ამას წინათ მეგობარი ერთ ნაცნობზე მიყვებოდა: ქმარს თავის ჭკუაზე ისე ატრიალებს, ის საცოდავი ვერაფერს ხვდებაო. ამან ცნობილი ანეკდოტი გამახსენა, რომლის მიხედვითაც, ოჯახში კაცი თავია და ქალი - კისერი.
ხუმრობა იქით იყოს და, თქვენც შეგხვედრიათ ქალები, რომლებსაც მამაკაცების მართვა ასე კარგად გამოსდით? როგორ ფიქრობთ, მაინც რა ჯადოსნურ ჯოხს ფლობენ ამის მისაღწევად? როგორ ახერხებენ მანიპულირებას: ცრემლით, ტკბილი ენით თუ რამე განსაკუთრებული უნარ-ჩვევები აქვთ არსენალში?
ადრე, როცა ძალიან ახალგაზრდა, ანუ "პატარა გოგო" ვიყავი, ასეთი ქალების არსებობა მითი მეგონა, მოგონილი სუსტი კაცებისა და შურიანი ქალების მიერ. ცოტა მოწიფულობაში, როცა ცხოვრებას ასე თუ ისე დავაკვირდი, მივხვდი, რომ ზოგიერთ ქალს მამაკაცების ან კონკრეტული მამაკაცის ფსიქოტიპი ისე კარგად აქვს შესწავლილი, რომ მისი საპასუხო ქცევის გამოცნობა ადვილად შეუძლია. ამას ემატება ცოტაოდენი მოთმინების უნარი და ცხოვრებისეული გამოცდილება და ეგაა.
რაც უნდა რთული და მძიმე ხასიათი ჰქონდეს, მამაკაცი მარტივი არსებაა. უხარია, როცა უხარია და სწყინს, როცა სწყინს! გამოხატვითაც ამას მარტივად და გასაგებად გამოხატავს. ასე რომ, მარჩიელობა არ გჭირდება, რამ შეიძლება გააბედნიეროს ან წყობიდან გამოიყვანოს იგი. ამიტომ ქალების იმ კატეგორიას, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით, მისი კეთილგანწყობის მოპოვება არ გაუჭირდება. მაგრამ სრული "გამარჯვებისთვის" მარტო კეთილგანწყობის მოპოვება, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და ქალიც იწყებს მისი სუსტი წერტილების შესწავლას. ზოგისთვის ეს ზედმეტად კეთილი გულია, სხვისთვის - დამთმობი ხასიათი, ზოგი მამაკაცი კი, რბილად რომ ვთქვათ, არამტკიცე ბუნებით გამოირჩევა. მათ უმრავლესობას რომ უთხრა, ქალი გმართავსო, შეიძლება თავი გაიგიჟოს. ბევრი მათგანი, ალბათ, ვერც კი გრძნობს, ისე კარგად და ლამაზად ასრულებს სხვის ნება-სურვილს, თანაც ისე, რომ ყველა გადაწყვეტილება საკუთარი ჰგონია.
ნუ იფიქრებთ, რომ ასეთი კაცები არასრულფასოვანი პიროვნებები, "ჩმორები", "დედიკოს ბიჭები" და გონებრივად შეზღუდული ადამიანები არიან. ნურას უკაცრავად! - უბრალოდ, ისინი ალბათ, უფრო მეტად უფრთხილდებიან იმ ქალებთან ურთიერთობას, ვის "შემსრულებლებადაც" ქცეულან, ვიდრე თავად ის ქალები. სხვათა შორის, რომ იცოდეთ, "დედიკოს ბიჭები", როგორც კი ცოტაოდენ დამოუკიდებლობას იგრძნობენ, ყველაზე რთულად სამართავები ხდებიან, ზოგჯერ უმართავებიც კი და ამაზე, თუ გინდათ, სხვა დროს უფრო ვრცლად ვისაუბროთ.
მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მართავს კაცს: ცოლი, დედა თუ საყვარელი. შედეგი ერთია: ის ნაკლებად სანდო, არამყარი დასაყრდენია და ადრე თუ გვიან ურთიერთობაში დგება გაღიზიანების მომენტი, რომელმაც შეიძლება ეს ურთიერთობა გადაიყოლოს კიდეც (დედაშვილურს არ ვგულისხმობ).
ნამდვილად არ ვიცი, ვინ უშვებს ამ შემთხვევაში პირველ შეცდომას. იქნებ ჩვენ, დედები, რადგან სწორედ ჩვენ ვზრდით მათ ასეთებად: გარეთ გულად და შინ - მერყევ, მშიშარა ბიჭებად, რომელთაც ვაჩვევთ, აუცილებლად "დაუჯერონ" ქალს, რომელიც მათ "უვლის".
მოდით, სხვადასხვა ვარიაცია განვიხილოთ: საწყალი ვაჟი, რომელიც დედის წარბის აწევას კანკალით უყურებს; კაპას ცოლს გამოქცეული კაცი, რომელიც ძმაკაცებთან ქეიფის დროს ტელეფონს თიშავს; ახალგაზრდა საყვარლის აჟურულ საცვალს ჩაფრენილი ჭარმაგი "ბიძა", რომელიც მზად არის, მთელი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი ქონება, საზოგადოებრივი მდგომარეობა და ავტორიტეტი მას შესწიროს და ა.შ. - ჩამონათვალი შეგიძლიათ საკუთარი დაკვირვების შედეგად შეავსოთ...
ძვირფასმა მამაკაცებმა დისკრიმინაციაში რომ არ დამადანაშაულონ, შეგვიძლია ის ქალებიც მოვიხსენიოთ, ვინც მამაკაცის საკუთარი "ქუსლის ქვეშ" მოქცევას ცდილობს. მაინც ვინ არიან ისინი: ცხოვრებისგან გაბოროტებული მდედრები, რომლებსაც საკუთარი სიძლიერის დამტკიცება ნებისმიერ ფასად სურთ; განებივრებული "მარადიული გოგონები", რომლებიც ნებისმიერი კაპრიზის ასრულებას საყვარელმა დედიკოებმა და მამიკოებმა მიაჩვიეს; საკუთარი სხეულის კარგად მომხმარებელი "ნაშები", რომლებსაც სხვა რესურსი, უბრალოდ, არ გააჩნიათ, რომ ცხოვრებაში ადგილი დაიმკვიდრონ; მარტოხელა დედები (ყველა არა!), რომლებმაც შვილის გაზრდას მთელი ენერგია და ახალგაზრდობა შესწირეს და მიაჩნიათ, რომ უკეთ იციან, რა გააბედნიერებს მათ ოქროს ბიჭს! და ცოლები, რომლებიც ვიღაცის "მომვლელად" გაზარდეს და ბავშვობიდან ჩაუნერგეს, რომ ამის სანაცვლოდ კაცი ვალდებულია, მთელი ცხოვრება უყვარდეს, მატერიალურად უზრუნველყოს, აჭამოს, ჩააცვას, დაახუროს და ხანდახან გააბედნიეროს კიდეც?!..
ქალს, რომელსაც "ჭკუა ჰყოფნის" და კაცზე შეფარულად ზემოქმედებს, ამგვარ ურთიერთობას გაცილებით დიდხანს ინარჩუნებს. ეს, ძირითადად, ტკბილი სიტყვის, "უწუ-მუწუს" და ალბათ, დიდი ნერვების ფასადაც უჯდება, მაგრამ მისთვის "ჩიტი ბრდღვნად ღირს". ვისაც ნებისყოფა და ჭკუა არ ჰყოფნის და შეტევაზე პირდაპირ გადადის, ის, რა თქმა უნდა, მაშინვე "გაშიფრულია" და კაცმა რომც აიტანოს, გარშემომყოფების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაცინვის მუდმივი ობიექტი ხდება. თუმცა, ვფიქრობ, რომ ნებისმერ შემთხვევაში ეს მაინც დროებითი და არაჯანსაღი დამოკიდებულებაა და როგორც ნებისმიერი რამ ჩვენს სამყაროში, ერთ მშვენიერ დღეს დასრულდება. ოღონდ როგორ დასრულდება: დიდი სკანდალით, წვრილმანი ჩხუბით და დავიდარაბით, უღიმღამო გულგრილობით თუ ზიზღით, ესეც ინდივიდებსა და მათ ტემპერამენტზეა დამოკიდებული.
ისე, რა ჯანდაბად უნდა გინდოდეს, გინდ ქალს და გინდ მამაკაცს, ვინმეს მართვა, მით უმეტეს, თუ ის საყვარელი ადამიანი ან ცხოვრების მეგზურია?! ეს ხომ სათავეშივე მცდარი, არასრულფასოვანი და ძალად თავსმოხვეული ურთიერთობაა, როცა თავად ხარ "შემკვეთიცა" და ფაქტობრივი "შემსრულებელიც"?! ეს ხომ დაახლოებით იმას ჰგავს, ყვავილების თაიგული საკუთარ თავს ვინმე ვაჟას სახელით თავად გაუგზავნო... და მაპატიეთ, მაგრამ... ამისგან რა სიამოვნება უნდა მიიღო?!
ასევე იხილეთ: