– ვერ ვიჯერებ... – გაოგნებულმა ძლივს მოახერხა ორი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმა, ყოფილმა ქმარმა მხოლოდ ზედმეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომ გაანდო.
იცოდა, ყველაფერი რომ არ გაუმხელია და არც ჰქონია იმის ილუზია, ამ საქმის დეტალებს რომ მოუყვებოდა დემნა. ისედაც, საკმარისზე მეტი მოისმინა საიმისოდ, ღამით მშვიდად ძილი რომ ვეღარ მოეხერხებინა.
– დღესვე დაწერ განცხადებას. – ხერგიანის ხმა კი ისეთი კატეგორიული იყო, მხოლოდ ელენე რომ შეძლებდა შეწინააღმდეგებას.
– ახლა შენ მართლა გგონია, რომ იმის შემდეგ, რაც მომიყევი, ასე უბრალოდ ავდგები და წამოვალ?
– და შენ გგონია, იქ დარჩენის უფლებას მოგცემ, სადაც ნებისმიერ წამს შეიძლება რამე შეგემთხვას?
– დემნა, სამსახურის გარეთაც არაფრისგან ვარ დაზღვეული. – ცდილობდა, მშვიდად აეხსნა, უაზროდ რომ ეკამათებოდა და ისე გადაეყვანა თავის აზრზე, ორივენი კმაყოფილები რომ დარჩენილიყვნენ. თუმცა... არც ის ავიწყდებოდა, იურისტს სიტყვაში რომ ვერ აჯობებდა.
– ლენა, გამაგიჟებ! გეუბნები, რომ ღვინიანიძე ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია, ეს ეჭვმიტანილი კი ახლა თქვენს კომპანიაში აპირებს შემოძვრომას, უფრო რომ დავკონკრეტდეთ, შენზე გამოსვლას. მეტი რაღა უნდა მოხდეს, იქაურობას რომ მოშორდე?!
– ტყუილად ლაპარაკობ. – ამოიოხრა და თვალებდახაჭული გადაწვა მანქანის სავარძლის საზურგეზე. – ეს საქმე მხოლოდ შენ არ გეხება.
– მეშლება თუ იურისტის დიპლომი არ გიდევს სახლში?! – ეცადა, იუმორში გაეტარებინა, როგორმე ეს სულელური აზრი რომ ამოეგდო მისი თავიდან. რა თქმა უნდა, არ გამოუვიდა.
– დემნა, აზრი არ აქვს, – გაუღიმა მშვიდად. – ეს ამბავი მაშინ გასცდა იურიდიული საქმის ფარგლებს, როცა თვითონ შეგვეხნენ ზედმეტად უხეშად.
პირველებმა თვითონ დაარღვიეს საზღვარი. და არ ვაპირებ, მშვიდად ვიჯდე და ველოდო, როდის იპოვი დამნაშავეებს მარტო!
– ელენე, საშიშია! ვერ ხვდები, რას ნიშნავს ეს სიტყვა? შენ ხომ მაინც იცი, ყველაფერზე რომ არიან წამსვლელები?!
– შენ თუ რისკავ?!
– ჩემი მოვალეობაა, რომ გავრისკო!
– არ არის! აღარ არის! ეს საქმე ჯერ კიდევ მაშინ დახურეს, სამსახურიდან სანამ გამოგიშვებდნენ.
– დამოუკიდებლად ვიძიებ, – ამოიოხრა, როცა დარწმუნდა, ასე მარტივად რომ არ დასრულდებოდა ყველაფერი. – და სანამ მეტყოდე, რომ შენც შეგიძლია ამის გაკეთება, გიპასუხებ, რომ იურისტს აქვს საქმის დამოუკიდებლად გამოძიების უფლება, ეკონომისტს კი, გაგიკვირდება და, არა!
– არ მაინტერესებს, – მხრები აიჩეჩა ქალმა და ფანჯრის მინა ჩასწია. – ამჯერად მარტოს არ დაგტოვებ!
