იმ ღამით დიდხანს ისხდნენ მანქანაში. ლენა იმდენად შეიჭრა როლში, ლამის დონატების ყიდვა გადაწყვიტა, სრულყოფილ ამერიკელ პოლიციელად რომ ეგრძნო თავი, თუმცა, ისევ დემნას მოსალოდნელი დაცინვის გამო გადაიფიქრა.
თვითონ მოინდომა, საქმეში რომ ბოლომდე ჩართულიყო და ახლა, კეთილი უნდა ენება და ყველაფერს სერიოზულად მისდგომოდა. კარგად იცოდა, გვერდით ისეთი დონის პროფესიონალი ჰყავდა, სხვა ყველაფერი რომ ავიწყდებოდა, როცა მუშაობას იწყებდა, ამიტომ, თვითონაც სრულ მზადყოფნაში უნდა ყოფილიყო.
– დარწმუნებული ხარ, რომ ვერაფერს მიხვდა? – ამოიოხრა ხერგიანმა გამთენიისას, ჯერ კიდევ ვერაფერი ხელჩასაჭიდი რომ ვერ მოისმინა.
– დარწმუნებული ვარ. ვერც კი იფიქრებს, შენ თუ დაგეხმარები.
– ასე გამასწორე მიწასთან?! – გახედა ცალწარბაწეულმა, ხელოვნურად გაბუტული სახით.
– სრული პროგრამით! – და ლენამაც, სიამაყით დაუქნია თავი.
– ვერ ვხვდები, ერთხელ მაინც რატომ არ ახსენა წერილი! – დემნა მაინც ვერაფრით წყნარდებოდა. კი, თავიდანვე იცოდა, პირველივე დღეს რომ არ ექნებოდა შედეგი, თუმცა, იმ ინფორმაციის შემდეგ, რაც ელენესგან მიიღო, ეგონა, სულ მცირედს მაინც მოისმენდა ისეთს, რაც საქმისთვის გამოადგებოდა.
– არა მგონია, დაცვას ამ თემაზე ელაპარაკებოდეს...
– ჯანდაბა, დარასელთანაც მოგვიწევს იგივეს გაკეთება... – ხელები სახეზე აიფარა და დაღლილი გადაწვა სავარძლის საზურგეზე.
მოთმინებაც აღარ ჰყოფნიდა უკვე. რამდენი წელია ამ ყველაფერს იძიებდა, მაგრამ ასე ძალიან არასდროს დაღლილა. ახლა კი, თითქოს უკვე ზღვარზე იყო. იმასაც კი გაფიქრებინებდათ მისი საქციელი, ყველაფერს რომ მიატოვებდა საბოლოოდ და დანებდებოდა, თუმცა, თვითონაც რომ დაეჯერებინა მსგავსი სისულელე, ლენამ მაინც იცოდა, გამორიცხული იყო მის ქმარს ბოლომდე არ მიეყვანა ის, რაც წამოიწყო.
ახლაც, თითქოს ყველაფერი მობეზრებული ჰქონდა და მექანიკურადღა მოქმედებდა. იმედიც კი აღარ იყო ფაქტობრივად, ამდენი წლის შემდეგ თუ შეძლებდა დახურული საქმის გახსნას, თუმცა, მაინც ცდილობდა ბოლო ძალებით და ახლაც რომ არ გამოსვლოდა, მერე უკვე, მართლა აღარ იცოდა, როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება.
ფაქტობრივად, არც უძინია იმ ღამით. გათენებულზე ძლივს დაითანხმა ლენა, სახლში რომ ასულიყო. ხვდებოდა, ისიც ზედმეტად რომ ჩაითრია ამ ყველაფერში, თუმცა, იმასაც კარგად აცნობიერებდა, უკან დასახევი გზა რომ აღარ ჰქონდათ. ვერ გაჩერდებოდნენ შუა გზაში და ძალიანაც რომ მოენდომებინათ, მეორე მხარეც აღარ მისცემდა ამის უფლებას. უკვე საკმარისზე მეტი იცოდნენ საიმისოდ, საშიშებად რომ ჩათვლილიყვნენ და მათი მოშორების ბრძანებაც გაეცა იმ იდუმალ პიროვნებას, ამდენი ხნის განმავლობაში, ასე ჩრდილში მყოფი, უშეცდომოდ რომ აგვარებდა ყველაფერს.
თუმცა, იყო კიდევ ერთი გეგმაც, ლენა რომ სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, დემნა კი, ჯიუტად უმტკიცებდა, ყველაფრის გაგება თუ გვინდა, საუკეთესო გამოსავალიაო. მაინც ვერ შეძლო დარწმუნება. იკამათეს კიდეც, საკმაოდ სერიოზულად, მაგრამ ორივემ იცოდა, რა ძალიანაც არ უნდა ეჩხუბათ, ხერგიანი მაინც გააკეთებდა ამას და თან ისე, ელენე თავისივე სურვილით დაეხმარებოდა.
გააკეთა კიდეც. წამითაც არ დაუშვია სხვანაირად. მეორე დღეს, სამსახურში მისვლისთანავე, ზუსტად იცოდა, როგორც უნდა მოქცეულიყო და ოფისში შესვლისას, არც ღიმილი დავიწყებია, არც დეას მოკითხვა და, ცოტა არ იყოს, გააკვირვა კიდეც მდივანი, რადგან, როგორც წესი, გულთბილობით არასდროს გამოირჩეოდა.
– მინდა გითხრა, დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურები! – გაუღიმა კიდევ ერთხელ.
– გმადლობთ... – და ჯიბლაძემაც ისე სიამაყით მიიღო კომპლიმენტი, თითქოს, სამსახურის დაწყების დღიდან, ამ მომენტს ელოდებოდა. – ყავას ხომ არ ინებებთ?
– ჯერ არა, პატარა საქმე მაქვს, მაგრამ, ცოტახანში დაგიძახებ და შემოდი, უნდა დავილაპარაკოთ.
– რამე ხდება?
– ნუ ღელავ. – ჩაეცინა, აფორიაქება რომ შეატყო. – საშიში არაფერი. – საბოლოოდ კი, სრული ეფექტისთვის თვალიც ჩაუკრა და საკუთარი კაბინეტის კარს მიღმა რომ გაუჩინარდა, სიცილი ვეღარაფრით შეიკავა იმის წარმოდგენისას, რა რეაქცია ექნებოდა ლენას, ეს სცენა რომ დაენახა.
როგორც წესი, მაჩაბელი არასდროს იმჩნევდა ეჭვიანობას. უფრო სწორად, თვითონ ეგონა, რომ არ ეტყობოდა, დემნა კი, გადაშლილი წიგნივით კითხულობდა მის სახეზე ყველაფერს. ერთიანად წითლდებოდა – ხოლმე სიბრაზისგან და იყო მომენტები, სრულიად უმნიშვნელო დეტალზეც კი შეეძლო გაბრაზება. ასეთ დროს ზუსტად ის ბობოქარი, მეამბოხე, თვალებში ნაპერწკლებჩამდგარი ელენე ხდებოდა, როგორიც გაიცნო დემნამ. წამიერად ქრებოდა მისი სერიოზული ქალის იმიჯიც, ასაკიც, თავდაჭერილობაც და დიდი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებდა თავის მოთოკვას.
ვერც მაშინ მოახერხე, დემნასგან შეტყობინება რომ მიიღო, ჩემს ნაწილს ლანჩის დროს შევასრულებ და შენც მზად იყავი მოქმედებისთვისო. ლამის ხელში შემოემტვრა მობილური ტექსტის წაკითხვისას. არა, რატომ არის ეს კაცი ასეთი ჯიუტი?!
გაბრაზებულმა დახურა ბლოკნოტი. არადა, რამდენი იკამათეს. როგორ ეგონა, რომ დაითანხმებდა, თუმცა, არა! თითქოს, შურისძიებას ჰგავდა მისი ეს საქციელი და კი ხვდებოდა, ხმის ამოღების უფლებაც რომ არ ჰქონდა, თუმცა, მაინც ბრაზდებოდა და თან, საშინლად. როგორ უნდა მოეთმინა?! მშვიდად უნდა მჯდარიყო და ისე დალოდებოდა, სანამ შემდეგ შეტყობინებას არ მიიღებდა, ყველაფერი გავაკეთეო? ნურას უკაცრავად! ეს არ იყო მისი სტილი! და არც რამის მოთმენას აპირებდა, განსაკუთრებით კი, თუ თამაშში დემნასთან ერთად, ის ღრმა დეკოლტეიანი, უგემოვნო გოგო იქნებოდა ჩართული!
* * *
ვერ გაიაზრა, როგორ მოახერხა გონების შენარჩუნება. ყოველ წამს ლენას სიტყვები ჩაესმოდა ყურში. მაშინაც, წამის მეასედებში რომ მოახერხა სასწრაფო დახმარების ნომრის აკრება, მაშინაც, ტყვიასავით რომ გავარდა ოფისიდან და მაშინაც, საგანგაშოდ მყვირალ მანქანას რომ მიჰყვებოდა კვალდაკვალ, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე.
თითქოს, შენებულ კადრებად ხედავდა ყველაფერს. არც ხმები ჩაესმოდა გარკვევით და ვერც სიტუაციას აღიქვამდა ბოლომდე. ალბათ, ტვინსაც კი არ უნდოდა ინფორმაციის მიღება და გადახარშვა და სწორედ ამიტომ უარყოფდა რეალობას.
უარყოფდა, რომ დაინახა ხეს შეჯახებული, ნახევრად განადგურებული მანქანა. დაინახა, როგორ გადმოჰყავდათ იქიდან მისი დასისხლიანებული, ორსული ცოლი, მისი ოთხი წლის ქალიშვილი, დაინახა, როგორი შეშინებული სახით ეჩურჩულებოდნენ ექიმები ერთმანეთს სიტყვებს, რომლის მოსმენაც კი არ სურდა. დაინახა, როგორ ნაჩქარევად მოიხურეს სასწრაფოს მანქანის კარი და საყვირებიც ისე სწრაფად ჩართეს, დაძრულებიც რომ არ იყვნენ წესიერად ადგილიდან.
ვერც ის გაიაზრა, როგორ მოახერხა ახლობლებისთვის დარეკვა. თითქოს, ყველანაირი ემოცია წართმეული ჰქონდა, ერთიანად გამოაცალეს ყველაფერი, ყველა გრძნობა და დატოვეს უგულოდ, ისეთ არსებად, რომელიც გაუნძრევლად, წარბის შეუხრელად იჯდა რეანიმაციის წინ, ცივ იატაკზე და გამომეტყველებაც კი არ ეცვლებოდა მაშინ, როცა მის გარშემო უამრავი ადამიანი ცრემლიანი თვალებითა და შეშინებული მზერით სცემდა ბოლთას.
ის სიტყვებიც შორიდან ჩაესმა, ექიმი რომ გამოვიდა საოპერაციოდან და თავჩახრილმა ამოილუღლუღა, დედა კარგად არის, თუმცა, ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთო. ისიც კი ვერ მოახერხა, შეკითხვა დაესვა. ზუსტად იცოდა, პირი რომც გაეღო, სიტყვებს მაინც ვერ იპოვიდა.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს იხრჩობოდა. ერთიანად ევსებოდა ფილტვები წყლით და ვერც ნაპირზე ამოყვინთვას ახერხებდა, ვერც ფსკერს პოულობდა, არც იძირებოდა და არც რამის გაკეთება შეეძლო, თავის გადასარჩენად. დაუსრულებელ, უძირო ოკეანეში იყო ჩავარდნილი პირველი სამაშველო რგოლი მაშინ გადაუგდეს, როცა გაიგო, რომ რაღაც სასწაულის ძალით, ლილუ სრულიად უნაკაწროდ გადარჩა.
სიხარულის გამოხატვაც კი ვერ მოახერხა. თითქოს, ამ გრძნობის ადგილიც კი აღარ იყო დარჩენილი. შვება იგრძნო მხოლოდ და უჩვეულო სიმსუბუქე, სანამ ისევ ჩაითრევდა წყლის მორევი.
ბოლოს, მიხვდა, დანაშაულის გრძნობა რომ იყო ის ოკეანე, დასასრული რომელსაც ვერ უპოვა. მიხვდა, მისი ბრალი რომ იყო ყველაფერი. იმასაც მიხვდა, თვითონვე რომ გაიმეტა ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილი სასიკვდილოდ და ნაპირზე ამოყვინთულს, ისე ერთიანად მიასკდა ყველაფერი, სუნთქვაც კი ვეღარ შეძლო.
– დემნა, დემნა, კარგად ხარ?! – ვერც გაარჩია, ვინ ეკითხებოდა ასე შეშფოთებული. – ერთიანად გადათეთრდი, ჩამოჯექი! – აჰყვა ვიღაც მეორეც, მესამე კი, ხელზე დაეჯაჯგურა, სკამზე რომ დაესვა, თუმცა, სწრაფადვე გამოსტაცა და ისე დაიძრა, სანამ გარეთ არ გავიდა, ვერც მიხვდა, სად მიდიოდა.
ასე როგორ გარისკა? ასე ძალიან როგორ ითამაშა საყვარელი ადამიანების სიცოცხლით? რა უნდოდა, მაინც და მაინც ეს უნდა მომხდარიყო, რომ გაჩერებულიყო? კიდევ ერთი სიკვდილი იყო საჭირო ზვიადაურის მკვლელობის გადასაფარად? და ახლა, შეძლებდა, მშვიდად დაეხურა საქაღალდე და აღარასდროს მიბრუნებოდა იმ ამბავს, თითქოს, არც არაფერი მომხდარა?
ყელში უჭერდა უხილავი ხელი და იგრძნო, წამითაც არ ჰქონია წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. არ უნდოდა გადარჩენა. აღარ უნდოდა. ერჩივნა აქვე დამთავრებულიყო ყველაფერი. ერჩივნა ადგილზევე მომკვდარიყო, მაგრამ ელენეს თვალები არ დაენახა, მის მზერას არ დაეწვა, როცა ყველაფერს ეტყოდა. ან კი, როგორ უნდა ეთქვა საერთოდ. როგორ ეღიარებინა, შვილის მკვლელი მამა რომ გახდა რამდენიმე წამში და როგორ მოებოდიშებინა ყველაფრისთვის.
როგორ ჩაეტია ერთ სიტყვაში ის ტკივილი, ის დანაშაული, ის აუტანელი გრძნობა, თვითონ რომ ცოცხალი იყო და ცხოვრების ბოლომდე ჯალათად გადაექცეოდა საკუთარი სინდისი.
– დემნა, ლილუ ტირის, ვერავინ აჩერებს, შენ მაინც შემოდი შიგნით! – უკნიდან მოესმა გეგას ხმა და ყველაფერი გაუასმაგდა, როცა მიხვდა, რომ შვილის დამშვიდებაც კი არ შეეძლო იმ მომენტში. ვერაფერს ეტყოდა, სანუგეშებელს. პატარა ბავშვსაც კი ვერ დააწყნარებდა, რადგან თვითონვე იყო ყველაფერში დამნაშავე ვერ შეძლებდა აეხსნა, რატომ შეიცვალა ყველაფერი ერთ წამში.
ნელი ნაბიჯებით გავიდა საავადმყოფოდან. აღარც ვინმეს ძახილისთვის მიუქცევია ყურადღება. არც ის იცოდა, რა უნდოდა, ან სად მიდიოდა. სრულიად ცარიელი, ძლივსღა მიაბიჯებდა, ჭიშკართან მისულმა რომ გააცნობიერა, რასაც აკეთებდა.
გარბოდა. ტოვებდა. სწორედ მაშინ, აზრი რომ აღარ ჰქონდა ამ ყველაფერს. უკვე გვიანი იყო. ძალიან გვიანი და ახლა, გაქცევა კი არა, დარჩენა იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი, თუმცა, ის კი, ნამდვილად არ იცოდა, ვინმეს მაინც თუ შერჩენოდა მისი იქ დანახვის სურვილი...
გაგრძელება იქნება სამშაბათს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი