- არა.
- არც მე.
- მაგრამ გვამი სერგიმ ამოიცნო.
- თუმცა ჩვენ ერთი რამ გვავიწყდება. ცხედარი ისე იყო დასახიჩრებული, საკუთარი დედაც ვერ იცნობდა. განსაკუთრებით სახე ჰქონია საშინლად დეფორმირებული. გესმის?! - მოულოდნელად ავყვირდი.
- რატომ მიყვირი, კოკა! მე რა შუაში ვარ?
- შუაში ხარ, შუაში! თუკი საქმის გამოძიებას მოჰკიდე ხელი, ვალდებული ხარ, ჯერ იმაში დარწმუნდე, გარდაცვლილი არის თუ არა ის, ვინც გარდაიცვალა.
- რა მაგარი წინადადება თქვი, აღფრთოვანებული ვარ! - გამომაჯავრა ირამ და
ხელები მიცახცახებდა. უკანა სავარძელზე დადებულ თამაზის ჩანთას ხელი დავტაცედა გავხსენი. ადვილად ვიპოვე, რასაც ვეძებდი. თაზოს დამსხვრეული მობილურის ნაწილებს თავი მოვუყარე და აპარატის აწყობას შევუდექი… ყველაფერი ადგილზე იყო, კოდური ბარათის გარდა.
გაოგნებული ირა ვერ ხვდებოდა, რას ვაკეთებდი, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც საშინელება მემართებოდა. ბოლოს თავი ავწიე და დანისლული თვალებით შევხედე.
- მისი ტელეფონის ნომერი გახსოვს?
- ვისი? - კითხვა შემომიბრუნა.
- თამაზის. ზეპირად გახსოვს მისი მობილურის ნომერი?
- სამოცდახუთი, ხუთი, ხუთი, ცხრა, ერთი.
ისეთი ხმა ჰქონდა, ალბათ იფიქრა, რომ შევიშალე. ნომრის აკრეფა დავიწყე. ხელები მიცახცახებდა. ცოტაც და მობილურში ზუმერი გაისმა. ერთი, ორი, სამი, ოთხი…
თავდაპირველად სუნთქვის ხმა შემომესმა. შემდეგ კი…
- პრივეტ, კოკა! როგორ ხარ?
- გამ… გამარჯობა, თა… თაზო! - დაძაბულობისგან ენა დამება.
ამის გაგონებაზე ირას თმა ყალყზე დაუდგა, თვალებგაფართოებულმა ჩემკენ მოიწია და მობილურს გარედან მოადო ყური. ამწუთას უცხოს რომ შემოეხედა ჩვენთვის, იფიქრებდა, შეყვარებული წყვილი საყვარელ მუსიკას უსმენსო.
- გილოცავ, ძმაო. ესე იგი, ყველაფერს მიხვდი? - აროხროხდა თამაზი, - ახლა მე ძალიან შორს ვარ შენგან, სხვა ქვეყანაში, ამიტომ ტყუილად ნუ გაირჯები და პოლიციას ნუ მომისევ. ეს ნომერი შეგნებულად არ გადავაგდე, სპეციალურად ჩავრთე როუმინგი, რადგან ძალიან მაინტერესებდა ერთი რამ - მიხვდებოდი თუ არა, მე ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი. თუმცა, გამოგიტყდები და გეტყვი, რომ არ ველოდი, თუ ოდესმე გამოიცნობდი, მით უმეტეს, სულ რამდენიმე დღეში… მამუკას სახე საშინლად დავუსახიჩრე, შანსი არ იყო, ვინმეს ამოეცნო. მერე ტანსაცმელი გავხადე და ჩემი ჩავაცვი. ყველა ჩემი დოკუმენტი ჯიბეში ჩავუდე. მას კი მთელი სიმდიდრე ავაცალე - სამი ათასი ამპულა «ალიგატორი». იმავე კაფეში გავასაღე, სადაც თვითონ პოულობდა კლიენტებს. მისი სახელით მივედი და იცი, როგორ დაიტაცეს? ერთ საათში შვიდასი ათასი დოლარი გავაკეთე. «ოპტავიკებმა» სულ ხელიდან გამომტაცეს.
- თაზო, - ჩუმად წარმოვთქვი, - ჩვენზე, ჩემზე და ირაზე, ერთხელაც არ იფიქრე?
- რა გინდა, კოკა, ნამუსზე უნდა შემაგდო? რა ვქნა, ძმაო, ყველანი მიყვარხართ, მაგრამ უნიკალური შანსი მომეცა, ცხოვრება ამეწყო და უარი მეთქვა? ჩემ ადგილზე შენც ასე მოიქცეოდი, ასე არ არის? არ მითხრა ახლა, არაო! კარგად გიცნობ. რაც შეეხება თათა ჭელიძეს… მასთან მაგრად გავერთე. ჯერ ჩემებურად «მივასუხარე», მერე კი იმ ბავშვის წერილი წავაკითხე და ეგრევე ჩიხში მოვიმწყვდიე. დავემუქრე, თუ ყველაფერს არ მომიყვები, პოლიციას გადაგცემ-მეთქი. მაშინვე დაფქვა ნარკოტიკების ამბავი. ნოზაძეც გარეული იყო საქმეში, თავისი მოსწავლეც, კურიერებიც გასცა, რომლებიც ჯიპით აკითხავდნენ.
- იმ კურიერებთან ვინ ამყარებდა კავშირს?
- რა თქმა უნდა, მამუკა. ისიც ვათქმევინე, როდის უნდა მოსულიყვნენ ბიჭები მორიგი პარტიის წასაღებად. როცა ყველაფერს მომიყვა, მერეღა დავფიქრდი. ასე ადვილად რატომ დამნებდა-მეთქი? იმიტომ, რომ ჩემი მოკვლა ჰქონდა ჩაფიქრებული, რასაც ან ნოზაძეს დაავალებდა, ან გოგოლაძეს. ჰოდა, გოგოლაძე მომიგზავნა. რა სასაცილო იყო! ბავშვი ისე თავისუფლად გამოვტეხე, ვერ წარმოიდგენ! ჩავისვი მანქანაში და ვუთხარი, აბა, ახლა მე და შენ სოფელში გავისეირნოთ, თან ის გზა მიჩვენე, საიდანაც კურიერები სოფელში შემოდიან-მეთქი. მაშინვე აყვირდა, არ დაქოქოთ მანქანა, თორემ ორივენი დავიღუპებითო. ერთი სიტყვით, მითხრა, ცილინდრში მჟავა ჩავასხი და როგორც კი ზეთი 90 გრადუსამდე გაცხელდება, ძრავა გაიჭედებაო. სწორედ მაშინ მომივიდა თავში იდეა, მოვმკვდარიყავი და ახალი ცხოვრება დამეწყო - მდიდრული და ბედნიერი.
- ესე იგი, ჯიპი თავის მგზავრებიანად შენ დაწვი?
- ჰო, მე დავწვი. ვნანობ, მაგრამ რას იზამ, ასეთებიც ხდება. როცა თათასგან «ალიგატორი» წამოიღეს, ტყის პირას დავუდარაჯდი, გავაჩერე, პისტოლეტით ორივე დავცხრილე, ნარკოტიკები ჩემს მანქანაში გადავიტანე და ჯიპს ცეცხლი წავუკიდე. შემდეგ თათას ვესტუმრე, ყველაფერი ვუამბე და დუმილისთვის ასი ათასი დოლარი მოვთხოვე. რას იზამდა? ფული ხელში იმწუთასვე ჩამითვალა და ჩემს გზას გავუდექი.
- ნოზაძე როგორ აღმოჩნდა შენს მანქანაში?
- იმას სკოლაში მივაკითხე, ჯერ ბრტყელტუჩა და მედალი გამოვართვი, მერე კი ვუთხარი, სალაპარაკო მაქვს და ცოტა გავისეირნოთ-მეთქი. გამოპრანჭული იყო, ქუთაისში აპირებდა წასვლას. არც უყოყმანია, უსიტყვოდ ჩამიჯდა მანქანაში… ის კი არა, გაუხარდა კიდეც, გზას შემიმოკლებო. არც უფიქრია, მე თუ რამე მეცოდინებოდა. მე კი მომზადებული ვიყავი, ვიცოდი, ავარია რომ არ აგვცდებოდა, ამიტომ მთელი გზა ვფრთხილობდი. როცა ძრავამ ტკაცატკუცი დაიწყო, საჭე გვერდზე მივატრიალე და პირდაპირ ბოძს დავაჯახე. მამუკა შუბლით საქარე მინას შეასკდა და თავი გაიხეთქა, საფეთქლიდან სისხლი თქრიალით წამოუვიდა. როცა მანქანიდან გადმოვიყვანე, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მერე სახე უარესად «შევულამაზე» და მძღოლის მხარეს გაჭირვებით დავსვი. როცა ყველაფერი დავამთავრე, მივიმალე. თან წვიმდა, ამიტომ გამიადვილდა ჩემი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა. ისიც ვიფიქრე, ჩემს სიკვდილში ეჭვი რომ არ შეგეპარებოდათ და გვამის ამოცნობას უდიდესი გულმოდგინებით არ შეუდგებოდით. მე ხომ შეტყობინება დავტოვე შენთვის. მოგეწონა? აღიარე, ხომ ვარ მაგარი? რატომ დუმხარ? ჩემგან გიკვირს, არა? კრავივით წყნარი გეგონე, ხომ? რას იზამ, ცხოვრება ყველა ჩვენგანს ეტაპობრივად უამრავ სიურპრიზს უმზადებს.
- ბრილიანტები?
- რა ბრილიანტები?
- ის, რომელიც ნოზაძემ თბილისში იყიდა…
- აუჰ! ეგეც ჰქონდა? ამის შესახებ არაფერი ვიცოდი! - ლამის შეიცხადა თაზომ.
- გასაგებია… როცა მას ტანსაცმელს ხდიდი, ჩეკი ალბათ მაშინ ამოუვარდა ჯიბიდან, რადგან შემთხვევის ადგილზე ვიპოვეთ. შენ კი ვერ შეამჩნიე. წვრილმანი რამეა, მაგრამ მნიშვნელოვანი…
- ესე იგი, ერთხელ მაინც შემეშალა, არა?
- არამარტო ერთხელ… თამაზ, არ გეშინია, რომ გიპოვი? ხომ იცი, არ შეგარჩენ, მიწიდან ამოგიღებ და გაზღვევინებ, იცოდე! ეს დაიმახსოვრე!
- ვერ მიპოვი. შენთან ლაპარაკს დავამთავრებ თუ არა, ამ მობილურს გამოვრთავ და ზღვაში მოვისვრი, მერე თვითმფრინავში ჩავჯდები და ტუ-ტუუუუუ, მეყოლე ვარდივით… აბა ჰე, მოკითხვა ყველას, - დამემშვიდობა თამაზი და ტელეფონი გათიშა…
8 8 8
პოლიციელებმა თათა ჭელიძის სახლის კარი შეამტვრიეს და სამზარეულოში მისი ცხედარი აღმოაჩინეს. მან ჩემი ნათქვამი ბოლომდე დაიჯერა და თვითმკვლელობა სცადა. ექიმების თქმით, მეტანოფენტალინის ზედოზირების გამო მომენტალურად გარდაიცვალა… ცარიელი ამპულა და შპრიცი იქვე ნახეს დაგდებული.
მე და ირამ საბოლოო დასკვნა დავწერეთ, სერგის გადავეცით და ახალუბნიდან ჩემი მანქანით წამოვედით…
ზაფხულში დავქორწინდით და მუშაობა ახალი შემართებით გავაგრძელეთ. ცუდად არ გამოგვდის, თუმცა ორივეს ერთი სურვილი გვკლავს - ერთ მშვენიერ დღეს თამაზი ვიპოვოთ და დავაპატიმროთ. ვალდებულიც ვართ, ეს გავაკეთოთ. სადაც უნდა იყოს, ის უნდა დაისაჯოს, თუნდაც ნიკა გოგოლაძის გულისთვის. ამ შავბნელ ისტორიაში ის ბიჭი ერთადერთი ნათელი წერტილი გახლდათ, რადგან მისი სიყვარული ქიმიის მასწავლებლისადმი წრფელი და სუფთა იყო, რითაც ცოტა თუ დაიკვეხნის დღეს ჩვენს ცოდვილ სამყაროში…
ასევე იხილეთ:
დუმილის შეთქმულება - თავი 14
დუმილის შეთქმულება - თავი 13
დუმილის შეთქმულება - თავი 12