წესით, საკუთარი ცხოვრებით იმდენად სავსე უნდა იყვნენ, ამისთვის არ უნდა ეცალოთ... წესით, თავადაც უნდა ტკბებოდნენ სიცოცხლით, ახალგაზრდობით, ცხოვრების ფერადოვნებით. წესით, თავიანთი პრობლემებითა და პროფესიული საქმიანობით, საკუთარი პირადი ცხოვრების მოწყობით უნდა იყვნენ დაკავებულნი, ეფერებოდნენ საყვარელ ადამიანებს, ზრდიდნენ შვილებს, ზრუნავდნენ მშობლებსა და ახლობლებზე... მაგრამ არა!
ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ! სხვების პირად ურთიერთობებზე ფოკუსირებულნი, სხვების წარმატებისა და წარუმატებლობის აღრიცხვით შეპყრობილნი, სხვების სიყვარულზე ბინოკლით მომზირალნი, სხვების შემოსავლების ბუღალტრული სიზუსტით აღმრიცხველნი, პირველი ჭკუის დამრიგებლები, სულიერ მოძღვრებზე მკაცრი მორალისტები, მენტორები, სწავლულები და "ყოვლის მცოდნენი" არიან....
ისინი ჩვენ ირგვლივ ტრიალებენ, უფრო სწორად, გვიტრიალებენ, გვიწვევენ, "გვაგდებენ", რათა საყოველთაო "განკითხვის" მოსაწყობად მეტი საკბილო მივცეთ. ისინი ისეთი აზარტით განიხილავენ ჩვენს ყოველ ნაკლს, გადაცდომას, უნებლიე ფეხის წამოკვრას ან სულაც, ნებით დაშვებულ სერიოზულ შეცდომას, თითქოს, დამშეულ ნადირს სისხლიანი ხორცის ნაჭერი გადაუგდესო...
და ყოველ ასეთ აზარტულ და სასტიკ შეტევას თან სდევს უკვდავი ფრაზები: "მე ამას როგორ ვიზამ?!", "მე ამას როგორ ვიკადრებ?!", "რა სისულელეა!", "რა სირცხვილია!" და ა. შ. დიახ, ისინი არასდროს ცდებიან, მათ ყოველთვის ყველაფერი წესრიგში აქვთ, უზადო მორალითა და ყოფაქცევით გამოირჩევიან...
სწორედ ისინი არიან, საკუთარი ბინის ფანჯრიდან, ფარდას ამოფარებულნი, მეზობლების წასვლა-მოსვლას რომ უთვალთვალებენ. ისინი არიან, სამსახურში სხვის პირად მიმოწერას ჩუმად რომ კითხულობენ. ისინი არიან, სხვის შენაძენზე შურით რომ სკდებიან. ისინი არიან, სხვისთვის მირთმეული ყვავილების ეკლები პირდაპირ გულზე რომ ესობათ. ისინი არიან, სხვისი წარმატება იმდენად რომ "უხარიათ", ინტრიგებს ხლართავენ. სწორედ ისინი არიან, სხვისი ოჯახების "გადარჩენის" მიზნით რომ რეკავენ და ცოლებს ან ქმრებს მათი მეუღლეების ღალატის შესახებ ამცნობენ... ისინი არიან, საუბარს ამ უკვდავი ფრაზით რომ იწყებენ: "მე ამას არასოდეს ვიზამ!.." - არადა, კაცმა არ იცის, რომ შეეძლოთ, რას იზამენ ან რას აკეთებენ სინამდვილეში.
არ დაიჯეროთ მათი უმწიკვლობა, თავდადება და მორალს შეწირული ზვარაკები. მაპატიეთ, მაგრამ მგონი, რომ შესძლებოდათ, სხვებზე მეტს დააშავებდნენ.
იქნებ გულწრფელად სჯერათ, რომ ყველაზე კარგები, ყველაზე მართლები, ყველაზე დიდები და ყოვლის მცოდნენი არიან?! იქნებ მართლაც იმდენად "მაღალ ზნეობრივ სტანდარტებზე" აქვთ საკუთარი ცხოვრება მოწყობილი, რომ უფლებას აძლევენ თავს, სხვებს მორალი უკითხონ და ადგილი მიუჩინონ?! მაგრამ იქნებ ამით საკუთარ კომპლექსებს, საკუთარ შეცდომებსა და გადაცდომებს უფრო ნიღბავენ?!
ისინი ან ძალიან უბედურები, ან ყველაზე დიდი მატყუარები გამოდიან... ძნელი სათქმელია, რის ან ვის გამო, მაგრამ თითქოს, იძულებულნი არიან, მუდმივად "კარგობა" ითამაშონ, მაგრამ ამაოდ! ეს ხომ უმარტივესი ჭეშმარიტებაა: ბედნიერი ადამიანები უბედურებით არ "იკვებებიან" . ბედნიერი ადამიანები სხვების შეცდომებზე არ "კაიფობენ". ბედნიერი ადამიანები სხვების დამცირებით არ "იზრდებიან" და ბედნიერი ადამიანები სხვის, ასევე ბედნიერი, სახის დანახვაზე ბოღმისგან არ მწვანდებიან.
როგორც ჩანს, ასეთ ადამიანებს ყველაზე მთავარი აკლიათ ცხოვრებაში - სიყვარული! ამიტომ თუ შეძლებთ, მიეცით მათ ის, რაც აკლიათ - სითბო და სიყვარული!
ისე, რა საინტერესო იქნებოდა, გამოგვეცადა, მართლა სასწაულის მოხდენა შეუძლია თუ არა სიყვარულს?! - როცა გულწრფელად სწორედ იმ ადამიანს გაუღიმებ, ვინც ვერ გიტანს. როცა ზუსტად იმ ადამიანს გაუკეთებ სიკეთეს, რომელიც ჩუმ-ჩუმად გმტრობს და ორმოს გითხრის... როცა სწორედ იმ ადამიანს დაეხმარები, ვინც ყველაზე მეტად დაგწიხლა და ყელში წაგიჭირა...
ვერ დავიჩემებ, ისე მაგარი ვარ, მსგავსი შემიძლია-მეთქი - ასეთ შემთხვევებში მეც სხვებივით არანაკლებ ცოდვილი, გულშიჩამხვევი და მკაცრი ვარ, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ უკიდეგანოდ მიმტევებელი ადამიანები არსებობენ... ერთ მათგანს პირადად ვიცნობდი და ოდესმე მის უსაზღვრო კაცთმოყვარეობაზე აუცილებლად მოგიყვებით...