რამდენიმე დღის წინ Jem Fest-ზე 22 წლის გოგონას გარდაცვალების ამბავმა მთელი საქართველო კიდევ ერთხელ შეძრა!
ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა გაურკვეველი ნივთიერების მიერ გამოწვეული ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდები იღუპებიან! უკვე მერამდენედ იკრავენ მშობლები საღსალამათი შვილების გაციებულ და განაწამებ სხეულებს გულში! უკვე მერამდენედ დგანან სასოწარკვეთილი მეგობრები და თანატოლები საზარელი რეალობის პირისპირ და საზოგადოება რჩება აუტანელი უმწეობის მდგომარეობაში!
იმ გოგო-ბიჭებსაც ისევე უხაროდათ სიცოცხლე და უყვარდათ ცხოვრება, როგორც ჩვენ! მათაც ჰქონდათ სურვილები და ოცნებები, ფიქრები და განცდები და ალბათ, არც უფიქრიათ, თუ უნებურად მათ ფრთებს აკვეცდნენ. მათაც ისევე ზრდიდნენ და ასწავლიდნენ, როგორც ჩვენ! მათაც ისევე ეფერებოდნენ და უფრთხილდებოდნენ, როგორც ჩვენ! ალბათ, სახლიდან გასვლისას მათაც კოცნიდნენ დედები და ფრთხილად იყავი, შვილოო, - აბარებდნენ... ალბათ, მათ მომავალსაც სიამაყით ელოდნენ მამები, რათა მერე კარგი შვილებით თავი მოეწონებინათ... შვილები კი თეთრმა, შავმა თუ რა მნიშვნელობა აქვს, რა ფერის სიკვდილმა წაართვა!
...განადგურებული მშობლები, გამშრალი მეგობრები, დაბნეული საზოგადოება, დამარცხებული ექიმები და ასევე დამარცხებული ახალგაზრდები, რომლებმაც ალბათ, გაუცნობიერებლად, უნებურად თავად ჩააბარეს სიკვდილს სამყაროს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - საკუთარი სიცოცხლე!
ბავშვებო, გიფიქრიათ, როცა ღამით სახლში დაბრუნებას აგვიანებთ, როგორ განიცდიან ამას თქვენი დედები და მამები?! გიფიქრიათ, როგორი გაფაციცებით უგდებენ ყურს ღამის სიჩუმეში თუნდაც უმნიშვნელო ჩქამს და ხმაურს, როგორი შინაგანი ღელვით გაცილებენ შორ გზაზე, მერე როგორ ითვლიან დღეებს და გულისფანცქალით ელიან თქვენ დაბრუნებას?! გინახავთ, როგორ ლოცულობენ დედები ღვთისმშობლის ხატის წინ და გულმხურვალედ ავედრებენ თქვენს სიცოცხლეს?! გინახავთ, მამები როგორ მალავენ ცრემლს და გულში იბრუნებენ ყელში ბურთად გაჩხერილ ბოღმას?! გიფიქრიათ იმაზე, რომ თუ თქვენ რამე დაგემართებათ, თქვენი მშობლებისთვის ეს ცოცხლად დამარხვის ტოლფასი იქნება?!
ალბათ, არ გიფიქრიათ... და გეპატიებათ, რადგან თქვენ ისეთი ახალგაზრდები, ლაღები, სიცოცხლით სავსენი და იმედიანები ხართ, მძიმე ფიქრებს თქვენთან რა ხელი აქვს!..
და მაინც მინდა მთელი გულით გთხოვოთ, მინდა მთელი ხმით ვიყვირო, იქნებ ხმა მოგაწვდინოთ: ნუ იზამთ ამას! ნუ შემოუშვებთ სიკვდილს თქვენს ჯანსაღ, ლამაზ სხეულებში!
განა იმიტომ, რომ მშობლები იყვნენ კმაყოფილნი და ბედნიერნი, არა! პირველ რიგში, იმისთვის, რომ თქვენ თავად იყოთ ბედნიერნი და უყუროთ მსოფლიოს ნათელი, მართალი თვალებით! რომ შეგეძლოთ ფხიზლებმა იფრინოთ ლაღად და თავისუფლად თქვენს წარმოსახვებსა და ოცნებებში, რომ მზად იყოთ მიიღოთ და აიტანოთ ნებისმიერი რეალობა და შეგეძლოთ მასთან შებრძოლება. რომ შეძლოთ თქვენი სურვილებისა და მისწრაფებების რეალიზება და საკუთარი მიღწევებით ტკბობა! იმისთვის, რომ გაამართლოთ თქვენი ამქვეყნად არსებობა! რადგან ჩემი აზრით, ტყუილად არ მოსულხართ. ასე, უბრალოდ და ტყუილად, ქინქლა და ხავსიც კი არ ჩნდება - ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი და დანიშნულება გააჩნია. ჩემი აზრით, სამყაროში დაბადებასა და გარდაცვალებაზე დიდი საიდუმლო არ არსებობს! და რადგან დაბადებას არ გვეკითხებიან, ალბათ, გარდაცვალებასაც არ დაგვანებებენ!
ამიტომ გთხოვთ, თქვენს ძვირფას დედიკოებს გაფიცებთ, ნუ შემოუშვებთ სიკვდილს თქვენს სხეულებში: ნუ მოწევთ, ნუ გადაყლაპავთ, ნუ გაიკეთებთ! - ეს არის სიკვდილი! თავადაც ხომ ხედავთ, სწორედ ეგ არის სიკვდილი! და როგორც კარიკატურებში ხატავენ, მართლა ცელითა და კაპიუშონიანი მოსასხამით კი არ დადის!
იხილეთ ასევე:
შოშიას ბლოგი: მიეცით მათ ის, რაც ყველაზე მეტად აკლიათ - სიყვარული!
შოშიას ბლოგი: ვინ აირჩია კაცმა, რომელსაც არჩევანი ცოლსა და საყვარელს შორის უნდა გაეკეთებინა