გარდა იმისა, რომ საკუთარ სულში ჩაღრმავებისა და ერთგვარი განწმენდისთვის საუკეთესო დროა.
რელიგიური დღესასწაულები ყველაზე დიდ ოცნებებს, ტკივილებსა და საიდუმლოებს გვიღვიძებს...
ალბათ, ნებისმიერ ჩვენგანს აქვს რაღაც იდუმალი, გაუმხელელი, სულ ცინცხალი, ანდა მტანჯველი, მძიმე ჯვარივით სამარადჟამოდ საზიდი ფიქრი, დარდი თუ ოცნება, რომელსაც რუდუნებით ვატარებთ და სხვისთვის გამხელის გვეშინია.
ეს ძალიან ღრმა, ჭრილობასავით მტკივნეული და მიჩქმალული განცდაა, რომელიც სადღაც, ოთახის სიღმეში, ძველი ორნამენტებით მოვარაყებულ კიდობანში გვაქვს ჩაკეტილი, ზემოდან კი ათასგვარი ჭრელა-ჭრულა „ნივთი“ აყრია...
რელიგიური დღესასწაულის დადგომისას ჩვენ ვაღებთ ამ მძიმე კიდობანს დიდი, ჟანგმოკიდებული გასაღებით. მის უსიამოვნო ჭრიალზე ცივად გვაჟრჟოლებს, მაგრამ მაინც ვურევთ ხელს ბლომად ჩაყრილ ნივთებში. მერე ნესტიანი სიღრმიდან ამოვალაგებთ იმ განსაკუთრებულსა და მიმალულს, ჯერ არ გამოჩენილს, რომელსაც ვანდობთ მხოლოდ საკუთარ თავს და კიდევ იმას, ვის ხსენებაზეც გაუცნობიერებელი სიდიადისა და მოწიწების განცდა გვეუფლება...
დიდხანს ვუმზერთ ამოლაგებულს, ცხვირწინ დაწყობილს - ვზომავთ და ვწონით, ვჭრით და ვკერავთ, ვხსნით და ვფუთავთ, სულს ვუბერავთ, მონდომებით ვასუფთავებთ და სათუთად ვალაგებთ ისევ უკან, ღრმა და ბნელ კიდობანში, სულ ძირში... ამ დროს ყველაზე გულწრფელები, შიშვლები, მართლები, პირველქმნილები, განბანილები და მომზადებულები ვართ მასთან შეახვედრად, ვინც ერთ დროს, ძალიან დიდი ხნის წინ, ასევე მოვიდა ჩვენთან და ასევე ამოალაგა ყველაზე ძვირფასი, რუდუნებით შენახული და სიყვარულით მოძღვნილი... მაგრამ ჩვენ მარტო ხელი კი არ ვუკარით, უფრო მეტიც - მივუყარ-მოვუყარეთ, გავუსრისეთ, გავუთელეთ და შევუბილწეთ...
და ალბათ, ასევე ვიქცევით ყოველ ჯერზე, როცა საკუთარი სინდისი იმ ძველი და ნაცნობი კიდობნის არსებობას შეგვახსენებს... და როგორადაც არ უნდა მოვიკატუნოთ თავი, არ შევიმჩნიოთ, რომ გვაწუხებს, არ გამოვტყდეთ ჩვენს შეცდომებში, ამ დროს სულის სიღრმეში, „მესამე თვალით“ მაინც დავინახავთ მას - სწორედ მას, ვინც ჩვენთვის ერთხელ უკვე მოვიდა და საკაცობრიო სიკეთეებისა და ღირებულებების სწავლება სცადა... დავინახავთ, როგორ დახარა ტკივილებით დაღლილი თავი და დარდიანი თვალები...
ჩვენ გვჯერა, რომ მას უპირობოდ ვუყვარვართ: კარგებიც და ცუდებიც, ასეთებიც და ისეთებიც... და ღელავს ჩვენზე. როცა პრობლემებში გახლართულებს გვიჭირს, ჩვენ მას ვუხმობთ საშველად და ვიბუტებით, თუ ისე არ გვიშველა, როგორც ჩვენ გვინდოდა... ერთი წუთით წარმოიდგინეთ - ჩვენ ვუბრაზდებით მას, ვინც თავის დროზე ადამიანებმა ყველაზე მტკივნეული და დამამცირებელი ხორციელი სიკვდილისთვის გავიმეტეთ... და საერთოდ, რატომ ვავალდებულებთ, რომ ჩვენი ყოველი დაძახების შემთხვევაში დაგვეხმაროს, გვიხსნას, გვიშველოს?!.. - პასუხი არ მაქვს... შეიძლება, მასთან უხილავ ერთობას რომ ვგრძნობთ, იმიტომ!..
სხვა საკრალურ მნიშვნელობებთან ერთად დღეს ადამიანის სულიერი თვალის ახელის დღეა: ერთმანეთს ყველა უკეთესობისკენ შეცვლას უსურვებს! მეც ფერისცვალებას გილოცავთ!
იხილეთ ასევე: შოშიას ბლოგი: საიდუმლო, რომელიც ორმა ქალმა სამარეში ჩაიტანა...