ლიფტის კაბინის კედელზე ზურგით აკრული იდგა ლენა და სუნთქვაც შეეკვრებოდა ალბათ, იქაურობა დემნას ჰაერით რომ არ ყოფილიყო გაჯერებული.
შიშისთვისაც კი არ ჰქონდა დრო. არც ის ადარდებდა, რომელ სართულზე იყვნენ, არც ის, ლითონის კონსტრუქციაში რომ გაიჭედნენ, ჟანგბადის გარეშე, ღმერთმა უწყის, რამდენი ხნით. სიბნელიც კი არ უქმნიდა დისკომფორტს და თავი ძლივს შეიკავა, ამდენი ხნის ნათმენი ერთიანად რომ არ ამოეხეთქა, წვერის ჩხვლეტა რომ იგრძნო ლოყაზე.
ისე მშვიდად, ნელა და აუღელვებლად უსვამდა დემნა ცხვირის წვერს სახეზე, თვალებმიხუჭული, ისე დაასრიალებდა, თითქოს, განზრახ წელავდა იმ დროს, სანამ საბოლოოდ შეეხებოდა. არადა, ისედაც საკმაოდ გაწელილი იყო. მთელი ორი წელი... ვერც კი ხვდებოდა, როგორ ითმინა ამდენი. არც ის იცოდა, შეეძლო თუ არა. ნებისყოფა რომ კარგი ჰქონდა, ეჭვიც არ ეპარებოდა ამაში, მაგრამ იმასაც დიდი ხნის წინ შეეგუა, ლენას არსებობა მის ცხოვრებაში ყველაფერს საზღვრებს რომ ურღვევდა და თავდაყირა უყენებდა დალაგებულ გეგმებს.
ვეღარაფრით მოითმინა ბოლოს. საყვარელი ქალის თითების შეხება რომ იგრძნო მხრებზე, თითქოს ერთიანად ჩამოეშალა ყველაფერი და სანამ თვითონაც ნაწილებად გაიფანტებოდა სივრცეში, სანამ დაიშლებოდა და გაქრებოდა, იმ ერთადერთს დააცხრა, რასაც მისი შეგროვება და გადარჩენა შეეძლო.
თითქოს, პირველი ნაბიჯის გადადგმა უჭირდა ორივეს. ისე სწრაფად წავიდა ყველაფერი... ვერც გაიაზრა ელენემ, როგორ აჰყვა. ვერც გაიაზრა, როგორ შემოხვია კისერზე ორივე ხელი და შემდეგ, როგორ ვეღარაფრით ჩაახშო კმაყოფილი ბგერები, დემნას გახურებულმა ტუჩებმა მის კისერში რომ გადაინაცვლეს.
ორი წლის განმავლობაში არ უგრძვნია თავი ასე სასურველად. ორი წელი არ ყოფილა თითქოს ქალი. იყო ძლიერი, დამოუკიდებელი, ყოვლისშემძლე. იყო კარგი დედა, კარგი თანამშრომელი, კარგი უფროსი, კარგი მეგობარი. კარგი შვილიც იყო და ალბათ, ისეთ საქმიან პარტნიორებზეც კი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მხოლოდ ერთხელ რომ უწევდა შეხვედრა. კარგი იყო ყველასთვის, მაგრამ არასდროს ყოფილა რეალურად ასე კარგად.
ის ერთი აკლდა. აკლდა ისე, რაც არ უნდა გაეკეთებინა, როგორ ძლიერადაც არ უნდა ყოფილიყო გაბრაზებული, როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ტკივილი, ფილტვებსაც კი ვერ ავსებდა ჰაერით ბოლომდე, როცა გვერდით არ ჰყავდა.
ერთდროულად ისე ძლიერად და ისე სუსტად იგრძნო თავი. ნერვები ეშლებოდა, საბოლოოდ მაინც რომ გადააბიჯა თავმოყვარეობას. ერთი ხელის მოსმით დაანგრია ორი წლის ნაშენები ყინულის ჯებირები, თვითონვე გადაუარა ყველაფერს იმის დასაბრუნებლად, ვის გარეშეც, როგორც არ უნდა მოენდომებინა, მაინც ვერ გრძნობდა სრულყოფილად თავს. ახლა კი, თითქოს შეივსო...
– ასეთი მონატრება არ შეიძლება. – ნაწყვეტ-ნაწყვეტ ეჩურჩულებოდა დემნა და თან არაფრით აშორებდა ტუჩებს მის კანს. კოცნიდა ყველგან, თვალებზე, ტუჩებზე, ყელზე, ლავიწებზე. ყველგან, სადაც კი შეეძლო და არც იმას მორიდებია, ადგილისა და მდგომარეობის გაუთვალისწინებლად, მომთხოვნად ჩაეხსნა საყვარელი ქალისთვის ისედაც ვიწრო პერანგის მინიატურული ღილები.
– ვერასდროს იტანდი ღილებს. – ჩაეცინა ელენეს, თუმცა ჯიუტად, არც კი უფიქრია დახმარება. სიმართლე ითქვას და, არც უნდოდა ის პროცესი დაეჩქარებინა, ამდენი ხსნის შემდეგ, ასე სასიამოვნოდ რომ მიდიოდა.
– პირდაპირ მაგიჟებს შენი ნებისყოფა! – აღმოხდა ბოლოს დემნას, პერანგთან პრობლემა რომ შეექმნა, თუმცა, მაინც არ აპირებდა დანებებას.
არც ამდენ ხანს მოშორება შეეძლო, ისედაც ძლივს დაბრუნებულისთვის და მართალია, მიხვდა, საქმეს რომ უფრო გაირთულებდა, თუმცა ჯიუტი სვანი ვერც ამან შეაშინა და ცალი ხელით თმა ჩამოუშალა, სანამ მეორეთი ღილების პრობლემის მოგვარებას აგრძელებდა.
კბილების ღრჭიალით ამოიგმინა პერანგის თხელი ქსოვილის შიგნით მაქმანებიანი ბიუსტჰალტერის დანახვისას. ძლიერად დააჭირა ყბები ერთმანეთს და შეკრული მუშტი ჯერ რამდენჯერმე, მშვიდად მიარტყა კედელს, შემდეგ კი, ისე ჩამოეყრდნო შუბლით საყვარელ ქალს მხარზე, არც სჭირდებოდა ხმის ამოღება, ელენე მის მდგომარეობას რომ მიმხვდარიყო.
– ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, სპეციალურად ემზადებოდი ამისთვის... – ჩაეცინა მაინც და აუჩქარებლად მოუშიშვლა მხრები.
– ლიფტიც მე გავჭედე, განზრახ... – აჰყვა ელენეც და შემდეგ უკვე თვითონ აიღო ინიციატივა საკუთარ თავზე.
უბრალოდ, აღარ შეეძლო მეტის მოთმენა. არ შეეძლო თინეიჯერი შეყვარებულებივით მდგარიყვნენ ლიფტში გაჭედილები და კოცნის წინაც აღელვებულებს ეფიქრათ, ღირდა თუ არა გარისკვად. მთელი შეგნებით იცოდა, ახლა ამ კაცზე მეტად არავინ და არაფერი რომ არ უნდოდა და ის იყო, თვითონ გაიწია მისი ტუჩებისკენ, კონსტრუქცია კიდევ ერთხელ რომ შეზანზარდა, თუმცა, დაძვრის ნაცვლად, მხოლოდ შუქი აინთო.
– საქმეს გვიადვილებენ... – ღიმილს ვეღარ იკავებდა დემნა. ისეთი კმაყოფილი იყო, პატარა ბიჭივით უხაროდა მომხდარი. ვერაფრით მალავდა აჟიტირებას და არც იმაზე უფიქრია დიდხანს, გაეგრძელებინა თუ არა დაწყებული.
მაღალწელიანი, ტანზე მომდგარი ქვედაბოლო ეცვა ელენეს, კარგად რომ უსვამდა ხაზს მის იდეალურ ფორმებს და თან, არც ვულგარულად გამოიყურებოდა. პერანგი რამდენიმე წუთის წინ სწორედ ამ ქვედაბოლოში ჰქონდა ჩატნეული, თუმცა, პირველ ღილს რომ შეეხო ხერგიანი, მაშინვე მიხვდა, ასე მოწესრიგებულად დიდხანს ვეღარ გაჩერდებოდა.
არც შემცდარა. არც წინააღმდეგობა გაუწევია. უფრო მეტიც, დემნასაც შეუხსნა ჰალსტუხი და სწრაფადვე მოიქცია ტუჩი კბილებს შორის, კაცის ძლიერი ხელის შეხება რომ იგრძნო მკერდთან.
აღარაფერი ახსოვდა. ახლა სულ რომ ქვეყანა დაქცეოდათ თავზე, სულ რომ მოულოდნელად გაღებულიყო კარი და მთელი ოფისის თანამშრომლების წინაშე აღმოჩენილიყვნენ ასეთ ფორმაში, არაფერი ადარდებდა, რადგან ის ჰყავდა გვერდით. საერთოდ გაეთიშა გონება. დიდი ხანია, ასეთი იმპულსური და წინდაუხედავი არ ყოფილა. ახლა კი... ახლა მზად იყო, ნებისმიერი სიგიჟე გაეკეთებინა მასთან ერთად, თუმცა, სრულიად მოულოდნელად, თითქოს ის ელექტრული მუხტი სადღაც აორთქლდა, ხერგიანს კი თითები გაუშეშდა, უკვე მის თეძოსთან რომ იყო მისული.
კარგად იცოდა, ელენეს იარა რომ ჰქონდა დარჩენილი. არც არასდროს დავიწყებია. საკუთარ თავს ვერც მისცემდა იმის უფლებას, ეს რომ ამოეშალა გონებიდან, თუმცა, ასე რეალურად, ასე აშკარად არასდროს უნახავს. არც ჰქონია საშუალება. მხოლოდ თეორიული ცოდნა ჰქონდა, მაგრამ ახლა, პირისპირ რომ შეეჩეხა რეალობას, აწმყოში გაცოცხლებულ წარსულს, სამუდამო ნიშანს მათი უბედურებისას, მხოლოდ თითები კი არა, თვითონაც გაიყინა თითქოს.
წამიერად ჩაეფერფლა ყველაფერი და უძრაობის, შეუძლებლობის გააზრებასთან ერთად, ისე დაუნდობლად აუყეფდა სინდისი, ისე გამალებით ახსენებდა გონება ყველაფერს, რაც ისედაც არ ჰქონდა დავიწყებული, რეალურად იგრძნო, როგორ გაუჭირდა სუნთქვა.
თითქოს, ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. სივრცეც აღარ იყო საკმარისი. ერთიანად პატარავდებოდა და ისე ცდილობდა მის გასრესვას, მის გადაყლაპვას, ვერც უწევდა წინააღმდეგობას და რომც მოენდომებინა, მაინც ვერ შეძლებდა. ერთადერთი, რაც სიფხიზლეს უნარჩუნებდა, ელენეს იარა იყო, თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ მისთვის ზედმეტად აშკარად გამოკვეთილი წვრილი ხაზი.
– დემნა... – გაოგნებულმა გახედა სახეალეწილ კაცს. ვერაფრით მიხვდა, რა მოუვიდა. თითქოს, გონება არ უშვებდა იქამდე, თვითონაც რომ გაეაზრებინა, რამ გამოიწვია მისი გაქვავება. არ უნდოდა, საშინლად არ უნდოდა, აქედანაც იმ ამბამდე მისულიყვნენ. რეალურად კი, უბრალოდ, ის მონატრებული შეხება არ ეთმობოდა, ახლაც, საკუთარ თავზე გადაბიჯების ფასად რომ მიიღო.
– სამუდამოდ დაგიტოვე, თვალსაჩინოდ, ისე აშკარად, თითქოს, მისი არსებობის გარეშე ამის დავიწყებას შეძლებდი... – ამოიხავლა ხმაწართმეულმა და გაშლილი ხელისგულებით მიეყრდნო ცივ ლითონს.
გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ძალა. თითქოს, ხელახლა განიცადა ყველაფერი. თავიდან აღმოჩნდა ჯერ საავადმყოფოს დერეფანში, შემდეგ საოპერაციოს კართან, რეანიმაციასთან, თავიდან ელოდებოდა ექიმს, შეშლილი სახითა და გამოლეული მოთმინებით. ისეთი სიმძაფრით აღუდგა ყველაფერი, ერთადერთი, რაც ახლა უნდოდა, გარეთ გაღწევა იყო.
თავისივე ხელით გაუსწორა კაბა. პერანგის ღილებიც თვითონ შეუკრა, ზუსტად ისე, როგორც რამდენიმე წუთის წინ ჰქონდა. გამალებით ცდილობდა დროის უკან დაბრუნებას. იმაზეც კი თანახმა იყო, მეხსიერება გაექრო, ასეთი მონატრებული შეხებები საერთოდ ამოეჭრა, თითქოს, საერთოდ არ ყოფილა არაფერი. ყველანაირი კვალი წაეშალა იმისა, რაც მოხდა. რამაც იქამდე მიიყვანა, ის დაანახა და ის აგრძნობინა, სულში რომ ჩაავლო ხელი და თითქოს, მუჭში მოიქცია უხილავმა ძალამ ამხელა კაცი.
– დემნა, ცუდად ხარ? ერთიანად გადაფითრდი... – ელენე კი, მაქსიმალურად ცდილობდა, არაფერი შეემჩნია. ვერსად გაექცეოდა რეალობას, ეს კარგად იცოდა. და ვერც მომხდარს შეცვლიდა, როგორ ძალიანაც უნდა ნდომებოდა ეს. ამ ცოდნით გაატარა ორი წელი და, სისულელე იქნება ითქვას, რომ შეეგუა, მაგრამ ალბათ, ტკივილთან ერთად ცხოვრება მაინც ისწავლა. მისი ატანა, გადატანა, ჩაყლაპვა და სუნთქვის გაგრძელება.
პასუხის გაცემასაც ვერ ახერხებდა ხერგიანი. ეს ლიფტიც ნერვებს უშლიდა ახლა, ეს სინათლეც, ასე კაშკაშად რომ ანათებდა. ვერ უძლებდა ელენეს მზერას. უნდოდა გამქრალიყო, აორთქლებულიყო, ოღონდ მის თვალებს გაქცეოდა. რომ სცოდნოდა, შესაძლებელი იყო, წამითაც არ დაიხევდა უკან კარის გაგლეჯვაზე, ოღონდ აქედან გაღწევა შესძლებოდა როგორმე. ერთიანად ეწვოდა სახე და როცა იგრძნო, ფეხზე დგომასაც რომ ვეღარ ახერხებდა, სწრაფად დაჯდა, რომ არ დაცემულიყო.
მუხლებს ეყრდნობოდა იდაყვებით და სახეზე ისვამდა ხელებს, როგორმე რომ გამოფხიზლებულიყო. არაფერი შველოდა, არაფერი უყუჩებდა აჯანყებულ სინდისს, ჯალათად გადაქცეულ გონებას, ყელში მობჯენილ გულს. საფეთქლებში გრძნობდა უკვე პულსაციას და ერჩივნა, საერთოდ გათიშულიყო, ვიდრე ის მოესმინა, რაც რამდენიმე წამის შემდეგ მასთან დაჩოქილმა ელენემ დაბალი, ჩუმი, თუმცა მშვიდი კი არა, მძიმე ხმით უთხრა:
– ბიჭი იყო...
– ელენე, არ გინდა, გთხოვ... – ვერც გახედა, არც ის იცოდა, ხმა ამოუვიდოდა თუ არა საერთოდ. ახლა არ შეეძლო ამის მოსმენა. ვეღარ გაუძლებდა მეტს.
– იმ დღეს გავიგე... – ქალი კი აღარაფრით აპირებდა გაჩერებას. ისედაც დიდხანს ინახა მხოლოდ თავისთვის. დიდხანს ატარა მარტომ, ახლა კი ხვდებოდა, მისთვისაც რომ არ გაენაწილებინა, გაიგუდებოდა.
სიმწრით ეღიმებოდა, როგორ წამებში შეიცვალა სიტუაცია. ზუსტად ისე, როგორც მათი ცხოვრება. მოულოდნელად, ვერც ერთმა რომ ვერ მოასწრო გაკონტროლება და შემდეგ თავზე ჩამოემხოთ ყველაფერი.
– შენთან მოვდიოდი, რომ მეთქვა. არ მინდოდა, ბანალურად გამომსვლოდა, მაგრამ ორიგინალურობის მოფიქრებამდეც ვერ ვითმენდი, ისე მინდოდა, გცოდნოდა...
– ლენა, გეხვეწები... – სუნთქვას ამოაყოლა კიდევ ერთხელ და მხოლოდ ყბების ერთმანეთზე დაჭერით ახერხებდა, ხმამაღლა რომ არ ეტირა.
ისე კი, ვერაფრით შეიკავა ცრემლები. ეს ის თემა იყო, მისი სიძლიერე რომ სადღაც ორთქლდებოდა და კუჭის თავიდან იწყებდა რაღაც საშინელი, შავი ღრუბელი გაზრდას, წამიერად რომ მოიცავდა მთელ ორგანიზმს და შემდეგ გამწარებული უჭერდა ყელში დანაოჭებულ ხელებს. მაინც არ გუდავდა! სიკვდილამდე მიჰყავდა და ისე ტოვებდა. უფსკრულში ახედებდა და ხელს არ ჰკრავდა. ცეცხლს უკიდებდა, მაგრამ არ წვავდა. ამითაც კი ვერ ახერხებდა იმ ღამის გამოსყიდვას. ვერც კი ისჯებოდა სათანადოდ, თვითონაც ფიზიკურად რომ გადაეტანა ის ტკივილი, რასაც ელენემ გაუძლო.
– ექიმებმა თქვეს, რომ დიდი ალბათობით, ვეღარ მოვახერხებ დაფეხმძიმებას...
– ჩვენ კიდევ გვეყოლება შვილი! – სწრაფად ახედა. ყველაფერს დაუპირისპირდებოდა ახლა, ოღონდ თავისი ნათქვამის რეალურობა დაედასტურებინა. კბილებით გაიტანდა ბოლომდე, მაგრამ იმას კი ვერ დაუშვებდა, ეს ცოდვაც რომ მიმატებოდა მის სიას. ვერ დაუშვებდა სცოდნოდა, რომ თვითონ მოკლა ელენეში ქალი.
– ლილუ ხომ მაინც გვყავს... – თითქოს, ამით გაამხნევა. აგრძნობინა, რომ ძალიან არ განიცდიდა, რეალურად კი, უფრო აატკივა დამძიმებული სული.
– ელენე, ჩვენ კიდევ გვეყოლება შვილი! – კბილების ღრჭიალით წარმოთქვა ხერგიანმა და იმ მომენტში, მეტს არც აღარაფერს ჰქონდა აზრი, მისი რწმენის გარდა...
გაგრძელება იქნება სამშაბათს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი