შუაღამე იყო დაწყებული, ლილუმ დიდი წუწუნისა და ფეხების ბაკუნის შემდეგ რომ დაიძინა.
მაქსიმალურად ცდილობდა იმ დროის გამოყენებას, როცა მამა გვერდით ჰყავდა და თან, თავისი ეშმაკური გონებით იმასაც ახერხებდა, ისეთი სიტუაციები შეექმნა, მშობლები განმარტოებით რომ დაეტოვებინა.
რამდენადაც ბავშვური და გულუბრყვილო, იმდენად ეშმაკი და მოხერხებული იყო. ისეთ რაღაცებს გეგმავდა, შემდეგ კი, ისე ოსტატურად მოჰყავდა სისრულეში, დიდსაც შეშურდებოდა.
– დემნა, რაღაც უნდა გთხოვო... – ბევრი ფიქრის შემდეგ ძლივს გადაწყვიტა ელენემ და კარიდან გასულს დააწია სიტყვები.
– რა ხდება?
– ხვალ, სამსახურში... – დაიწყო ყოყმანით, მაგრამ არ აცადეს დასრულება. ისე ამოიოხრა კაცმა, თითქოს სულ ამას განიხილავდნენ და უკვე შეწუხებული იყო. რეალურად კი, ზუსტად იცოდა, რისი მოსმენაც მოუწევდა და არ უნდოდა, ისეთი რაღაც ეთხოვათ მისთვის, რის შესრულებასაც არ აპირებდა.
– ლენა, ხომ იცი, რომ აზრი არ აქვს?!
– და შენც ხომ იცი, ამდენი წლის შემდეგ ძლივს რომ იშოვე წესიერი სამსახური?!
– და რა?
– დემნა, მართლა ვერ ხვდები, რა მოყვება?
– გგონია, მაინტერესებს? – ჩაეცინა ცალყბად და ისე მიეყრდნო კარის ჩარჩოს, მაქსიმალურად ახლოს რომ აღმოჩენილიყო ლენასთან. კარგად ხედავდა, როგორც მოქმედებდა მისი სიახლოვე და არაფრით უშვებდა ამ შანსის გამოყენების შესაძლებლობას ხელიდან.
– რატომ იქცევი ასე? – თვალები აატრიალა ბოლოს, როცა მიხვდა, დანებება რომ მოუწევდა. – ჯობდა, რომ არაფერი მეთქვა?! ახლა რომ რამე მოხდეს...
– ლენა, მომისმინე! – შეაწყვეტინა, როცა შეატყო, საკუთარი თავის დადანაშაულებას რომ აპირებდა ყველაფერში. – ჯერ ერთი, შენი თქმა არც მჭირდებოდა, სახეზე გეწერა ყველაფერი. და მერე მეორეც, არაფერი არ მოხდება და არაფერი არ არის შენი ბრალი, გასაგებია?
– არა!
– რა არა?
– არ არის გასაგები! – ისე გაჯიუტდა, ფეხების დაბაკუნებაღა აკლდა მხოლოდ, ლილუს რომ დამსგავსებოდა. პატარა ბავშვივით იქცეოდა და ვერც დემნამ შეძლო სიცილის შეკავება. ჯერ ტუჩებზე აიფარა მარცხენა ხელი და რამდენიმე წამს უყურა, შემდეგ კი, ოდნავი ცვლილებაც რომ ვერ შეატყო, ისე აფხუკუნდა, კიდევ უფრო გააბრაზა ამით ქალი.
ასე იდგნენ, ერთი - კარის ერთ მხარეს, მეორე - მეორე მხარეს და არც ერთი აპირებდა არც დისტანციის შემცირებას, არც ადგილიდან ფეხის მოცვლას. ისეთი მარტივი იყო იმ მომენტში ყველაფერი. თითქოს, საერთოდ არ ამძიმებდათ ის წლები, ის ჩავარდნა, ის ტკივილი, ერთად რომ უნდა გადაეტანათ და ცალ-ცალკე მოუწიათ გაძლება. ყველაფერი გაუფერულდა იმ მომენტში და ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, ძველებურად, ნებისმიერ თემაზე რომ შეეძლოთ დაუსრულებელი კამათი და ბოლოს ისე შერიგება, თითქოს, არც არაფერი მომხდარა.
– იცი, რა მინდა ახლა ყველაზე მეტად? – დაბალი, შეცვლილი ხმით დაიწყო კაცმა და კიდევ უფრო მიუახლოვდა. აღარაფრით შეეძლო ლენას წინააღმდეგობის გაწევა. სულ ცოტაღა უკლდა, თვითონვე რომ არ შეეყვანა სახლში. ისეთი რთული იყო ახლა გაშვება... და ისე არ უნდოდა... არასდროს გასჭირვებია ასე. პირველ დღეებშიც კი...
– მითხარი... – ჩურჩულზე გადავიდა თვითონაც და დემნა მიხვდა, მხოლოდ ერთი ნაბიჯი აკლდა, მხოლოდ ერთი სიტყვა, ელენესთვის ერთი ხელის მოსმით რომ არ წაერთმია ამდენი ხნის ნაშენები დამოუკიდებელი ქალის იმიჯი. და ალბათ, გააკეთებდა კიდეც ამას, საკუთარ თავზე მეტად რომ არ ყვარებოდა.
– შენი დამწვარი კარტოფილი... – ჩაეღიმა ბოლოს და ღმერთმა უწყის რად დაუჯდა, სახლში რომ დაეტოვებინა თვალებში ცრემლებჩამდგარი ცოლი, თვითონ კი, მხოლოდ ერთხელ, ისიც, შუბლზე შეხებოდა და შემდეგ სწრაფად, უკანმოუხედავად ჩაერბინა კიბეები ისე, რომ ლიფტის არსებობა არც კი გახსენებოდა...
* * *
სამსახურში რომ მივიდა მაჩაბელი, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს, დანაღმული ველი უნდა გაევლო, საკუთარ კაბინეტამდე მშვიდობით რომ მიეღწია. ისე არ უნდოდა ახლა უფროსის ნახვა... საერთოდაც, რამდენიმე დღეა წარმატებით გაურბოდა, დღეს კი, ისეთი მნიშვნელოვანი საღამო ელოდა წინ, არ უნდოდა, ვინმეს ხასიათის გაფუჭება მოეხერხებინა.
პირველად უნდა ჰქონოდა ლილუს კონცერტი და თან, კონსერვატორიაში. იმხელა მიღწევა იყო ეს წერტილივით პატარა გოგოსთვის, მით უმეტეს, რომ სულ ორი წელია, რაც მუსიკალურ სასწავლებელში დადიოდა. ვერც კი იჯერებდა ელენე თავიდან, მასწავლებელმა რომ უთხრა, თქვენი შვილის ჩასმაც მინდა პროგრამაშიო.
მამამ ასწავლა დაკვრა. მანვე შეაყვარა მუსიკაც. ისეთი ბედნიერი იყო ხოლმე ლენა, ფორტეპიანოს რომ მიუსხდებოდნენ ერთი, მხრებგაშლილი, მეორე კი, კიკინებიანი, მუხლებზე ჩამომჯდარი ქერათმიანი, მათი შემხედვარე, ყველა საქმეს წყდებოდა და ვეღარაფერს აკეთებდა. ყველაზე მეტად მაინც ის ახარებდა, რაღაც საიდუმლო კავშირივით რომ ჰქონდა მამა-შვილს. ისეთი, რაც მხოლოდ მათი იქნებოდა და არავინ ჩაერეოდა სხვა.
მუსიკალურ სასწავლებელში მას შემდეგ შეიყვანა, რაც დემნას გაშორდა. პატარაობიდანვე ატყობდა ნიჭს და ბავშვს იმის გამო ვერ დაჩაგრავდა, თვითონ რომ აერია მამამისთან ურთიერთობა. ვერ წაართმევდა ამ შესაძლებლობას და მართალია, თავიდან ჭირვეულობდა ლილუ, არც მასწავლებელი მოსწონდა, არც სხვისი ფორტეპიანო და გაჯიუტებული მხოლოდ მამას ითხოვდა, მაგრამ ესეც გადააგორეს... და, რა თქმა უნდა, ესეც დემნას წყალობით...
ახლა კი, ისე მალე მოვიდა იმის დრო, საკუთარი შვილი დიდ სცენაზე რომ უნდა ენახა და ეამაყა, ვერც იჯერებდა, უკვე ამხელა თუ გაზრდილიყო ლილუ. მასზე მეტადაც თვითონ ნერვიულობდა და ვერც დაძინება მოახერხა. ის კი არა, დემნასაც თვითონ დაურეკა, ხომ მოხვალ, იცოდე, არ დაგაგვიანდესო.
იმასაც ატყობდა, ბოლო დროს, თვითონ რომ უფრო აქტიურობდა ყოფილი ქმრის მიმართ. თითქოს, მაშინ უფრო ადვილი იყო, როცა გვერდით არ ჰყავდა. ბრაზის შენარჩუნებასაც ახერხებდა და გულგრილობასაც, ახლა კი... ახლა, როცა ყოველდღე ხედავდა, ყოველ წუთას გრძნობდა მის მზერას, მხოლოდ ის უშლიდა ხელს, ორი წლის წინ მომხდარი საშინელება რომ ახსენდებოდა და თან, კიდევ ჰქონდა ეჭვი, იმ ამბის მიუხედავადაც რომ არ შეშვებია დემნა საქმის გამოძიებას. როგორ ძალიანაც არ უნდა ნდომებოდა მის გვერდით ყოფნა, ახლა მხოლოდ საკუთარი თავი აღარ ებარა, შვილიც ჰყავდა, რომელიც, ნებისმიერ ფასად უნდა დაეცვა ყველაფრისგან და ასე ძალიან ვერ გარისკავდა. ვერავის და ვერაფრის გამო...
– ელენე! – მაინც ვერ მოახერხა დანაღმული ველის გავლა ისე, გიორგის რომ არ გადაყროდა. არადა, უკვე კაბინეტის კარი უნდა შეეღო, უფროსი რომ გამოეცხადა და მკლავზეც აპირებდა ხელის შევლებას, ქალის მზერა რომ დააფიქსირა.
– არ დამიგვიანია სამსახურში, დროულად მოვედი. – მოუჭრა წარბაწეულმა. ისეთი ცივი ხმა ჰქონდა, ამით კიდევ ერთხელ აგრძნობინა დარასელს, რა მწარედ შეეშალა.
– გთხოვ, ასე ნუ მელაპარაკები...
– გიორგი, დღეს ისედაც ადრე უნდა წავიდე, ერთი კვირის წინ დავწერე ამის შესახებ განცხადება. მინდა, საქმეები წასვლამდე მოვასწრო და ძალიან გთხოვ, თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, მომეცი საშუალება, მშვიდად ვიმუშავო.
– მინდა, საავადმყოფოში მომხდარზე დაგელაპარაკო...
– მე კი, არ მინდა. და მგონი, ამას გასაგებად გამოვხატავ.
– ვერ დავუშვებ, რამე არასწორად იფიქრო!
– სამსახური და პირადი ურთიერთობები რომ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, ჩემზე უკეთ ხომ იცი ეს? ახლა კი, სამსახურში ვართ, შენ ჩემი უფროსი ხარ, მე კი, უფროსთან, საქმის გარდა, არაფერზე მაქვს სასაუბრო.
– ელენე, გეყოს! – ნერვები მოეშალა ამდენხნიანი ხვეწნის შემდეგ და ისე აიქნია ხელი, აშკარა იყო, მეტის მოთმენას ვეღარ ახერხებდა.
წარბიც არ შეხრია ლენას. ყინულივით ცივი მზერით ათვალიერებდა და კვლავ მისგან ელოდა სათქმელის ბოლომდე დასრულებას. ან კი, მეტი რა უნდა ეთქვა? ისედაც ზედმეტად გასაგებად გამოხატა საკუთარი პოზიცია და სკანდალს, მით უმეტეს, მთელი ოფისის თანდასწრებით, ნამდვილად ვერ მოუწყობდა. ისღა აკლდა ზუსტად, კომპანიის ჭორიკნებს იმაზე ესაუბრათ, მთავარ უფროსთან აქვს რომანიო. ისედაც არ აკლებდნენ ჭორების აგორებას და ათას ვარიანტს განიხილავდნენ, რისი წყალობით მოახერხა ორ წელში ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსის ადგილის დაკავება. ახლა კი, ალბათ, გაათხოვებდნენ და დააორსულებდნენ კიდეც, ის რომ გაეგოთ, რაც რეალურად მასსა და გიორგის შორის მოხდა.
– არ მინდა, ჩემზე ნაწყენი და გაბრაზებული იყო. არც ის მინდა, ჩვენმა ურთიერთობამ სამსახურზე რომ იმოქმედოს... – გააგრძელა დარასელმა, შედარებით რომ დამშვიდდა და თვითონვე შეუღო კაბინეტის კარი, თუმცა, ქალი მასთან მარტო დარჩენას ნამდვილად არ აპირებდა. აქ უფრო დაზღვეულად გრძნობდა თავს, ათასი გამვლელის თვალი რომ ხვდებოდათ.
– მე კი, საერთოდ არ მინდა, ჩვენი ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებს რომ გასცდეს. და ის მით უმეტეს არ მაწყობს, ამან ჩემს სამსახურზე რომ იმოქმედოს.
– შენ თუ იმას გულისხმობ, რაც მე გავიფიქრე...
– ფიქრების კითხვა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ შემიძლია, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, ეს ადგილი ჩემი შრომითა და მონდომებით რომ მოვიპოვე და ნამდვილად არ ვაპირებ, რაღაცის გამო სახელი ან პირადი საქმე გავიფუჭო.
– ელენე, ძალიან გთხოვ, ნუ გამოგყავარ ნაძირალა... – მწარედ ჩაეღიმა გიორგის. ისე ეწყინა ბოლო სიტყვები... ნამდვილად არ იყო იმ ტიპის, თანამდებობითა და ფულით რომ სარგებლობენ. არასდროს გაუკეთებია მსგავსი რაღაც, მიუხედავად იმისა, შესაძლებლობა რომ ჰქონდა. ატყობდა კიდეც, ზოგიერთი თანამშრომელი ულაპარაკოდ რომ დათანხმდებოდა ყველაფერზე, მაგრამ არ უნდოდა ქალს მასში მხოლოდ მილიონერი დაენახა.
ახლა კი, თავი, ცოტა არ იყოს, შეურაცხყოფილადაც იგრძნო. არ უკადრებია ელენესთვის მსგავსი რაღაც და ვერც იფიქრებდა, ასეთ რაღაცას თუ დააბრალებდა. საერთოდ არ დაუშვია ის, სამსახურზე თუ იმოქმედებდა მათი ურთიერთობა, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონოდათ ერთმანეთის მიმართ. საკმაო პროფესიონალიზმი გააჩნდა საიმისოდ, რაღაცები ერთმანეთში რომ აერია და ახლა ხვდებოდა, კიდევ დიდხანს რომ მოუწევდა იმისთვის ბრძოლა, მაჩაბელს მასზე დაკარგული წარმოდგენა რომ დაბრუნებოდა.
– გიორგი, მაპატიე, მაგრამ მართლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს.
– რატომ მიდიხარ ადრე?
– როგორც უფროსი, ისე მეკითხები თუ...
– როგორც შენი მეგობარი. – ამოიოხრა და მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები.
– ლილუს კონცერტი აქვს და მის გვერდით უნდა ვიყო. – უპასუხა ისე, თითქოს მოვალეობა მოიხადა ამით და უკვე კარის სახელურს იყო ჩაბღაუჭებული, კიდევ ერთხელ რომ შეაჩერეს.
– არ დამპატიჟებ?
– ბატონო? – ჰკითხა ცალწარბაწეულმა. არადა, თითქოს, ყველაფერი გაარკვიეს.
– როგორც მეგობარს...
– გიორგი...
– მართლა გეუბნები! – ხელები აღმართა, დანებების ნიშნად.
– ხომ იცი, რომ შენ მიმართ მართლა დადებითად ვიყავი განწყობილი და არც მე მსიამოვნებს ეს სიტუაცია, მაგრამ...
– ჰოდა, სწორედ ამის გამო მინდა, ურთიერთობა რომ გამოვასწოროთ, ელე...
– და დარწმუნებული ხარ, რომ როგორც მეგობარს, ისე გსურს ჩემი შვილის კონცერტზე დასწრება?
– გეფიცები, მართლა ყველაფერს გავაკეთებ, შენი ნდობა ისევ რომ დავიბრუნო. – გაუღიმა გულწრფელად. ეს ქალი იმდენს ნიშნავდა მისთვის, ყველაფრის თავიდან დაწყებაზეც კი არ დაიხევდა უკან, ოღონდ მის გვერდით რამენაირი სტატუსით მაინც ყოფილიყო.
– კარგი... – ამოიოხრა საბოლოოდ, დანებების ნიშნად. დიდად არ სიამოვნებდა ეს ფაქტი, მაგრამ ნამდვილად უკულტურობა და, როგორც თვითონ ეძახდა, ქაჯობა გამოუვიდოდა, კიდევ უარი რომ ეთქვა. ორივენი ზრდასრული და ჩამოყალიბებული ადამიანები იყვნენ და არ შეეფერებოდათ გაბუტული თინეიჯერებივით მოქცევა.
– ანუ, რომელზე გავდივართ? – გამხიარულდა დარასელი.
– მე ოთხზე უნდა გავიდე, მაგრამ კონცერტი შვიდზე იწყება. კონსერვატორიაშია, მთავარ დარბაზში. აი, მოსაწვევი... – ჩანთიდან ამოაძვრინა პრიალა ბარათი და ისე გაუწოდა, თითქოს, თეთრი დროშა ყოფილიყო და დაზავების ნიშნად აძლევდა.
– მადლობა. არც კი იცი, როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის შენი ეს ნაბიჯი. ახლა კი, აღარ მოგაცდენ. – გაუღიმა და შემდეგ ისე გაეცალა, მთელი დღის განმავლობაში მართლა აღარ შეუშლია მუშაობაში ხელი...
* * *
ისეთ საცობში იყო გაჭედილი ხერგიანი, ლამის მანქანა შუა ქუჩაში დაეტოვებინა და ფეხით წასულიყო, შვილის კონცერტზე რომ არ დაეგვიანა. არადა, ერთი საათით ადრე გამოვიდა, დროულად რომ მისულიყო, თუმცა, მაინც გაიჩხირა. ჯანდაბა, რას აკეთებს ქალაქის მერია?!
გამწარებული ურტყამდა საჭეს შეკრულ მუშტს და საყვირის გამოყენებასაც არ იზარებდა, მიუხედავად იმისა, ის რომ კარგად იცოდა, მის წინ მდგარი მანქანაც ისევე იყო გაჭედილი, როგორც თვითონ. არ იყო ცუდი მძღოლი, არც ნერვების სიმტკიცეს უჩიოდა, ამაზე უარეს საცობში მოხვედრილა, მაგრამ დღევანდელი დღე ისეთი განსაკუთრებული იყო, საკუთარ თავს ვერ აპატიებდა დაგვიანებას.
კარგად იცოდა, ლილუ რომ პირველ ნომრად არ გამოდიოდა. საერთოდაც, სადღაც შუაში ჩასვამდნენ პატარებს და ალბათ, კონცერტის დაწყებიდან ერთი საათი მაინც მოუწევდა ლოდინი, შვილი უზარმაზარ როიალთან მისკუპებული რომ დაენახა, თანაც, ორკესტრის თანხლებით და შემდეგ, სიამაყესთან ერთად, ჟრუანტელის დავლაც ეგრძნო სხეულში, მაგრამ მაინც უნდოდა ადრე მისვლა. უმცროსი ხერგიანი რომ კულისებიდან გამოიჭყიტებოდა, მამა დარბაზში უნდა დაენახა და მის თვალებში ამოეკითხა ის ყველაფერი, რაც ნერვიულობას გაუქრობდა.
– ჯანდაბა, სხვა გზა არ მაქვს! – ამოიოხრა ბოლოს და დიდი წვალების შედეგად, ძლივს მოახერხა მანქანის გზიდან გადაყვანა. ისე მიაჩერა ბორდიულზე, ზუსტად იცოდა, ჯარიმას რომ ვერაფრით გადაურჩებოდა, ესეც, უკეთეს შემთხვევაში. უარესში, შესაძლოა მანქანის გარეშეც დარჩენილიყო ცოტა ხნით, მაგრამ ისეთ დღეში იყო, ეს უკვე ნაკლებად ადარდებდა.
გამწარებულმა მიაჯახუნა კარი და შემდეგ ისეთი ტემპით გაემართა, შორიდან რომ დაგენახათ, სოლიდური კოსტიუმის მიუხედავად, მაინც დაეჭვდებოდით იმაში, რომ რბოლაში იღებდა მონაწილეობას. იმაზე უფრო ჩქარა იარა, ვიდრე ვარჯიშისას დარბოდა ხოლმე. არც დაღლა უგრძვნია და არც კუნთების ტკივილი, იმდენად იყო სხვა რამეზე გადართული, მაგრამ ბოდიშის მოხდა მაინც არ ავიწყდებოდა, სიჩქარის გამო ხალხს რომ ეჯახებოდა.
– უნდა მიასწრო, სხვა გზა არ გაქვს! – გაამხნევა საკუთარი თავი, საათს რომ დახედა. შვიდი სრულდებოდა უკვე, მხოლოდ ათი წუთი იყო დარჩენილი და იმის იმედიც არ ჰქონდა დიდად, როგორც ქართველებს შეგვეფერებოდა, არაპუნქტუალურად, სულ მცირე, ნახევარი საათის დაგვიანებით რომ დაიწყებოდა კონცერტი.
და მართალიც იყო, რომ ჩქარობდა. ისეთი ორგანიზებული იყო ყველაფერი, ისეთი მოწესრიგებული, მიუხედავად იმისა, მოსაწვევებზე რიგისა და ადგილის ნომრები რომ არ ეწერა, მაინც არ შექმნილა ქაოსი. თითქოს, თავისი მაგია ჰქონდა კონსერვატორიას, ყველა მოზომილად და კულტურულად რომ იქცეოდა.
ერთადერთი, ელენე სცემდა ბოლთას. ისე დაკაკუნობდა დერეფანში, არც ის ადარდებდა, ქუსლების ხმით სხვებს რომ აწუხებდა და არც ის, დარბაზში ჩანთა უპატრონოდ რომ ჰქონდა მიტოვებული. არა, რამდენჯერ დაურეკა დემნას?! როგორ შეუძლია, ასეთ დღესაც ვერ მოეშვას საქმეს და დროულად მივიდეს?!
– ელე, აქ რატომ ხარ? – სამაგიეროდ, მის ნაცვლად, დარასელი გამოდგა პუნქტუალური და გაუკვირდა კიდეც, ქალი გარეთ რომ დაინახა.
– დემნას ველოდები...
– ისიც მოდის? – ჰკითხა ისე, აშკარად შეეტყო, ეს ამბავი მოულოდნელი რომ გამოდგა მისთვის.
– რატომ არ უნდა მოვიდეს, გიორგი? ლილუ მხოლოდ ჩემი შვილია?! – გაცხარდა, თუმცა ის კი არ იცოდა, წინ რომ უარესი ელოდა.
– ნუ ბრაზობ, ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ, მისი მანქანა ერთ-ერთ კაფესთან დავინახე გაჩერებული და იმიტომ გკითხე.
– რა? სად? – გაეცინა გაკვირვებულს. სიმწრის სიცილი უფრო იყო ეს, ვიდრე გულწრფელი. რას ნიშნავს, კაფესთან გაჩერებული?
– აქედან არცთუ ისე შორსაა. შეიძლება მოსვლამდე ყავის დასალევად შეიარა, რა ვიცი... – მხრები აიჩეჩა დაბნეულმა და შემდეგ, მაჯის საათს რომ დახედა, დარბაზისკენ ანიშნა თავით, შესვლის დროაო.
– შეიძლება, გვიან დაიწყონ... იქნებ მოასწროს...
– შევიდეთ და ისე დავუკავოთ ადგილი. ლილუმ რომ გამოიხედოს და ვერც ერთი დაგინახოთ, უფრო ინერვიულებს...
– კარგი, მართალი ხარ. – ამოიოხრა ბოლოს და შემდეგ ისე გაემართა დარბაზისაკენ, თითქოს შვილის კონცერტზე კი არა, საკუთარი სიკვდილით დასჯის ცერემონიალზე მიდიოდა... იმ ფაქტს კი მაინც ვერაფრით გაურბოდა, დემნამ პირველად, თუმცა, ძალიან მწარედ რომ გაუცრუა იმედი...
გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი