"სასოწარკვეთილი არქიტექტორის დღიური" გახლავთ "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023"-ის ერთ-ერთი მონაწილის, რუსუდან ტყემალაძის ნოველა. ლიტერატურული კონკურსის მეორე ტური დასასრულს უახლოვდება. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ ხმა თქვენს ფავორიტ მონაწილეს ონლაინ "პალიტრა L"-ის საიტზე.
N5. THE MEMORY REMAINS
ერთმანეთი ბაკალავრიატის მე-3 კურსზე გავიცანით და სწავლის ბოლომდე სულ ერთად დავდიოდით, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომზე მუშაობას ძალიან დიდი შრომა დასჭირდა.
დილიდან ლექციებს და კონსულტაციებს მოვრჩებოდი თუ არა, 150 ნომერ ავტობუსზე ავხტებოდი ხოლმე (რომელიც ახლა N310-ია) და რუსთაველამდე მივყვებოდი, იქიდან კი ფეხით აკადემიისკენ და ფეხითვე მე-10 სართულამდე, სადაც ჩემი სიყვარული სწავლობდა, რადგან ლიფტის რიგში ნახევარსაათიან ლოდინს ჩემი გული ვერ უძლებდა!..
მის ჯგუფში იმდენ დროს ვატარებდი, რომ ლექტორებს ლამის თავიანთი სტუდენტი ვეგონე ხოლმე (ზოგთან ინტელექტუალურ პოლემიკაშიც კი შევდიოდი. საინტერესო იყო). საბუთების გადმოტანას აზრი აღარ ჰქონდა, თორემ გადმოვიტანდი და აღარ ვიწვალებდი ასე. ანა ერთი დღეც რომ არ მენახა, გუნება მიფუჭდებოდა და მადა მეკარგებოდა, ისიც ნერვიული ხდებოდა ხოლმე...
ერთხელ, მახსოვს, საბურთალოზე ვიყავით, არქივიდან მასალები დაგვჭირდა პროექტისთვის და გზაში გაგვიწვიმდა. ბუნებრივია, ჩემთან სახლში დავპატიჟე. ანას პირსახოცი მივეცი და მისი დასველებული პერანგის ნაცვლად ჩემი მაისური ჩავაცვი. დედაჩემმა მოსწავლეებს შორის შუალედში ცხელი ჩაი დაგვალევინა და რაღაც გვაჭამა, ძალიან გემრიელი. ანა აღფრთოვანდა და ჰკითხა, თქვენი ნახელავი თუაო?.. დედაჩემმა ეჭვისთვალით გამოხედა და უცებ ჰკითხა:
- რაო, დედაშენს გემრიელი ხელი არ აქვს?
- დედაჩემს ცხოვრებაში არაფერი მოუმზადებია! - გაეცინა მაშინ ანას.
- აბა, ვინ ამზადებს თქვენს ოჯახში?
- მზარეული. - მშვიდად უპასუხა ანამ და ჩაის სმა განაგრძო.
- არცთუ ისე ცუდად ცხოვრობთ. - კომენტარი გააკეთა დედაჩემმა და კარის გასაღებად წავიდა, მოსწავლე მოსვლოდა სამეცადინოდ.
როცა ანა გავაცილე და სახლში დავბრუნდი, გავიგონე, ჩემი ძმა დედას როგორ ეკამათებოდა სამზარეულოში. „რად გინდოდა, ასე რომ უთხარი?!“ - დედას ხმამაღლა აკრიტიკებდა, დედამ კი მისთვის დამახასიათებელი ცივსისხლიანი სიმშვიდით უთხრა: „არ მინდა, ჩემს შვილს ვინმემ ზემოდან შეხედოს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მეტი ფული აქვთ.“...გულში ჩამიწყდა რაღაც, კედელს მივეყუდე, მძიმედ ვსუნთქავდი. ჩემი ძმის ხმა მესმოდა: „ჰოდა, არ გაგიკვირდეს, რომ აღარავის არ მოიყვანს შენთან გასაცნობად!.. და არც მე მოვიყვან!“ - ასე უთხრა და სახლიდან გავიდა. მე კი დავრჩი...
