ერთხელ, შემთხვევით, ჩემთვის უცნაურ საუბარს შევესწარი.
ჩემი მეგობარი თავისი ახლობლის შესახებ ჰყვებოდა, რომელსაც თურმე, ქმრის შესანარჩუნებლად შვილის გაჩენა გადაუწყვეტია... და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ამ კაცს ბავშვი საყვარელმა გაუჩინა, ალბათ, მანაც მის შესანარჩუნებლად. თითქოს, ორ ქალს კაცის „დასაბმელად“ ნამდვილი თავგანწირული ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული, რომელშიც, ჩემი აზრით, გამარჯვებული არ არსებობს.
მოკლედ, ცოტა ჩახლართული სიტუაციაა: ქმარმა, რომელიც განზე სიარულს ნაჩვევი იყო, სერიოზული ურთიერთობები გააბა ქალთან, რომელსაც ჩვენ ასე მარტივად და ბანალურად „საყვარელს“ ვეძახით. ამას მოჰყვა ბავშვი - ახალი სიცოცხლე, რომელიც შესაძლოა, უბრალოდ, ბავშვი კი არა, ამ ურთიერთობების გახანგრძლივების ყველაზე დიდი იმედი და ქალისთვის ყველაზე საიმედო ფინანსური გარანტიაც იყო, ან იქნებ მართლაც გულწრფელი სიყვარულის ნაყოფი - ვინ იცის! მე - ნამდვილად არა, მე მხოლოდ მეორე მხარის ვარაუდებსა და ეჭვებს ვახმოვანებ...
მოკლედ, ამას მოჰყვა ცრემლი, ნერვიულობა და ისტერიკები, ერთმანეთთან მივარდნა-მოვარდნები, საჯარო ლანძღვა და გინება, მაგრამ ოჯახი ვერაფერს გახდა. ბუნებრივია, კაცებს ხომ ასე სძაგთ, როცა მათ რამეს აძალებენ! აბა, თქვენი თავი წარმოიდგინეთ - საშინელებაა, როცა სიყვარულს გაიძულებენ! მაგრამ საქმე ასე მარტივად არ იყო. ისე ჩანდა, თითქოს, აქ ომი მარტო გრძნობებისთვის კი არ მიდიოდა, აქ თითქოს, გავლენის სფეროებს იყოფდნენ...
დამეთანხმებით, ძალიან მძიმე ასატანია, როცა სხვაში გცვლიან. როცა ერთი შეხედვით, შენს მეტოქეს განსაკუთრებული არაფერი აქვს, არც შენზე უკეთ ზრუნავს საყვარელ ადამიანზე, არც გარეგნობით გჯობს და არც საზოგადოებრივი მდგომარეობით, მაგრამ მაინც გვერდზე გაწეული რჩები. ამის ლოგიკური ახსნა შეუძლებელია და ყველამ იცის, რომ ეს ძალიან ინდივიდუალური და ინტიმური ამბავია, მაგრამ მიუხედავად პრობლემისადმი ყველაზე „პროგრესული“ მიდგომისა, შეგუებით ვერავინ ეგუება. არადა, ახსნა შესაძლებელიც რომ იყოს, მაინც არაფერი შეიცვლებოდა. ჭრილობა-ჭრილობად დარჩებოდა, ტკივილი - ტკივილად და ნამსხვრევები - ნამსხვრევებად...
არ დაიჯეროთ, როცა ხედავთ, რომ ზოგი ქალი მსგავს სიტუაციას, თითქოს, „ეგუება“: რჩება ოჯახში, „თვალს ხუჭავს“ ქმრის გაორებულ ცხოვრებაზე და ამით თითქოს, იმიჯს ინარჩუნებს. ზოგი უფრო შორს მიდის და „ოფიციალურად აღიარებს“ ქმრის საყვარელთან შეძენილ შვილს, იღებს სახლში, ავსებს საჩუქრებითა და ყურადღებით. ბავშვმა რა დააშავაო?! - არც არაფერი, მე თუ მკითხავთ, ბავშვი აქ მსხვერპლი უფროა... რა ვქნა, მომკალით და არ მჯერა, რომ ასეთ ცოლებს „კიდიათ“, რომ მათი ქმრები გუგულებივით სხვის ბუდეში დებენ კვერცხებს...
დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიას: არ ვიცი, რა მოხდა - ცოლმა ყველაზე ჭკვიანურ გამოსავალს მიაგნო, შურისძიება ამ ფორმით გადაწყვიტა თუ ეს მართლა ღმერთმა ინება... და ისიც დაორსულდა... ვერაფრით ვხვდები, ცოლისთვის ეს როგორი გამოსავალია, ან არის კი გამოსავალი საერთოდ?
ალბათ, გამოცდილებმა უფრო იციან, შეუძლია თუ არა ბავშვის დაბადებას ამოავსოს ცოლ-ქმარს შორის გაჩენილი ბზარი და დაუბრუნოს მათ ძველი სიყვარული თუ ზოგს უღირს საყვარელი ადამიანის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად? - მოდით, ნუ ვიქნებით მსაჯულები...
ახლა წარმოიდგინეთ ქმარი, რომელიც ხან ორსულ ცოლთან ერთად დარბის ქალთა კონსულტაციაში და ხან საყვარელთან. ხან ერთი ურეკავს მჟავე კიტრის მოთხოვნით და ხან მეორე აღვიძებს შუაღამისას მანგოს მირთმევის დაუძლეველი სურვილით...
საბრალო, რას იზამს! - ეს გზა ხომ თავად აირჩია და უნდა გაუძლოს.
მე თუ მკითხავთ, ბოლომდე კმაყოფილები და ბედნიერები ვერც ის ქალები იქნებიან. როგორც უნდა ეცადოს კაცი თითოეული მათგანის დარწმუნებას, რომ მხოლოდ ის უყვარს და მეორესთან მხოლოდ სექსი ან მოვალეობები აკავშირებს, ორივეს მაინც შეჭამს მტანჯველი ეჭვი, რომელიც ადრე თუ გვიან ნებისმიერი სახის ურთიერთობას ანადგურებს - ერთი ქალი უკმაყოფილო იქნება იმით, რომ დასვენების დღეებსა და დღესასწაულებზე კაცი მის გვერდით ვერ არის, მას ნებისმიერ დროს ვერ ურეკავს, წვრილმანებზე ვერ აწუხებს... ხოლო მეორე კი ყოველთვის იფიქრებს, რომ კაცს მასზე მეტად „ის ქალბატონი“ და მისი გაჩენილი შვილი უყვარს...