დილით დედა შეეცადა ჩემ გადარწმუნებას, დარჩი აქ და იმ ბიჭს შეხვდი, უაზრობა მგონია შენი ფოთში დაბრუნებაო, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებდი. ვერც ვერავინ მაიძულებდა ამას. ის დღე ძლივს გავძელი, მოსაღამოებულზე კი წასასვლელად გავემზადე.
ის იყო, მანქანა ეზოდან გავიყვანე და დაძვრას ვაპირებდი, რომ ვიღაცამ დამიძახა. ძრავა გამოვრთე და სარკიდან უკან გავიხედე. იქ რეზი იდგა.
- სად მიდიხარ? - გულგრილი ტონით მკითხა, როცა მანქანიდან გადმოვედი.
- საიდანაც მოვედი, - იმავე ტონით მივუგე.
- და სექტემბრამდე
- ჰო.
მან ჩემი თმის ღერები თითზე დაიხვია და ამოიხვნეშა.
- გასაგებია. ვხედავ, მაინც მიაღწიე შენსას. მოიქეცი, როგორც გინდოდეს. მე დაგელოდები და რომ ჩამოხვალ, მერე ვისაუბროთ ამაზე.
განცვიფრებული სახე მივიღე.
- მერე სალომე?
- რა სალომე? მშვენივრად იცი, რომ სალომე ჩემთვის სულერთია. უბრალოდ, მინდოდა, გეეჭვიანა. როგორც კი დაბრუნდები, ჯვარს დავიწერთ. კარგი?
ამ სიტყვებით მჭიდროდ მიმიხუტა მკერდზე და მაკოცა. ნაზად გამოუვიდა და გულიც შემიტოკდა. ლოყა მხარზე დავადე. რას ვუწუნებ ამ ბიჭს? უკეთეს საქმროს ქალაქის ვერც ერთი გოგო ვერ ინატრებდა. თვითონაც ვერ ვხვდები, რომ მიყვარს. აი, ამწუთას ალთაიზე ფიქრი სულაც არ მინდა. განა ეს არ არის სიყვარული?
- უნდა წავიდე, რეზი.
- დამირეკე, კარგი? და მალე დაბრუნდი.
თავი დავუქნიე და საჭეს მივუჯექი. როცა რეზი თვალს მიეფარა, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ არ მითქვამს მისთვის, შენს ცოლობაზე თანახმა ვარ-მეთქი…
უკანა გზა უფრო მოკლე მეჩვენა. იქნებ იმიტომ, რომ ფოთში დაბრუნების მეშინოდა? იქ ხომ სრული მარტოობა და სიცარიელე მელოდა…
ქალაქში შესულმა ბიბისთან გავიარე. ბესიმ დამინახა თუ არა, ყეფით გამოქანდა ჩემკენ. სიხარულისგან კუდს გაუჩერებლად აქიცინებდა და ზედ მახტებოდა. ხელში ავიყვანე და მოვეფერე.
- მთელი ღამე წკმუტუნებდა, - მითხრა ბიბიმ და პური, სოსისების ასხმა და სავსე პარკი მომაჩეჩა ხელში, რომელშიც ბესის საჭმელი ეყარა.
- დიდი მადლობა ყველაფრისთვის, - ბიბის ფული გადავუხადე, დავემშვიდობე და ბესისთან ერთად გზას გავუდექი. ახლაღა შევამჩნიე, რომ მოღრუბლულიყო. საავდრო ღრუბლები გაწოლილიყო ცაზე. არ მესიამოვნა. ცუდი ამინდი ხასიათს ყოველთვის მიფუჭებდა. ახლა მით უმეტეს, როცა მარტო უნდა ვყოფილიყავი და ხმის გამცემი არავინ მეყოლებოდა, ბესის გარდა.
ის იყო, სახლს მივადექი, რომ მანქანის სახურავს პირველი წვეთები დაეცა. ალთაის მანქანა არ იდგა არც ჭიშკართან. არც ეზოში. ავტოფარეხით კი არც არასდროს უსარგებლია. როგორც ჩანს, წასულა. კოტეჯი მიტოვებულად მომეჩვენა. იქითკენ გახედვაც არ მინდოდა. სევდა შემომაწვა.
მანქანა ეზოში დავაყენე და სახლში შევედი. გამოყრუებულიყო იქაურობა.
უცებ გაიელვა, რასაც ჭექა-ქუხილის მჭახე ხმა მოჰყვა. ბესიმ დაიწკმუტუნა და ახლოს მოირბინა. როგორც ჩანს, შეეშინდა, საითაც წავიდოდი, უკან მომყვებოდა, ზედ ფეხებში მებლანდებოდა. მოულოდნელად რაღაც ახმაურდა. ისე სწრაფად ამოვარდა გრიგალი, გონს მოსვლა ვერ მოვასწარი. კარ-ფანჯრებს ზრიალი გაჰქონდა. როგორც ჩანს, წასვლის წინ დამვიწყებია მათი დაკეტვა. საძინებლის ორივე ფანჯარა ჩავკეტე და სამზარეულოში ჩავედი, უჯრებში სანთლებს დავუწყე ძებნა, ვინიცობაა, შუქი ჩამქრალიყო. ამინდს ისეთი პირი უჩანდა, კარგა ხანს არ გამოიდარებდა. ერთი მხრივ, მომწონდა კიდევაც ამინდის გაუარესება. ალთაისა და რეზიზე ფიქრი აღარ მომიწევდა. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა მეფიქრა, გრიგალს ფანჯრები არ დაელეწა და სახლში ნიაღვარი არ შემომვარდნოდა.
უფრო ადრე შეღამდა, ვიდრე სხვა დროს. გეგონებოდათ, ზამთარი დადგაო, ისე აცივდა. მოწყენილობისგან არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ფანჯრიდან კოტეჯს გავხედე. მოულოდნელად გული გადამიქანდა. იქ შუქი ენთო! ნუთუ არ წასულა?
რამდენიმე წუთის განმავლობაში გახევებული ვიდექი. გარეთ ისე წვიმდა, არაფერი ჩანდა.
სწორედ ამ დროს კარზე ბრახუნის ხმა გაისმა. სიხარულისგან არ მახსოვს, როგორ ჩავირბინე საფეხურები. წამში კართან გავჩნდი და გავაღე. არ ველოდი მასთან კიდევ ერთხელ შეხვედრას. ჩემს გულს ბაგაბუგი გაჰქონდა.
- ასე მალე არ გელოდი, - მოსალმების მაგივრად მითხრა.
- მე კი უკვე წასული მეგონე, - აკანკალებული ხმით მივუგე.
- ამინდი უარესდება. თუ წინააღმდეგი არ ხარ, აქ დავრჩები, შენთან. ვინ იცის, რა ხდება.
თან მესიამოვნა, თან შემეშინდა. მისი სიახლოვე სისულელეების ჩადენისკენ მიბიძგებდა ბოლო დროს. ალთაის მარინა არ უხსენებია, არც ის უთქვამს, შეხვდა თუ არა, ამიტომ მათ შესახებ არაფერი ვიცოდი. ერთადერთი, რაც ვიცოდი, ის იყო, რომ მას სიგიჟებდე უყვარდა ის ქალი…
ალთაი ერთი ხელის გაწვდენაზე იდგა ჩემგან, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მისი გული სხვას ეკუთვნოდა და არა მე. ამიტომ როგორმე თავიდან უნდა მომეშორებინა. ვიცოდი, ვერც ამჯერად გავუძლებდი მის სიახლოვეს და სისუსტე იმდენად მძლევდა, თვითონ სულ რომ არ მოენდომებინა, მე თავად ჩამოვეკიდებოდი კისერზე.
- ყველაფერი რიგზეა, ნუღარ დარჩები, არ მეშინია, - ვთქვი მე.
- მინახავს ასეთი შტორმი. კარგს არაფერს გვიქადის, ამიტომ არსადაც არ წავალ, - თქვა მან.
- გავუმკლავდები, არც ისეთი მშიშარა ვარ, - ჩავიღიმილე.
მან ყინულივით ცივი მზერით შემათვალიერა და ბოლოს გულგრილი ტონით ჩაილაპარაკა:
- რა გაეწყობა, თუ ასე გინდა, წავალ.
ამ სიტყვებით სწრაფად გატრიალდა, კარი გაიხურა და კოტეჯისკენ გაემართა. სიბნელეში ვხედავდი, სირბილით მიმავალი როგორ აქანავებდა ხელში ფარანს.
მოვიტყუე. ისე მეშინოდა, როგორც არასდროს. ამწუთას ყველაზე მეტად მისი აქ ყოფნა მეწადა. მაგრამ ჩემს თავს ვერ ვენდე. სჯობს, პირველმა მე ვთქვა უარი, სანამ ის დამასწრებს, თორემ ამას ვერ გადავიტან.
შუქი შესუსტდა, როგორც ჩანს, ძაბვა დავარდა. კიდევ კარგი, არ ჩაქრა. ტელევიზორის ჩართვა ვცადე, იქნებ ამინდის პროგნოზს მოვკრა ყური-მეთქი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ეკრანზე მხოლოდ შავ-თეთრი ხაზები მოჩანდა და საშინელი შიშინის ხმა ისმოდა. ესეც შენი ოცდამეერთე საუკუნე. სხვაგან სად შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს, თუ არა საქართველოში! გუნებაში ვწყევლიდი ჩემი გაჩენის დღეს, ეს უკვე მერამდენედ ვნანობდი, რომ საქართველოში დავიბადე და არა იტალიაში. ამოჩემებული მაქვს იტალია. ასე ძალიან მსოფლიოს არც ერთი ქვეყნისკენ არ მიმიწევს გული.
ტალღების უჩვეულო გუგუნი ასე ახლოს პირველად შევიგრძენი. უცხო არ იყო ეს ხმა ჩემთვის, ბათუმში დაბადებული და გაზრდილი გოგოსთვის, მაგრამ მოსალოდნელი შტორმის დროს ზღვასთან ამდენად ახლოს არასდროს აღმოვჩენილვარ. ალბათ ამაღამ გათენება მომიწევს. ან რა დამაძინებს, როცა გარეთ ქვეყანა იქცევა, მე კი, თითქმის მარტოდმარტო, ლამის უკაცრიელ ადგილას, ცარიელ სახლში ვარ გამოკეტილი. ქარი ისე უბერავდა, ხანდახან მეჩვენებოდა, რომ კედლები ირწეოდა.
ბესი საწოლის კიდეზე მოკალათებულიყო და საცოდავად წკმუტუნებდა. ასე უმწეოს პირველად ვხედავდი. როგორც ჩანს, ინსტინქტურად ისიც გრძნობდა, რომ მთლად რიგზე ვერ იყო საქმე. გვერდით ჩამოვუჯექი, ხელში ავიყვანე და გულზე მივიხუტე. მოულოდნელად შუქმა ციმციმი დაიწყო და ჩაქრა. ბესიმ გაოცებისგან შეჰყეფა. ამაკანკალა. ვცდილობდი, შიშს მედგრად გავმკლავებოდი. სიბნელის არ მეშინოდა, მაგრამ ისეთი საშინელებები წარმოვიდგინე, სუნთქვა შემეკრა. აი, ახლა ნიაღვარი რომ მოასკდეს სახლს, კარი შემოანგრიოს და აქაურობა წყლით დაიფაროს, რა გადამარჩენს? ისე დავიხრჩობი, ამბის მიმტანიც არავინ დარჩება. ვერც ალთაი მოახერხებს ჩემ გადარჩენას. მისი კოტეჯი უფრო ადრე დაიფარება წყლით, ვიდრე ეს ორსართულიანი სახლი. ხელის ცეცებით დავუწყე ძებნა ფარანს, რომელიც იქვე, საწოლზე მქონდა მიგდებული. როგორც იქნა, ვიპოვე და სასწრაფოდ ავანთე. უეცრად ქარი ღმუილით მოაწყდა ფანჯრის მინებს. სადღაც შუშები ჩაიმსხვრა, მაგრამ ვერ მივხვდი, სად - დაბლა სართულზე თუ მაღლა. მეორე წუთს გამძვინვარებულმა გრიგალმა შემოსასვლელი კარი შემოგლიჯა. მაშინვე დაბლა ჩავირბინე და მისი ხელახლა დაკეტვა ვცადე. ამაოდ. ასეთი არაფერი მინახავს. წვიმა სახეში მასხამდა, მეტლახდაგებულ იატაკზე ფეხი მიცურდებოდა და კარის ჩაკეტვის საშუალებას არ მაძლევდა. ბოლოს ჭკუა ვიხმარე. სავარძელი გამოვაჩოჩე სასტუმრო ოთახიდან და ნელ-ნელა დავძარი გასასვლელისკენ. როგორც იქნა, მოვახერხე კარის მიხურვა. ამასობაში ერთიანად გავილუმპე. ბესი ყეფით იკლებდა იქაურობას.
- შენ მაინც გაჩუმდი, ბესი! - ვუყვირე ძაღლს, - ვერ ხედავ, რა დღეში ვარ? ახია ჩემზე, უნდა დამეჯერებინა ალთაისთვის! - ბოლო წინადადებით საკუთარ თავს ვუსაყვედურე.
შიშისა და სიცივისგან კბილები მიკაწკაწებდა. კვლავ მაღლა ავედი. ბესიც სირბილით მომყვა. მომეჩვენა, თითქოს უეცრად ქარი ჩადგა და ტალღებიც ჩაწყნარდა. მივაყურადე. ალბათ შიშისგან დავყრუვდი, არც არაფერი მესმოდა და ვერც ვერაფერს ვხედავდი. ამ გაწამაწიაში ფარანიც მივაგდე სადღაც.
სწორედ ამ დროს იელვა და ფანჯრიდან აზვირთებულ ტალღებს მოვკარი თვალი. «არა, რა ჩაწყნარდა, მომჩვენებია მხოლოდ», - გავიფიქრე შეძრწუნებულმა.
ფანჯარას მივვარდი და ცხვირით მივეჭყლიტე. უკუნ სიბნელესა და წვიმის თქეშში არაფერი ჩანდა. კიდევ ერთხელ იელვა და საზარლად დაიგრგვინა. სადღაც, ძალიან ახლოს მეხი გავარდა, თითქოს აქვე, ორ ნაბიჯზე. არც შევმცდარვარ. ცეცხლის ალმა გაანათა მიდამო და ელდა მეცა. დავინახე, როგორ ჩაინგრა კოჯეტის ერთი კედელი.
წამით გავქვავდი. ისე დავიბენი, მეგონა, ეს ყველაფერი სიზმარში ხდებოდა. მალევე მოვეგე გონს.
- ბესი! ალთაის უნდა ვუშველოთ! - განწირული ხმით ვიყვირე და დაბლა დავეშვი. არ მახსოვს, როგორ გამოვაღე სავარძლით ჩახერგილი კარი და კოტეჯისკენ როგორ გავქანდი.
- ალთაიიიიი! ალთაი!!!! - ჩემი სასოწარკვეთილი კივილი ქარში იკარგებოდა.
რამდენჯერმე წავიქეცი კედლის ნანგრევებზე. მუხლები და იდაყვები გადამეყვლიფა. ვეძახდი ალთაის, მაგრამ ის არსად ჩანდა. ამასობაში თვალი სიბნელეს შეეჩვია. უცებ ბესი ერთ კუთხეს მიაწყდა ყეფით. მეც იქით გავხოხდი. ხელით მოვსინჯე რაღაც საგანი, რომელსაც ძაღლი უყეფდა. ის იყო - ჩემი ოცნების მამაკაცი. იგი ოთხად მოკეცილი იწვა ქვის იატაკზე და არ ინძრეოდა.
- ალთაი! ალთაი! გამეცი ხმა, გთხოოოვ! - ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა ღაწვებზე.
- საყვარელო, გონს მოდი, გეხვეწები, მითხარი რამე, - ვემუდარებოდი მამაკაცს და დასისხლიანებული თითებით სხეულს ვუსინჯავდი, მოტეხილობა არ ჰქონდეს-მეთქი. იქვე მისი ფარანი ეგდო. ავანთე და სახეში მივანათე. შუბლი გახეთქილი ჰქონდა, სისხლი ზოლად ჩამოსდიოდა ცხვირზე, ცალი თვალი ჩალურჯებოდა. აშკარა იყო, თავი დაარტყა ან რაღაც დაეცა შუბლზე და გონი დაკარგა. შევეცადე, საწოლისკენ გადამეჩოჩებინა. ვერ მოვერიე, ძალიან მძიმე აღმოჩნდა. აქოშინებული უმწეოდ იქვე ჩავჯექი და მისი თავი კალთაში ჩავიდე. სიმწრისგან ვბღაოდი. ასეთი უსუსური თუ ვიყავი, არ მეგონა.
ამასობაში წვიმამ იკლო. ქარიც მიწყნარდა. მე კი გამოსავალს ვერ ვპოულობდი. ერთადერთი, რაც შემეძლო, ყვირილი და მოთქმა იყო. ვანჯღრევდი მამაკაცს და ვეხვეწებოდი, გონს მოსულიყო:
- მიყვარხარ, გესმის? ძალიან მიყვარხარ, რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ! - ვიმეორებდი წარამარა და ჩემი სველი სხეულით ვეხუტებოდი.
იმდენად ვიყავი პანიკაში ჩავარდნილი, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ყველაფერს ვამბობდი, რაც ენაზე მომადგებოდა. რა დროს სიყვარულის ახსნა იყო, მაგრამ თითქოს მხოლოდ ამ სიტყვებში ვპოულობდი ხსნას. ფილმებში ხომ ასე ხდება, მომაკვდავს მხოლოდ სიყვარულის ახსნა მოაბრუნებს იმ ქვეყნიდან. მეც ვიწამე, რომ სწორედ ეს სიტყვები მიშველიდა ალთაის მდგომარეობიდან გამოსაყვანად. ვუხსნიდი სიყვარულს და მხოლოდ ამ საშინელ წუთებში ვიგრძენი, რომ ეს სიმართლე იყო. უბედურების ჟამს ვაღიარე ის, რასაც გულში ასე საგულდაგულოდ ვმალავდი.
მაგრამ მას ჩემი არ ესმოდა. გათიშული ეგდო ძირს და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანა ჩემმა ტანჯვამ. როგორც იქნა, გავაცნობიერე, რომ ასე ჯდომით ვერაფერს გავაწყობდი, რაღაც უნდა მეღონა. უნდა დავხმარებოდი მას. შლეგიანივით დავრბოდი კოტეჯსა და სახლს შორის. ტელეფონი არ მუშაობდა. მობილური, როგორც ყოველთვის, თან არ მქონდა. ქალაქში ვერ წავიდოდი, ალთაის მარტო დატოვება არ შეიძლებოდა.
ისევ სახლში შევვარდი და სამზარეულოს კარადის უჯრებს ვეცი. ვიპოვე, რაც მჭირდებოდა და წამში უკან დავბრუნდი.
აკანკალებული ხელით ალთაის თავი ავუწიე და ნიშადურით სავსე შუშა ცხვირთან მივუტანე. არც ამან გაჭრა. როგორი იმედი მქონდა, რომ ეს მაინც გამოაფხიზლებდა.
სასოწარკვეთილი ვბღაოდი, მკერდში ვიხუტებდი მის თავს და ერთსა და იმავეს ვუმეორებდი, არ დავეტოვებინე მარტო, არ მომკვდარიყო, რადგან ძალიან მიყვარდა. არადა, ვერც მივხვდი, ასე ძალიან როდის შემიყვარდა. მხოლოდ ახლა გავაცნობიერე ეს.
ბოლოს, როგორც იქნა, ოდნავ შეირხა. ტირილი შევწყვიტე და სლუკუნით ამოვთქვი:
- ღმერთო ჩემო, ალთაი… ცოცხალი ხარ…
- მარინა, - ყრუდ ამოიგმინა მამაკაცმა, - მარინა…
თითქოს ვიღაცა თმაში მწვდა და ამწია… სწორედ ასეთი შეგრძნებით წამოვიმართე. ჰო, რა თქმა უნდა! მარინა! მას ხომ მარინა უყვარს! განა მასთან შესახვედრად არ გაემგზავრა გუშინწინ? როგორც ჩანს, საერთო ენა გამონახეს. მარინას მისი დაბრუნება სურდა და აი, ნატვრა აუხდა.
ავირიე. ერთდროულად სიხარულიც დამეუფლა და ტკივილიც. სიხარული იმის გამო, რომ ალთაი გონს მოვიდა; ტკივილი კი იმის გამო, რომ მარინას ეძახდა და არა მე.
- გესმის ჩემი? - კვლავ ჩავიმუხლე და დახშული ხმით ჩავეკითხე.
ნაცრისფერი თვალები ძლივძლივობით გაახილა. თანდათან გონს მოდიოდა. დიდხანს და დაჟინებით მაკვირდებოდა. მეგონა, ვერ მცნობდა.
- ლიკა, შენ ხარ? - როგორც იქნა, ამოღერღა, - რა მოხდა?
- გრიგალი იყო… გრიგალი და შტორმი. კოტეჯს მეხი დაეცა. კედელი ჩამოინგრა. გონდაკარგული გიპოვე.
წამოჯდომას შეეცადა, მაგრამ გმინვა აღმოხდა და ისევ იატაკს მიესვენა.
- თავი რატომ მტკივა?
- ზუსტად არ ვიცი. შეიძლება კედლის ჩამონგრევისას ნატეხი მოგხვდა თავში. კიდევ სადმე გტკივა?
- მგონი, არა. მომეხმარე ადგომაში, - მან ხელი გამომიწოდა, - შენი დახმარებით გამომივა.
ხელები იღლიებქვეშ ამოვდე და წამოვწიე. ნელ-ნელა წამოიმართა. როგორც კი ფეხზე დადგა, მძიმედ დამეყრდნო და სუნთქვა გაუხშირდა.
- ყველაფერი ტრიალებს ირგვლივ, - ჩაიბურტყუნა.
- არა უშავს, გაგივლის, ეს დაყნოსე, - და ნიშუდურიანი შუშა გავუწოდე.
მორჩილად შეუშვირა ცხვირი შუშას, დაყნოსა და ხველა აუტყდა.
- ეს რა ჯანდაბაა?
- ნიშადურია, თინიკოს ჰქონია შენახული. გამიხარდა, რომ ვიპოვე.
- ეგ არაფერი, ცოტაც და კარგად გავხდები, შენ არ ინერვიულო.
მაგრამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად «ცოტაზე» მეტი დრო დასჭირდა. თუმცა, ნელ-ნელა უკეთ ხდებოდა და ძალას იკრებდა. ბოლოს ხელი შემიშვა და ნაბიჯის დამოუკიდებლად გადადგმა სცადა. უცებ წაბორძიკდა და თავის შესაკავებლად ცალი ხელი მსწრაფლ მხარზე მომხვია.
- შენ როგორ მოხვდი აქ? - ჯიქურ მომაჩერდა.
- დავინახე, როგორ ავარდა ალი და გამოვიქეცი.
- ჩემი ლეპტოპი, ჩემი წიგნი, ხელნაწერები! - იყვირა უეცრად.
- ახლა ვერ შევძლებთ მის მოძებნას, ალთაი. უნდა დაწვე, ფეხზე ძლივს დგახარ, ხომ ხედავ?
- მართალი ხარ. ახლა რაღას ვიპოვი, ამ სიბნელეში. თან თავი გასკდომაზე მაქვს.
- წამოდი, სახლში გადავიდეთ. შეძლებ შენით წამოსვლას?
- ჩემით ვერა, მაგრამ შენნაირ კარგ გოგონას თუ დავეყრდნობი, წინ რა დამიდგება? - გაცინება სცადა, - შევძლებ, შევძლებ!
თქმა უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე გაკეთება. ნელა მივდიოდით. ყველაზე ძნელი ნანგრევების გადავლა აღმოჩნდა.
როგორც იქნა, კარის ზღურბლამდე მივაღწიეთ. ძლივძლივობით შევიყვანე სამზარეულოში და დივანზე დავსვი.
წვიმამ კარგა ხანია, გადაიღო. ქარმა კიდევ ერთხელ წამოუქროლა, მაგრამ მალევე ჩაწყნარდა. როგორც ჩანს, მიხვდა, რომ თავისი საქმე უკვე გააკეთა და აქ აღარაფერი ესაქმებოდა.
სანთლები მოვძებნე და რამდენიმე ცალი ავანთე. სანთლის მოციმციმე შუქზე შევამჩნიე, რომ ალთაის სახე გაფითრებოდა.
- აჯობებს, წამოწვე. ჭრილობას სპირტით დაგიმუშავებ. ქალაქში გასვლას ვერ მოვახერხებთ, გზები დატბორილია. დილით, იმედია, ვინმე მოვა დასახმარებლად.
- მე არაფერი მიჭირს, გეფიცები, - ხელი აიქნია, - სანერვიულო არაფერია.
ჭრილობა მოვბანე, სპირტით გავუწმინდე და თავი გადავუხვიე. მერე ერთი აბი ასპირინი დავალევინე და წამოვაწვინე. მინდოდა, თავი კომფორტულად ეგრძნო.
- როგორ ხარ? - ვკითხე მოგვიანებით.
- რამდენიმე საათით წაძინება არ მაწყენდა.
- კარგი აზრია, წაუძინე. მე მაღლა ავალ.
ის იყო, წასვლა დავაპირე, რომ მაჯა დამიჭირა.
- არ წახვიდე.
- აქვე ვიქნები, ახლოს.
- არა, მინდა, გვერდით მყავდე. აქ, ჩემთან ძალიან ახლოს.
- მალე გამოკეთდები.
- ჰო, მაგრამ მინდა, შემპირდე, რომ გვერდიდან არ მომშორდები.
- დიდი ბავშვივით ხარ, - სიცილი ვერ შევიკავე.
თვითონაც ჩაეცინა. ღაწვებზე თანდათან უბრუნდებოდა ბუნებრივი ფერი. ტუჩებით მაჯაზე შემეხო.
- მიხარია, რომ დავბრუნდი, მიუხედავად იმისა, რომ თავში მომხვდა.
- გიხარია? - გაოცებულმა დავხედე.
თავისი ნაცრისფერი თვალებით შემფასებლური მზერა მესროლა. შემდეგ ხელზე დამქაჩა და დივანზე ჩამომსვა.
- თუ შეიძლება, მაკოცეთ, ექთანო!
- არ გინდა, ალთაი, ახლა თამაშის დრო არ არის… - შევეწინააღმდეგე.
- რატომ არ მინდა? მე ხომ დაშავებული ვარ. მზრუნველობა მჭირდება, მოფერება და სიყვარული. ასე არ არის?
- ამ უფლებებს მარინას გადავცემ. როგორც კი გათენდება, ექიმთან წავალთ და გავიგებთ, გჭირდება თუ არა დახმარება. მერე კი მარინასთან დავრეკავთ და ის…
- მეტჯერ აღარ ახსენო მისი სახელი! მე შენზე ვლაპარაკობ ამწუთას და არა მასზე. შენ მე გიყვარვარ, ხომ ასეა?
ნერვიულობისგან ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე. ნუთუ თავს გონდაკარგულად მაჩვენებდა და სინამდვილეში ყველაფერი ესმოდა? არა, მას არ შეეძლო ასე მოქცევა! უბრალოდ, ცდილობს, გამომტყუოს სათქმელი. ამწუთას ისევ ძველი ალთაი გახდა, ისეთივე ნაძირალა, როგორიც შეხვედრის პირველ დღეებში იყო.
- ყავა არ გინდა? - სხვა თემაზე ვცადე საუბრის გადატანა, - ცოტას გამოგაცოცხლებს.
- მართლა? გგონია, თავში კრამიტი დამიცურდა? - გულიანად გაიცინა.
- მგონი, იმაზე მეტად, ვიდრე მეგონა, - უკან არ დავიხიე, - მაგრამ მარინა მაინც არ დაგვიწყებია, - მწარედ ვუკბინე.
- მე მას ვეძახდი?
- ეძახდი… როგორც ჩანს, ერთმანეთში ყველაფერი გაარკვიეთ, - გულმა არ მომითმინა, არ მეთქვა.
- შენთვის ამას მნიშვნელობა აქვს?
- არა, რა თქმა უნდა, არა, - შიშით მივუგე, გულისნადებს არ მიმიხვდეს-მეთქი.
ხელი გავითავისუფლე და წამოვდექი. ფეხარეული გავემართე კარადისკენ, ყავა და შაქარი გადმოვიღე, მადუღარა მოვიმარჯვე და ყავის მოხარშვას შევუდექი. ოდნავ მაგარი მოვადუღე იმ იმედით, რომ ტონუსს აუმაღლებდა.
როცა ყავით ხელში დივანს მივუახლოვდი, გულისამაჩუყებელი სურათი დამხვდა. ბესის მის მკერდზე მოეკალათებინა და ორივეს საყვარლად ჩასძინებოდა. დიდხანს დავყურებდი მათ და ვგრძნობდი, რომ ორივე ძალიან მიყვარდა…
კიდევ ერთხელ შემოვიარე მთელი სახლი. შევამოწმე, რა დაზიანდა. მინაჩამსხვრეული ფანჯრები ჩავრაზე და ეზოში გავედი. მოწმენდილ ცაზე ვარსკვლავები ციმციმებდნენ. ზღვაც ჩაწყნარებულიყო. ოხვრა აღმომხდა, იქაურობას თვალი რომ მოვავლე. აქ დიდხანს ვეღარ დავრჩებოდი, რადგან ყველაფერი ალთაის მომაგონებდა. არაფერში მჭირდებოდა ზედმეტი გულისტკივილი.
შინ შემობრუნებულმა მამაკაცს დავხედე. ღრმა ძილით ეძინა. კარი ფრთხილად გამოვიხურე და ჩემს საძინებელში ავედი. ახლაღა გავიაზრე, რომ ერთიანად სველი ვიყავი. სასწრაფოდ გადავივლე ცხელი წყალი და საწოლზე მივწექი. თავი მივდე თუ არა ბალიშზე, მაშინვე ჩამეძინა…
ალბათ მზის სხივებმა თუ გამომაღვიძეს, თვალებში ჯიბრიანად რომ მიჭყიტინებდნენ. ქვედა სართულიდან ყავის სასიამოვნო სურნელი ამოდიოდა. თავს საკმაოდ მხნედ ვგრძნობდი. როგორ მომიხდა წუხანდელი ცხელი აბაზანა. გარეთ ისეთი ამინდი იდგა, თითქოს შტორმი მხოლოდ ცუდი სიზმარი ყოფილიყოს.
მსუბუქი ნაბიჯებით ჩავირბინე კიბე. ალთაი სამზარეულოში ტრიალებდა. ჩემ დანახვაზე გაეღიმა.
- დილა მშვიდობისა, პატარა მხატვარო. შტორმმა ჩაიგრიალა. ამინდი მშვენიერია, დილა - არაჩვეულებრივი. თუ კედელჩამონგრეულ კოტეჯს არ ჩავთვლით, დიდებული დღე გაგვითენდა. თინიკოს მოუწევს მისი ახლად აშენება.
- თავი როგორ გაქვს? გტკივა?
- ცოტათი მტკივა, მაგრამ ვიცოცხლებ, სასიკვდილო არაფერი მჭირს, - გაიცინა, - ვიყავი იქით გადასული და ვიპოვე ჩემი ლეპტოპი. საბედნიეროდ, ჩემი წიგნის მასალები გადარჩა. კიდევ კარგი, უკანა ოთახში მქონდა. ბლოკნოტი და ხელნაწერები კი დასველებულა ცოტა, მაგრამ არა უშავს, გარჩევა შესაძლებელია. კიდევ კარგი, ნანგრევებში არ მოყვა. სამაგიეროდ, ჩემი მიკროსკოპი დაზიანდა. თავი აქვს მომტვრეული.
- აქედან როგორ უნდა გავაღწიოთ? - მოჩვენებითი შეშფოთებით ვიკითხე. არადა, მგონი, მიხაროდა, ორივენი აქ რომ ვრჩებოდით, ერთად.
- ყავა მოგიდუღე, არ დალევ? - ჩემი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა და გაშლილი ხელი მაგიდისკენ გაიშვირა,
ისე მინდოდა ყავა, ცდუნებას ვერ გავუძელი. მაგიდას მივუჯექი და ფინჯანს თითები შემოვაჭდე.
- ჩემი აზრით, ორი-სამი დღე მაინც მოგვიწევს აქ ყურყუტი, - თქვა მოულოდნელად ალთაიმ, - როგორ მოგწონს ეს ამბავი?
ყავა მოვსვი. ქალაქამდე ფეხითაც ვერ გავიდოდა ადამიანი, ირგვლივ სულ დატბორილი იყო მიდამო.
- იქნებ უკეთესიც კი აღმოჩნდეს ეს ღამე ჩვენს ცხოვრებაში, - შეცვლილი ხმით გააგრძელა, - უფრო მეტხანს გავატარებთ ერთად.
თავი გავაქნიე. არ მინდოდა, ალთაი მიმხვდარიყო, როგორი გამალებით მიძგერდა გული. მის გვერდით რეალობის შეგრძნებას ვკარგავდი.
- რას მოგიტანს ჩემთან დროის გატარება? ან მე შენთან? შენ მარინა გყავს, მე - რეზი. როგორღაც მოვახერხებ, რომ დღესვე დავბრუნდე შინ. - ვთქვი და ისევ მოვსვი ყავა.
- ნუ სულელობ. დღეს ვერსად წახვალ. აი, გაწმენდენ გზას და მერე შეგიძლია წახვიდე. დღეს დარჩი.
ჩემი ნათქვამი გაატარა, ვითომ არც გაუგია. სიტყვაც ვერ დავაცდევინე მარინაზე. არადა, ცნობისმოყვარეობა მკლავდა, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, რაზე ილაპარაკეს…
მისი მზერა ვიგრძენი. მეც შევხედე. მაგიჟებდა მისი ნაცრისფერი თვალები. რაღაც შეუცნობელი გრძნობა მეუფლებოდა მათ შემოხედვაზე. ალთაიმ ხმამაღლა გაიცინა და ჩემკენ გადმოიხარა. მის თვალებში ნაცნობმა ნაპერწკლებმა გაიელვეს. უკვე კარგად ვიცნობდი მას, მის ხასიათს. ვიცოდი, რომ ამწუთას ჩემ წინ ძველი ალთაი იჯდა, კიდევ ერთხელ გარდასახული. ყველაზე მეტად ასეთთან მიჭირდა ურთიერთობა. მინდოდა, სიმკაცრე შემენარჩუნებინა. არაფერი დამეთმო, თორემ მის მამაკაცურ ხიბლს ვეღარ გავექცეოდი.
- ჰო, კიდევ ერთი. - უეცრად ხმამაღლა წამოიძახა, - რადგან კოტეჯი ნახევრად დაინგრა, აქეთ მომიწევს გადმოსვლა. იქ ღამის გათენებას ვერ შევძლებ. - თავი კოტეჯისკენ გაიქნია, - ღია ცის ქვეშ რა დამაძინებს?
- მაგრამ არ ვიცი, ერთ ჭერქვეშ როგორ უნდა ვიცხოვროთ, - დავიბენი, არადა, სხვა გამოსავალი არ იყო, გარეთ ხომ არ გავაგდებდი დაშავებულ ადამიანს?
- მაშინ აიღე დანა და გამიყარე გულში. ამჯერად მართლა არ მაქვს სხვაგან წასასვლელი. ძალიანაც რომ მინდოდეს, აქაურობას ვერ გავეცლები. ამიტომ, იმედია, საღი გონებით შეხედავ სიტუაციას.
- სრულიად საღ გონებაზე ვარ და სიმართლე გითხრა, პირადად დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, ერთ სახლში ვიცხოვროთ, მაგრამ როგორ შეხედავენ ამას მარინა და რეზი? რას იტყვიან, ერთად რომ დაგვინახონ?
მან მოთმინებით დამიწყო ახსნა:
- სახლიც ისევე გავინაწილოთ, როგორც სამზარეულო გავინაწილეთ. ერთ ნახევარს შენ დაიკავებ, მეორე ნახევარს - მე. თუ გინდა, დაგიხაზავ, თანახმა ხარ?
- არა!
- რატომ არა? - ჩაიცინა, - გეშინია?
- აუტანელი ხარ! - ვიყვირე, - იცი ეს? აუტანელი ხარ!
მან კვლავ ჩაიცინა. მერე უეცრად წამოიჭრა სკამიდან, ზურგიდან მომიარა, წამომახტუნა და მკერდში ჩამიკრა. ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, გონს მოსვლა ვერ მოვასწარი. ძლიერად მომიჭირა მკლავები და ხარბად მაკოცა. სიამოვნებისგან თავბრუ დამეხვა. გონს ვკარგავდი მოზღვავებული გრძნობებისგან, მაგრამ აზროვნების უნარი არ დამიკარგავს. ეს არაფერს ნიშნავდა. ის მხოლოდ მეთამაშებოდა. მის ქმედებას სიყვარულთან კავშირი არ ჰქონდა.
გაგრძელება იქნება
ასევე იხილეთ:
მგელთან მოხეტიალე - თავი 10
მგელთან მოხეტიალე - თავი 9
მგელთან მოხეტიალე - თავი 8