იმის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, სად და როგორ გავიცანი....
საშუალო სიმაღლის, თხელი, მაგრამ არც ძალიან გამხდარი, ხორბლისფერი ტალღოვანი თმით, ოდნავ ფერმკრთალი, ლამაზად მოყვანილი ტუჩებით, დიდი თაფლისფერი თვალებით და თითქოს, გაოცებული მზერით - აი, ასეთად დავინახე... გრაციოზულად მოძრაობდა, თავი ოდნავ ამაყად, მაგრამ ცოცხლად ეჭირა, თითქოს, რაღაც უხაროდა... შემდეგ მივხვდი, რომ ეს სიცოცხლის სიყვარული იყო! როცა ოთახში შემოდიოდა, გულღიად, სიყალბის გარეშე იღიმოდა, ხალისიანი სალმით, თითქოს, სითბო და მხიარულება შემოჰქონდა.
თვალს მოავლებდა ყველას, მაგრამ კონკრეტულად - არავის, თითქოს, რაღაც უხილავი და ამოუცნობი სინათლე დაჰყვებოდა. ბევრს უხაროდა მისი დანახვა, ბევრსაც შურდა. ის კი აინუნშიც არ აგდებდა, რა პრობლემაა! - ყველას ხომ არ მოეწონები და ეყვარები ამქვეყნად?! საუბრობდა ღიმილითა და გატაცებით, ხანდახან აზარტითაც. როცა რამე საინტერესო ამბავს ჰყვებოდა, ერთვებოდა მთელი არსებით, სხეულით, ჟესტიკულაციით, ემოციით. სულ ვფიქრობდი, რომ ალბათ, იქ, სადაც გაიზარდა, გრძნობებს ძალიან ნატურალურად გამოხატავენ და ისიც, ამ გულღიობას მიჩვეული, გულუბრყვილო ბავშვს წააგავდა. გაბრაზებაც ბავშვური იცოდა: ძალიან ცხარე და მოურიდებელი, თუმცა, წყენას გულში დიდხანს არ იტოვებდა - მალე ივიწყებდა ან პატიობდა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვეულებრივს, „ჩვენებურს“ არ ჰგავდა და ყველაზე მეტად სწორედ ამ განსხვავებულობით იზიდავდა ადამიანებს, განსაკუთრებით კი, მამაკაცებს...
ისინი სულ მის შორიახლოს ტრიალებდნენ, დიდი სიამოვნებითა და გატაცებით ესაუბრებოდნენ. უცოლოები უფრო გაბედულად ეფლირტავებოდნენ, ცოლიანები კი უბრალოდ, მისი სიახლოვით ტკბებოდნენ და ცხოვრებას იხალისებდნენ. ის კი ყველას მიმართ „გულმოწყალე“ იყო და ტკბილად ეჟღურტულებოდა. ვამჩნევდი, რომ თავადაც სიამოვნებდა, როცა თავს იმ კატის როლში წარმოიდგენდა, რომელსაც თაგვი კუდით ჰყავს დაჭერილი და ხან გაუშვებს, ხან კი თათს ისევ დააჭერს...
არა მგონია, საქმე ამაზე შორს წასულიყო, ვიდრე ერთი თავდაჯერებული და ცოტა მოთავხედო ტიპი არ გამოჩნდა. რა თქმა უნდა, მანაც მაშინვე ის ამოიღო მიზანში. ხომ იცით ქალების ამბავი, რატომღაც ხშირად სწორედ ასეთი კაცები გვიზიდავს...
და ერთ მშვენიერ დღეს, როცა ყველას თვალწინ, საჯაროდ საუბრობდნენ, ტიპი მისი წარმომავლობით დაინტერესდა. მანაც ჩვეული გულწრფელობით უპასუხა და ერთ-ერთი პროვინცია დაუსახელა. მომეჩვენა, რომ ტიპის რეპლიკამ საერთო ხმაური ერთიანად გადაფარა და ყველა იქ მყოფს ისე მოჭრა ყური, როგორც მე: „უი, რომ არ გეტყობა?! მე ვაკელი მეგონე!“
მისი პასუხი იყო აუღელვებელი, მშვიდი და ისე მტკიცე, მეგონა, რკინის გრდემლს უროს ურტყამდნენ: „მაინც როგორ უნდა მეტყობოდეს?! შენი აზრით, დიდი ტრაკი და წითელი ლოყები უნდა მქონდეს?!“
ეს სიტყვა, რომელსაც კარგად აღზრდილი გოგონები, წესით, არ უნდა ხმარობდნენ, მან ისეთი სიმსუბუქითა და ბუნებრიობით წარმოთქვა, თითქოს, სიმინდის ტაროს ფუჩეჩი შემოაცალა და შიშველი მარცვლები გამოუჩინა... და თითქოს, ეს სიტყვა სულაც აღარ იყო უცენზურო და შეუფერებელი...
წამით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა და მერე ისეთი გულიანი ხარხარი ატყდა, თითქოს, იქ მყოფ ადამიანებთან ერთად მთელი სამყარო დასცინოდა საბრალო, სტერეოტიპებით გაბერილ კაცუნას, რომელიც, ალბათ, მთაწმინდის პანთეონშიც კი არასდროს ასულა და არ უნახავს საფლავები, რომელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობაში პროვინციელი დიდი ქართველები განისვენებენ...
ეს ამბავი მარინა ბერიძის ნათქვამმა: „იქ იჯდა თბილისი“ გამახსენა... მაგრამ იქნებ მას ის არ უგულისხმია, რაც თქვენ იფიქრეთ?! გგონიათ, მასაც ზოგიერთივით უზარმაზარი „პერო“ აქვს და იმის იქით ვერავის ამჩნევს? - იქნებ ცდებით? იქნებ მასაც ერთ დროს უთხრეს: „მე ვაკელი მეგონე!“ :)