რაღაც ძალიან, ძალიან მეწყინა... არა, კი არ მეწყინა, მეტკინა... თანაც ისე ყრუდ და მტანჯველად, რომ კინაღამ ღრიალი დავიწყე... უცებვე მივხვდი, თავი ხელში უნდა ამეყვანა და მიმეღო ყველაფერი ისე, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა, როგორც მძიმე დაბრკოლება, რომელიც თუნდაც საკუთარი ღირსების გამო უნდა გადალახო...
სხვა დროს, ალბათ, ავტირდებოდი და პატარა ბავშვივით შემებრალებოდა საკუთარი თავი, მაგრამ ამჯერად გამომივიდა. არ ვიცი, რატომ... ალბათ, მოულოდნელი ელდისა და ტკივილის სიძლიერის გამო... მერე გამახსენდა, რომ ამ ბოლო ხანს ხშირად ვტირი. ვტირი კარგზეც და ცუდზეც, სულ უმნიშვნელო წვრილმანზეც კი და დავფიქრდი: "რა ხდება?! რატომ მომეძალა სენტიმენტები, მე ხომ საუკეთესო, "ოქროს" წლები მიდგას?!"
მერე ჩემი დამძიმებული გულისა და არეული თავის "განიავება" გადავწყვიტე და ქუჩაში გამოვედი. დიდხანს ვიარე. მიყვარს ფეხით სიარული და ფიქრი... ვაკვირდებოდი ადამიანებს, რომლებიც ჩემ ირგვლივ მიმოდიოდნენ და თავში ქარის ნაცვლად უკვე ეს, ერთი შეხედვით, ბანალური აზრი მიტრიალებდა: "ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით არა მარტო გარეგნობით, შინაგანი ბუნებით, შეხედულებებით, პრინციპებით, არამედ სიცოცხლის ხარისხითაც კი"...
სიცოცხლის ხარისხი რაღაა? - პირველად დავფიქრდი ამაზე... ზოგი დიდხანს ცხოვრობს და მაინც უკმაყოფილო მიდის ამქვეყნიდან, ზოგს კი, ძალიან ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, იმდენად ტევადი და სავსე ცხოვრება აქვს, სულის მოთქმას ვერ ასწრებს... მაინც რით იზომება და იწონება ჩვენი ცხოვრების ავ-კარგიანობა და ხარისხი: სასიამოვნო მომენტებით, კეთილი საქმეებით, ცხოვრებისეული გამოცდილებით, მიღწეული მიზნებით თუ გარშემომყოფების შეფასებით - საზოგადოებრივი აზრით? იქნებ ამ ყველაფრით ერთად... ანდა სულ მცირე, პაწაწინა გაელვებით - წამით, რომელიც მთელ ცხოვრებად ღირს და გადაწონის არათუ წუთებს, არამედ ათეულ წლებსაც კი... რომელიც გაგრძნობინებს, რომ ნამდვილად ღირდა დაბადება, წვალება, ტკივილების გადატანა, სიხარულებით აღტაცება, ოცნებებში ფრენა... რომ სულერთი არაა, რომ აზრი ჰქონია, რომ ულამაზესი განცდაა, რომ ძალიან მაგარი ყოფილა, როცა... ვიღაცას ენატრები, ვიღაცას ერთი შენი გაღიმება მთელ ქვეყნიერებას ურჩევნია, როცა შენი სულიერი ტკივილები ისევე ტანჯავს, როცა შენი ჩუმი ფიქრებისა და დარდის გამოცნობა შეუძლია, როცა უბრალოდ, სასურველი ადამიანი ხარ!..
ამის გაფიქრება იყო და ჩემმა ტელეფონმაც დარეკა – ნაცნობი ნომერი, საყვარელი მელოდია... ადამიანი, რომელიც მელოდა, რომელსაც, მიუხედავად ჩემი ემოციური განწყობისა და თუნდაც, ხასიათის სირთულისა, ყოველთვის უნდოდა ჩემთან! და ისევე უბრალოდ, როგორც სულ ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ ვერწმუნე ამ მარტივ კანონზომიერებას: ყოველთვის იარსებებენ შენ ირგვლივ შენზე ახალგაზრდები, ლამაზები, ჭკვიანები... მაგრამ იმ ერთისთვის, რომელიც ახლა შენ გელის, შენზე ძვირფასი, მნიშვნელოვანი და ღირებული არავინაა, სანამ ის გრძნობს შენი სულის სიახლოვის საჭიროებას! მე მგონი, სწორედ ამით განისაზღვრება ჩემი, შენი, მისი... სიცოცხლის ხარისხი...