ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი წლის სუფრის გაწყობისას სარიტუალო პარამეტრები გავითვალისწინოთ.
"პირველ თებერვალს, დილის 9 საათსა და 47 წუთზე, შემოვა საქართველოში ვეფხვის წელი. ჩვენ წინასწარ შევხვდებით მას 31 დეკემბერს და თუ საშუალება იქნება, შეგვიძლია ყველაფერი გავიმეოროთ პირველ თებერვალსაც.
პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირველ თებერვლამდე ჯერ კიდევ ხარის წელიწადი გრძელდება და მას არ უნდა ვაწყენინოთ. სუფრაზე უნდა გვქონდეს ორი სიმბოლო: როგორც ხარის, ასევე ვეფხვის. პირველი თებერვლიდან დარჩება უკვე მარტო ვეფხვი. 31 დეკემბერს ხარს წინ უნდა დაუდოთ მწვანილი, ხოლო ვეფხვს - პატარა ნაჭერი უმი ხორცი, რათა პატივი მივაგოთ მათ", - ამბობს ცაგარელი.
მისივე თქმით, სუფრისა და ტანსაცმლის გაფორმება უნდა მოხდეს ლურჯსა და შავში, რადგან ეს არის ვეფხვის ფერები. ჭურჭელიც შეგიძლიათ ამ ფერში გააწყოთ. ლურჯის კომბინაციით მისაღებია ცისფერიც.
"რადგანაც წყლის სტიქია მეგობრობს მიწის სტიქიასთან, ამიტომ ყავისფერი, ბეჟი თუ კრემისფერი, ასევე იქნება მისაღები. წყლის სტიქია ასევე მეგობრობს ხის სტიქიასთან და მწვანეც მისაღები ფერია. ვეფხვის ნარინჯისფერი ზოლების გამო ეს ფერიც აუცილებლად უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული და კიდევ, რადგანაც 2024 წლამდე ცეცხლის სტიქიის ნაკლებობაა, შეგვიძლია ის ოდნავ გავაძლიეროთ და შემოვიტანოთ მცირედი რაოდენობით წითელი ფერი.
რაც შეეხება სუფრას: ის უნდა იყოს ტრადიციული, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რა არ უყვარს ვეფხვს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი არ გვქონდეს: ძალიან მარილიანი საკვები არ უნდა გვქონდეს, თევზეულობა არ უყვარს ვეფხვს, ამიტომ უნდა მოვერიდოთ თევზეულს; უნდა მოვერიდოთ ლუდს, ბრინჯსა და მის კომბინაციებს სხვადასხვა კერძში და მოვერიდოთ კიდევ ცხვრის ხორცს. სხვა ნებისმიერი ხორცეულობა მისაღებია ვეფხვისთვის.
ტკბილეული შეგიძლიათ ჩვეულებრივად მიიტანოთ სუფრაზე: იქნება ეს ჩურჩხელები თუ შოკოლადები.
სუფრის წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული ხაჭაპური და საცივი", - აღნიშნავს ცაგარელი.