ალბერტსონის სახლი ქალაქ ალბანის შტატ ინდიანაში მდებარეობს.
ეს დაწყევლილი ადგილია, რომელსაც საშინელი ისტორია უკავშირდება… 1888 წელს, შემოდგომის ერთ ღამეს, სასახლეს მეხი დაეცა, რომელმაც ხანძარი გამოიწვია. თითქმის მთელი ინტერიერი დაზიანდა და დაიღუპა ყველა, ვინც შიგნით იმყოფებოდა. მრავალი წლის შემდეგაც არავის სურდა იქ დასახლება, რადგან გავრცელდა ხმები, რომ შენობა დაწყევლილი იყო და იქ მოჩვენებები ბინადრობდნენ.
1933 წლამდე სახლი მიტოვებული იყო. შემდეგ, ის დოქტორმა ჰაროლდ ვებმა შეისყიდა. მან სასახლე გაარემონტა და თავის ოჯახთან ერთად დასახლდა. ექიმს უამრავი პაციენტი ჰყავდა, რომლებსაც სახლში იღებდა. გარკვეული დროის შემდეგ, ექიმის შვილებმა დაიწყეს “მუქი კაცის” შესახებ ამბების მოყოლა, რომელიც ღამ-ღამობით მათ ოთახში, კედლებიდან შემოდიოდა. ექიმი და მისი ცოლი შვილების მონაყოლს ბავშვურ ფანტაზიად თვლიდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ მალე თვითონაც შეამჩნიეს, რომ სარდაფებიდან ჯაჭვის ჩხარუნის, კვნესის ხმები და მყრალი სუნი ამოდიოდა. ექიმმა ვებმა გადაწყვიტა ჩასულიყო სარდაფში და გამოეკვლია იქაურობა. როდესაც დაბრუნდა, თქვა, რომ საეჭვო ვერაფერი იპოვა, მაგრამ მისი შვილები ისევ ყვებოდნენ დაუპატიჟებელი სტუმრის შესახებ და არც სუნი და ხმები არ გამქრალა არსად.
გარკვეული დროის შემდეგ, ექიმი ვების ზოგიერთი პაციენტები ერთმანეთის მიყოლებით იკარგებოდნენ. თვითონ დოქტორი კი ძალიან ბრაზიანი და გაღიზიანებული გახდა. ბოლოს და ბოლოს მისმა ბიზნესმა კრახი განიცადა, რადგან პაციენტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
1934 წელს, ერთადერთი დარჩენილი პაციენტი მივიდა ექიმთან დათქმულ დროს და აღმოაჩინა, რომ კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. მან პოლიცია გამოიძახა და როდესაც კარი შეამტვრიეს, თვალწინ საზარელი სურათი გადაეშალათ. სახლი გვამებით იყო სავსე. ვების ოჯახის წევრები სასტიკად იყვნენ მოკლული. სახლის საფუძვლიანმა დათვალიერებამ საშინელი საიდუმლო გაამჟღავნა. სარდაფში ბევრი საიდუმლო გვირაბი და ფარული ოთახები აღმოჩნდა, სადაც ექიმს დაკარგული პაციენტები ჩაჰყავდა და საზარელ ექსპერიმენტებს ატარებდა მათზე.
გამოძიების დასრულების შემდეგ, სახლი დალუქული და მიტოვებული იქნა. 1987 წელს, სახლი გაიხსნა, როგორც საშინელი მუზეუმი, სადაც სპეციალური ტურების ფარგლებში, დამთვალიერებლები ახლაც დადიან. მომსახურე პერსონალი დღესაც ყვება უცნაური შემთხვევების შესახებ, რომლებიც კალბერტსონების სახლში პერიოდულად ხდება. ზოგიერთი თანამშრომელი კი უარს აცხადებს აქ მუშაობაზე.