ამბობენ, გულს მიენდეო... იმასაც ამბობენ, ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება ამართლებსო...
გული - ეს ადამიანის სიმბოლოა. როგორიცაა ადამიანის გული, ისეთია მისი პიროვნება. ისეთია ის საკუთარ თავთან, მეგობრებთან, კოლეგებთან და ქუჩაში, უცხო გარემოში. გონება კი ამ ყველაფრის ფილტრია.
სანამ გულს უსმენ, ხარ ადამიანი და ირგვლივ რეალობას ვერ აცნობიერებ, მაგრამ როცა გონებას აძლევ უფლებას გმართოს, გაფილტროს ყველა გრძნობა, ყველა გადაწყვეტილება, მაშინ ემსგავსები პროგრამულად შექმნილ რობოტს, რომელშიც გარემოს შესაფერისი უნარ-ჩვევები ჩატვირთეს.
ცალსახად, არც ერთის ნდობა არ არის სასურველი. ოპტიმალური ვარიანტი გულისა და გონების პარალელურად მოსმენაა.
როცა გული ისე დიდია, რომ სხვისთვის განაწილებული შენი ბედნიერება გავსებს, როცა ეს განცდა ცხოვრებას ძირეულად გიცვლის, როცა ხვდები, რომ შეგიძლია შეცვალო თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ... და ამ ჟინით შეპყრობილი ფიქრობ, რომ მთებს დაძრავ, რომ „ყველაფერი“ შენ ხარ,რომ ადამიანი ხარ …მაგრამ მოულოდნელად მოვარდნილ, აზვირთებულ ტალღასავით დაგეჯახება და წაგლეკავს მისი აღმატებულება „ცივი გონება“, რომელიც გამოგაფხიზლებს ამ ტკბილი, ვარდისფერი ფიქრებიდან და დაგახეთქებს მწარე რეალობასთან - შენვე აღიარებ, რომ „შენ ყველა არ ხარ!“ – „შენ, შენს თავს მიხედე, - სხვას მოევლება!“
ასეთი „მარცხის“ შემდეგ დგება მომენტი, როცა შენ ვერ ანიჭებ ბედნიერებას ადამიანებს, შენ არ შეგიძლია მისი კეთილდღეობისთვის ზრუნვა, შენ ვერასოდეს შეცვლი კანონს, რომელიც შენ არ შეგიქმნია. ხარვეზებიან “კანონთა კრებულთან” შიშველი ხელებით რჩები... და ამ ყველაფრის ფონზე ერთადერთი შვება ყელში მობჯენილი, ბურთივით გაჩხერილი ტკივილის ცრემლებით გამოხატვაა.
მერე ეს ცრემლებიც შრება და ცხოვრება გრძელდება დიდისა და პატარა ადამიანების გარემოში, სამართალსა და უსამართლობას შორის ჭიდილში, ცხოვრება გრძელდება არსებობისთვის ...
და როცა საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი ან თუნდაც ღამით, ცრემლებით დასველებული ბალიშის სინესტე შეგაწუხებს... დაგწყდება გული, რომ დრო დაკარგე, დრო, რომელიც შეგეძლო საკუთარი ამბიციებისთვის გამოგეყენებინა.
და თუ გონება გულს მოერევა, მტაცებელ ცხოველს დაემსგავსები და საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად დაწყებულ ურთიერთობებს, მოცემულ მომენტში სარგებლობა დაერქმევა.
მაგრამ, როცა შენ ის ადამიანი ხარ, ვინც გულით ფიქრობს, ვისთვისაც მთავარია, პულსზე ეჭიროს ხელი და გრძნობდეს გარშემო ადამიანების სუნთქვას - ასეთი ადამიანი ვერსადროს დააყენებს გონებას გულზე მაღლა...
ამბობენ, გულს მიენდეო... იმასაც ამბობენ, ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება ამართლებსო...
გიკითხავთ საკუთარი თავისთვის: - რა მიიღეთ, გულით რომ იცხოვრეთ?