- გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან! - ხმაგამკაცრებული ირას მივუტრიალდი, - მე მგონია, რომ ორი ღამეა ნოზაძეს დავდევ, თურმე შენ მირევ თავგზას. ვინ მოგცა ამის უფლება? ვინ დაგავალა?
- კოკა, მე…
- არავითარი კოკა! მორჩა! არ მსურს შენი მოსმენა! - ოთახში ბოლთის ცემა დავიწყე, - ჩემი გაცურება განიზრახე? დამცინი თუ როგორ არის შენი საქმე?
- ერთი წუთით მომისმინ…
- ახლავე დატოვე აქაურობა! - ვუღრიალე წონასწორობადაკარგულმა.
- რა გჭირს, რა გემართება? სად უნდა წავიდე ამ შუაღამისას? - აწუწუნდა ირა, შეშინებული წამოდგა და გამერიდა.
- ესე იგი, იმ ღამეს შენ იყავი, ქალის ტანსაცმლით რომ ჩამოხვედი ახალუბანში და ტაქსის მძღოლთან თავი სკოლის დირექტორად რომ გაასაღე?
- აბა, რითი უნდა ჩამოვსულიყავი, კაცის ტანსაცმლით?
- რა იდიოტი ვარ, რა იდიოტი! როგორ გამაცურე ამხელა კაცი! მე კი ვისზე არ მივიტანე ეჭვი, რა არ ვიფიქრე! გამოდის, ლუდის ბართანაც შენ ჩამისაფრდი, არა?
- ჰო… და სკოლაშიც, პირველ ღამეს… მეგონა, იქ სხვა დამხვდებოდა და… კინაღამ თავი გავეცი.
- აი, თურმე სინამდვილეში როგორი ყოფილხარ! - გაცოფებული გავყვიროდი, - ჯაშუში გამიზრდიხარ უბეში!
- უკაცრავად, კოკა! - იწყინა ირამ, - მე ჯაშუში არ ვარ. მე მხოლოდ ის მსურდა, შენი სვლების დედუქციური და ინდუქციური ჯაჭვი გამომეცნო, რათა მერე შენი მოქმედებების კოორდინირება მომეხდინა…
- მე შენ გიჩვენებ, როგორ უნდა დედუქციური ჯაჭვის გამოცნობა, შე… - წინადადება აღარ დავამთავრე, ფეხზე წამოვიჭერი და ქალისკენ დავიძარი.
ირა უარესად შეშინდა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და სანამ მივუახლოვდებოდი, სხაპასხუპით მომაყარა.
- სამაგიეროდ, მე ანალიზის პასუხი მივიღე კრიმინალური ლაბორატორიიდან, რომლის საფუძველზე საბოლოო დასკვნების გამოტანა შეიძლება.
- რა დასკვნების, გოგო, რას მიედ-მოედები!
- საფუძვლიანი დასკვნების! - ამაყად წარმოთქვა ირამ, - ექსპრეს-ტესტმა აჩვენა, რომ ამპულებში მოთავსებული სითხე ძლიერ ნარკოტიკულ თრობას იწვევს ადამიანში.
- რომელ ამპულებში, წესიერად გამაგებინე! სად გქონდა ამპულები! - ნელ-ნელა ვიწყებდი იმის გააზრებას, რასაც ჩემი საცოლე მიხსნიდა.
- პირველსავე ღამეს, როცა აქ ჩამოვედი, ფანჯრიდან გადავძვერი და სკოლაში შევიპარე. მივაგენი ქიმიურ ლაბორატორიას და იქაურობა გავჩხრიკე. აღმოვაჩინე თვითნაკეთი ამპულები წარწერით - «ნოვოკაინი» და მეორე დილით მანქანას თბილისში გავატანე.
- რომელ მანქანას? - თვალები თანდათან შუბლზე ამდიოდა.
- თბილისიდან ჩამოსულ ფურგონს, რომელიც დასავლეთში პრესას ავრცელებს. მძღოლს მოველაპარაკე, ავუხსენი, ვინც ვიყავი და ვთხოვე, ამპულები კრიმინალურ ლაბორატორიაში წაეღო, ნელისთან.
- მერე? - ხმა ნელ-ნელა დამირბილდა და ირას წინ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი შევჩერდი, - რაო, ნელიმ, პასუხი გამომიგზავნა?
- აბა რა! იმავე საღამოს დამიმესიჯა. ამპულებში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება, სახელწოდებით «ალიგატორი». ეს არის ახალი, ძლიერმოქმედი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჩვენთან ნაკლებადაა ცნობილი, მაგრამ ევროპის ქვეყნებში უკვე ძლიერად მოიკიდა ფეხი, განსაკუთრებით, ავსტრიაში. მისი ქიმიური სახელწოდებაა მეტანოფენტალინი. საკმარისია, ადამიანმა ორჯერ შეუშვას ეს ნივთიერება ვენაში, რომ ეგრევე დამოკიდებული ხდება ნარკოტიკზე. ოდნავ გადამეტებული დოზა კი მომხმარებელს გონებას უთიშავს, რაც კვირების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. ყველაზე უცნაური ის არის, რომ არა შარდის, არა სისხლის ანალიზი ორგანიზმში მის არსებობას და, მით უმეტეს, სიჭარბეს, არ აჩვენებს. აბსოლუტურად უჩინარი წამალია, შინაგან კვალს არ ტოვებს.
გაოგნებული კვლავ ნარზე ჩამოვჯექი. სიბრაზემ თანდათან გამიარა. როგორმე თავი ხელში უნდა ამეყვანა და გამეანალიზებინა, სინამდვილეში რა ხდებოდა. ირამ სულ ამირ-დამირია ყველაფერი, ყველა ჩემი ვერსია გამიბათილა.
- ის, რასაც შენ ამბობ, დოკუმენტურად არის დასაბუთებული? - ჩავიბურტყუნე.
- რა თქმა უნდა, მასალები ნელის სეიფში აქვს შენახული.
- და გგონია, რომ ამით რამის დამტკიცებას შევძლებთ? - მაინც არ ვიყავი მის ნათქვამში ბოლომდე დარწმუნებული.
- აბა რა! - გამოცოცხლდა ირა, - ახლა თამამად შეგვიძლია ბრალი წავუყენოთ თათა ჭელიძეს, რომ საკანდიდატო დისერტაციაზე კი არა, ნარკოტიკების წარმოებაზე ხარჯავდა დროს და რომ ამ საქმეში თავისი საუკეთესო მოსწავლე ჩაითრია.
- გენიალური დასკვნაა! - გადავიხარხარე, - მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო. საქმე ის არის, რომ ნიკა გოგოლაძემ უკვე მომცა აღიარებითი ჩვენება და ის სულ სხვა რამეს ამტკიცებს. მართალია, მეტანოფენტალინს ამზადებდა, მაგრამ არა ქიმიის მასწავლებლის დაკვეთით. ის ქალი ამ საქმეში არ არის გარეული. ბიჭი ფულის გამო აკეთებდა ამ ყველაფერს. გასაგებია?
- თავიდან მეც ასე მეგონა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ვცდებოდი. შენც ცდები, კოკა.
- მე ვცდები? ჰმ… კარგი, მოყევი, შენ როგორც იცი, - იქედნურად ჩავიცინე.
- მისდა საუბედუროდ, ნიკა გოგოლაძე თავის კლასელ გოგონას, თეო ბახტაძეს შეუყვარდა. მე მის მშობლებს ველაპარაკე. მათ გაიხსენეს, როგორ დაიმუქრა ერთხელ მათმა ქალიშვილმა - ნიკას მაინც შევაყვარებ თავს, მაგრამ ქიმიის მასწავლებელს ციხეში ამოვაყოფინებ თავსო. გამოდის, რომ თეო ხვდებოდა, რა საქმეშიც ჰყავდა ჩათრეული ჭელიძეს მოსწავლე ბიჭი.
- თეო ბახტაძე რა შუაშია? მისი მშობლების მონახულება რამ გაფიქრებინა?
ირამ გაოცებული მზერა მომაპყრო.
- რას ამბობ, კოკა! თეო ამ საქმეში საკვანძო ფიგურაა! რომ არა ის, ვერასდროს ვერაფერს გავიგებდით! საცოდავი გოგონა ახლა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წევს, ნერვული აშლილობის დიაგნოზით.
- ვიცი, მერე რა?
- როგორ თუ რა! დავურეკე მის მკურნალ ექიმს და ველაპარაკე. ბავშვი ისევ და ისევ უგონო მდგომარეობაშია, არ რეაგირებს არაფერზე, კითხვებზე არ პასუხობს, კუნძივით აგდია საწოლში და ჭერს უაზროდ მიშტერებია. ექიმს ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა, ეს მდგომარეობა ნარკოტიკულ ნივთიერებას გამოეწვია-მეთქი. კიო, მითხრა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც ერთი ნარკოტიკული ნივთიერების კვალი პაციენტის სისხლსა და შარდში არ აღმოჩნდაო. მაშინვე მივხვდი, რომ ეს «ალიგატორი» იყო.
8 8 8
ირას მონაყოლს თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ თანდათან ვხვდებოდი, რომ მისი ვერსიები სიმართლესთან ახლოს იდგა. როგორც ჩანს, ჩემს შეყვარებულს მთლად ცარიელი თავი არ ჰქონია, შეძლებია გონებაში რაღაც-რაღაცების გადახარშვა. მე, მაგალითად, აზრადაც არ მომსვლია, თეო ბახტაძის მშობლები დამეკითხა.
- ფიქრობ, რომ ჭელიძემ ძალდატანებით მიაღებინა ნარკოტიკი თეო ბახტაძეს?
- არა მგონია, ამდენი გაებედა, - მიპასუხა ირამ, - ჩემი აზრით, შინ მიიპატიჟა, ელაპარაკა, მერე კი სასმელში ჩაუყარა მეტანოფენტალინი, ვთქვათ, ჩაიში ან ყავაში. დედამისის თქმით, ბავშვი სახლში დაბრუნდა თუ არა, მაშინვე ცუდად გახდა, ვერავის ცნობდა და ისეთ ისტერიკაში იყო, ფანჯრიდან გადახტომა სცადა. სასწრაფოს იგი ჯერ რაიონულ საავადმყოფოში გადაუყვანია, იქიდან კი თბილისში, ფსიქიატრიულში.
მისმა მონაყოლმა გამაოგნა. გამოდის, რომ ჩვენ სრულიად სხვადასხვა გზით მივდიოდით. მე სულელი დასაწყისშივე მამუკა ნოზაძეს ვეცი, მეგონა, ის იყო ყველაფრის თავი და თავი. აი, ირამ კი თათა ჭელიძიდან დაიწყო, ამავდროულად, თეოს წერილით დაინტერესდა.
- გადავწყვიტე, დეტალურად შემესწავლა დირექტორის მოადგილის პირადი ცხოვრება, - გააგრძელა ირამ, - გავარკვიე, რომ იგი არასდროს ყოფილა გათხოვილი. როგორ ფიქრობ, რატომ უნდა დაეყარა ხმები მდიდარი ქმრის შესახებ? იმიტომ, რომ ხალხის თვალში როგორმე გაემართლებინა თავისი შემოსავლები.
- მაგრამ არც ისე თვალში საცემად ცხოვრობს, ჩვეულებრივი სახლი აქვს, საშუალო რემონტით, ვერ იტყვი, რომ ძალიან მდიდარია… - არ დავეთანხმე.
ირამ ჩაიცინა.
- ეეჰ, ჩემო კოკა, როგორ ცდები, რომ იცოდე. მას ოთხოთახიანი ბინა ერთი ბათუმში აქვს, მეორე - თბილისში. ხოლო რამდენიმე წლის წინ ესპანეთში უზარმაზარი ვილა შეიძინა, მთელი თავისი ბრწყინვალებით - აუზით, საბილიარდოთი, ტყე-პარკით… უკვე მესამე სეზონია, ზაფხულს საზღვარგარეთ ატარებს…
- ხომ არ ცდები, სიხარულო?
- ყველა საბუთი შევამოწმე, ისე კი არ ვამბობ, ჰაერზე, - მარწმუნებდა ირა, - ხომ მიცნობ, როგორი ვარ. ჭელიძე ფულებში ცურავს, მაგრამ მიყრუებულ სოფელში ცხოვრობს. უცნაურია, არა? თავიდან მეც გამიკვირდა, მაგრამ რომ დავუკვირდი, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. სხვაგან ასე ადვილად და სწრაფად ვერსად მოახერხებდა «ალიგატორის» მეშვეობით ამხელა ფულის გაკეთებას. აქ ყველაფერი მის ხელთაა - მიტოვებული კვლევითი ინსტიტუტი, ტონობით შხამქიმიკატი, მყუდრო ქიმიური ლაბორატორია, მორჩილი და მასზე შეყვარებული მოსწავლე ბიჭუნა…
- ერთი რამ მაინც ვერ გამიგია, - ამოვიხვნეშე, - აქ რომ ჩამოხვედი, მანცდამაინც ქიმიურ ლაბორატორიაში რატომ შეიჭერი და არა სავარჯიშო დარბაზში? ეს რა, ინტუიციაა?
ირამ გაოცებული მზერა მომაპყრო.
- რა შუაშია ინტუიცია, კოკა? ხომ გითხარი, თეო ბახტაძემ პირდაპირ მიგვანიშნა ჭელიძეზე-მეთქი! შენი აზრით, ამის მერე ლაბორატორიის გარდა, სად უნდა შევჭრილიყავი?
- შენ რაღაც გეშლება, საყვარელო, - თავი გადავაქნიე, - გოგონამ ანონიმურ წერილში ფიზკულტურის მასწავლებელზე მიგვანიშნა.
- მე კი არა, შენ გეშლება, ჩემო კარგო, - გაეცინა ირას, - ჯერ ერთი, ეს არ იყო ანონიმური წერილი, გოგონა თავის სახელს და გვარს ღიად აფიქსირებდა. მეორეც, წერილში ჭელიძეზე იყო ლაპარაკი და არა ნოზაძეზე.
- მე მგონი, მე და შენ სხვადასხვა წერილზე ვსაუბრობთ ამ წუთში.
- არ ვიცი, შენ რომელს გულისხმობ, მაგრამ მე ვლაპარაკობ იმ წერილზე, რომელიც სერგიმ მოგვაწოდა და იგი ეკუთვნოდა თეო ბახტაძეს, ახალუბნის სკოლის მეთერთმეტეკლასელ გოგონას.
გაოგნებული ხმას არ ვიღებდი, მხოლოდ თვალებს ვახამხამებდი უმწეოდ.
- აი, აგერ მაქვს, - დაამატა ირამ, - და მასში ფიზკულტურის მასწავლებელი საერთოდ არ არის ნახსენები, - და ჯიბიდან ოთხად გაკეცილი წერილი ამოიღო.
გამოვართვი. წერილი ორიგინალის ქსეროასლს წარმოადგენდა და პოლიციის განყოფილების შტამპი ერტყა. იგი ხელით იყო დაწერილი და არა კომპიუტერიდან ამობეჭდილი.
- ამ წერილს პირველად ვხედავ, - ნერვიულობისგან შუბლი ოფლით დამეცვარა, - სად იპოვე?
- ღმერთო ჩემო, რა გემართება! შენს მაგიდაზე იდო!
- მაგრამ ეს ხომ ქსეროასლია!
- მერე რა? თაზო ყოველთვის ყველაფერს კარგავდა, ამიტომ, ყოველი შემთვევისთვის, ქსეროასლი გადავიღეთ და შევინახეთ.
- აბა, მე რა წერილი ამოვიღე საქაღალდიდან? - ჩავიბურტყუნე.
- მე რა ვიცი… იქნებ შეგეშალა?
- არაფერიც არ შემშლია! - ვიფეთქე უცებ, - ისიც ახალუბნის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი გოგონასგან იყო, რომელიც ფიზკულტურის მასწავლებელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. მაგრამ იგი პრინტერზე იყო ამობეჭდილი.
- მაჩვენე, რა წერილია! - ხელი გამომიშვირა ირამ.
- არა მაქვს, დავწვი, - შემცბარმა ძლივს ამოვთქვი.
- სულ ტყუილად. დაგიმტკიცებდი, რომ ყალბი იყო. ვიღაცამ სპეციალურად შემოგვიგდო ოფისში, რომ მცდარ კვალს დავდგომოდით. არ ეგონათ, ალბათ, ქსეროასლი თუ აღმოგვაჩნდებოდა, რადგან ორიგინალი თაზომ თან წაიღო.
- ვის შეეძლო მისი შეცვლა?
- რა თქმა უნდა, ვისზეც იყო საუბარი წერილში, ანუ თათა ჭელიძეს.
- რა სისულელეა! ის ოფისში ჩვენ გარეშე ვერ შევიდოდა, - გავაპროტესტე.
- მაშინ - არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ირამ.
წერილის კითხვა დავიწყე. «ის ლამაზია, მომაჯადოებლად ლამაზი. ჩვენი ბიჭები ლამის ფეხქვეშ ეგებიან, ყველა მასზეა შეყვარებული. ნიკა გოგოლაძე კი ჭკუაზე არ არის, ისე უყვარს, ამის დამალვასაც ვერ ახერხებს. მაგრამ მე არ ვეჭვიანობ. ძალიან მომთმენი ვარ. მოვა დრო და თქვენი დახმარებით იმ ალქაჯს ციხეში ჩავსვამ. საქმე ისაა, რომ ქიმიის მასწავლებელი აიძულებს ნიკას, ნარკოტიკები დაამზადოს. არ გეგონოთ, ვიგონებდე, ამის შესახებ თავად ნიკამ მიამბო. ჭელიძე მას ამაში ფულს უხდის. ნიკას ბევრი ფული აქვს, ძალიან ბევრი, მიუხედავად იმისა, რომ ობოლია და მშობლები არ ჰყავს…»
თავზარდაცემულმა კითხვა შევწყვიტე და თვალები დავხუჭე. რა იდიოტი ვარ, როგორ წამოვეგე ანკესზე. თავიდანვე არასწორ გზას დავადექი.
- ჩემი აზრით, ოფისის გასაღები თათამ თაზოს ააცალა და ჩუმად შეიპარა სააგენტოში, რომ ეს წერილი დაეტოვებინა. არ გიკვირს, წერილი «დოკუმენტების» საქაღალდეში რომ აღმოაჩინე და არა «ხელშეკრულებებში»? მან არ იცოდა, ამ საქაღალდეში «ლევი» საქმეებს თუ ვინახავდით. ალბათ იფიქრა, ოფიციალური წერილები «დოკუმენტებში» ინახებაო.
აი, თურმე რა ყოფილა! «ქიმიამ» თავიდანვე გათვალა ყველაფერი. თუ მის გეგმას მივყვებოდით და ნოზაძეს დავაპატიმრებდით, დარწმუნებული იყო, რომ მამაკაცი მასზე არ ალაპარაკდებოდა. მიზეზი თავისთავად გასაგები ხდებოდა. თათა ხომ მის ავადმყოფ გოგონაზე ზრუნავდა. თუკი მამუკას მიუსჯიდნენ, ქალი ბავშვს მის გამოსვლამდე უპატრონოდ არ მიაგდებდა. ჭელიძეს ნიკასიც სჯეროდა. ბიჭი ისე ბრმად იყო მასზე შეყვარებული, არავითარ შემთხვევაში არ დაასმენდა საყვარელ ადამიანს.
- შენ სულ მეუბნებოდი, გამოძიების ნიჭი არ გაქვსო. მიმტკიცებდი, თამაზი შენზე ჭკვიანიაო. მან კი ხედავ, რამდენი შეცდომა დაუშვა?
- რას გულისხმობ? - თავი ავწიე და გამომცდელად შევხედე.
- მის არაპროფესიონალიზმს. მიპასუხე, თაზო რომ ჩამოვიდა ახალუბანში, რატომ მაინცდამაინც ჭელიძეს მიეტმასნა? რატომ უჩვენა გოგონას წერილი?
- ჰო, გეთანხმები, ეს არ უნდა გაეკეთებინა, - ვაღიარე.
- რა მოიგო მაგითი? რამდენჯერმე დაწვა იმ კახპასთან და მერე, როგორც ზედმეტი ტვირთი, თავიდან მოიცილეს. უცნაურია, შენც რომ არ გაიზიარე მისი ბედი. მიკვირს, ჯერაც რომ ცოცხალი ხარ.
- სხვათა შორის, მე მასთან სექსი არ მქონია! - გავაპროტესტე, მაგრამ გავწითლდი.
- მ..მ… ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, - ორაზროვნად წარმოთქვა ირამ და თვალი ამარიდა, - მამაკაცები ყველანი ერთნაირად უძლურები ხართ ამ საკითხში. თამაზი ხომ, საერთოდ! მარტო თავისი კი არა, ბახტაძის სიცოცხლეც კი გაწირა საქმისადმი დაუდევარი მიდგომით. საწყალი გოგონა დიდხანს ვერ გამოვა მდგომარეობიდან. მე ის მიკვირს, ნიკა როგორ დატოვა აქამდე ცოცხალი. წესით, ბიჭი უკვე უნდა მოეცილებინა თავიდან.
ამის გაგონებაზე გული მომეწურა.
- გოგოლაძე მკვდარია. ერთი საათის წინ გარდაიცვალა, ვერ მივუსწარი, - დახშული ხმით ვთქვი და მოვუყევი, რაც მოხდა.
ირამ შეიცხადა.
- ღმერთო ჩემო! ეს რაები ხდება! - წამოიძახა და ლოყაზე შემოირტყა ხელი, - კოკა, სად არის ის სარდაფი? წამოდი, ახლავე მაჩვენე! - გაფითრებული უცებ ფეხზე წამოიჭრა.
ფანჯარას მივუახლოვდით. ხელი გავიშვირე და ის ჯიხური ვაჩვენე, რომლის სარდაფშიც ნიკა ვიპოვე.
- შენ მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ მანდ მოვკარი თვალი ჭელიძეს, - სიძულვილნარევი ხმით თქვა ირამ, - მე მეგონა, შენ გითვალთვალებდა… წამოდი, რაღაც უნდა ვიღონოთ!
რაღაც რომ უნდა გვეღონა, ვიცოდი, მაგრამ სახელდობრ, რა? ირამ ქურთუკი ჩაიცვა და სანთელი ჩააქრო. ორივენი სწრაფად დავეშვით კიბეზე.
- დროა, სერგის დავურეკო, - ჩურჩულით ვთქვი, -_ სანამ თვითონ ჩამოვა, რაიონის პოლიცია დაგვახმაროს. რა იცი, რა ხდება… - და მობილური მოვიმარჯვე.
- ჰო, რა თქმა უნდა, დროა…
- და ანგარიშიც შენ დაწერე, თუ შეიძლება, მაგის თავი არ მაქვს.
- აბა რას ვიზამ. ხომ იცი, როგორ მიყვარს დოკუმენტებთან ურთიერთობა, - სიბნელეში მისი ნერვული ჩაცინების ხმა გაისმა.
სანამ ინსტიტუტის ტერიტორიიდან გავიდოდით, სერგის დავურეკე და მოკლედ მოვუყევი ყველაფერი. იგი დახმარებას უყოყმანოდ შემპირდა.
მხოლოდ ახლაღა ვიგრძენი დაღლა. ფეხები აღარ მემორჩილებოდა.
- ირა, ცოტა თუ არ წავუძინე, ვეღარ გავძლებ. გონება არ მიმუშავებს და არც სიარული შემიძლია.
- წაუძინე, რა პრობლემაა, დილამდე მაინც ვერაფერს გავაწყობთ.
სკოლის შენობაში შევედით თუ არა, მოლაპარაკებულებივით ორივენი ქიმიის კაბინეტისკენ გავემართეთ… იქ ამბავი დაგვხვდააა…
კაბინეტის კარი შემტვრეული იყო… ლაბორატორიისაც. არც ერთი კოლბა, არც ერთი ამპულა ოთახში არ ჩანდა.
- წარმოგიდგენია, რა საშიში ქალია? - ირამ თავი დააკანტურა, - როგორც ჩანს, თავდაცვისთვის ემზადება. ყველა თავიდან მოიშორა, ვისაც «ალიგატორის» დამზადებასთან რამე საერთო ჰქონდა. თამაზს ავტოკატასროფა მოუწყო, თეო ბახტაძე «ფსიხუშკაში» გამოამწყვდია, ნიკა კი გაგუდა. აქაც ყველა სამხილი გაანადგურა. ჩვენ მას ვერაფერს დავუმტკიცებთ, კოკა, გამორიცხულია! იგი ყველაფერს ნოზაძეს დააბრალებს და შენც გაიძულებს აღიარო, რომ გოგოლაძე თავად გამოგიტყდა ნარკოტიკების დამზადების თაობაზე.
სხვა რა გზა გვქონდა, «ჩემს» ოთახში შევედით. სკამლოგინზე ჩამოვჯექი და დავფიქრდი. რაღაც მაწუხებდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამომრჩა, რაც მოსვენებას მიკარგავდა. ჰო, რა თქმა უნდა, გამახსენდა! ყველაზე ნაღდი მტკიცებულება, ყველაზე დიდი კოზირი!
- მამუკას შვილი, მამუკას გოგო! - მთელი ხმით ვიყვირე.
გადამწყვეტ მომენტში ავადმყოფი ბავშვი უნდა გამომეყენებინა. დარწმუნებული არ ვიყავი, გაამართლებდა თუ არა ჩემი ჩანაფიქრი, მაგრამ უნდა მეცადა. იქნებ ტყუილი ერთხელ მაინც გამომდგომოდა ცხოვრებაში.
ხელებაკანკალებული მობილურს ვეცი და სასწრაფო გამოვიძახე…
8 8 8
სამი საათის ძილის შემდეგ ირამ გამაღვიძა. თვალები ისე დამსიებოდა, ძლივს გავახილე. კარგა ხანს ვისხამდი ცივ წყალს სახეზე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გამოვფხიზლდი.
თბილი დილა იყო, მზე ანათებდა. პირველად დავინახე მზის სხივები ამ სოფელში.
როცა მოვწესრიგდი, ირას ხელი ჩავკიდე, მანქანაში ჩავსვი და გეზი ნოზაძის სახლისკენ ავიღე. ჭიშკართან სასწრაფო დახმარების ორი მანქანა შევნიშნე. ირგვლივ უამრავი ადამიანი შეკრებილიყო. თეთრხალათიანები აქეთ-იქით დარბოდნენ. უცებ ეზოდან ორმა სანიტარმა არაადამიანური ხმით აღრიალებული თავგადახოტრილი გოგონა გამოიყვანა. სეირის მაყურებელთ გაოცების ტალღამ გადაუარა. გაოცებულმა ქალებმა პირჯვარი გადაიწერეს. ირა მანქანიდან გადავიდა და სასწრაფოს ექიმს გამოელაპარაკა.
კვლავ მოვიმარჯვე მობილური და ნომერი ავკრიფე…
- დილა მშვიდობისა, ქალბატონო თათა, როგორ გეძინათ? - საზეიმო ხმით წარმოვთქვი, - თქვენთვის რამდენიმე სასიამოვნო ინფორმაცია მაქვს.
- რა გნებავთ? - საკმაოდ უკმეხად მიპასუხა ქალმა.
- დღეიდან თავისუფალი ხართ ჯოჯოხეთური მისიისგან, მინდა ეს გაცნობოთ. ამიერიდან აღარ მოგიწევთ მამუკას ქალიშვილზე ზრუნვა. აი, სწორედ ახლა მიჰყავთ იგი ექიმებს.
- და გგონიათ, სწორად მოიქეცით? - სარკასტულად გაიცინა ქალმა, - არ იცით, რომ მშობლის ნებართვის გარეშე ავადმყოფი ბავშვის სახლიდან გაყვანა დანაშაულია?
- ვიცი, როგორ არ ვიცი, - ჩავიქირქილე, - მაგრამ საქმე ისაა, რომ ნოზაძემ თავად განუცხადა პოლიციას თავისი შვილის შესახებ. თქვენ შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ფიზკულტურის მასწავლებელი წუხელ კაფე «ლოტოსში» დააკავეს «ალიგატორის» გასაღებისთვის… ალო! გესმით ჩემი?
- სად დააკავეს? - ქალს ხმა აშკარად ჩაეხრინწა.
- კაფე «ლოტოსში», - გავიმეორე, - მგონი, ეს სახელწოდება თქვენთვის კარგადაა ცნობილი, არა? ერთი სიტყვით, ნოზაძე მიხვდა, რომ შვილს დიდხანს ვერ ნახავდა და დახმარება პოლიციას სთხოვა.
- იტყუებით, - შეცვლილი ხმით წარმოთქვა მასწავლებელმა.
- თუ არ გჯერათ, მოდით და თქვენი თვალით ნახეთ, - უდარდელად გავაგრძელე, - თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მეორე კარგი ამბავიც მაქვს. ჩემ გვერდით ამწუთას იმყოფება მოწმე, რომელმაც დაინახა, როგორ ჩაკეტეთ წუხელ ინსტიტუტის ერთ-ერთი ჯიხურის სარდაფი, სადაც ნიკა გოგოლაძე იგუდებოდა. გინდათ გითხრათ, საიდან გადევნებდათ იგი თვალს?
- რა… რა… რას მაბრალებთ, რა გინდათ ჩემგან? - ლამის იყვირა თათამ.
მის ხმას ვეღარ ვცნობდი, გაუჭირდა თავის ხელში აყვანა.
- სამწუხაროდ, ამით არ მთავრდება ჩემი ახალი ამბები. ჩემმა თანამშრომელმა მოასწრო თეო ბახტაძის წერილის ქსეროასლის გაკეთება, რომელიც ახლა ხელში მიჭირავს. იმედია, იცით, რა შინაარსისაა იგი!
- ეგ შეშლილი მოზარდის ბოდვაა და მეტი არაფერი.
- გარწმუნებთ, რომ მისი შეშლილობის ხარისხს და მიზეზს ექიმები გამოიკვლევენ, რადგან დღესვე გადავგზავნი ამ წერილს და ამპულებს ექსპერტ-ნარკოლოგებთან. ისინი დაადგენენ, რისგან განკურნონ გოგონა. იმედი ვიქონიოთ, რომ იგი მალე შეძლებს ჩვენების მოცემას.
- მახინჯო! კრეტინო! რატომ არ მოგკალი, რატომ! ვნანობ, ამის შანსი ხელიდან რომ გავუშვი! - აკანკალებული ხმით იყვირა ჭელიძემ და გამითიშა.
ღიმილს ვერ ვიკავებდი. საქარე მინა გამოვაღე და გარეთა სარკეში ჩავიხედე, ნუთუ მართლა მახინჯი ვარ? ამასობაში ირა უკან მობრუნდა, სახეზე ფერი არ ედო. მოვუყევი, რაც მოხდა.
- გგონია, შენს ნათქვამს დაიჯერებს და დანაშაულს აღიარებს?
- მეტი არაფრის გაკეთება შემიძლია, - მხრები ავიჩეჩე და ირას მხარზე გადავხვიე ხელი.
როგორ მომნატრებია… წუხელ არაფრის თავი არ მქონდა, ისე ვიყავი გასავათებული, ვერც კი გავაანალიზე, ჩემთვის უახლოესი ადამიანი ჩემ გვერდით რომ იმყოფებოდა.
- მაგრამ თუკი გააგრძელებს ყველაფრის ნოზაძეზე გადაბრალებას? - არ მეშვებოდა ირა.
- მას ახლა ყველაფერი შეიძლება გადააბრალო, რაც გაგიხარდება.
- რატომ ყველაფერი?
- იმიტომ, რომ არავინ იცის, სად არის. იქნებ ისიც მკვდარია? შეიძლება ვცდები, მაგრამ სადაც ორი კურიერი მანქანაში გამოწვეს, ნოზაძის გაქრობა რა პრობლემა იქნებოდა ნარკოდილერებისთვის?
- რაღაც არ მჯერა, - ურწმუნოდ გადააქნია თავი ირამ და ხელის ზურგზე მაკოცა.
- არ არის გამორიცხული, რომ საშიშროების მოახლოება იყნოსა და გაიქცა. ფული ბევრი აქვს, რა შეუშლიდა ხელს? წავა სადმე და კომფორტულად იცხოვრებს.
- განა მას ბევრი ფული ჰქონდა? - გაიკვირვა ირამ.
მისმა გაკვირვებამ გამაოცა. შპს «მარგალიტის» ჩეკი თავად მომიგდო სამეთვალყურეო პუნქტში და ახლა რას მეუბნება!
- ე! შეგახსენებ, რომ წინა კვირას მან ბრილიანტები შეიძინა საიუველირო სალონში.
- ესე იგი, ჩეკი მამუკას ეკუთვნოდა? - თვალები გაუფართოვდა ქალს.
- აბა, სხვას ვის! მეგონა, შენ იცოდი ამის შესახებ!
- არაფერიც არ ვიცოდი! - ირა ჩემკენ მოტრიალდა, - ეგ ჩეკი იმ ადგილას ვიპოვე, სადაც თამაზს ავარია შეემთხვა. გამიკვირდა კიდევაც, ამდენი ფული თაზოს საიდან უნდა ჰქონოდა. მერე ვიფიქრე, ალბათ სამხილად უნდა გამოეყენებინა და ხელს გამოაყოლა-მეთქი. ამიტომაც დავდე ისეთ ადგილას, რომ შენ გეპოვა და გაგერკვია, ვის ეკუთვნოდა.
უეცრად ცუდი შეგრძნება დამეუფლა, ცივმა ოფლმა დამასხა… თითქოს ყველაფერი თავდაყირა დადგა.
- რა გჭირს? - დაეჭვებით ამომხედა ირამ.
- იყო კი ის ჩეკი ნივთმტკიცება? იქნებ თვითონ პატრონმა დაკარგა? ანუ, იმის თქმა მინდა, რომ იქნებ იმას ამოუვარდა ჯიბიდან, ვისაც ეკუთვნოდა?
- ამით რა გინდა თქვა, კოკა? - დაიჩურჩულა ირამ და თანდათან ფერი დაკარგა.
- იმის თქმა მინდა, რომ შესაძლებელია, თაზოსთან ერთად მანქანაში ნოზაძეც იჯდა.
- მაგრამ მაშინ სად არის ნოზაძის გვამი? - გაფითრებული ქალი მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებდა.
ორივენი დაბნეული მივჩერებოდით ერთმანეთს და გვეშინოდა ხმამაღლა გვეთქვა ის, რასაც ვფიქრობდით.
- გინდა თქვა, რომ მამუკა ავარიის დროს გადარჩა და მიიმალა? - აჩურჩულდა ირა.
- მე იმის თქმა მინდოდა, რომ… არა, უნდა მეკითხა შენთვის, თაზოს ამოსაცნობად შენ წახვედი?
ირა ისეთი თვალებით მომჩერებოდა, თითქოს უარის თქმის შემთხვევაში მისი მოკვლა მქონოდა განზრახული.
გაგრძელება იქნება
იხილეთ ასევე: