ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, 2012 წლით თარიღდება.
მე ერთი დედისერთა გოგო ვარ, მარტოსული. დღენიადაგ საკუთარ სულში მეტ სიძლიერეს დავეძებ. ერთ დროს ისიც კი არ ვიცოდი, დაცემულ მდგომარეობაში რომ აღმოვჩენილიყავი, ფეხზე წამოდგომას როგორ შევძლებდი.
დედა, რომელიც ჩემთვის მფარველი ანგელოზი იყო - დავკარგე. იმ წამიდან მთელმა ბავშვობამ კინოფილმის კადრივით ჩემ თვალწინ გადაირბინა.
ეჰ, ვინ მოთვლის, ქუჩის ტალახში თუ მტვერში წაქცეული საყვარელ დედას რამდენჯერ წამოვუყენებივარ ან რამდენჯერ მივუხუტებივარ გულზე აბღავლებული, მაგრამ საკმაოდ წამოზრდილს უიღბლობის და უიმედობის დღეებიც მქონია. განა საშინელი შეგრძნება არაა, როდესაც გრძნობ, რომ ამქვეყნად არავის სჭირდები.
ღარიბ ოჯახში ვცხოვრობდი. ამას ისიც ემატებოდა, რომ მამა, რომელიც სხვების ოჯახში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა, დღენიადაგ სვამდა, ჰქონდა პათოლოგიური სიმთვრალე და უსუსური შვილის თვალწინ დედის ხელყოფასაც არ ერიდებოდა, რის გამოც დედაჩემი ძალზე ნერვიულობდა.
ამდენმა დარდმა თუ ყოველდღიურმა დაძაბულობამ მოულოდნელად გამოიწვია ის გარდაუვალი მდგომარეობა, რასაც გულის შეტევით გამოწვეული სიკვდილი ჰქვია.
ამქვეყნად სრულ სიცარიელეში აღმოვჩნდი. მართალია, მამა ისევ მყავდა, მაგრამ ჩემთვის ის აღარაფერს წარმოადგენდა. ან რა დამავიწყებს იმას, რომ მის გამო არასრულფასოვნების კომპლექსით დასნეულებული საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლას კი არ ვცდილობდი, არამედ მომაკვდინებელ დეპრესიამდე მივედი.
დიახ, ასე იყო. ოცი წლის გოგოს სიცოცხლე აღარ მინდოდა, რადგან იმის ნაცვლად, რომ მესწავლა და რაიმე პროფესიას დავუფლებოდი, სკოლის დამთავრების დღიდან თავდაუზოგავად ვშრომობდი.
რამდენიმე წელი ჩვენს კორპუსთან ახლომდებარე ,,კნაუფის ქარხანაში"', სადაც მეზობლის ქალმა დამლაგებლად მომაწყო. დედის ავადმყოფობის გამო სახლთან ახლოს სამსახური სავსებით მაკმაყოფილებდა, თუმცა ყოველდღიურად მიწევდა საშინელი გამონაბოლქვი ჰაერის ჩასუნთქვა, რაც შესაძლოა წლების შემდეგ ჩემს ჯანმრთელობაზე ცუდად ასახულიყო. რაკი ეს ყველაფერი ვიცოდი, მშობლის გარდაცვალების შემდეგ უმალ დავტოვე ზემოთ აღნიშნული ქარხანა და უკანმოუხედავად წამოვედი.
უკეთესი სამსახურის ძიებაში პრესტიჟულ სასტუმროებს მივადექი. პლუსი ის მქონდა, რომ სალაპარაკო ინგლისური ვიცოდი, თან ვგრძნობდი, გამიმართლებდა.
არ შევმცდარვარ, სამსახური ვიშოვე თბილისის ერთ- ერთ ცნობილ სასტუმროში, რაც იმაზე უფრო შრომატევადი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. განსაკუთრებით, წვიმიან ამინდებში, რადგანაც ამ დროს უთვალავჯერ მიწევდა იატაკების მოპრიალება. უიღბლობის გამო საკუთარ თავს ყოველდღიურად ვგლოვობდი, მთელ დღეებს ტირილში ვატარებდი, ლამის ცრემლებით ვწმენდდი იატაკებს, ვხეხავდი საპირფარეშოებსაც, რათა თავის სარჩენად ორიოდ თეთრი გამომემუშავებინა. რაც დედამ დაგვტოვა, მამაჩემი კი დარდისაგან სასმელს, არა სინანულის, არამედ მარტოობის განცდის გამო კიდევ უფრო მიეძალა. მასთან დალაპარაკებასაც ვერ ვახერხებდი, ხოლო შინ როდესაც ვბრუნდებოდი, ძირითადად ეძინა, მეც დაღლილ-დაქანცული შხაპის შემდეგ ლოგინზე მივწვებოდი და დედაზე ფიქრში ტკბილად ჩამეძინებოდა ხოლმე.
ჩემი ერთფეროვანი ყოფა, ვინ იცის, სანამდე გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი გულსაკლავი წყენა, რომელიც სასტუმროს თანამშრომლებისაგან ვიწვნიე.
ერთ საბედისწერო დღეს მძიმე სამუშაოს შესრულებისას წყალი მომწყურდა. რაც მომაფიქრდა, ის იყო, რომ იქაურ სამზარეულოს მივადექი და ჭიქა წყალი ვითხოვე:
- წყალი, თუ შეიძლება, - ერთ-ერთ მზარეულ ქალბატონს მივმართე.
- წყალი არ გვაქვს, - მპასუხობს ურეაქციოდ, თან მოშვებულ ონკანთან რაღაცას საქმიანობს.
- გთხოვთ, ძალიან მწყურია, - გავუმეორე
- ვერაფრით დაგეხმარებით! - მომიგო ცივად და კარი ცხვირწინ მომიხურა.
სწორედ ეს გახდა საბაბი ჩემი მოთმინების ამოწურვისა, ყველაფერი ადგილზე დავყარე და დირექტორის კაბინეტს მივაშურე. თავდაპირველად მათ საქციელზე რეაგირება მოვთხოვე, მაგრამ რაკი პასუხად ვერაფერი მივიღე, წასვლაზე განცხადება დავწერე და განაწყენებულმა იქაურობა დავტოვე, რადგან აზრი არ ჰქონდა იმ სამსახურში დარჩენას, სადაც არაფრად მაგდებდნენ.
გზადაგზა საკუთარ თავზე ვბრაზობდი. მთელი რუსთაველის პროსპექტი ფეხით ავიარე, ბოლოს კი ერთ-ერთ ძელსკამზე დაღლილ-დაქანცული ჩამოვჯექი.
ხელმეორედ შემომიტია წყურვილმა. ჩანთიდან საფულე ამოვიღე და იქვე კაფეში ლიმონათის დასალევად შევედი. ცივ სასმელთან ერთად ჩემს ცხელ ცრემლებსაც ვყლაპავდი, რადგან იმ უბედურებაზე ვფიქრობდი, რომელიც არ მცილდებოდა. ფიქრებში გართული ირგვლივ ვერავის ვამჩნევდი. და ის იყო, შინ წასვლა დავაპირე, რომ ჩემ წინ ოცდაათიოდე წლის სიმპათიური მამაკაცი აისვეტა.
- სამსახურს ეძებთ? - მეკითხება დამტვრეული ქართულით.
- ძალიან მეტყობა? - შუქი ჩამიდგა თვალებში.
- უბრალოდ, ასე წარმოვიდგინე, მიმტანად იმუშავებთ?
- დიახ, ვიმუშავებ. - მტკიცედ მივუგე.
- მაშ, გავიცნოთ ერთმანეთი, ფერჰარ მასუმი - მამაკაცის გამოწვდილ მარჯვენას ჩემი სუსტი ხელის მტევანი შევაგებე და მეც გავეცანი.
- მარიცა ხატიაშვილი.
- რა ლამაზი სახელია, როგორც მდინარე ედირნეში. - მომიგო მან, თუმცა ვერაფერი გავიგე, რას გულისხმობდა.
- თურქი ბრძანდებით? - ჩავეძიე, რადგან ედირნე მიხსენა.
- არა, ირანელი, ქალაქ შირაზიდან, გაგონილი გექნებათ.
- ო, რა თქმა უნდა, - სწრაფად მივუგე და ხვალამდე დავემშვიდობე. შემრცხვა ჩემი უცოდინრობის, მთელი გზა კი იმაზე ფიქრში გავატარე, რომ სახლში ერთი წიგნიც კი არ მქონდა წასაკითხად.
იმ წუთიდან გადაწყვეტილება მივიღე, რომ ჩემი ხელფასის ნახევარი შემეცნებითი წიგნების შესაძენად გამომეყო, რათა ამ გზით მაინც გავმხდარიყავი ნაკითხი ადამიანი. მე ხომ ინტერნეტიც კი არასდროს მქონია, შესაბამისად, არც წიგნების ელექსტრონული ვერსიები წამიკითხავს ოდესმე. ამიტომაც წიგნის ხელში ჭერას უფრო ვამჯობინებდი, რადგან ეს იგივეა, მეგობართან ერთად იყო, მასთან ერთად ტიროდე, იცინოდე და გრძნობებისაგან გადაღლილს ბოლოს წიგნთან ერთად ჩაგეძინოს. განა სულ სხვა არაა მისი სურნელი, მისი სიახლოვე.
არასდროს დამავიწყდება, დედის პირველი საჩუქარი გივი ჭიჭინაძის საბავშო ლექსების კრებული იყო. საჩუქრით გახარებული წიგნთან ერთად ვიძინებდი და ვიღვიძებდი. შემეცნებაზე ვფიქრობდი, თუმცა ჯერ ტელეფონიც კი არ გამაჩნდა, მაგრამ მომავალზე ოცნება გავბედე, რადგან ფერჰატთან შეხვედრის შემდეგ ოცნებები რეალური მეჩვენა.
ფიქრებით საკითხავი წიგნების მთელ ტომეულებს მივწვდი, თან ხელში მობილურიც მეჭირა. ამავდროულად, ვლოცავდი იმ ირანელთან შეხვედრის წუთებს, რომელიც განგებამ ჩემ სანუგეშებლად გამოიმეტა.
დილით ჩიტების ჭიკჭიკმა გამომაღვიძა. ოთახში ფარდის მიღმა მზემ ისე ინათა, ჩემკენ არც კი შემოუხედავს. რაკი ქიზიყის ქუჩაზე, "კნაუფის" ქარხანასთან ვცხოვრობდი და სამსახურამდე მისაღწევად საკმაოდ დიდ დროს ვანდომებდი, ამიტომაც მერჩივნა საწოლიდან ადრიანად ავმდგარიყავი. ადგომისთანავე წესად მქონდა, საუზმედ დილას ჩაი დამელია. ამ დროს მაგიდაზე ელაგა ერბოკვერცხი, ცოტაოდენი ყველი და პური.
მოწესრიგების შემდეგ ნაჩქარევად ვაყოლებდი ლუკმას გაცივებულ სასმელს, რომელსაც, როგორც ყოველთვის, ერთი ამოსუნთქვით ვსვამდი და ისე გამოვდიოდი სახლიდან.
ლამაზი იყო ჩვენი ხუთსართულიანი საცხოვრებლის ეზო, აშოლტილი თუთის ხეებით გარშემორტყმული. კორპუსიდან გამომავალ მობინადრეთ სხვადასხვა შეფერილობის ყვავილებით დამშვენებული ბილიკი გულს გვიხარებდა. ეზოს სიმდიდრედ ასევე ითვლებოდა წყაროს წყალი, რომელიც მდინარის ქვებით გახლდათ შემორკალული და სხვადასხვა შეფერილობის ზღვის კენჭებით მოპირკეთებული. ეზოს გარეთ ძელსკამი იდგა, ტრანსპორტის მომლოდინეთათვის. მის გასწვრივ კი ბაბუაწვერას ყვითელი ყვავილები იმზირებოდნენ. მათ ნუგეშს დაბადებისშემდგომი ყვავილობა წარმოადგენდა, ხოლო წუხილს - სიბერე და ქარის ხელით გამოწვეული უეცარი სიკვდილი.
ყვავილებს მანანა ბებო უვლიდა. იგი დილიდანვე ეზოში მდგარ მრგვალ მაგიდასთან იჯდა ხოლმე. არასდროს არაფერი გამოეპარებოდა, ვინ სად მიდიოდა, ვინ საიდან მოდიოდა. იმ დილასაც მიმავალი რომ დამინახა, დამიძახა:
- სამსახურში მიდიხარ, მარიცა?
დიახ, ბებო, ახალ სამსახურში, - მივუგე ხალისიანად.
- ღმერთმა გზა-კვალი დაგილოცოს, შვილო. მამაშენზე არ იდარდო, დღეს სადილს რომ მოვამზადებ, მოვიკითხავ, - დამაიმედა.
- მადლობელი ვარ, ნუღარ წუხდებით, - შევთხოვე მუდარით, რადგან მისი მზრუნველობა უკვე სასოწარკვეთილებაში მაგდებდა.
განა მე არ ვიყავი ვალდებული, მარტოხელა მოხუცისათვის ყურადღება მიმექცია? ის კი პირიქით, თავად ცდილობდა ჩემ დახმარებას. ამიტომაც მიყვარდა გულისხმიერი მანანა ბებო. რაკი იმ დილასაც შემომეგება, ჩავთვალე, რომ კარგი დღე მექნებოდა.
მარშრუტმა რატომღაც დაიგვიანა, მაგრამ ვარკეთილის მეტრომდე მისვლა მაინც დროულად მოვახერხე. იქიდან კი უკვე ყველაფერი მიადვილდებოდა. ფეხით გავუყევი თავისუფლების მოედანს, ჩავუარე ქაშვეთის ეკლესიას, სადაც მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერასდროს შევდიოდი; ამავდროულად, ისეთი შეგრძნება მრჩებოდა, თითქოს რაღაც ძალა წინ მეღობებოდა და უფლის სახლს მაშორებდა.
სამსახურის კართან მისულს მოღიმარი უფროსი დამხვდა. მან, როგორც ველოდი, თანამშრომლებთან წარმადგინა, რომლებმაც ჩემი მოვალეობები გამაცნეს და მეც მუშაობას იმ წუთიდანვე შევუდექი.
მართალია, ჩემი საქმის გარდა, ყურადღებას არავის ვაქცევდი, მაგრამ არ გამომპარვია ფერჰატის დაჟინებული მზერა, რომელიც თითქოს თვალებით მჭამდა, თან ჩემი თვალთვალისას სახეზე ოფლი სდიოდა ისე, რომ სახიდან ცხვირსახოცს ვერ იშორებდა.
რამდენიმე დღე ვაკვირდებოდი მის უმსგავსო ქცევებს, ბოლოს კი საგონებელში ჩავვარდი, ახალდაწყებული სამსახური როგორ უნდა მიმეტოვებინა.
ერთხელაც ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე, ადრიანად გამოვედი სამსახურიდან. გზად ჩემი ბავშვობის მეგობარ ელენესთან შევიარე საეკლესიო მაღაზიაში, სადაც ის მუშაობდა და მეც სტუმრობისას სულიერ სიმშვიდეს ვიძენდი.
- როგორ ხარ, მარიცა? - შესვლისთანავე შემომეგება ელენე.
- არა მიშავს, მეგობარო, - მოვეხვიე, თან იქ დატრიალებული საკმევლის სურნელი შევისუნთქე.
- მოდი, აქ მოდი, - გამიღიმა მეგობარმა თან თვალით წიგნებისაკენ მანიშნა.
- რას გულისხმობ?
- ახალი ლიტერატურა მივიღეთ.
- რა წიგნებია? - დავინტერესდი.
- იოანე ოქროპირის სწავლა-დარიგებანი, ასევე, წმინდა დედათა ცხოვრება.
გამიხარდა, გამოწვდილი წიგნები სიხარულით გამოვართვი და ხელჩანთაში მოვათავსე.
ძალიან მომინდა მეგობრისათვის ჩემი ახალი სამსახურის შესახებ მეამბნა, მაგრამ ენა არ მომიბრუნდა.
დამაკომპლექსა იმანაც, რომ თავად სასულიერო მაღაზიაში მუშაობდა მე კი...
ცოტა ვისაუბრეთ და ის იყო, წამოსვლას ვაპირებდი, რომ მაღაზიაში შეშფოთებული გამომეტყველების მამაკაცი შემოვარდა, თან პირდაპირ საკმევლების სექციისაკენ გაექანა, ხუთი შეკვრა ნახშირი აიღო, ხოლო საკმევლებიდან: გამჭვირვალე ყუთებში მოთავსებული ფიჭვი, იასამანი და ოქროს ბურთულები შეარჩია. ჩვენკენ არც გამოუხედავს, წიგნების განყოფილებისაკენ გადაინაცვლა.
ვაკვირდებოდი: ხელში როგორ იღებდა თითოეულ ბროშურას და ნერვიულად ფურცლავდა, ზოგს უკან აბრუნებდა, ზოგსაც თავისთვის იტოვებდა.
- ხომ არ დაგეხმაროთ? - თავაზიანად მიმართა ელენემ.
- არა, არა, არ მინდა არანაირი დახმარება, - აყვირდა მოულოდნელად. - მე თვითონ, მე თვითონ, - ბუტბუტებდა თავისთვის და წიგნებს თავს არ ანებებდა.
თანაგრძნობით ვუმზერდი უცნობს, რადგან ეტყობოდა, მთლად რიგზე ვერ უნდა ყოფილიყო. ბოლოს თავის რჩეულ ბროშურებს თავი მოუყარა და ელენეს სალაროსთან დაულაგა.
წიგნების დათვალიერების შემდეგ ჩემმა მეგობარმა უცნობს მიმართა:
- ეს ორი ერთი და იგივეა.
- ნუთუ? - მან ეჭვის თვალით შეხედა ჯერ ბროშურებს, მერე ჩემს მეგობარს და მის სიმართლეში როდესაც დარწმუნდა, თავში მუშტები წაიშინა, მერე კი დაჭრილი ცხოველივით აბღავლებულმა სახე ხელებში დამალა.
- რა გატირებთ? - დამშვიდებას შევეცადეთ, მან კი გული გადაგვიშალა.
- სულ ახლახან, - წყვეტილ-წყვეტილ აკინძა სათქმელი, - ავღანეთის ომიდან დავბრუნდი, სადაც ფულის გამო ჩემივე ნებით წავედი. მას შემდეგ იმხელა ტკივილს ვზიდავ მხრებით, რომ წელში გასწორების საშუალება არ მეძლევა.
ვერც საცოლესთან შევძელი მისვლა, რომ მეთქვა, ჩამოვედი-მეთქი, არადა, მისი ბედნიერებისათვის გადავდგი ეს ნაბიჯი.
იგი ცოტა ხანს შეჩერდა.
კედელზე ერთ წერტილს მიაშტერდა და თვალდახუჭულმა განაგრძო თხრობა:
- ახლაც ჩამესმის ტყვიების ზუზუნი, ადამიანთა გვამების სუნი, ამის ფონზე კი საყვარელი გოგოს ხატება, რომელიც საშინელ დღეებში მაძლებინებდა. ასევე მისი ცხვირსახოცის სურნელი, სულ თან რომ დამქონდა... ჩემი ნუგეში, დამშვიდობებისას შემთხვევით რომ გამოვიყოლე. მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ მეგონა, რომ მას ვეღარასოდეს ვნახავდი, თან ეს უცნაური ტანჯვა უფრო და უფრო ორკეცდებოდა.
მაინც გადავრჩი. ნეტავ მოვმკვდარიყავი, მე ხომ ჩემს სიყვარულს ტყვიებით მოკლული ადამიანების საფასური ჩამოვუტანე, რომელიც რომც ვეცადოთ, მაინც არ გაგვახარებს.
- გთხოვთ, დამშვიდდეთ, - აღმომხდა უეცრად, თუმცა მეტი ვერაფრით ვანუგეშე.
- ბოლოს და ბოლოს, შემიძლია მივიდე მასთან, ქორწილიც დავგეგმოთ, მაგრამ ვერა, არაფერი გამომდის.
აქ ისე შეისვენა, ტირილი არ შეუწყვეტია.
- მე სულ სხვა ადამიანი დავბრუნდი იმ დაწყევლილი ადგილიდან.
- მკვლელი ვარ, მკვლელი, - მამაკაცმა ხელი იტაცა თავის პერანგის საყელოზე, თითქოს ტანზე შემოხევას ლამობსო, რომ ისევ მძიმე პაუზამ დაისადგურა.
- ამიტომაც არ მაქვს ოჯახის შექმნის უფლება, მით უფრო, ბედნიერების, - თქვა და იქვე იატაკზე დაემხო.
ერთ ადგილას გახევებული ვიდექი და პირველად ვხედავდი აბღავლებულ ადამიანს, რომელსაც საკუთარი სინდისი ამათრახებდა.
ის ისეთი გულწრფელი ჩანდა, ისეთი განსხვავებული, ადამიანს მისი გულში ჩაკვრა მოუნდებოდა, თუმცა რაკი ვერაფერი შევძელით, ელენემ მას ყველაფერი უფასოდ გაატანა. ეს ცხოვრებისეული კადრი კი, რომელიც კინოფილმისას უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩემ თვალწინ მომხდარ ამბავს, უთუოდ დიდხანს გამყვება მოსაგონებლად.
თავად ნუგეშისათვის მისულს სული უფრო დიდი მწუხარებით ამევსო. ამის ფონზე ჩავთვალე, რომ ჩემი მცირედი პრობლემები სხვის უბედურებასთან შედარებით ზღვაში წვეთი იყო და ამიტომაც დუმილი ვამჯობინე.
"ტანგო ირანში" გახლავთ "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023"-ის ერთ-ერთი მონაწილის, მარიამ ნიკოლავას რომანი.