ანას მშობლები მართლაც მდიდრები იყვნენ. უნამუსოდ მდიდრები. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რამდენად მდიდრები, სანამ მათ სახლში არ აღმოვჩნდი...
ანას სასწავლებელში ყოველთვის მოკრძალებულად ეცვა და ყველას თავაზიანად ექცეოდა. ფულით და მდგომარეობით არასდროს უტრაბახია და ცდილობდა, ოჯახზე რაც შეიძლება ნაკლები ელაპარაკა, მაგრამ... ერთხელ მაინც დამპატიჟეს მათთან სტუმრად და ვფიქრობ, რბილად რომ ვთქვათ, იმედგაცრუებული დავტოვე მისი მშობლები.
მამამისი მაშინ არ მინახავს, დედა კი მთელი საღამო ეჭვისთვალით მიყურებდა და ცივი თავაზიანობით მიღიმოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთადერთი, რაც ჩემში მოეწონა, ჩემი გვარი იყო, რადგან არისტოკრატულია, ისინი კი მსგავსი წარმომავლობით ვერ დაიკვეხნიან. მიუხედავად ამისა, გაიგეს რა, რომ ჩემი მშობლები ჩვეულებრივი მოკვდავი ინჟინრები არიან, ცხადი გახდა, რომ „ერთი დონის ხალხი არ ვართ“, რაც ლოგიკურია. მე ამისთვის მზად ვიყავი. აი, ანა კი არა...
ანამ ძალიან განიცადა და იტირა კიდეც, როცა შემდეგ ტეტ-ა-ტეტ მებოდიშებოდა.
- ჩემთვის არაფერს არ აქვს მნიშვნელობა! - მეუბნებოდა. - მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და ძალიან მიყვარხარ!.. მათი ფული კი... სულაც არ მჭირდება!.. მე უბრალოდ ერთადერთი შვილი ვარ და მათ წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს, მაგრამ... შენი დამცირების უფლებას არ მივცემ!..
- თავს დამცირებულად არ ვთვლი. - ვუთხარი, თუმცა ასე არ იყო.
23-ის ვიყავი და შეყვარებული. ბოლომდე არ მესმოდა, რა როგორაა ცხოვრებაში და ცხადია, მეწყინა. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის სიტყვები მწვავდა გულს, რაც დედამისმა ცალკე მითხრა. სერიოზული, მშვიდი მზერა გამისწორა და თავაზიანი ღიმილით ამიხსნა:
- არჩილ, ხომ იცი არქიტექტურა რამდენ შრომასაც მოითხოვს?.. ანა ძალიან ნიჭიერია, შესაფერის განათლებას თუ მიიღებს, დიდი მომავალი აქვს. აპირებს რომ ამერიკაში გააგრძელოს სწავლა და მე და მამამისს იმედი გვაქვს, რომ თქვენც, მისი მეგობრები მხარს დაუჭერთ. ასე არაა?..
ანა მიემგზავრებოდა. წყალი არ გაუვიდოდა. ეს ყველა ჩვენგანის ოცნება იყო, უდიდეს და უმაგრეს დასავლურ სკოლაში სწავლა - სიხარულის ზენიტი იქნებოდა ნებისმიერი ჩვენნაირი პერფექციონისტი უორქოჰოლიკისთვის!.. არსებობს ხალხი, ვინც ოცნებობს, მილიონი დოლარი მოიგოს, ჩვენ კი ვოცნებობდით, საუკეთესო არქიტექტურულ სკოლებში გვესწავლა, სადაც განათლება მართლაც თითქმი მილიონი ღირს და ძალიან დიდ შრომას მოითხოვს!..
ანა ღელავდა და მივხვდი, რატომაც. არქიტექტორს მის გულში ამერიკაში გამგზავრება სურდა, იმ გოგოს კი, რომელიც მე მიყვარდა, ჩემთან უნდოდა ყოფნა. ანა ყოყმანობდა და ირწეოდა, როგორც პატარა გემი შტორმის ტალღებზე. გადაწყვეტილება უმძიმდა და შიგნიდან ღრღნიდა. ამიტომ ვიგრძენი, რომ საკუთარ თავზე უნდა ამეღო ეს მძიმე გადაწყვეტილება. ვიფიქრე, რომ ვიჩხუბოთ და დავშორდეთ, უფრო გაუიოლდება წასვლა. ბანალური სვლა იყო, ცხადია, მაგრამ უკეთესი იდეა არ მქონდა. ამიტომ მთელი ჩემი გამბედაობა და სულიერი ძალები მოვიკრიბე, რაღაცაზე თეატრალურად ავუხირდი და ძლიერად ვიკამათეთ.
- ყელში ამოხვედი! - ვეუბნებოდი. - ის არ მოგწონს, ეს არ მოგწონს!.. გადაწყვეტილების მიღება თუ არ შეგიძლია, რა გინდა მაშინ ამ პროფესიაში?!.. არქიტექტორი ასე ყოყმანობდეს, სად გაგონილა?!.. თავი მტკივა უკვე შენი კაპრიზებისგან, რა!.. აღარ შემიძლია! უნდა დავშორდეთ!..
ანა მშვიდი, დინჯი მზერით მიყურებდა და ფიქრობდა. შემდეგ თქვა:
- ასეთი სულელი გგონივარ, ეგ რომ დავიჯერო, რაც ახლა თქვი?
ვუყურებდი და ბრაზი მახრჩობდა. ანა მართლაც არ იყო სულელი. ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი იყო, ვისაც ვიცნობდი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე კეთილი. ასე ძლიერ ცხოვრებაში არავინ მყვარებია. მთელი გულ-მკერდი ცეცხლით მევსებოდა, მას რომ ვუყურებდი. სიკვდილი მინდოდა, როცა ვხედავდი, რომ ტირის, მაგრამ ანა ამჯერად არ ტიროდა. დინჯი, სევდიანი, მაგრამ მტკიცე მზერით მიყურებდა, როცა თქვა:
- არც მე მინდა, რომ მელოდო. ეს ორი წელი სანამ არ ვიქნები... არ ვიცი, იქ როგორ წავა საქმეები, იქნებ უფრო დიდხანსაც დავრჩე და სულაც არ მინდა, რომ მელოდო. მე მინდა... რომ ვინმეს თუ შეხვდი, ბედნიერი იყო მასთან, რადგან... ძალიან მიყვარხარ.
თავს მთელი ძალით იკავებდა, რომ არ ეტირა, ამას ვგრძნობდი. დაძაბულობისგან თავი ამტკივდა. ვერც მივხვდი, სიმწრიგან ტუჩს როგორ ვიკვნეტდი, სანამ ნიკაპზე სისხლი არ ჩამომეღვარა.
- ნუ შვრები!.. - დამიჩურჩულა ანამ და ხელსახოცს დაუწყო ძებნა. შემდეგ სისხლი მომწმინდა და თანაგრძნობით შეათვალიერა ჩემი ტუჩი. ისე ახლოს იყო, რომ თავს ვეღარ მოვერიე, ძლიერად მოვეხვიე და გულში ჩავიკარი მისი თხელი, საყვარელი სხეული, მეორე წუთს კი უკვე ერთმანეთს ვკოცნიდით და ჩემი სისხლი უკვე მის ნიკაპზე იღვრებოდა.
- არის ამაში რაღაც პათოლოგიური. - გაეცინა შემდეგ ანას.
- შენ ხომ გიყვარს წიგნები ვამპირების შესახებ. - შევახსენე. მაშინ მართლაც ჯერ ისევ მოდაში იყო. მთელი ვამპირული საგები გვქონდა წაკითხული!..
არ გამოგვივიდა ჩხუბით დაშორება, მაგრამ მაინც შევთანხმდით, რომ არ დაველოდებოდით ერთმანეთს. ვინმე სხვა თუ შეგვიყვარდებოდა განშორებისას, არ ჩავთვლიდით რომ ეს ღალატია. სიტყვიერად ასე მოვილაპარაკეთ, თუმცა კი იმ მომენტში აზრად არ მოგვდიოდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა ჩვენ ორს გარდა!..
ამ ყოველივეს დასაგვირგვინებლად ანამ კიდევ ერთი ნაბიჯი შემომთავაზა, რომელიც გვაშორებდა ბავშვობას, მშობლების დადგენილ წესებს და კონსერვატიულ ლოგიკას. შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ ანასთან საბოლოოდ გამეწყვიტა ურთიერთობა, მასთან ერთად საწოლში აღმოვჩნდი.
...
მომავლის არანაირი გარანტია არ გვქონდა. ამიტომ ანას სურდა, რომ მისი პირველი მამაკაცი უთუოდ მე ვყოფილიყავი. ბევრი მიზეზით, რომელთა ჩამოთვლა არ მეხალისება, უარს ვერ ვეტყოდი. ამიტომ კიდევ ერთ ძალიან „ზრდასრულ“ ხერხს მივმართეთ - სასტუმროში ნომერი ვიქირავეთ.
მახსოვს, რომ ძალიან ვნერვიულობდი, განსაკუთრებით, როცა პირადობის მოწმობები გთხოვეს რესეფციაში. სულ მეჩვენებოდა, რომ ასაკს მკითხავდნენ ან რამე ამდაგვარ უსიამოვნოს, მაგრამ ცხადია, მსგავსი არაფერი მომხდარა. ორივენი სრულწლოვნები ვიყავით, ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში კი ქორწინების მოწმობას არავინ ითხოვს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერზე წინასწარ ვიფიქრე: ისეთი სასტუმრო ავარჩიე, სადაც ბევრი სტუმარი ჰყავთ და თვალში არავის მოვხვდებოდით. ბუნებრივია, არა ჩვენს უბნებში, ახლოს ისტორიული ცენტრისკენ, სადაც ბევრი რჯულის ხალხი დადის. შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ 1 ღამით ვიყავით, მაინც ათასი ხარა-ხურით გატენილი ჩემოდნით მივედით, ანას კი ზურგჩანთა ჰქონდა, - ვითომდა ტრანზიტით ვართ, თბილისში ჩამოვედით და ხვალ ისევ მივემგზავრებით... არავის, ცხადია, არ ადარდებდა ჩვენი გეგმები, მაგრამ ანა ძალიან მოიხიბლა, რომ მისი ხათრით მთელი ფაბულა ასე დეტალურად შევფუთე...
როგორც იქნა, ნომერში რომ ავედით და კარი გავიხურეთ, ერთბაშად მოგვეშვა, სიცილი დავიწყეთ. ახლა რომ ვიხსენებ, მართლაც ბავშური მგონია მთელი ის თამაში, მიამიტური და უბოროტო... ერთმანეთის პირისპირ რომ აღმოვჩნდით ახალმა პრობლემამ იჩინა თავი - დაძაბულობამ. რადგან ორთავეს გაგვახსენდა, რისთვის ვიყავით იქ მისულები.
ვიფიქრე, დაგველია მაინც და ჩემოდნიდან წინასწარი გათვლით შეძენილი წითელი ღვინის ბოთლი ამოვიღე, ძლივს გავხსენით და ჩაის ფინჯნებში ჩამოვასხით (ნომერში სხვა არ დაგვხვდა). მაგრამ ანამ მხოლოდ ტუჩი დაადო და არ დალია. ისედაც სულ წითელი იყო და სუნთქვა ეკვროდა. უამრავი დრო გვქონდა ერთად გატარებული, თითქმის მთელი წელი ვხვდებოდით და ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთზე, მაგრამ ის ფაქტი, რომ სექსი არასდროს გვქონია, ცხადია, ყველაფერს ცვლიდა და ესეც ალბათ იმ დროის მახასიათებელია.
ჩვენს ახალგაზრდობაში (თითქოს ახლა ბებერი ვიყო!) პატიოსანი გოგოები შეყვარებულებთან ქორწილამდე არ წვებოდნენ და ეს ყველამ იცოდა. ანა პატიოსანი გოგო იყო და მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ღამე მესიზმრებოდა, მისთვის სექსი არასოდეს შემითავაზებია. ახლა ვერც კი ვხსნი, რატომ. იმჟამად უბრალოდ უკადრისად მეჩვენებოდა. ვერც კი წარმომედგინა, ანასთან ამ თემაზე სიტყვა როგორ მეთქვა, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე... ცხოვრებამ ასე მოიტანა!..
დაძაბულობის მოხსნაში, როგორც ყოველთვის, ისევ ლამაზმა ვიზუალურმა ეფექტებმა გვიშველეს. აივანზე გავედით და მთელი საათი ვტკბებოდით ძველი თბილისის ხედებით, რაღაც სისულელეებზე ვლაპარაკობდით და ვიცინოდით. შემდეგ ანამ ფეხსაცმელი გაიხადა და კმაყოფილი კნუტივით ჩაეფლო სავარძელში, მე კი მის ფეხს დავწვდი და ჯერ მარჯვენა ტერფი დავუზილე, რომელზეც კოჭლობდა ხოლმე, შემდეგ მარცხენა... პრინციპში, შეგვეძლო ასე მთელი დღე და ღამეც გაგვეტარებინა, მაგრამ ჩემი სიყვარული მაინც ზედმიწევნით პრაქტიკული გოგო იყო. შებინდდა თუ არა და ქუჩებში ლამპიონები ჩაირთო, ანამ სათვალე ფრთხილად მომხსნა და ჩემი კოცნა დაიწყო.
რა გასაკვირია, რომ ყველაფერი გაცურდა ჩემს თვალთახედვაში... უცნაურიც კია, რა კარგად მახსოვს მისი ტანსაცმლის, მისი სხეულის ყოველი დეტალი, რომელსაც მაშინ ვეხებოდი... იმ საღამოს იმ მამაკაცის როლში ვიყავი, ვინც გოგოს ხდის. თან უბრალოდ კი არა, არამედ ნელა, მეთოდურად და რუდუნებით... ანას გული ისე სწრაფად და ძლიერად უცემდა, მეშინოდა, გონება არ დაეკარგა, ანდა (რაც იმაზე უარესი იქნებოდა) უცებ არ ეთქვა ეს ლეგენდარული ფრაზა: „ხელები გაწიე!“
ჯერ მთხოვა, შუქი ჩააქრეო, რაც უხალისოდ, მაგრამ შევუსრულე, ბუნებრივია. ტანსაცმელი რომ გავიხადეთ და საწოლში გადავინაცვლეთ, დამიჩურჩულა: შუქი აანთე, კლაუსტროფობია მაქვსო (თუმცა არ ჰქონდა)! რომ ავანთე და მისი მოფერება განვაგრძე, არა, ჩააქრე, მერიდებაო...
ტრაგიკომედიის ჟანრის კლასიკა იყო!.. ვუთხარი:
- ანა, თუ არ გინდა, პირდაპირ მითხარი!
- არა, მინდა! - მითხრა ისე ჯიუტად, წყალი არ გაუვიდოდა. ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ ამის თავი სად მქონდა!.. კაცმა რომ თქვას, გონზე არ ვიყავი რას ვაკეთებდი! რასაც მეუბნებოდა, ძირითადად იმას ვასრულებდი და რომ მივხვდი, სრულ მარაზმში შევდიოდით, ძალიან გავბრაზდი. მახსოვს, შუქი ავანთე და თვალებში ჩავხედე. წესით, ვნებააშლილი და მტკიცე მზერა უნდა მქონოდა, რადგან ანა თვალს ვერ მაშორებდა მოჯადოებული კურდღელივით, რომელიც კობრას მისჩერებია და უცებ ერთბაშად დამშვიდდა, მოდუნდა და... ალბათ ის მდგომარება იყო, რაზეც ძველმოდურ წიგნებში წერენ ხოლმე „დამნებდაო“ (მე ეს სიტყვა არასოდეს მომწონდა, რადგან მისი შინაარსი არ მესმის. ქალი დამნაშავე ხომ არ არის, რომ „დამნებდეს?!“ თანაც ჩაგრულ-მჩაგვრელის ელფერი ახლავს ამ სიტყვას, რაც ჩემთვის საერთოდ მიუღებელია ურთიერთობაში, მით უმეტეს, სექსში). ორთავესთვის ამაღელვებელი მომენტი იყო, მაგრამ სიამოვნებისა რა მოგახსენოთ... თვითონ აქტი რაღაცნაირი მექანიკური და მტკივნეული გამოვიდა. ანა ისე ყვიროდა, მეგონა, ამის შემდეგ შემიძულებდა, მაგრამ ისევ ვერ გამოვიცანი.
