ნოველები

ცურავენ სირინოზები შავ ზღვაში? - დასაწყისი (რომანი)

ცურავენ სირინოზები შავ ზღვაში? - დასაწყისი (რომანი)
ჭიშკართან შევყოვნდი. სკოლამდე რეკორდულ დროში მივედი. ძლივს ვსუნთქავდი - რამდენიმე წუთი შესვენება აშკარად მჭირდებოდა. კუთხეში სკამზე ჩამოვჯექი. ყვავილები ჩანთის უკან დავმალე. მართლა ლამაზი იყო. იასამნისფერ თაიგულს კმაყოფილი ვათვალიერებდი.

ბატონი ზაზა ჯერ არსად ჩანდა. ვნერვიულობდი, მაგრამ ვერ დავიჩემებ, ამ შეგრძნების უკმაყოფილო ვიყავი-მეთქი. საბოლოოდ შევეგუე, ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი დაწყებულიყო. დილა გამახსენდა. ისევ ციცინათელებით განათებული მდელო. იქამდე აისი როგორ არასდროს მენახა? - ჩემს თავს რამდენჯერმე ხმამაღლა გაკვირვებულმა ვკითხე. მოვითენთე. უძილობამ სკამზე გამყინა. ალბათ, ბოქლომის ხმა რომ არა,
ტკბილად დავიძინებდი. კაი სანახავი ვიქნებოდი - სკოლის ჭიშკართან გათიშული თაიგულით ხელში. მკვდარზე ვენოკი; ბატონ ზაზასთან მივირბინე. გაუკვირდა. არაფერი უკითხავს - ეგ მაგისი საუკეთესო თვისება იყო. მეგობრულად მომესალმა და გზა დამითმო. არ ვიცი, თაიგული შეამჩნია თუ არა. იმ დროს ამაზე არ ვფიქრობდი.

ჩემი გამოთვლებით, ბავშვები ასე, ათ წუთში მოვიდოდნენ. გაკვეთილის დაწყებამდე დრო იყო. ყველაფერს ბუნებრივად უნდა ჩაევლო - საჩუქარს მაგიდაზე დავტოვებდი და უკან გავბრუნდებოდი. ბატონი ზაზა რამეს მკითხავდა და საფულის დარჩენას მოვიმიზეზებდი. ტყუილიც არ გამოვიდოდა. შემდეგ მოსახვევთან მივირბენდი და ლევანს ჩვენს ადგილას დავხვდებოდი. თითქოს არაფერი, საკლასო ოთახში გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდოდით და ელენეს გახარებულ /გაკვირვებულ სახესაც ვნახავდი.

ყველაფერი კარგად ჩაივლის - დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ერთი რამ მაინც მაწუხებდა. საქმე ისაა, რომ მაინც ვერ გადამეწყვიტა - გამემხილა თუ არა ლევანისათვის ჩემი ამბავი.

მოვიფიქრე, ამ უკანასკნელში გზაში გავრკვეულიყავი.

ყველაფერი გენიალურადაა! - კლასიდან გასვლამდე ყვავილები კიდევ ერთხელ შევათვალიერე. თავი შევიქე და მოსახვევისკენ გავწიე.

ბატონი ზაზა აღარ შემხვედრია. ლევანსაც მისვლა მივასწარი. ერთმანეთს მივესალმეთ. ცოტა მეწყინა - ვერაფერი შენიშნა. დარწმუნებული ვიყავი ყველაფერი სახეზე მეწერა. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, ლევანისთვის ჯერ არაფერი მეთქვა. სამაგიეროდ, მაგისი წუწუნის მოსმენა არ ამცდა. არ მახსოვს, რით იყო უკმაყოფილო, მაგრამ სანამ კლასში ავედით, დამღალა.

შეიძლება მართლა მე ვიყავი ცუდი მეგობარი და ყველაფერმა მომხდარმა იმდენად ჩამითრია, რომ სულ გადამავიწყდა ლევანისთვისაც მეკითხა, რას განიცდიდა ან რას ფიქრობდა. ზედმეტს ვითხოვდი. ეს აზრი წლების განმავლობაში ჩემი თავის ტკივილი გახდა, რაც მოსალოდნელიც იყო რიგი მიზეზების გამო. ლევანი ერთადერთია, რომელიც ძველ ცხოვრებასთან მაკავშირებს. სხვა ყველა ძაფი დიდი ხანია გაწყდა. ბევრს აქვს ჩემზე ბოღმა; ბევრს მოვქცევივარ სასტიკად, მაგრამ თავს დამნაშავედ მარტო ლევანის წინაშე ვგრძნობ. წარმოგიდგენია, მეგობარო? - თავს ვიდანაშაულებ. არა რა, ბავშვობის მეგობარი სულ სხვაა.

„გინდ დაიდანაშაულე, გინდ არა. რაღა მნიშვნელობა აქვს, თუ ეს მეგობრობა უბრალო მოგონება გახდა“ - მაინც პოულობს ბატონი ხმა მიზეზს, სიტყვაზე გამომეკიდოს. მეცინება. მომაყარა; აი, ისე - მასწავლებელი რომ კითხვას დასვამს და ბავშვი ხელის აწევის გარეშე პირდაპირ პასუხობს. მგონი, მართლა ეშინია, სათქმელის გარეშე არ დარჩეს.

მოკლედ, ჩვენი ძმური ურთიერთობა რამდენჯერმე ავწონ-დავწონე. რამდენჯერმე კი არა, ძალიან ბევრჯერ. საბოლოოდ დასკვნაც გავაკეთე. ამის გახსენების, ალბათ, აღარც დრო მომეცემა და აღარც შესაძლებლობა, ამიტომ მოკლედ მოგახსენებ - მე ჩემი დანაშაული მიმიძღვის, რომელსაც ვნანობ; კი ბატონო, მაგრამ ლევანმა უპატიებელი ჩაიდინა - მეგობარი გასაჭირში დატოვა. ამგვარი რაღაცები, ჩემნაირი უგულოსთვისაც კი, მიუღებელია.

ასე რომ, განაჩენი გამოტანილია - ელია ბოლქვაძე გამართლებულია. საქმის აპელაცია დაუშვებელი. მოსამართლე კმაყოფილი.

ამბავი განვაგრძოთ:

ჩემი ძალიან მარტივი გეგმა უკვე კარგად წარმოდგენილ ფინალს ნელ-ნელა უახლოვდებოდა და უნდა დამეჯერებინა, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია, როდესაც საკლასო ოთახის კარი შევაღე და სახეალეწილი მივაშტერდი ლალი ჩხაიძეს, რომელიც ჩემი ნაჩუქარი თაიგულით თავს იწონებდა. ელენე თავის მერხთან იჯდა და გაკვეთილისათვის ემზადებოდა.

იმდენად ღრმად ამოვიოხრე, შეშინებულმა ლევანმა ზურგი გამიმაგრა. არაფერი მითქვამს: არც ლევანისთვის, არც ლალისთვის, არც ელენესთვის. დღის ბოლომდე ხმა არ ამომიღია. ყველას, ვინც მეკითხებოდა რა სახით ზიხარ, რატომ ხარ ეგრეო, ღამე ცუდად მეძინა-მეთქი, ვპასუხობდი. ყველა მოტყუვდა, მათ შორის, ლევანიც. სხვათა შორის, ეს ფაქტი, ჩემს წარმოსახვაში გათამაშებულ ზემოთ ხსენებულ პროცესზე ლევანის საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულება გამოდგა.

„ნეტა, ოდესმე საკუთარი თავიც გაგესამართლებინა.“

მეხუმრები? მაშ, ყველაფერი არ გცოდნია, ჩემო კარგო. არაერთხელ ვიყავი მეც ჩემი თავის წინაშე მოპასუხე, მაგრამ, სამწუხაროდ, თავის მართლება კარგად გამომდის.

„სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ?“

ბოლოს და ბოლოს, ჩამოყალიბდი, რაში მადანაშაულებ - ცუდ ადამიანობაში თუ კარგ პროფესიონალიზმში?

„ერთი მეორეს არ გამორიცხავს და ნუ ცდილობ, თავი ამარიდო!“

აი, კიდევ ერთხელ შეცდი. არ ვცდილობ, თავი აგარიდო. აღარ; წარმოიდგინე და მადლიერიც კი ვარ შენი. აბა, დაფიქრდი - შეგიძლია გაიაზრო, რა საშინელ მარტოობას განვიცდი?

იმ დღეს, როდესაც საკლასო ოთახში ვიჯექი, ვუყურებდი, როგორ ტრაბახობდა ლალი ჩემი ელენესთვის სიმწრით არჩეული თაიგულით. მეგონა, ზიზღს ვგრძნობდი და მართალიც ვიყავი, მაგრამ ის კი გამომრჩა, რომ ჩემს სხეულში შეიკრა რაღაც უფრო ძლიერი, რომლის სახელიც არ ვიცოდი. ზიზღი აშკარაა. ის ჩუმჩუმელა. ვერაგი. მარტოობა მესტუმრა. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და უახლოესი მეგობრის თამადობით, ვერავის ვუზიარებდი.

უკეთ რომ გამიგო, ერთსაც გეტყვი. არ გაინტერესებს, რატომ არასდროს არ მომიყოლია ჩემი ამბავი ლენასთვის? შენი აზრით, საკმარისად არ მიყვარს ან არ მინდა ბოლომდე გამიცნოს? წყეულიმც იყავ, არა! ვერ გეტყვი რამდენჯერ წარმომიდგენია, როგორ მოვუყვებოდი ყველაფერს ლენას. რას მეტყოდა. სათანადოდ ვერ მაფასებ! მე ისიც ვიცოდი, სულ ვიცოდი, ოდესღაც ამ შედეგამდე მოვიდოდი. არჩევანი უნდა გამეკეთებინა - ან უნდა მომეყოლა ყველაფერი და საკუთარი შვილის სიბრალული ამეტანა, ან უნდა გამეგრძელებინა სიჩუმეში ცხოვრება და მაგის ზიზღს შევჩვეოდი.

მეორე ავირჩიე.

შენ რაც შეგეხება - ჩემი პირველი მსმენელი ხარ და როგორი აუტანელიც არ უნდა იყო, შენი ყოფნა მახარებს. სიცარიელეს მივსებ და იმასაც კი შევეგუე, რომ არ ვიცი, საიდან ან რა მიზნით ხარ მოსული.

„ჩემი გულის მოგებას ცდილობ?“

სხვათა შორის, საერთოდ არ მჭირდება შენი კეთილგანწყობა. მეც და შენც ვიცით, არსად არა ხარ წამსვლელი.

„კეთილი, ეს გასაგებია, მაგრამ თუ ნებას დამრთავთ, ბატონო, ერთი კითხვა მაწუხებს - რატომ არ ივაჟკაცე, წაართვი ლალის ყვავილები და ყველას თანდასწრებით ელენეს გადაეცი. ეგ იქნებოდა გმირული, ლამაზი საქციელი.”

იმიტომ, რომ მშიშარა ვარ. ბედნიერი ხარ? შემეშინდა. საჭირო დრო ვერ ავარჩიე. მერე ვეღარაფერი ვთქვი. რაც უფრო დიდხანს დავრჩი ჩუმად, მით უფრო მეშინოდა, რომ ელენე არ შემარჩენდა უმოქმედობას. შენც არ მომიკვდე, გეგონება, ამის პირდაპირ თქმა მოერიდებოდა.

ელენემდე ჩემმა ყვავილებმა ერთხელ მიაღწიეს. მისი დასაფლავების დღეს. თაიგული მამაჩემს გავატანე. ძალა არ მეყო, დასაფლავებას დავსწრებოდი.

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში თაიგული სულ ორი ქალისათვის მაქვს ნაყიდი. რა თქმა უნდა, სკოლის პირველ დღეს ლენას მასწავლებლებისათვის ნაყიდს არ ვთვლი. ერთს დედაჩემის ხსოვნას ვუძღვნიდი, მეორეს ელენესას. ტრაგიკულია, არა? ამ თაიგულებს არაფერი უნახავთ საფლავის ქვის სიცივის გარდა.

ჰოდა, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ელენემ ვერასდროს გაიგო, რომ ის თაიგული მაგისთვის იყო, მაგრამ რატომღაც გულის სიღრმეში სულ მჯეროდა, რომ ყველაფერს მიხვდა. ის ყვავილები საგანგებოდ ელენესთვის ავარჩიე. არა მგონია, ვერ შეემჩნია.

იმის მიუხედავად, რომ ჩემი რომანტიკული დებიუტი ისე არ დასრულდა, როგორც მინდოდა, დღის ბოლოს ელენესთან მივედი: ვალი უნდა დაგიბრუნო და დღეს სახლამდე მიგაცილო-მეთქი. გზაში ვიხალისეთ. გამიკვირდა; იქამდე არ შემინიშნავს - საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ასე გაგრძელდა სადღაც ორი კვირა. სკოლიდან სახლში ერთად ვბრუნდებოდით. ერთხელ სანაპიროზეც გავისეირნეთ. სანაპიროზე სიმინდი არ მაქვს ნაჭამიო. ეგ გამოსასწორებელია-მეთქი. ელენემ სიმინდი ჭამა, მე გავცურე. კლასელებს ვემალებოდით. ეგეც მოგვწონდა. ერთი სიტყვით, ნამდვილი შეყვარებულებივით ვიქცეოდით.

„სანამ?“

სანამ ჩამოჰკრა მწუხრის ზარმა!

როგორ პოეტურად ჟღერს, არა?

„გირჩევნია, მოეშვა ზედმეტ პათოსს.”

შენ კი გირჩევნია, მოკალათდე.

ამბავი მხოლოდ ახლა იწყება. 



წაიკითხეთ გაგრძელება

მეორე ნაწილი

"ცურავენ სირინოზები შავ ზღვაში?" გახლავთ "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023"-ის ერთ-ერთი მონაწილის, ლუკა ხატიაშვილის რომანი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93