- ვფიქრობ, დიდი უსიამოვნებები გელით, - მშვიდად და თავდაჯერებულად წარმოთქვა ჭელიძემ, მერე მოახლოებულ გოგოლაძეს ნიკაპქვეშ ამოსდო საჩვენებელი თითი, - ბავშვს ტუჩი აქვს გახეთქილი… - ნიშნისმოგებით თქვა, სკამზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- აბა? - გამჭოლი მზერა მესროლა, - გისმენთ, ახსნა-განმარტებებს ველოდები!
- უმჯობესი იქნება, ჯერ თქვენმა მოსწავლემ გამარკვიოს, აქ რა ხდება და ჩემზე მერე ვილაპარაკოთ, - წარბები ავზიდე და ამპულა ორი თითით ჰაერში ავწიე, - ეს რა არის?
ნიკამ ერთი დაიქსუტუნა, მაგრამ
- მაშინ იქნებ თქვენ მითხრათ, ამპულაში რა ასხია? - ახლა მისკენ გავიხედე.
- წარმოდგენა არა მაქვს, - თათამ მსუბუქი მოძრაობით თავი უკან გადააქნია, - ერთი ეს მითხარით, რა უფლებით გვიწყობთ დაკითხვას?
ამოვიხვნეშე. დრო დადგა, კარტები გამეხსნა.
- იმ უფლებით, ქალბატონო თათა, რომ მე კერძო დეტექტივი ვარ და ჩვენი პოლიციის დაკვეთით, დავალების შესასრულებლად ვარ ჩამოსული.
- რას მელაპარაკებით! - თვალები მოჭუტა ქალმა, - ცოტა ხნის წინ ვიღაც ჟურნალისტობას იბრალებდა, თუ არ ვცდები…
გოგოლაძეს გადავხედე. ბიჭი ერთიანად მოკუნტულიყო და ისე მიყურებდა, თითქოს მის წინ ასაფეთქებლად გამზადებული ბომბი დებულიყო.
- მე გიმეორებთ შეკითხვას! - გამოვცერი კბილებში.
ნიკამ ჯერ ამპულას გახედა, მერე მასწავლებელს მიაპყრო საწყალობელი მზერა, თითქოს შველას მისგან ელოდა. თათამ თბილად გაუღიმა მოსწავლეს.
- ნიკა… უთხარი ამ… კერძო დეტექტივს, რა არის ამპულაში მოთავსებული? - «ქიმიამ» რაც შეიძლებოდა, ნაზად მიმართა გოგოლაძეს, - ნუ გეშინია, სიმართლე თქვი!
- ნოვოკაინი, - წარმოთქვა ნიკამ და თვალები დააფახულა.
- თქვენ როგორ ფიქრობთ? - თათას გადავხედე.
- ხომ გითხარით, წარმოდგენა არ მაქვს-მეთქი, - დამაბნეველი ღიმილი მესროლა ჭელიძემ, - ამ ამპულას პირველად ვხედავ.
- და არ იცით, რას აკეთებს თქვენი საუკეთესო მოსწავლე ღამის ორ საათზე ქიმიურ ლაბორატორიაში?
- როგორ არა, რა თქმა უნდა, ვიცი! თავად ვთხოვე, რაღაც ცდები ჩაეტარებინა და შედეგები ჩაეწერა. იცით, რაშია საქმე? ამ ეტაპზე მე საკანდიდატო დისერტაციაზე ვმუშაობ და ნიკა თავისი სურვილით მეხმარება. პარალელურად, ცოდნასაც გაიღრმავებს. ასე არ არის, ნიკა?
გოგოლაძემ თავი უხმოდ დაუქნია თავის მფარველ ანგელოზს.
- თქვენი აზრით, ნორმალურია, როცა მოსწავლე შუაღამით მუშაობს? - გამომცდელად მივაჩერდი «ქიმიას».
- ვაღიარებ, რომ ნამდვილად არ არის ნორმალური! - დამეთანხმა თათა, - მაგრამ რას ვიზამთ, დაუღალავი შრომის გარეშე, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა ძალიან ძნელია.
- როგორც მივხვდი, ერთმანეთთან გარიგება დადეთ - ის დისერტაციის წერაში გეხმარებათ, თქვენ - კარგი ატესტატის გატანაში, არა?
- უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით ასეა. მერე რა, ეს კრიმინალური დანაშაულია? - ნიშნისმოგებით ამომხედა ჭელიძემ.
- ჩემი აზრით, კრიმინალი ამ ამპულაშია და არა თქვენს გარიგებაში, - ვუპასუხე, - ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასეთ ამპულებში აღმოუჩენიათ ნარკოტიკული ნივთიერება.
- რა-ა? ნარკოტიკი? - ცუდი მსახიობივით ხელოვნურად ამოიოხრა თათამ, - რა სისულელეა, სკოლის მოსწავლემ რა იცის, რა არის ნარკოტიკი? ნიკა, შემომხედე! ხომ არ ვცდები?
დირექტორის მოადგილე აშკარად დამცინოდა. ნიკამაც ჯიუტად გადააქნია თავი.
- ხედავთ? მას არ შეეძლო ამის გაკეთება. ის მხოლოდ ფორმულებით ხელმძღვანელობდა და ნარკოტიკის დამზადებას ვერანაირად შეძლებდა.
- რა საშუალებებს და ფორმულებს იყენებდა გოგოლაძე, ამას ექსპერტიზა დაადგენს, გპირდებით, - სარკასტულად გავუღიმე ორივეს.
- ექსპერტიზა? რატომ უნდა ველოდოთ ექსპერტიზის პასუხს? - მხრები აიჩეჩა მასწავლებელმა, - ახლავე შემიძლია ყველა ის ორგანული ნივთიერება ჩამოგითვალოთ, რომელიც ჩვენს ლაბორატორიაში მოგვეპოვება. ესენია: ეტონიტაზენი, მეტადონი, დიფენილაცეტონი და მეთილფენტანილონი. სულ ეს არის. ნიკას რამდენიმე ექსპერიმენტი უნდა ჩაეტარებინა. პირველ რიგში, დაემზადებინა დიფენილაცეტონიტრილი, კიდევ - ამინომჟავის კონცენტრაციის კრისტალიზაციისთვის ლაქტოზის დოზა გაეზარდა. ამ და კიდევ რამდენიმე ოპერაციის მეშვეობით მას უნდა მიეღო ორი პრეპარატი - მეტადონი და ფენადოქსონი. კიდევ გაქვთ შეკითხვები?
- სამწუხაროდ, თქვენი ქიმიური ტერმინოლოგია ჩემთვის ჩინურია, რადგან ამ საგნის არაფერი მესმის, - ვაღიარე, - სამაგიეროდ, სისხლის სამართლის კოდექსი დაზეპირებული მაქვს. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოკლე ხანში, თქვენი საუკეთესო მოსწავლე ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდება, როგორც მკვლელობის თანამონაწილე.
წინადადება დავამთავრე თუ არა, ნიკას ღიმილი ტუჩებზე შეაშრა, შიშისგან თვალები დაუმრგვალდა და დაფეთებული მომაშტერდა.
- რა თქვით? რომელი მკვლელობის თანამონაწილე? - ამოიხრიალა ბიჭმა.
- ჩვეულებრივის! - ცივად მოვუჭერი, - გუშინწინ ჩემი კოლეგა, რომელიც თქვენს სოფელში იმყოფებოდა სპეცდავალებით, უღელტეხილზე ავარიაში მოყვა. ქალბატონო თათა, ხომ გახსოვთ თამაზი? იცით, რა დაადგინა ექსპერტიზამ? მისი მანქანის ძრავაში რომელიღაც შხამქიმიკატი იყო ჩასხმული, რომ ძრავა მწობრიდან გამოსულიყო და ავარიული სიტუაცია გამოეწვია. ეს კარგად დაგეგმილი მკვლელობაა, ბიჭუნა, გასაგებია? შენ კი მოგიწევს, კანონის წინაშე პასუხი აგო!
- კი მაგრამ, გოგოლაძე რა შუაშია? - ტუჩები გაუთეთრდა «ქიმიას».
- იმ შუაშია, რომ გოგოლაძემ სწორედ ამ წუთში, ისეთი რეაქცია გამოიწვია თავისი ექსპერიმენტით, როგორიც ძრავაში ჩასხმულმა ქიმიურმა ნივთიერებამ. ჩაწვდით საქმის არსს, ქალბატონო თათა?
- თქვენ ქიმიის არაფერი გაგეგებათ! - იყვირა ჭელიძემ, - როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა ექსპერიმენტი ჩაატარა გოგოლაძემ?
- რა თქმა უნდა, მე მხოლოდ ვვარაუდობ, მაგრამ საბოლოო პასუხს ისევ და ისევ ექსპერტიზა დაადგენს. შეამოწმებენ ამ ამპულას და ყველაფერს გაარკვევენ, ამის გარანტიას გაძლევთ. ასე რომ, პოლიციის მოსვლამდე ლაბორატორიაში ფეხს ვერავინ შემოადგამს!
ნიკა ცახცახმა აიტანა და გაფითრებული ფეხზე წამოიჭრა.
- რატომ იტყუებით? მე არავინ მომიკლავს, დედას გეფიცებით!
- ამას მე ნუ მეუბნები, ბიჭუნა, მოვა გამომძიებელი და პასუხს მას გასცემ! - ხმას ავუწიე და მეტი სიმკაცრისთვის მაგიდას მუშტი დავარტყი.
გოგოლაძე გაჩუმდა და ნიკაპაკანკალებულმა საწყალობლად გახედა თავის მფარველს.
თათა ერთხანს შესაშური გულგრილობით იჯდა, მერე თავი ჩემკენ მოატრიალა და მშვიდად წარმოთქვა:
- მე არაფერი ვიცი.
ამის გაგონებაზე გოგოლაძეს სახე უარესად მოებრიცა, გამშრალი ტუჩები მოილოკა და მასწავლებლისკენ დაიძრა.
- მე… მე არავინ მომიკლავს… მე მხოლოდ გავაფრთხილე იგი…
- რის შესახებ? - გონს მოსვლა არ ვაცალე ყმაწვილს, - რის შესახებ გააფრთხილე? - მივეჭერი და მხრებში ჩავაფრინდი.
- ვუთხარი, რომ ძრავის ცილინდრში დიოქსიდი ჩავასხი.
- იტყუები, ყმაწვილო, იტყუები! - წონასწორობიდან გამოსულმა მთელი ხმით ვიყვირე, - შენ გინდა, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილო, მაგრამ ეგ ნომერი არ გაგივა, იცოდე!
- მე მართალს ვამბობ… - დაიჩურჩულა ნიკამ და ამოისლუკუნა.
- თუ მართალს ამბობ, მაშინ მითხარი, ვინ გაიძულა ამის გაკეთება?
გოგოლაძემ ისევ თათას მიაპყრო საწყალობელი მზერა, მაგრამ ქალი კვლავ მშვიდად იჯდა, ნაკვთი არ შერხევია სახეზე.
- ასე რატომ მიყურებ, გოგოლაძე? - ნაზი ხმით წარმოთქვა ბოლოს და თბილად გაუღიმა მოსწავლეს, - ეს შენი საქმეა. როცა გეკითხებიან, პასუხი უნდა გასცე, თან ისე, როგორც შენ მიგაჩნია საჭიროდ.
ეს უკვე ფარული მინიშნება იყო. მასწავლებელმა თავისი პასუხისმგებლობა მთლიანად მოსწავლეს გადააბარა. ბიჭმა ჩემკენ მოაბრუნა თავი, თავზარდაცემულს ტუჩები დაბრეცოდა.
- მამუკა ნოზაძემ მაიძულა, - ძლივს გასაგონი ხმით თქვა.
«ქიმია» კვლავინდებურად ინარჩუნებდა სიმშვიდეს, მტკიცედ უძლებდა გამოცდას.
- მერე? არ ჰკითხე, რატომ სურდა ჟურნალისტის მოკვლა?
- იმიტომ, რომ… - გოგოლაძეს ჰაერი არ ჰყოფნიდა, - იმიტომ, რომ მან გაიგო მეტანოფენტალინის შესახებ.
- ანუ, ამის შესახებ? - ხაზგასმით წარმოვთქვი და ამპულა მაღლა ავწიე.
ბიჭმა თავი დააქნია.
- ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა! - თათა ჭელიძემ ამოიოხრა და ხელები ლოყებზე შემოიწყო, - ნიკა, გამოდის, რომ ამპულებში მართლა მეტანოფენტალინი ჩაასხი? და ამის გაკეთება მამუკამ გაიძულა? რატომ დროზე არ მითხარი? რატომ დამიმალე, რატომ?
«ქიმიისკენ» მივტრიალდი.
- ქალბატონო თათა, ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ. შეკითხვებს აქ მე ვსვამ და არა თქვენ. კარგად ვხედავ, როგორ კარნახობთ გოგოლაძეს საჭირო პასუხებს. არ გინდათ, ჩემი გაცურება არც ისე ადვილია.
- რას ლაპარაკობთ! მსგავსი რამ გულშიც არ გამივლია! გოგოლაძე უკვე დიდი ბიჭია და ჩემი კარნახი არაფერში სჭირდება. სულაც არ მსიამოვნებს ახლა აქ ყოფნა, მაგრამ პასუხისმგებლობა არ მაძლევს მისი მარტო დატოვების უფლებას. მე მივეცი მას სკოლის და ლაბორატორიის გასაღები, მე ვთხოვე რამდენიმე ცდის ჩატარება, მაგრამ რა ვიცოდი, ნოზაძის გავლენის ქვეშ თუ მოექცეოდა და მეტანოფენტალინის სინთეზირებით დაკავდებოდა? ეს რომ ადრე მცოდნოდა, მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდი სკოლის ლაბორატორიაში ნარკოტიკების დამზადებას.
- ესე იგი, ადასტურებთ, რომ ამ ამპულაში ნარკოტიკია?
- გასაკვირი იქნებოდა, ქიმიის სპეციალისტმა არ ვიცოდე, რა არის მეტანოფენტალინი. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ეს პრეპარატი საწარმოებლად აკრძალულ მედიკამენტთა სიაშია შეტანილი, მაგრამ… - თათა შეირხა და უფრო მოხერხებულად დაჯდა სკამზე.
- გოგოლაძე, შენ თუ იცოდი, ნარკოტიკს რომ ამზადებდი? - მივუბრუნდი ნიკას.
- არა, არ ვიცოდი, გეფიცებით. მამუკა მასწავლებელმა მხოლოდ ფორმულა მომცა და მეთოდიკა ამიხსნა, როგორ უნდა დამემზადებინა! - იყვირა გოგოლაძემ.
- კარგი, გასაგებია, - თავი დავაქნიე, - ქიმიის მასწავლებელი კარგ ატესტატს შეგპირდა და იმიტომ ეხმარებოდი… მაგრამ ნოზაძე რას შეგპირდა, იმას რატომ დაეხმარე?
- მან ფული გადამიხადა.
- რამდენი, ბევრი?
ნიკა შეყოყმანდა, დროის მოსაგებად ცხვირი ხმაურით მოიხოცა და თქვა:
- თითო ამპულაში 50 ლარს მაძლევდა.
თათამ ისევ ამოიოხრა.
- ახლა გასაგებია, ამ ობოლ ბავშვს საიდან გაუჩნდა კომპიუტერის და მუსიკალური ცენტრის საყიდელი ფული. მაგრამ მამუკა? განა რამდენს გამოიმუშავებდა იგი? რა ნაძირალა ყოფილა! მე კი სულელივით მიკვირდა, რაში აინტერესებს მისნაირ კაცს საიუველირო მაღაზიები-მეთქი, - ტუჩი აიბზუა ჭელიძემ.
მის რეპლიკას ყურადღება არ მივაქციე, კვლავ ნიკას მივუბრუნდი, რომ მისთვის მოდუნების საშუალება არ მიმეცა.
- როგორც ვხვდები, აუცილებელი ქიმიკატები ინსტიტუტის საწყობიდან მოგქონდა. ასეა? - გავაგრძელე დაკითხვა.
- ნაწილი ინსტიტუტიდან, ნაწილს კი თვითონ მამუკა მასწავლებელი მაძლევდა.
- რატომ მაშინვე არ მითხარი ეს ამბავი, ნიკუშა, ჩემო ბიჭო? - ალერსიანად მიმართა თათამ გოგოლაძეს, - კიდევ კარგი, ახლა მაინც აღიარე სიმართლე. ნამდვილად სწორად მოიქეცი, ეს ღირსეული საქციელია შენი მხრიდან.
ენას კბილი დავაჭირე, რომ ჭელიძე არ გამომელანძღა. ნერვებს მიშლიდა მისი სიტყვები. არ მომწონდა, ასე რომ ამხნევებდა მოსწავლეს, რადგან ყოველი მისი სიტყვის უკან რაღაც მინიშნება იმალებოდა.
- სად მიჰქონდა ნოზაძეს ამპულები?
- ვიღაცები აკითხავდნენ «ჯიპით», რამდენჯერმე თვითონ წაიღო ქუთაისში თუ თბილისში, არ ვიცი.
ნიკას ნათქვამი სიმართლეს ჰგავდა, მანქანის დაწვის ფაქტსაც ემთხვეოდა, თუმცა ერთი რამ არ მაძლევდა მოსვენებას. ვერაფრით დავიჯერებდი, რომ თათა ჭელიძემ ნარკოტიკის დამზადების თაობაზე არაფერი იცოდა. აბა, რატომ გამაჩერა რამდენიმე საათის წინ, როცა გოგოლაძეს დასაჭერად მივდევდი? ბიჭს ალბათ საჭირო ქიმიკატები გამოჰქონდა ინსტიტუტიდან და ქალს არ უნდოდა, ეს მე გამეგო. მაგრამ… რატომ არ ჩაერია «ქიმია» ნოზაძის და გოგოლაძის ბინძურ საქმეებში? თვითონ რა ხეირს ნახულობდა? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ მქონდა. გარდა ამისა, გონებიდან წამითაც არ მშორდებოდა ქალის სახე, დამწვარი «ჯიპი» რომ დაინახა.
- სად არის ნოზაძე? - ისევ ნიკას მივუბრუნდი.
- არ ვიცი, ორი დღეა, არ გამოჩენილა.
- ვერც ხვდები, სად შეიძლება იყოს?
- ვერა.
ჯიბიდან სპორტული მედალი ამოვიღე და ცხვირწინ ავუფრიალე ბიჭს.
- იქნებ არც ეს იცი, რა არის?
ნიკამ დაკვირვებით ახედა მედალს და თავი გააქნია.
- არა, არ ვიცი.
- ნუ მატყუებ, ყმაწვილო! ეს ის მედალია, თამაზის მანქანის უსაფრთხოების ღვედების შესაკრავში რომ ჩატენე, დაგავიწყდა? რატომ გააკეთე ეს, რომ ეჭვი ნოზაძეზე მიგვეტანა?
- რა-ა?! - იყვირა გამწარებულმა, - მე არსად არაფერი ჩამიტენია! ნუ მაბრალებთ!
- არც ნოზაძის ბრტყელტუჩა ჩაგიგდია მანქანაში? არც ამის შესახებ იცი, არა?
- არ ვიცი, არა! - უარესად აყვირდა ნიკა, - თათა მასწ! რა უნდა ჩემგან, უთხარით, რომ ეს მე არ გამიკეთებია! - ბიჭმა თავი ხელებში ჩამალა და აქვითინდა.
- მორჩა! გეყოფათ ბავშვის წვალება! - ცივად წარმოთქვა თათამ, - არ არის საკმარისი, რაც აღიარა? გინდათ, რომ სხვისი დანაშაული საკუთარ თავზე აიღოს?
ქალი წამოდგა და გოგოლაძეს მიუახლოვდა… და მოხდა ის, რასაც ველოდი. ბიჭი მის წინ დაემხო და მასწავლებელს მუხლებზე შემოხვია ხელები.
- თათა მასწ… თათა მასწ… - გულამოსკვნით ტიროდა, - რომ იცოდეთ, რა უბედური ვარ, თათა მასწ… რა დავაშავე ასეთი…
ნაცნობი სცენის მეორედ ნახვის ძალა აღარ შემწევდა. ზიზღით გადავხედე ორივეს და ლაბორატორიისკენ გავეშურე. კარი საგულდაგულოდ ჩავკეტე და გასაღები ჯიბეში ჩავიდე.
- არავის ვურჩევ, ამ კარის გაღებას შეეცადოს, - მუქარის ტონით წარმოვთქვი, - წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მცდელობა ისე შეფასდება, როგორც სერიოზული სამხილი. შენ კი, ყმაწვილო, მოემზადე ჩვენების მისაცემად.
- მე არ მომიკლავს ჟურნალისტი! - ისტერიკულად გაჰყვიროდა ნიკა, - მე ჩავასხი დიოქსიდი ძრავაში და ამის შესახებ ვუთხარი კიდეც იმ კაცს. არანაირი მედალი არ გამომიყენებია! ეს ჩემთვის არავის დაუვალებია! რატომ უნდა გამეკეთებინა?
მისმა სიტყვებმა უეცრად გონება გამინათა და მივხვდი, რომ ჩიხში მოვექეცი.
თუკი ნიკას სურდა, ყველაფერი ფიზკულტურის მასწავლებელს დაბრალებოდა და ის გვეცნო დამნაშავედ, მაშინ ვისთვისღა ამზადებდა ნარკოტიკების მორიგ პარტიას? ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ბიჭს მისი გასაღება დამოუკიდებლად ჰქონდა განზრახული. თუმცა… იქნებ თავის ძვირფას და განუმეორებელ «ქიმიას» უკეთებდა საჩუქარს? იქნებ სწორედ ეს დიდებული ქალი იმალება ამ იდუმალებით მოცული საქმის უკან?
ამ კითხვებზე თავის მტვრევა არ დამიწყია, რადგან დრო არ ითმენდა, ამიტომ ცივად მივუტრიალდი მოსწავლეს და მასწავლებელს.
- გაათავისუფლეთ კაბინეტი! უნდა დავლუქო!
რა თქმა უნდა, არანაირი ლუქი არ გამაჩნდა, მაგრამ ამ მომენტში, მეტი ოფიციალურობისთვის, ასე იყო საჭირო. იმდენად «ნიჭიერად» გამომივიდა ნათქვამი, რომ თავად თათამაც კი დაიჯერა ჩემი სიტყვები. მან სათუთად გადახვია ხელი გოგოლაძეს, მისი თავი გულზე მიიხუტა და ოთახიდან გაიყვანა.
დანაშაულის სურათი უფრო და უფრო ნათლად მეხატებოდა. თქმა არ უნდოდა, რომ ძრავის ცილინდრში მჟავა ნამდვილად ნიკამ ჩაასხა, მაგრამ თამაზი არ გაუფრთხილებია. ეს რომ ასე ყოფილიყო, თაზო მანქანის საჭეს არ მიუჯდებოდა და როგორმე სხვა საშუალებით მოახერხებდა თბილისში ჩასვლას. უდავოა, ბიჭი ჯიუტად გააგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ჟურნალისტი წინასწარ გააფრთხილა, რომ მას თამაზის მოკვლა განზრახული არ ჰქონდა, მაგრამ ფაქტს ვერსად გაექცევა. ამას იმიტომ ამბობს, რომ იცის, რაც მოელის. თუმცა…
თუმცა ზოგიერთი რამ მისი მონაყოლიდან სიმართლედ მეჩვენებოდა. სინამდვილეში მას მართლაც არ სჭირდებოდა სპორტული მედლის ღვედის შესაკრავში ჩატენვა. რატომ უნდა ჩაეშვა ფიზკულტურის მასწავლებელი, როცა მისგან ამხელა «სიკეთე» მოსდიოდა? ნოზაძე ხომ თითო ამპულაში ას დოლარს უხდიდა მოსწავლეს? სწორედ მისთვის არ ამზადებდა ნარკოტიკების ბოლო პარტიასაც? გამოდის, რომ ნიკას მისი ჩაშვება არაფერში აწყობდა. სხვას ვის შეეძლო ამპულების გასაღება?
ნიკას ნათქვამი გამახსენდა, ხანდახან მამუკა მაძლევდა ქიმიურ ნივთიერებებს ნარკოტიკების დასამზადებლადო. იქნებ ის კანისტრაც, ინსტიტუტში რომ ჩაჰქონდა კიბეზე, ნოზაძის მიცემული იყო? სრულიად შესაძლებელი ვერსიაა. აქედან გამომდინარე, დღეს საღამოს ნიკა მას შეხვდა და ბიჭმა იცის, სად იმალება მთავარი დამნაშავე.
ერთი სიტყვით, კარგი შანსი გამიჩნდა, ფიზკულტურის მასწავლებლის კვალს დავდგომოდი და ძალიან მალე დამეკავებინა. რას ვიზამდი, მე რომ ნიკა გოგოლაძე ვყოფილიყავი? რა თქმა უნდა, ინსტიტუტში გავიქცეოდი და მამუკას გავაფრთხილებდი.
ოთახიდან სწრაფად გამოვედი და დერეფანში მიმავალთ დავეწიე. მათ ჩემთვის არ შემოუხედავთ. მეც უხმოდ გავუსწარი, შემოსასვლელი კარი გავაღე და განზე გავდექი, რომ მათთვის გზა დამეთმო.
- პოლიციის მოსვლამდე სკოლაში დავრჩები, - სპეციალურად ვთქვი, რომ ნიკასთვის მეტი თავისუფლების საშუალება მიმეცა.
თუკი ის შეეცდებოდა კვლევით ინსტიტუტში მიბრუნებას, შიში აღარ ექნებოდა, რომ უკან გავყვებოდი.
გავიდნენ თუ არა, კარი კვლავ გასაღებით გადავკეტე და იმ საკლასო ოთახისკენ გავქანდი, საიდანაც შენობაში შემოსვლა მოვახერხე. ფანჯრის რაფაზე უხმაუროდ გადავძვერი და ეზოში კატასავით მსუბუქად ჩავხტი. მთვარიანი ღამე საშუალებას მაძლევდა, ადვილად მიმედევნებინა თვალი გზაზე მიმავალი წყვილისთვის.
წელში ოდნავ მოხრილი, ფრთხილად გადავრბოდი ბუჩქიდან ბუჩქზე, ხეებს ვეფარებოდი, რომ მათ არ შევემჩნიე, თან დისატანციას ვინარჩუნებდი, რომ ისინი თვალთახედვის არიდან არ დამეკარგა. სოფლის ცენტრში ორივენი შეჩერდნენ, კარგა ხანს ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. სამწუხაროდ, მათი ხმა გარკვევით არ მესმოდა, მხოლოდ თათას ნათქვამი ცალკეული ფრაზები აღწევდა ჩემამდე.
- ეს აუცილებელია… ყველაზე სერიოზული სამხილი… ვერ შეძლებენ დამტკიცებას…
როგორ არ ვეცადე, მაგრამ ვერაფრით გავარჩიე, რა სამხილზე იყო ლაპარაკი. ცოტა ხნის შემდეგ ქალი ბიჭს გადაეხვია, აკოცა და თავზე ხელი გადაუსვა. აქ დაშორდნენ ერთმანეთს. თათა თავისი სახლისკენ გაეშურა, ნიკა კი საპირისპირო მხარეს გატრიალდა და წყალგამშვები კოშკისკენ აიღო გეზი.
გადამწყვეტი მომენტი დადგა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ გოგოლაძე ინსტიტუტისკენ გარბოდა, რათა ფიზკულტურის მასწავლებელს შეხვედროდა და მოსალოდნელი საშიშროების შესახებ გაეფრთხილებინა. როგორც ჩანს, თათამ დაარწმუნა, რომ ასე მოქცეულიყო. ისე უნდა მივყოლოდი უკან, რომ არც შემეშინებინა იგი და არც თვალი მომეშორებინა.
გოგოლაძე მსუბუქად და სწრაფად გარბოდა. ძალიან მიჭირდა, საჭირო მანძილიც დამეცვა და შეუმჩნეველიც დავრჩენილიყავი. წყალგამყვან კოშკთან წუთით დამეკარგა, ვერ მოვასწარი თვალი შემევლო, საით გადაუხვია, თუმცა მალევე შევამჩნიე - რკინის ჭიშკარში შურდულივით შევარდა. მთელი სისწრაფით გავეკიდე უკან. ნიკამ გეზი პირდაპირ მთავარი შენობისკენ აიღო, იქითკენ, სადაც სულ ცოტა ხნის წინ მე და თათა ვიმყოფებოდით. კარის ზღურბლს მიუახლოვდა თუ არა, აქოშინებული გოგოლაძე სულის მოსათქმელად შეჩერდა და ირგვლივ ქურდულად მიმოიხედა. მე ადგილზე გავხევდი, სუნთქვაც კი შევიკარი, არ მიმიხვდეს, აქ რომ ვარ-მეთქი. როგორც კი ბიჭმა კარი გააღო და შენობაში მიიმალა, მეც მივირბინე. დავიჯერო, აქ უნდა შეხვდეს ნოზაძეს, ამ ნახევრად დანგრეულ შენობაში? უცნაურია, პირდაპირ სათვალთვალო პუნქტისკენ რომ არ წავიდა. როგორ მოვიქცე? ჩაბნელებულ კიბეზე უკან მივყვე თუ აქ დაველოდო?
მაინც შენობაში ვამჯობინე შესვლა, მაგრამ ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა, მძიმე ნაბიჯების ხმა შემომესმა. ვიღაც ქვემოთ ჩამოდიოდა. კიბის უკან დავიმალე. აქ შეუძლებელი იყო, ვინმეს შევემჩნიე. ერთი წუთის შემდეგ ნიკამ გვერდით ჩამიარა. მას ორივე ხელში კანისტრები ეჭირა, ხოლო იღლიის ქვეშ პოლიეთილენის სავსე პარკი ჰქონდა ამოჩრილი. კაცმა არ იცის, რა იდო ამ პარკში ან რა ესხა კანისტრებში. თუმცა ისე გაჭირვებით გადაადგილდებოდა, ძნელი არ იყო მიხვედრა, რომ რაღაც ძალიან მძიმეს მიათრევდა.
აი, თავსატეხი! ნუთუ უკვე შეხვდა ნოზაძეს და მიიღო მისგან ქიმიური ნივთიერებების მორიგი პარტია? ასე მალე?..
არა, შევცდი! ბიჭი ჭიშკრისკენ არ წასულა. ჩემდა გასაკვირად, წყაროსკენ შეტრიალდა და სათვალთვალო პუნქტისკენ მიმავალ გზას გაუდგა. მეძებარი ძაღლივით ჩუმად მივდევდი უკან. ბიჭი წყაროსთან შეჩერდა, ჩემკენ მოტრიალდა და სიჩუმეს ყური მიუგდო. მსწრაფლ ხეს მოვეფარე და კვლავ ადგილზე გავხევდი. ხომ არ შემამჩნია? იქნებ მიხვდა, რომ ვუთვალთვალებ? ადგილიდან არ ვიძროდი, რადგან ისეთი სიჩუმე იდგა, ოდნავი ფაჩუნიც კი დაარღვევდა ღამის მყუდროებას.
გავიდა ერთი წუთი, ორი… თვალები დავხუჭე. მოთმინებით ველოდებოდი, როდის გააგრძელებდა ნიკა გზას. ბოლოს ვეღარ მოვისვენე და თავი გვერდზე გადავხარე, რომ გოგოლაძისთვის შემეხედა… კინაღამ გული გამისკდა! ბიჭი თავის კანისტრებიანად გამქრალიყო. რა სულელი ვარ, როგორ მომატყუა ამ ლაწირაკმა, როგორ მაჯობა ჭკუაში! ერთი გემრიელად შევიგინე და სამალავიდან გამოვედი. მთელი ტერიტორია სირბილით დავიარე, მაგრამ მის კვალს ვერ მივაგენი. სად უნდა წასულიყო? ისეთი მძიმე ტვირთით შორს ნამდვილად ვერ წავიდოდა, მაგრამ ასე უცებ სად გაქრა? ნუთუ ბუჩქებში იმალება და იქიდან მაკვირდება? კარგი, ეგრე იყოს, ვნახოთ, ვინ აჯობებს, - გავივლე გულში გაბრაზებულმა და ისევ მთავარი კორპუსისკენ მივტრიალდი. იქვე, ბუჩქებში ჩავიმალე და გავყუჩდი. აქედან წყაროც კარგად მოჩანდა, სათვალთვალო პუნქტიც და ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული ჯიხურებიც, ამიტომ თვალის დევნება არ გამიჭირდებოდა.
გაგრძელება იქნება
იხილეთ ასევე:
დუმილის შეთქმულება - თავი 11
დუმილის შეთქმულება - თავი 10
დუმილის შეთქმულება - თავი 9