ერთი ნაცნობი მიყვებოდა, როგორ არასწორად ესმით ქართველ ქალებს კომპლიმენტის მნიშვნელობა და ზოგჯერ შეურაცხყოფადაც იღებენ. ის ახალი დაბრუნებულია ჩრდილოეთის მეზობელი ქვეყნიდან და როგორც თავად ამბობს, იქაური ჩვევები აქვს გამოყოლილი.
ამას წინათ ერთ ლამაზ გოგონას, რომელიც კიბეზე ნარნარად ჩამოდიოდა, მთელი გზნებით მიაძახა: „აუ, შენ რა სექსი ხარ!“ როგორ ფიქრობთ, რა უპასუხა გოგონამ? - მან მისი აღტკინებული მზერა და ტემპერამენტი სულ ფეხზე დაიკიდა და ისე გაიარა, თითქოს, არც კი გაუგია, უფრო ამაყად გამართა ლამაზი წელი და თავისი გრძელი ფეხები. ამ კომპლიმენტმა საქართველოში არც მეორე შემთხვევაში გაამართლა. გაამართლა კი არა, მის ავტორს კინაღამ სანანებლად გაუხდა, რადგან ამჯერად ადრესატმა ისე გამოლანძღა, სულ „ავადმყოფი“ და „პათოლოგი“ ეძახა! ამის შემდეგ ჩემმა ნაცნობმა ჩათვალა, რომ ქართველ ქალებს კომპლიმენტის არაფერი ესმით!
სხვათა შორის, ეს მეც შემინიშნავს. მაგალითად: ახლობელი ან კოლეგა შესანიშნავად გამოიყურება, გინდა, შეაქო, ასიამოვნო და გულწრფელად ეუბნები: „რა მაგრად გამოიყურები“, „რა ლამაზი ხარ დღეს“, „როგორ გიხდება!“ - ის კი რატომღაც გპასუხობს: „კარგი რა, დღეს საშინლად გამოვიყურები!“ ან მთლად უარესი: „რა სისულელეა! მატყუებ!“ გარდა იმისა, რომ ეს ცალსახად უტაქტობაა, გამოდის, რომ ადამიანს ან საკუთარი თავის არ სჯერა, ან შენი გულწრფელობის! არადა, ქალის ნათქვამ კომპლიმენტს სულ სხვა ფასი აქვს! - და თითქოს, ეს ყველა ქალმა იცის...
თუმცა, კომპლიმენტიცაა და კომპლიმენტიც. ზოგიერთი პიროვნული კეთილგანწყობის გამოხატვა კი არა, ლამის სექსუალური აქტის წარმოდგენაა თავისი მანერითა და ინტონაციით...) და გასაგებია, ქალები ამას შეურაცხყოფად რატომაც იღებენ, თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ამგვარი სექსისტური გამოხდომები სიამოვნებას ანიჭებს - ისინი, ალბათ, უფრო გულუბრყვილო მეოცნებეები არიან!
ერთი ჩემი ყოფილი თანამშრომელი ასევე თანამშრომელ, ჯიშიან გოგონას ისეთი მანერით მოიკითხავდა ხოლმე, მის ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სიტყვებში: „როგორ ხარ, ანა?“ ყველაზე გამოუცდელი ადამიანიც იოლად ამოიკითხავდა ავხორცულ მიმართვას: „ოხ, რა დიდი სიამოვნებით გაგჟიმავდი!“
იმ ჩემს ნაცნობს კი, ზემოთ რომ გიყვებოდით, როგორც თავად ამტკიცებს, ქალების შეურაცხყოფა სულაც არ უფიქრია, უბრალოდ, მას გულწრფელად მიაჩნია, რომ ქალისთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი მისი სექსუალობის ხაზგასმაა.
გასაკვირი კი ამაში არაფერია, თუ გავითვალისწინებთ იმ საყოველთაო ტენდენციას, რომლის მიხედვითაც ქალების უმრავლესობა უპირატესობას ე.წ. სექსუალურ სტილს ანიჭებს. ჩვენი ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში მრავლად ნახავთ ტანზე შემოტმასნილ შავ ტყავის შარვლებსა და მოკლე ტოპებში გამოწყობილ გოგონებსა და ქალბატონებს, გამომწვევ დეკოლტეებს, მაღალ პლატფორმებს და ბოტილიონებს და რა მნიშვნელობა აქვს, ფეხი გრძელია თუ მოკლე, საჯდომი მრგვალია თუ მაპატიეთ და, კარგად გვარიანად გვერდებზე გასული, მკერდი გვაქვს თუ მისი მაცდურობა push-up ბიუსტჰალტერის დამსახურებაა! მთავარია, რომ ქალები თავს კმაყოფილებად ვგრძნობდეთ!
პირადად მე თანამედროვე ტენდენციების ზომიერად გამოყენების მომხრე ვარ. მიყვარს ქალები, რომლებსაც საკუთარი ორიგინალური სტილი აქვთ. დამეთანხმებით, ეს ქალს განუმეორებლობას ანიჭებს. ვგიჟდები ქალებზე, რომლებიც სხეულის რაიმე ნაკლს ოსტატურად ნიღბავენ (მათზე ცალკე, მოგვიანებით დავწერ) და საკუთარ სექსუალობას ბუნებრივად, ისე ჩვეულებრივად წარმოაჩენენ, თითქოს, ეს მათ აკვნიდან გამოჰყვათ!
თუმცა, ვფიქრობ, კომპლიმენტი „შენ რა სექსი ხარ“ მარტო ჩვენი ვულგარული სტილის დამსახურება არ უნდა იყოს. იქნებ ამის მიზეზიც ეს ყბადაღებული „უსექსობაა“, რომელზეც უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, ვწერთ, სატელევიზიო ეთერებში განვიხილავთ, მაგარამ საშველი მაინც არაფრით დაგვადგა?! )
მაინც რისი თქმა უნდა კაცს, როცა ამ ფრაზას გეუბნება? – „მინდიხარ!“, „რა დიდი სიამოვნებით „იმასგიზამდი!“ თუ კიდევ უარესების, რისი გამეორების უფლებასაც ჩემი სოციალური სტატუსი და ცოტა სიმორცხვეც არ მაძლევს?! ))
არა მგონია, ემოციებისა და გრძნობების უკიდურესად ნატურალისტურად გამოხატვა ადამიანურ ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს და ჩვენს ქალურ ღირსებას, მომხიბვლელობას და სასურველობას რამეს მატებდეს.
მაგრამ თუ მაინც რომელიმე მამაკაცი გეტყვით: „რა სექსი ხარ“, ნუ ჩაარტყამთ მძიმე ხელჩანთას თავში, ნურც გალანძღავთ და პოლიციით დაემუქრებით. ჯერ ერთი, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გულში მაინც გაგიხარდებათ და შეიძლება მთელი დღე კარგ ხასიათზე იყოთ. თუ არადა, უბრალოდ, გაატარეთ.
მე კი, როცა მოგახარებთ, რომ ლამაზად გამოიყურებით, ნუ მიპასუხებთ, რომ შევცდი ან „რა სისულელეა!“ თორემ არასდროს გეტყვით: „აუ, შენ რა სექსი ხარ!“ ))