როგორ მოვუაროთ თმას? რჩევები ქართველი ბლოგერისგან
როგორ მოვუაროთ თმას? რჩევები  ქართველი ბლოგერისგან
სულ მალე 2 წელი გავა იმ დღის შემდეგ, რაც დავქორწინდი და უკვე შორეულ წარსულად მეჩვენება ის დღეები, მონატრებულ შეყვარებულთან შეხვედრამდე საათებს რომ ვითვლიდი... რა უცნაურია, არა? ის მომავალი, ერთ დროს წარმოუდგენლად რომ გვეჩვენებოდა, იქცევა თუ არა აწმყოდ, იმდენად შეგვესისხლხორცება ხოლმე, წარსულსაც კი გვავიწყებს.
ამას წინათ, წიგნების თაროს ვალაგებდი. ძველ, გამოუსადეგარ რვეულებსა და ჩანაწერებს ერთ ყუთში ვათავსებდი, ჩანაწერებს, რომლებიც აღარ მჭირდებოდა, მაგრამ გადასაყრელად მენანებოდა, რადგან სასიამოვნო მოგონებებს აღძრავდა ჩემში - მეორე ყუთში, ხოლო წიგნებსა და სხვა საჭირო ნივთებს კვლავ თაროზე ვაწყობდი.
ხელში ფრანსუაზა საგანის "გიყვართ ბრამსი?!" მომხვდა, ეს წიგნი მე ვაჩუქე ჩემს მეუღლეს, მაშინ, როცა შეყვარებულები ვიყავით. ყდის დანახვამ გონებაში ღრმად დალექილი, მოგონებების მორევში ჩაკარგული მოვლენები ამომიტივტივა და გამეღიმა. ფრთხილად გადავშალე, ფურცლებზე დამწკრივებული მტვრის ნაწილაკები ჰაერში აიშალენ და ცხვირში შემიძვრნენ, წიგნის სურნელმა კიდევ უფრო სასიამოვნო განწყობა შემიქმნა და სავარძელზე ჩამოვჯექი. მოულოდნელად წიგნიდან ფურცელი გადმოვარდა, რომელზეც ნაცნობი ხელით დაწერილი, ემოციური ჩანახატი აღმოვაჩინე:




მარი კაკაურიძე





"ამ წერილს შენ გწერ, მაგრამ ვიცი, შენამდე ვერასდროს მოაღწევს. საოცრად მომენატრე ამ წამს და შენი შეხება ვინატრე. როგორ მინდა, შენს მოციმციმე თვალებს ვხედავდე, შენ ალბათ ვერასდროს გაიგებ, როგორ მიყვარს, სიცილის დროს ტუჩების კუთხეებს რომ აპრიხავ ხოლმე და ღაწვებსა და თვალებს შორის ნაკეცები რომ გიკეთდება... მიყვარხარ მთელი არსებით, ეს ფრაზა სწორედ ჩემი გრძნობების გადმოსაცემადაა ნათქვამი, მგონი, მაგრამ ყველაზე მეტად იცი რა მიყვარს? შენი თმა მიყვარს... შენს დალალებთან თამაშით დავიძინებდი ახლა, არასდროს დამავიწყდება, პირველად რომ დაგინახე, ის დღე... სასაცილოა, არა, ერთი ნახვით შეყვარება? მაგრამ დავიფიცებ, ჩემთვის ყველაზე ძვირფასს, შენს დალალებს დავიფიცებ, რომ დავინახე თუ არა, ქარი თმას როგორ გიფრიალებდა, გულში თითქოს ბლანტი სითბო ჩამეღვარა და სულში ჩამწვდა... შენ ალბათ ვერასდროს გაიგებ, როგორ მენატრება შენი დალალები ახლა".

მის კალიგრაფიას ათას ნაწერში ამოვიცნობდი, მაგრამ ამ წერილის წაკითხვამ ძალიან დამაეჭვა. მამაკაცები იშვიათად გამოხატავენ ხოლმე ლამაზი სიტყვებითა და მხატვრული საშუალებებით თავიანთ გრძნობებს. არც მე ვიყავი კომპლიმენტებითა და რომანტიკით განებივრებული იმ დღემდე, თუმცა ამ ფურცელზე იმხელა სითბო და რომანტიკა იყო, ვფიქრობ, მთელი ცხოვრება მეყოფა. ძალიან გამეცინა მაშინ და ვიცინი ახლაც, როცა ვიხსენებ იმ ემოციებს, მაგრამ ეს ენდორფინის გადამეტებული რაოდენობით გამოწვეული სიცილია, ერთდროულად გაოცებითა და ბედნიერებით, შოკითა და სიხარულით გამოწვეული ემოცია.

