წარმოგიდგენიათ რა მოხდება, თუნდაც მხოლოდ ერთი დღით, როლები რომ გავუცვალოთ კაცებს? ძმებს, ქმრებს ან შეყვარებულებს, სულ ერთია ვინ იქნება, ვერც ერთი კაცი ვერ გაართმევს თავს ამ რთულ მისიას, ისე, როგორც ქალი აკეთებს ამას.
თავის მოვლა, ეპილაცია, თმასა და კანზე ზრუნვა, მტკივნეული პროცედურები, კრიტიკული დღეები, დიასახლისობა, კულინარია, ცოლობა, შვილის გაჩენა, დედობა და კიდევ უამრავი სხვა მიზეზი არსებობს, რომელიც ქალად ყოფნას ხშირად სინანულად აქცევს ხოლმე, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ რაოდენ რთულიცაა, იმდენად დიდი ბედნიერება და სიამოვნებაა იყო ერთდროულად ყველაზე ნაზი და თან ყველაზე ძლიერი არსება.
ყველანი ერთ ხმად ვთანხმდებით იმაზე, რომ ქალები თავისუფალი და მშვენიერი არსებები არიან, მხოლოდ ერთი კატეგორიული ვალდებულება აკისრიათ მათ, რომლის შესრულებაც აუცილებლობას წარმოადგენს - გამოიყურებოდნენ მიმზიდველად, მოუარონ სამყაროსგან ბოძებულ მშვენიერებას და სწორად წარმოაჩინონ ის.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შექმნასთან და შემქმნელთან დაკავშირებით უამრავი თეორია არსებობს, ზოგი ამბობს, რომ ქუსლიანი ჩექმები მიწაზე მომუშავე მონებს ეცვათ იმისთვის, რომ ადვილად შესძლებოდათ სახნავ მიწაზე გადაადგილება. გაგეცინებათ და იმასაც ამბობენ, რომ ის ქალმა გამოიგონა, რომელსაც შუბლზე კოცნიდნენ ხშირად. შედარებით სანდო წყაროები იუწყებიან, რომ ქუსლიანი ფეხსაცმლის შექმნის იდეა ორლეანის ჰერცოგის მეუღლეს, ეკატერინე მედიჩის ეკუთვნოდა. როგორც არ უნდა იყოს, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს გამოგონება, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი სილამაზის, დახვეწილობისა და ქალურობის წარმოსაჩენადაა შექმნილი და ყურადღების მისაპყრობად შესანიშნავი იარაღია. თუმცა, აღსანიშნავია რომ არც ეს გამოგონება ჩამოუვარდება სირთულით დიასახლისობასა და თავის მოვლისთვის საჭირო მტკივნეულ პროცედურებს.
მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი მიმზიდველად მხოლოდ მაშინ წარმოგაჩენს, თუ კარგად ფლობ მას, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთდროულად სასაცილოდ და საბრალოდ გამოიყურებით რაც, ალბათ დამეთანხმებით, სულაც არაა სექსუალური. მეტიც, შეიძლება ისეთ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ მის გამო, რომ ჩაცმის სურვილი აღარასოდეს გაგიჩნდეთ, როგორც ეს ჩემს ერთ უახლოეს მეგობარს დაემართა.
ხანგრძლივი ფარული სიმპათიებისა და ფლირტის შემდეგ, როგორც იქნა კურსელმა პაემანზე დაპატიჟა. მიწვევა მოკრძალებულად, ღირსეულად მიიღო და როგორც ხდება ხოლმე, მოსაუბრე თვალს მოეფარა თუ არა ბედნიერებისგან ხტუნვა და ყვირილი დაიწყო.
დაქალობა, ხომ ქალებისთვის დედობასა და ცოლობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა და მე, როგორც მისი ერთგული დაქალი დიდი თავსატეხის წინაშე დავდექი, რა უნდა ჩაიცვას პირველ პაემანზე? რომ არც ზედმეტად აკადემიური იყოს და არც - მკაცრი, არც - ძალიან გადაპრანჭული და არც - უბრალო, ერთდროულად - ეფექტური, ელეგანტური, სექსუალური და ნაზი.
პაემანი რესტორანში დაუთქვა, შეხვედრის ადგილი ხომ ერთობ მნიშვნელოვანი ფაქტორია ლუქის არჩევის დროს? მოკლედ, ამოცანას შესანიშნავად გავართვით თავი, არჩევანი ჭაობის ფერისა და ყავის ფერის კომბინაციაზე შევაჩერეთ, მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე თვალის მომჭრელად გამოიყურებოდა, მაგრამ როგორც კი სიარულს დაიწყებდა, სანახაობა ერთ კარგ კომედიად იქცეოდა. რა უნდა გვექნა? ერთ დღეში რამდენიც არ უნდა ევარჯიშა, ვერაფერს ისწავლიდა, მხოლოდ ფეხები დაუსისხლიანდებოდა და ეს საქმეს კიდევ უფრო გაართულებდა... ისეთ სოლიდურ და ძვირადღირებულ რესტორანში, როგორშიც მეწყვილე ელოდა, პაემანზე კედებით ან "სანდლებით" წასვლა კი ძალიან ცუდი ტონი იქნებოდა.
მოკლედ, დათქმული დროც მოახლოვდა, მსუბუქი მაკიაჟი, ლამაზად დავარცხნილი თმა, მოდური ჩანთა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გემოვნებიან ლუქს სრულყოფილს ხდიდა. კიბეზე ხელჩაკიდებულმა ჩავიყვანე, ჩემს გვერდით მოახერხა თავის კარგად დაჭერა, მაგრამ სამწუხაროდ არ შემეძლო საყრდენად გავყოლოდი, ამიტომ როგორც მოგვიანებით მონათხრობიდან შევიტყვე, პარტნიორს გვერდიდან არ შორდებოდა. თურმე, დახურული კორპორატიული წვეულება იყო, ალა ფურშეტი და კლასიკური მუსიკა... მთელი ერთი საათი გმირულად გაურთმევია თავი მისიისთვის, შემდეგ კი მაშინ, როდესაც ყველამ თავი ტორტის ირგვლივ მოიყარა, რათა დაეჭრათ და დაეგემოვნებინათ ეს ძვირადღირებული ნამცხვარი, ჩემს საბრალო მეგობარს გადაყვლეფილი ფეხი გადაბრუნებია და თვალის დახამხამებაში ტორტის ნაცვლად მაგიდაზე ის აღმოჩენილა, რა ბედი ეწია ტორტს, ალბათ თავადაც მიხვდებით...
რა უნდა გავაკეთოთ, რომ მაღალ ქუსლიანებზე მარცხი არ შეგემთხვათ?
ვისწავლოთ სიარული და... და არის კიდევ ერთი ხრიკი, რომელიც გიხსნით უხერხული სიტუაციისა და აუტანელი ტკივილისგან.
ამისთვის საჭიროა ორი სუფრის კოვზი პურის ფქვილი და რაღა თქმა უნდა წყვილი ფეხსაცმელი, რომელშიც ის უნდა ჩავყაროთ ქუსლის ტერიტორიაზე.
როგორ ვიაროთ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით?
აუცილებელი პირობაა გამართული, მაღლა აწეული და გაშეშებული მხრები. სიარულის დროს თავი მაღლა უნდა ასწიოთ და ისე დაიჭიროთ, თითქოს თავით მყარი, ოთხკუთხა, ბრტყელი საგანი დაგაქვთ. და ბოლოს, ცდებით თუ ფიქრობთ, რომ თეძოების ქნევა სექსუალურად წარმოგაჩენთ. თეძოები უნდა გეჭიროთ ისევე სწორად, როგორც მხრები.
იხილეთ ასევე: როგორ გამოვიყურებოდეთ თვალისმომჭრელად მაკიაჟის გარეშეც... სასწაულმოქმედი ნიღბის რეცეპტი