ბევრად უფრო მეტი სიახლოვე, სინაზე და სიყვარული, მგონი, შემდეგ გვქონდა, როცა ერთმანეთს შიშვლები ვეხუტებოდით და განშორება არ გვინდოდა. სრული ნეტარება იყო ანასთან უბრალოდ ასე წოლა, მისი შეხება და მის სურნელში დაძინება... მაგრამ ვინ დამაძინებდა?!.. ანამ ზეწარი ააძრო საწოლიდან და სცადა, სისხლი მოერეცხა, მაგრამ ცხადია, არაფერი გამოუვიდა.
- ვამპირების საგის გაგრძელება! - გავეხუმრე. - მოდი ჩემთან და დაანებე მაგას თავი, მაინც არაფერი ეშველება!
- ძალიან მერიდება. - თქვა სერიოზულად. - სასტუმროს თანამშრომლებთან უხერხულია!
- დამიჯერე, ამათ უარესიც უნახავთ!
- მერე რა. - ხალათის ქამარი შეისწორა და ისევ ისეთი საქმიანი შეიქნა, როგორც პროექტირებისას. დასვრილი, სველი ზეწარი დაკეცა, პარკში გაახვია და თავის ზურგჩანთაში ჩატენა, სარკესთან კი 50-ლარიანი კუპიურა დატოვა. - როგორ ფიქრობ, საკმარისია?
- ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. - ვთქვი და ჭერისკენ გავაბოლე სიგარეტი, მიუხედავად იმისა, რომ გაგვაფრთხილეს, ნომერში არ მოგვეწია.
- აჩი!.. - გამიჯავრდა ჩემი სიყვარული და მკაცრი ნაბიჯებით მომიახლოვდა. სიგარეტი წამართვა ხელიდან და ღვინისგან დაცლილ ფინჯანში ჩააქრო. - მერე გავრეცხავ. - მითხრა. - მისმენ, აჩი?.. - არ ვუსმენდი. ჭერს მივჩერებოდი ჯიუტად და ვდუმდი. ის ისევ მეძახდა: - აჩი!..
- სასტიკი ხარ, იცი? - ვუთხარი უცებ.
- მართლა? - ნაწყენი ბავშვივით დაიჩურჩულა და მომაჩერდა. მე თავი დავუქნიე.
- ახლა უშენოდ კიდევ უფრო მეტად გამიჭირდება. ეს სისასტიკეა.
მან თვალები დახარა და ლამის იყო ატირებულიყო, მაგრამ არ ვაცადე. გვერდით მოვიწვინე და ძლიერად ჩავიხუტე. ასე მთელი საუკუნე ვიწექით ერთმანეთს გადაფსკვნილები და Pink Floyd-ს ვუსმენდით მობილურში, სანამ არ დაჯდა. მახსოვს, ინტიმურობის ამ უმაღლეს მომენტში ანამ ყურში დამიჩურჩულა:
- გინდა, ჩემი საიდუმლო გაგანდო?
- შენ თუ გინდა...
- მინდა. ერთხელ მაინც უნდა ვუთხრა ვინმეს. იცი... ჩემი ფეხის შესახებ...
- რაო?
- ყველას, დედაჩემის ჩათვლით, ჰგონია, რომ საბალეტო სკოლის კიბიდან სხვა გოგოებმა გადმომაგდეს, ვისაც ჩემი შურდა. მეც არავისთვის მითქვამს, მაგრამ ასე არ იყო... - პაუზა გააკეთა, ღრმად ამოისუნთქა და დაამატა: - კიბიდან მე თვითონ გადმოვიგდე თავი.
- რატომ?.. - სრულ შოკში ვიყავი ასეთი განცხადებისგან.
- აღარ მინდოდა ბალეტზე სიარული და იმიტომ. იქ მწელავდნენ, მტკენდნენ და ჩვენს ტკივილს ყურადღებას არ აქცევდნენ. ჩვენ მათთვის ბავშვები არ ვიყავით. - კვლავ ამოიოხრა. - ბალეტი ძალიან დაუნდობელი სფეროა, მინდა გითხრა. სპორტზე მეტად დაუნდობელი სფერო, რადგან აქ ვალდებული ხარ, ტკივილის მიუხედავად, გაიღიმო კიდეც.
- მშობლებს უბრალოდ რატომ არ უთხარი ამის შესახებ? გამოგიყვანდნენ იმ ბალეტიდან!
ანამ თავი ასწია ჩემი მხრიდან, თვალებში ჩამხედა და ირონიულად ჩაიღიმა.
- ჩემს მშობლებს გამარჯვებული ქალიშვილი უყვართ. წუწუნი და უარის თქმა კი დამარცხებაა.
ასე ამიხსნა... არც კი ვიცოდი, რა მეთქვა, ამიტომ უბრალოდ ძალიან ძლიერად ჩავიკარი გულში. როგორც წესი, ყველაზე ღრმა ჭრილობას სწორად ის ხალხი გვაყენებს, ვინც ყველაზე ახლოსაა ჩვენთან. ეს ბანალური წესია, როგორც ფიზიკის ყველა კანონი და სამწუხაროდ, ფიზიკასავით უტყუარია.
შემდეგ ანა ადგა, ჩაიცვა, მაკოცა და სახლში გაემგზავრა. მე ღამის პირველამდე ვეგდე საწოლზე მკვდარივით და მხოლოდ შიგადაშიგ ვეწეოდი სიბნელეში. შემდეგ ავდექი, ჩავიცვი, ნივთები შევაგროვე, ოთახი გავანიავე და Check out-ზე ჩავედი რესეფციაში.
სახლში დედაჩემი, ცხადია, გაოგნებული დამხვდა, როცა შუაღამისას დავბრუნდი, თანაც ჩემოდნით, მაგრამ მე არაფერი ამიხსნია. როგორ უნდა ახსნა, რომ ემოციური თვითმკვლელობის აქტის მონაწილე გახდი?.. საკუთარ გულს თვითონ ესროლე ტყვია და ახლა მტკივნეულ მოლოდინში ხარ, ნელ-ნელა როგორ დაიცლები სისხლისგან...
ჩემი და ჩემი ძმის საერთო საძინებელში შევედი და გაუხდელად დავეცი ლოგინზე. ჩემი ძმის ხმამ მითხრა სიბნელიდან:
- ბავშვო, მოხდა რამე? - სრულიად უძინარი ხმა ჰქონდა.
- ხვალ ანა ჰარვარდში მიემგზავრება. - ვუთხარი ჩუმად.
- ა!.. - მხოლოდ ეს მიპასუხა, მეტი არაფერი. მეორე დღეს კი ანა მართლაც გაემგზავრა ჰარვარდში. მე დავრჩი და გადავწყვიტე, რომ როცა ჩამოვა, მაშინ კი ნამდვილად მისი ღირსი დავხვდები! აუცილებლად!.. და აი, მაშინ ხელს ვთხოვ!..
როგორი ახალგაზრდა და გულუბრყვილო იყავი არჩილ ანდრონიკაშვილო!..
რა ისწავლე იმის შემდეგ ცხოვრებაში, ა?
ჰმ... ალბათ იგივე, რაც ყველა სხვამ: რომ მართალნი არ ვიყავით. აი, რა!..