ალბათ, ბევრმა თქვენგანმა იფიქრა, მსგავსი სიტყვები ჩემს ქმარს ალბათ არასდროს გაუვლია თავშიო, მაგრამ მერწმუნეთ, ხშირად ადამიანებში, კერძოთ კი, მამაკაცებში იმდენი სიყვარული და რომანტიკაა დამალული, ვერც კი წარმოიდგენთ, რადგან ჩემთვისაც ისევე დაუჯერებელი იყო, რომ ამ შინაარსის წერილის ავტორი ჩემი მეუღლე, ადრესატი კი - მე ვიქნებოდი, როგორც - თქვენთვის (ან შეიძლება უფრო მეტადაც კი). წერილის შესახებ არაფერი მითქვამს, ავიღე და უსაფრთხო ადგილას შევინახე. ყოველთვის, როცა მოწყენილი, გადაღლილი ან სასოწარკვეთილი ვარ, ვკითხულობ და ყველა პრობლემა მავიწყდება.

თმა, ქალებისთვის დიდი სიმდიდრეა, რომელსაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. ის იარაღია, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში ყოველთვის ყურადღების ცენტრში იქნებით.

როგორ მოვუაროთ თმას?

• აუცილებელია სწორად შეარჩიოთ, რა მასალისგანაა დამზადებული სავარცხელი;

1. რქის სავარცხელი - შემადგენლობის მიხედვით თმა და რქა, პრაქტიკულად, იდენტურია. ამიტომ რქის მიკრონაწილაკები არავითარ უარყოფით ზემოქმედებას არ ახდენს თმაზე. თუმცა ყურადღებით იყავით, რადგან რქის სავარცხლის დაზიანებამ შეიძლება თქვენს თმასაც ავნოს (ამოგლიჯოს, გაწყვიტოს, გაყოს თმის ღერები).


2. ლითონის სავარცხელი - კატეგორიულად აკრძალულია შეღებილი თმისთვის. ლითონს აქვს ჟანგვის თვისება, ჟანგი კი შეიძლება რეაქციაში შევიდეს საღებავთან და შეცვალოს თმის ფერი. ლითონის სავარცხელი მეტწილად გამოიყენება რთულად დასავარცხნი თმებისთვის, თუმცა მისი ყოველდღიურად მოხმარება არაა რეკომენდებული.


3. პლასტმასის სავარცხელი - ყველაზე გავრცელებული, იაფი და ხელმისაწვდომია. არ უნდა იყოს დაზიანებული. ხელის გადასმით შეამოწმეთ, ხომ არის იდეალურად გლუვი, მას არ უნდა აღენიშნებოდეს ბზარები და ნაპრალები. პლასტმასის სავარცხლის უმთავრესი ნაკლი ისაა, რომ ის ძლიერად იმუხტება, რაც თავის ტკივილს იწვევს. ამიტომ, უმჯობესია, შეიძინოთ სავარცხელი, რომელიც დაფარულია ანტისტატიკური საფარით.


4. ხის სავარცხელი - არსებულ მასალათაგან ყველაზე ჯანსაღი ხეა. კარგად დამუშავებული ხისგან დამზადებული სავარცხელი არ იმუხტება, ხსნის სტატიკურ ელექტროობას, არ შედის რეაქციაში არანაირ საღებავთან, არ აზიანებს თმას და პირიქით, დადებითადაც კი მოქმედებს მასზე.


5. სილიკონის სავარცხელი - კომფორტულია, არასტატიკურია, კარგად სრიალებს თმაში და ქმნის სასიამოვნო შეგრძნებას.

სამი რამ, რაც ყველამ უნდა იცოდეს სავარცხლის შესახებ:

1. სავარცხლის ფორმა თმის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.
2. სავარცხლის სხვისთვის თხოვება არაა რეკომენდებული.
3. ხშირად გარეცხეთ სავარცხელი.


• ასევე, სპეციალურად უნდა შეარჩიოთ დასაბანი საშუალებაც; არაა აუცილებელი ძვირად ღირებული შამპუნების შეძენა, მაგრამ მნიშვნელოვანია გაეცნოთ ეტიკეტზე მითითებულ ცნობებს - რა მასალისგანაა დამზადებული, როგორი თმისთვისაა და ა.შ.

• დაუთმეთ თმას 5 წუთი ყოველ ღამე, ძილის წინ: ჩამოივარცხნეთ რაც შეიძლება ბევრჯერ;

• თმა უნდა დაიბანოთ მინიმუმ კვირაში ორჯერ, მაქსიმუმ - სამ დღეში ერთხელ. ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ თმის ხშირად დაბანა სასარგებლოა.

• და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ თმას გამოკვება სჭირდება ისევე, როგორც თქვენს ორგანიზმს! გთავაზობთ ძალიან ეფექტური და სასარგებლო თმის ნიღბის რეცეპტს, რომლის დამზადებაც ძალიან მარტივად, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ.
მომზადების წესი: აბუსალათინის ზეთს დაუმატეთ თითო ამპულა: ვიტამინი A, ვიტამინი E, ვიტამინი C, ვიტამინი B1, ვიტამინი B12 და ვიტამინი PP (ნიაცინი, ნიკოტინამიდი).

ვიტამინების ნაკრები ხელს უწყობს კოლაგენური ბოჭკოებისა და კერატინის სინთეზს, რომლებიც უზრუნველყოფენ თმის ელასტიკურობასა და სირბილეს; უზრუნველყოფს თმის ბზინვარებას. ამას გარდა, იგი იცავს თმას გარემოს ნეგატიური ფაქტორებისგან, ახდენს თმის ცვენის პროფილაქტიკას, უზრუნველყოფს თმის ბოლქვების სისხლით მომარაგებას, ახდენს კანის ცხიმის გამომუშავების ნორმალიზებას - ხელს უწყობს რა ჭარბი ცხიმებისა და ქერტლის მოცილებას; ამაგრებს თმის თითოეულ ღერს და საგრძნობლად აჩქარებს მისი ზრდის სიჩქარეს.

სითხე შეიზილეთ ნელი მასაჟით თმაზე, გაიჩერეთ 1-1.5 საათი და ჩამოიბანეთ.

იხილეთ ასევე: 5 მეთოდი იმისათვის, რომ თმა დიდი ხნით შეინარჩუნოთ სუფთად

9 ხრიკი, რომლის მეშვეობითაც თავის ყოველდღე დაბანა არ დაგჭირდებათ

როგორი სავარცხელი უნდა იხმაროთ თმის ტიპის მიხედვით








კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
პაემანის დღიურები. თავი 2. ჩაშლილი პაემანი
11:39 / 24-01-2018
მანქანის ფარების სინათლემ გამომაფხიზლა. გული, რასაც ჰქვია, ფეხებში გამეპარა სიხარულისგან და შვებით ამოვისუნთქე. მის ახალთახალ „პორშე კაიანს“ უკვე ვცნობდი. არა, თავიდან ვერ ვცნობდი, მაგრამ პარასკევს, ჩემი წამოყვანა თავის თავზე რომ ითავა, მაშინ ვკითხე, თუ რა მანქანა იყო.
პაემანის დღიურები: ცნობილი ფეხბურთელის და უცნობი სესილის პირველი პაემანი
16:33 / 17-01-2018
პარასკევი დღეს გავიცანი ტიპი. ცნობილი ფეხბურთელი. ჰო და, კი მეცნო, მაგრამ მთელი საღამო კალათბურთელი მეგონა. მერე, დამშვიდობებისას კიდევ ერთხელ რომ ვახსენე, - კალათბურთი საინტერესო სპორტია-მეთქი, ცოტა გაღიზიანებულმა მითხრა, რომ ფეხბურთს თამაშობს...
როგორ შეხვდნენ პრეზიდენტები მომავალ ცოლებს - 10 სიყვარულის ისტორია
16:04 / 16-01-2018
ბევრს ჰგონია, რომ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით კი, პრეზიდენტებს, არ აქვთ საკმარისი ემოციები სიყვარულისთვის და აიგნორებენ ქვეყნის პირველი პირების ადამიანურ მხარეებს.
ჰაიგეიტი - სასაფლაო ლონდონში, სადაც დღემდე იგრძნობა ვიქტორიანული სული
13:05 / 13-01-2018
ჰაიგეიტი - ვიქტორიანული ეპოქის ყველაზე ცნობილი და პოპულარული სასაფლაოა ინგლისში. იგი 1839 წელს გაიხსნა და დღემდე ნაწილობრივ მოქმედია.
სახლი თბილისში, სადაც მოკლეს ედვარდ მუნკის მუზა დაგნი
11:48 / 13-01-2018
სასტუმრო "გრანდ ოტელის" ბურუსით მოცული საიდუმლო
სად არიან და რას საქმიანობენ "პა-სეანსის" გმირები დღეს
19:48 / 12-01-2018
"იყო პურის რიგები, სანთლის შუქი, ნავთქურები, მაგრამ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი"
ახალ წლებზე ახდენილი სასწაული და სამზარეულოში მხსნელად მოვლენილი ბაყაყი
10:57 / 12-01-2018
ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა დამაჯერეს, რომ შობა-ახალი წელი ჯადოსნური პერიოდი იყო, როდესაც სასწაულები ხდებოდა.
”ოქროს ადელი” – ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პორტრეტის საინტერესო ისტორია
14:31 / 11-01-2018
ეს გახლავთ ისტორია, რომელშიც არის სიყვარული და სიძულვილი, ღალატი და შურისძიება, დევნა და მსხვერპლშეწირვა.
ვინ იყო ოპერის მოჩვენება?
21:26 / 07-01-2018
1908 წლის მარტში, “გრანდ ოპერის” გვირაბების შემოწმების დროს, მუშებმა ერთი კედელი მოანგრიეს, რომელიც მეზობელ სარდაფში გასასვლელ გზას ბლოკავდა. კედლის მიღმა ადამიანის ჩონჩხი იპოვეს…
ყველაზე უცნაური ქალების ისტორიები-"ორთავა ბულბული", "გოგონა-აქლემი" და "ოთხფეხა ჟოზეფინა"
22:20 / 05-01-2018
ჩვენს მკითხველს ძალიან მოეწონა საინტერესო ისტორიები მსოფლიოში ყველაზე უცნაური ქალების შესახებ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ერთ სტატიაში შეგვეკრიბა ისინი.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი