4-5 წლისას კალმის ჩარჩოში ჭიანჭველების ფერმა მქონდა "გაშენებული". ჩავუყრიდი პურის ნამცეცებს და გარედან ვუყურებდი, დაახლოებით იმ იდეით, "დათა თუთაშხიას" პერსონაჟი კასრში ვირთაგვებს კაციჭამიებად რომ ზრდიდა.
ჰოდა, ჩემი საბადოდან ერთი ჭეშმარიტი ვირთაგვა... კი არა და, ჭიანჭველაჭამიად ჩამოყალიბდა. ამოვიყვანე ეს ჩემი გამარჯვებული ჭიანჭველა და დიდ პურის ნაჭერზე შესმული ამაყად დამყავდა აქეთ-იქით.
მეზობელთან გავისეირნეთ ერთხელ. დავასკუპე სადღაც და დავიწყე თამაში. გაგვიწვიმდა. მე კი გამოვვარდი სახლში, მაგრამ ის ჩემი "აღსაზრდელი" დამრჩა იქ. წვიმამ რომ გადაიღო, დამირეკა (ჭიანჭველამ არა, მეზობელმა), გამოდი, ვითამაშოთო. არა-მეთქი, კაიო. ამასობაში შებინდდა და ჩემი ჭიანჭველაც გამახსენდა. ახლა მე დავურეკე, ღობესთან მომაწოდე-მეთქი.
უი, ეგ წვიმაში რომ დატოვე, გაცივდა და ფილტვების ანთებით მოკვდაო.
არ დავიჯერე (დიაგნოზის სიზუსტემ დამაეჭვა, ალბათ), ცხედარი მოვითხოვე. მაჩვენა და რას ვხედავ! ამ ჩემი გმირი ჭიანჭველასთვის თავი გაუჭყლეტია. დღემდე ვერ მიპატიებია ეს შურისმაძიებლური მკვლელობა, მეზობელო.
ნეტა, რამ გამახსენა ეს ახლა... ალბათ, წვიმაში ფანჯარასთან მოტუზულმა პეპელამ…
იხილეთ ასევე: ძირს ბეგბედერი!
მარიამ ელიაშვილი