– და რას გააკეთებ, საიდუმლო აგენტი გახდები?! – გახედა გაღიზიანებულმა. არა, საერთოდ რატომ მოუყვა?! ხომ იცოდა, როგორიც იყო. განა, ორ წელში რამე შეცვლიდა მის სიჯიუტეს?
– ყოველთვის მიხვედრილი იყავი! – თვალი ისე ჩაუკრა, ვეღარც კი გაუბრაზდა დემნა. ყოველთვის შეეძლო, აფეთქებამდე მისულიც კი გაენეიტრალებინა და კარგადაც იცოდა, როგორ გამოეყენებინა ეს უნარი. ისიც გამოსდიოდა, საკუთარი ისე რომ გაეტანა, ორივე მხარე კმაყოფილი დაეტოვებინა საბოლოოდ. მართალია, ქმართან ცოტა უჭირდა, რადგან ხერგიანს ზემოქმედების გაცილებით დახვეწილი ტექნიკა ჰქონდა, თუმცა, სიჯიუტე მაინც ახერხებდა თავისას.
არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი. ორივემ იცოდა, არც ერთი გადათქვამდა თავისას და ამავდროულად, მაინც მივიდოდნენ კონსესუსამდე. ზოგჯერ მოსისხლე მტრებს ემსგავსებოდნენ, ისე იცავდნენ პოზიციას, კბილებით გაჰქონდათ და მაინც არ თმობდნენ, მნიშვნელობა არ ჰქონდა, თემა სერიოზული იყო თუ უმნიშვნელო. ახლა კი, მიუხედავად იმისა, ელენეც კარგად რომ ხვდებოდა, როგორი რისკიანი იყო გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებასაც აპირებდა, მაინც არ დანებდებოდა. დრო იყო, ყველასთვის მოეთხოვათ პასუხი, ვინც ოდნავი წვლილი მაინც შეიტანა მათ უბედურებაში, თვითონ კი, გულზე ხელდაკრეფილი ჯდომასა და ლოდინს, ნამდვილად არ აპირებდა.
– ნუ ხარ მასეთი სახით! – ამოიოხრა, დარჩენილი გზის განმავლობაში, დემნას წარბები რომ არ გაუხსნია.
– ყოველ ჯერზე მარწმუნებ, რომ ვცდები, როცა საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს გიყვები! – არც გაუხედავს, ისე უპასუხა. მართლა გაბრაზებული იყო და არ აპირებდა რაღაცების გამო დათმობას. პირადი ურთიერთობა და სამსახური რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და იმის გამო, რომ ახლახან შერიგდნენ, ყველაფერზე თავს არ დაუხრიდა.
– მაგრამ მაინც მიყვები! ხედავ, რაშია ჩემი პლუსი?! – გაეცინა გულწრფელად. – ვერაფერზე მეუბნები უარს!
– მეჩვენება თუ მიწვევ? – ცალი წარბი აეწია გაკვირვებულს.
– გამოწვევა მაშინ ნახე, მე თუ დაგასწარი საქმის გახსნა!
– ელენე, გეყოფა! – მაშინვე შეეცვალა სახე. – არ არის ეს ის თემა, რომელზეც ხუმრობით შეიძლება ლაპარაკი.
– არც ვხუმრობ. გინდა თუ არა, მოგიწევს შეეჩვიო, რომ ამიერიდან წყვილში მუშაობ.
– რატომ ხარ ასეთი ჯიუტი?! – აღმოხდა ბოლოს და ორივე მიხვდა, ეს რომ დანებებას ნიშნავდა.
– მთავარია, რომ შენ ასეთიც გიყვარვარ! – თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი, სანამ მანქანიდან გადავიდოდა, სასხვათაშორისოდ გადაულაპარაკა, პერანგის გამოცვლა არ დაგავიწყდეს, კომპანიონოო და ისე სწრაფად მიუხურა კარი, არც კი აცადა შეპასუხება...
* * *
– ჩიტიც კი ვერ შეფრინდება იმ კომპანიაში ღვინიანიძის ნებართვის გარეშე. ზედმეტად დაცული სისტემა აქვთ, ყველანაირად. – ამოიოხრა გეგამ და საბუთებით სავსე საქაღალდე დაუდო მაგიდაზე.
მეგობარმა რომ დაურეკა და დახმარება სთხოვა, ეს უკვე ზედმეტად ცხადად ნიშნავდა იმას, მის იქით გზა რომ აღარ ჰქონდა. იცოდა, დემნა სხვა შემთხვევაში ამ ამბავში არ გარევდა და მიუხედავად იმისა, თვითონაც რომ უნდოდა გარკვევა, მაინც ვერაფერი მოახერხა ბევრი. მართალია, მისგან განსხვავებით, თვითონ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში მუშაობდა და უფრო მეტ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი, მაგრამ მისთვისაც კი გასაიდუმლოებული რომ აღმოჩნდა საკმაოდ ბევრი დეტალი, ამან კიდევ უფრო დააეჭვა.
– თავი მომაჭერი, ზემოდან თუ არ იყოს შეკვეთილი. – ემოციებს ვეღარ თოკავდა ხერგიანი. პირველად შეასკდა ასე აშკარად უსამართლობას და თან ისე, მის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება რომ არ შეეძლო, ეს კი, პირდაპირი მნიშვნელობით, ანადგურებდა. უწევდა, ის ჩაეყლაპა, მთელი ცხოვრება რასაც ებრძოდა.
– არ ვიცი, დემნა, ვერაფერს გეტყვი, მაგრამ იმას კი ვხვდები, თუ არ შეეშვები, სერიოზულ პრობლემებს რომ შეგიქმნიან...
– ხომ იცი, რომ არ შევეშვები?
– ვიცი...
– მალე დახურავენ ამ საქმეს...
– დამოუკიდებელი იურიდიული გამოძიება რომც დაიწყო, მაინც მოგწვდებიან.
– მთავარია, რომ მათზე წინ ვიყო. თუნდაც, ერთი ნაბიჯით.
– დემნა, წარმოგიდგენია რა დონის საქმეა, ჩემთანაც რომ არ ლაპარაკობენ ამაზე?!
– და შენ წარმოგიდგენია, რა მაგარი იქნება, მასეთ საქმეს რომ გავხსნი?! – გაეცინა და ზედაპირულად დაიწყო იმ დოკუმენტების გადათვალიერება, აქამდეც მილიონჯერ რომ ჰქონდა ნანახი. – მხოლოდ ღვინიანიძე არ იქნება ამ ამბავში გარეული...
– არც ისე ბევრი კომპანიონი ჰყავს „ოქროს არწივს“, მათი პოვნა რომ ვერ შევძლოთ.
– გამორიცხულია, თვითონ შეცდომა ჰქონდეს დაშვებული. ასე არ გარისკავდა და არც ყურადღებას მიიქცევდა. პატარა, უმნიშვნელო ფირმებით მოაგვარებდა ყველა დეტალს.
– ანუ ისევ ნარკოტიკების ამბავს უტრიალებ?
– კი... საქართველოა, გეგა, იტალია ხომ არა, ამდენი ნარკობარონი რომ გვყავდეს?!
– ნურაფერს გამორიცხავ...
– არც ვაპირებ. მხოლოდ ერთი ვარიანტი რომ არასდროს მაქვს, კარგად იცი... მაგრამ, თითქოს, ფაზლის დეტალებივით აეწყო ყველაფერი. ზვიადაური ნარკოტიკებს ასაღებს, საკუთარ პროდუქციასთან ერთად გააქვს საზღვარზე, ისე, რომ ვერავინ ვერაფერს ხვდება. სანაცვლოდ იღებს ფულს, საკმაოდ დიდი რაოდენობით. შემდეგ, ჯერ არ ვიცით, რატომ, ფაზლის ეს ნაწილი გვაკლია, მაგრამ ამ საქმეზე უარს ამბობს. მისი კომპანიის საქმე უკან მიდის, აქციების ფასი ეცემა, ზედმეტად სწრაფად ხდება ყველაფერი საიმისოდ, რეალურს რომ ჰგავდეს. და უცბად, კაცს საკუთარ კაბინეტში პოულობენ წამებით მოკლულს. მოდი და მითხარი ახლა, რომ ლოგიკური არ არის!
– თუ მართალი ხარ, ხვდები, რამდენი კომპანია და ადამიანი იქნება ამ ამბავში გარეული? მხოლოდ „ოქროს არწივი“ არ ეყოლებათ საზღვარგარეთ.
– არც მგონია, რომ ღვინიანიძე იქნება მთავარი. შუამავალს უფრო ჰგავს, ვიდრე დამკვეთს.
– ჯანდაბა, ზედმეტად ჩახლართულია! – ამოიოხრა გეგამ. თავსა და ბოლოს ვეღარ პოულობდა, ისე აერია გონება. რამდენ საქმეზე არ უმუშავია, მაგრამ ასეთი გაუგებარი არაფერი ენახა. მხოლოდ ერთი კვირა იყო, რაც დემნამ დეტალები მოუყვა და უკვე ისე გაიხლართა, ვერც კი ხვდებოდა, როგორ ახერხებდა მისი მეგობარი ამდენი ხნის განმავლობაში იმას, ასეთ საქმეზე ასე სუფთად რომ ემუშავა და თან, სამსახურიც შეენარჩუნებინა.
თუმცა, დიდხანს არ გაგრძელებულა ხერგიანის ცხოვრებაში ეს სისუფთავე. თავიდან, საქმეზე ჩამოშორებით დაიწყეს, შემდეგ, დახურვით. მოგვიანებით, განყოფილებაც კი შეუცვალეს და ზედმეტად აშკარად აგრძნობინეს, რომ უნდა გაჩერებულიყო. შემდეგ იყო ზარები, დაფარული ნომრიდან, სამსახურში დატოვებული ანონიმური წერილები, ელენესაც კი დაურეკეს უცნობებმა, შენი ქმრისთვის გვინდა მოკითხვის შემოთვლაო.
არაფრით ნებდებოდა. ისიც კი არ ახევინებდა უკან, უკვე ლენასთანაც რომ მოსდიოდა კამათი. ძალიან ეშინოდა ქალს. ხვდებოდა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას რომ გასცდა ყველაფერი და არც იმის შემჩნევა გასჭირვებია, როგორი მოულოდნელი შემთხვევითობები იჩენდა მათ ცხოვრებაში თავს. ხან, დემნას აუშარდებოდა სრულიად უმიზეზოდ „მთვრალი გამვლელი“, ხან მას და ლილუს დაჰყვებოდათ სეირნობისას ვიღაც უცნობი. ისე ეშინოდა, აღარც მალავდა უკვე თავის ეჭვებს, ხერგიანს კი, მაინც ვერ აგებინებდა, იმ ხალხთან ხუმრობა რომ არ ღირდა.
სამი წლის იყო ლილუ, დემნა სამსახურიდან რომ გამოუშვეს. სრულიად უმიზეზოდ, ყველაფრის აუხსნელად, ჯერ მეგობრულად ურჩიეს, გირჩევნია, თავადვე დაწერო განცხადება წასვლის თაობაზეო, შემდეგ კი, სასურველი რომ ვერ მიიღეს, ისე გაათავისუფლეს, ვეღარაფრით მოახერხა სხვაგან მუშაობის დაწყება. ვერ ხვდებოდა, რა გააკეთეს ასეთი, როგორ გაუფუჭეს პირადი საქმე ასე, რამდენი ადამიანი ჩარიეს, მაგრამ ფაქტი იყო, ყველგან ჰყავდათ თავისი კაცი და ბოლოს, საკუთარი იურიდიული კაბინეტი რომ გახსნა კაცმა, ერთი კვირაც არ იყო გასული, ზედმეტად საეჭვო ვითარებაში რომ გაჩნდა ხანძარი და ყველაფერი ერთიანად დაიწვა.
გაგრძელება იქნება სამშაბათს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი