ზოგადად ითვლება, რომ არქიტექტურა სუსტი ნერვების მქონე ადამიანების სპორტი არაა.
ვერ იტყვი ჩემზე, თითქოს ძალიან რბილი ადამიანი ვიყო, მაგრამ მეც კი ცივ ოფლში მეღვიძება ხოლმე, როცა იმ სიზმარს ვხედავ...
სიზმარში ის მაგიდის ქვეშ ზის, სასოწარკვეთილი და მოტეხილი, კოსმეტიკისგან გაშავებული ცრემლებით ტირის, როგორც პოეტის ძველი კალამი. შემცბარი პატარა ცხოველივით მიყუჟული დაბნეული თვალებით მისჩერებია სივრცეს და ისტერიკული ჩურჩულით იმეორებს: მე არარაობა ვარ! არარაობა ვარ! არარაობა!.. სრული ლუზერი!.. არაფერი არ შემიძლია! მე არავინ ვარ! ვერასოდეს ვერაფერს მივაღწევ!.. არარაობა ვარ...
ჰმ... როგორც უკვე მიხვდით ალბათ: ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად მძინავს.
ჩემთვის გაუგებარია, როგორ მოხდა, რომ ქალი, რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარდა, იქცა (ან აქციეს) ქალად, რომლის სახელის ხსენებაც აღარ შეიძლება.
გულწრფელად არ მესმის. ამიტომაც... მივმართავ ასეთ ტექნიკას: დავწერ იმას, რაც გაუგებარია საიმისოდ, რომ მივხვდე და იქნებ... იქნებ ერთ დღეს ეს კარიც შევაღო და ვიპოვო პასუხი. რა მოუვიდა ჩემს ანას?.. ვინ არის დამნაშავე?.. რამდენად დიდია ჩემი შეცდომა მთელ ამ ამბავში?..
მაშასადამე... დავიწყოთ!
N1. Sweet child of mine.
1 აპრილი 2022. პარასკევი.
დღიურის წერას ჩემს ცხოვრებაში არ ვიფიქრებდი, რომ არა... ცხოვრება!..
ასე მოხდა, რომ 30-ს ვუახლოვდები და ისევ ახალი პროფესიის ათვისება მიწევს!
ჰმ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თათას იდეა იქნებოდა, ჩემი რძლის.
ეტყოდა ჩემს ძმას: მოდი, აჩიკოს ვთხოვოთ დახმარება. მაინც უმუშევარია, არაფერს აკეთებს! ზის სახლში და წიგნებს კითხულობს. არ ჯობია ჩვენთან გადმოვიდეს და თან ბავშვს მიხედოს?..
თუმცა, არა!.. თამუნა ასე არ იტყოდა. მაზლის საცხოვრებლად დაპატიჟება რომელ ქალს ეპრიანება?.. (მე ეგეთებს არ ვიცნობ.) ამ მზაკვრობას მხოლოდ ჩემი ძმა თუ მოიფიქრებდა. რაც თავი მახსოვს, სულ ასე დამასაქმებდა ხოლმე: ხან თავის თავისუფალ თემებს მაწერინებდა, ხან საკურსო ნახაზებს მახაზინებდა, ხან ფოტომონტაჟებს მაკეთებინებდა... ვის უნდა დაურეკოს, როცა აეროპორტიდანაა წამოსაყვანი? ან როცა მნიშვნელოვანი საჩუქარია საყიდელი? ან როცა ბინაში რემონტია გასაკეთებელი?.. უმცროს ძმაზე უკეთ, აბა, ვინ დაგეხმარება, ა?!..
რთულია იყო ასეთი შეუცვლელი პიროვნება, ეს ასეა!
ჰოდა, აი, ახლაც... 4 თვის წინ ბავშვი შეეძინათ. ჩემი ძმა მუშაობს, ჩემი რძალიც სადაცაა უნდა გავიდეს დეკრეტიდან. ბუნებრივია, ძიძის ფული აქვთ, ისედაც ბინის იპოთეკას იხდიან. თათას დედა საზღვარგარეთ ცხოვრობს, დედაჩვენს კი დიდად ვერ დაავალდებულებ, შვილიშვილი დაიტოვოს, რადგან რეპეტიტორია და დილიდან საღამომდე სხვის შვილებს ამზადებს მათემატიკასა და უნარებში, თანაც ასეთი კარგი ურთიერთობაც არ აქვთ. მამაჩემი რაც 10 წლის წინ წამოვიდა სამსახურიდან, იმის მერე არ მუშაობს, მაგრამ ისეთი კაცია, კნუტს ვერ მიაბარებ, ბავშვს კი არა (მოკლედ, ჩვეულებრივი ქართული ოჯახი ვართ.) ჰოდა, რაღა დარჩა?..
- მისმინე, - მეუბნება ერთხელაც ჩემი ძმა. - შენთვისაც არ ჯობია?.. არ მოგბეზრდა მშობლებთან ცხოვრება და მოსწავლეების რია-რია? ჩვენთან კიდევ სიმშვიდეა, მთელი დღე კაციშვილი არაა. ბავშვიც წყნარია. აჭმევ, დააძინებ, გაასეირნებ და ეგაა. შვიდ საათზე თათაც მოვა, თავისუფალი იქნები საღამოობით. უქმეებზეც. სანამ ბავშვს სძინავს კიდევ, იკითხე, რამდენიც გინდა!.. ამ ასაკში, დამიჯერე, დიდად არ შეგაწუხებს!..
მე ყველა მისი არგუმენტი მოთმინებით მოვისმინე რა, შემდეგ სათვალე შევისწორე და ვკითხე:
- ერთი ეს მითხარი, გიო, შენი აზრით, არქიტექტორის მაგისტრის დიპლომზე ამდენი იმისთვის ვიწვალე, რომ შენი ბავშვის ძიძა ვიყო?..
- აჩი, რომ მუშაობდე ამ დიპლომით, ხმასაც არ ამოვიღებდი, მაგრამ ნახევარი წელია უკვე სახლში ზიხარ და იქნებ ამით მაინც დამეხმარო, ა?.. თუ გინდა, გადაგიხდი კიდეც. ტაქსაობას მაინც არ ჯობია?..
- დავუშვათ. - ვაღიარე.
- აი, ეგ სიტყვა უკვე ბევრად მეტად მომწონს! - გაუხარდა ჩემს ძმას.
მე ღრმად ამოვიოხრე და ამ მომენტში მივხვდი, რომ მაინც დედაჩემის მზაკვრობა ერია ამ ამბავში! როგორც უმუშევარი ქმრის ცოლს, ბუნებრივია, აღიზიანებს, რომ მეც უმუშევარი ვარ. ამიტომ გადაწყვიტა დავესაქმებინე. ჰმ...
- იცი, გიო, თქვენს ადგილზე ბავშვს ასეთი გამოუცდელი ადამიანის ხელში არასოდეს დავტოვებდი! - ვუთხარი ძალიან მკაცრად, ის კი ცბიერი მელასავით მიყურებდა და იღიმოდა.
- აი, სწორად ამიტომაც გთხოვთ შენ! იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მაღალპროფესიონალური კაცი ხარ და ძალიან გენდობით!
აჰ, რა დავაშავე!.. - გავიფიქრე ჩემთვის და მკაფიოდ ვიგრძენი, რომ სხვა გზა არ არის. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჩემთვის სულ ერთი იყო, სად ვიქნებოდი და რას გავაკეთებდი.
აი, თქვენ პირველი აპრილის ხუმრობაც!
3 აპრილი. კვირა
ძმის შემოთავაზებაზე არ ვაპირებდი დათანხმებას, მაგრამ ჩემმა ოჯახმა მორიგი სიურპრიზი შემომთავაზა იმ მოულოდნელი საკვირაო სადილის სახით, რომელზეც მამიდაჩემმა თავისი მეგობარი ქალი დაპატიჟა ჩემი ასაკის ქალიშვილთან ერთად...
ზოგადად, ტრადიციებს პატივს ვცემ, როგორც სამუზეუმო ექსპონატებს, ეთნოლოგიას, ისტორიულ მატიანეს... მაგრამ როცა ჩემს გულითად ნათესავებს ქალი მოჰყავთ ჩემთვის გასაცნობად და თან დედამისი დაკითხვასაც მიწყობს... ეს უკვე ცოტა ნამეტანი მეჩვენება.
- რას საქმიანობთ, არჩილ? - მეკითხება ჩემი პოტენციური სასიდედრო.
- ჩვენი აჩიკო არქიტექტორია! - პასუხობს დედაჩემი ჩემ ნაცვლად.
- და სად მუშაობთ?
- არსად არ ვმუშაობ. ამჟამად უმუშევარი ვარ. - ვეუბნები რაცაა, პირდაპირ.
- სამსახურს იცვლის. - უხსნის დედაჩემი. - ძველ ოფისში ცუდი განრიგი ჰქონდა.
მე კიდევ უფრო გავბრაზდი ამ ჩემი მშობლების ლოიალურ განმარტებებზე ვიღაც უცნობი ქალის მიმართ და აღარავინ დავზოგე. მგონი, ზედმეტიც კი ვიუხეშე, ისეთები ვილაპარაკე, მათი ნაქები გოგოსთვის კი ზედაც არ შემიხედავს, ისე ავდექი ცოტა ხანში და წავედი სახლიდან, ვითომ რამე საქმე მქონდა, სინამდვილეში კი „წიგნის სახლში“ ბახტრიონზე წითელ ჩაის ვსვამდი და ვცდილობდი, რამე წამეკითხა.
მეორე დილასვე ჩემოდანში რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავყარე და ჩემს ძმასთან გადმოვედი. ვერ ავიტანდი დედაჩემის საყვედურებით სავსე თვალებს, რომლებითაც დილა-საღამოს მხვდებოდა ხოლმე სამზარეულოში. ნიუტონის მესამე კანონი ყველა ფიზიკურ ობიექტს ეხება: ყოველ ქმედებას მოსდევს ექვივალენტური უკუქმედება. დედა მთელი ცხოვრება ჩემით ძალიან ამაყობდა, შესაბამისად, ახლა სრული იმედგაცრუება ვარ მისთვის. ეს ლოგიკურია.
4 აპრილი. ორშაბათი
დედაჩვენს ნანული ჰქვია, ჩემი რძლის დედას - გულიკო. ამიტომ ჩემს პატარა ძმისშვილს ჰქვია... ელენე. არის ამაშიც თავისი ლოგიკა!
ელენიკო 4 თვისაა. მის დაბადებამდე ჩვილი ცხოვრებაში არ მჭერია ხელში და კაცმა რომ თქვას, არც ახლა მქონია დიდი სურვილი, მაგრამ როგორც კარგ წიგნებში წერენ ხოლმე ჩვენ გასამხნევებლად: ცხოვრებამ ასე მოიტანა!..
როგორ აღვწერო?.. პაწაწინაა, ვარდისფერი, სძინავს, ჭამს და ისაქმებს, არაა აუცილებელი ამ თანმიმდევრობით. თმა არა აქვს. რამე თუ არ მოსწონს, ჩხავის, თითქოს ინდური სერიალების ყურებით აწამებენ. მაგრამ ეს არ არის ყველაზე უარესი ამბავი. ყველაზე უარესი ისაა, რომ ამ ქალბატონის ხათრით სიგარეტისთვის თავის დანებება მომიხდა, არადა... ეჰ, არადა!..
მოწევა ჯერ კიდევ სკოლაში დავიწყე. კლასელებთან ერთად. რა თქმა უნდა, მამაჩემისგან მოპარული სიგარეტის, სკოლის შენობის უკან, ჩუმ-ჩუმად... თითქმის 15 წელი სიგარეტი ჩემი იმიჯის ნაწილი იყო, როგორც სათვალე, ხვეული თმა და წითური წვერი. ვიღვიძებდი სიგარეტით და ვიძინებდი სიგარეტით. ღამღამობით ხაზვის დროს მხოლოდ მოსაწევად თუ გავდიოდი ხოლმე აივანზე და თუ მეძინა, მოწევის სურვილისგან მეღვიძებოდა ხოლმე. მოკლედ, ვეწეოდი, როგორც სლეში Guns N’ Roses-ის კლიპებში, - ანუ გამუდმებით!.. ახლა კი...
ჯანდაბას!.. ეს წვრილმანებია!..
იმიტომ არა, რომ ბავშვზე შემტკივა გული, სულაც არა!
უბრალოდ, მართლა წვრილმანია. კაცს ცხოვრებიდან ყველაფრის გადაგდება უნდა შეგეძლოს, რაც ზედმეტია, - ადამიანის, პროფესიის, ოცნების... პირველ რიგში კი, ჩვევის.
ჩვენ ვართ ის, თუ რა არის ჩვენი ჩვევა.
ვისაც ჩვევის გადაგდება შეუძლია, ჩათვალეთ, მას ყველაფერი შეუძლია! ქაოსის მართვისკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია. მე ამის მწამს.
ამიტომ დღეიდან აღარ ვეწევი!
"სასოწარკვეთილი არქიტექტორის დღიური" გახლავთ "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023"-ის ერთ-ერთი მონაწილის, რუსუდან ტყემალაძის რომანი.