წარმოვიდგინე, Facebook 10 წუთით გაითიშა…
ოჯახში ყველა ახმაურდა. კაფეში მეგობრებმა ტელეფონები გვერდზე გადადეს და ერთმანეთში აზრთა გაცვლა-გამოცვლა დაიწყეს.
და-ძმებმა ერთმანეთის ამბავი მოიკითხეს და დედას სამზარეულოში მიაკითხეს.
მოკლედ, ამ ათ წუთში მთელი კვირის ამბების გამოკითხვაც მოასწრეს... შვილმა დედა, დედამ დედამთილი, მეუღლემ მეუღლე, დამ ძმა, შვილიშვილებმა ბებია-ბაბუები მოიკითხეს და თავისთვის გაეღიმათ, - „თურმე, რა კარგები ყოფილან ოჯახის წევრები“.
ეს ათი წუთი საკმარისია, კიდევ ერთხელ დარწმუნდე, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ცხოვრება სოციალური ქსელის გარეშე შეუძლიათ. ვისაც ვუყვარვართ რეალურ და ვირტუალურ ცხოვრებაში. ვუყვარვართ სელფების და ფოტოშოპში დაუმუშავებელი ფოტოების გარეშე.
ერთი რამ ცხადზე ცხადია: ყველას გვყავს Facebook-ში ერთგული მეხოტბეები, ერთგული მეტოქეები, ერთგული მტრები და ერთგული ფარისევლები... საჭორაოდ ჩასაფრებულები და კეთილი გულშემატკივრები...
ამ განსხვავებულ ადამიანებს ერთი რამ აერთიანებთ, - ერთგულება. ისინი ამ არჩევანის ერთგულები არიან. ისინი მუდამ ჩვენ გვერდით არიან. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ოთახში, რომელ სართულზე, რომელ კორპუსში, ქალაქში თუ ქვეყანაში იქნებიან. იმაზე მეტად "გვამჩნევენ", ვიდრე ჩვენ შევიცნობთ საკუთარ თავს.
და როცა ინტერნეტი, ან თუნდაც Facebook გაითიშება, საჯაროდ გამოფენილი ჩვენი პირადი ცხოვრება რადარებიდან გაუჩინარებულ ობიექტს დაემსგავსება და ზუსტად ისე შეგვაწუხებს ცნობიერების დისკომფორტი, როგორც გაუჩინარებულ ობიექტზე პასუხისმგებელ მეცნიერებს. წარმოიდგინეთ, 10 წუთში რამდენი ადამიანის პოსტად გადმოცემული აზრის წაკითხვა „გამაზეთ“, ან მათი ადგილსამყოფელი ვერ გაიგეთ.
და მაინც, „ცხოვრება“ Facebook-ში აუცილებელია მეტი ინფორმაციულობისთვის, დასაქმებული, მაგრამ არა ჩასაფრებული ადამიანებისთვის. აუცილებელია ფაქტზე სწრაფი რეაგირებისთვის. მით უმეტეს, თუ საქმე საინფორმაციო წყაროებს ეხება.
Facebook - ეს არის მზვერავი ადამიანების მესაფლავეც, რადგან ისინი მაშინ უშვებენ შეცდომას, როცა არ ითვალისწინებენ რისკს, რომ არსებობენ კანონიერი მზვერავები და ისინი მათ ამჩნევენ...
...და აი, წერას შემოვრჩი და facebook ჩაირთო!