ნოველები

დუმილის შეთქმულება - თავი 13

დუმილის შეთქმულება - თავი 13
წინა თავი

ხუთი წუთი დავყავი მიწაზე განრთხმულმა, თან აქეთ-იქით გაფაციცებით ვიყურებოდი. ის იყო, სიცივე ძვალსა და რბილში გამიჯდა და სამალავიდან გამოსვლა დავაპირე, რომ ჩემამდე ვიღაცის სულისშემძვრელმა ყვირილმა მოაღწია.

სწრაფად წამოვხტი ფეხზე და მიმოვიხედე. ხმა დახშული იყო, თითქოს მიწიდან ამოდიოდა. უცებ ვერც განვსაზღვრე, რომელი მხრიდან მოდიოდა. ამასობაში ვიღაცის ოხვრას ყრუ დარტყმების ხმა მოჰყვა, რომელიც ჯერ კვლავ შეყვირებამ, მერე კი კვნესამ შეცვალა.

ვერ გადმოვცემ, რა სისწრაფით გავრბოდი. ფეხები ისეთი სიძლიერით ეხებოდნენ მიწას, თითქოს ცაში აფრენა მქონოდა განზრახული.
ყვირილის ხმას მივყვებოდი, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, ვინ ყვიროდა… ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ვიღაც განსაცდელში იმყოფებოდა.

როცა ჯიხურს მივუახლოვდი, მხოლოდ კვნესის ხმა ისმოდა, არა, უფრო სწორად, ხროტინის… თითქოს მომაკვდავი ადამიანი სიკვდილს ებრძოდა. ახლოს მისული შევჩერდი და ფრთხილი ნაბიჯებით მივუახლოვდი ჯიხურის კარს, რომელიც გარედან ურდულით იყო ჩარაზული. რის ვაივაგლახით შევძელი ურდულის რაზიდან ამოგდება. როცა გავაღე და შიგნით შევიხედე, დაბლა ჩამავალი საფეხურები შევამჩნიე. მივხვდი, რომ ამ კარიდან პირდაპირ სარდაფში ამოვყოფდი თავს. უეცრად მძაფრი სუნი მეცა ცხვირში, თვალები მომენტალურად ამეწვა და ცრემლები წამომივიდა. სარდაფიდან სუსტი შუქი მოჩანდა. ქვედა საფეხურზე ანთებული ფანარი დავინახე. იქვე, ზღურბლთან კი, ვიღაც ეგდო, რომელიც გამწარებული კვნესოდა და იკლაკნებოდა.

ჩემთვის ყველაფერი გასაგები გახდა. შემეძლო, არც შემეხედა დაშავებული ადამიანისთვის, ისედაც ადვილი მისახვედრი იყო, ვინც უნდა ყოფილიყო. განა სხვა ვინ, თუ არა ნიკა გოგოლაძე?

სუნთქვა შევიკარი და დავიხარე. ამასობაში კვნესის ხმა მიწყდა, პირქვე დამხობილი სხეულიც აღარ იძროდა. ბიჭი გულაღმა ამოვატრიალე. თითი საძილე არტერიაზე მივადე… იგი უკვე მკვდარი იყო, აღარ სუნთქავდა… თვალებგახელილს სახეზე საშინელი გამომეტყველება აღბეჭდოდა. ხელებზე დავხედე, ერთიანად სისხლში ჰქონდა მოსვრილი.

მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, უნდა გამოვსულიყავი გარეთ, თორემ თუ ამოვისუნთქავდი, მოწამვლა არ ამცდებოდა. ბიჭს საყელოში ჩავავლე ხელი და ეზოში გამოვათრიე. მერე ცხედარს ხელი ვუშვი და ცოტა მოშორებით გადავინაცვლე, რომ სუფთა ჰაერი ჩამეყლაპა. ცოტა ხნის შემდეგ გონს მოვედი, თვალებში გამოვიხედე და კვლავ შესასვლელს მივუახლოვდი, რომ იქაურობა საგულდაგულოდ დამეთვალიერებინა. კარს გარედან დადებული ურდულის გარდა, სხვა საკეტი არ ჰქონდა. უდავო იყო, ვიღაცამ გოგოლაძე შეგნებულად ჩაკეტა, რომ სარდაფიდან ამოსვლა ვერ მოეხერხებინა. იმ საცოდავმა კი, როცა იგრძნო, რომ სული ეხუთებოდა და იხრჩობოდა, ჩარაზული კარის გაღება სცადა. სწორედ ამიტომ ჰქონდა ხელები დასისხლიანებული.

ფანარს დავხედე, რომელიც კიბის მეხუთე თუ მეექვსე საფეხურზე ეგდო. თავში გიჟური იდეა მომივიდა, მაგრამ იმ წუთას შედეგზე აღარ ვფიქრობდი… მხოლოდ მაშინ ამიტანა ძრწოლამ, როცა ბოლომდე ჩავედი და ფანარი ხელში ავიღე. მაღლა ამოვიხედე. ხომ იქნება ჩემზე ახი, ახლა ნოზაძე გამოჩნდეს და მეც ისევე ჩამკეტოს გარედან, როგორც გოგოლაძე? ისე დავიხუთები ამ დამპალ სარდაფში, ვერასდროს ვერც ერთი დეტექტივი ამ საქმის გამოძიებას ვერ შეძლებს და ფიზკულტურის მასწავლებელსაც თავისი ყველა დანაშაული ხახვივით შერჩება.

მაინც ჯიუტად მივიწევდი წინ, სუნთქვას ძლივს ვიკავებდი. თვალები ისევ ამეცრემლა და ამეწვა. როგორც იქნა, ბოლომდე ჩავაღწიე. ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა ღაწვებზე. ფანრის შუქი კედლებზე მიმოვატარე. აი, ცარიელი კანისტრები აქ ყრია. პოლიეთილენის გახეული პარკიც აქვე აგდია. ეს რა არის? თვალები დამებნიდა, გამიჭირდა საგნების გარჩევა. კუთხეში რაღაც მომწვანო ფერის სითხე იყო დაღვრილი, რომელიც უცნაურად შიშინებდა. მძაფრი სუნი სწორედ ამ სითხეს უდიოდა.

ვიგრძენი, რომ ახლა ან დავბრმავდებოდი, ან გავიგუდებოდი, ამიტომ კვლავ უკან ამოვირბინე. ჰაერზე ამოვედი თუ არა, მიწაზე გავგორდი და ამოვისუნთქე. ისეთი ხველა ამიტყდა, კინაღამ გული ამერია. რა ნივთიერებაა ამისთანა? ნუთუ მომწამლავი აირია? რომელი სახეობის? პასუხს ვერც ერთ კითხვაზე ვერ ვცემდი.

გონს მობილურის ზარმა მომიყვანა. ხელის კანკალით ამოვიღე ჯიბიდან მობილური.

- ალო, - ჩახრინწული ხმით ძლივს ამოვთქვი.

- ბატონი კოკა მინდოდა, თუ შეიძლება, - გოგონას მხიარული და თბილი ხმა ჩამესმა.

ძალა მოვიკრიბე და ვუპასუხე.

- გისმენთ…

გოგონა რაღაცაზე მეტიტინებოდა. თავიდან ვერ მივხვდი, რას ამბობდა. მერე თანდათან გავაანალიზე, რომ იგი საიუველირო მაღაზია «მარგალიტის» გამყიდველი იყო და ჩემთან პოლიციის დავალებით რეკავდა. ის ძალიან სწრაფად ლაპარაკობდა და ჩემს ლამის გათიშულ გონებას უჭირდა სიტყვების გარჩევა. ტვინს სიგნალი გვიან მიეწოდებოდა.

- ბოდიშს გიხდით, ასე გვიან რომ გაწუხებთ, მაგრამ მითხრეს, სასწრაფო საქმეაო. მე დავალებული მაქვს, იმ კლიენტის აღწერილობა მოგაწოდოთ, რომელმაც 15 ნოემბერს ჩვენს მაღაზიაში რამდენიმე ძვირად ღირებული ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი შეიძინა. მაპატიეთ, ალბათ გაგაღვიძეთ, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის. სანამ მაღაზია გავაღე და სალაროს ჩეკები ამოვწერე…

- მოკლედ, თუ შეიძლება, - ღონემიხდილმა ძლივს გასაგონი ხმით დავიჩურჩულე.

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ვეცდები, მისი სახე ზუსტად დაგიხატოთ, რომ ზედმეტი დრო არ წაგართვათ. დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა, შავი თვალ-წარბი ჰქონდა, მოკლე ვარცხნილობა, ძალიან სიმპათიური და დინჯი მამაკაცი ჩანდა. დიდი პირით, მგრძნობიარე ტუჩებით და ოდნავ მეჩხერი კბილებით. რაღაცით ბრედ პიტს ჩამოჰგავდა.

- გმადლობთ, - ცივად ვთქვი და მობილური გავთიშე.

მორჩა. უკვე შეიძლება წერტილის დასმა. შეცდომა გამორიცხულია. აქედანვე ჩანს, რომ საიუველირო მაღაზიაში ბრილიანტები ნოზაძემ შეიძინა. გოგონამ სწორედ მისი პორტრეტი აღწერა. ხედავ, როგორი გონიერი კაცი ყოფილა? ნარკოტიკები გაყიდა და აღებული ფული ძვირფასეულობაში დააბანდა. ვერაფერს იტყვი, სარგებლიანი გათვლაა.

ფეხზე რის ვაი-ვაგლახით წამოვდექი და ინსტიტუტის მთავარ კორპუსს გავხედე. მორჩა, უნდა დავამთავრო ეს საქმე. დროა, დამნაშავე მახეში გავაბა!

8 8 8

თანდათან მოვსულიერდი. თვალები უკვე აღარ მეწვოდა. გოგოლაძის გვამი იქვე, კედელთან მივაჩოჩე, ბიჭს თვალები დავუხუჭე და ცოტა ხნით ჩავფიქრდი, რა გამეკეთებინა.

რა თქმა უნდა, საკონტროლო პუნქტში უნდა მივბრუნებულიყავი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ეს შეუმჩნევლად მომეხერხებინა. მამუკას არ უნდა დავენახე, თორემ დამასწრებდა და ტყვიას პირდაპირ შუბლში დამახლიდა.

პუნქტამდე მისასვლელად შემოვლითი გზა ვარჩიე. ეზოს მთელ ტერიტორიაზე ეკლიანი ბუჩქნარი იყო მოდებული. სწორედ ეს მარშრუტი ავირჩიე. მიუხედავად იმისა, რომ ეკლები ხელებს მიკაწრავდა, უკან არ ვიხევდი, რადგან ყველაზე საიმედო გზა ახლა სწორედ ეს იყო.

კითხვის ნიშანივით წელში მოხრილი, როგორც იქნა, მივუახლოვდი ნაცნობ შენობას და ჭრაჭუნა კიბეს საფეხურების გამოტოვებით ავუყევი, ლამის სირბილით, რომ რაც შეიძლება, მალე ავსულიყავი მაღლა. ეს უარესი გამოდგა. რკინის კონსტრუქციამ, ჭრიჭინთან ერთად, ფეხებქვეშ ზანზარიც დაიწყო. უკვე აღარ ვფრთხილობდი. მოხდეს, რაც მოსახდენია, გავიფიქრე ჩემთვის და მძიმე კარს მხრით მივაწექი, რომ გამეღო, მაგრამ…

ჩემდა გასაოცრად, იგი დაკეტილი დამხვდა. აჰა, შეეშინდა პატივცემულ მამუკას და შიგნიდან ჩაიკეტა. თუმცა ამან ვერ შემაჩერა. ისე ვიყავი განრისხებული, უკან არაფერზე დავიხევდი. წიხლები მთელი ძალით დავუშინე რკინის კარს, თან უკანასკნელ ხმაზე გავყვიროდი.

- ნოზაძე! გააღე! გირჩევნია, შენი ნებით გააღო, სანამ შემომიმტვრევია!

რა თქმა უნდა, გადავაჭარბე ჩემს შესაძლებლობებს, რადგან, ძალიანაც რომ მომენდომებინა, კარს ვერაფრით შევამტვრევდი, მაგრამ ამგვარი მუქარა საქმეს ხელს არ უშლიდა. მზად ვიყავი, ბეტონით ნახევრად ამოშენებული ფანჯარა გამომეტვრია და ისე გადავმძვრალიყავი ოთახში. არ ვიცი, ან ამას როგორ მოვახერხებდი, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, არაფრის გაკეთება არ დამჭირდა. მოულოდნელად კარს იქიდან ჩუმი ნაბიჯების ხმა გაისმა. ნუთუ გააღებს? დავიშოკე. ერთი ნაბიჯით გვერდზე გავიწიე, რადგან არ იყო გამორიცხული, მამუკას შიგნიდან სროლა აეტეხა და ტყვია მომხვედროდა. ვაი, მის ტყავს, იარაღი თუ არ აქვს, ეგრევე ყბას მოვუნგრევ მაგ საცოდავს! - დიდი მონდომებით ვემზადებოდი თავდასხმისთვის. თუკი დანა აღმოაჩნდება, მით უარესი მისთვის, თავდაცვითი ილეთები ისე მაქვს შესწავლილი, მისნაირები ვერ მაჯობებენ.

კლიტეში გასაღები გაჩხაკუნდა. ერთიანად დავიძაბე და მუშტებმოღერებული კარს მივაჩერდი. კბილი კბილს დავაჭირე და საბრძოლო პოზიცია მივიღე…

ცოტაც და, კარი ფართოდ გაიღო…

შევხედე ზღურბლზე მდგარ ადამიანს და თვალებს არ დავუჯერე…

ჩემ წინ ირა იდგა და თავის ლამაზ თვალებს მიამიტურად აფახულებდა.

- უი! - შესძახა მან, - შემთხვევით არ გაგივარდეს, სიხარულო!

ისე ვიყავი გამწარებული, ქალისთვის არც მიკითხავს, აქ როგორ მოხვდა, ხელი ვკარი, გვერდზე მივაგდე და ოთახში შევიჭერი.

- სად არის? - გაცოფებული ვყვიროდი.

- ვინ? - ირა შეშინებული მომჩერებოდა.

- ნოზაძე!

- მე რა ვიცი, - მხრები აიჩეჩა მან, - ეს ჩემთვისაც გამოცანად რჩება.

- ნუ მატყუებ, თორემ… - ვემუქრებოდი შეყვარებულს და გიჟივით დავბორიალობდი კუთხიდან კუთხეში და ყველა წერტილს საგულდაგულოდ ვათვალიერებდი.

- დამშვიდდი, კოკა, ის აქ არ ყოფილა, - ჩემ დაწყნარებას ცდილობდა ირა.

- რას ნიშნავს, არ ყოფილა?! - ლამის ხმა ჩამეხლიჩა, - აბა, ვინ ცხოვრობს აქ, შენი აზრით?

- მე, - თქვა ქალმა და დამნაშავის ღიმილით შემომხედა.

- რა შენ? - ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა მისი სიტყვები და შუბლშეჭმუხნილმა კუშტად გავხედე.

- ჰო, მე ვცხოვრობ აქ, უკვე მეორე ღამეა… ყავას დალევ? - თქვა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.

- დავლევ, - დაბნეულმა ვთქვი და გაოგნებული ნარზე ჩამოვჯექი.

- კონიაკით?

- არა, მარტო კონიაკი დამისხი, ყავა აღარ მინდა!

ირამ სკამზე დადგმულ ბოთლს ხელი წამოავლო, საცობი მოხსნა და ყავის ფინჯანში კონიაკი ჩამოასხა.

- ეს ხომ ნოზაძის ფინჯანია! - ისევ ვიყვირე.

- კოკა! - მოთმინებით წარმოთქვა ირამ, - აქ ყველა ნივთი ჩემია. ნოზაძე ამ ოთახში არასდროს ყოფილა, დაკმაყოფილდი?

- არაფერი მესმის, რა ხდება, ან შენ რა შუაში ხარ, - გაოცებულმა გავასავსავე ხელები, ქალს ფინჯანი გამოვართვი და სულმოთქმელად ისე დავცალე, თითქოს წყალს ვსვამდი.

- მგონი, მე შენ გასაგებად გთხოვე, სააგენტოში დარჩენილიყავი და ჩემს ზარს იქ დალოდებოდი, აქ კი არა, - ვთქვი ბოლოს, ნელ-ნელა აზრზე რომ მოვედი, - არასწორად გაგიგია ჩემი თხოვნა.

- კოკა, საყვარელო, როგორ გგონია, ასეთ დროს შენი მარტო მიტოვება შემეძლო? გგონია, არ ვიცი, როგორ ჩახლართულ საქმეს იძიებ? - ირა გვერდით მომიჯდა და თავი მხარზე დამადო, - ერთი თანამშრომელი უკვე მოგვიკლეს. შენს სიკვდილსაც ხომ არ დაველოდებოდი? თავს ვალდებულად ვგრძნობდი, დაგხმარებოდი და ჩავრთულიყავი გამოძიებაში.

- მერე? ჩაერთე? - ირონიულად ვკითხე და ფინჯანი სკამზე ხმაურით დავდგი.

- რა თქმა უნდა, - გამოცოცხლდა ირა, წამოხტა და ცელქი ბავშვივით წინ ამეტუზა.

- კი მაგრამ, რატომ არ გამაფრთხილე, თუ მოდიოდი?

ქალმა ხელისგულები თავის მკვრივ მკერდზე მიიდო და ეშმაკურად გამიღიმა.

- ოღონდ არ გამიბრაზდე, კოკა, გთხოვ. მინდოდა კვანძი შენ დაუხმარებლად გამეხსნა. ასე ვთქვათ, საკუთარი შესაძლებლობები მომესინჯა. მომბეზრდა კომერციული საქმეების გაძღოლა, ყელში ამომივიდა ამდენი ბუღალტერია და ხარჯთაღრიცხვა. მე ხომ იურისტი ვარ.

გაგრძელება იქნება

იხილეთ ასევე:
დუმილის შეთქმულება - თავი 12
დუმილის შეთქმულება - თავი 11
დუმილის შეთქმულება - თავი 10




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ლია.
ძალიან მომწონს ეს ნოველა.მოუთმენლად ველოდები დაიჭერენ თუ არა მკვლელს?მადლობა
18:01 / 21-12-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93