- როგორც ჩანს, «ჯიპი» ახალუბნიდან ტრასაზე გადიოდა, - შევნიშნე მე.
- რა? - შეცბა უცებ ჭელიძე და ჩემკენ შემოტრიალდა, - მე მითხარით რამე?
- მგონი, იცანით მანქანა, არა?
- ვიცანი? - ზედმეტად გაოცებული ტონით გაიმეორა, - საიდან მოიტანეთ? თქვენსავით მეც პირველად ვხედავ. რა უცნაურ კითხვებს მისვამთ. უბრალოდ, ნანახმა თავზარი დამცა, რა საშინელებაა! ვინ იცის, მძღოლი და მისი თანამგზავრი რა გეგმებს აწყობდნენ საღამოსთვის, თბილად მუსაიფობდნენ სალონში… ახლა კი… ასე უპატრონოდაა მიგდებული ამ მიყრუებულ ადგილას,
მინდოდა, მისი მზერა დამეჭირა, მაგრამ შეგნებულად მარიდებდა თვალს.
- რატომ გგონიათ, რომ საღამოსთვის აწყობდნენ გეგმებს? რატომ მაინცდამაინც საღამოს? თქვენ ხომ არ იცით, რა დროს მოხდა უბედური შემთხვევა? - რაღაც მენიშნა.
- მე ვთქვი საღამოსთვისო? - მოულოდნელად მოიღუშა «ქიმია» და მხრები აიწურა, - რა ვიცი, რაც თავში უცებ მომივიდა, ის ვთქვი. რატომ ცდილობთ სიტყვებზე გამოკიდებას?
მისი შენიშვნა უპასუხოდ დავტოვე და «ჟიგულის» კარი გამოვაღე. მაინც ვერაფერს დავუმტკიცებდი, ამიტომაც შევეშვი. საკმაოდ ციოდა, ამიტომ მანქანა დავქოქე თუ არა, ღუმელი ჩავრთე, რომ გავმთბარიყავით.
სანამ წყალგამშვებ კოშკამდე მივაღწევდით, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია.
8 8 8
სოფლის განაპირას მდებარე ნაგებობა რაღაცით სვანურ კოშკს წააგავდა - ძალიან მაღალი იყო, ვიწრო და უფანჯრებო. წვერში კონუსის ფორმა ჰქონდა, ბოლოში კი იაპონური ქოლგის მოყვანილობის სახურავით მთავრდებოდა. მდიდარი კაცი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად ეგზოტიკური სტილის რესტორნად გადავაკეთებდი.
- ხედავთ, რა ლამაზია? ეს კოშკი ადრე ინსტიტუტს წყლით ამარაგებდა, ახლა გაუქმებულია, თუმცა ბავშვები მაინც არ იშლიან ზემოთ აძრომას, - უკვე დამშვიდებული ხმით წარმოთქვა თათამ.
სიმართლე გითხრათ, მე ინსტიტუტის შენობა უფრო მაინტერესებდა, ვიდრე ეს კოშკი, ამიტომაც მზერა დავძაბე და აგურის ღობით შემორაგული ნაგებობის შავ კონტურს მივაშტერდი.
- თუ არ ვცდები, იქ, ცოტა მარჯვნით, ჭიშკარი უნდა მოჩანდეს, არა? - ვკითხე თათას.
- რა? ჭიშკარი? - უცებ ვერ მივხდა «ქიმია», რა ჭიშკარზე ვლაპარაკობდი, - ა! ჰო, იქ ინსტიტუტის შესასვლელია.
მანქანა წყალგამყვან კოშკთან მივაყენე და გავაჩერე.
- პატარა გასეირნებას გთავაზობთ, ლამაზო მასწავლებელო! - საზეიმო ტონით განვუცხადე ქალს და ღიმილით გადავხედე.
- გასეირნებას? ამ სიცივეში? მე უკეთესი წინადადება მაქვს. ჩემთან გეპატიჟებით ცხელ ყავასა და გემრიელ ვახშამზე. ხორცის რულეტი და სოკოს ჩაშუშული მაქვს. ოდესმე გაგისინჯავთ მსგავსი დელიკატესები?
მთელი მომხიბვლელობით გაღიმებული ნახევრად ჩემკენ მოტრიალდა და ფეხი ფეხზე მაცდურად გადაიდო.
აბა, ერთი უყურეთ! სად იყო გუშინ ეს მომხიბვლელი ქალბატონი თავისი მაცდური წინადადებით? მთელი ღამე რომ მაშიმშილა იმ გაყინულ სკოლაში? ტყუილად კი არ უთქვამთ, ქალი ეშმაკზე სამი დღით ადრეა დაბადებულიო… ერთი წამით წარმოვიდგინე კიდეც აგიზგიზებული ბუხარი, ნუგბარებით გაწყობილი მაგიდა, თათა ჭელიძე მწვანე კაბაში გამოწვართული, თავისი მადის აღმძვრელი ფეხებით, ბოკალებში აშიშინებული ცივი შამპანური და ლამის თავბრუ დამეხვა… რომ იცოდეს, ქალების როგორი მოყვარული ვარ…
- რატომ გაჩუმდით? - მხიარულად მკითხა «ქიმიამ».
მშვენივრად ხვდებოდა, რაც მემართებოდა. მაინც არ ვუპასუხე. მისკენ გადავიხარე, რათა უჯრაში შენახული ფანარი მომეძებნა. თათას მრგვალი მუხლისთავი ხელს მიშლიდა მოძრაობაში, მაგრამ ქალი მის გაწევას არ ცდილობდა. ძალაუნებურად ვეხებოდი მის ფეხებს… აღგზნებულმა სუნთქვა შევიკარი… ცოტაც და, გამიჭირდებოდა თავის შეკავება…
როგორც იქნა, ფანარს გადავწვდი და უზარმაზარი ნერწყვიც გადავაგორე.
- ბატონო ჟურნალისტო, თქვენს პასუხს ველოდები, - ჩამესმა თათას კეკლუცი ხმა.
- შეგიძლიათ აქ მომიცადოთ, - უკმეხად ვთქვი, - ვფიქრობ, მალე დავბრუნდები.
ჰაერზე ცოტათი მოვსულიერდი. კიდევ კარგი, გონებას მოვუხმე, თორემ დიდ სისულელეს ჩავიდენდი. ამისთვის კი იდეალური პირობები მქონდა შექმნილი - ღამის სიჩუმე, უკაცრიელი ადგილი, თბილი მანქანა, მყუდრო გარემო და… სასიყვარულო თამაშებისთვის მზად მყოფი ვნებიანი ქალი - ნამდვილი რომანტიკა იყო, უკეთესს რომელი მამაკაცი ინატრებდა?
ცარცით აჭრელებულ აგურის მესერს მივუახლოვდი. ამ წარწერებს რომ წაიკითხავდი, აქაურ ახალგაზრდებზე სრული წარმოდგენა შეგექმნებოდა. უკვე იცოდი, ვის ვინ უყვარდა, ვინ ვის დასცინოდა, ვინ იყო მაგარი ბიჭი, ვინ - ცუდი, ვის რომელი როკ-ჯგუფი მოსწონდა და რომელი იყო ყველაზე მაგარი ფეხბურთის გუნდი მსოფლიოში.
ფანრის ბატარეები დიდი ხანია, არ დამიტენია. ამიტომ, ეკონომიის მიზნით დროებით გამოვრთე იგი. ირგვლივ საშინელმა წყვდიადმა დაისადგურა. გულმა უსიამოვნოდ დაიწყო ძგერა. ამ დროს ვიღაცა მკლავში ჩამაფრინდა. ლამის სული განვუტევე…
- თქვენთან ერთად მოვდივარ, - გავიგონე თათას ჩურჩული, - მარტოს მეშინია.
ქალი ისე მომეხუტა, მუხლები ამიცახცახდა. მისი გაშლილი თმა სახეზე მელამუნებოდა. ხელი ჩავჭიდე და ღობეს გავუყევით. «ქიმია» თავისი ქუსლების პაკაპუკით ღამის მყუდროებას არღვევდა, რაც აშკარა დისკომფორტს მიქმნიდა. მერჩივნა, სრულ სიჩუმეში მევლო.
- ცოტა ნელა იარე, - კვლავ დაიჩურჩულა თათამ, - ვეღარ გეწევი…
მომეჩვენა, თუ მართლა «შენობითზე» გადავიდა? ცოტა არ იყოს, მესიამოვნა - კიდევ ერთი უხილავი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ. ამასობაში ჭიშკარს მივადექით. ფანარი ისევ ავანთე. კარი შეღებული დაგვხვდა.
- არ შეხვიდე, - შეძრწუნებული ხმით დაიჩურჩულა ქალმა და ფრჩხილებით ჩამაფრინდა მაჯაში.
- რატომ?
- მეშინია.
- მაშინ მანქანაში დაბრუნდი.
- არა, იქ უარესია. გთხოვ, შინ წავიდეთ. აქ ხვალ მოვიდეთ, დღის სინათლეზე. თან გავიყინე, მცივა. ცხელი აბაზანა მინდა, სხვანაირად ვერ გავთბები.
რა ვერაგი ქალია! აკრძალული ილეთი გამოიყენა ჩემ დასაყოლიებლად. ცხელი აბაზანა და შიშველი თათა! სიმწრით კბილი კბილს დავაჭირე და ჯიუტად გავემართე ჭიშკრისკენ. რა უნდა ექნა? კრავივით უკან გამომყვა.
დაჟანგული ჭიშკარი ჭრიალით გაიღო. ფანარი ეზოში მიმოვატარე. ირგვლივ მხოლოდ თუნუქის კასრები იყო მიმოფანტული. ამაზრზენი სიჩუმე იდგა ინსტიტუტის ეზოში, თავი სასაფლაოზე მეგონა. მთავარ კორპუსს მივანათე ფანრის შუქი. ერთიანად ჩამსხვრეულ მინებს მიღმა პირქუშ სიბნელეს დაეღო პირი. თათა ისე იყო ჩემზე მოწებებული, თითქოს გაქცევა და მისი აქ დატოვება მქონოდა განზრახული. ახლაღა შევამჩნიე, როგორ უთრთოდა მთელი სხეული. შემეცოდა. სიბნელეში მისი თითები მოვძებნე და ხელისგულში მოვიმწყვდიე. მთლად გაყინვოდა თითები.
- ოდესმე მოისვენებ, ნეტავი? - ზედ ყურთან მიჩურჩულა.
პასუხი არ გავეცი. მას თავისი გასჭირვებოდა, ჩემსას ვერ გაიგებდა. არადა, ინტუიცია მკარნახობდა, რომ ნოზაძე სწორედ აქ იმალებოდა.
- შეეცადე, ჩუმად იარო, - ცივად გავაწყვეტინე.
კორპუსს მივუახლოვდით. ამასობაში ფანარს შუქი შეუსუსტდა, ბატარეების ენერგია ნელ-ნელა ილეოდა. მთლად უსინათლოდ რომ არ დავრჩენილიყავით, ისევ გამოვრთე. ცოტა ხანს გავჩერდით, რათა თვალი სიბნელეს შეჩვეოდა.
- ერთმა მოსწავლემ მითხრა, აქ პატარა, გალეული გოჭი დავინახე, ნაცრისფერი ჯაგარი და შიშველი კუდი ჰქონდაო, - მითხრა თათამ.
მისკენ მივტრიალდი. ქალს შიშისგან თვალები გაფართოებოდა.
- ალბათ დაიჭირა და შეწვა, არა? - გამეღიმა.
- არა, რას ამბობ, გოჭი კი არა, უზარმაზარი ვირთხა გამოდგა, ნამდვილი მუტანტი. მღრღნელები ხომ აქ სინთეტიკურ ბოჭკოებს ხრავენ…
მის ნათქვამზე მეცინებოდა. ამგვარი ზღაპრებით წავიდეს და გოგოლაძე და მისნაირები შეაშინოს. კვლავ წინ წავიწიეთ. დამსხვრეულ მინას ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ფეხქვეშ ტკაცატკუცი გაჰქონდა. მოულოდნელად თათა რაღაცას გამოედო და შიშისგან წამოიკივლა.
- რატომ მტანჯავ, რა დაგიშავე? - შეძრწუნებულმა შემომჩივლა.
ბოდიში მოვუხადე, ხელი ჩავჭიდე და კიბის საფეხურებს ნელ-ნელა ავუყევით. მეორე სართულზე ავედით. უკვე იმდენად შევაჩვიე თვალი სიბნელეს, რომ ადვილად შემეძლო საგნების გარჩევა. მეორე სართული, ფაქტობრივად, «გამოშიგნული» დაგვხვდა, კარებიც კი არ ჰქონდა ოთახებს. გზა მესამე სართულისკენ გავაგრძელეთ. აქედან ინსტიტუტის მთელი ტერიტორია ხელისგულზე მოჩანდა. საბედნიეროდ, ეზოში ხეები თითქმის არ იდგა, ამიტომ გარკვევით მოჩანდა მთლიანი ეზო და იქვე, მახლობლად მდებარე წყარო. პლასტმასის ღარიდან მორაკრაკე წყალი მთვარის შუქზე სასიამოვნოდ ლიცლიცებდა. მთელ პერიმეტრზე, ერთმანეთის მიჯრით, პატარ ჯიხურები იყო განლაგებული, რომელიც ერთ დროს, სავარაუდოდ, შხამქიმიკატების საცავი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს რა არის? მზერა მთელი ძალით დავძაბე. ნუთუ ეს ის არის, რისი დანახვაც მინდოდა? მთავარი კორპუსის მარჯვნივ, წყაროს მეორე მხარეს, ვიწრო, ორსართულიანი კოტეჯისმაგვარი შენობა იდგა, რომლის მომცრო ფანჯრიდან ძლივს შესამჩნევი შუქი გამოსჭვიოდა. ეს იმას ადასტურებდა, რომ იქ ადამიანი იმყოფებოდა.
თათას ხელზე ხელი მოვუჭირე, გვერდით ამოვიყენე და მბჟუტავი სინათლე დავანახვე.
- იმედია, გესმის, - ვუჩურჩულე ნერვიულობისაგან აკანკალებული ხმით თათას, - რომ დიდი ხნის წინ დაცარიელებულ ინსტიტუტში ნათურა ანთებული არავის დარჩებოდა… ჩემი აზრით, ვიღაცას იქ სანთელი უნთია.
ის იყო, ქალს რაღაც უნდა ეპასუხა, რომ მოულოდნელად შორიახლოს ნაბიჯების ხმა გაისმა. დროზე მოვასწარი და «ქიმიას» პირზე ავაფარე ხელი, ხოლო მისი აცახცახებული სხეული მკერდზე მივიკარი. ორივენი ადგილზე გავქვავდით. ნაბიჯები ფრთხილი იყო, ქურდული, რის გამოც ვერ მივხვდი, უცნობი საიდან გვიახლოვდებოდა. თათას დაძაბულობისგან გაყინული ხელისგულები გაუოფლიანდა. ამწუთას ერთადერთი, რასაც ვნატრობდი, ის იყო, ქალს გონება არ დაეკარგა, არ წაქცეულიყო. მაშინ მისი ხელით ტარება მომიწევდა. მე კი ამისთვის არ მეცალა - როგორც კი უცნობი მომიახლოვდებოდა, წამში უნდა გამეკავებინა, რომ გამეგო, ვისთან მქონდა საქმე.
წამით ხმაური მიწყდა, შემდეგ კი ყრუ დარტყმის ხმა გაისმა, თითქოს ვიღაცამ დოლს მუშტი დაჰკრაო… და ისევ ქურდული ნაბიჯები.
თათას სხეული ნელ-ნელა მძიმდებოდა ჩემს მკლავებში. არც მე ვიყავი უკეთეს დღეში. ნათლად წარმომედგინა, რა სახე მექნებოდა ამწუთას. ალბათ შეშინებულ კურდღელს ვგავდი. მუხლებში სისუსტეს ვგრძნობდი, ხელების ცახცახი ვერაფრით დავიოკე, ცხვირის ნესტოები კი გახშირებული სუნთქვის ტაქტის მიხედვით მოძრაობდნენ _ აქეთ-იქით, აქეთ-იქით… ახლა ნამდვილად არ ვგავდი იმ კოკას, წვერის პარსვისას თავმომწონედ რომ მიაჩერდებოდა ხოლმე თავის ორეულს სარკეში.
ოჰო! ერთი ამას დამიხედეთ! არა მარტო ნაბიჯები, შუქიც კვალდაკვალ მოჰყვებოდა იდუმალ სტუმარს თუ მასპინძელს! ქვემოდან ამომავალი კარის ღრიჭოში მკრთალი, მოძრავი სინათლე გამოჩნდა. უფორმო ლანდები ალიცლიცდნენ ცარიელი შენობის შიშველ კედლებზე. ნელ-ნელა კიბის პლაცდარმიც განათდა და ჩვენი სახეებიც. თათას შევხედე, ძრწოლვისგან გაფითრებულს, ყბა მოქცეოდა. ვიღაც ანთებული ფანრით სწრაფად გვიახლოვდებოდა. გაქცევას და დამალვას აზრი არ ჰქონდა. ნებისმიერი ჩვენი მოძრაობა, მცირედი გადაადგილებაც კი შესამჩნევი იქნებოდა, რადგან სამარისებურ სიჩუმეს ერთი შერხევაც კი დაარღვევდა. ვითომ ნოზაძეა? რა რეაქცია ექნება, ჩვენ რომ დაგვინახავს? ალბათ საშინელ დღეში ჩავარდება. ეს ნამდვილი ემოციური შოკი იქნება მისთვის. მოულოდნელად კვლავ გაისმა უკვე ნაცნობი ყრუ დარტყმის ხმა და მბჟუტავმა სინათლემ მიმართულება იცვალა. უცნობი გატრიალდა და ქვედა სართულის საფეხურებს ჩაუყვა. ცოტაც და კვლავ წყვდიადში აღმოვჩნდით. ერთადერთი, რასაც თვალი მოვკარი, მუქქურთუკიანი ადამიანის სილუეტი იყო, რომელსაც ხელში საწვავისთვის განკუთვნილი ლითონის ოთხკუთხა კანისტრა თუ ბალონი ეჭირა. ყურადღებით დავაკვირდი კედელზე ფრთხილად მოძრავ ჩრდილს. ოდნავ კეხიანი ცხვირი, ტალღოვანი გრძელი თმა, მსხვილი ტუჩები, ქურთუკის აწეული საყელო… ღმერთო ჩემო!.. ეს ხომ… ეს ხომ გოგოლაძეა, ნიკა გოგოლაძე!..
აღმოჩენით გამოგნებულმა თათას გადავხედე, მაგრამ სიბნელეში მისი სახის გარჩევა ვერ მოვახერხე. ვერაფერს მივხვდი. რას აკეთებს სკოლის საუკეთესო მოსწავლე ასეთ დროს მიტოვებულ შენობაში? ნუთუ მამუკა ნოზაძეს შეხვდა? იქნებ საჭმელი დააქვს მასთან?
გადავწყვიტე, ამ «ეჭვიან გენიოსს» ახლავე გავკიდებოდი და სწრაფად დამეკითხა, სანამ აზრზე მოვიდოდა და საკუთარი პასუხების გაკონტროლებას შეძლებდა. მოულოდნელობა, შიში და თავზარდაცემა ბიჭს საშუალებას არ მისცემდა, ტყუილი მოეფიქრებინა და სიმართლეს მაშინვე დაფქვავდა.
თათას ხელი შევუშვი და ის იყო, წინ გაჭრას ვაპირებდი, რომ «ქიმია» კისერზე ჩამომეკიდა.
- არ გინდა… მეშინია… შეეშვი, წავიდეს… - შეშლილივით ჩურჩულებდა ქალი.
- ნუ გეშინია, ეს გოგოლაძეა, - მისი დამშვიდება ვცადე.
- რა-ა? ხომ არ გაგიჟდი! ის არ არის! ცდები, კოკა, გოგოლაძეს აქ რა უნდა! ვიღაც კუზიანი მოხუცი იყო, ვერ დაინახე?!
- რა კუზიანი, მოგელანდა? უბრალოდ, რაღაც მძიმეს მიათრევდა და იმიტომ იყო მხრებში მოხრილი.
- არა, არა! გეშლება! არ წახვიდე, გემუდარები! მოგკლავს, არ დამტოვო, გთხოოვ! - ლამის იტირა ჭელიძემ.
მივხვდი, რომ შიშისგან ერთიანად დაპატარავებული ქალი არსადაც არ გამიშვებდა… მაგრამ მე აშკარად დავინახე იგი, შეცდომა გამორიცხული იყო! ვიცანი - ტუჩებით, თავის ფორმით, ცხვირით, თმით…
სინანულით გავყურებდი, როგორ მეცლებოდა ხელიდან ჩემი «ნადავლი». აფსუსი იყო ასეთი შანსის ხელიდან გაშვება. თათა ისევ კისერზე მყავდა ჩამოკიდებული, წამითაც არ მიშვებდა თავის გრძელ თითებს. როგორმე უნდა გავთავისუფლებულიყავი მისი ტკბილი ჩურჩულისგან, მისი თმის თავბრუდამხვევი სურნელისგან და ნიკას დავწეოდი. ძალით მოვიშორე ქალის მკლავები და კიბისკენ კისრისტეხვით გავიქეცი.
- ღმერთო! კოკა, მარტო მტოვებ? - დამეწია ჭელიძის სასოწარკვეთილი ხმა.
მოაჯირს დავეყრდენი და ძირს ჩავიხედე. სუსტი შუქი ძლივს მოჩანდა პირველ სართულზე. ახლა ნიკა გარეთ გავა და საბოლოოდ დავკარგავ. უნდა ვიჩქარო!
ჩემი ფანარი უკვე აღარ ანათებდა, ამიტომ იქვე კუთხეში მივაგდე და სიბნელეში გავიქეცი. ერთი სართული ჩავირბინე თუ არა, თათას განწირული კივილი შემომესმა.
- რა მოხდა? - შევჩერდი და ავძახე.
ქალს პასუხი არ გაუცია, მხოლოდ მისი ოხვრის ხმა მესმოდა.
რაღას ვიზამდი, უკან მოვტრიალდი.
- სად ხარ? - კიბეზე ავედი და თვალებგაფართოებული, ხელის ცეცებით გავუყევი კედელს.
- სად! სად! რა მნიშვნელობა აქვს, სად ვარ! - ქალის გაბრაზებული ხმა სადღაც ძალიან ახლოს მომესმა.
ხელები წინ გავიშვირე და მის თითებს შევეხე.
- დავეცი და მუხლი გადამიტყავდა, - შეწუხებულმა ძლივს ამოთქვა და ჩემი ხელი წვივზე დაიდო, - აი, აგერ… უფრო მაღლა… გრძნო-ობ? ოჰჰჰ!
მის ფეხს შევეხე თუ არა, თავდაპირველად სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. თითები ნელა ავამოძრავე, მუხლისკენ… მუხლისთავი ცხელი და ოდნავ დასველებული მეჩვენა.
- სისხლია, - არაბუნებრივი ხმით წარმოვთქვი, აღგზნებამ იმწამსვე გამიარა, - სიარულს შეძლებ?
- ვეცდები, - მიპასუხა ქალმა და მხარზე დამეყრდნო.
სიტუაცია ჩემთვის დღესავით ნათელი გახდა. თათა შეგნებულად წაიქცა, რადგან ჩემი შეჩერება ჰქონდა განზრახული, არ უნდოდა, გოგოლაძეს გავკიდებოდი. რატომ? ორი ვარიანტი იყო - ან იმის ეშინოდა, ნიკას არ მოვეკალი, ან კიდევ იმის, რომ ბიჭის საიდუმლო არ გამეგო. არც ერთი იყო გამორიცხული და არც მეორე.
თათა კოჭლობით მომყვებოდა გვერდიგვერდ. სამგლოვიარო პროცესიის სიჩქარით მივიწევდით უკუნ სიბნელეში. ეს კიდევ არაფერი, უცებ კიბის საფეხურს გამოედო და ფეხსაცმლის ქუსლიც მოიმტვრია, რის გამოც ქალის ხელით ტარებამ მომიხდა. წესით, ამ მდგომარეობაში მყოფს სიამოვნება უნდა მიმეღო, როგორც ყველა ნორმალურ მამაკაცს, თუმცა პირიქით მოხდა. გუნება მომიშხამა კიდევ ერთმა შეცდომამ. ვინ მექაჩებოდა ენაზე, რას ვეუბნებოდი თათას, გოგოლაძე რომ ვიცანი, არ ჯობდა, ჩუმად გავკიდებოდი გაქცეულს? მაშინ აღარ გამიმართავდა ასეთ სცენებს და არც უკან მობრუნება მომიწევდა.
ხელში ატატებული მასწავლებელი, როგორც იქნა, გარეთ გამოვიყვანე. მთელი ამ ხნის განმავლობაში მკლავები ჩემს კისერზე ჰქონდა შემოხვეული და ჩუმად კრუსუნებდა. საოცარი გრძნობა დამეუფლა. მკერდზე ახალგაზრდა, ლამაზი ქალი მყავდა მიხუტებული, რომელიც ისეთი მსუბუქი იყო, დაღლა წამითაც ვერ ვიგრძენი. უფრო მეტიც, შემეძლო ეს სასიამოვნო ტვირთი მკლავებით მაღლა ამეწია ან ათეულობით კილომეტრი დაუღლელად მეტარებინა. ერთი სიტყვით, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ იგი მთლიანად ჩემს მფლობელობაში იმყოფებოდა… მაგრამ ეს მხოლოდ ილუზია იყო. მე მარტო მის ნაზ და სუსტ სხეულს «განვკარგავდი», მისი იდუმალი აზრები კი საიმედოდ იყო დამალული ჩემგან. თათა ჭელიძეს ისეთი შეუვალი კედელი ჰქონდა აღმართული ამ საიდუმლოებისთვის, ტყუილი გარჯა იქნებოდა, შუბლით მისი განგრევა მეცადა.
8 8 8
მანქანა პირდაპირ მისი სახლის ჭიშკარს მივაყენე და ძრავა გამოვრთე.
- მგონი, არცთუ საუკეთესო ადგილი გამოვნახე მანქანის გასაჩერებლად, არა? - გამოვთქვი ჩემი ვარაუდი, როცა დავინახე, როგორ გამოიხედა ფანჯრიდან კარის მეზობელმა, თუმცა სიბნელეში ჩვენ დანახვას ვერ შეძლებდა.
- დამეხმარე, - ჩემი ნათქვამი თათამ უკომენტაროდ დატოვა.
მანქანიდან გადმოსულმა ქალს წელზე ხელი მოვხვიე და მხარში შევუდექი. ჭიშკართან მისულმა, ხელის ცეცებით მოძებნა ალაყაფის თავზე შემოდებული გასაღები და კარს ისე მარჯვედ მოარგო, გამიკვირდა კიდეც, სიბნელეში კლიტის ღრიჭო ასე ადვილად როგორ იპოვა-მეთქი. სიამის ტყუპებივით ერთმანეთზე მიწებებულები ეზოში შევედით. თათა ორივე ფეხით კოჭლობდა - ცალზე მუხლი ჰქონდა გადატყავებული, მეორეზე - ფეხსაცმლის ქუსლი მომძვრალი.
პარმაღზე ავედით. მისავათებუმა მასწავლებელმა გასაღები გამომიწოდა. სიბნელეში კარგა ხანს ვჯახირობდი. კარის გაღებაში ხელს ქალის ზედ ჩემს ყურთან მოდებული ტუჩები და ცხელი სუნთქვაც მიშლიდა. ვერა და ვერ მოვარგე გასაღები საკეტს. თათას ეს სულაც არ ანაღვლებდა. მოულოდნელად მეორე ხელიც მომხვია ყელზე და ტუჩებზე დამაცხრა. იმწუთას აღარ ვიცოდი, რით დავკავებულიყავი - კარის გაღება მეცადა თუ ქალისთვის კოცნით მეპასუხა. თუმცა, ერთი მეორეს ხელს არ უშლიდა და მეც ორივე საქმე ერთდროულად გავაკეთე.
შეღებულ კარში ორივენი იატაკზე დავეშვით. ათრთოლებული «ქიმია» ჩემთვის ქურთუკის გახდას შეეცადა. მისი დახმარების უნარი აღარ შემწევდა. ვნებიანად ვეწაფებოდი ქალის ცხელ ბაგეებს და ნელ-ნელა მისი მკერდისკენ მივიწევდი. ერთადერთი, ამწუთას რაც ზედმეტად მეჩვენებოდა, ფეხსაცმელი იყო, ამიტომ გავიხადე და ფეხებით განზე მივყარე. თათამ, როგორც იქნა, ქურთუკი გამხადა, კარისკენ მოისროლა და… უცებ მსუბუქად წამოიკივლა. მოულოდნელობისგან შევკრთი.
- ენაზე რატომ მიკბინე? - მაცდურად მიჩურჩულა მასწავლებელმა, - ამის გამო დაისჯები და ჩემი ხელით ტარება ისევ მოგიწევს.
- მზად ვარ, ოღონდ მითხარი, საით წაგიყვანო? - აღგზნებული ძლივს ვლუღლუღებდი.
- სააბაზანოში.
…საბაზანოს იატაკი იმდენად პრიალა მეტლახით იყო მოპირკეთებული, კინაღამ ფეხი დამისხლტა. თათა აბაზანის კიდეზე ჩამოჯდა და დასისხლიანებული მუხლის დათვალიერებას შეუდგა. ამაში მეც სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა. საგანგაშო არაფერი ეტყობოდა, მხოლოდ მცირედზე გაკაწროდა და გამჭვირვალე შავი კოლჰოტიც გახეოდა. თუმცა, პატარა ჭრილობას ესთეტიკური ზიანი არ მიუყენებია მისი ფიგურისთვის - ფეხები ძველებურად გამოიყურებოდა - მადისაღმძვრელი, გამომწვევი და ჩამოსხმული.
- მოგწონს? - ჭელიძემ თვალი ჩემს მზერას გააყოლა და წითელი ლაბადა ხელის გაქნევით მეტლახზე მოისროლა.
პასუხის ნიშნად თავი დავუქნიე, ლაპარაკის თავი არ მქონდა.
- მაშინ ცხელი წყალი მოუშვი, - ორაზროვანი, ცბიერი ღიმილი მესროლა.
მისი ბრძანება მორჩილად შევასრულე. ონკანი ბოლომდე გავხსენი და შიშინით წამოსული წყლის ჭავლი აბაზანის ფსკერს მთელი ძალით დაასკდა. უცებ თათამ ხელი საყელოში მტაცა, უკან გადაიწია, აბაზანაში ჩავარდა და მეც თან გადამიყოლა. წინააღმდეგობის გაწევა მაინცდამაინც არ მიცდია, თუმცა ტანსაცმლიანად ბანაობას მძაფრ ეროტიკულ რიტუალად არასდროს აღვიქვამდი.
თათა გულაღმა გაიშხლართა ცხელ წყალში და ვნებიანად აკისკისდა. ვცდილობდი, ჩემს ოთხმოცდაათკილოგრამიან ნავარჯიშებ სხეულს მისთვის დისკომფორტი არ შეექმნა, რასაც რის ვაივაგლახით ვახერხებდი. ჩემი სამოსის მშრალად გადარჩენის შანსი უკვე ნაკლებად იყო. მართალია, პერანგის გადარჩენა მოვახერხე, მაგრამ ჯინსის შარვალი ვეღარ მოვარიდე წყლის ჭავლს, რის გამოც იგი გვარიანად დასველდა.
ქალმა კვლავ მომხვია მკლავები და კოცნით კინაღამ სული ამომაძრო. ცოტა ხნის მერე კი ხელი მკრა, წამოდგა და ორივე ხელით ისე, როგორც ეს მხოლოდ ქალებს ჩვევიათ, თავს ზევით მოხერხებულად გადაიტარა კაბა და გაიხადა. ვიგრძენი, როგორ მომაწვა სისხლი საფეთქლებთან. წარმოგიდგენიათ? ასეთ ცივ ამინდში ქალს ბიუსტჰალტერი არ ეცვა. იგი მოდელივით წელში გაიზნიქა, ხელები ძირს დახარა, მტკივანი ფეხი ოდნავ მოხარა მუხლში და ისეთი პოზა მიიღო, თითქოს პოდიუმზე იდგა. უნაკლო, ნატიფი სხეული ჰქონდა.
- კარგი, საკმარისია, საძინებელში გავიდეთ, მე ლოგინს გავშლი, შენ ყავა მოადუღე, - თქვა უცებ სერიოზული სახით და სააბაზანოდან რხევა-რხევით გავიდა.
ვიღას ჰქონდა ყავის მოდუღების თავი! ერთიანად სველი, ვნებისგან აძიგძიგებული, უკან მივყევი.
საძინებელში ერთი ორკაციანი ფართო საწოლი იდგა, ორივე მხრიდან დაბალი ტუმბოებით გარშემორტყმული, რომლებზეც იაპონური მაგიდის ელექტროლამპები იდგა. თათამ საწოლს გადასაფარებელი ზანტად გადააძრო და თეთრეულის გაშლას შეუდგა.
გაგრძელება იქნება
ასევე იხილეთ:
დუმილის შეთქმულება - თავი 9
დუმილის შეთქმულება - თავი 8
დუმილის შეთქმულება - თავი 7