჩემს სულში ჩაძრომას, კარგი?

გამეცინა.

- ალბათ საშინელი ქალი იყო, ასეთი რომ გაგხადათ, - ჩემდა უნებურად წამომცდა.

- ქალი? - შუბლი შეიკრა და ისეთი სახე მიიღო, ვითომ ვერ მიხვდა, რას ვეუბნებოდი.

- სხვას რას შეეძლო თქვენი ამ მდგომარეობამდე მიყვანა? ერთხელ არ ყოფილხართ მშვიდ ხასიათზე, რაც გაგიცანით, სულ ჩხუბობთ!

შენელებულად გაიღიმა.

- ნუ შეეცდები ჩემ გაშიფვრას, შენთვის ეს მოსაწყენი იქნება. ქალი და მისი მსგავსი აზარტული თამაშები არ მიზიდავს.

- ისევ ეს სარკაზმი! - თავი ვერ შევიკავე, - რომ იცოდეთ, ასეთი იმიჯი საერთოდ არ გიხდებათ!

- კარგად ვიცნობ შენნაირებს… - ამ სიტყვების წარმოთქმისას სახეზე წამოჭარხლდა.

- დიდი მადლობა დახმარებისთვის, - გაკაპასებულმა ვიყვირე, - ახლა კი წადით, თავი დამანებეთ!

უეცრად შევამჩნიე, რომ სახე შეეცვალა, მზერა დაუთბა. დივანზე ჩამომიჯდა და მომაშტერდა.

- კი მაგრამ, აქ ხომ სასიამოვნო გარემოა? სულ რატომ ვჩხუბობთ მე და შენ? ხომ შეიძლება, ეს სიცივე გავაქროთ? - ამ სიტყვებით ჩემკენ გადმოიხარა და მაკოცა.

როგორც კი გაძალიანება ვცადე, წამსვე შემახსენა თავი ფეხის ტკივილმა. ამიტომ გავყუჩდი. იქნებ ტკივილი არაფერ შუაში იყო და, უბრალოდ, მესიამოვნა? მას ხომ ძალიან თბილი და ტკბილი ტუჩები ჰქონდა?

- აი, ასე ბევრად უკეთესია, - გაუგებარი ტონით ჩაილაპარაკა, წამოდგა და ისე გავიდა ოთახიდან, ჩემთვის არც შემოუხედავს. ნუთუ არ აინტერესებდა, რა ეფექტი მოახდინა ჩემზე მისმა კოცნამ?..



8 8 8

მთელი ღამე მტკიოდა ფეხი. მეწვოდა, მიხურდა. თითქმის არ მიძინია. მაგრამ ამაზე უფრო ჩემი საქციელი მამწარებდა. რა სულელურად მოვიქეცი, რომ სილა არ გავაწანი! როგორ გამიბედა, კიდევ ეკოცნა? რატომ მივეცი ამის ნება? რაჭველივით გვიან გავბრაზდი. მას ხომ ჩემთვის იმიტომ არ უკოცნია, რომ მოვწონვარ. მხოლოდ იმიტომ მაკოცა, რომ გავემწარებინე ან თავისი მამაკაცური ძლიერება ეჩვენებინა. მაღიზიანებდა მისი არაგულწრფელი მზრუნველობა. დანამდვილებით არ ვიცოდი, ამ ორიდან რომელი იყო ჭეშმარიტი მიზეზი, რის გამოც უფრო მძულდა იგი.

მის ფონზე რეზი ფრთიან ანგელოზს წარმოადგენდა. ალბათ ამიტომაც მომენატრა. მაინცდამაინც ცუდად უნდა გავმხდარიყავი, ეს რომ მეგრძნო? ალბათ არ უნდა ჩამოვსულიყავი და ეს ყველაფერი არ დამემართებოდა. ჩემი სახლი მომენატრა. არც იმაზე მომიწევდა მკითხაობა, აგრძელებდა თუ არა რეზი სალომესთან ურთიერთობას. როგორც ჩანს, ჯერაც ვერ გავიცანი საკმარისად. სიმართლე რომ ვაღიარო, ამის მცდელობა განსაკუთრებულად არც არასდროს მქონია. ნეტავი რატომ ვდარდობ? ჩემთვის სულერთი არ არის, შეხვდება თუ არა რეზი სალომეს? ერთხელაც არ მომიკითხა. ხომ შეეძლო, ჩამოსულიყო და ვენახე?

გაგრძელება იქნება

იხილეთ ასევე:
მგელთან მოხეტიალე - თავი 6
მგელთან მოხეტიალე - თავი 5
მგელთან მოხეტიალე - თავი 4

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93