"ტანგო ირანში" გახლავთ "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023"-ის ერთ-ერთი მონაწილის, მარიამ ნიკოლავას ნოველა. ლიტერატურული კონკურსის მეორე ტური დასასრულს უახლოვდება. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ ხმა თქვენს ფავორიტ მონაწილეს ონლაინ "პალიტრა L"-ის საიტზე.
გამიჭირდა...
გაზაფხულისათვის თვალებში ჩახედვა გამიძნელდა.
როგორ მინდოდა, ბუნების აღლუმს აჰმეტთან ერთად შევგებებოდი.
ყაყაჩოებით გადაწითლებულ ველებს მივუყვები სვეტიცხოვლისაკენ.
კიდევ ერთხელ მოვილოცე ეს დიდებული ტაძარი, რომელიც იერუსალიმს მაგონებდა. მოულოდნელად ყურში ჩამესმა ერთი მორწმუნე ქალბატონის საუბარი მეორესთან:
- ამ აღდგომის შესაგებებლად ხომ მოდიხარ იერუსალიმში?
- რა თქმა უნდა, მთელი წელი ვაგროვე ფული, ეს ბედნიერება რომ მღირსებოდა. - თვალზე ცრემლი აუკიაფდა მეორე ქალბატონს.
- უნდა წავიდეთ, მთელი მსოფლიო რომ შემოიაროს ადამიანმა, ანალოგს ვერსად ვიპოვით.
მორწუნეების საუბარმა მიმიზიდა და ჩემდა უნებურად მეც ჩავერთე:
- როგორ მიდიხართ?
- ტურის მეშვეობით, - მომიგო ერთ- ერთმა მათგანმა.
- შეიძლება მეც წამოვიდე?- რასაკვირველია, თუკი ინებებთ, მაგაზე უკეთეს რას გააკეთებთ.
იმ დღეს გავიცანი ეს ორი ქალბატონი და იმედი მომეცა. მათ ტელეფონის ნომრები გამოვართვი და შინ საოცარი განწყობით დავბრუნდი.
ჩემდა უნებურად, თვალებიდან მთელი დღე ცრემლები მდიოდა.
ეს ბედნიერი დღეც დადგა, მეც შევუერთდი ტურს იერუსალიმისაკენ, სადაც ჩემი თვალით ვნახავდი წმინდა ცეცხლის გადმოსვლას. აღდგომის წინა დღისით ჩვენ მოგვალოცინეს მნიშვნელოვანი ადგილები და ბოლოს გავუყევით ბილიკს წმინდა ტაძრისაკენ.
ამ ვიწრო გზაზე არაბების მაღაზიებიაო, - როგორც მომლოცველებმა აღნიშნეს.
ინტერესით ვათვალიერებდი გარემოს, იქნებ აჰმედის დედისთვის მომეკრა თვალი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერავინ ვნახე.
ტაძარში ხალხმრავლობა იყო, თვალები ამიჭრელდა, ძნელი გახდა აქ ვინმეს გარჩევა.
მე იმ ნაცნობ ქალბატონებს არ ვცილდებოდი. მათგან გავიგე საოცარი რამ: - დააკვირდით, ცეცხლის გადმოსვლამდე პატრიარქმა ერთ-ერთი უმთავრესი პირობა უნდა შეასრულოს
- ასეთი რა პირობაა?
- მას შემდეგ, მაცხოვრის საფლავს რაც ცვილის ბეჭდით დალუქავენ, მისი ნებით ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხრებზე შემომჯდარი მლოცველი ახალგაზრდა მართლმადიდებელი არაბები უნდა შეიჭრნენო.
ინფორმაციის გაგებისას რაღაცის მოლოდინში გული ამიჩქარდა.
- და რა საჭიროა ამ წესის დაცვა? - გაოცებულმა შევხედე ქალბატონ ლეილას.
- როგორც გამიგონია, მათი ეს ლოცვა უახლოვდება უფლის რწმენის მიმართ ყველაზე არქაულ ბიბლიურ დამოკიდებულებას, შვილო.
- და იცით, - სრულიად უცხო ქალბატონი ჩაერთო ჩვენს საუბარში, - ბრიტანეთის ბატონობის წლებში ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა აეკრძალა მათი ,,ველური" როკვა, მაგრამ ცეცხლი მანამ არ გადმოსულა, ვიდრე იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით არაბი ქრისტიანები სალოცავად ტაძარში არ შეუშვესო.
ეს ბედნიერი წუთებიც დადგა, მე ჩემი თვალით ვიხილე უჩვეულო სანახაობა: ერთმანეთის მხრებზე შემომსხდარი არაბი ქრისტიანების დანახვისას ვერც კი მივხვდი, თუ როგორ აღვმოჩნდი მათ სიახლოვეს, რათა მათ შორის აჰმედი ამომეცნო.
მაგრამ თვალები კიდევ უფრო ამიჭრელდა, ხოლო უჭმელობისაგან ძლიერი სისუსტე ვიგრძენი.
ამასობაში დადგა დრო მართმადიდებელი პატრიარქის კუვუკლიაში შესვლისა.
როგორც კი ვნახე, როგორც მას უწოდებენ, უნივთო ცეცხლი, რომელიც ეს-ეს იყო გადმოვიდა და ხალხმა ლოყებზე მოიტარა ნიშნად იმისა, რომ არ წვავდა, სწორედ მაშინ ვიცანი საყვარელი ადამიანის თვალები, რომლებიც სიყვარულით მიმზერდნენ. მე კი იმ აღტაცების წამებში უცაბედად მუხლი მომეკვეთა და იქვე მრავალრიცხოვან ხალხს შორის გავუჩინარდი.
რაღაც დროის გასვლის მერე ტაძრის გარეთ მე მის მკლავებში მოვეგე გონს..
ჩვენ არაფერი გვიკითხავს ერთმანეთისთვის, ისე გადავეხვიეთ უხმოდ, უსიტყვოდ, თუმცა გულის ბგერებს ერთი წუთითაც არ შეუწყვეტიათ ერთმანეთის მისალმება.
და ბოლოს:
აჰმედმა მე კიდევ ერთხელ გადამარჩინა იმას, ჭყლეტაში რომ არ მოვყოლოდი და გაშლილი ხელებით სამუდამოდ გუში ჩამიხუტა.
იმ დღეს, იცით, რას მივხვდი? რომ იერუსალიმის აღდგომის ტაძარში არა მარტო წელიწადში ერთხელ გადმოდის ცეცხლი ზეციდან, არამედ ყოველწამიერად, რათა სამყარო და ადამიანთა გულები გაათბოს იმგვარი სიყვარულის ცეცხლით, რომ არ დაგვწვას, მაგრამ გვიყვარდეს! სწორედ ეს აცოცხლებს სამყაროს და ტრფობის მადლით გვიდგია სული!!!