სტუდიაში ჩემი ლადო გრძელფეხება, მოკლეშორტიან, ქერათმიან, ულამაზეს გოგონასთან ერთად შემოვიდა.
მთელი გადაცემა ვუყურე. რაზე ხუმრობდნენ, არ მესმოდა, გონებაში მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ტრიალებდა: „ჩემი საცოლეა“, „ უკვე ორი წელია ერთად ვართ“, „ლატვიელია“, „მოდელია“. გონზე რომ მოვედი, საინფორმაციო გადიოდა. ტელეფონი ვიპოვე და პირველი, რაც თავში მომივიდა, ის მივწერე.
„გადაცემა ვნახე, ვინაა ის გოგო?“
„ბოდიში, აქამდე უნდა მეთქვა, მოგვიანებით ყველაფერს აგიხსნი“.
„მოგვიანებით“ უსასრულოდ გაგრძელდა. მე გათიშული დავბორიალებდი, ის კი ტელევიზორის ეკრანიდან არ ჩამოდიოდა თავის ულამაზეს საცოლესთან ერთად. ახალ წელს ეგვიპტეში უნდა შევხვედროდით, ლადო კი თურმე ლატვიაში აპირებდა წასვლას კაწიას მშობლებთან შობის გასატარებლად. ალბათ მერე პირდაპირ იქიდან გამოფრინდებოდა გიზის პირამიდის ჩემთან ერთად სანახავად. რა ირონიაა...
ახალ წლამდე გაფაციცებით ვადევნებდი თვალს ლადოს სოციალურ ქსელებს. ჩემს მშობლებთანაც რამდენჯერმე ჩამოვაგდე მასზე სიტყვა. თურმე კაწია მათაც გაუცნიათ. მამაჩემი მოხიბლული იყო ბალტიისპირელი ლამაზმანით. ალბათ საბჭოთა ნოსტალგიის გაქარწყლებას ცდილობდა.
ლადოს მეც მოვუკითხივარ. დედაჩემმა სიტყვა-სიტყვით გადმომცა მისი ნათქვამი: „ისევ ისეთი საყვარელია, როგორც ბავშვობაში იყოო?“ „ალბათ შენი მსუქანი და საყვარელი ლოყები ახსოვსო“ - დაამატა. მე კი მგონია, ის უფრო აინტერესებდა, იცოდნენ თუ არა ჩემმა მშობლებმა ჩვენი რომანის შესახებ. საკითხავია, რატომ ჰქონდა იმედი, რომ მე არაფერს ვიტყოდი. კარგად მიცნობდა და დარწმუნებული იყო, მე ისტერიკას არასდროს მოვაწყობდი. რა უნდა მეთქვა, ჩემთან ერთობოდა და ახლა ცოლი მოჰყავს-მეთქი? თავს ვერავის დავაცინინებდი.
ჩემი მშობლებისგან გავიგე, რომ ძველით ახალი წლისთვის რაღაც ღონისძიება იმართებოდა სპორტსმენებისთვის. ლადო იქ იქნებოდა. ცხოვრებაში ერთადერთხელ ჩემი ყოფილი პაციენტი გამოვიყენე და მოსაწვევი ვთხოვე. სპორტის სამინისტროში მუშაობდა და დიდი სიხარულით გამიწია ეს პატარა სამსახური.
ვნერვიულობდი. რამდენიმე დღე შესაფერისი ტანსაცმელი ვეძებე. საბოლოოდ ისეთი კაბა შევარჩიე, რომელშიც ლამაზიც ვიქნებოდი და შეუმჩნეველიც.
უამრავი ცნობილი ადამიანი ირეოდა საზეიმოდ გაწყობილ დარბაზში. მათზე უფრო მეტი უცნობი იყო, რომელთაც იმედი ჰქონდათ, ერთი შანსი მაინც ექნებოდათ, ფოტო გადაეღოთ საყვარელ სპორტსმენთან. ყველგან კამერა ანათებდა. ვიღაც ინტერვიუს იღებდა, ვიღაც ავტოგრაფს ითხოვდა და მიღების შემდეგ ბედნიერი ღიმილით იხუტებდა გულში.
ლადოს ვეძებდი. მეგონა, კამერების სიახლოვეს ვიპოვიდი. ის კი თავის ლამაზ საცოლესთან ერთად კუთხეში იდგა და შორიდან ადევნებდა თვალს ხალხს. ხელი კაწიას თეძოზე ედო და რაღაცას ეჩურჩულებოდა.
პირველმა ეიფორიამ გადაიარა. კამერებიც ჩაქრა. რამდენიმე მისასალმებელი სიტყვის და ქება-დიდების შემდეგ მონასტერი აირია. ყველა ერთმანეთს ელაპარაკებოდა, ახალ წელს ულოცავდა და უაზროდ ლაყბობდა.
როგორც იქნა, კაწია მოწყდა საქმროს და დერეფნისკენ წავიდა. ალბათ თავისი იდეალური გარეგნობა სარკეში უნდა შეეთვალიერებინა. დრო ვიხელთე, ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა ბარიდან ავიღე და ლადოსკენ დავიძარი. ბიუსტჰალტერიდან ვერატრიდინის ფხვნილი ამოვიღე, ჭიქაში ჩავყარე და შევანჯღრიე.
ჩემს უკვე ყოფილს ჩემი დანახვა არ ესიამოვნა. თვალები გაუფართოვდა და მშველელის ძებნა დაიწყო, მაგრამ ახლომახლო ნაცნობი ვერავინ შენიშნა და მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა.
- საჩხუბრად არ მოვსულვარ, - ვუთხარი მიახლოებისთანავე. გავუღიმე და ჭიქა გავუწოდე. ფორთოხლის წვენი მისი სისუსტე იყო. უარს ვერ იტყოდა. ცოტა დამშვიდდა და შემათვალიერა.
- არაჩვეულებრივად გამოიყურები, - გამიღიმა თავისი უზადო ღიმილით.
- მადლობა. შენს საცოლეს ვერ შევედრები, - ვუპასუხე ისე, რომ მზერა არ მომიშორებია. თვალი ამარიდა - გაგიმარჯოთ, ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს.
ჩემი ჭიქა მისას მივუჭახუნე და შამპანური ბოლომდე დავცალე. მანაც ფორთოხლის წვენი მოიყუდა.
ცარიელი ჭიქა გამოვართვი და ჩანთაში ჩავიდე.
- არ დამვიწყებია, როგორ გიყვარს წვენები, - ვუთხარი, გავუღიმე და გავშორდი. აღარ მინდოდა იმის ყურება, რაც შემდეგ მოხდებოდა. ამ წამლის 0,6 სასიკვდილო დოზაა. მე ლადო სიკვდილისთვის ვერ გავიმეტე, მაგრამ საბოლოოდ ჩამოვაშორე დიდ სპორტს.
ნახევარ საათში სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა ლადო გიგანი. დიდი ხანი დასჭირდათ ექიმებს გულის ინფარქტის, წნევის ცვალებადობის და კუნთების სპაზმის სამკურნალოდ. გამოძიება ფორმალურად დაიწყო. ჩემთანაც, როგორც ერთ-ერთ რიგით სტუმართან, გამომძიებელი მამუკა ღლონტი მოვიდა და გამესაუბრა. ის მამუკა ღლონტი, რომელიც გუშინ საღამოს საყვარელ პიტბულთან ერთად კლინიკაში მესტუმრა.
გამომძიებლისთვის არ დამიმალავს, რომ მე და ლადო ერთმანეთს ვხვდებოდით შვებულებებზე. „ასეთი ფარული რომანი ორივეს გვაწყობდა, ამიტომაც არავისთვის გვითქვამს ამის შესახებ და მისი საცოლის არსებობის ამბავიც ვიცოდი“, - ვუთხარი ბატონ მამუკას და დამიჯერა. ჩვენი მიმოწერა გადაამოწმა. საეჭვო ვერაფერი ნახა და აღარ შევუწუხებივარ. ახლა კი ვერ მიცნო. არც მქონდა სურვილი, რადგან თუ პრობლემას შემიქმნიდა, მისი მოგვარების გზების ძიება მომიწევდა. მე კი პატიოსნად იშვიათად ვთამაშობდი.
დასასრული
სალომე ტაბატაძე