ჩემი ოცნებაა, რომ ყოველ მოცემულობასა და ვითარებაში, ობიექტური რეალობის თითოეულ მომენტში, შესაბამისი მუსიკა ირთვებოდეს, აი, ასე, როცა დავსევდიანდებით, სხეულს ალმური ედებოდეს და გვესმოდეს ის მუსიკა, რომელიც ყველაზე დიდ სევდას იწვევს ჩვენში ან პირიქით, როცა ბედნიერებისგან კანში ვეღარ ვეტევით და ჩვენი ბიოლოგიური ორგანიზმი ეპიდერმისისა და დერმის შემოძარცვას ცდილობს და ირთვება მუსიკა, რომელიც ამ ემოციას აუცილებლად აქცევს პერფორმანსად.
ახლაც ასე მოხდა, აღტაცებისა და ეგზალტაციის ჟამს ინოლა გურგულიას “შენთან” ჩაირთო და მის საფლავზე წასვლა მომინდა, გამთენიის 4-ის 13 წუთზე. წარმოვიდგინე სცენა: დუტის კურტკით (რომელიც არ მაქვს, მაგრამ ზამთრის ამ სუსხიან ღამესა და უცნაურად განსაკუთრებულ ამ მომენტში ასე წარმომიდგენია), კრემისფერი ველვეტის გაცრეცილი შარვლითა და ბათინკებით, მარცხენა ხელის სამკუთხედში დიდი ძალისხმევის შედეგად ნაპოვნი ნახევრად სავსე თეთრი ღვინის ბოთლით, რომელიც აუცილებლად კოკა-კოლას შემოცრეცილმარკიანი ბოთლი უნდა იყოს, ამოჩრილი ვიძახებ ტაქსის, მაგრამ არა, ჯერ ვცდილობ, რომ საფლავის ადგილმდებარეობა გავარკვიო და შემდეგ იმ უხერხულ მომენტზე ვიფიქრო, ჩემსა და ტაქსისტს შორის რომ ჩამოწვება ჩემი სახლიდან სასაფლაომდე მიმავალ გზაზე - გარეუბნელი ჯეელი, ოდნავ შეშლილი შეხედულების, მიემართება სასაფლაოზე, სასაფლაოზე, გამთენიისას, როგორ ყვირის, არა?! დასკვნები ალბათ რამდენიმე საკვანძო სიტყვას დაეფუძნება: “კატები”, “გატყავება”, “რიტუალი”, წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობაა შესაძლო სტერეოტიპულ ვარაუდსა და ჩემს მიზანს შორის, რომელიც ერთი გენიალური ქალის საფლავის ხილვაა.
უხერხული 40-60-წუთიანი მგზავრობის შემდეგ მეც და ტაქსისტიც, დიდი ალბათობით, მდუმარე დიალოგის დამშვიდობების ვერბალიზაციით დასრულებას არ ჩავთვლით საჭიროდ, მე ვეღარ მოვითმენ, სიცილი შემეპარება მარცხენა ქვედა ტუჩთან და დარცხვენით გავხედავ სარკეში, რათა თავის მცირე დაკვრით დავემშვიდობო, ისიც იმავეს იზამს და ჩემი გადასვლის წამიდან იქამდე გაწელავს მანქანის გაყვანის პროცესს, სანამ არ მოვცილდები მისი თვალთახედვის არეალს. და მას გაჰყვება უდიდესი ინტერესი ცხოვრების ბოლომდე, ინტერესი იმისა, თუ სად მივდივარ, რა უნდა გავაფუჭო, რა უნდა დავაშავო, მაგრამ ვერასდროს გაიგებს, თუ იმ მყისიერ მომენტში მყისიერ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და არ იქცევა ჩემს დაუპატიჟებელ მეგზურად ამ თავგადასავალში.
ვერ გაბედავს დამირღვიოს ციკლი, იფიქრებს, რომ ეს უხერხულია ან საერთოდაც არ იფიქრებს, უბრალოდ არ მოუნდება, მაგრამ ინტერესით მოკვდება და სახლში მისული თავის ცოლს მოუყვება ახალგაზრდაზე, რომელმაც თავი ასე გვიან ალბათ ან რაღაც “მახინაციის” ჩასატარებლად მიაყვანინა სასაფლაოზე, ან უახლოესი ადამიანის მონატრებას ვერ გაუძლო და ისინიც შეთხზავენ შესაძლო ისტორიას, ვინ გარდამეცვალა, როგორი უბედური ვარ, შანსი რომ ჰქონდეთ, როგორ ამომიდგებოდნენ მხარში და როგორ მეტყოდნენ, რომ ცხოვრება გრძელდება და მე განვაგრძობ ჩემს გზას, გზას, რომლის გავლაც ყოველ ჯერზე მიყვარს, გზა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს - სასაფლაოს გზა. იცით, პირველი პაემანი სასაფლაოზე მქონდა?! ჩემთვის ნაცნობ სასაფლაოზე და ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით. ამჯერად სრულიად უცხო სასაფლაოზე აღმოვჩნდები. არასდროს ვყოფილვარ პანთეონებში. საბურთალოს პანთეონიც არ იქნება გამონაკლისი. მიყვარს ის ხმა, რომელსაც გავიგებ, სიჩუმის ინტიმური და ზედმეტად თავისებური ხმა. ოქსიმორონი.
სასაფლაოზე ყოფნის, განსაკუთრებით კი, უცხო სასაფლაოზე ყოფნის სიამოვნება იმაში მდგომარეობს, რომ ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანები გავიცნო, მივიდე მათ საფლავთან, შევხედო მათ გალიებად ქცეულ სახლებს და წარმოვიდგინო მათ მიერ განვლილი ცხოვრება - ვინ უყვარდათ, ვინ სძულდათ, რა უხაროდათ ან რა სწყინდათ, როგორ დაასრულეს ცხოვრება. ვიღაცისთვის ჰობი ხატვა, რომელიმე სპორტის სახეობა ან უბრალოდ სეირნობაა, ჩემთვის სამუდამო მარტოობისთვის განწირული უსიცოცხლო ადგილზე მიტოვებული ადამიანების ისტორიების მოფიქრებაა. არ იფიქროთ, რომ მათ შეურაცხვყოფ, პირიქით, მგონია, რომ თუ ოდნავ მაინც არის შესაძლებელი, რომ ამ პროცესში ისინი მაკვირდებიან, სპორტული ინტერესით ელიან იმას, თუ რამდენად სწორად გამოვიცნობ მათ ცხოვრებას, შეიძლება “ხელზეც მაზავდნენ”, “გავარტყამ თუ არა”.
საბურთალოს პანთეონში ინოლა გურგულიას საფლავის ძებნის პროცესში, დიდი ალბათობით, წავაწყდები მესაფლავეს, ამ ყარიბადქცეული ხალხის ერთადერთ მესაიდუმლეს, მათ ერთადერთ მუდმივ სტუმარსა და შემკედლებელს, რომელიც ხვალინდელი დღის დაკრძალვის ცერემონიისთვის საფლავს თხრის. ნეტა გრძნობს რამეს? ფიქრობს იმ ადამიანზე, რომელიც მის მორიგ შედევრში უნდა ჩაასვენონ, რომლის ციხესიმაგრესაც მომავალი დღეების, კვირებისა და წლების განმავლობაში უნდა უდარაჯოს თუ იმდენად გამჯდარი აქვს ამ საქმის კეთების უბრალოება, რომ საფლავის თხრა უბრალოდ მიწის თხრად ექცა?! მესაფლავე თვალს გამომაყოლებს, ხშირად ეყოლება ამ დროს სასაფლაოზე განწირული ადამიანები ნანახი, რომლებიც თავიანთ შვილებს, მშობლებს, მეგობრებს ან იმ ადამიანებს მოსდგომიან
ციხესიმაგრის კართან, რომელთაც შორიდან ეტრფოდნენ და მხოლოდ სასაფლაოზე შეძლეს მათთან პირისპირ დარჩენა, მათთან განმარტოება და იმის თქმა, რაც მათ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს, ეს ხომ ასე ხდება, ფილმის სცენარივით - ყველა ვინც გარდაიცვლება, მომდევნო დღეების მანძილზე დღისა თუ ღამის სხვადასხვა მონაკვეთში იღებს სხვადასხვანაირ მნახველს, თავიანთი უთქმელი სათქმელებით, აქამდე გამოუვლენელი ვნებით, მრისხანებითა თუ სენტიმენტებით, მაგრამ იმათმა რა ქნან, ვისაც უბრალოდ მარხავენ და შემდეგ აღარასდროს ელაპარაკებიან, აღარავინ უმხელს გულისნადებს, აღარავინ აგლეჯს მათ გულს სარეველა ბალახს?! რა უნდა ქნან და უნდა დამელოდონ მე! დამელოდონ, რათა მივიდე და მათი ცხოვრება წარმოვიდგინო წამიერად, ვეცადო მათი ნანგრევებად ქცეული ციხესიმაგრის ოდნავი რესტავრაცია ჩემი სუსტი ხელებით, მაგრამ დაუცხრომელი სურვილით, რომ ეს შევძლო, დამელოდონ, რათა მათი სახელი და გვარი ჩემმა ბაგეებმა ჩუმად თუ ხმამაღლა, პირდაპირ თუ ბორძიკით, რამენაირად წარმოვთქვან და კიდევ რამდენიმე ხანი მისცენ მათ ხსოვნას არსებობის შანსი.
ელფების ღვთიური ნავსაყუდელი
დღეს დავფიქრდი რომ ხშირად მივიწყებული ისტორიების გახსენება, ისტორიების, რომლებიც უდიდეს მაგიასა და განსაკუთრებულობას იტევენ ჩვენს თავში, ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მაძლევს. აი, ასე.
12 წლის ვიყავი. მარტივია: 2000 წელს დავიბადე, 2012 წელს კი 12 წლის შევიქენ, 2000 წელს დაბადებულებს ყველა სხვა დანარჩენზე მეტი უპირატესობა გვაქვს, მარტივი არითმეტიკული ოპერაციით არის შესაძლებელი ჩვენი ასაკის გამოთვლა, 2100 წლამდე ამხელა პრივილეგია ვეღარავის ექნება. ვწუხვარ.
12 წლის ვიყავი, როცა მონასტერში აღმოვჩნდი, ღვთაების მამათა მონასტერში. ამ ვოიაჟისთვის გამართლებისა და ეგიდის მოსაძებნად, ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ დედაჩემის მომავალ გამოცდაზე წარმატების მოსაპოვებლად უნდა მელოცა და დავყუდებულიყავ მონასტერსა შინა. ღვთაების მონასტერი ჩემი საცხოვრებელი სახლიდან უმოკლეს მანძილზეა (ერთ-ერთ იმ ადგილებს შორის არის, რომელიც რეალურად ასე ხასიათდება, რადგან უნივერსიტეტსა და სამსახურშიც კი უფრო მეტი დრო მჭირდება ერთსა და იმავე ქალაქში). მახსოვს სწორედ ამ გზის სიმოკლის გამო გადავწყვიტე საბოლოოდ ჩემი სამონასტრო ცხოვრების რეალობად ქცევა, თორე გულის სიღრმეში მაშინვე ვიცოდი, რომ ჩემი ლოცვა დედაჩემს მაქსიმუმ ცუდად დაჰბრუნებოდა, რადგან ნახევარზე მეტ წინადადებას ლოცვის დროს “ვიპარავდი”(ასეა, როცა გაუაზრებელ ქმედებებში ითრევენ ღლაპებს).
წინასწარ გამაფრთხილეს, რომ იქ რომ მივიდოდი, ვიღაც კაცები, რომლებსაც “ჩანერგილებს”, “სუსის ბოზებს” ან “კაგებეშნიკებს” ეძახდნენ, გამიჩხრეკდნენ ჩანთას, ვაითუ 12 წლის ბავშვი დიდი პოლიტიკური ან თაღლითური გარიგების მონაწილე ვყოფილიყავი და ვაითუ რამე არაკანონიერი - მოსასმენი აპარატურა, კამერები, კრიპტოგრაფიული მოწყობილობები, საჰაერო რაკეტები ან ნარკოტიკები - არ მქონოდა. ღვთაებამდე მანქანით იმ მორჩილმა მიგვიყვანა, ვის კელიაშიც უნდა დავრჩენილიყავით. ასეც მოხდა, მისვლისთანავე თავი გვიკრეს ორ გოროზ მამრთან, რომლებიც აღნაგობითა და ჩაცმულობით ბოდიგარდებს წააგავდნენ და ჩემი ჰოლივუდური ბლოკბასტერის წიაღში ჩათრევას ლამობდნენ. ჩასხმულ მხარ-ბეჭიანი, მწვერვალის განკაცებული ვერსია იდგა ამ კაცების სახით ჩემ წინ, არც მომსალმებიან, უბრალოდ ხელი გამომიწოდეს იმის აღსანიშნად, რომ ჩემი ნივთები მიმეწოდებინა შესაძლო მომდინარე საფრთხის გასანეიტრალებლად. ჩემგან. 12 წლის ბავშვისგან. საფრთხის. ს ა ფ რ თ ხ ი ს. 12 . წ ლ ი ს. არ აღმოვჩნდი არც ბინ ლადენის, რომელიც ერთი წლის წინ ჩადეს მიწაში, გარებიძაშვილი და არც ალბერტ ჰოფმანის სტუდენტი, “მოშნი” მარაგით. მონასტრის “ფეისი” გავიარე. 10 წლის შემდეგ, ბასიანისა და ხიდის ფეის კონტროლს რომ გავივლი, ზუსტად ისე გამიხარდება, როგორც მაშინ, როცა ორმა ახმახმა მონასტრიდან არ გამომაძევა საეჭვოობის გამო.
სამონასტრო ცხოვრება რთული აღმოჩნდა, მაგრამ არა უცხო, რადგან მოკრძალებულად და ყველანაირი მატერიალური სიამტკბილობისგან შორს ყოფნა მაქამდეც მქონდა გამოცდილი. კელიაში, რომელშიც ჩვენ უნდა გვეცხოვრა, ჩვენი მასპინძელი მორჩილი და ერთი საწოლადჩავარდნილი ბერი იყვნენ დაბინავებულნი. როცა სიტყვა კელია პირველად გავიგე მეგონა, რომ ელფებთან ერთად უნდა მეცხოვრა, რადგან იგრძნობოდა, რომ კელია ელფების ნავსაყუდელი უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალობა წარმოსახვისგან რადიკალურად განსხვავდებოდა: ჩამოგლეჯილი შპალერის შესავსებად ხატები და საეკლესიო პოსტერები გამოეყენებინათ, იატაკი სიძველისგან ისეთი დარბილებული იყო, რომ ზოგიერთ ადგილას მეგონა, ჭაობში ვიძირებოდი. ოთახები ერთმანეთისგან გახუნებული ფარდებით იყო გამოყოფილი, ფარდები რკინის გრძელ, რკალისებურად მოჭიმულ მავთულზე იყო გაბმული და “ოთახში” მცხოვრებთ პრივატულობის განცდას უნარჩუნებდა. ამინდის მიუხედავად, კელია მოქუფრულ ფერებში იყო ჩაძირული, რადგან არ არსებობდა რაიმე, რაც შიდა სივრცეში სინათლეს შემოიტანდა, მათ შორის არც ნათურა. Სინათლის ნაპერწკლის მოსაძებნად მერცხლის ბუდესავით ჩამოკიდებულ აივანზე გავედი, რომელიც სადაცაა შეიძლებოდა ჩამომშლოდა, აივანზე წარსულში თეთრი ფერის, ახლა კი დაჟანგებული ნიჟარა იდგა, რომლის გარშემოც უამრავი მტვერმოდებული ფეხსაცმელი ეყარა. ჩვენი კელიიდან საფეხმავლო ბილიკი მოსჩანდა “მონასტრის ყველა სტუმარს მარტივად გავაკონტროლებ აქედან”, - გავიფიქრე და ძალაუფლების სიამტკბილობით აღვსილმა სუფთა ჰაერის დიდი ლუკმა ჩავიტუმბე ფილტვებში. აივანზე დიდხანს დგომა ვერ გავბედე და მთავარ ოთახში დავბრუნდი, ჩემი მასპინძლის კონტურები ალაგ-ალაგ მოსჩანდა არსებულ უკუნში, რომელიც ყველაფერს ერთიანად ისრუტავდა, მათ შორის მასპინძლის სიტყვებსაც, რომლებიც ჩემკენ იყო მომართული, გზადაგზა ასუსტებდა:
- თომა, - გაურკვევლად მეძახის გეგა, - ფარდის მიღმა ჩვენი ოთახის მეზობელი, მამა მარკოზი ცხოვრობს, საწოლადაა ჩავარდნილი, კარგად არ ესმის და ვერ ხედავს, დიდიხანია ასეა, მაგრამ, მოდი, დაენახე და მიესალმე, გაეხარდება, - მამა მარკოზის მდგომარეობამ შემაძრწუნა და რამდენიმე წამში ეს მდგომარეობა ხასიათზეც გადამივიდა. Ბორძიკით მივედი ფარდასთან, რომლითაც მამა მარკოზის სამყოფელი იყო გამოყოფილი, ფარდას გამომშრალი ხელი მოვკიდე, უხეში ნაჭერი ზედ მომეკრო და ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მოვიკრუნჩხე და ასე დაჯღნაკული შევეგებე მამა მარკოზს. შელახულ და ფაქტობრივად დაშლილ საწოლზე მწოლიარე მამაო, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ძირს იწვა, კედლის მხარეს იყო გადატრიალებული, ზედ მონაცრისფრო ფერის მსუსხავი ადიელა ჰქონდა გადაფარებული და ისე იყო მოკუნტული, რომ ჩვენი მის სივრცეში შეჭრა ვერ გაეგო. - მამა მარკოზ, სტუმარი მოგვივიდა, გაიცანით! - მამა მარკოზის თითქმის ყურთან მისულმა ჩემმა მასპინძელმა სცადა, რომ ახალმოსახლის პრეზენტაცია ჩვეული წარმატებით დასრულებულიყო და ასეც მოხდა. მამა მარკოზი ბორძიკით გადმოტრიალდა ჩვენკენ და სიტყვების შეკოწიწება დაიწყო:
- შენნნნნნნ გენაცვალეეეე შვილოოოო, - სიტყვის ბოლო ასოს უსასრულოდ აგრძელებდა, მე კი უფრო და უფრო ვიძაბებოდი და ვსევდიანდებოდი, - უფალმააა დაგლოცოსსს აქქქ მოსვლისთვისსს, დიდიაა მადლიიი, რომლისსს მოზიარეცცც შენნნ გახდებიიი, - ვგრძნობდი მამა მარკოზი როგორ იქანცებოდა, ძირითადად მხოლოდ მის სილუეტებს ვხედავდი, კაცის, რომელსაც კონუსის ფორმის წვერის ბოლო ნაწილი გაჰყვითლებოდა და ანაფორა ამ მდგომარეობაშიც კი არ გაეხადა. თვალებზე ცრემლების მოწოლას ვგრძნობდი და ყელზე მომდგარ ვეებერთელა ბურთებს ნერწყვის ჩაყლაპვით ვიშორებდი, ვცდილობდი, რომ მისი უსუსური მდგომარეობა უფრო თვალსაჩინო არ გამეხადა. ჩემი მასპინძელი მიხვდა, რომ უხერხულად ვცემდი ბოლთას და ადგილს ვეღარ ვპოულობდი, მამა მარკოზს დაემშვიდობა, დაჰპირდა, რომ გამოძინებისა და მოსვნების შემდგომ კვლავ ვნახავდით, ფარდა აწია, გამომაძვრინა ოთახიდან და გამომყვა უკან თავადაც. ძილის დრო იყო, დაღლილობას, შიმშილს, სტრესს - ყველაფერს ერთიანად ვგრძნობდი და მინდოდა, რომ ცოტახნით გამეთიშა ტვინი, ცოტახნით ფხიზელი მდგომარეობას გავქცეოდი და სიზმრების მეშვეობით მაინც აღმედგინა წონასწორობა, გადამერესტარტებინა ყველაფერი. 7-ს მნიშნველოვნად ეკლდა წუთები სრულ საათამდე. გეგამ ფეხსაცმელები გაიხადა, ერთმანეთს მიაწყო, ადგილი მიუჩინა, სკუფია სკამზე გადადო და საწოლზე მოთავსდა.
<div> <div> ეტონების იქით
<div></div>
</div>
</div>
<div> <div></div>
</div>
"ბეტონების იქით" გახლავთ "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023"-ის ერთ-ერთი მონაწილის, მათე ბაღაშვილის რომანი.