რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე და დირექტორის სურათს გვერდიდან შევხედე. ბოროტი და ღვარძლიანი მზერა ჰქონდა. შეეძლო ასეთი სახის პატრონს თამაზის ავტოკატასტროფის ორგანიზება? რატომაც არა! რა უნდა ვიღაც ვიგინდარა ჟურნალისტის თავიდან მოცილებას, რომელიც მისი სკოლის პრესტიჟის შელახვით იმუქრება? რა თქმა უნდა, თამაზის მოსყიდვას იგი ვერ შეძლებდა, იმიტომ, რომ თაზო პრინციპული ადამიანი იყო. ვერც შეშინებას მოახერხებდა. სხვა რა დარჩებოდა, თუ არა მისი თავიდან მოშორება? შეიძლება, თავად არ მიუღია მონაწილეობა ძრავის დაზიანებაში, მაგრამ თავისუფლად შეეძლო მისი მითითებით
შემდეგ მზერა სხვა ფოტოებზე გადავიტანე. აი ის, მე რომ დამემგზავრა… თათა ჭელიძე, დირექტორის მოადგილე და ქიმიის პედაგოგი. თათა… თათული… თათუშკი… მდა-აა! ამისთანა «სტერვას» თათუშკი რომ დაუძახო, ენა არ მომიბრუნდება. ისე, მიმზიდველი კი არის, თანაც საკმაოდ მიმზიდველიც, ფოტოზე _ განსაკუთრებით. სწორი, პატარა ნაკვთები, მეტყველი თვალები, ზომიერი მაკიაჟი, კარგად შერჩეული ფერებით, მსუბუქი, ოდნავ შესამჩნევი ღიმილი… ნამდვილი ახალუბნელი ჯოკონდაა, ვერაფერს იტყვი. ჩვენი რამდენიმეწუთიანი ნაცნობობის მიუხედავად, მან ჭკვიანი ქალის შთაბეჭდილება დატოვა, ქალისა, რომელმაც მშვენივრად იცის თავისი თავის ფასი და უცნობ ადამიანებთან დისტანციის დაჭერაც ეხერხება. ფოტოზეც ასე იყო _ ყველასგან გამოირჩეოდა და ძნელად მოსანადირებელი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არ დავმალავ და, თათა დირექტორზე მეტად მომეწონა, ამიტომაც იმდენ ხანს ვუყურებდი მის სურათს, სანამ კისერი არ მეტკინა.
შემდეგი ფოტო, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო, სულ დაბლა ეკიდა სტენდზე. მასზე, მოსწავლეებთან ერთად გამოსახული მასწავლებლის გასწვრივ, ეწერა: «ფიზკულტურის მასწავლებელი მამუკა ნოზაძე». თითქოს რაღაც მენიშნა. დაძაბული მივჩერებოდი წარწერას და ვიხსენებდი, საიდან მეცნობოდა ეს სახელი და გვარი. ჯანდაბას! არა, არ მაგონდება, არადა თითქოს ახლახან სადღაც ამოვიკითხე…
მზერა მამაკაცზე გადავიტანე. დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა. მაღალი იყო, სპორტული აღნაგობის, დაკუნთული მკლავებით, მოკლე თმით, ხშირი წარბებით, სწორი ცხვირით და მსხვილი ტუჩებით. თავის თავში ღრმად დარწმუნებული ადამიანის იერით მიმზერდა. ასეთი გარეგნობის მამაკაცს ადვილად შეეძლო თავბრუ დაეხვია მოსწავლე გოგონებისთვის.
მის წინააღმდეგ რამდენიმე სამხილი უკვე დამიგროვდა: თეოს წერილი, უსაფრთხოების ღვედის სახრახნისში ჩაჭედილი მედალი, თუმცა ეს არ იყო საკმარისი, უფრო სერიოზული მტკიცებულებები მჭირდებოდა. ამისთვის კი, ჩემი «დეტექტიური ტრადიცია» არ უნდა დამერღვია _ მთავარი ეჭვმიტანილი ბოლოს უნდა დაკითხო. იქამდე ფრთხილი მოქმედებაა საჭირო. დანაშაულის ყველა შესაძლო თანამონაწილეს გაესაუბრო, სათანადო ინფორმაცია დასტყუო და გამორიცხვის მეთოდით, მთავარ დამნაშავეს შემდეგ მიადგე.
კიდევ ერთხელ დავაკვირდი ფოტოსურათს, რომელზეც თათა იყო გამოსახული. მას აქეთ-იქიდან გვერდს მაღალი კლასის მოსწავლეები უმშვენებდნენ. დირექტორის მოადგილე ხელჩაკიდებული იდგა ვიღაც ლამაზ ბიჭუნასთან, რომელიც პიჯაკსა და ჰალსტუხში გამოწკეპილიყო. უკვე ვიცოდი, რომ ერთი მასწავლებელი იყო და მეორე _ მოსწავლე, თორემ ვიფიქრებდი, შეყვარებული წყვილია-მეთქი. ქალს კი ეტყობოდა, ასაკით ცოტა უფროსი რომ იყო, მაგრამ მერე რა მოხდა? ჩვენს დროში ეს აღარავის უკვირს, მოდურიც კი გახდა რამდენიმე წლით უფროსი ქალების შეყვარება. აბა, მამუკაც ვნახოთ!.. იქნებ მასაც უმშვენებს გვერდს რომელიმე ლამაზმანი მოსწავლე გოგონა? არა, სამწუხაროდ, შევცდი. იგი თითქოს განმარტოებით იდგა, შეჯგუფული ბავშვებისგან ოდნავ მოშორებით.
მამუკა ნოზაძე… უცებ გონება გამინათდა. მ.ნ. _ ეს ის ინიციალები არ არის, ბრტყელტუჩას ტარზე რომ იყო ამოტვიფრული? თაზოს ცხედრის გვერდით რომ იპოვეს და ექსპერტიზას მიცვალებულის ეგონა? სად წავიღე? ჩანთაში ჩავდე, ჩანთა კი მანქანაში დავტოვე… ვიფიქრე, გავალ და შემოვიტან-მეთქი, მაგრამ დამეზარა. აღარ შემეძლო იმ ჩაბნელებული დერეფნის ხელმეორედ გავლა, ძლივს სინათლის დანახვას ვეღირსე! რა საჭიროა? ძალიან კარგად მახსოვს, რომ ზუსტად ეს ასოები იყო ამოჭრილი ბრტყელტუჩაზე.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი? უბრალო დამთხვევაა, თუ მართლა სამხილთან გვაქვს საქმე? თუ ჩემი გამოცდილებიდან ვიმსჯელებდი, შემთხვევითი ვერსიები საერთოდ უნდა გამომერიცხა საქმიდან, რადგან მათზე დაყრდნობა არ შეიძლებოდა. კარგი, დავუშვათ არ არის შემთხვევითი დამთხვევა. ფაქტია, ბრტყელტუჩა მამუკა ნოზაძეს ეკუთვნის… მაგრამ როგორ აღმოჩნდა იგი ავტოკატასტროფის ადგილზე? ნიშნავს ეს იმას, რომ ფიზკულტურის მასწავლებელი ავარიის დროს იქ იმყოფებოდა და სიჩქარეში მისი აღება დააავიწყდა?
სიმპათიური ნოზაძის სახე გონებიდან არ მშორდებოდა. ოთხში ბოლთის ცემა დავიწყე. ერთი სურვილი მქონდა, ჩავმჯდარიყავი მანქანაში და ამ კაცის სახლს მივდგომოდი, რომ დროზე დამეკითხა, მაგრამ არა, ასე არ შეიძლება, ახალბედა ხომ არ ვარ? როგორმე უნდა დავმშვიდებულიყავი. ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება საქმეს გააფუჭებდა.
ჯერ ერთი, დაკითხვის უფლება არ მქონდა. მე კერძო დეტექტივი ვარ და არა გამომძიებელი, ამიტომაც პედაგოგის პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა უკანონობაში ჩამეთვლება.
მეორეც, აჩქარება არ ივარგებს. ფიზკულტურის მასწავლებელი რომ ჭკვიანი კაცი აღმოჩნდეს, ხომ მიმაბრძანებს გარეთ? და თუ არ მიმაბრძანებს, თამამად შეუძლია ცინიკურად მკითხოს _ «რა, ბრტყელტუჩა იპოვეთ? ჩემი ინიციალებით? მერედა, რით შეგიძლიათ დამიმტკიცოთ, რომ მაინცდამაინც ჩემია? სახრახნისში ჩაჭედილი მედალი? არც ეგ არის სამხილი, ასეთი მედლები ყოველ მეორე სპორტულ მაღაზიაში იყიდება. მე რა შუაში ვარ?» და ყოველივე ამის შემდეგ მე რა უნდა ვუპასუხო? ბოდიში ვუხადო და კუდამოძუებული გამოვიძურწო მისი სახლიდან? არა, არა და არა!
როგორც იქნა, დავწყნარდი, პირველმა ეიფორიამ გადამიარა. ყველაფერს აჯობებს, გამოვიძინო. ახლა ჩემს თავში სრული ქაოსია, ვეღარ ვაზროვნებ. დარწმუნებული ვარ, ხვალ დილით ყველა ეს პრობლემა ძალიან ადვილი მოსაგვარებელი მომეჩვენება. არ ღირს ამ შუაღამეს შერლოკჰოლმსობა, დოქტორო ვატსონ!
ირგვლივ მიმოვიხედე, რომ გასაშლელი სკამსაწოლი, ე.წ. «ლეჟანკა» მეპოვა. იქვე, კუთხეში, კედელთან იყო მიყუდებული. ალუმინის ზამბარები აქა-იქ დასკდომოდა. რაღას ვიზამდი, უკეთესს ვერც ვერავინ შემომთავაზებდა, ერთი ღრმად ამოვიხვნეშე, შუა ოთახში გამოვიტანე და მის გაშლას შევუდექი. უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ჯერ კიდევ ამ დილით მასზე ხომ თამაზი იწვა… ახლა კი პროზექტურაში, ყინულივით ცივ მაგიდაზეა გაშოტილი. კიდევ რამდენიმე დღე და საფლავი მისი მარადიული საწოლი გახდება. აი, ეს არის ადამიანის ცხოვრება… წამი და მეტი არაფერი. ამის გაფიქრებამ გუნება მომიწამლა.
კიდევ ერთხელ მოვათვალიერე ოთახი, იქნებ სადმე სხვაგან შემძლებოდა დაძინება, მაგრამ სად? მაგიდაზე ხომ არ დავწვებოდი? ან რა გადმოალაგებს იქიდან ამდენ წიგნს? თანაც მოკლეა, ფეხების მოკეცვა მომიწევს, ეს კი ხელს შემიშლის დაძინებაში. არადა, უფრო და უფრო ვგრძნობდი დაღლილობას, სხეული დამიმძიმდა. ხელი ჩავიქნიე, რაც იქნება, იქნება-მეთქი, ქურთუკი გავიხადე, ფეხსაცმელიც გავიძრე და სკამსაწოლზე გულაღმა გავიშოტე. ბოლოს და ბოლოს, მასზე ცოცხალი ადამიანი იწვა, მიცვალებული ხომ არ ესვენა? და თუნდაც ასე ყოფილიყო, ის ჩემი კოლეგა იყო, უფრო მეტიც _ მეგობარი, უცხო ხომ არა? თითები ერთმანეთში გადავხლართე და თავქვეშ ამოვიდე. შუქის გამორთვა არ ვისურვე. რა იცი, რა ხდება, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. რამე რომ მოხდეს, სად ვეძებო სიბნელეში ჩამრთველი? სანამ მას მივაგნებ, შეიძლება ქვეყანა დაიქცეს.
თვალები დავხუჭე და შევეცადე, არაფერზე მეფიქრა. ახლა რომ მასწავლებლებზე და დირექტორზე ფიქრი დავიწყო, ძილს უნდა დავემშვიდობო. ხვალ კი, გამოუძინებელი, წესიერად ვერ ვიმუშავებ. ჯობია მოვდუნდე და სხეული დავასვენო… გონებაც, სხვათა შორის. სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებას შევუდექი. ამოსუნთქვა… ჩასუნთქვა… ერთი, ორი… სამუშაო დღე დამთავრებულია, კოკა. ხვალ ახალი ენერგიით და შემართებით უნდა შეუდგე საქმეს. დაიძინე, დაიძინე…
ის იყო, ჩავთვლიმე, რომ საიდანღაც ფაჩუნის ხმა მომესმა. თვალები გავახილე, თავი წამოვწიე და მივაყურადე. წვიმის წვეთები მონოტონურად ეცემოდნენ ფანჯრის რაფას. სხვა არავითარი ზედმეტი ხმა…
რამდენიმე წამის შემდეგ კვლავ განმეორდა ფაჩუნი. თითქოს ვიღაცამ მეტლახის გატეხილ ფილას დაადგა ფეხი. სკამსაწოლზე წამოვჯექი და კარს მივაჩერდი. ვინ დადის ბნელ დერეფანში ღამის ორ საათზე? თან ასეთი ქურდული ნაბიჯებით? ხომ არ მეჩვენება? ერთ ადგილას გაქვავებული რაღაცას ველოდი… ის რაღაცა კი იგვიანებდა. ერთი მაგისი… შევიგინე გულში, ბოლოს და ბოლოს, მტრის ქვეყანაში ხომ არ ვიმყოფები? კაციჭამიების ტყვე ხომ არ ვარ? თუ ვინმეა, მოვა და დააკაკუნებს, თუ არადა, მშვიდად გავაგრძელებ ძილს და ეგ იქნება.
ასე კი გავიფიქრე, მაგრამ დაწოლა მაინც გადავიფიქრე. რა დამაძინებს, როცა გარეთ ვიღაც მიდი-მოდის? არ უნდა ვიცოდე, ვინ დაარღვია შუაღამისას სკოლის მყუდროება?
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ უცებ დავინახე, როგორ ჩამოიწია კარის სახელურმა. ვიღაც აშკარად გარედან აწვებოდა. თავხედობის დონეც ამას ჰქვია!
_ ვინ არის?! _ დავიძახე და წამოვხტი.
სახელური წამსვე საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა. უცნაური ის იყო, რომ ნაბიჯების ხმა არ გამიგონია. გზადაგზა დავიწყე ფეხსაცმლის ჩაცმა, თან კარისკენ მივიწევდი. რაც შეიძლებოდა, სწრაფად ვმოქმედებდი…
კარი გამოვაღე და გარეთ გამოვვარდი. ჩაბნელებულ კორიდორში არაფერი ჩანდა.
_ ვინ არის აქ?! _ გავიმეორე და სმენა დავძაბე.
მხოლოდ საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმოდა. ფრთხილი ნაბიჯებით წინ დავიძარი, გასასვლელისკენ, თან ყველა საკლასო ოთახში გაფაციცებით ვიჭყიტებოდი. შენობაში სულიერი არ ჭაჭანებდა. რა იყო ეს? კარგი, დავუშვათ, ფაჩუნის ხმა მომესმა, მაგრამ სახელური? ფაქტია, თავისით ვერ ჩამოიწეოდა… ვიღაცა ხომ ნამდვილად ცდილობდა კარის გაღებას? გამოდის, ჩემ გარდა, სკოლაში კიდევ არის ვიღაც და, ჩემგან განსხვავებით, იმ ვიღაცას სულაც არ ეძინება.
ჩემდა უნებურად, იდიოტურმა აზრებმა დამრია ხელი. ცხონებული თამაზის სული ხომ არ ტრიალებს შენობაში? მოჩვენებების არასდროს მჯეროდა, მაგრამ, როგორც ჩანს, შექმნილმა სიტუაციამ, უცხო გარემომ, სიბნელემ, სიმარტოვემ და ცუდმა ამინდმა მაინც თავისი ქნა, რახან ამგვარი ფიქრები მომეძალა.
ოთახში შევბრუნდი და მთელი ძალით მოვიჯახუნე კარი, რათა უნებლიე შიში და დაძაბულობა დამეძლია. რა მემართება? ამხელა კაცს, თანაც დეტექტივს, როგორ შემეშინდა? რა სული, რის სული, პატარა ბიჭი ხომ არ ვარ? იქნებ რომელიმე თავზეხელაღებული მოსწავლე იყო? თუ ასეა, წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდებოდა, ჩემი ღრიალის ხმას რომ გაიგონებდა.
ბრაზი მომდიოდა ჩემს თავზე. თავის კანტურით გავიხადე ფეხზე და სკამსაწოლზე დაბოღმილი მივეგდე. «რაც არის, არის, კუდიანებმაც რომ იბორიალონ დერეფანში, გარეთ გამხედავი არ ვარ,» _ გავიფიქრე ჩემთვის, მოხერხებულად მოვკალათდი «ძვირფას საწოლზე» და თვალები დავხუჭე თუ არა, მომენტალურად ჩამეძინა…
…არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა. როცა თვალები გავახილე, ოთახში ყველაფერი ძველებურად დამხვდა, არაფერი შეცვლილა. ნათურა ისევ ისე ანათებდა, მეც საღ-სალამათად გამოვიყურებოდი, არავის უცდია ჩემი სხეულის დაჩეხვა. ჰმ…
გარეთ გამოვედი. დღის სინათლეს უკვე მოესწრო ბნელი დერეფნის განათება. საპირფარეშოში შევედი, ონკანი მოვუშვი და ცივი წყალი პეშვით შევისხი სახეზე. მესიამოვნა. ახლა ერთი ფინჯანი ყავა და ბუტერბროდიც არ მაწყენდა. დღეს კვირაა, აქ არავინ მოვა, ამიტომ ლოდინს აზრი არ აქვს! დროა, საუზმეზე გარეთ ვიზრუნო და მერე მუშაობას შევუდგე.
სანამ შენობიდან გამოვიდოდი, გზადაგზა ყველა ოთახში შევედი და ყურადღებით დავათვალიერე. პირველ სართულზე, ერთ-ერთი საკლასო ოთახის ფანჯარა საეჭვოდ დამხვდა შეღებული. იქიდან რომ გადავიხედე, შევამჩნიე, რომ ვიღცას ხის ყუთი მოედგა კედელთან. ალბათ იმისთვის, რომ გადმოძრომა არ გასჭირვებოდა. ყველაფერი ნათელი გახდა. წუხელ უცხო პირმა ფანჯრიდან შემოაღწია სკოლაში და ჩემი დაზვერვა სცადა. მაგრამ ვინ? ეს უნდა გამერკვია…
გარეთ საშინელი ამინდი იდგა. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. ქურთუკის საყელო ავიწიე და მანქანისკენ დავიძარი. როგორც ჩანს, არავის მოუპარავს… კიდევ კარგი… გადავწყვიტე, ფეხით გამევლო, რათა ბენზინი დამეზოგა.
ერთადერთი, ვისაც ვიცნობდი და ვისთანაც მიმესვლებოდა, წუხელ გაცნობილი ქიმიის მასწავლებელი იყო, ამიტომაც სწორედ მისი სახლისკენ ავიღე გეზი. ადვილად მივაგენი მის ლამაზ და კოხტა ეზოს. ჭიშკარი შევაღე, პარმაღზე ავედი და ის იყო, ზარი უნდა დამერეკა, რომ კარი გაიღო და თათა პირისპირ შემეფეთა.
_ თქვე-ენ? _ შეშინებულს თვალები დაუმრგვალდა.
ის კვლავინდებურად თავის წითელ ლაბადაში იყო გამოწყობილი. ამჯერად ბევრად მიმზიდველი მომეჩვენა, ვიდრე წინა ღამით.
_ ქალბატონო თათა! _ ოფიციალური ტონით წარმოვთქვი, _ წუხელ, ღამის ორ საათზე, თქვენი სკოლის დერეფანში ვიღაც უმისამართოდ დახეტიალობდა.
_ ვინ დახეტიალობდა? _ დაბნეულად მკითხა.
_ აი, მეც სწორედ ეს მინდოდა გამეგო.
_ სად დახეტიალობდაო? _ უარესად დაიბნა ქალი.
_ ვატყობ, რაღაცამ ძალზე გაგიფანტათ გონება… ჩვენ შორის რომელიღაცას, მგონი, ჯერ კიდევ ძინავს… _ ირონია ჩავაქსოვე ნათქვამში.
_ არა, რას ამბობთ… უბრალოდ, ისე შემაშინეთ, ვერ გავიგე, რა მკითხეთ, სად… _ ანერვიულებულმა თათამ შავ ხელთათამანს დაუწყო წვალება.
_ სკოლაში, თქვენი სკოლის დერეფანში, _ მოთმინებით ავუხსენი.
_ კი მაგრამ, თქვენ საიდან იცით, იქ ვინ დადიოდა?
წამიერად ისიც კი გავიფიქრე, გუშინ სხვა ქალი ხომ არ მივიყვანე სახლში და სულ სხვამ ხომ არ გადმომცა სკოლის გასაღები-მეთქი. როგორც ჩანს, ძალზე გაკვირვებული სახე მქონდა, რადგან იგი მალევე მოეგო გონს და გაიღიმა.
_ ჰო, მართლაც… სულ დამავიწყდა… _ თქვა და თვალები მიბნიდა, _ თქვენ ხომ იქ გაათიეთ ღამე… როგორ გეძინათ?
_ როგორ მეძინა? არ მკითხოთ… საშინლად… სკოლა კი არა, ნამდვილი ჯოჯოხეთია!
_ რა მითხარით წეღან? ვიღაც დახეტიალობდაო? _ მომეჩვენა, რომ ერთ მომენტში თვალებში შიში გაუკრთა, _ საინტერესოა, ვის მოაფიქრდა ასეთ დროს შენობაში შეპარვა? _ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, თავი დახარა და ჩაფიქრდა.
ყურადღებით ვაკვირდებოდი მის სახეს. ლამაზი, გაბუშტული ტუჩები წითელი პომადით დაეფარა, თეთრი, კრიალა სახის კანი ჰქონდა და კოხტად მორკალული წაბლისფერი წარბები, თმის ფერზე ოდნავ ღია. ჩემზე ერთი თავით დაბალი იყო, მაგრამ ისეთი აღნაგობა ჰქონდა, ერთი შეხედვით ვერც იფიქრებდა ადამიანი, საშუალო სიმაღლის თუ იყო. გრძელი ფეხები, მაღალი, აზიური თეძოები და ოთხკუთხა მხრები ვიზუალურად მაღალს აჩენდა.
_ არა, გამორიცხულია, _ დარწმუნებით თქვა, _ შეუძლებელია, ასე გვიან სკოლაში ვინმე შესულიყო.
_ მაგრამ მე ჩემი თვალით ვნახე…
_ მოგეჩვენათ, _ მსწრაფლ შემაწყვეტინა და ისე შემომხედა, თითქოს ტყუილში გამომიჭირა.
მხრების აჩეჩვის მეტი არაფერი დამრჩენოდა. რა მნიშვნელობა აქვს, რა გაიფიქრა. მე ხომ ამისთვის არ მოვსულვარ მასთან, სულ სხვა საქმე მაქვს.
_ ქალბატონო თათა, მინდა თქვენთან ერთად წერილის რამდენიმე დეტალი განვიხილო. იმედია, უარს არ მეტყვით და დამეხმარებით.
_ მაპატიეთ, მაგრამ ახლა ამის დრო არ მაქვს, _ ცივი უარი მტკიცა მასწავლებელმა, ორი ნაბიჯი წინ გადმოდგა და ლამის მკერდზე შემეხო.
მივხვდი, რატომაც მოიქცა ასე _ მაგრძნობინა, თქვენი წასვლის დროაო.
_ იცით, რა-ა? _ გავღიზიანდი, _ მგონი, ხვდებით, რომ პირადი ინტერესების გამო არ გთხოვთ დახმარებას. მე ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებ. გასაგებია?
თათამ ტუჩები მოკუმა და ჯიუტად ამომხედა.
_ რა გინდათ ჩემგან?
_ თქვენი კარგად ყოფნა, სხვა არაფერი, _ გავუღიმე, რომ არ გამებრაზებინა და გავაგრძელე, _ როგორც ვიცი, დირექტორის მოადგილე ბრძანდებით, ხომ არ ვცდები?
_ არა, არ ცდებით.
_ ესე იგი, თანამდებობის პირი ხართ.
_ დიახ. მერე რა?
_ მერე ის, რომ ვალდებული ხართ, დამეხმაროთ საქმის გარკვევაში. სხვა თუ არაფერი, ის წერილი თქვენს მოსწავლეს ეკუთვნის, ხოლო მოსწავლე თავის მასწავლებელს უჩივის. სწორად ჩამოვაყალიბე?
მოადგილეს ტუჩები უცნაურად შეერხა.
_ რახან ვალდებული ვარ, აუცილებლად დაგეხმარებით, ისევე, როგორც თქვენს კოლეგას. მოგცემთ ინტერვიუს, შეგახვედრებთ მოსწავლეებს, გადავიღებთ ჯგუფურ ფოტოსურათს თქვენი იაფფასიანი გაზეთისთვის და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი ოდნავ მოგვიანებით მოხდება. ახლა მეჩქარება, აუცილებელი საქმე გამომიჩნდა. მაქვს თუ არა უფლება, გამოსასვლელი დღე პირადი საჭიროებისთვის გამოვიყენო? _ უკმეხად მომახალა.
_ ასეთ შემთხვევაში, იძულებული ვიქნები, დირექტორს მივმართო. არც მე ვარ უსაქმური და თვეობით არ ვაპირებ აქ დარჩენას. სხვათა შორის, ჩემთვისაც არის დღეს კვირა, მაგრამ ვმუშაობ, რადგან ამას საქმე მოითხოვს, _ უკან არ დავიხიე.
_ ძალიანაც კარგი. მგონი, მართლა აჯობებს, დირექტორი ნახოთ. სწორედ იქითკენ მივდივარ, _ გაუხარდა ქალს, _ თან გამოგყვებით და მის სახლსაც გიჩვენებთ.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. პრინციპში, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ მომცემდა ინფორმაციას.
უხმოდ მივუყვებოდით გზას. თათამ სულ სხვა მხარეს წამიყვანა, ვიდრე ველოდი. თუ არ ვცდებოდი, ტაქსის მძღოლს წუხელ დირექტორი ამ გზით არ უტარებია. იმ კაცმა მითხრა, სოფლის ბოლოში, წყალგამშვებ კოშკთან ჩამოვსვიო. ჩვენ კი სრულიად საპირისპირო მხარეს მივდიოდით.
_ ბარემ, მადლს მარილიც მოაყარეთ და… იქნებ მამუკა ნოზაძის სახლიც გეჩვენებინათ? _ ვთქვი და ირიბად გავხედე ქიმიის მასწავლებელს.
თათა შეჩერდა და დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში.
_ რაში გჭირდებათ ნოზაძე? _ შუბლშეჭმუხნულმა მკითხა, _ რატომ უნდა აუშალოთ ნერვები პატიოსან ადამიანს? მგონი, გასაგები ქართულით ერთხელ უკვე გითხარით _ მამუკას ცხოვრებაში აზრადაც არ გაუვლია თავისი მოსწავლეებისთვის მამაკაცის თვალით შეეხედა. იმ ლაწირაკი გოგოსი გჯერათ და ჩემი არა?!
_ რატომ ხართ ამაში ასე დარწმუნებული?
_ როგორ თუ რატომ?! იმიტომ, რომ ამ ადამიანის გვერდით წლებია, ვმუშაობ. მანიაკები და სექსუალური მოძალადეები თბილისში მოიკითხეთ, მტკვრის სანაპიროზე! აქ მსგავსი რამეები არ ხდება, სოფელია, ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან.
_ ნოზაძე ცოლიანია?
თათა ისე დაიჯღანა, თითქოს წიწაკა ჩაეკბიჩოს.
_ ღმერთო ჩემო, რა პრიმიტიული ხალხი ხართ ეს ჟურნალისტები! _ გაცხარდა იგი, _ თუ ადამიანი უცოლოა, იმას არ ნიშნავს, რომ არასრულწლოვან გოგონებს კუდში დასდევს!
_ დიდი მადლობა, თქვენი მოსაზრება სრულიად ნათელია, ქალბატონო, _ ვუპასუხე, _ მიუხედავად ამისა, მე მაინც უნდა დაველაპარაკო ნოზაძეს. თუ თქვენ არ მომცემთ მის მისამართს, დირექტორს გამოვართმევ.
ჩემმა განცხადებამ მასწავლებელი წყობილებიდან გამოიყვანა.
_ მომისმინეთ! ჩემთვის გასაგებია, რომ უკან არაფერზე დაიხევთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოგივათ. როგორც უნდა ეცადოთ, მამუკას ვერ შეხვდებით, იგი აქ არ იმყოფება.
_ სად არის?
_ არ ვიცი და არც მაინტერესებს.
_ როდის იქნება, ისიც არ იცით? _ მეცინებოდა, როცა ქალის გაწიწმატებულ სახეს ვუყურებდი.
_ მხოლოდ საღამოს. დაკმაყოფილდით?
_ სრულიად. უღრმესი მადლობა დახმარებისთვის.
მადლობა კი გადავუხადე, მაგრამ მისი ნათქვამის ერთი პროცენტიც არ მჯეროდა. მეჩვენებოდა, რომ მთელი არსებით ცდილობდა კოლეგის დაცვას. რაღაც ძალიან ჯიუტად ჩადგა ჩემსა და ნოზაძეს შორის. გინდაც ასი წლის ნაცნობობა აკავშირებდეთ! ასე რამ გაანერვიულა? საყვარლები ხომ არ არიან? არა, არა, ეს ქალი რაღაცას მიმალავს, თორემ, რა დაშავდება, ფიზკულტურის მასწავლებელს რომ გავესაუბრო?
_ თუ ის იცით, რომ საღამოს დაბრუნდება, ისიც აუცილებლად გეცოდინებათ, სად არის.
_ ვიცი, მერე თქვენ რა?
_ არაფერი, უბრალოდ, უნდა მითხრათ.
_ ქუთაისში გაემგზავრა.
_ შემთხვევით ისიც ხომ არ იცით, როდის?
_ შემთხვევით ვიცი, _ თათა ჯიბრიანად სცემდა პასუხს ჩემს კითხვებს, _ გუშინ დილით. პირველსავე ავტობუსს გაჰყვა. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ დირექტორს ჰკითხოთ, ის დაგიდასტურებთ.
მოულოდნელად გონებაში თამაზის სიტყვები ამომიტივტივდა _ «ეს თითქოს დუმილის შეთქმულებაა!» ვგრძნობდი, რომ მეც თაზოს გზას მივყვებოდი და ზუსტად იმავე წინააღმდეგობებს ვაწყდებოდი, რასაც ის. დავიჯერო, აქ ყველა ამისნაირი აუღებელი ციხესიმაგრეა? თამაზმა რაღაცის გარკვევა მაინც მოახერხა, რაღაც მაინც ამოთხარა, მაგრამ მე? რაც უფრო ღრმად ვცდილობ ამოთხრას, მით უფრო ქვიანი ნიადაგი მხვდება.
_ აი, ამ კორპუსში ცხოვრობს ჩვენი დირექტორი, _ თითი ხუთსართულიანი «ხრუშჩოვკისკენ» გაიშვირა თათამ, _ პირველი სადარბაზო, მეორე სართული, მეექვსე ბინა. როგორც ვხედავ, დროს უქმად არ კარგავთ და ალბათ უკვე გეცოდინებათ, რა ჰქვია მას, არა? _ წარბები აწკიპა ქალმა და ირონიულად ამაყოლა თვალი.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ირგვლივ მიმოვიხედე. თუ მეხსიერება არ მღალატობს და ტაქსის მძღოლმაც არ მომატყუა, აქ სადღაც წყალგამშვები კოშკი უნდა იყოს, რასაც ვერ ვხედავ. იქნებ ნისლი ფარავს?
თათა არც კი დამემშვიდობა, ისე შემაქცია ზურგი და გზა გააგრძელა.
_ ჩვენ როდის უნდა ვილაპარაკოთ? _ დავადევნე მიმავალს.
_ ორი საათისთვის სკოლასთან დაგხვდებით, _ უკან არც მოუხედავს, ისე მიპასუხა.
მზერით გავაცილე ამაყად მიმავალი მასწავლებელი და ნაგვის სუნით აქოთებულ სადარბაზოში შევედი. აქაურობას კარგად არ ვიცნობდი და ამის გამო ორიენტაციის უნარიც დაკარგული მქონდა, მაგრამ მაინც მომეჩვენა, რომ თათა ჭელიძეს წუხელ სწორედ იქ შევხვდი, საითკენაც ახლა მიდიოდა…
8 8 8
ჩემდა გასაკვირად, სკოლის დირექტორი ერთობ სანდომიანი ქალი აღმოჩნდა. არადა, ფოტოზე როგორი ბოროტი გამოხედვა ჰქონდა?!
_ კორესპონდენტი? _ ქალმა თბილად ამათვალიერა, _ რა ქარმა გადმოგაგდოთ ასეთ ამინდში ჩვენკენ, ხომ მშვიდობაა? მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა! _ ღიმილით დააყოლა, გვერდზე გადგა და გზა დამითმო.
ქალბატონ ლიანას თეთრი ფერის პირსახოცის ხალათი ეცვა, ფეხზეც _ იმავე ფერის და იმავე ნაჭრის ჩუსტები. ასეთ ფორმაში, პოლარულ დათუნიას მაგონებდა. ისედაც მსუქანი იყო, მაგრამ ამ სამოსში კიდევ უფრო სქელი ჩანდა. რა თქმა უნდა, ნაკვთები სწორედ ისეთი ჰქონდა, როგორც სურათში, მაგრამ არა უხეში და კაცური, პირიქით _ ძალიან სათნო და ლოიალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჭაღარა თმას საღებავის კვალიც არ ეტყობოდა. როგორც ჩანდა, სილამაზის სალონებს და პარიკმახერებს დიდად არ სწყალობდა. გამოხედვაც კეთილი მომეჩვენა, არამზაკვრული, უეშმაკო. საშინაო ფორმაში კი დამხვდა, მაგრამ ყელს მაინც უმშვენებდა ხელოვნური მარგალიტებისგან ასხმული ლამაზი მძივი.
_ ქურთუკი გაიხადე და აგერ დაკიდე… ყავაზე ხომ დამეწვევი? _ ძალზე შინაურულად მკითხა და ბაჯბაჯით შემიძღვა ოთახში. ჰო, ნამდვილად ჩრდილოეთის თეთრ დათვს ჰგავდა. იმდენად დიდი იყო მსგავსება, შევცქეროდი ჩემ წინ მიმავალს და ღიმილს ვერ ვიკავებდი.
მიყვარს ასეთი ადამიანები _ მათთან ურთიერთობაში არ იძაბები, სიტყვებს ძებნას არ უწყებ, სალაპარაკო არ გამოგელევა, გაცნობისთანავე იმსახურებენ შენს ნდობას.
_ მე ცოტა ხნით დაგტოვებ, მაგრამ მალე მოვალ, შენ არ მოიწყინო, თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში, _ მითხრა და სამზარეულოში გავიდა.
სასტუმრო ოთახი ძველისძველი ავეჯით იყო გამოტენილი. ადვილად შენიშნავდით, რომ ქალი მარტოხელა იყო, რადგან იქვე, სავარძელში, პატარა, თეთრი პუდელი თვლემდა, რომელმაც ხმაურზე ცალი თვალი გაახილა, ერთი ზანტად გამომხედა და კვლავ ძილს მისცა თავი. პატრონის ხმაზე მიხვდა, ალბათ, რომ «კეთილი ძია»ვიყავი. ცნობისმოყვარედ მიმოვიხედე ირგვლივ. აქ ისეთ ნივთებს იპოვიდით, «დენიკინის დროინდელს» რომ ვეძახით ხოლმე _ «ზინგერის» ფირმის საკერავი მანქანა, ბამბუკის ფერადშუშებიანი სერვანტი, მაკრამეთი გაწყობილი ტორშერი, მრგვალი, მოჩუქურთმებულფეხებიანი კაკლის მაგიდა, ხავერდგადაკრული ძველისძველი რადიო ფირსაკრავით, საქანაო სავარძელი და უძვირფასესი დივანი, რომლის სახელურებზეც ლომის თავი იყო გამოსახული. და კიდევ _ ყვავილები, მთელ ოთახში უამრავ თიხის ქოთანს შენიშნავდით. ზოგი მაგიდაზე, ფანჯრის რაფებზე, სერვანტის თუ კარადის თავზე იდგა, ზოგიც კედლებზე ეკიდა ლამაზად მოქსოვილ კალათებში მოთავსებული. ირგვლივ სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა, მცენარეები წითლად, ვარდისფრად და ყვითლად ყვაოდა. ყვავილებში დიდად ვერ ვერკვევი, ამიტომ მხოლოდ კაქტუსი და ალოე მეცნო. გარინდებული ვიდექი შუა ოთახში და ამ საოცარი ორანჟერეით ვტკბებოდი მანამ, სანამ ქალბატონმა ლიანამ სინით ორი ფინჯანი ყავა და ძეხვიანი ბუტერბროტები არ შემოიტანა.
_ დაგიტკბო, თუ უშაქრო გირჩევნია? _ ისე საყვარლად მომმართა, დედაჩემი გამახსენდა.
_ ცოტა ჩამიყარეთ, _ შევყოყმანდი. მომერიდა, მეთქვა, ძალიან ტკბილი მიყვარს-მეთქი.
_ ცოტა რამდენია, გენაცვალე?.. მომიკვდეს თავი, დაჯექი, ფეხზე რატომ დგახარ! _ შეიცხადა ქალმა და მორკალულზურგიან ხის შავ სკამზე მიმითითა.
_ ოთხ… ორი კოვზი საკმარისია, ქალბატონო, _ ლამის გავწითლდი.
_ აი, მე კი უშაქროს ვსვამ. იცით, რა სასარგებლოა უშაქრო ყავა და ჩაი? _ თავი გვერდზე გადაწია ლიანამ, _ ზედმეტად ტკბილი ორგანიზმისთვის მავნებელია. სამზარეულოში ხომ არ გირჩევნია? იქ უფრო სიმყუდროვეა. ამ დღეებში ჩემთან შენი კოლეგა იყო, რომელმაც სამზარეულოში არჩია ყავის დალევა. ის ძალიან გამხდარი გყავთ, არ უვლით, როგორც ჩანს. მთელი დღე მაცივარს არ მოცილებია, სანამ ჩახოხბილით და კოტლეტებით არ დავანაყრე, კითხვა ვერ დამისვა, _ გაიხუმრა ქალმა.
მეც გამეცინა. საინტერესოა, ჩემ შემდეგ აქ რომ ირა ჩამოვიდეს, მე როგორ დამახასიათებდა მასთან? ორი კოვზი შაქარი დიდის მორიდებით ჩავყარე ფინჯანში და მეც მშიერი რომ არ მოვჩვენებოდი, მხოლოდ ერთი ბუტერბროტი გადავიღე თეფშზე. ეს რომ დაინახა, ქალმა საჩვენებელი თითით დამტუქსა და კიდევ ორი ნაჭერი ძეხვიანი პური გადმომიდო, გემრიელად მიირთვი, არ მოგერიდოსო. დირექტორი ჩემს პირისპირ დაჯდა და მომაჩერდა. როცა მესამე ბუტერბორდიც გავაქანე პირისკენ, მზრუნველობა აღებეჭდა სახეზე.
გაგრძელება იქნება
ასევე იხილეთ:
დუმილის შეთქმულება - თავი 5
დუმილის შეთქმულება - თავი 4
დუმილის შეთქმულება - თავი 3